ბათუმი,მთავარი,სიახლეები

„ოზთურქის ბინებს“ ბათუმის მერია მოქალაქეებისგან კიდევ 2 თვით დაიცავს – ბიუჯეტიდან 373 ათასი ლარი იხარჯება

07.04.2026
„ოზთურქის ბინებს“ ბათუმის მერია მოქალაქეებისგან კიდევ 2 თვით დაიცავს – ბიუჯეტიდან 373 ათასი ლარი იხარჯება

ბათუმის მერია ბიზნესმენ გალიფ ოზთურქზე ჩამორთმეული კორპუსების დაცვას კიდევ 2 თვით გააგრძელებს.

სახელმწიფო დაცვის პოლიციას კი, დამატებით 186 ათას 930 ლარს გადაუხდიან. მერიის ინფორმაციით, ეს ობიექტის 2 თვის განმავლობაში დაცვისთვის საჭირო ჯამური თანხაა.

ბათუმის მერია აღნიშნულ კორპუსებს 2026 წლის თებერვლიდან იცავს, ანუ კიდევ 2 თვით გახანგრძლივებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან დაცვის პოლიციას ჯამში 373 ათას 860 ლარს გადაუხდიან.

„მოქალაქეთა მხრიდან აღნიშნული ფართის თვითნებურად [უკანონოდ] დაკავების თავიდან აცილების მიზნით [რისი მცდელობაც ბოლო პერიოდში არაერთხელ ყოფილა] მიზანშეწონილია ზემოაღნიშნული ობიექტების დაცვით უზრუნველყოფა,“ – წერს ბათუმის მერია.

„აჭარის დაცვის პოლიციის მთავარი სამმართველოს მიერ ხორციელდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ბათუმში, ნიკოლოზ გოგოლის ქ. #11ბ-ში მდებარე 16 081 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობების საპოლიციო ძალების მეშვეობით დაცვა.

ხელშეკრულება გაფორმებულია ორი თვის ვადით [2026 წლის 10 თებერვლიდან 10 აპრილის ჩათვლით]. ამასთან, ზემოაღნიშნული უძრავი ქონების საპოლიციო ძალების მეშვეობით დაცვა სავარაუდოდ გაგრძელდება 2 თვის ვადით, რისთვისაც საჭიროა 186 930ლარი,“ – აღნიშნულია შესყიდვების სააგენტოს პორტალზე ატვირთულ დოკუმენტებში.

სააგენტოს მერიამ მომსახურების ტენდერის გარეშე შესყიდვისთვის მიმართა.

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების [ქ. ბათუმი, ნ. გოგოლის ქ. №11] დაცვის მომსახურების განხორციელების მიზნით, დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის შესყიდვების განყოფილებას გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობის მიღების მიზნით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის მიმართვა,“ – წერია ბათუმის მერის 2026 წლის 3 აპრილის ბრძანებაში.

თუმცა, აღნიშნულ მისამართზე მდებარე შენობა-ნაგებობები – ანუ გალიფ ოზთურქისთვის ჩამორთმეული 7 კორპუსი, საჯარო რეესტრის მიხედვით ჯერ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონებად დარეგისტრირებული არ არის.

ბათუმის საკუთრებად რეესტრში მხოლოდ მიწის ნაკვეთია რეგისტრირებული და მასზე მდებარე შენობები არ არის მითითებული. შენობები არც ოზთურქის საკუთრებად იყო რეგისტრირებული.

  • საჯარო რეესტრის 2026 წლის 13 იანვრის ამონაწერით, ქ. ბათუმში, ნ. გოგოლის ქ. №11-ში მდებარე 16 081 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, სადაც კორპუსები დგას, გალიფ ოზთურქის საკუთრებაში იყო.
  • 2026 წლის 20 იანვრის ამონაწერით იგივე ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.
  • 2026 წლის 6 თებერვლის ბოლო ამონაწერით კი, აღნიშნული ნაკვეთის მესაკუთრე უკვე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტია.

მიწის ნაკვეთი [მონიშნულია წითელი ფერით] და მასზე მდებარე 7 კორპუსი ბათუმში, გოგოლის 11 ნომერში / ინფორმაციისთვის: ბათუმში გოგოლის ქუჩის ამ ნაწილს 2025 წელს გიორგი ცაბაძის სახელი დაარქვეს

რა ხდება

უძრავი ქონება [7 კორპუსი] ბათუმში, გოგოლის ქუჩა #11-ში, ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს სახელმწიფომ ჩამოართვა. საუბარია იმ კორპუსებზე, რომლებიც ოზთურქის კომპანიამ 2021 წელს უკანონოდ ააშენა და სახელმწიფოს მისთვის ხელი არ შეუშლია.

მას შემდეგ, რაც „ოცნების“ მთავრობას ბიზნესმენთან ურთიერთობა დაეძაბა, ამ კორპუსების კანონიერებაზე დაიწყო ადმინისტრაციული დავა ბათუმის სასამართლოში.

რამდენიმე ოჯახი თვითნებურად შესახლდა ოზთურქზე ჩამორთმეულ კორპუსებში. ეს მოქალაქეები ამბობდნენ, რომ უსახლკაროები არიან და აქციებიც გამართეს.

აჭარის არალეგიტიმური მთავრობის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ მოქალაქეებთან აქციაზე დაადასტურა, რომ ოზთურქისთვის ჩამორთმეულ კორპუსებს სოციალური მიზნებისთვის გამოიყენებენ, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტები სამთავრობო კომისიამ უნდა შეისწავლოს.

მოქალაქეებმა კი განცხადებით ბათუმის მერიას უნდა მიმართონ.

დეტალები ნახეთ ამ ბმულზე:

„ოზთურქის ბინების“ მოქალაქეებისგან დასაცავად ბათუმის მერია ორ თვეში 186 930 ლარს გადაიხდის

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: