მთავარი,სიახლეები

უკრაინის დაზვერვამ დრონებით ჩაძირა სატვირთო ბორანი, რუსებს დარჩათ ყირიმის ხიდი – ინტერვიუ

10.04.2026
უკრაინის დაზვერვამ დრონებით ჩაძირა სატვირთო ბორანი, რუსებს დარჩათ ყირიმის ხიდი – ინტერვიუ

„უკრაინელებმა „Front Strike“-ის, ანუ საფრონტო დრონებით რუსებთან შექმნეს უპირატესობა სამი ერთთან. წარმოიდგინეთ, რამხელა უპირატესობაა. ესე იგი, 30%-ით უფრო მეტ დრონს იყენებენ უკრაინელები, ვიდრე რუსები,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე. იგი ისევ აქტიურად აკვირდება ფრონტის ხაზს უკრაინაში.

უკრაინული დრონების გააქტიურების პარალელურად, რუსებს „უპილოტო საფრენი აპარატების ძალები“ შეუქმნიათ:

„ამ უპილოტო ძალების განვითარების ხელმძღვანელად დანიშნეს იური ვაგალოვი. ზედმეტსახელად „უნიტაზი“. ასეა ცნობილი, რადგან უნიტაზების ბიზნესში იყო მანამდე და შემდეგ გენერლობა მიანიჭეს ნულიდან, სამხედრო წოდება არ ჰქონდა. ის ცდილობს, რომ ააღორძინოს ეს მიმართულება,“ – აღნიშნავს ვახტანგ კაპანაძე.

სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, რუსეთის მხრიდან აქტიურობის შემცირება უფრო იმას ნიშნავს, რომ პუტინი გაზაფხული-ზაფხულის კამპანიისთვის ემზადება.

„რუსეთი შეეცდება, რომ აქტიური ინიციატივა დაიბრუნოს თავისი შეტევებით, ყოველ შემთხვევაში მაქსიმალურად გამოიყენოს სახმელეთო მშრალი პერიოდი. ამას უკრაინელებიც ხვდებიან, ამიტომაც ცდილობენ შორ მანძილზე რუსული დანაყოფების დაზიანებას, არ მისცენ კონცენტრაციის საშუალება,“ – ამბობს ვახტანგ კაპანაძე და განსაკუთრებულად გვიყვება, ამასობაში, როგორ მოახერხეს უკრაინელებმა რუსების მესამე ბორნის ჩაძირვა, ისედაც სულ სამი ერთეული ჰყავდათ რუსებს შავ ზღვაში და ბორანს იყენებდნენ მომარაგებისთვისო.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, რა ხდება ფრონტის ხაზზე ამჯერად? პუტინმა განაცხადა, რომ აღდგომაზე ცეცხლი შეწყდება. ზელენსკიმაც დაწერა წუხელ: „მზად ვართ სარკისებური ნაბიჯებისთვის, ჩვენ ვთავაზობდით წელს ცეცხლის შეწყვეტას აღდგომის დღესასწაულისთვის, შესაბამისად, ვიმოქმედებთ“. 

არ ვიცი, რამდენად იქნება ცეცხლის შეწყვეტა წარმატებული – წინა აღდგომას 12 საათი ვერ გაძლო ცეცხლის შეწყვეტამ. უკრაინა ამას ალბათ არ დაარღვევს, თუ დაარღვევს ისევ შეიძლება რუსებმა დაარღვიონ. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამჯერად პუტინს უნდა აჩვენოს, რომ ნამდვილი ქრისტიანია. ფაქტობრივად, ორ დღეზეა საუბარი – 13 აპრილის დადგომამდე. არაფერი გადამწყვეტი მნიშვნელობა ამას არ გააჩნია.

ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები ფრონტის ხაზზე არ არის. უკრაინელებმა გარკვეული ტაქტიკური ამოცანები შეასრულეს. ახლაც ზოგიერთ ტერიტორიაზე მიმდინარეობს დაპირისპირება, სადაც ყველაფერი გადამწვარია და გადაბუგული. იქ ისედაც ტრიალი მინდორი იყო, ახლა კი, ქარსაცავი ზოლები ფაქტობრივად განადგურებულია. აღარც უკრაინელები აღარ ცდილობენ, რომ წინ წაიწიონ. რუსებსაც წინ წაწევა აღარ გამოსდით.

საინტერესოა სირსკის განცხადება, რომ უკრაინელებს გააჩნიათ სტრატეგიული უპირატესობა ე.წ. „მცირე ჰაერში“, ანუ დრონების გამოყენებაზე. ეს, ფაქტობრივად, საშუალებას არ აძლევს რუსებს, ფართომასშტაბიან შეტევაზე გადავიდნენ ნებისმიერი მიმართულებით. ამისთვის საჭირო ძალების კონცენტრირების საშუალებას არ აძლევენ რუსებს უკრაინელები.

ძირითადად მაინც მიმდინარეობს სარაკეტო და დრონების დარტყმები. რუსების სამიზნეებია დასახლებული პუნქტები. ჩაიარა ზამთარმა და რუსებმა ვერ მიაღწიეს ჩანაფიქრს ამჯერადაც – ეგონათ, რომ უკრაინელი მოსახლეობა გატყდებოდა, ვერ აიტანდა სიცივეს და უშუქობას. ეს არ გამოუვიდათ.

თავის მხრივ, უკრაინელებმა გააქტიურეს დარტყმები. სულ ახლახან უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ დრონების საშუალებით ჩაძირა „სლავიანინი“ – ეს არის სატვირთო ბორანი, რომელიც სულ სამი ერთეული ჰყავდათ შავ ზღვაში რუსებს: „კონრად რეიდი“, „ავანგარდი“ და „სლავიანინი“. „კონრადი“ ადრე ჩაძირეს უკრაინელებმა, „ავანგარდი“ წინა შემოდგომაზე ჩაძირეს და ახლა – „სლავიანინი“.

  • რამდენად ცვლის ეს მოცემულობას რუსებისთვის? 

ეს ბორნები, რომელზეც ლიანდაგები იყო მოწყობილი, ძალიან აქტიურად გამოიყენებოდა ტვირთების გადასაზიდად. ყირიმი ფაქტობრივად არის ერთი დიდი სამხედრო ბაზა, ხოლო ნებისმიერ სამხედრო ბაზას სჭირდება ლოჯისტიკა, უზრუნველყოფა – პროდუქტიდან დაწყებული, საბრძოლო მასალით და სათადარიგო ნაწილებით დამთავრებული. „სლავიანინის“ ჩაძირვის შემდგომ რუსებს ყირიმის ხიდი დარჩათ და სახმელეთო კომუნიკაციის შეზღუდული ზოლი, რომელიც დარტყმების ქვეშ არის მოქცეული, სამხრეთ ზაპოროჟიეს ტერიტორიის გავლით. ასე რომ, ეს მნიშვნელოვანი ლოჯისტიკური და ფსიქოლოგიური დარტყმაა რუსებისთვის.

ეს სატრანსპორტო საშუალებები ძალიან აქტიურად გამოიყენებოდა იმ პერიოდში, როცა ყირიმის ხიდი არ მოქმედებდა. ყირიმის ხიდი პერიოდულად, როგორც იცით, გამოჰყავდათ უკრაინელებს წყობიდან. რუსებს გემების გამოყენება უჭირდათ ისეც უკრაინელების გავლენის გამო. თვითმფრინავით კი, დიდი ტვირთის გადატანა რთულია.

ამას გარდა, უკრაინელებმა განაგრძეს დარტყმები ენერგომატარებლებზე. ახლახან დაარტყეს ფეოდოსიაში განლაგებულ სამხედრო საზღვაო საცავებს პორტში. აქ არის განთავსებული საზღვაო ძალების მცურავი საშუალებებიც. ჯერჯერობით დაზუსტებული მონაცემები არ არსებობს, რა გაანადგურეს.

უკრაინელებმა ასევე ეფექტურად დაარტყეს რუსების სარემონტო ბაზებს ლუგანსკის და დონეცკის რაიონში. ეს ბაზები რუსების დაზიანებული სახმელეთო ტექნიკის შეგროვებისთვის არის მოწყობილი. აქ ხდება თავმოყრა და შემდგომ ხდება გადანაწილება სარემონტო წერტილებში, არემონტებენ, თუკი მეტ-ნაკლებად გარემონტება შესაძლებელია. სადაც იყო თავმოყრილი სარემონტოდ გამზადებული ტექნიკა, ამას დაარტყეს უკრაინელებმა.

მთავარი მაინც ისაა, რომ არსებულ ვითარებაში უკრაინელებმა არ მისცეს საშუალება რუსებს, გამოეყენებინათ ირანის გარშემო შექმნილი ვითარება, რაც დაკავშირებული იყო გარკვეული პერიოდის ამერიკული მხარდაჭერის შეფერხებასთან, ასევე, ნავთობის გაზრდილ ფასებთან.

  • ეს რის ხარჯზე მოახერხეს უკრაინელებმა, დრონების აქტიური წარმოება და გამოყენება რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ პროცესში? 

თავდაცვის მინისტრად ფიოდოროვის დანიშვნის შემდგომ ძალიან აქტიურად განავითარა უკრაინამ დრონები.

ზუსტად ამას გაუსვა ხაზი სირსკიმ, რომ ინიციატივა აიღეს უკრაინელებმა. მათ აქვთ კამპანია „Front Strike“ – ანუ საფრონტო დარტყმები და „Middle Strike“ – ანუ საშუალო სიღრმეებზე დარტყმები. ეს შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა შეძლეს ტაქტიკურ-ოპერატიულ სიღრმეში, სადღაც 250 კილომეტრის სიღრმემდე დარტყმების განხორციელება. უკრაინელებმა განავითარეს თავიანთი დრონები. ეს განსაკუთრებით ეხება თვითმფრინავის ტიპის დრონებს, რომლებიც ძალიან აქტიურად გამოიყენება. ამ დრონებით, ბოლო პერიოდში განადგურებული იქნა 200-მდე ტექნიკა და სხვა მნიშვნელოვანი სამიზნეები.

უკრაინელების მონაცემებით, „Middle Strike“-ის დრონებმა დააზიანეს რუსების 172 ჰაერსაწინააღმდეგო საშუალება, დისლოკაციის 48 პუნქტი, 14 მცურავი საშუალება, 19 საბრძოლო ტექნიკა, 31 საფრენი აპარატი, 42 საწყობი, 35 ენერგეტიკული სისტემა და ასე შემდეგ. სიღრმეში ყველაზე ხშირად გამოიყენებოდა FPV-2, რომელიც უკრაინული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატია. ეს იყო დაახლოებით 40% და „რუბაკა“, რომელიც ასევე უკრაინული წარმოების დრონია, სადღაც 17%.

პირველად მიმდინარე წლის მარტში უკრაინელების მიერ განადგურებული ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების რაოდენობამ გადაასწრო დანარჩენი განადგურებული, ან დაზიანებული ტექნიკის, სხვა სამიზნეების რაოდენობას.

რუსებს, როგორც მოგეხსენებათ, აწყობილი აქვთ საჰაერო სისტემა ეშელონირებულად: ახლო მანძილის, საშუალო მანძილის, შორი მანძილის და ობიექტური, ანუ ტაქტიკური, ოპერატიული და სტრატეგიული თვალსაზრისით საჰაერო თავდაცვის სისტემა. ამ სისტემის მოწინავე ტაქტიკური შემადგენელი არის „სტრელა-10“, „პანცირი“, „ტუნგუსკა“, რომელსაც შემდგომ მოჰყვება „ბუკი“, „ტორი“ და ასე შემდეგ. ეს იზრდება და „ეს-300“-მდე მიდის ხოლმე.

„ტუნგუსკა“, „პანცირი“. ძირითადად „ეს-300“ და „ეს-400“ გამშვებების დაცვისთვის გამოიყენება. წარმოიდგინეთ, თუკი უკრაინელები ახერხებენ იგივე „ბუკების“ და „ტორების“ განადგურებას, რაც საფრონტო ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებია, ეს აჩენს ღრიჭოს რუსების თავდაცვის სისტემაში.

ამ ღრიჭოს შევსებას სჭირდება დრო და რესურსი. დაბალ სიმაღლეზე მფრინავი საშუალებები, ასევე ადრეული შეტყობინების საშუალებები აქედან ამოვარდნილია. შესაბამისად, ეს საშუალებას აძლევს უკრაინელებს, ღრიჭოები გამოიყენონ.

  • რა მასშტაბის უპირატესობაა ეს უკრაინელებისთვის? აჩენს ეს ფართომასშტაბიანი კონტრშეტევის შესაძლებლობას? 

უკრაინელებმა „Front Strike“-ის, ანუ საფრონტო დრონებით რუსებთან შექმნეს უპირატესობა სამი ერთთან. წარმოიდგინეთ, რამხელა უპირატესობაა. ესე იგი, 30%-ით უფრო მეტ დრონს იყენებენ უკრაინელები, ვიდრე რუსები.

თუ გახსოვთ: 2023 წლის ზამთარში რუსებს ჰქონდათ დიდი უპირატესობა ოპტიკურ-ბოჭკოვანი დრონების გამოყენებაში და ამან საშუალება მისცა რუსებს მაშინ, გარკვეული წინსვლა ჰქონოდათ.

  • ირანის დასუსტება დაეტყო რუსეთს, რუსები თავად აწარმოებენ დრონებს, როგორც ვიცი, რა ხდება ამ შემთხვევაში? 

დიახ, რუსებმა დაიწყეს წარმოება და რუსები ჯობდნენ კიდეც უკრაინელებს, მაგრამ უკრაინელებმა დასავლეთის დახმარებით დაიწყეს ოპტიკურ-ბოჭკოვანი დრონების წარმოება. ამავე დროს, მნიშვნელოვნად გაზარდეს თვითონ ავტომატური დამიზნების მქონე დრონების წარმოება, რომელიც არ არის დაკავშირებული ოპერატორთან.

უკრაინელებმა შეიძლება ეს ციფრები გაზვიადებულად წარმოადგინონ, ამიტომაც, აქვე გეტყვით რუსების მონაცემს, რომლის მიხედვითაც ოპტიკურ-ბოჭკოვანი დრონების წარმოება უკრაინელებმა რუსებთან შედარებით გაზარდეს ორნახევარჯერ, ტაქტიკური დრონების გამოყენება კი, მკვეთრად გაზარდეს. ეფექტიანობის მანძილი სამჯერ უფრო მეტია, ვიდრე რუსების ყველაზე მაქსიმალური დისტანცია ოპტიკურ-ბოჭკოვანი სერიული დრონების მიღწევადობის, ანუ სამჯერ უფრო შორს აწვდება უკრაინული დრონი, ვიდრე რუსული დრონი.

ვერ ვიტყვი, რომ რუსები ამას უყურებენ შორიდან – რუსებმაც გაზარდეს წარმოება, მაგრამ უფრო ნაკლები წარმატება აქვს რუსების წარმოებას.

ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეითდება რუსების დრონების გამოყენების ეფექტიანობა. ისევ რუსების მონაცემებით: ოპტიკურად მართვადი ყოველი 8 დრონიდან მიზანს აღწევს ერთი; ყოველი რადიომართვადი 50 დრონიდან მიზანს აღწევს ერთი. ჯერჯერობით რუსებმა ვერ შეძლეს დრონებზე დაემაგრებინათ მოწყობილობა, რომელიც თვითმფრინავზეა, მაგალითად, „მეგობარი-მტრის“ ამომცნობი მოწყობილობა. ამ ვითარების ტექნიკური მიზეზების გარდა, ასევე მნიშვნელოვანია ის რეალობა, რომლის მიხედვითაც რუსებს უჭირთ ფრონტის ხაზთან ახლოს დრონების და მათი ოპერატორების მიწოდება.

თქვენს კითხვას რომ დავუბრუნდე: ეს საკმარისია თუ არა იმისთვის, რომ უკრაინელებმა დაიწყონ კონტრშეტევა? – არ არის ამ ეტაპზე საკმარისი. აუცილებელია არტილერიისა და სხვა საცეცხლე საშუალებების მხარდაჭერა, ავიაციის მხარდაჭერა. ამ თვალსაზრისით, ჯერჯერობით, უკრაინა არ არის მზად იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი ოპერატიული დონის კონტრშეტევა განახორციელოს.

  • პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის რაკეტების ახალი პარტია მიიღო უკრაინამ ამ დღეებში. ეს რამდენად ცვლის და აუმჯობესებს მის შესაძლებლობებს?

დიახ, მიიღეს „პატრიოტი“ და მიიღეს სხვა სისტემებიც, მათ შორის, ავტომატური ქვემეხის სისტემაზე შემუშავებული „TRIDON MK2, ჰაერსაწინააღმდეგო საშუალება უშუალოდ დრონების საწინააღმდეგოდ. მაგალითად, „ბოფორი“ 40-მილიმეტრიანი ავტომატური ქვემეხია, რომელსაც 300 გასროლა აქვს წუთში თავისი ჭკვიანი ჭურვებით. ეს მიზანთან ახლოს ფეთქდება და ეკონომიკური გასროლის საშუალებას იძლევა.

სხვა საზენიტო საშუალებებიც მიიღეს უკრაინელებმა. უკრაინა აქტიურად იღებს ამ საშუალებებს დასავლეთიდან, მოწინავე საშუალებებს, ერთმანეთზე უკეთესს.

  • ვისთან ერთად და სად აწარმოებს დრონებს უკრაინა? 

გააჩნია დრონს და დრონის ტიპს. სხვადასხვა ქვეყანაში მზადდება, მათ შორის, ამას ამზადებენ უკრაინის ტერიტორიაზეც… მაგალითად, ბრიტანეთში ამზადებენ „ოქტოპუსს“. არის გერმანულ-უკრაინული წარმოება, ასევე არის ფრანგულ-უკრაინული წარმოება. სკანდინავიის ქვეყნებშიც მუშაობენ უკრაინელი სპეციალისტები.

სხვათა შორის, გვიან დაიწყო უკრაინამ კონტრ-დრონებზე ყურადღების მიქცევა. ცოტა ადრე რომ დაეწყოთ ეს პროცესი, უფრო ეფექტიანი იქნებოდა თავდაცვისუნარიანობა და ასეთი ზარალიც შეიძლება არ მიეღოთ. ეს დრონები ძალიან ეფექტიანად მოქმედებენ და საკმაოდ იაფია. ესენია: „სტინგი“ – 3000 მ მანძილამდე და 315-343კმ/სთ; „ბულეტი“ – 5500 მ, 130-300 კმ/სთ; „ოქტოპუსი“ [მონაცემები არ ქვეყნდება]; „ოდინი“ – 5000 მ, 280 კმ/სთ; „ პ-სანი“ –  3000მ, 300 კმ/სთ და სხვა.

  • რუსებზე მინდა გკითხოთ: სტუდენტების გაწვევა რომ დაიწყეს, ეს უკავშირდება დრონების და უპილოტოების აქტიურ გამოყენებას? 

რუსეთში სამხედრო ხელმძღვანელობამ რეფორმა მიმართა უპილოტო ძალების განვითარებაზე: ბრიგადიდან დაწყებული და ზევით შექმნილ თითოეულ დანაყოფში არის დრონების ქვედანაყოფი, რომელსაც შეუძლია აწარმოოს დამოუკიდებლად საბრძოლო მოქმედებები.

ამავე დროს რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შეიქმნა უპილოტო საფრენი აპარატების ძალები. ამ უპილოტო ძალების განვითარების ხელმძღვანელად დანიშნეს იური ვაგალოვი. ზედმეტსახელად „უნიტაზი“. ასეა ცნობილი, რადგან უნიტაზების ბიზნესში იყო მანამდე და შემდეგ გენერლობა მიანიჭეს ნულიდან, სამხედრო წოდება არ ჰქონდა. ის ცდილობს, რომ ააღორძინოს ეს მიმართულება, მათ შორის, სტუდენტების გააქტიურებით.

უნდა ითქვას, რომ განსხვავებულია უკრაინული და რუსული მიდგომები. რუსები ცდილობენ, ყველა კარგი ოპერატორი წამოიყვანონ სხვადასხვა დანაყოფიდან და თავი მოუყარონ უპილოტო საფრენი აპარატების ძალებში, უკრაინელები კი, პირიქით აკეთებენ: უკრაინელები საუკეთესოებს ხელს არ კიდებენ და ნულიდან იწყებენ, ამზადებენ და მერე მიჰყავთ სარდლობაში.

საინტერესოა ისიც, რომ უკრაინაში ფიოდოროვმა, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ორჯერ გაზარდა ბონუსი განადგურებული დრონის ოპერატორებისთვის. თუ უკრაინელი გაანადგურებს რუსული დრონის ოპერატორს, ის იღებს ბონუსს ორჯერ უფრო მეტს, ვიდრე მანამდე იღებდა.

  • რა ჩანს ამ ეტაპზე? ემზადება რუსეთი ახალი კამპანიის წამოსაწყებად, თუ ელოდება მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდს?

ეს ერთმანეთს არ უშლის ხელს. წარმატებული კამპანია სჭირდება წარმატებული მოლაპარაკებისთვის, როგორც ერთ მხარეს, ისე მეორეს.

ჯერჯერობით არ ჩანს მონაცემები, რომ რაღაც მზადება მიმდინარეობდეს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ რუსების აქტიურობის შემცირება დაკავშირებულია საგაზაფხულო-საზაფხულო კამპანიისთვის მზადებასთან. რამდენიმე თვე მიწა იქნება მშრალი, ეს ვითარება გამოსაყენებელია, როგორც ჯავშანტექნიკის და მექანიზებული დანაყოფებისთვის, ასევე სახმელეთო რობოტებისთვისაც.

რუსეთი შეეცდება, ინიციატივა დაიბრუნოს თავისი შეტევებით, ყოველ შემთხვევაში გამოიყენოს მაქსიმალურად სახმელეთო მშრალი პერიოდი. თუმცა ამას უკრაინელებიც ხვდებიან, ამიტომაც ცდილობენ შორ მანძილზე რუსული დანაყოფების დაზიანებას, კონცენტრაციის საშუალება რომ არ მისცენ. აი, ამაზეა ახლა ორივე მხარე გადასული. ამ ამოცანებით არიან ძირითადად მხარეები დაკავებული.

არ მგონია, რომ ახალი მიმართულება გაჩნდეს. ძალაშია დონბასი. რუსების წარუმატებელი მცდელობა ზაპოროჟიეში ჩაახშეს უკრაინელებმა – პირიქით, აქეთ მიიღეს კონტრშეტევები. ის მიმართულება, რომელზეც ჯერ კიდევ ინიციატივა გააჩნიათ რუსებს, ეს არის ისევ და ისევ კრამატორსკი-სლავიანსკი, რათა სრულად დონბასი დაიკავონ. ამ მიმართულების გააქტიურებას შეეცდებიან რუსები ისევ, ალბათ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: