მთავარი,სიახლეები

ბათუმი-სარფის ავტობანის გამო კერძო მესაკუთრეებს ქონებას ჩამოართმევენ – ექსპროპრიაცია

12.03.2026
ბათუმი-სარფის ავტობანის გამო კერძო მესაკუთრეებს ქონებას ჩამოართმევენ – ექსპროპრიაცია

ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის პროექტის გამო, რამდენიმე ოჯახს ბათუმსა და ხელვაჩაურის სოფელ ახალსოფელში კერძო საკუთრებას ექსპროპრიაციის წესით ჩამოართმევენ.

შესაბამის ბრძანებას, რომლითაც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ენუქიძემ ხელი 2026 წლის 2 მარტს მოაწერა.

ბრძანება გუშინ, 11 მარტს გამოქვეყნდა.

ბრძანების მიხედვით, ექსპროპრიაცია შეეხება:

  • „ჯემალ გოგიტიძის საკუთრებაში არსებულ, ქალაქ ბათუმში, დასახლება მეჯინისწყალში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 540 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილს – 144 კვ.მ მიწის ნაკვეთს;
  • დავით გოგიტიძის საკუთრებაში არსებულ, ქალაქ ბათუმში, ოპიზრების ქუჩა №14-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 4 858 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილს – 383 კვ.მ მიწის ნაკვეთს;
  • თინათინ შარაძისა და მურმან შარაძის თანასაკუთრებაში არსებულ – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2 360 კვ.მ მიწის ნაკვეთს სრულად – მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებს, ღობეს, ჭიშკარს, მრავალწლიან ნარგავებს. ასევე, სოფელ ახალსოფელში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 546 კვ.მ. მიწის ნაკვეთს სრულად და მასზე არსებულ მრავალწლიან ნარგავებს.“

საექსპროპრიაციო ნაკვეთების მდებარეობა მონიშნულია წითელი ფერით

„ვინაიდან დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.

ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას.

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით,“ – წერია ბრძანებაში.

ამავე ბრძანებაში აღნიშნულია, რომ მისი გასაჩივრება შესაძლებელია „გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.

ბათუმი-სარფის ახალი გზის პროექტის განხორციელების მიზნით გზების დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი.

დეპარტამენტის მიერ მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად კი, ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ ზემოთ აღნიშნულ პირებთან“.

ამავე ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში… საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას, თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა, საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან.

აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით.“

საექსპროპრიაციო ქონების მდებარეობა

მშენებლობის პროექტი აზიის განვითარების ბანკის სესხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით უნდა განხორციელდეს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გრძელვადიანი სესხის მოცულობა 306,6 მილიონი ევროა. 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში კი ბათუმი-სარფის გზის პროექტისთვის 68 მილიონი ლარია გაწერილი.

ახალი გზა დაიწყება ბათუმის სამრეწველო ზონაში, ფრიდონ ხალვაშის გამზირთან [სადაც სპეციალური საგზაო კვანძით დაუკავშირდება ბათუმის შემოვლით გზას]; აშენდება ახალი ხიდი მდინარე ჭოროხზე; ახალი ხიდიდან გზა გაგრძელდება ახალსოფლისა და ჭარნალის ტერიტორიაზე და 7,6-კილომეტრიანი გვირაბით გამოვა სარფში [ანდრიას ჩანჩქერის მიმდებარედ], სადაც დაუკავშირდება სარფი-ბათუმის არსებულ გზას – აქ დაგეგმილია ზღვის სანაპიროს გამაგრება.

გზის სავალი ნაწილის სიგრძე 11 კილომეტრია. „აღნიშნული საავტომობილო გზის პროექტი ითვალისწინებს 4-ზოლიან მაგისტრალს, თუმცა, ამ ეტაპისთვის იგეგმება მხოლოდ 2-ზოლიანი საავტომობილო გზის მშენებლობა.“ – მოგვწერეს „ბათუმელებს“ დაახლოებით ექვსი თვის წინ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან.

ამავე თემაზე: 106 მილიონი ლარი მიწების გამოსასყიდად – რა თანხა დაიხარჯება ბათუმი-სარფის ავტობანის მშენებლობაში

„ქართული ოცნების“ 2016 წლის საარჩევნო დაპირებით ბათუმი[ჭოროხი] – სარფის[თურქეთის საზღვარი] გზა კარგა ხნის აშენებული უნდა იყოს. თუმცა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ბათუმი-სარფის გზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი 2025 წლის 5 ნოემბერს გამოაცხადა.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა 2025 წლის 22 დეკემბერი იყო, რომელიც რამდენჯერმე გადაწიეს. ბოლო ვადა 2026 წლის 10 თებერვალი იყო.

სატენდერო მოწვევის დოკუმენტის მიხედვით, ბათუმი-სარფის გზის მშენებლობისთვის დაახლოებით 4 წელია გათვლილი [1 440 დღე – ხელშეკრულების გაფორმებიდან], ხოლო მომდევნო დაახლოებით 3 წელი [1080 დღე] – „დეფექტების შეტყობინების პერიოდი“ იქნება.

___

ამ თემაზე:

ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის ტენდერში წინადადებების მიღების ვადა გადაწიეს

 

მთავარი ფოტო: რენდერი ბათუმი-სარფის პროექტიდან

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: