ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ფერმები ზღვაში – გონიოში, კვარიათში, ჩაქვსა და ქობულეთში აკვაკულტურისთვის ზონები გამოიყოფა

19.02.2021 • 3560
ფერმები ზღვაში – გონიოში, კვარიათში, ჩაქვსა და ქობულეთში აკვაკულტურისთვის ზონები გამოიყოფა

საქართველოში 2021 წლის 1-ლი მარტიდან სრულად ამოქმედდება კანონი აკვაკულტურის შესახებ. პარალელურად, მთავრობამ უნდა დაამტკიცოს საზღვაო წყლებში აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონები; ასეთი ზონის მართვის გეგმა, ნებართვის გაცემის წესი, სანებართვო პირობები და სხვა დოკუმენტები.

საქართველოს საზღვაო სივრცეში აკვაკულტურისთვის უკვე შერჩეულია 5 საზღვაო ზონა. ესენია: გონიო-კვარიათი, ჩაქვი, ქობულეთი, ფოთი და ანაკლია [განმუხური].

ამ ზონებში აკვაკულტურის ლიცენზია/ნებართვა გაიცემა 20 წლამდე ვადით, რომელიც შესაძლოა შემდეგ კიდევ გაგრძელდეს იმავე პერიოდით. ნებართვებს გარემოს ეროვნული სააგენტო გასცემს. ამ კანონით, ნებისმიერ პირს ექნება  უფლება, მიმართოს სააგენტოს წერილობით [დასაბუთებული მოთხოვნით], რათა სახელმწიფო ან ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის ობიექტი, აგრეთვე მის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი აკვაკულტურის საქმიანობისთვის გამოიყენოს და მოითხოვოს აკვაკულტურის ნებართვის გაცემა.

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ასევე შეიმუშავა „გონიო-კვარიათის მარიკულტურის ალოკაციური ზონის მენეჯმენტის გეგმაც“.

გეგმაში აღნიშნულია, რომ გონიო-კვარიათის ზონაში „შესაძლებელია გამოიკვეთოს სანაპირო თევზმჭერთა ინტერესები, რომლებიც ისტორიულად ეწეოდნენ თევზჭერას მცირე ზომის ნავებითა და სხვადასხვა თევზსაჭერი საშუალებით [მოსასმელი ბადე, სახლართი ბადე და სხვა]. განსაკუთრებით დატვირთულია ამ მხრივ სარფის უბანი და ჭოროხის შესართავის მიმდებარე უბანი.“

სარფელი მეთევზე / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

დოკუმენტის შემდგენლები მიიჩნევენ, რომ აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონა მნიშვნელოვნად შეზღუდავს ადგილობრივ თევზმჭერთა ტრადიციულ საქმიანობას, თუმცა „საზღვაო ფერმების ლოჯისტიკის“ განვითარებით „მეთევზეებისთვის გამოჩნდება ბევრი სამუშაო ადგილი“.

„მიუხედავად იმისა, რომ ზონის განაპირა ნაწილებში სარფთან და ჭოროხის შესართავთან რჩება მნიშვნელოვანი უბნები, რომლებიც არ ფარავს თევზჭერის ინტერესის ზონას, მარიკულტურის საქმიანობის განხორციელება მნიშვნელოვნად შეამცირებს სანაპირო თევზმჭერთა შესაძლებლობებს. მეორე მხრივ, საზღვაო ფერმების ლოჯისტიკის და დაცულობის უზრუნველსაყოფად მოსახლეობის და მათ შორის მეთევზეებისათვის გამოჩნდება ბევრი სამუშაო ადგილი, რაც მიცემს მათ შემოსავლებს და გააუმჯობესებს სოციალურ პირობებს. აღნიშნულიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია მარიკულტურის საქმიანობისას ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის დონის ამაღლება“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

აკვაკულტურისთვის შერჩეული გონიო-კვარიათის საზღვაო ზონა სამხრეთიდან იწყება საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 850 მ. და ვრცელდება ჩრდილოეთით. ზონის ჩრდილოეთ კიდე დაცილებულია ჭოროხის შესართავამდე 2100 მ მანძილით. ზონის ფართობი მთლიანობაში შეადგენს 21 კვადრატულ კილომეტრს.

დოკუმენტის მიხედვით აკვაკულტურის ზონებში შესაძლებელია სხვადასხვა წყალმცენარის მოყვანა; ასევე:

მიდიების მოშენება:

მიდიის Mytilus galloprovincialis ნიჟარა

„მიდიების მოშენებას საქართველოში წარსული ფაქტიურად არა აქვს. უახლეს ისტორიაში იყო მხოლოდ რამდენიმე მცირე კოლექტორული ტიპის მეურნეობის გამართვის მცდელობა, მაგრამ გარემო ფაქტორების გაუთვალისწინებლობის, ტექნოლოგიის დაუცველობისა და სათანადო ფინანსური რესურსების სიმწირის გამო მცდელობები წარუმატებლად დასრულდა.

ტურიზმის განვითარებასთან ერთად რეგიონის ზღვისპირეთში იზრდება მოთხოვნბა ზღვის პროდუქტებზე, მათ შორის მიდიებზე. ეს მოთხოვნა დღეისათვის სრულად ივსება ზამთრობით იმპორტირებული ძვირადღირებული მიდიით, ხოლო ზაფხულობით – საკურორტო ქალაქებში ნაწილობრივ ზღვაში ბუნებრივად მოპოვებული მიდიით. ვინაიდან ადგილზე მიდიის გამოყვანა არ წარმოებს, ხოლო ბუნებრივად მოპოვებული მიდიის კონდიცია (ზომები) არ არის შესაბამისი, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მარიკულტურის პროდუქტებზე მოთხოვნა მთლიანად კმაყოფილდება იმპორტირებული საქონლით.

მიდიების ფერმების გამართვა ზღვაში, პროდუქციის მოცემასთან ერთად, გააუმჯობესებს წყლის ხარისხს. შავი და აზოვის ზღვების აუზებში 90 სახეობის ორსადგულიანი მოლუსკია, მათგან 6 სახეობის მიდიაა.

ხამანწკების მოშენება:

„1894-1914 წლებში შავ ზღვაში ფუნქციონირებდა ხამანწკების საშენი მეურნეობები, სადაც სპეციალურ გალიებში აწარმოებდნენ ხამანწკის გამოზრდას. ისტორიული წყაროებით ამ საწარმოების წარმადობა ყოველწლიურად საშუალოდ 9-10 მილიონი ცალი იყო. ჩასასმელ მასალას (ხამანწკას ლარვს) აღნიშნული მეურნეობები იღებდნენ ბუნებრივად ზღვიდან სპეციალურ კოლექტორებზე შეგროვებით. აღნიშნული მიმართულება საბჭოეთის პერიოდში აღარ განვითარებულა.

ამასთან, შავ ზღვაში თავი იჩინა ხამანწკას დაავადებებმა და დღეისათვის მისი რაოდენობა იმდენად შემცირებულია, რომ ბუნებრივად ლარვის აღება ვერ წარმოებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხამანწკის გამოზრდა შესაძლებელია მხოლოდ მისი ხელოვნურად გამრავლებით, ანუ ლაბორატორიულ პირობებში „სპატის“ (ლარვას) გამოყვანით.

2017 წლის ინვარში გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის მიერ მოპოვებული იქნა შავი ზღვის ხამანწკას რამდენიმე ეგზემპლარი, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ შესაბამისი ძალისხმევით მოხდეს მისი აღწარმოება და გამოზრდა.

ხამანწკების მოშენება შესაძლებელია მიდიებთან ერთად ანალოგიური ტექნოლოგიით, თუმცა მიდიებისაგან განსხვავებით სპატის ბუნებრივი მოპოვება შავ ზღვაში შეუძლებელია არარსებობის გამო. ამიტომ გამოყვანის ტექნოლოგია ზემოთ წარმოდგენილი ტიპის ფერმაში შესაძლებელია მხოლოდ მზა (ხელოვნურად მიღებული) სპატის ყიდვით და მისი გამოზრდით სპეციალურ ხამანწკის გალიებში, რომლებიც ეკიდება ღერძულაზე. სპატის საორიენტაციო ფასი 1000 ცალი 15-20 ევროა.

ხამანწკა ზომით გაცილებით დიდია მიდიაზე, ამასთან იგი კარგად არის დამკვიდრებული ოკეანის პროდუქტების სასაქონლო ბაზარზე, ამიტომაც მისი მოშენების პოტენციალის გამოყენება ასევე შესაძლებელია დამატებითი შემოსავლის წყაროდ იქცეს მარიკულტურის ფერმების მფლობელებისათვის“.

 

 

თევზსაშენ გალიებში სამუშაოთა წარმოების ზოგადი სქემა

გონიო-კვარიათის აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის მენეჯმენტის გეგმაში აღნიშნულია, რომ „ყველა შემთხვევაში საწარმოო-ტექნოლოგიური პროცესის უზრუნველყოფისათვის ნავსაყუდელის ახლო ტერიტორიაზე არსებობა აუცილებლობას წარმოადგენს.

ნავსაყუდელიდან თევზსაშენი გალიების ან სხვა კონსტრუქციების განთავსების სიშორე პირდაპირ გავლენას ახდენს ექსპლუატაციური დანახარჯების ოდენობაზე. მეტი თანხა იხარჯება საკვების ტრანსპორტირების, მეთვალყურეობისა და ტექნიკური სამუშაოების განხორციელებისათვის. გალიების სიშორე ასევე შეიცავს ფორსმაჟორის შემთხვევაში დაგვიანებული რეაგირების რისკებს.

გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით გონიოში არსებობს ყოფილი სამხედრო პოლიგონის აუთვისებელი ტერიტორია, რომლის ნაწილის მიზნობრივი ათვისება უზრუნველყოფს ამ რეგიონში მარიკულტურის მიმართულების განვითარებას სწრაფი ტემპებით.

არსებული მოცემულობით საწარმოო სიმძლავრის გათვალისწინებით გონიო-კვარიათის ზონაში შესაძლებელია გაიმართოს მიდიების და ხამანწკების კოლექტორები 315 ჰა ფართობზე საშუალოდ 6-8 ფერმა, ზედაპირული თევზის გალიები 420 ჰა ფართობზე საშუალოდ 4-6 ფერმა და სიღრმისეულ სექტორში 1155 ჰა ფართობზე საშუალოდ 11-15 ფერმა, ამაევე სექტორში შესაძლებელი განთავსდეს ზედაპირული გალიებიც, თუმცა საოპერაციო დანახარჯები გაცილებით მაღალი იქნება.

ზონის სრული დატვირთვის და საწარმოო ტექნოლოგიის გამართული უზრუნველყოფის შემთხვევაში ზონაში შესაძლებელია ყოველწლიურად წარმოებული იქნას საშუალოდ: 500 ტონამდე მოლუსკები, 10 000 ტონამდე თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების ნედლეული.

შესაბამისი გადამამუშავებელი სიმძლავრეების და ლოჯისტიკის ინფრასტრუქტურის ამოქმედების შემთხვევაში მთლიანობაში შესაძლებელია დასაქმდეს 1000-1500 მდე საქართველოს მოქალაქე“.

 

 

„აკვაკულტურის შესახებ კანონის ამოქმედებამდე გაცემული თევზჭერის ლიცენზიები, რომლებიც ითვალისწინებს საქართველოს შიდა წყლების − წყალსატევების დათევზიანებას, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას მოქმედების ვადის გასვლამდე ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაუქმებამდე.

ამ ლიცენზიების მოქმედების ვადის გასვლის ან მათი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაუქმების შემთხვევაში, ექსტენსიური აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად ამ კანონით დადგენილი წესით გაიცემა ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვა.

საქართველოს ტერიტორიული წყლების (ტერიტორიული ზღვის) და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სივრცითი დაგეგმვის განსაზღვრამდე საზღვაო წყლებში აკვაკულტურის ნებართვა გაიცემა ამ კანონის შესაბამისად შექმნილი აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის ფარგლებში“.

ამავე თემაზე ნახეთ სტატია „ბათუმელების“ არქივიდან:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/89517/

მთავარი ფოტო: სარფი / „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: