„იცით როგორი ხმა იყო? თითქოს მიწა ღმუოდა, ისმოდა ხეების ტკაცატკუცი და იყო გუგუნის ხმა. მეზობელმა რომ გაიგონა ეს ხმები, მეორე მეზობელს დაურეკა და ასე გადავძახეთ ერთმანეთს. დავრეკეთ საგანგებოშიც და ისინიც დაგვეხმარნენ გამოსვლაში.
გაგვიმართლა იმაში, რომ არ იყო წვიმა. რამდენიმე დღე იყო მზიანი და ქარიანი ამინდი და ნელა მოდიოდა მეწყერი, თორემ სწრაფად რომ წამოსულიყო, ნახევარი სოფლის მოსახლეობა აღარ ვიქნებოდით და ჩავიმარხებოდით ამ მეწყერში“, – ამბობს ხატია ბეროძე, სოფელ კურსების მაცხოვრებელი, რომელმაც სოფელი 5 წლის შვილთან და მეუღლესთან ერთად დატოვა იმ ღამით.
ადგილობრივების თქმით, სოფელში მეწყრული მასა 58 ჰექტარზეა ჩამოშლილი.
იმერეთში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში მეწყერი 12 მარტს, გამთენიისას ჩამოწვა, რის შედეგადაც 15 სახლი მთლიანად განადგურდა. მეწყრული ზონიდან 45 ოჯახია გაყვანილი.
„ფაქტობრივად, ნახევარი სოფელი წაღებულია. დანგრეულია ჩემი სახლიც“, – ამბობს ხატია ბეროძე.

ხატია ბეროძის დამეწყრილი სახლი კურსებში.
მისი თქმით, მეწყრის შესახებ დილის ხუთ საათზე გაიგო, როცა მეზობელმა დაურეკა და უთხრა, რომ სწრაფად უნდა გამოსულიყვნენ სახლიდან.
„ყველა გამოვვარდით გარეთ პანიკურად, ჩავსხედით მანქანებში, მაგრამ საით გავრბოდით არ ვიცოდით, ისეთი სიტუაცია იყო. სიბნელე იყო, არ ჩანდა არაფერი საერთოდ და ეს კიდევ ცალკე გვიქმნიდა უზარმაზარ სტრესს.
დილით დაგვხვდა გამაოგნებელი სურათი, მარტო ფილმებში რომ გვინახავს ისეთი. მთის უზარმაზარი მასა არის მოწყვეტილი და დაძრული. გოგოლაშვილების, ბეროძეების და ალფაიძეების უბანი ფაქტობრივად აღარ არსებობს“, – ამბობს ხატია ბეროძე „ბათუმელებთან“.
მისი თქმით, 45 ოჯახი მოჰყვა ამ სტიქიაში, დაახლოებით 150 ადამიანი ბავშვების და მოხუცების ჩათვლით. ხატიას თქმით, მეწყრის გამო ძალიან დაზიანდა სოფლის სასაფლაო.
„დამსკდარია სასაფლაოები და მიცვალებულების გაჩერება იქ, ფაქტობრივად შეუძლებელია. ჯერ ვერავინ შევა სოფელში, რადგან კრიტიკული სიტუაციაა, ეს მასა ისევ მოძრაობს. მინიმუმ სამი დღე მაინც უნდა დაველოდოთ, რომ მიწამ მოძრაობა შეწყვიტოს. დაველოდებით გეოლოგების დასკვნას და შემდეგ უნდა მოხდეს სასაფლაოების გადატანა“, – გვეუბნება ხატია ბეროძე.

დამეწყრილი სასაფლაო სოფელ კურსებში
მას ვკითხეთ თუ რას შეიძლება გამოეწვია მეწყრული პროცესები და შენიშნეს თუ არა მანამდე რაიმე ცვლილება გარემოში. ხატიას თქმით, მცირე ცვლილებები იყო, მაგრამ სახლების დაბზარვა ან მიწაზე მასიური ნაპრალები აქამდე არ შეუნიშნავთ.
„რაღაც უბნებში იყო პატარ-პატარა მეწყრული პროცესები, მაგრამ მსგავსი მასშტაბის ნამდვილად არასდროს არაფერი ყოფილა. წყლის აუზები გვაქვს სოფელში და რამდენიმე ხნის წინ, ამ აუზებში წყალი დაიკარგა. დაახლოებით ოთხი-ხუთი დღის წინ, ჩვენც შევნიშნეთ, რომ აუზიდან იკარგებოდა წყალი.
არ ვიცი, შესაძლოა ეს იყო იმის ნიშანი, რომ მეწყრული პროცესი ვითარდებოდა“, – ამბობს ხატია ბეროძე.

სოფელ კურსებში მეწყერი 58 ჰექტარზეა ჩამოწოლილი.
მას ვკითხეთ, შეძლეს თუ ვერა სოფლიდან შინაური ცხოველების და ფრინველების გამოყვანა და რა მდგომარეობაში შეიძლება იყვნენ ახლა ისინი?
ხატია ამბობს, რომ შინაური ცხოველების გამოყვანა ვერ მოახერხეს ადამიანებმა, თუმცა მათი გაშვება მოასწრეს.
„ჩვენ შევძელით და ძაღლი გამოვიყვანეთ, მაგრამ კატის გამოყვანა ვერ მოვახერხეთ, სამწუხაროდ. ძროხები ვისაც ჰყავდა გაუშვეს – ფიზიკურად ვერ მოხერხდებოდა მათი გამოყვანა, ჩვენ ფრინველები გვყავს და ფრინველებიც გავუშვით ეზოში, ასევე ღორები ვისაც ჰყავდა, ისინიც გარეთ დატოვეს, რადგან ტრანსპორტირების საშუალება არ იყო. იმედი მაქვს გავიდნენ უსაფრთხო ადგილზე“, – ამბობს ხატია ბეროძე.
„ბათუმელები“ დამეწყრილი სოფლის კიდევ ერთ მცხოვრებს ესაუბრა.
სალომე გოგალაძეც გამთენიისას გამოვიდა სოფლიდან ოჯახის 5 წევრთან ერთად.
„ჩემი სახლი ჯერ დანგრეული არ არის და გამოსვლა და ბავშვების გამოყვანა ადვილად მოვახერხე, თუმცა ისეთი სიტუაცია იყო, რომ ბევრმა ვერაფრის გამოტანა ვერ მოასწრო.
ზოგან გზებიც ჩაკეტა მეწყერმა და მიწაში ჩავარდა მანქანები, ადამიანებმა გამოყვანაც ვერ მოასწრეს, ძალიან დიდი ზარალია.
ჩემი სახლის ზემოთ სასაფლაოებია და ნახევარი წაღებულია უკვე. შესაბამისად, ჩემ სახლსაც ემუქრება დანგრევა. ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა სახლ-კარის გარეშე“, – გვეუბნება სალომე გოგალაძე.
მისი თქმით, სოფელში კრიტიკული მდგომარეობაა და დიდი ალბათობით, უკან დაბრუნება შეუძლებელი იქნება.
სხვა დაზარალებულების მსგავსად სალომეც ოჯახთან ერთად სასტუმროშია ამჟამად.
სალომე გოგალაძის თქმით, ამ ეტაპზე საკვებს და სხვა საჭიროებებს მეწყრის შედეგად დაზარალებულებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია აწვდის.
დამეწყრილ სოფელში 800 კომლი ცხოვრობდა.
ვიდეო:





