სიახლეები

მდინარაძე პოლკოვნიკი გახდა

09.04.2026
მდინარაძე პოლკოვნიკი გახდა

მამუკა მდინარაძეს ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკის წოდება მიანიჭა. შესაბამისი ბრძანება 8 აპრილით თარიღდება. მანამდე, ერთი თვით ადრე კი, კობახიძის ბრძანებით მდინარაძე ვიცე-პოლკოვნიკი გახდა.

„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის 56 მუხლის, მე-7 მუხლის 2¹ პუნქტისა და მე-8 მუხლის საფუძველზე,
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკს, მამუკა მდიწარაძეს,
ვადამდე მიენიჭოს მორიგი უფროსი სპეციალური წოდება „სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკი“. – ნათქვამია  კობახიძის ბრძანებაში.

მამუკა მდინარაძე სუს-ში 2025 წლის 3 სექტემბერს დაინიშნა. შესაბამისად,  პოლკოვნიკის წოდებას 7 თვეში მიაღწია. „სახელმწიფო უსაფრთხოების გენერლობამდე“ მდინარაძეს მხოლოდ პოლკოვნიკის წოდება აშორებდა და უკვე ეს წოდებაც მიიღო.

სუსის ამჟამინდელმა უფროსმა, მამუკა მდინარაძემ, პარლამენტში ყოფნისას, „გამჭვირვალობის“ მოტივით, მხარი დაუჭირა რუსულ კანონს. ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დანიშვნის შემდეგ წაშალეს იმ წლების ქონებრივი დეკლარაციებიც კი, რომლებიც მას პარლამენტის წევრობის დროს ჰქონდა შევსებული.


2026 წლის პირველი თებერვლიდან სუს-ში ხელფასები გაიზარდა. გაიზარდა როგორც თანამდებობრივი, ასევე წოდებრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთები. კობახიძის ხელმოწერით სუს-ში ხელფასები გასული წლის დეკემბერშიც გაიზარდა.

ახალი დადგენილების მიხედვით სუს-ის უფროსის, მამუკა მდინარაძის ხელფასი უკვე ჯამში 16 170 ლარი იქნება [აქედან 15 690 თანამდებობრივი სარგოა, 480 ლარი კი – წოდებრივი].

ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს 2025 წლის 3 სექტემბერს – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ლეიტენანტის, 23 ოქტომბერს – უფროსი ლეიტენანტის, 25 ოქტომბერს – კაპიტნის, 26 ოქტომბერს კი, ვადამდე ადრე მიანიჭა სახელმწიფო უსაფრთხოების მაიორის წოდება. 

კობახიძის 2026 წლის 9 მარტის ბრძანებით მდინარაძე ვიცე-პოლკოვნიკი გახდა, 8 აპრილის ბრძანებით კი – პოლკოვნიკი.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: