სარჩელი ეხებოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებულ ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, პროსტიტუცია ადმინისტრაციული წესით დასჯადი ქმედებაა. „პროსტიტუცია გამოიწვევს გაფრთხილებას, ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე“, – წერია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.
ადამიანის პროსტიტუციაში ჩაბმა, ან პროსტიტუციის ადგილის მოწყობა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია. საკონსტიტუციო სარჩელი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს არ ეხებოდა.
დავის საგანი იყო ადმინისტრაციული კოდექსის კონკრეტული სამართლებრივი ნორმა, რომლის მიხედვითაც პოლიციელს შეუძლია და აჯარიმებს კიდეც სექსმუშაკებს პროსტიტუციისთვის.
მაშინ, როცა ეს სარჩელი შევიდა საკონსტიტუციოში, საიას მიერ მოწყობილ ერთ-ერთ ღონისძიებაზე „ბათუმელებს“ სექსმუშაკებმა უშუალოდ უთხრეს, რომ ამ ჩანაწერის გამო მათ პოლიციელები აჯარიმებენ, უფასო სექსს აიძულებენ, ან პოლიციასთან თანამშრომლობას.
ამ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განხილვის სხდომა 2019 წელს გაიმართა. გადაწყვეტილება კი, 2026 წელს მიიღეს მოსამართლეებმა: მანანა კობახიძემ [სხდომის თავმჯდომარე], გიორგი მოდებაძემ. კოლეგიის კიდევ ერთმა მოსამართლემ – თეიმურაზ ტუღუშმა განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა და კოლეგიას არ დაეთანხმა. მოსამართლის განსხვავებული აზრი საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე ჯერ გამოქვეყნებული არ არის.
- რა ეწერა სარჩელში?
მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმა ითვალისწინებს პროსტიტუციის რეგულირებას ორ სრულწლოვან პირს შორის, მათ შორის იმ ვითარებაში, როდესაც აღნიშნულს ადგილი აქვს კერძო სივრცეში, მესამე პირის მონაწილეობისა და ფართო სექსინდრუსტიასთან კავშირის გარეშე. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე თვლის, რომ სადავო ნორმა არ წარმოადგენს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ვიწროდ მიმართულ საშუალებას.
კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, შესაძლოა, სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზანი იყოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, რადგან არსებობს ალბათობა, რომ ქუჩაში სექსუალური კავშირის შეთავაზებამ ხმაური, ან ძალადობა გამოიწვიოს. ამგვარი უწესრიგობის მიზეზი შეიძლება იყოს ფასზე შეუთანხმებლობა, სექსუალური მომსახურების მიმღების არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა და სხვა გარემოებები.
აღნიშნულის აღსაკვეთად, სამართალდამცავ ორგანოებს გააჩნიათ ისეთი ალტერნატიული ეფექტიანი საშუალება, როგორიცაა შესაბამისი პირებისთვის წვრილმანი ხულიგნობისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება.
პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების შეზღუდვის კიდევ ერთი ლეგიტიმური მიზანი შეიძლება იყოს ჯანმრთელობის დაცვა, აივ (შიდსის) ან სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების თავიდან აცილება, თუმცა მოსარჩელის შეფასებით, სადავო რეგულირება არათუ არ არის დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგი საშუალება, არამედ მნიშვნელოვნად აფერხებს ამ მიზნის მიღწევას, რადგან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შიშიდან გამომდინარე, ინფექციის მაღალი რისკის მატარებელი ბევრი ადამიანი თავს არიდებს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებში მონაწილეობას, რაც ხელს უწყობს, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მეტად გავრცელებას.
„სადავო ნორმა, შესაძლოა, ასევე ემსახურებოდეს საზოგადოებრივი მორალის დაცვას, თუმცა ამ შემთხვევაში, უფრო მეტად ამორალურად იქცევა არა სექს-მუშაკი, რომელიც ოჯახის რჩენის მიზნით ირჩევს აღნიშნულ პროფესიას, არამედ სექსუალური მომსახურების მიმღები და სხვა პირები, რომლებიც ხელს უწყობენ სექსმუშაკთა აღნიშნულ საქმიანობაში ჩართვას.
შესაბამისად, საზოგადოებრივი მორალის დაცვის გამოსადეგი საშუალება იქნებოდა არა ექსპლუატაციის მსხვერპლი პირების, არამედ სექსუალური მომსახურების მიმღები პირების დასჯა. ამასთან, ისეთ შემთხვევებში, როდესაც პირთა შორის პროსტიტუციის თაობაზე შეთანხმება ხდება საზოგადოების წევრთაგან იზოლირებულად, შეუძლებელია ასეთმა ქმედებამ საზოგადოებრივ მორალს ზიანი მიაყენოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ შეზღუდვა არათანაზომიერია და არღვევს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას,“ – ეწერა სარჩელში.
ამ საქმის განხილვის დროს მოსარჩელის იურისტს მოსამართლეებისთვის უთქვამს, რომ „პროსტიტუცია მოიცავს ქალის სხეულის ობიექტივიზაციას, თუმცა აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მას, ვინც ახდენს სხეულის ობიექტივიზაციას და არა ადამიანს, რომლის სხეულის ობიექტივიზაციაც ხდება.“
ეს რამდენიმე ევროპული ქვეყნის პრაქტიკაა, სადაც პროსტიტუცია ასევე მიჩნეულია სამართალდარღვევად, თუმცა პოლიცია აჯარიმებს მას, ვინც სექსუალური მომსახურებაში ფულს იხდის.
ხაზგასასმელია, რომ მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად არ მიიჩნევდა პროსტიტუციის აკრძალვას. მოსარჩელე მხარისათვის პრობლემას წარმოადგენს სექსმუშაკისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება.
„სექსმუშაკები ხშირად ხდებიან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი, სწორედ მაშინ, როდესაც ახორციელებენ სადავო ნორმით აკრძალულ ქმედებას. სადავო ნორმით გათვალისწინებული აკრძალვა და დაწესებული სანქცია, აიძულებს სექსმუშაკებს, დამალონ მათ მიმართ განხორციელებული ძალადობა, სამართალდამცავ ორგანოებში არ განაცხადონ მათ მიმართ განხორციელებული ცემის, წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის, სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევები.
სექსმუშაკებმა საგამოძიებო ორგანოებს რომ მიმართონ მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის თაობაზე, მათ მოუწევთ იმ საქმიანობის დასახელება, რაც სადავო ნორმით იკრძალება. ეს გარემოება გამოიწვევს სოციალურად განსაკუთრებით შეჭირვებული სექსმუშაკთა დაჯარიმებას, ძალადობის ჩამდენი პირის დასჯასთან ერთად.
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შიშით სექსმუშაკებს უწევთ მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის გახმაურებისაგან თავის შეკავება და მუდმივი ძალადობის ატმოსფეროში ცხოვრების გაგრძელება.
ამით სადავო ნორმა სხვადასხვა მიზნის – მორალის, საზოგადოებრივი წესრიგის – მისაღწევად სექსმუშაკებს აქცევს სამართლის შიშველ ობიექტად, აიძულებს რა მათ გაჩუმდნენ ძალადობის აშკარა ფაქტების მიმართ.
სადავო ნორმა, პროსტიტუციისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებით, აგდებს დაუცველ მდგომარეობაში ადამიანების იმ კლასს, რომელიც ყველაზე ხშირად განიცდის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას.
სადავო ნორმის გამო ადამიანები იძულებული ხდებიან, არ განაცხადონ მათ მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ფაქტების თაობაზე. პროსტიტუციის ადმინისტრაციული დასჯადობით, რა მიზანსაც არ უნდა ემსახურებოდეს ეს უკანასკნელი, კანონმდებელი განაიარაღებს, დაუცველს ტოვებს მსხვერპლს მოძალადის წინაშე.
ამით, გარდა იმისა, რომ ადამიანი იქცევა მიზნის მიღწევის შიშველ საშუალებად, სახელმწიფო არღვევს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე ვალდებულებას, შექმნას ყველა პირობა წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის წინააღმდეგ ეფექტურად საბრძოლველად.
სადავო ნორმა იწვევს არასათანადო მოპყრობის მსხვერპლის სიჩუმეს, მსხვერპლის სიჩუმე იწვევს მოძალადის დაუსჯელობას, მოძალადის დაუსჯელობა კი იწვევს წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის გაგრძელებას,“ – ეწერა სარჩელში.
სარჩელში მოსამართლეებმა ნახეს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ და „ღია საზოგადოება საქართველოს“ 2018 წელს გამოცემული კვლევის მონაცემებიც. კვლევის ფარგლებში 2016 წელს გამოიკითხეს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, თელავსა და ქუთაისში მყოფი 26 სექსმუშაკი ქალი.
„თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, თელავსა და ქუთაისში მცხოვრებმა სექსმუშაკებმა აღნიშნეს, რომ ისინი, ან მათი ნაცნობი სექსმუშაკები, რეგულარულად განიცდიან პოლიციის მხრიდან ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ ძალადობასა და იძულებას. უკიდურესად პრობლემურად აღინიშნა პოლიციელების მიერ სექსმუშაკთა იძულება ანაზღაურების გარეშე სექსუალური მომსახურების გაწევაზე.
ვინაიდან აღნიშნულზე უარის შემთხვევაში სექსმუშაკების მიმართ პოლიცია იყენებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობას და შევიწროებას, სექსმუშაკები იძულებული არიან სექსუალურ მომსახურებაზე დათანხმდნენ. სექსმუშაკების იძულება სექსუალურ მომსახურებაზე უმეტესწილად მაშინ ხდება, როდესაც პოლიციელები ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არიან,“ – აღნიშნული იყო კვლევაში.
- რა პოზიცია დააფიქსირა მოპასუხემ, ანუ პარლამენტმა?
მოპასუხე მხარე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საზოგადოების წევრებში არსებული აღქმის თანახმადაც, პროსტიტუციას ახორციელებს სექსუალური მომსახურების მიმწოდებელი და არა მისი მიმღები.
მოპასუხე მხარის პოზიციით, სადავო ნორმის ფარგლებში მოიაზრებიან პროსტიტუციაში ნებაყოფლობით ჩართული ადამიანები. ამასთან, სადავო ნორმით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის არსებობისთვის აუცილებელია, მინიმუმ, ორი მხარის: სექსმუშაკისა და მომსახურების მიმღების არსებობა.
იმავდროულად, შესაძლოა, ანაზღაურება გამოხატული არ იყოს ფულადი სახით, არამედ იგი გულისხმობდეს მატერიალური სარგებლის მიღებას. მოპასუხის არგუმენტაციით, სადავო ნორმის ფარგლებში მოიაზრება ქმედების განხორციელება, როგორც საჯარო თავშეყრის ადგილას, ასევე არასაჯარო ადგილას, როგორიცაა, მაგალითად, კაფე-ბარი ან სასტუმრო.
მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ პროსტიტუციის ნაწილად მოიაზრება, როგორც პირადად შეთანხმება და მომსახურების გაწევა, ასევე დისტანციურად, სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით შეთანხმება და მომსახურების გაწევა, რამდენადაც, შეთავაზების ხერხის განურჩევლად, შედეგობრივად, აღნიშნული დაკავშირებულია მომსახურების გაწევასთან.
მოპასუხემ მიუთითა, რომ კანონმდებლობა, ერთდროულად, ებრძვის და ითვალისწინებს პროსტიტუციასთან დაკავშირებული ქმედებების მიმართ პრევენციულ ღონისძიებებს.
„მოპასუხე მხარის განმარტებით, სახელმწიფომ მოახდინა პროსტიტუციასთან დაკავშირებული ქმედებების გრადაცია, მათთვის დამახასიათებელი ზიანის ხარისხიდან გამომდინარე. სექსმუშაკის მიერ სექსუალური მომსახურების გაწევა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, ხოლო პროსტიტუციაში პირის ჩაბმასა და პროსტიტუციის ხელშეწყობასთან დაკავშირებული ქმედებები დასჯადია სისხლის სამართლის წესით. შესაბამისად, მოპასუხე განმარტავს, რომ პროსტიტუცია და მისი ხელშეწყობა, ზოგადად, დასჯადია საქართველოს კანონმდებლობით.
მოპასუხე მხარე სადავო რეგულირების ლეგიტიმურ მიზნებად ასახელებს, როგორც საზოგადოებრივ უსაფრთხოების, ზნეობისა და მორალის, ისე ჯანმრთელობის დაცვას,“ – ვკითხულობთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
- რა თქვა საკონსტიტუციომ?
ზნეობასა და მორალზე ამახვილებს ყურადღებას საკონსტიტუციო სასამართლო:
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, უწინარესად, იმსჯელებს საზოგადოებრივი ზნეობისა და მორალის დაცვის ლეგიტიმურ მიზანზე. მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ პროსტიტუცია ხელს უწყობს ადამიანის სხეულის ობიექტივიზაციას, რაც წინააღმდეგობაშია ღირსების უფლებასთან.
თავის მხრივ, პროსტიტუციის განხორციელების დაშვება გამოიწვევს სხეულით სექსუალური მომსახურების გაწევის, როგორც მისაღები ქცევის დამკვიდრებას, რაც ლახავს იმ საზოგადოებრივ ღირებულებას, რომელიც ადამიანის ღირსების პატივისცემას ეფუძნება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, მოცემული საქმის ფარგლებში, საზოგადოებრივი ზნეობისა და მორალის, როგორც ლეგიტიმური მიზნის რელევანტურობას, სწორედ ამ არგუმენტაციის ჭრილში შეაფასებს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ, ზოგადად, არ არის გამორიცხული, საზოგადოებრივი ზნეობისა და მორალის დაცვა საფუძვლად დაედოს ამა თუ იმ უფლებაში ჩარევას. აღნიშნული ღირებულებები საზოგადოებრივი ცხოვრების საფუძველს წარმოადგენს და მათი დაცვა, შესაძლოა საჯარო პოლიტიკაშიც სათანადო გამოხატვას პოვებდეს.
თუმცა, ამავე დროს, ზნეობასა და მორალზე აპელირება არ შეიძლება იქცეს იმგვარი ჩარევის დამოუკიდებელ საფუძვლად, რომელიც პიროვნებისათვის ანაზღაურების სანაცვლოდ, სექსუალური მომსახურების გაწევას შეზღუდავს, პასუხისმგებლობის დაკისრების გზით. ზემოაღნიშნული ქმედებისათვის პასუხისმგებლობის დაწესება გამართლებადია სწორედ საჯარო ინტერესთან დაკავშირებულ, მათ შორის, სხვებისათვის რეალური და სერიოზული საფრთხის მიყენების მიზნებზე აპელირებით,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
ამ თემაზე:
სექსმუშაკის დაჯარიმების მიზეზები: უარი უფასო სექსზე ან თანამშრომლობაზე – საიას სარჩელი






