სიახლეები

აჭარის მთავრობა 5961კვ.მ მიწის ნაკვეთს ბათუმში 3.5 მილიონად ყიდის

11.04.2026
აჭარის მთავრობა 5961კვ.მ მიწის ნაკვეთს ბათუმში 3.5 მილიონად ყიდის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში, გრიგოლ გურიელის ქუჩის პირველში, 5961 კვ.მეტრ არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთს 4 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების პირობით ყიდის.

გასაყიდ მიწის ნაკვეთზე არის 814 კვ.მეტრი ფართობის ძველი შენობაც.

ქონების საწყისი ფასი 3 მილიონ 578 000 ლარია, ბიჯი 90 000 ლარი. აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველმა საფასური ორ ეტაპად უნდა გადაიხადოს – 2026 წლის პირველ სექტემბრამდე საბოლოო საფასურის არანაკლებ 30% და 2026 წლის 1 დეკემბრამდე დარჩენილი საპრივატიზებო საფასური სრულად უნდა დაფაროს.

გარდა ამისა, სავალდებულო იქნება ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენა – 80 000 ლარის ოდენობით, რომლის ვადაც არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას.

როგორ შეძლებენ თითქმის 4 მილიონიანი ქონების 80 000 ლარით დაზღვევას, ეს გაუგებარია.

აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველმა შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში ობიექტის მშენებლობის ნებართვა უნდა მიიღოს, 36 თვეში კი, შესაბამისი შენობა-ნაგებობ(ებ)ის აშენება და ექსპლუატაციაში მიღება უნდა შეძლოს.

გასაყიდი მიწის ნაკვეთი ბათუმის აეროპორტთან ახლოსაა. შესაბამისად, აქ მაღალი კორპუსის მშენებლობა არ არის დაშვებული. გასაყიდი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ საცხოვრებელ ვილებს აშენებენ და ძვირად ყიდიან.

აუქციონი პირველ აპრილს გამოაცხადეს და 29 აპრილს უნდა დასრულდეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: