შპს „ალპეკა ბათუმი“ თამარის დასახლებაში, ზღვის სანაპიროზე ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს. კომპანიის ინფორმაციით, ეს იქნება ყველაზე მაღალსართულიანი შენობა ბათუმში.
კომპანიის მფლობელი ბექა ხოფერიაა, „ოცნების“ აქტიური მხარდამჭერის, ხათუნა ხოფერიას შვილი. პროექტის უკვე გამოქვეყნებული რენდერებისა და დასახელებული პარამეტრების მიხედვით, შენობა მასშტაბური იქნება.

რენდერი
ბიზნესმენის დედამ, ხათუნა ხოფერიამ რამდენიმე დღის წინ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ის მხარს უჭერს ირაკლი დგებუაძეს, ბათუმის პოლიციის უფროსს, რომელსაც „ბათუმელებისა“ და ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და პროევროპულ აქციებზე დაკავებული მოქალაქეები ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ.
გინება, ცემა, ფურთხება, უარი წყლის მიწოდებასა და საპირფარეშოთი სარგებლობაზე ირაკლი დგებუაძის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებების ჩამონათვალშია, თუმცა გამოძიება მის წინააღმდეგ არა არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, არამედ უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო.
ხათუნა ხოფერია ასევე წერს, რომ ირაკლი დგებუაძე მისი შვილის, ბექა ხოფერიას მეგობარია.
საინტერესოა ისიც, რომ შპს „ალპეკა ბათუმის“ ადმინისტრაციული დირექტორია თათა დგებუაძე, ირაკლი დგებუაძის ბიძაშვილი. თათა დგებუაძის ინფორმაციით, ირაკლი დგებუაძეს და ბექა ხოფერიას საქმიანი გადაკვეთა არ აქვთ.

სქრინი ხათუნა ხოფერიას ფეისბუქგვერდიდან
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება ხათუნა ხოფერიასთვის უცხო არ არის. 2013 წელს ბექა ხოფერიას და მის სამ მეგობარსაც ედავებოდა შს სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
წარდგენილი ბრალდების თანახმად, „2013 წლის 14 მარტს, თბილისში, თამარაშვილის ქუჩის N13-ის მიმდებარედ, ბრალდებულებმა ჯგუფურად, ძალადობის გამოყენებით, პოლიციის ორ თანამშრომელს მათ მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით გაუწიეს წინააღმდეგობა და მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა“.
სასამართლომ ბექა ხოფერიას და კიდევ ორ მის მეგობარს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო 7000 ლარის ოდენობით, ერთი კი დააკავეს, იმ მოტივით, რომ წარსულში იყო ნასამართლევი განზრახ დანაშაულის ჩადენისათვის.
ხათუნა ხოფერიას შვილი, ბექა ქოფერია სამშენებლო სექტორში აქტიურად 2019 წლიდან გამოჩნდა. მანამდე ის რამდენიმე კომპანიაში თანამესაკუთრედ ფიქსირდებოდა. 2019 წლიდან მან მიიღო სამშენებლო ნებართვები თბილისში პრესტიჟულ ადგილებზე. მისი უეცარი წარმატება სამშენებლო სექტორში თავიდანვე აჩენდა კითხვებს.
ხათუნა ხოფერია საქართველოს მეოთხე და მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო „მოქალაქეთა კავშირიდან“. 2002-2005 წლებში იყო„გაერთიანებული დემოკრატების“ წევრი, 2004-2007 წლებში კი ის „საქნავთობის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო, შემდეგ – ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
2012 წლიდან ხათუნა ხოფერია „ოცნების“ ერთგული მხარდამჭერია.
ბექა ხოფერია ამჯერად ბათუმის სამშენებლო ბაზარზე შემოსვლას ახალი კომპანიით და ახალი პროექტით გეგმავს.
შპს „ალპეკა ბათუმი“ მშენებლობას თამარის დასახლებაში, მდინარე ყოროლისწყლის შესართავთან, სანაპიროზე გეგმავს, სადაც შპს „სითი გაიდს“ სამი ცათამბჯენი უნდა აეშენებინა. კომპანიას შესაბამისი განაშენიანების დეტალური გეგმაც დაუმტკიცა ბათუმის საკრებულომ.

მონიშნულია სამშენებლო ტერიტორია

სამშენებლო ნაკვეთის წინ 3 ჰექტარი ზღვა არასასოფლო სამეურნეო ნაკვეთად არის დარეგისტრირებული და ამ დროისთვის სახელმწიფოს საკუთრებაშია
„ბათუმელებისთვის“ თავიდანვე ცნობილი იყო, რომ დიდი ფართობის მქონე მიწის ნაკვეთზე თამარის დასახლების #1-5გ-ში, ზღვის სანაპიროზე რამდენიმე გავლენიანი პირი აცხადებდა პრეტენზიას. საბოლოოდ აჭარის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ის აუქციონზე გაიტანა. ქონების საწყისი ფასი 10 მილიონ 500 000 ლარი იყო და კონკურენციის პირობებში 6 მილიონით გაიზარდა.
გამარჯვება „სიტი გაიდს“ დარჩა. კომპანიამ შესყიდულ ნაკვეთზე 15 მილიონი ლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებაც აიღო.
შპს „სიტი გაიდის“დამფუძნებელი მედეა ბოჭორიშვილია, „ალიანს ჯგუფის“ დამფუძნებლის, გია ბიწაძის მეუღლე. ის იყო კომპანიის ასივე პროცენტის მფლობელი, როცა „სიტი გაიდმა“ ზღვასთან ახლოს ჰექტარ-ნახევარზე მეტი მიწის ნაკვეთი იყიდა, თუმცა, როგორც ჩანს, კონკურენტებმა ხელი მაინც არ ჩაიქნიეს.
ქონების შეძენიდან მალევე მედეა ბოჭორიშვილმა კომპანიის წილები სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გაასხვისა.
კომპანიის მეწილეები გახდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი „ოცნებიდან“ გოჩა ენუქიძე და ასევე „ოცნებიდან“ კიდევ ერთი პარლამენტარის, გოდერძი ჩანქსელიანის შვილი, ბუბა ჩანქსელიანი. ორივე პარლამენტარი რუსული კანონის და იმ რეპრესიული პოლიტიკის მხარდამჭერია, რომელსაც „ოცნება“ მოქალაქეების წინააღმდეგ აქტიურად მიმართავს პროევროპული აქციების ჩასახშობად.
დოკუმენტების მიხედვით, პარტნიორებს შორის მოლაპარაკებით გადაწყდა, რომ შესყიდულ მიწის ნაკვეთზე სამი მრავალსართულიანი კომპლექსის პროექტირებასა და მშენებლობის ნებართვის მიღებაზე ერთობლივი რესურსით იმუშავებდნენ. დოკუმენტების მიხედვით, სწორედ ამ ერთობლივი მიზნების გათვალისწინებით გაასხვისა მედეა ბოჭორიშვილმა წილები სიმბოლურ ფასად.
„სიტი გაიდის“ წილები ასე გადანაწილდა:
33.33% დარჩა კომპანიის დამფუძნებელ მედეა ბოჭორიშვილს, 47 პროცენტის მფლობელია პარლამენტარ გოჩა ენუქიძის კომპანია შპს „იბერკომპანი“, 19.67 პროცენტი კი პარლამენტარ გოდერძი ჩანქსელიანის შვილს, ბუბა ჩანქსელიანს გადაუფორმეს. პარტნიორებს შორის ცალკე გაფორმდა წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელშიც პარტნიორთა შორის უფლება-მოვალეობები გაწერეს.

გოჩა ენუქიძე, გოდერძი ჩანქსელიანი
ეს ჩანაწერი თავიდანვე აჩენდა კითხვებს და ვარაუდებსაც, განსაკუთრებით მათთვის, ვინც იცის, რომ პროექტირება და სამშენებლო ნებართვის მიღება არც კომპანიის დამფუძნებელს, მედეა ბოჭორიშვილს გაუჭირდებოდა, ამ მხრივ „ალიანსს“ დიდი გამოცდილება აქვს. „სიტი გაიდს“ არ გაუჭირდებოდა, როგორც საპრივატიზებო საფასურის დაფარვა, ასევე – ინვესტიციის განხორციელება.
შეთანხმების დოკუმენტებში არის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც პარტნიორები გამოუხმობ თანხმობას აცხადებენ, რომ სახელმწიფო ნებართვის მიღების შემდგომ მედეა ბოჭორიშვილი უფლებამოსილია მოითხოვოს „კომპანიიდან გასვლა“, კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნატურით გაყოფის გზით, ასევე მოითხოვოს სამშენებლო მიწის ნაკვეთის წილის პროპორციული მიწის ნაკვეთის და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობის საკუთრებაში გადაცემა.
იგივე უფლებები აქვთ სხვა პარტნიორებსაც.
2024 წლის დეკემბერში მედეა ბოჭორიშვილმა წილები ისევ გაასხვისა, შედეგად 9.83 პროცენტი დაირეგისტრირა „კაპიტალ მენეჯმენტმა“. ამ კომპანიის ასი პროცენტის მფლობელი ზურა ნასყიდაშვილია. ზურა ნასყიდაშვილი „ოცნების“ მხარდამჭერი და შემწირველია. 2024 წლის აგვისტოში მან „ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა.
ასეთი გადანაწილების პარალელურად შპს „სითი გაიდმა“ სახელმწიფოსგან შესყიდული მიწის ნაკვეთების ერთი ნაწილი 5554 კვ.მეტრი „ალპეკა ბათუმს“ მიჰყიდა,რა ფასად უცნობია. მშენებლობა ქონების გასხვისების ერთ-ერთი პირობა იყო.
„სითი გაიდის“ მიერ უკვე შეთანხმებული განაშენიანების დეტალური გეგმის მიხედვით, კომპანიას აქ სამი ცათამბჯენი უნდა აეშენებინა.

რენდერი გდგ-დან, რომელიც საკრებულოსთან არის შეთანხმებული.
უკვე დაგეგმარებული ტერიტორია, სამი საკადასტრო ერთეული, 18 306 კვ.მეტრია. აქედან 12 447 იყო „სითი გაიდის“ საკუთრებაში, ერთი საკადასტრო ერთეული – 5554 კვ.მეტრი „ალპეკა ბათუმს“ მიჰყიდეს და ახლა „სითი გაიდის“ საკუთრებაში დარჩა 6893 კვ.მეტრი.
ტერიტორიის ნაწილი ისევ მთავრობის ბალანსზეა.

მწვანედ მონიშნულია აჭარის მთავრობის ბალანსზე არსებული ნაკვეთი
„ალპეკა ბათუმის“ ინფორმაციით, ისინი მშენებლობას „სიტი გაიდის“ უკვე შეთანხმებული განაშენიანების დეტალური გეგმის ფარგლებში გეგმავენ.
უკვე დამტკიცებული განაშენიანების დეტალური გეგმის მიხედვით, „სითი გაიდი“ აქ გეგმავს სამი 54-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობას დამატებით 2-2 მიწისქვეშა სართულით. შენობის მაქსიმალური სიმაღლე 192.10 მეტრი უნდა იყოს.
რაც შეეხება სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ ტერიტორიას, რომელიც ფაქტობრივად პლაჟის გასწვრივ არსებულ ვიწრო და მოგრძო ნაკვეთს მოიცავს, კომპანია მერიას აქ სკვერის მოწყობას სთავაზობს, რაც მერიამ უნდა მიიღოს როგორც მაკომპენსირებელი ღონისძიება კ2- კოეფიციენტის, ანუ ზონაში დადგენილი პარამეტრების გადამეტებისთვის.
ზევით მოყვანილ ფოტოზე მიწის ნაკვეთის მდებარეობას თუ კარგად დავაკვირდებით ეს ადგილი [ფოტოზე მონიშნულია მწვანედ] ფაქტობრივად დაგეგმილი ცათამბჯენების ეზო იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია ქალაქის კომპენსაციას დაარქმევს ეზოს, რომელსაც მეტწილად თავად გამოიყენებს.
___________________________________________
მთავარი ფოტო: სქრინი გადაცემიდან „ჩემი სახლი“