მთავარი,სიახლეები

საკრებულოს წევრის სამშენებლო ბიზნესი ბათუმში, რომელიც ძმას ახლახან გადაუფორმა

10.04.2026
საკრებულოს წევრის სამშენებლო ბიზნესი ბათუმში, რომელიც ძმას ახლახან გადაუფორმა

ბათუმის საკრებულოს წევრის, მამუკა კაკაბაძის კომპანია შპს „ველ ბილდინგი“ ძველ ბათუმში, მაზნიაშვილის #9-ში მრავალბინიან კორპუსს აშენებს.

კომპანიამ მშენებლობის ნებართვა ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში მიიღო და სანაცვლოდ გონიოს სანაპიროზე დაგეგმილი სამშენებლო პროექტის კოეფიციენტის გაზრდა მოითხოვა [კომპანიის წილები საკრებულოს წევრს მართვაში აქვს გადაცემული 2025 წლიდან].

ბათუმი, მაზნიაშვილის #9 – მშენებლობა ამ  სახლის ადგილზე მიმდინარეობს.

მაზნიაშვილის #9-ში კომპანიამ 2-სართულიანი სახლი დაანგრია და 467 კვ.მეტრ ფართობზე 3-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა მიიღო.

მშენებლობის ნებართვის მიხედვით, შპს „ველ ბილდინგი“ აქ 1139 კვ.მეტრი ფართობის მქონე შენობას აშენებს, მათ შორის საცხოვრებელი ფართობი 609 კვ.მეტრი იქნება, კომერციული ფართობი კი 181 კვ.მეტრი.

არსებული შენობის ფართობი 467 კვ.მეტრი იყო.

შპს „ველ ბილდინგი“ ბათუმის საკრებულოს წევრმა, მამუკა კაკაბაძემ 2023 წლის ივნისში დააფუძნა. მაშინ ის აჭარის უმაღლეს საბჭოში მუშაობდა. მას, როგორც საჯარო მოხელეს, ბიზნესის ფლობის უფლება ჰქონდა, თუმცა მართვის – არა.

მიმდინარე მშენებლობა

რენდერი

ძველ ბათუმში კორპუსის მშენებლობის ნებართვის პარალელურად ბათუმის საკრებულოს წევრის კომპანიამ 12-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვა მიიღო გონიოს სანაპიროზე.

პროექტის რენდერი

შპს „ველ ბილდინგის“ დაფუძნებიდან მალევე, 2 თვეში, აჭარის უმაღლესი საბჭოს მოხელემ კომპანიის 55 პროცენტი შპს „აბ დეველოპმენტს“ გადაუფორმა კონკრეტული ვალდებულებით. 45% კი საკუთრებაში დაიტოვა. შეთანხმების დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ „აბ დეველოპმენტმა“ შპს „ველ ბილდინგის“ მიერ წარმოებული მოლაპარაკების შესაბამისად უნდა იმოქმედოს.

ამონარიდი შეთანხმების დოკუმენტიდან

„აბ დეველოპმენტის“ წილებს ბეგლარ ბოლქვაძე და ირაკლი ანანიძე ფლობენ.

ამ დროს კომპანიას სამშენებლო მიწის ნაკვეთი გონიოს სანაპიროსთან ჯერ დარეგისტრირებული არ ჰქონდა, თუმცა მესაკუთრესთან მოლაპარაკებები დასრულებული იყო. მამუკა კაკაბაძემ „აბ დეველოპმენტის“ მფლობელს დაუთმო კომპანიის დირექტორის თანამდებობაც.

წილების გადაფორმებიდან მალევე, „აბ დეველოპმენტმა“ კომპანიის საწესდებო კაპიტალში 525 770 ლარი შეიტანა. ამ კომპანიამ აიღო სამშენებლო დოკუმენტების მომზადებისა და მშენებლობის დაფინანსების ვალდებულებაც.

2025 წლის მარტში შპს „აბ დეველოპმენტმა“ კომპანიის წილების თავისი 55 პროცენტი, შპს „არტექს პრემიერს“ 350 000 დოლარად მიჰყიდა. შპს „ველ ბილდინგის“ დირექტორი ნიკა ჟღენტი გახდა.

შპს „არტექს პრემიერის“ წილებს ნიკა ჟღენტი [30%] და გოჩა აფაქიძე [70%] იყოფენ. 

საჯარო რეესტრის განახლებული ამონაწერით ირკვევა ისიც, რომ შპს „ველ ბილდინგის“ წილები მამუკა კაკაბაძემ საკრებულოს წევრად არჩევის შემდეგ ძმას, სულხან კაკაბაძეს გადასცა მართვაში, 2026 წლის მარტში კი გადაუფორმა უსასყიდლოდ.

ბოლო მონაცემებით, მიწის ნაკვეთი გონიოში, სადაც „ველ ბილდინგი“ კორპუსს აშენებს, სააქციო საზოგადოება „თიბისი ლიზინგის“ საკუთრებაა. კომპანია პირველ მხარედ ფიქსირდება, ეს ნიშნავს, რომ „ველ ბილდინგს“ აქვს ამ ქონებით სარგებლობის და მისი გამოსყიდვის უფლება. მას შემდეგ, რაც „ველ ბილდინგი“ სრულად დაფარავს ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას [შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს], საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში ისევ მასზე, ან მის მიერ მითითებულ პირზე გადაფორმდება.

ეს არის სტანდარტული სალიზინგო სქემა, სადაც ქონება ლიზინგის გამცემის სახელზეა მანამ, სანამ გამოსყიდვის ყველა პირობა არ შესრულდება.

საკრებულოს წევრი მამუკა კაკაბაძე წილებს კიდევ ერთ კომპანიაში ფლობდა. 2021 წლის დეკემბერში მამუკა კაკაბაძემ შპს „გონიო სანრაიზ ვილა“ მანუჩარ ანანიძესთან ერთად დააფუძნა. პარტნიორები კომპანიის წილებს თანაბრად იყოფდნენ.

2022 წელს მანუჩარ ანანიძემ თავისი წილებიდან 17 პროცენტი მამუკა კაკაბაძეს დაუთმო უსასყიდლოდ, 16.50 პროცენტი კი იოსებ კუჭაშვილს ასევე უსასყიდლოდ გადასცა, თავად 16.5 პროცენტი დაიტოვა.

2022 წლის ბოლოს პარტნიორებმა კომპანიის წილები 300 000 აშშ დოლარად გაასხვისეს.

ამ დროს კომპანიის საკუთრებაში იყო 2500 კვ.მეტრი სამშენებლო მიწის ნაკვეთი ავგიის დასახლებაში. ეს ადგილი კარგად გამწვანებულ მომაღლო ადგილზეა და გონიოს სანაპიროს გაჰყურებს. პარტნიორებმა ამ ყველაფერთან ერთად გაასხვისეს ასევე არქიტექტურული პროექტი ნებართვით, რომელიც ამ ადგილზე მშენებლობას ითვალისწინებდა.

სამშენებლო მიწის ნაკვეთი

პროექტის რენდერი

საკრებულოს წევრი „ოცნებიდან“ მამუკა კაკაბაძე კიდევ ერთი კომპანიის თანადამფუძნებელია. 2023 წლის ივლისში მას შპს „პანორამა გონიო ვილა“ დაუფუძნებია ფარნაოზ კახიძესთან ერთად. თუმცა ამ შემთხვევაში ის მხოლოდ 5 პროცენტის მფლობელად ფიქსირდებოდა, დანარჩენი პარტნიორის საკუთრება იყო.

კომპანიის დაფუძნებიდან მალევე, 2023 წლის თებერვალში მან თავისი წილი 25 000 დოლარად გაყიდა.

რატომ გადაიხადა 25 000 დოლარი ახალმა მფლობელმა ახალდაფუძნებული კომპანიის 5 პროცენტში? – როგორც ჩანს, აქაც მიწის ნაკვეთის მფლობელთან გარიგების, „მომლაპარაკებლის“ როლი გაითვალისწინეს.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, 2023 წლის თებერვალში მამუკა კაკაბაძემ, როგორც შპს „პანორამა გონიო ვილას“ წარმომადგენელმა, მიმართა რეესტრს და კომპანიის საკუთრებაში დაარეგისტრირა 2500 კვ.მეტრი ფართობი ავგიას პირველი ჩიხის #3-ში.

კომპანიამ ამ მიწის ნაკვეთზე ე.წ. თაუნჰაუზისს ტიპის საცხოვრებლის მშენებლობას გეგმავს და პროექტის დამტკიცების მოთხოვნით მერიას მიმართა.

ბოლო ამონაწერის მიხედვით, შპს „პანორამა გონიო ვილას“ ახლა ლევან ვეფხვიშვილი ფლობს.

  • რატომ არ ჰქონდა მამუკა კაკაბაძეს ბიზნესის მართვის უფლება?

საკრებულოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, 2016 წლიდან 2020 წლამდე მამუკა კაკაბაძე უმაღლესი საბჭოს „ქართული ოცნება-მაჟორიტარების“ აპარატის თანამშრომელი იყო. 2020-2024 წლებში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ილია ვერძაძის თანაშემწე. 2024-2025 წლებში კი – აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატის თანამშრომელი.  

მამუკა კაკაბაძე 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში გონიოს მაჟორიტარობის კანდიდატი იყო „ოცნებიდან“, მას არჩევნები ენმ-ს წევრმა ნუგზარ ფუტკარაძემ მოუგო, რომელიც არჩევნებიდან მალევე გარდაიცვალა. ბოლო მოწვევის საკრებულოში კი მამუკა კაკაბაძე „ოცნების“ სიით შევიდა.

საჯარო მოხელის მიერ კომპანიის მართვის შესაძლებლობას არ უშვებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტმა, გიგი ჩიხლაძემ სატელეფონო საუბარში განგვიმარტა, რატომ არ ჰქონდა უმაღლეს საბჭოში დასაქმებულ მოხელეს ბიზნესის მართვის უფლება.

„პირი, რომელიც იყო დასაქმებული აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწედ, როგორც წესი დასაქმებულია ადმინისტრაციული ხელშეკრულებით. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის მიზნებისთვის არის საჯარო მოსამსახურე.

ამავე კანონის თანახმად, საჯარო მოხელეს ეკრძალება საწარმოს მართვა, მას არ აქვს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება. მას აქვს უფლება ფლობდეს წილს, თუმცა არ აქვს უფლება იყოს კერძო მოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაციის გადაწყვეტილების მიმღები, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, შპს-ს დირექტორი. ასეთი საქმიანობის უფლება მას მაშინაც და დღესაც ეკრძალება.

ეს არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის დარღვევა“. 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: