ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ახალი გზა „ევრო 2000“-ის ეზოში გაივლის – რატომ ვერ შეერთდა ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩები

25.11.2025 •
ახალი გზა „ევრო 2000“-ის ეზოში გაივლის – რატომ ვერ შეერთდა ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩები

ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების შეერთებისთვის ქალაქის 2025 წლის ბიუჯეტში 1 მილიონ 317 ათას 508 ლარია გათვალისწინებული, თუმცა სამუშაოები არ დაწყებულა.

„ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები არ მიმდინარეობს, ვინაიდან აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზნით აუცილებელი გახდა მოლაპარაკებები კერძო მესაკუთრეებთან, რადგან საპროექტო ტერიტორიის ნაწილი გადის კერძო საკუთრების ტერიტორიებზე. ვინაიდან მოლაპარაკება წარმოადგენს რთულ პროცესს, მის დასრულებამდე სამუშაოების დაწყება ვერ მოხერხდება“, – წერს მერია ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიშში.

ქუჩების შეერთებაზე მუშაობა ბათუმის მერიამ 2023 წელს გადაწყვიტა, 2024 წელს კი ტენდერი გამოაცხადა და გამარჯვებულიც გამოავლინა. ამჯერად კი პროექტში მორიგი ცვლილება შეაქვს.

„საჭირო ხდება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 ოქტომბრის განკარგულებაში ცვლილებების შეტანა და ფარნავაზ მეფის ქუჩის ფიროსმანის ქუჩამდე გაგრძელების მშენებლობის პროექტის ახალი რედაქციით დამტკიცება. პროექტი გავლენას მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე“, – წერია განმარტებით ბარათში. ამ ცვლილებებს ბათუმის საკრებულო 2025 წლის 1-ელი დეკემბრის სხდომაზე განიხილავს.

პროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შედის, უბრალოდ, გარკვეული წერტილები დაზუსტდება. რაც შეეხება სამუშაოების დაწყებას – ქონების საკითხი როგორც კი მოგვარდება, მშენებლობაც დაიწყება. თითქმის ყველა კერძო მესაკუთრესთან ამ დროისთვის შეთანხმება ქონების გამოსყიდვა-გაცვლაზე უკვე მიღწეულია. დარჩენილია ნაკვეთების გაცვლის ტექნიკური საკითხი“, – უთხრეს „ბათუმელებს“ მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურში.

ამავე სამსახურის ინფორმაციით, „ევრო 2000“-ს და „პოლიგრაფისტს“ – მიწის სხვა ნაკვეთებს [იმ ნაკვეთების სანაცვლოდ, რომელზეც ახალი გზა გაივლის] იქვე, საპროექტო არეალის მიმდებარედ გადასცემენ [ახალი გზა „სკოლა ევრო 2000“-ის საკუთრებაში არსებულ ეზოს ნაწილზე გაივლის].

„პოლიგრაფისტსა“ და მერიას შორის შეთანხმება მას შემდეგ შედგა, რაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ბათუმის მერიას „პოლიგრაფისტის“ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლება მისცა.

ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების შემაერთებელი ახალი გზა ასევე დაუკავშირდება გორგილაძის ქუჩასაც [დამაკავშირებელი მონაკვეთი გაივლის გორგილაძის 95 და 97 სახლებს შორის]. „აქ გასასვლელი ახლა ისედაც არის, უბრალოდ ამ პროექტის ფარგლებში ეს მონაკვეთი კეთილმოეწყობა“, – გვითხრეს მერიაში.

აღსანიშნავია, რომ ფიროსმანის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობაა, ფარნავაზ მეფის [ასევე გორგილაძის] ქუჩაზე კი – ცალმხრივი. ამ პროექტის განხორციელებით შესაძლოა აღნიშნულ მონაკვეთში მოძრაობის წესებიც შეიცვალოს.

ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების შეერთება, ასევე ამ შემაერთებელი გზის დამაკავშირებელი მონაკვეთი გორგილაძის ქუჩასთან / ფოტო პროექტიდან

სხვადასხვა ქუჩების ერთმანეთთან დამაკავშირებელი ახალი სამი გზის [მათ შორის ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის დამაკავშირებელი გზის] მოსაწყობად ხელშეკრულება ბათუმის მერიას 2025 წლის თებერვალში აქვს გაფორმებული ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ბონდი-2009“-თან. ამ დეტალების შესახებ ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

რატომ ვერ ააშენეს ახალი გზა ბათუმში, რომელმაც ინასარიძისა და კაჩინსკების ქუჩები უნდა შეაერთოს

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: