მთავარი,სიახლეები

ჩაქვში ზღვა მიწის ნაკვეთად დაარეგისტრირეს და ასხვისებენ

06.01.2025 •
ჩაქვში ზღვა მიწის ნაკვეთად დაარეგისტრირეს და ასხვისებენ

დაბა ჩაქვში 5727 კვ.მეტრი ფართობი ზღვაში არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად დაარეგისტრირეს და მის გასხვისებას საიჯარო წესით გეგმავენ. ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-ის სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი შენგელიას ბრძანებით ირკვევა, რომ დაბა ჩაქვში, ბათუმის ქუჩის მიმდებარედ, ზღვის გასხვისება მიწის ნაკვეთად, 15 წლის ვადით, 2024 წლის აგვისტოში გადაწყვიტეს.

რეესტრის მონაცემებით, ზღვა მიწის ნაკვეთად 2023 წელს, ანუ მას შემდეგ დაარეგისტრირეს, რაც ინტერესი შპს „დრიმლენდ ოაზისმა“ დააფიქსირა. აქ კომპანია ზღვაზე გასასვლელი პირსის მოწყობას გეგმავს.

ყვითლად შემოხაზულია ტერიტორია, რომელიც ზღვაში ნაკვეთად დაარეგისტრირეს –  სიგრძე პლაჟიდან ზღვის სიღრმეში 120 მეტრია.

სააგენტოს უფროსის ბრძანების მიხედვით, განისაზღვრა ზღვის ტერიტორიის გასხვისების პირობებიც: 5727.00 კვ.მეტრ ტერიტორიას ზღვაში, აღნაგობის უფლებით, საიჯარო წესით, 15 წლის ვადით, ელექტრონული აუქციონის ფორმით გაასხვისებენ.

აღნაგობის უფლების საზღაურად 307 000 ლარი დაადგინეს.

პირობების მიხედვით, „აღნაგობის ვადის ამოწურვის ან მისი ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, არსებული ინფრასტრუქტურა, მათ შორის, შენობა-ნაგებობები წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას და აღნაგობის უფლების მქონე პირმა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებისას უარი უნდა განაცხადოს მათთან დაკავშირებულ ყოველგვარ, მათ შორის, სანაცვლო ანაზღაურების მიღების მოთხოვნაზე. აღნაგობის უფლების მქონე პირს არ აუნაზღაურდება ქონებაზე გაწეული დანახარჯები.“

კიდევ ერთი ოფიციალური დოკუმენტით ირკვევა, რომ 2024 წლის თებერვალში ამ ნაკვეთის შესაძლო გასხვისებაზე გარემოს ეროვნული სააგენტო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სწერდა:

„წარმოდგენილი ფართობი მდებარეობს შავი ზღვის ტერიტორიაზე, ასევე აღნიშნული უბანი წარმოადგენს ჩაქვის სანაპირო ზონის ნაპირგასწვრივი პლაჟწარმომქმნელი ნაკადის გავრცელების ტრანზიტულ მონაკვეთს. ამდენად, წარმოდგენილი ნაკვეთის ათვისება-განაშენიანებამ არ უნდა შეაფერხოს ნატანის ნაპირგასწვრივი გადაადგილება. ასევე გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს კანონის „საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“ მიერ დადგენილი მოთხოვნები“.

ეს ნაკვეთი ზღვაში, შპს „დრიმლენდ ოაზისის“ გასწვრივ არსებულ პლაჟს ესაზღვრება, რომელიც „დრიმლენდ ოაზისს“ ათი წლის ვადით, საიჯარო წესით აქვს აღებული. აქ კომპანია, 5 ჰექტარ მიწის ფართობზე მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს.

კომპანიას ტერიტორია ზღვაში იმისთვის სჭირდება, რომ ქობულეთის მერიას იმ პირსის მშენებლობის პროექტი შეათანხმოს.

რენდერი კომპანიის ფეისბუქის გვერდიდან

რენდერი კომპანიის ფეისბუქის გვერდიდან

„ბათუმელების“ ინფორმაციით, არის რიგი საკითხები, რაც კომპანიას მთავრობასთან ბოლომდე არ ჰქონდა შეთანხმებული, როცა ქონების ეროვნულმა ტერიტორია ზღვაში აუქციონზე გასასხვისებლად გაიტანა, 2024 წლის აგვისტოში. აუქციონი 10 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ის არ შედგა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მოლაპარაკება გრძელდება ქონების განმეორებით აუქციონზე გამოსატანად.

შპს „დრიმლენდ ოაზისის“ 82 პროცენტი ეკუთვნის კომპანიას, რომელიც 2009 წელს ავსტრიაშია დაფუძნებული. კომპანიის 18 პროცენტი კი ნიკოლოზ გეგუჩაძის საკუთრებაა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: