აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი წერს, რომ დღეს, 13 აგვისტოს ბათუმის მერიაში მერის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი ცინცაძე წარადგინა. ამ დრომდე ის სულხან თამაზაშვილის აპარატის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა.
გიორგი ცინცაძე 2 დღის წინ, ანუ 11 აგვისტოს „ოცნებამ“ ბათუმის მერობის კანდიდატად დაასახელა.
მისი დასახელების შემდეგ სოციალურ ქსელში ბევრი წერდა: „ვინ არის, სად მუშაობდა? – არ ვიცნობთ.“
სულხან თამაზაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ 2025 წლის აპრილში, 4 თვის წინ დანიშნეს ამ დროში მან მერიას უკვე მეორე მერის მოვალეობის შემსრულებელი წარუდგინა, ამჯერად „ოცნების“ მერობის კანდიდატი. მანამდე ეს თანამდებობა ახალდანიშნულ მოვალეობის შემსრულებელს გიორგი მურვანიძეს დაატოვებინეს, ის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს უფროსად დანიშნეს. ისიც სულხან თამაზაშვილის წარდგენილი იყო.
ამ დრომდე არ ვიცით, სად არის და რატომ წავიდა თანამდებობიდან ბათუმის არჩეული მერი, არჩილ ჩიქოვანი.
რაც შეეხება გიორგი ცინცაძეს, ის 39 წლის ფინანსისტია, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდიდან მოყოლებული საჯარო სექტორშია, მაღალ თანამდებობებზე.
გიორგი ცინცაძე 2008-2011 წლებში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, შს სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში იკავებდა სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობას, ხოლო 2011-2018 წლებში იყო საქართველოს დაზვერვის სამსახურის ოპერატიული დირექტორატის სამმართველოს უფროსი.
2018-2022 წლებში გიორგი ცინცაძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში ეუთოსა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობდა უფროს მრჩევლად.
2022-2024 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური წარმომადგენლობების უსაფრთხოების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი.
2025 წლის 13 აპრილიდან კი გიორგი ცინცაძე იკავებდა აჭარის მთავრობის აპარატის უფროსის თანამდებობას.
გიორგი ცინცაძეს ქონებრივი დეკლარაცია 2022 წელს აქვს შევსებული, როგორც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების უსაფრთხოების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორს.
დეკლარაციის მიხედვით, 2022 წლისთვის, გიორგი ცინცაძის მეუღლემ, როზალია ჯომიდავამ 95 ათას დოლარად იყიდა 69 კვ.მ ბინა თბილისში. ის ასევე ფლობდა 320 000 დოლარის ღირებულების საცხოვრებელ სახლს დაბა კოჯორში.
გიორგი ცინცაძის მიერ 2023 წელს შევსებულ დეკლარაციაში კოჯორში მდებარე სახლის ფასი შეცვლილია 320 ათასი ლარით და წერია, რომ გიორგი ცინცაძის მეუღლეს ეს სახლი მამამ აჩუქა.
2022 წლის დეკლარაციაში ჩანს გიორგი ცინცაძის სახელზე მემკვიდრეობით მიღებული 166 კვ.მ ფართობის ბინა თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე.
ასევე, 2022 წელს გიორგი ცინცაძემ იყიდა სამი მიწის ნაკვეთი საგარეჯოში, სოფელ მანავში, ჯამური ღირებულებით – 38 ათასი ლარი.
2023 წლის დეკლარაციაში ასევე აღარ იძებნება მიწის ნაკვეთები საგარეჯოში, სოფელ მანავში. უცნობია გაყიდა თუ გააჩუქა ის ბათუმის მერობის კანდიდატმა.
ბოლო დეკლარაცია გიორგი ცინცაძეს 2024 წლის სექტემბერში აქვს შევსებული. ამ დეკლარაციის მიხედვით, მისი მეუღლე, როზალია ჯომიდავა ისევ ფლობს სახლს კოჯორში, ასევე ნაყიდი აქვს 89 628 ლარის ღირებულების მსუბუქი ავტომანქანა Toyota Rav4-ს.
გიორგი ცინცაძის სახელზე, 2024 წლის დეკლარაციაში, არანაირი უძრავი ქონება აღარაა მითითებული. 2024 წელს, დეკლარაციის შევსებისას, გიორგი ცინცაძეს ჰქონდა 15 000 ლარის სამომხმარებლო სესხი და 71 700 ლარად განვადებით შეძენილი ავტომობილი.
გიორგი ცინცაძეს სამი შვილი ჰყავს, მისი უმცროსი შვილი 2020 წელს ვენაშია დაბადებული.






