მთავარი,სიახლეები

კახა მიქიაშვილი: ვხედავდით, როგორ ითხოვდა ხალხი ნომრებიდან შველას

25.11.2017
კახა მიქიაშვილი: ვხედავდით, როგორ ითხოვდა ხალხი ნომრებიდან შველას

24 ნოემბერს სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის დროს სასტუმროში იყოფებოდა მსახიობი კახა მიქიაშვილი, რომელსაც „მის საქართველოს“ ღონისძიება უნდა წაეყვანა. ხანძრის გაჩენის დროს იგი სასტუმროს რესტორანში იმყოფებოდა და რამდენიმე ათეულ ადამიანთან ერთად ტერასაზე გავიდა. „ბათუმელებთან“ კახა მიქიაშვილი შემთხვევაზე საუბრობს:

„ხვალ უნდა ჩატარებულიყო „მის საქართველოს“ დასკვნითი ღონისძიება, მე უნდა ვყოფილიყავი წამყვანი, გუშინ შევუერთდი ჯგუფს. საღამოს შვიდ საათზე ჩავედით სავახშმოდ სასტუმროს მეშვიდე სართულზე განთავსებულ რესტორანში, რვას აკლდა წუთები, როცა უცებ ჩაქრა შუქი, ჯერ რესტორანში დავინახეთ კვამლი, გავიგეთ, რომ ხანძარია და უცებ გამოგვიყვანეს ტერასაზე, რომელიც რესტორანს ესაზღვრება. ხანძრის ეს მასშტაბი თუ იყო, ვერ წარმოვიდგენდით.

დაახლოებით 5-10 წუთში სასტუმროს ისეთი დაკვამლიანება მოხდა, რომ ვეცადე შიგნით შევსულიყავი და კიბით ჩავსულიყავი, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. ტერასიდან ვხედავდით რამდენიმე გაღებულ ფანჯარას, ხალხი შველას ითხოვდა, ზეწრებს იქნევდნენ, აქ ვართ, გადაგვარჩინეთო. ძირითადად უცხოელები იყვნენ და ერთი ქართველი გოგო, რომელიც არც ჩანდა, რადგან სასტუმროში უკვე შუქი გაითიშა. ქვემოდან ვამხნევებდით, დამშვიდდით, მოსულია სახანძრო. გადარჩნენ თუ არა, არ ვიცი, სამწუხაროდ, არ მაქვს ინფორმაცია.

მცირე პანიკა იყო, განსაკუთრებით უცხოელი ქალბატონები, ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ტერასაზე იყო, ხედავდა როგორ ითხოვდა მისი მეგობარი შველას ნომრიდან და წარმოგიდგნიათ, რა იქნებოდა?!

მერე ერთმანეთს ვამშვიდებდით და ერთ საათში ეს პანიკაც დაცხრა, მობილიზებული ვაყავით, ერთმანეთს დავხმარებოდით.

ვხედავდით, როგორ მოვიდნენ მეხანძრეები, მაგრამ საათნახევარის მანძილზე ვერ ამოვიდნენ კვამლის გამო. დაახლოებით ორ საათში კვამლი შეწყდა, როგორც ჩანს, კერა ჩააქრეს და ამწეები მოადგეს აივანს, მეხანძრეები ამოვიდნენ და ვინც ვიყავით აივანზე უვნებლად გაგვიყვანეს, დაახლოებით 50 ადამიანი ვიქნებოდით. ყველა ცოცხალი, საღ-სალამათი გამოვედით გარეთ. როცა მეხანძრეები ამოვიდნენ, ჩოჩქოლის გარეშე, ძალიან მობილიზებულად გამოვედით ყველა. გადაგვარჩინა იმან, რომ ახლოს ვიყავით ტერასასთან.

პირველივე წამებიდან ძალიან მობილიზებულნი იყვნენ რესტორნის თანამშრომლები. საუბარია უსაფრთხოების ზომებზე, მე არ ვიცი შიგნით რა ხდებოდა, მაგრამ რესტორანში როგორც კი კვამლი გაჩნდა, იმ წუთას ჩაირთო წყლის ჭავლი. ლაპარაკია იმაზე, კიბე იყო თუ არ იყო, მაგრამ რომც ყოფილიყო, ვერ ვისარგებლებდით, რადგან ისეთი კვამლი იყო, შენობაში ვერ შევდიოდით და ამ კიბეს მაინც ვერ დავინახავდით. ასევე, ნომრებში ჩაკეტილი ხალხი, რომლებიც შველას ითხოვდა, ნომრებიდან ვერ გავიდოდნენ და კიბით ვერ ისარგებლებდნენ. ქვემოთ, პირველ სართულზე, სადაც ჰოლია, ფაქტია, რომ დაკვამლიანება არ ყოფილა,  როგორც ჩანს, ზევით გაჩნდა კვამლი.

რა მოხდა არ იცოდნენ არც ადმინისტრაციის თანამშრომლებმა, რომლებიც ძალიან გვედგნენ გვერდში. როცა კვამლი გაჩნდა, ვერც მათ გაიგეს რა მოხდა, უბრალოდ გთხოვეს, სასწრაფოდ გავსულიყავით გარეთ, მოიტანეს ცეცხლმქრობები და ეკავა ყველა თანამშრომელს, ის კი არა, რომ არ იცოდნენ რა ექნათ, შევარდნენ კვამლში, გამოგვიტანეს გადასაფარებლები, რადგან წვიმდა და მოგვაფარეს, რაც შეეძლოთ მაქსიმუმი გააკეთეს. მერე ვცდილობდით, რომ რესტორნის მინები ჩაგვეტეხა, რომ კვამლი გარეთ გამოსულიყო, ძალიან მობილიზებულნი იყვნენ, მაგრამ მიზეზი ვერავინ ვერ გაიგო. ყველა რომ გამოვედით, სულ ბოლოს ჩამოვიდნენ ადმინისტრაციის თანაშმრომლები.

ძალიან ბევრი რამ გააკეთეს ჩვენთვის ყველამ, მიმტანებმა, ადმინისტრაციის, დაცვის თანამშრომლებმა, მეხანძრეებმა, მაშველებმა. ძალიან მობილიზებული იყვნენ და მაქსიმალურად გვეხმარებოდნენ.“

24 ნოემბერს ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 10 საქართველოს და ერთი ირანის მოქალაქე.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: