მთავარი,სიახლეები

მკვლელი შემოვლითი გზა – რას შეცვლის ხელისუფლება 15 წლის ლიკას დაღუპვის შემდეგ

10.10.2019 •
მკვლელი შემოვლითი გზა – რას შეცვლის ხელისუფლება 15 წლის ლიკას დაღუპვის შემდეგ

გუშინ, 9 ოქტომბერს, დღის 4 საათზე, ქობულეთის შემოვლით გზაზე  15 წლის ლიკა სარჯველაძე დაიღუპა. ის მამასთან და 2 წლის ძმასთან ერთად გურიის ერთ-ერთ სოფელში მიდიოდა. ქობულეთის შემოვლით გზაზე მორიგი ავარია მოხდა და ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ლიკა ექიმებს შემთხვევის ადგილზე უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

კლინიკაში ლიკას 2 წლის ძმა  და მამა გადაიყვანეს. ბავშვს სახეზე ნაკაწრები ჰქონდა და თავის ტვინის შერყევა. „მამამ სამედიცინო მომსახურების გაწევაზე უარი თქვა,“ – გვითხრეს ექიმებმა.

ამ ამბავზე დღეს ბევრი საუბრობდა, ისევე, როგორც ორი თვის წინ, ივლისში, როცა გზის იმავე მონაკვეთზე ცოლ-ქმარი დაიღუპა და 13 ადამიანი დაშავდა, მეორე დღეს კი დაღუპული მშობლების 6 წლის ბიჭიც გარდაიცვალა კლინიკაში. საზოგადოება ამ გზის უსაფრთხოებაზე ეჭვებს წინა წლის ივლისშიც გამოთქვამდა, როცა იმავე მონაკვეთში ტყუპი ბავშვები და მამა დაიღუპნენ.

არც აქამდე და არც დღეს, როცა მორიგ ავარიას 15 წლის გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა, პასუხისმგებლობას არავინ იღებს. წელს, გაზაფხულზე, ამ გზაზე შსს-მ ამოყირავებული ავტომანქანაც განათავსა უსაფრთხო მოძრაობის კამპანიის ფარგლებში, თუმცა ზუსტად იმ ადგილას 14 მაისს მორიგი ავარია მოხდა, დაშავდა 4 ადამიანი. შსს-ს და რომელიმე სხვა უწყებისთვის ვერც ეს ავარია გახდა გზავნილი კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად.

თუკი „ბათუმელების“ არქივში „ქობულეთის შემოვლით გზას“ ჩაწერთ, ბევრი სხვა ავარიის შესახებ ნახავთ ინფორმაციას: დაღუპულ ქალებზე, კაცებზე, ბავშვებზე… ჩვენთვის უცნობია ოფიციალური სტატისტიკა, რამდენი დაშავდა და დაიღუპა ამ გზაზე, თუმცა „ბათუმელების“ არქივის მიხედვით, 2018 წლის ივლისიდან დღემდე ქობულეთის შემოვლით გზაზე 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვი, დაშავდა – 23. კიდევ ერთი ცოლ-ქმრის სიცოცხლე ამავე გზაზე მომხდარ ავარიას 2016 წლის 28 აგვისტოს ემსხვერპლა.

ზუსტად ანალოგიური მოტივით ხელისუფლებამ 2017 წელს ქუთაისის შემოვლითი გზა ცალმხრივად ჩაკეტა – ეს გადაწყვეტილება ამ მონაკვეთში ხშირი ავარიისა და ათეულობით ადამიანის დაღუპვის შემდეგ მიიღეს. ამჟამად ამ გზას ოთხზოლიან ავტომაგისტრალად აკეთებენ. ამ გადაწყვეტილების შემდეგ აღარ ვისმენთ მძიმე ისტორიებს გზის ამ მონაკვეთში ადამიანების სიკვდილის შესახებ.

გზების დეპარტამენტის პრესცენტრი: „დეპარტამენტის საქმიანობას წარმოადგენს ავტომაგისტრალების, შიდასახელმწიფოებრივი გზების მშენებლობა და მათი აღჭურვა უსაფრთხოების კომპონენტებით. ეს გზა აშენებულია და ყველა საერთაშორისო უსაფრთხოების კომპონენტით აღჭურვილია.  ევროპულ ქვეყნებში ასეთ ჩქაროსნულ გზებს არც ანათებენ, რადგან ესეც უსაფრთხოების ზომაა… გერმანიაშიც ყველა ავტობანი განათებული არ არის. ჩვენთან კამერებიც არის, შუქამრეკლებიც და ვიბრაციის ზოლები, რომლებიც ამცნობენ მძღოლს, რომ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობს“.

ხომ არ აპირებს ხელისუფლება იგივე გადაწყვეტილება მიიღოს ქობულეთის შემოვლით გზასთან დაკავშირებით, რაც ქუთაისში გააკეთეს, როცა შემოვლითი გზა ცალმხრივი გახდა? – ვკითხეთ საქართველოს გზების დეპარტამენტის პრესცენტრს. პრესცენტრის განმარტებით, თემაზე კომენტარს დღეს ვერ გააკეთებენ, უწყების ხელმძღვანელი პირების მოუცლელობის გამო.

დეპარტამენტის პრესცენტრში გვითხრეს, რომ მსგავს საკითხზე არავინ მსჯელობს და ქუთაისის გზის ცალმხრივად ჩაკეტვაც ხშირ ავარიას არ უკავშირდება.

„ცალმხრივ მოძრაობაზეც საკმაოდ ბევრი ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები… ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ ამის საჭიროებას. ქუთაისში იმიტომ არ დამატებულა, რომ იქ გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევებია, ეგ ითვლება კოეფიციენტით და ტრაფიკის გატარებით. ამ შემთხვევაში ქუთაისის აეროპორტმა მოითხოვა ტრაფიკის გაზრდის შედეგად ორი ზოლის დამატება, რადგან ნაკადი შედიოდა ქუთაისში ძალიან დიდი… ამ ეტაპზე თურქეთის საზღვრისკენ ასეთივე დიდი მოძრაობა არ არის. არ არსებობს იმის საჭიროება, რომ ასეულობით მილიონი სესხი აიღოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ ვიღაცას საგზაო მოძრაობის წესების დაცვა არ სურს,“ – გვიპასუხეს საქართველოს გზების დეპარტამენტში.

თუმცა საპირისპირო რამ წერია ქუთაისის შემოვლით გზასთან დაკავშირებულ ოფიციალურ დოკუმენტში: 2018 წლის ბოლოს, როცა საქართველოს გზების დეპარტამენტმა ქუთაისში ოთხზოლიანი ავტომაგისტრალის შესახებ ტენდერი დამატებით გამოაცხადა, დოკუმენტაციაში სწორედ ის ჩაწერა, რომ გზაზე „ფატალური ავარიები“ შემცირდება. მაშინ კვლევა გზების დეპარტამენტისთვის ტენდერში გამარჯვებულმა  შპს „ტრანსპროექტმა“ ჩაატარა.

„გამოკვლევა აჩვენებს, რომ ოთხზოლიან მონაკვეთებზე დაკვირვება ფატალური ავარიებისა გაცილებით დაბალი დონეა, მაგრამ ტრავმული დაშავებების დონე ან იგივეა ან მაღალია. საერთაშორისო გამოკვლევები ადასტურებს, რომ ფატალური/მძიმე შედგებით უბედური შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად, ორ-სამჯერ უფრო დაბალია ოთხზოლიან გზაზე, ვიდრე ორზოლიანი სავალი ნაწილის მქონე გზაზე (საქართველოს მონაცემებში არ არის დაყოფილი მძიმე/მსუბუქი უბედური შემთხვევები).

შემოთავაზებული მიდგომა ყურადღებას გაამახვილებს ფატალური შედეგებიანი ავარიების მნიშვნელოვან პოტენციურ შემცირებაზე ოთხზოლიანი გზის სტანდარტამდე გზის გაფართოებით და არ ითვალისწინებს ტრავმული ავარიების შემცირებას, შემდეგი კოეფიციენტები უბედური შემთხვევების აღსაწერად იქნა გამოყენებული მიმდინარე კვლევისათვის,“ – წერია კვლევაში.

„გასაგებია, რომ „ჭკვიანი კამერებია“ დამონტაჟებული ქობულეთის გზაზე, კონტროლდება და არის საგზაო ნიშნები, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არ არის საკმარისი. ვიღაცის დასჯა და დაჯარიმება პრობლემას ვერ აგვარებს. ეს გზა სასაკლაოდ არის ქცეული,“ – მიიჩნევს ბაჩო გურაბანიძე, „აჭარის ტელევიზიის“ გადაცემა „დილის ტალღის“ რედაქტორი. ის 15 წლის გოგოს ტრაგიკულ დაღუპვას „ფეისბუქში“ გამოეხმაურა და პროტესტის ნიშნად ქობულეთის შემოვლითი გზის გადაკეტვის სურვილი გამოთქვა სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად ლოზუნგით – „ეს გზა კლავს“.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, საპროტესტო აქციას ქობულეთის შემოვლით გზაზე სამოქალაქო აქტივისტებიც გეგმავენ.

„დროებით ცალმხრივი უნდა გახდეს ეს გზა. შესაძლოა, არ მოსწონდეს ვიღაცას ის, რომ მის სახლთან ჩაივლის ისევ ტრაილერი, ან ქობულეთში გაივლიან ეს მანქანები, მაგრამ უნდა ავწონ-დავწონოთ საფრთხეები. მსხვერპლთა რაოდენობა დიდია. არსებობს პრეცედენტი, როცა ქუთაისში მოძრაობა ცალმხრივი გახდა და პრობლემა მოგვარდა,“ – ამბობს ბაჩო გურაბანიძე.

რას გეგმავს შინაგან საქმეთა სამინისტრო? – „ბათუმელებმა“ დღეს ეს შეკითხვაც დასვა, თუმცა უწყების პრესცენტრში გვითხრეს, რომ პასუხს ხვალ მივიღებთ.

„ჩვენ შეგვიძლია ჩვენი რესურსით შევისწავლოთ, რა იწვევს ამ ავარიებს და რა უნდა გაკეთდეს, მაგრამ ხელისუფლებამ უნდა გამოხატოს რეკომენდაციების შესრულების მზადყოფნა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ „საქართველოს ტრანსპორტის და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა. დავით მესხიშვილის თქმით, რამდენიმე მსგავს ვითარებაზე კონკრეტული რეკომენდაციები გაიწერა, მაგრამ იგი „ფურცელზე დარჩა“.

„აჯობებს თუკი სიჩქარის შეზღუდვა დაწესდება, ვიდრე პრობლემას შეისწავლიან ექსპერტები… ვერ გეტყვით, რამდენად შეიძლება იყოს გამოსავალი ცალმხრივად მოძრაობის შეზღუდვა. ევროპის ქვეყნებში არსებობს გზების უსაფრთხოების დეპარტამენტები, რომლებშიც ჩართულები არიან გზის ინჟინრები, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. უნდა განისაზღვროს, კონკრეტულად რა იწვევს ამ ავარიებს. შესაძლოა, გზის საფარი სტანდარტს აკმაყოფილებს და უსაფრთხოების რეჟიმი არსებობს, მაგრამ არის გარე ფაქტორი, რაც ახდენს გავლენას. ევროპული პრაქტიკის მიხედვით, ადგილს, სადაც ორ თვეში სამზე მეტი ავარია ხდება, „შავი წერტილის“ სტატუსს ანიჭებენ. საქართველოში ბევრი ასეთი „შავი წერტილი“ გვაქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, არ არსებობს არც ერთი ოფიციალური უწყება, რომელიც პასუხისმგებელია გზის უსაფრთხოებაზე,“ – აღნიშნავს დავით მესხიშვილი.

მთავარი ფოტო: 15 წლის ლიკა სარჯველაძე. ის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გუშინ, 9 ოქტომბერს, დაიღუპა.

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: