სექსმუშაკის დაჯარიმების მიზეზები: უარი უფასო სექსზე ან თანამშრომლობაზე – საიას სარჩელი


პროსტიტუციის კუთხით არსებული სამართლებრივი რეგულაციის ანტიკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“ გამართულ შეხვედრაზე საია-ს იურისტმა, თამარ დეკანოსიძემ თქვა. შეხვედრის თემაა – მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა სექსმუშაკი და წამალდამოკიდებული ქალებისთვის.

საია საკონსტიტუციო სასამართლოში პროსტიტუციის დეპენალიზაციას მოითხოვს. ეს გულისხმობს იმას, რომ პროსტიტუციის გამო სექსმუშაკს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.

„ეს არ ნიშნავს პროსტიტუციის ლეგალიზებას. ლეგალიზების შემთხვევაში, სახელმწიფომ უნდა შეიმუშავოს კონკრეტული წესები, რაც იქნება სავალდებულო სექსმუშაკებისთვის, მაგალითად, როდის უნდა გაიარონ სავალდებულო სამედიცინო შემოწმება, რა სისტემით დაიბეგრება მათი მუშაობა და ასე შემდეგ. სექსმუშაკები, ვისთანაც ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს, ძირითადად არიან ქუჩაში და მათი უმრავლესობა ვერ შეძლებს დაემორჩილოს ამ რეგულაციებს. არსებობს საფრთხე, რომ ლეგალიზების პირობებში მათი უფლებრივი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდეს,“ – განმარტავს თამარ დეკანოსიძე.

დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პროსტიტუცია მხოლოდ ადმინისტრაციული წესით ისჯება. კანონი არ განსაზღვრავს, კონკრეტულად რას ნიშნავს პროსტიტუცია სამართლებრივად. „პროსტიტუცია – გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე,“ – წერია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

თამარ დეკანოსიძის თქმით, ჯარიმის ოდენობა, რასაც სექსმუშაკებს პოლიციელები უწერენ, პრაქტიკაში 20 ლარია. საია-ს მონაცემებით, 2016 წელს სულ 40 სექსმუშაკი დაჯარიმდა საქართველოში 20 ლარით.

გაცილებით დიდია იმ სექსმუშაკების რაოდენობა, რომელიც პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო 500 ლარით დააჯარიმეს.

შეხვედრას სასტუმრო „რედისონში“ სექსმუშაკებიც ესწრებოდნენ. მათი თქმით, პოლიცია ძირითადად წინააღმდეგობის გაწევის გამო აჯარიმებს სექსმუშაკებს 500 ლარით და ეს იმ შემთხვევაში ხდება, როცა სექსმუშაკი პოლიციელს თანამშრომლობაზე, ან უფასო სექსუალურ მომსახურეობაზე უარს ამბობს.

„არსებული რეგულაცია ქმნის დისკრიმინაციულ მდგომარეობას ქალი სექსმუშაკების მიმართ. სექსმუშაკების უმრავლესობა ქალია და მხოლოდ ქალებს აჯარიმებენ. კანონი ითვალისწინებს მხოლოდ სექსმუშაკის დაჯარიმებას და არა იმის, ვინც მომსახურებას ყიდულობს. პროსტიტუცია რომ სამართალდარღვევად არ უნდა ჩაითვალოს, ამის შესახებ ჩვენ საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტსაც მივმართავთ,“ – აღნიშნავს საია-ს იურისტი, თამარ დეკანოსიძე.

პარლამენტში ამ დროისთვის უკვე განიხილება საკანონმდებლო ინიაციტივა, რომელიც სექსინდუსტრიის ორგანიზატორების, ე.წ. „მამაშების“ სისხლის სამართლებრივი წესით დასჯას ეხება. კანონი ამ დროისთვის მხოლოდ იმ პირის დასჯას ითვალისწინებს, რომელიც იძულებით და კანონის დარღვევით ჩართავს პირს პროსტიტუციაში, ასევე პირს, რომელიც პროსტიტუციისთვის ადგილს გამოყოფს და ამაში სარგებელს მიიღებს.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი