მთავარი,სიახლეები

კვარიათის სანაპიროზე, კაფე „რაკუშკებთან“ ახლოს კიდევ ერთი სასტუმროს მშენებლობას გეგმავენ

19.09.2024 •
კვარიათის სანაპიროზე, კაფე „რაკუშკებთან“ ახლოს კიდევ ერთი სასტუმროს მშენებლობას გეგმავენ

საქმე ისე მიდის, ბეტონის კედელი გონიო – კვარიათის სანაპიროსაც ისევე ჩამოეფარება, როგორც ბათუმის სანაპიროს. როგორც ამბობენ „თუ უკვე არ ჩამოეფარა“. კვარიათის სანაპიროზე, კაფე „რაკუშკებთან“ ახლოს მშენებლობას ამჯერად შპს „ლიცი“ გეგმავს. კომპანიამ პროექტის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია ბათუმის მერიას უკვე წარუდგინა.

საპროექტო ტერიტორია 2370 კვადრატული მეტრია, ხოლო კონცეფციის ფარგლებში დასაგეგმარებელი ტერიტორია ოთხ მიწის ნაკვეთს მოიცავს და  7500 კვადრატული მეტრია. საპროექტო მიწის ნაკვეთის მიმდებარედ პატარა ღელე ჩაედინება.

კვარიათის ზღვის სანაპირო აჭარაში დამსვენებლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ადგილია. აქ ზღვის და მთის ხედები ტურისტებს განსაკუთრებით ხიბლავთ, ამ დრომდე მისი მომხიბვლელობა იმაშიც იყო, რომ სანაპირო მრავალსართულიანი კორპუსებით „არ იყო ჩაბეტონებული“. ბოლო წლებში კი აქ, ისევე როგორც გონიოს სანაპიროზე, მშენებლობები აქტიურად დაიწყო და გრძელდება.

წითლად მონიშნულია საპროექტო მიწის ნაკვეთი – ცისფერი ზოლით კი საკვლევი არეალი – კონკრეტულ ნაკვეთზე კოეფიციენტის გადამეტების მოთხოვნის შემთხვევაში კანონი კვარტალურ კვლევას ითვალისწინებს, ამიტომაც კომპანიამ ბათუმის მერიას განაშენიანების კონცეფცია წარუდგინა, მისი დამტკიცების შემდეგ, კომპანიამ დეტალური კვლევა [გდგ] უნდა მოამზადოს. ამ ეტაპის გავლის შემდეგ კი მშენებლობის ნებართვას მიიღებს.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს „ლიცის“ პროექტის კონცეფციაშიც წაიკითხავთ, რომ ქალაქი გენგეგმის გარეშე ქაოსურად შენდება. ასე შენდება კვარიათის სანაპიროც – გენგეგმის გარეშე, შესაბამისად, ქაოსურად.

კონცეფციის მიხედვით შპს „ლიცი“ საკუთარ ნაკვეთზე, ზღვიდან 50 მეტრში, 70 მეტრი სიმაღლის, სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლის მშენებლობას გეგმავს.

კომპანიამ ზონაში დადგენილი კოეფიციენტის გადამეტება მოითხოვა. ასეთ შემთხვევაში კანონი საკომპენსაციო ღინისძიებაზე შეთანხმებას ითვალისწინებს. მერიას მიწის ნაკვეთის განაშენიანების გეგმის კონცეფციის მომზადებაზე დავალება გაცემული აქვს, შესაბამის ბრძანებას მერმა, არჩილ ჩიქოვანმა 2024 წლის 20 მაისს მოაწერა ხელი.

ეს პროექტის რენდერია – კონცეფციის მიხედვით აქ 70 მეტრი სიმაღლის შენობის მშენებლობის ნებართვას ითხოვენ, დადგენილი პარამეტრებით კი 26-30 მეტრი სიმაღლის შენობის მშენებლობა იყო შესაძლებელი.

კონცეფციაში კომპანია მიუთითებს, რომ მზად არის მერიას საკომპენსაციო ღონისძიებაზე შეუთანხმდეს: „დავაფინანსებ ან განვახორციელებ, რასაც მერია დამავალებსო“. კანონის შესაბამისად და ამ დრომდე არსებული პრაქტიკით მერია ძირითადად ნამატი ფართობის 10 პროცენტს სთხოვს ხოლმე, თუმცა შეთანხმების საგანი სხვაც შეიძლება იყოს.

კონცეფციის მიხედვით 18-სართულიან შენობაში 370 აპარტამენტს მოაწყობენ, ამას დაემატება საზოგადოებრივი დანიშნულების, არასაცხოვრებელი ფართობი, დაახლოებით 4 000 კვადრატული მეტრი.

მარცხნივ არსებული სიტუაცია, მარჯვნივ პროექტის რენდერი

შპს „ლიცი“ დიმიტრი ტვილდიანმა 2017 წელს დააფუძნა. ამ დროისთვის კომპანიის ასივე პროცენტს „დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი“ ფლობს, ამ კომპანიის მფლობელი კი ასევე დიმიტრი ტვილდიანია. შპს „ლიცის“ საკუთრებაშია ასევე მრავალფუნქციური კომპლექსი „ლიც რეზორტი“ სარფის მთაზე. აქ სამშენებლო ნაკვეთი დიმიტრი ტვილდიანმა სახელმწიფოსგან უპირობო აუქციონის ფორმით შეისყიდა.

„ლიც რეზორტი“ – ფოტო კომპლექსის ფეისბუქის გვერდიდან

კონცეფციაში წერენ, რომ შავ ზღვაზე პროექტის უარყოფითი ზემოქმედების რისკები მინიმალურია. დაბინძურების ალბათობა კი არსებობს მაშინ, თუ ობიექტიდან გატანილი სხვადასხვა სახის ნარჩენები არაკანონიერად განთავსდება მდინარეში ან ზღვაში. ავტორები წერენ, რომ მსგავს ფაქტებს კომპანია მკაცრად გააკონტროლებს.

კონცეფციაში ვკითხულობთ ასევე, რომ  პროექტის განხორციელება პირდაპირ ზემოქმედებას იქონიებს ნიადაგსა და გრუნტზე. საინჟინრო ინფრასტრუქტურის, შენობა-ნაგებობების საძირკვლებისთვის საჭირო ქვაბულების მოწყობის პერიოდში საპროექტო ტერიტორიიდან მოსახსნელი იქნება ნიადაგის ნაყოფიერი ფენა, მისი მართვა კი კანონის შესაბამისად მოხდება.

საპროექტო მიწის ნაკვეთებს ჩრდილოეთიდან სანაპირო, აღმოსავლეთიდან წმინდა ანდრია პირველწოდებულის გზატკეცილის IX ჩიხი, დასავლეთით – მიწის ნაკვეთი, რომელზეც მიმდინარეობს მრავალსართულიანი სასტუმრო აპარტამენტების მშენებლობა, ხოლო სამხრეთით წმინდა ანდრია პირველწოდებულის გზატკეცილი ესაზღვრება.

კონცეფციის მიხედვით საკვლევ არეალში კიდევ ერთი მრავალსართულიანი შენობის მშენებლობა მიმდინარეობს, ერთ ნაკვეთზე განთავსებულია სასტუმროს და საცხოვრებელი დანიშნულების შენობები, ხოლო 2 მიწის ნაკვეთი თავისუფალია.

წმინდა ანდრია პირველწოდებულის გზატკეცილი წარმოადგენს საერთაშორისო მნიშვნელობის გზას, აქ ავტომობილები ინტენსიურად მოძრაობენ, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში. კვლევის მიხედვით აქ ზაფხულში საათში საშუალოდ 2000-2500 ავტომობილი გადაადგილდება, გზას არ გააჩნია საფეხმავლო ტროტუარები.

კომპანია ავტოსადგომების მოწყობას მიწისქვეშა სართულზე გეგმავს, დაგეგმილია ღია ავტოსადგომების, შიდა გზებისა და გამწვანების მოწყობაც. ობიექტზე შესასვლელ-გამოსასვლელები უნდა მოაწყონ  წმინდა ანდრია პირველწოდებულის გზატკეცილიდან: ორი შესასვლელ-გამოსასვლელი მიწისქვეშა ავტოსადგომებზე შესასვლელად, ხოლო ერთი – ღია პარკინგისთვის.

კონცეფციის მიხედვით შიდა სატრანსპორტო სქემის მოწყობის პირობებში არ შეიცვლება ობიექტის მიმდებარედ არსებული საგზაო სატრანსპორტო სქემა: ტერიტორია უზრუნველყოფილია ნორმატიული პარამეტრების მქონე შიდა სატრანსპორტო ქსელით ტრანსპორტისა და ფეხმავალთა გადაადგილებისთვის.“

კონცეფციაში ვკითხულობთ, რომ  ობიექტზე შესასვლელად ავტომობილს ტროტუარის გადაკვეთა მოუწევს, შესაბამისად მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით ავტომობილების შესასვლელ არეალში საჭიროა საგზაო რეგულაციების დაწესება, რომელსაც ითვალისწინებს საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“. კერძოდ, ობიექტის შესასვლელებთან დასამონტაჟებელია შესაბამისი საგზაო გამაფრთხილებელი და მიმთითებელი ნიშნები, როგორც ქვეითად მოსიარულეთათვის, ასევე მძღოლებისთვისაც.

პროექტი 110 ავტოსადგომის მოწყობას ითვალისწინებს მიწისქვეშა სამ სართულზე და ღია პარკინგზე.

„ლიცის“ საპროექტო ტერიტორიის გვერდით მიწის ნაკვეთს ლიანა მამულაშვილი ფლობს. აქ მშენებლობა 2023 წელს დაიწყეს. საინფორმაციო დაფაზე დატანილი რენდერის მიხედვით, სასტუმრო 6-სართულიანი უნდა იყოს. სამშენებლო მიწის ნაკვეთი 1272 კვადრატული მეტრია.

საინფორმაციო დაფა – აქ 6-სართულიანი შენობის მშენებლობის დამკვეთი შპს „ახალი ჯგუფია“

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: