მთავარი,სიახლეები

საია საგანგაშო გარემოებებზე – როგორ ეპყრობოდნენ სინდისის პატიმრებს დაკავებისას და შემდეგ

08.04.2026
საია საგანგაშო გარემოებებზე – როგორ ეპყრობოდნენ სინდისის პატიმრებს დაკავებისას და შემდეგ

საია, რომელიც საპროტესტო აქციების კონტექსტში დაკავებული პირების სისხლის სამართლის საქმეებს აკვირდება, საგანგაშო გარემოებებზე საუბრობს, რომელიც, მათი დაკვირვებით, უთანაბრდება საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებებით აკრძალულ, სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებებს (მათ შორის, გარემოებების მიხედვით, თითოეული შეიძლება გაუთანაბრდეს სსკ-ის 1441-ე, 1442-ე, 1443-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს – წამებას, წამების მუქარას, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას).

საიას განცხადებით, არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე სხვადასხვა დროს მიუთითა 17-მა პირმა, ხოლო 10-მა ისაუბრა პენიტენციურ დაწესებულებაში ისეთ პირობებზე, რაც შეიძლება გაუთანაბრდეს არასათანადო მოპყრობას.

არასათანადო მოპყრობის ნაწილში საია იცავს სახაროვის პრემიის ლაურეატის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელისა და კიდევ ერთი პირის, საბა სხვიტარიძის ინტერესებს, „ხოლო ყველა სხვა საქმეზე ინფორმაცია ეყრდნობა სასამართლოს ღია სხდომებზე დაკვირვების პროცესში დასახელებული პირების მიერ გავრცელებულ ცნობებს, ასევე, შესაბამისი წყაროს მითითებით, მედიამონიტორინგის შედეგად მიღებულ მასალებს“.

დაკავების ან/და შემდგომ პერიოდში არასათანადო მოპყრობა

მზია ამაღლობელი: 2025 წლის 12 იანვარს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან პოლიციამ მზია ამაღლობელი უკანონოდ და ძალადობრივი მეთოდებით დააკავა. შედეგად, მან მიიღო ფიზიკური დაზიანება და დაეხა ქურთუკი.

პოლიციის დეპარტამენტის ეზოში შეყვანისას, ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, აგინებდა და „სისხლით დაჭერით“ ემუქრებოდა. მან პოლიციის დეპარტამენტის ეზოში მზია ამაღლობელზე ფიზიკური ძალადობაც სცადა, თუმცა საკუთარმა თანამშრომლებმა შეაკავეს.

მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობა პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გაგრძელდა, სადაც დგებუაძემ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, არ მისცა წყლის დალევის უფლება და აუკრძალა საპირფარეშოთი სარგებლობა.

გარდა ამისა, მზია ამაღლობელს რამდენიმე საათის განმავლობაში არ მიეცა უფლება, ესარგებლა ადვოკატის მომსახურებით. მას ჩხრეკა ადვოკატების დასწრების გარეშე ჩაუტარდა და ხელბორკილები, დამცირების მიზნით, ზურგს უკან დაადეს, მიუხედავად იმისა, რომ ამის არანაირი საჭიროება არ არსებობდა. საია ამ საქმეს უკვე სტრასბურგის სასამართლოში აწარმოებს. მზია ამაღლობელს პროკურატურა დაზარალებულის სტატუსსაც კი არ ანიჭებს.

საბა სხვიტარიძე: 2024 წლის 5 დეკემბერს, ღამის საათებში, საბა სხვიტარიძე, მამასთან, ზაზა სხვიტარიძესთან ერთად, გადაადგილდებოდა თბილისიდან გურიის მიმართულებით. ქალაქ ზესტაფონთან პოლიციამ ის ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დააკავა და საპატრულო პოლიციის ავტომობილში ჩასვა.

ზაზა სხვიტარიძეს ჩამოართვეს მობილური ტელეფონი და არ მისცეს საშუალება, მომხდარის შესახებ ინფორმაცია ადვოკატისთვის მიეწოდებინა. მოთხოვნის მიუხედავად, შსს-ის წარმომადგენლებმა არ ჩართეს სამხრე კამერები და არ გააკეთეს არანაირი განმარტება დაკავების მიზეზთან დაკავშირებით.

გორთან ახლოს საბა სხვიტარიძე საპატრულო პოლიციის ავტომობილიდან გადასვეს „ტოიოტა ქემრის“ ავტომობილის უკანა სავარძელზე. ავტომობილში მასთან ერთად ჩაჯდა 4 ადამიანი და გაემართნენ თბილისის მიმართულებით. ამ ავტომობილში საბა სხვიტარიძეს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. ერთ-ერთი პირი მას დაემუქრა ე.წ. დუბინკით გაუპატიურებით.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში მისვლისას სხვიტარიძე აიყვანეს მე-5 სართულზე, სადაც ამ ოთხმა პირმა დაიწყო მასზე ფსიქოლოგიური ძალადობა. მას სთხოვდნენ, რომ ეღიარებინა პოლიციელზე თავდასხმა. საბა სხვიტარიძე უარყოფდა დანაშაულის ჩადენას, რის შემდგომაც მასთან ოთახში შევიდა ხაკისფერ ტაქტიკურ სამოსიანი 4 ნიღბიანი პირი, რომლებმაც 5-10 წუთის განმავლობაში ფიზიკურად იძალადეს საბა სხვიტარიძეზე.

სცემდნენ ხელებითა და ფეხებით, ურტყამდნენ კიდურების, მუცლის, მკერდისა და თავის არეში, წაქცეულს ურტყეს ფეხები, მარცხენა ხელის ნეკა თითზე დააჭირეს ფეხი და სცადეს ხელის მოტეხვა.

ძალადობის შედეგად, საბა სხვიტარიძემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ჰქონდა გონების დაკარგვის ეპიზოდი, მიიღო ტვინის შერყევა. ამის შემდგომ ოთახში კვლავ დაბრუნდა სხვიტარიძის ტრანსპორტირებაში მონაწილე 4 პირი და მისგან ისევ მოითხოვდნენ აღიარებით ჩვენებას. ემუქრებოდნენ, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში იგი მოხვდებოდა ე.წ. „ქათმების“ კამერაში.

სხვიტარიძის მიმართ ძალადობის კიდევ ერთი ეპიზოდი უკავშირდება ამავე შენობის მე-8 სართულზე აყვანას, სადაც ის შეიყვანეს ჯერ ერთ-ერთ ხელმძღვანელ პირთან, რომელმაც მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდგომ კი – გამომძიებელ სალომე ედიშერაშვილთან.

მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ სხვიტარიძე კითხვებს არ პასუხობდა, ედიშერაშვილმა ოთახი დატოვა, ხოლო 5-მა პირმა საბა სხვიტარიძეზე ფიზიკურად იძალადა. ის გააკავეს, ურტყამდნენ ტანისა და თავის არეში, ასევე, თავზე გადაამტვრიეს ხის ნივთი, რომელიც იდო ედიშერაშვილის მაგიდაზე.

ტვინის შერყევის გამო, საბა სხვიტარიძეს კიდევ ერთხელ აერია გული, რის შემდგომაც შეწყდა მასზე ძალადობა. ოთახში დაბრუნდა ედიშერაშვილი, რომელმაც კვლავ დაიწყო კითხვების დასმა, რაზეც ისევ ვერ მიიღო პასუხები. ამის შემდეგ, დაახლოებით 05:00 საათზე, საბა სხვიტარიძე შეასახლეს დროებითი მოთავსების იზოლატორში. მისი დაზიანებები აღწერა იზოლატორის ექიმმა, ასევე, გადაუღეს ფოტოსურათები.

საბა სხვიტარიძე ცნობილია დაზარალებულად. საია საქმეში ჩაერთო 2026 წლის თებერვალში, რის შემდგომაც განახლდა საგამოძიებო მოქმედებები, გამოჰკითხეს საბას დედა და ძმა. საია განაგრძობს დაზარალებულის სახელით ამ საქმის წარმოებას ადგილობრივ და, საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო დონეზე.

რევაზ კიკნაძე: მიუთითებდა, რომ მას ფსიქოლოგიური ზეწოლისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის პირობებში აიძულებდნენ, ეღიარებინა დანაშაული და დაედანაშაულებინა სხვები, რაც გამოიწვევდა მის მიმართ სისტემის მხრიდან ლოიალურ დამოკიდებულებას.

იგი გატაცებული ჰყავდათ ლისის ტბის მიმდებარედ და ემუქრებოდნენ ცოცხლად დამარხვით. კიკნაძემ ასევე აღნიშნა, რომ ორთაჭალაში გადაყვანის შემდეგ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შენობაში მასზე განხორციელდა შემდეგი შინაარსის მუქარა (ერთ-ერთი პირი: „დაბლა ჩავიყვანოთ და „კლიზმაზე“ დავსვათ ან შამპანურის ბოთლზე“; მეორემ უპასუხა: „შეიძლება გაეპაროს, ბინძური საქმეა, ხელთათმანები გავიკეთოთ“).

ნიკა კაცია

ნიკოლოზ კაცია: მიუთითებდა, რომ დაკავებისას მას ექცეოდნენ დამცინავად და შეურაცხმყოფელად, უწოდებდნენ „რიჟიკას“, ბილწსიტყვაობდნენ მისი მისამართით და ეუბნებოდნენ, რომ, რასაც ეტყოდნენ, ის უნდა დაედასტურებინა.

ანატოლი გიგაური: დაცვის მხარემ პროცესზე აღნიშნა, რომ გიგაურს თავად პოლიციელმა მიაყენა ფიზიკური დაზიანება სახის არეში მუშტის არაერთი დარტყმით და ეს ყველაფერი დასტურდებოდა ვიდეომტკიცებულებით.

დავით ხომერიკი

დავით ხომერიკი: მიუთითებდა სექსუალური ძალადობის მუქარის, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის, ასევე, გაშიშვლების ფაქტებზე.

დავით ლომიძე: მიუთითებდა, რომ სცემეს დაკავებისას. მას ჰქონდა ხერხემლის პრობლემები. ცემის შედეგად, გაურთულდა მდგომარეობა და დასჭირდა ოპერაცია.

თემურ ზასოხაშვილი: აღნიშნავდა, რომ სამართალდამცავები გაუსწორდნენ ფიზიკურად დაკავების დროს. ადვოკატის თქმით, ზაჰესის იზოლატორში მას, ლომიძის მსგავსად, ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ აღიარებით ჩვენებაზე მოაწერინეს ხელი.

არჩილ მუსელიანცი

არჩილ მუსელიანცი: მიუთითებდა, რომ მას ემუქრებოდნენ და სთავაზობდნენ თანამშრომლობას. ეუბნებოდნენ, რომ ხელი დაედო პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის.

ანასტასია ზინოვკინა: განმარტავდა, რომ მის მიმართ განხორციელდა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ძალადობა, სექსუალური ძალადობის მუქარა. ერთ-ერთ პოლიციელს ხელი თავის სასქესო ორგანოზე ედო და ემუქრებოდა, თუ გაინძრეოდა, ამ ადგილით დასჯიდა. ის მოწმის და ვიდეოგადაღების გარეშე დააკავეს.

ზინოვკინამ მიუთითა, რომ შეეძლო იმ პოლიციელის ამოცნობა, რომელმაც მას ტელეფონი წაართვა. ამავე პოლიციელმა ჩაუდო ნარკოტიკი ქურთუკის ჯიბეში. ზინოვკინა იხსენებდა, რომ „პოლიციელი“ ემუქრებოდა, თუ გააგრძელებდა ქურთუკის ყურებას, მას „იხმარდა“. მას შემდეგ, რაც დაკავებულის ქურთუკში ნარკოტიკული საშუალება განათავსეს, ჩაცმა აიძულეს. მხოლოდ ამ „ოპერაციის“ შემდეგ დაიწყო ოფიციალური ჩხრეკა. ქალი ცდილობდა ყველაფრის დანახვას, თუმცა, ემუქრებოდნენ, რომ მასზე იძალადებდნენ, თუ აქეთ-იქით ყურებას გააგრძელებდა.

არტემ გრიბული: დაკავებისას აგრესიულ მოპყრობასა და სექსუალური ძალადობის მუქარაზე მიუთითებდა.

ალეკო ელისაშვილი: პირველი წარდგენის სხდომაზე განაცხადა, რომ დაკავებისას მანქანაში ჩასვეს და სცემეს.

თედო აბრამოვი

თევდორე აბრამოვი: აღნიშნავდა, რომ ის პოლიციის სამმართველოში გადაყვანის შემდგომ გააშიშვლეს და ბუქნები აკეთებინეს. დასცინოდნენ საყურის და ტატუს გამო, შეურაცხმყოფელ სიტყვებს ეუბნებოდნენ აქციებთან კავშირისთვის.

თორნიკე მჭედლიშვილი: სასამართლო პროცესზე აღნიშნავდა, რომ დაკავების შემდგომ, გურჯაანიდან წამოყვანისას, მას აგინებდნენ, ჯანმრთელობის დაზიანებითა და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ, იყენებდნენ შემდეგ ფორმულირებას: „გიხმართ“.

ვახტანგ ფიცხელაური: აცხადებდა, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა ძალადობასა და შეურაცხყოფას, მათ შორის, ოჯახის მიმართულებით. იგი გადმოათრიეს მანქანიდან, ათრიეს გარკვეულ მანძილზე, მხრებში ჩაარტყეს სამჯერ და ემუქრებოდნენ: „ბურჭულაძეს ნუ უდგები გვერდით… ახლა ნახავ“.

როგორც პროცესზე გამოიკვეთა, ვახტანგ ფიცხელაურს ხელებსა და ტანზე აღენიშნებოდა ზედაპირული თვალსაჩინო დაზიანებები. მისი ადვოკატის თქმით, ფიცხელაური გაიტაცეს, მას დაკავების დროს არ განემარტა უფლებები და არც დაკავების ოქმის ასლი გადასცემია.

დავით ჟღენტი: მიუთითებდა, რომ დაკავებისას და შემდეგაც სცემეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) თანამშრომლებმა. ადვოკატის განმარტებით, დაკავებისას მათ დავით ჟღენტი შეიყვანეს პრეზიდენტის სასახლეში, სადაც არაერთმა პირმა მასზე ფიზიკურად იძალადა. ადვოკატის თქმით, დავით ჟღენტს დაზიანებები აღენიშნებოდა თვალბუდის, თავის, ყელის, ხელების, ზურგის და მკერდის არეში.

ამირან დოლიშვილმა აღნიშნა, რომ დაკავებისას სახლში სპეცრაზმელმა დაარტყა.

  • პენიტენციურ დაწესებულებაში არასათანადო მოპყრობა

10-მა ბრალდებულმა ისაუბრა პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობასა და მოპყრობაზე. კონკრეტულად: ნიკოლოზ კაცია, გიორგი ახობაძე, ინსაფ ალიევი, ზურაბ მენთეშაშვილი, დენის კულანინი, არტემ გრიბული, ანტონ ჩეჩინი, ნანა სანდერი, ნინო დათაშვილი, ანასტასია ზინოვკინა, თავად ან მათი უფლებადამცველების მეშვეობით, მიუთითებდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ გამოწვევებზე.

მათი მონათხრობი ეხება, როგორც ელემენტარულ საცხოვრებელ პირობებს, ისე კვებას, უსაფრთხოებასა და სამედიცინო მომსახურებაზე წვდომას.

  • კვება, ფინანსური რესურსები და უსაფრთხოება (ნიკოლოზ კაცია, ანასტასია ზინოვკინა)

საჯარო წყაროებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკოლოზ კაციას პენიტენციურ დაწესებულებაში არ უზრუნველყოფდნენ საკვებით, ხოლო მის პირად საბანკო ანგარიშზე არსებული თანხებით სხვა მსჯავრდადებულები სარგებლობდნენ.

ამის თაობაზე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმაც გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ნიკოლოზ კაციამ სახალხო დამცველის რწმუნებულებთან შეხვედრისას მიუთითა პენიტენციურ დაწესებულებაში მისი უფლებების დარღვევის ფაქტებზე. 2025 წლის 21 თებერვლის სასამართლო სხდომაზე ნიკოლოზ კაციამ აღნიშნა, რომ საბადრაგო სამსახურის თანამშრომლები პროცესამდე მას „ბუქნებს“ აკეთებინებდნენ.

ანასტასია ზინოვკინას ადვოკატი აღნიშნავდა, რომ ზინოვკინას აქვს ალერგია სტაფილოზე: „ამბობს, რომ სტაფილო ყველა საკვებშია და, ამის გამო ვერ იღებს იმ საჭმელს, რომელსაც ციხის ადმინისტრაცია სთავაზობს“.

ადგილობრივი კანონმდებლობით და საერთაშორისო აქტებით, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს როგორც ბრალდებულთა და მსჯავრდადებულთა სათანადო კვება, აგრეთვე მათი სათანადო საცხოვრებელი პირობები. დაუშვებელია, მათი დასჯის მიზნით, არათუ საკვების მიცემაზე უარის თქმა, არამედ კალორიულობის შემცირებაც კი. აღნიშნული, შესაძლოა, შეიცავდეს წამების/არაადამიანური მოპყრობის ნიშნებს.

პენიტენციური სამსახური ვალდებულია, პატიმარი დაიცვას სხვა პატიმართა მხრიდან ძალადობისა და ექსპლუატაციისგან, ხოლო კვების შეზღუდვა ან მისით მანიპულაცია, შესაძლოა, წამების ან არაადამიანური მოპყრობის ნიშნებს შეიცავდეს.

საიამ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოუწოდა, ნიკოლოზ კაციას მიმართ გამოყენებული პატიმრობა აღესრულებინა საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და პენიტენციური კოდექსით გარანტირებული უფლებების დაცვით. ასევე, ორგანიზაციამ იმ დროისთვის არსებულ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ნიკოლოზ კაციას არაადამიანურ საპატიმრო პირობებზე რეაგირებისა და ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდა.

ამასთან, სისხლის სამართლის საქმეების სასამართლო განხილვის ეტაპზე არაერთი ბრალდებული მიმართავდა პროტესტის უკიდურეს ფორმას – შიმშილობას.

საყურადღებოა, რომ პატიმრების მიერ შიმშილობის დაწყება არის პროტესტის უკიდურესი ფორმა, რომელიც მიმართულია, როგორც მათ მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების არსებითი გარემოებების, ასევე პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის/პირობების წინააღმდეგ.

ანტისანიტარია და საცხოვრებელი პირობები (გიორგი ახობაძე, ინსაფ ალიევი, ზურაბ მენთეშაშვილი, დენის კულანინი, არტემ გრიბული, ანტონ ჩეჩინი) რამდენიმე ბრალდებული პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ სხვა პრობლემებზე მიუთითებდა.

კონკრეტულად:

2025 წლის 19 ივლისს საჯაროდ გავრცელდა გიორგი ახობაძის წერილი, რომელშიც ის მიუთითებდა დაწესებულებაში არსებულ გაუსაძლის სიცხესა და ვენტილაციის პრობლემაზე: „დიდი ხანია, ვითხოვთ ვენტილატორის შემოტანას მაღაზიაში, წარმოუდგენელი სიცხეა, ვიხრჩობით ფაქტიურად ამ კოლოფებში, შეუძლებელია ღამე ძილი. ორი კვირის განმავლობაში რანაირად შეიძლება ვენტილატორი ვერ მიეწოდებოდეს მაღაზიას“.

2025 წლის 11 აგვისტოს ინსაფ ალიევის ადვოკატმა განაცხადა, რომ ბრალდებულმა დაიწყო შიმშილობა. ადვოკატი აღნიშნავდა, რომ საკანში იყო ტარაკნები, რის გამოც, ალიევი და მისი თანამესაკნეები გადაიყვანეს სხვა საკანში, სადაც, ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით: „არ იყო წყალი და კანალიზაცია იყო გაჭედილი. მათ არ შეეძლოთ ხელ-პირის დაბანა და ჭურჭლის რეცხვა, რის გამოც, ვერ იღებდნენ საკვებს და, ფაქტობრივად, შეეზღუდათ წვდომა კვებაზე“.

პენიტენციურ დაწესებულებაში ტარაკნების არსებობასა და არაჰიგიენურ პირობებზე მიუთითებდა კიდევ ორი პატიმარი – ზურაბ მენთეშაშვილი და დენის კულანინი.

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, რომელმაც დენის კულანინი მოინახულა, ვიზიტთან დაკავშირებით შედგენილ ოქმში მწვავე რეალობა ასახა. როგორც ის აღწერს, დენის კულანინმა აცნობა, რომ კარცერში გადაყვანის შემდგომ 1 კვირის განმავლობაში არ ჰქონდა საწოლი და ძირს მდებარე მატრასზე ეძინა.

არ ჰქონდა საშუალება, ესარგებლა საშხაპით და ელემენტარული ჰიგიენით. „[…] P.S. მსჯავრდებულმა მთხოვა, დამეთვალიერებინა საკარანტინე ოთახი. N2 საკარანტინე ოთახი არის მძიმე მდგომარეობაში. არის ტარაკნები (სკამზე ორი მკვდარი ტარაკანი ვნახე). ტუალეტი არის მძიმე მდგომარეობაში, არის ანტისანიტარია. საწოლის [ბალიშები] არის უბინძურესი,“ – აღნიშნავს სახალხო დამცველის წარმომადგენელი.

როგორც არტემ გრიბულის ადვოკატმა აღნიშნა, არტემ გრიბული და ანტონ ჩეჩინი გადაიყვანეს საკარანტინე სივრცეში, სადაც ასევე იყო ანტისანიტარია, ტარაკნები, დასვრილი კედლები და იატაკი.

  •  სამედიცინო მომსახურებაზე შეზღუდული წვდომა (ნანა სანდერი, ნინო დათაშვილი, ანასტასია ზინოვკინა, ინსაფ ალიევი)

2025 წლის 11 აგვისტოს, სხვა გამოწვევებთან ერთად, ინსაფ ალიევის ადვოკატმა ისაუბრა პენიტენციურ დაწესებულებაში არასაკმარის სამედიცინო დახმარებაზე:

„ინსაფ ალიევს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, საჭიროებს მედიკამენტებს და ნემსს ორ დღეში ერთხელ. მიუხედავად დაპირებისა, რომ მედიკამენტებს მიუტანდნენ, ამ დრომდე მას კვლავ შეზღუდული აქვს წვდომა მისთვის აუცილებელ სამკურნალო საშუალებებზე“.

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ნანა სანდერი ასევე მიუთითებდა არასაკმარის სამედიცინო დახმარებაზე პენიტენციურ დაწესებულებაში და ამბობდა, რომ მას სჭირდებოდა მედიკამენტი, რომელიც არ მიუტანეს. მისივე თქმით, როდესაც ერთ-ერთ სხდომაზე დააანონსა შიმშილობა, საპყრობილეში დაბრუნებულს ციხის დირექტორი ნესტან ვერულაშვილი და ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლები ატერორებდნენ.

„[…] ჩემი შიმშილობის პერიოდში მომიტანეს ქსეროასლები იმისა, თუ ჩემი საპყრობილეში მიყვანის დღიდან რამდენჯერაც მქონდა მიმართული ექიმისთვის, ექთნისთვის, რომლებიც მანამდე მქონდა მოთხოვნილი. 20%-იც არ არის დაფიქსირებული იმ პრობლემებისა, რაც მე მაწუხებს. იმის მაგივრად, რომ ექიმზე, რომელიც პასუხისმგებელი იყო, რაღაც პასუხისმგებლობა დაეკისრებინა, მე მომიწყო ციხის დირექტორმა ტერორი.

[…] ჩემ მიმართ ციხეში მიყვანის პირველივე წუთებიდან განხორციელდა სისხლის სამართლის დანაშაული. ადამიანის ღირსების შემლახველი მოპყრობა, არაადამიანური მოპყრობა, რაც, როგორც ვიცი, 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ამას დავამატოთ სექსუალური შევიწროება გაშიშვლების მოთხოვნით. ამაში მინიმუმ 5 ადამიანი იყო ჩართული. მათ შორის, ციხის დირექტორი და მისი მოადგილეები – მზია და დაჯი. არ ვიცი, შეიძლება ის ცუდი ადამიანი არ იყოს, მაგრამ ჩემ მიმართ ეს არის შერჩევითი დამოკიდებულება. არაადამიანობაა“ – აღნიშნა სასამართლო სხდომაზე ნანა სანდერმა.

პენიტენციურ დაწესებულებაში დროული სამედიცინო დახმარების პრობლემები გამოიკვეთა ნინო დათაშვილის შემთხვევაშიც. დაცვის მხარის აქტიური მოთხოვნისა და შუამდგომლობის მიუხედავად, საბოლოოდ, დათაშვილმა მხოლოდ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გირაოს სანაცვლოდ და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზით დატოვა პენიტენციური დაწესებულება. საკუთარი ჯანმრთელობის გამოწვევებზე საუბრობდა და პენიტენციური დაწესებულებისგან შესაბამის მხარდაჭერას, მკურნალობას მოითხოვდა ანასტასია ზინოვკინაც.

არასათანადო სამედიცინო დახმარებაზე მიუთითებდა ანასტასია ზინოვკინას ადვოკატიც: „ზინოვკინას აღენიშნება ხერხემლის პრობლემები. მას ტკივილგამაყუჩებელს აძლევენ, მაგრამ ვერ მკურნალობენ. ასევე გაუმკაცრეს თავისუფლების აღკვეთის პირობები“.

  • გამოძიების არაეფექტიანობა

„საერთო ჯამში, ზემოხსენებულ საქმეებზე გამოძიება ხასიათდება არაეფექტიანობით. ამასთან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებით, „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ, დემონსტრაციულად გამოხატა, რომ არ აპირებს საპოლიციო ძალადობის და არასათანადო მოპყრობის ეფექტიან გამოძიებას, ევროკავშირთან ასოცირების პროცესში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას.

აღსანიშნავია, რომ ეფექტიანი გამოძიება მოითხოვს ხუთ კრიტერიუმს: გამოძიების დამოუკიდებლობა, მისი ადეკვატურობა, გამოძიების სწრაფი წარმოება, საჯაროობა, მასში დაზარალებულის ჩართულობა.

დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს გაუქმება, მისი გაძლიერების ნაცვლად, იმის სრულიად საპირისპირო მიმართულებით სვლაზე მიანიშნებს, რომლის ადვოკატირებასა და მხარდაჭერასაც კომიტეტი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა.

2026 წლის 9-11 მარტს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა განიხილა „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეების აღსრულების პროგრესი. მინისტრთა კომიტეტმა ყურადღება გაამახვილა სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის პრაქტიკაზე, არაეფექტიან გამოძიებასა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებაზე, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ეფექტიანობას.

კომიტეტმა მკაცრად მოუწოდა სახელმწიფოს, გამოიძიოს არასათანადო მოპყრობის შესახებ ყველა ბრალდება, მათ შორის, 2024-2025 წლების აქციების კონტექსტში, ასევე, უზრუნველყოს მსხვერპლთა უფლებების დაცვა და დანერგოს მყარი პრევენციული მექანიზმები“, – წერს საია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: