მთავარი,სიახლეები

რა ხდება ივანიშვილის რეზიდენციასთან [ფოტო]

28.08.2019 • 5423
რა ხდება ივანიშვილის რეზიდენციასთან [ფოტო]

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში [შეკვეთილში] პლაჟზე, რომელიც მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის წინ მდებარეობს, მძიმე ტექნიკა მუშაობს. სანაპიროზე განთავსებულია ქვის ლოდები, რომლებითაც ნაპირდამცავ ნაგებობას აწყობენ. უკვე მთლიანად დაშლილია პირსიც [ლოდებით მოწყობილი ნავმისადგომი, საიდანაც სპეციალური ბარჟით მოტანილი მრავალწლოვანი ხეები ზღვიდან ნაპირზე გადმოჰქონდათ]. პლაჟზე კი, განთავსებულია დაფა წარწერით: „ბანაობა აკრძალულია“.

„პლაჟს აწესრიგებს [ბიძინა ივანიშვილი – ავტ], ნაპირს ამაგრებს… შენობა რომ ჩანს, იმის იქით კერძო საკუთრებაა და არ შეიძლება შესვლა, ისედაც სამუშაოები მიმდინარეობს“, – გვითხრეს პლაჟზე ადამიანებმა, რომლებიც, სავარაუდოდ, ივანიშვილს ჰყავს დასაქმებული.

„ბათუმელებმა“ ვერც ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში ვერ მოახერხა იმის დადგენა, თუ რა სამუშაოები მიმდინარეობს სანაპიროზე, ვინ ასრულებს ამ სამუშაოებს და არის თუ არა შესაბამისი ნებართვა გაცემული. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით მათთვის არავის მიუმართავს.

„საქართველოს ზღვისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ზღვის სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონა – ეს არის სივრცე, რომელიც მოიცავს ზღვის აკვატორიას 20 მ სიღრმემდე და ხმელეთის არა უმეტეს 500 მ სიგანის სანაპირო ზოლს.“

კანონით, სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო ვალდებულია დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანოს სახით ჩართოს [გარემოს დაცვის] სამინისტრო ნებართვის გაცემის პროცესში და გადაუგზავნოს სათანადო დოკუმენტაცია სავალდებულო დასკვნისათვის.

ივანიშვილის [„ურეკი რეზიდენსის“] საკუთრებაში არსებული ტერიტორიის წინ მდებარე პლაჟი საჯარო რეესტრის მიხედვით, არავის საკუთრებად არ არის რეგისტრირებული, თუმცა სანაპირო ზოლი სახელმწიფო საკუთრებაა და მისი გასხვისება თუ შემოღობვა აკრძალულია. სახელმწიფოს პლაჟის ნაწილი, ოფიციალურად, მხოლოდ სასტუმრო „პარაგრაფის“ მიმდებარედ აქვს გაცემული აღნაგობის უფლებით 2114 წლამდე. 

კანონით, „პლაჟების გადაცემა კერძო საკუთრებაში (გარდა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების არსებობის შემთხვევებისა) აკრძალულია“. ამასთან, „დაუშვებელია პლაჟის გამიჯვნა (შეღობვა) კაპიტალური და გაუვალი ნაგებობებით“.

„ბათუმელები“ ასევე დაინტერესდა, რატომ არის ბანაობა აკრძალული პლაჟზე იმ ტერიტორიის გასწვრივ, რომელიც ივანიშვილის საკუთრებაა, მითუმეტეს აქ წელს, სეზონზე სამაშველო პუნქტიც გაიხსნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს, რომ „აღნიშნულ ადგილზე მიმდინარეობს გზის სარემონტო სამუშაოები, ასევე დაგეგმილია სანაპიროს გამაგრებითი სამუშაოები და უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე გვაქვს აკრძალული ბანაობა“.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საიდანაც მათ ქვემდებარე საავტომობილო გზების დეპარტამენტში გადაგვამისამართეს. დეპარტამენტმა „ოფიციალური წერილი“ მოითხოვა, რომელიც 12 აგვისტოს გავუგზავნეთ. 26 აგვისტოს კი დეპარტამენტიდან მოგვწერეს, რომ„არსებული ნაპირდამცავი ნაგებობის სამუშაოები არ საჭიროებს დეპარტამენტთან შეთანხმებას“.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით არც მათთვის მიუმართავთ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ კი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გადაგვამისამართა.

ოზურგეთის მერიის არქიტექტურის განყოფილების ინფორმაციით, ნაპირგამაგრებით სამუშაოებზე ნებართვას მუნიციპალიტეტი არ გასცემს, ეს საკითხი ეხება ინფრასტრუქტურის სამინისტროს. „სამინისტროდან ჩვენთან უბრალოდ აგზავნიან წერილს, ინფორმაციას. თუმცა, თქვენ მიერ აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში არანაირი შეტყობინება/წერილი ამ დრომდე არ შემოსულა“, – გვითხრეს ოზურგეთის მერიაში.

სანაპირო ზოლში ტერიტორიის ათვისება თუ მშენებლობა, კანონით, 2002-2006 წლებში თანხმდებოდა საქნაპირდაცვასთან“ მისი ტერიტორიული სამსახურების მონაწილეობით, რათა არ გატარებულიყო ისეთი ღონისძიებები, რომლებიც სანაპიროზე ნეგატიურ პროცესებს გამოიწვევდა. 2007 წლიდან „საქნაპირდაცვა“ გაუქმდა, მისი ფუნქციები კი, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრს გადაეცა. „ბათუმელებმა“ დღეს ვერც „საქნაპირდაცვის“ „სამართალმემკვიდრეს“ მიაკვლია.

პლაჟი შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან, სადაც ბანაობა აკრძალულია / 11.08.2019 / ფოტო: „ბათუმელები“

შეკვეთილი / 11.08.2019/ ფოტო: „ბათუმელები“

პლაჟი შეკვეთილში, სადაც ბანაობა აკრძალულია / მარცხნივ ტერიტორია, რომელიც „ურეკი რეზიდენსის“ საკუთრებაშია / 11.08.2019

პლაჟი შეკვეთილში, ივანიშვილის რეზიდენციასთან [აპრილი, 2019] და სამუშაოები იმავე ადგილზე [11 აგვისტო, 2019]/ მრავალსართულიანი შენობა – სასტუმრო „პარაგრაფი“.

პლაჟი შეკვეთილში, ივანიშვილის რეზიდენციასთან / გარემოს დაცვის სამინისტროს ამ დონის სამუშაოებზე ინფორმაცია არ აქვს / ფოტო: „ბათუმელები“ / 11.08.2019

პლაჟი შეკვეთილში, ივანიშვილის რეზიდენციასთან, სადაც ბანაობა ამ დროისთვის აკრძალულია / ფოტო: „ბათუმელები“ / 11.08.2019

ზღვაში ხელოვნურად მოწყობილი პირსი [ფოტო: 2017], რომლითაც მრავალწლოვანი ხეები ბარჟადან ხმელეთზე გადმოჰქონდათ, დღეს გაუქმებულია [ფოტო: 11 აგვისტო 2019]:

ხელოვნური ნაგებობა – პირსი, რომელიც დღეს არ არსებობს, საჯარო რტეესტრის მონაცემებით კვლავ სახელმწიფო საკუთრებადაა რეგისტრირებული

გასასვლელი შეკვეთილის პლაჟზე / 11.08.2019

შეკვეთილში, ივანიშვილის რეზიდენციასთან, ოპოზიცია პერმანენტულ აქციებს მართავს [მათ ორ ადგილზე კარვებიც აქვთ გაშლილი]; პლაჟსა და ავტომაგისტრალთან მუდმივად პატრულირებს პოლიცია. პოლიციელები აქ ყველა მიმსვლელს კამერით აფიქსირებენ.

პოლიციის მანქანები ივანიშვილის რეზიდენციასთან შეკვეთილში / 11.08.2019 / ფოტოკოლაჟი, „ბათუმელები“

მთავარი ფოტო: ბიძინა ივანიშვილის რეზიდენცია და სასტუმრო „პარაგრაფი“ / 2019 წლის აპრილი / ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

 ამ თემაზე:

სახელმწიფო მიწები, რომლებითაც ივანიშვილი უკანონოდ სარგებლობს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: