2026 წლის 1 ივლისიდან საქართველოში აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიწოდება.
რაც იმას ნიშნავს, რომ კაფეში ან რესტორანში ვეღარ შეძლებთ, მაგალითად, წყალი პლასტმასის ბოთლით იყიდოთ.
აკრძალვის მორიგი ეტაპი 2027 წლის 1-ლი თებერვლიდან დაიწყება. ამ თარიღიდან აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება [გარდა ექსპორტის მიზნით], იმპორტი და ბაზარზე განთავსება.
„სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ“ დადგენილება დღეს, 12 მარტს, მიიღეს.
დადგენილებით აკრძალვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე, ასევე 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელებზე (არაალკოჰოლური და ალკოჰოლური, გამაგრილებელი და სხვა).
გამონაკლისის წესით აკრძალვა არ გავრცელდება შსს-ს და თავდაცვის ძალების, ასევე სამხედრო მოსამსახურეების საჭიროებებისათვის სასმელი წყლის წარმოებასა და მიწოდებაზე.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, რომ მიღებული დადგენილების მომზადება განაპირობა შემდეგმა გარემოებებმა.
„პლასტმასის ნაკეთობები, მათ შორის სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის პროდუქცია, მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს გარემოსა და ბუნებრივ ეკოსისტემებზე.
მათი დაშლის პროცესი ასეულობით წლის განმავლობაში გრძელდება, რის შედეგადაც პლასტმასი გროვდება ნიადაგში, წყალსატევებსა და ზღვებში, აზიანებს სანიტარულ სისტემებს და ამცირებს ნიადაგის ნაყოფიერებას, რაც საბოლოოდ იწვევს ბიომრავალფეროვნების შემცირებასა და ეკოლოგიური ბალანსის დარღვევას.
ქვეყნის მასშტაბით პლასტმასით დაბინძურების დიაგნოსტირების რამდენიმე კვლევა განხორციელდა, რომლის შედეგების მიხედვით დადგინდა, რომ მდინარეებში აღმოჩენილი ნარჩენების დაახლოებით 88 % პლასტმასს წარმოადგენს, მათი უდიდესი ნაწილი ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის პროდუქტებზე მოდის. მათ შორის, პლასტმასის ბოთლების წილი დაახლოებით 41 %-ს შეადგენს,“ – ნათქვამია სამინისტროს განმარტებაში.






