მთავარი,სიახლეები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს ანაკლიის პროექტი გააცნეს

26.03.2026
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს ანაკლიის პროექტი გააცნეს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი, პიტერ ანდრეოლი დღეს, 26 მარტს, ანაკლიაშია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა პიტერ ანდრეოლის  ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობა გააცნო.

„ამერიკულმა დელეგაციამ, ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ალან პერსელთან ერთად, ადგილზე დაათვალიერა სამშენებლო-სამობილიზაციო სამუშაოები, რომელსაც ბელგიური კომპანია „იან დე ნული“ (Jan De Nul) ახორციელებს“ – წერს სამინისტრო.

მათივე ინფორმაციით, „მხარეებმა დეტალურად განიხილეს ნავსადგურის გენერალური გეგმა და საზღვაო ინფრასტრუქტურის დიზაინი, რომლის საფუძველზეც მიმდინარეობს ნავსადგურის სამშენებლო-სამობილიზაციო სამუშაოები.

საზღვაო ინფრასტრუქტურასთან ერთად, განხილვის საგანი იყო სარკინიგზო სექტორიც. აღინიშნა, რომ რკინიგზა წარმოადგენს შუა დერეფნის კრიტიკულ რგოლს.

დელეგაციას გააცნეს სარკინიგზო სექტორში დაგეგმილი პროექტებიც და ის მსხვილი ინვესტიციები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული მიმართულებით ხორციელდება.

მათ შორისაა ანაკლიასთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის პროექტი. აღნიშნული პროექტები ერთობლიობაში ქმნის მულტიმოდალურ სატრანსპორტო სისტემას და უზრუნველყოფს დერეფნის გამტარუნარიანობისა და ოპერაციული ეფექტიანობის მნიშვნელოვან ზრდას“ – წერს სამინისტრო.

ამავე ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“, „საქართველოს რკინიგზისა“ და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი პირები.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: