ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი თანამდებობიდან გადადგა. გადადგომის შესახებ განცხადება მერმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა.
“მივიღე გადაწყვეტილება ბათუმის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ.
ქალაქის ხელმძღვანელად ყოფნა იყო დიდი პატივი და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. მინდა მადლობა გადავუხადო ბათუმელებს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის, მადლობა იმ გუნდს, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქართული ოცნების დიდ ოჯახს და, რა თქმა უნდა, ვრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად”, – დაწერა არჩილ ჩიქოვანმა ფეისბუქზე.
არჩილ ჩიქოვანი 2020 წელს დაინიშნა ბათუმის მერის მოადგილედ, ხოლო მას შემდეგ რაც არჩეული მერი, ლაშა კომახიძე თანამდებობიდან გადადგა, ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე, მერის მოვალეობის შემსრულებელი გახდა.
2021 წელს არჩილ ჩიქოვანი ბათუმის მერად აირჩიეს. მას უფლებამოსილების ვადა 2025 წლის ოქტომბერში ეწურებოდა. თუმცა როგორც მისი წინამორბედის შემთხვევაში მოხდა, ვერც არჩილ ჩიქოვანმა მიიყვანა თავისი მერობის ვადა ბოლომდე.
არჩილ ჩიქოვანის თანამდებობის დატოვებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც თანამდებობა დატოვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.
თორნიკე რიჟვაძე არჩილ ჩიქოვანის მეჯვარეა. ბათუმის მერის კარიერულ წინსვლას სწორედ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის მხარდაჭერას უკავშირებდნენ.
სანამ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი, შემდეგ კი მერი გახდებოდა, არჩილ ჩიქოვანი აჭარის მთავრობის აპარატში მუშაობდა. მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნა თავის დროზე სწორედ ამ ახლო მეგობრული კავშირის გამო განხილვის თემა გახდა.
მთავრობის აპარატის უფროსად არჩილ ჩიქოვანი დანიშნეს, თორნიკე რიჟვაძე მისი მეჯვარეა