ბათუმში ხელოვნური კუნძულის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციაზე [გდგ] გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2024 წლის 15 ნოემბერს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] სკოპინგის დასკვნა გასცა.
სკოპინგის დასკვნის მიღების მიზნით ხელოვნური კუნძულის გდგ და სგშ-ს განცხადება გარემოს ეროვნულ სააგენტოში სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ წარადგინა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ სგშ-ის ანგარიშის მომზადება ამ დასკვნის შესაბამისად ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ უნდა უზრუნველყოს.
სგშ-ის ანგარიშის მომზადებისას გასათვალისწინებელია შემდეგი საკითხები:
სააგენტო სკოპინგის დასკვნის დოკუმენტში წერს, რომ, როგორც კუნძულის ფუნქციური ზონირების რუკიდან ჩანს, შემომზღუდავ ნაგებობებზე დაგეგმილია საქმიანი ზონების მოწყობა – სარეკრეაციო სივრცეებისა და მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო შენობა-ნაგებობების, კვების, სავაჭრო და საოფისე ობიექტების განთავსება.
- „უნდა აღინიშნოს, რომ ტალღური რეჟიმიდან გამომდინარე, აღნიშნულ უბნებზე, შტორმის დროს ხდება ტალღის გადადინება შემომზღუდავი ნაგებობის თხემზე, რაც საეჭვოდ ხდის ამ ტერიტორიის საქმიან ზონად შეფასებას. ანალოგიურად ტალღა გადადის ტალღმსხვრევის თხემზეც, სადაც გათვალისწინებულია გამწვანებული ზონის შექმნა.“ – წერია დასკვნაში.
სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ სტრატეგიული დოკუმენტი განხილული უნდა იქნას ბათუმის გენგეგმის კონცეფციასთან მიმართებაში, რომლის მიზანია ქალაქის ცენტრის განტვირთვა.
გენგეგმის კონცეფციის თანახმად, ზღვის სანაპიროზე აშენებული 30-50-სართულიანი სასტუმროები ხელს უშლის ზღვის ნიავისა და იონიზებული ჰაერის შეღწევას ქალაქის ტერიტორიაზე და იწვევს არასასიამოვნო თერმულ პირობებს ზაფხულის პერიოდში. ბათუმის საზღვაო სანაპიროს რეკრეაციული ზონების ეკოლოგიური მდგომარეობა კი, ტურისტების მატებასთან ერთად, თანდათანობით უარესდება. გენგეგმის კონცეფციაში განხილულია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ასევე ბათუმის ელ.მომარაგების ქსელის, წყალარინებისა და წყალმომარაგების ქსელის განვითარების რეკომენდაციები.
- „ვინაიდან [ბათუმის გენგეგმის კონცეფცია] არ ითვალისწინებს ხელოვნური კუნძულის მოწყობის საკითხს და ხელოვნური კუნძულის განაშენიანების დეტალური გეგმა წარმოადგენს დამოუკიდებელ დოკუმენტს, საჭიროა სგშ-ის ანგარიშში განხილულ იქნას ხელოვნური კუნძულის მიმდებარე საქალაქო არეალებზე, ლანდშაფტზე, შესაბამის ზონირებასა და სიმჭიდროვეზე, ასევე სატრანსპორტო ნაკადებზე ზემოქმედების საკითხები.“
- „სგშ-ის ანგარიშში ასახული იქნას ინფორმაცია, განაშენიანებული ტერიტორიის ინფრასტრუქტურის [საზოგადოებრივი სივრცეები, საინჟინრო ინფრასტრუქტურა და ა.შ.] მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
- ასევე ინფორმაცია, განაშენიანების ეტაპზე სტრატეგიული დოკუმენტით გათვალისწინებული ღონისძიებების შეწყვეტის/შეჩერების შემთხვევაში, გარემოს პირვანდელ მდგომარეობამდე აღდგენისა და კონსერვაციის საკითხები“.
სააგენტოს დასკვნაში აღნიშნულია, რომ ჩამდინარე წყლების მართვის საკითხთან დაკავშირებით „ამბასადორის“ მიერ წარდგენილ დოკუმენტებში ასახულია სხვადასხვა ინფორმაცია, ასევე გამოყენებულია ერთი და იგივე მნიშვნელობის სხვადასხვა ტერმინი, რაც ბუნდოვანს ხდის ჩამდინარე წყლების მართვის საკითხებს. აღნიშნული საკითხი კი კომპანიამ უნდა დააზუსტოს.
სკოპინგის ანგარიშის თანახმად, „კუნძულის მშენებლობა ითვალისწინებს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მდინარე ბარცხანას და კუბასწყლის დაბინძურების წყაროების აღმოფხვრის კუთხით, რაც დადებითი ეფექტის მომტანი იქნება“; ასევე, „კუნძულის ექსპლუატაციაში გადაცემამდე დაგეგმილია მდ. კუბასწყალის დაბინძურების რისკების მინიმუმამდე შემცირება, რაც გააუმჯობესებს იქთიოფაუნის დღეს არსებულ არადამაკმაყოფილებელ საარსებო გარემოს.“
- სააგენტო წერს, რომ „საჭიროა სგშ-ის ანგარიშში წარმოდგენილ იქნას რა კონკრეტული ღონისძიებებია დაგეგმილი დაბინძურების წყაროების აღმოფხვრის კუთხით.“
სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ ზემოქმედება ძირითადად განხილულია ხელოვნური კუნძულისა და ნახევარკუნძულების მოწყობის პროცესში და განაშენიანების შემდგომ მოსალოდნელი ზემოქმედების კუთხით და ნაკლები ინფორმაციაა წარმოდგენილი, ხელოვნური კუნძულისა და ნახევარკუნძულების განაშენიანებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებით მოსალოდნელი ზემოქმედების შესახებ, რაც ასევე უნდა გაითვალისწინოს კომპანიამ.
- „საჭიროა სგშ-ის ანგარიშში განხილულ იქნას ავტოსადგომების განთავსების ადგილმდებარეობა, რომელიც გათვლილი იქნება საჭირო მინიმალურ რაოდენობაზე [6085 ავტოსადგომი].“
- „განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტზე დაფუძნებული ვიზუალიზაცია უნდა შეესაბამებოდეს სგშ-ის ანგარიშში წარმოდგენილ ინფორმაციას, მათ შორის იახტების, ნავმისადგომისა და ვერტმფრენის დასაჯდომი სივრცეების შესახებ“.
გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საპროექტო ტერიტორია ექცევა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების – ხელოვნების ცენტრის და ტექნოლოგიური მუზეუმის შენობების ვიზუალური დაცვის არეალში. სადაც აკრძალულია იმგვარი მოქმედებები, რომლებიც დააზიანებს ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოს, ხელს შეუშლის ძეგლის ოპტიმალურ ხედვას, მის სრულფასოვან აღქმას ან შეამცირებს მის მნიშვნელობას.
- აქედან გამომდინარე „საჭიროა განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტში გათვალისწინებული იქნას „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.
სააგენტო მიუთითებს ასევე, რომ „წარმოდგენილი სგშ-ის სკოპინგის განცხადების 245-ე გვერდიდან ნუმერაცია გრძელდება 302-ე გვერდით.“
რამდენიმე დეტალი ხელოვნური კუნძულის სგშ-ის სკოპინგის განცხადებიდან:
- „ხელოვნური კუნძულის მოწყობის და განაშენიანების პროგრამა გათვლილია 15 წლიანი პერიოდის გათვალისწინებით, მათ შორის: პირველი ხუთი წლის განმავლობაში გათვალისწინებულია დამცავი მოლების მოწყობა და ტერიტორიის ფორმირება, ხოლო შემდგომ პერიოდში მოხდება კუნძულის განაშენიანების პროექტის განხორციელება.
- ხელოვნურ კუნძულსა და ნახევარკუნძულებზე ჯამურად გათვალისწინებულია 5 500 ბინა, 105 ვილა, 19 000 სერვის აპარტამენტი, 2 000 სასტუმროს ნომერი და სხვა.
- კუნძულთან უსაფრთხო და ადვილი მისასვლელის უზრუნველყოფის მიზნით, დაგეგმილია 5 სატრანსპორტო კვანძის განთავსება, რომლებიც კუნძულს დააკავშირებს მთავარ გზასთან – ოდისეი დიმიტრიადის ქუჩასთან. განაშენიანების არეალში ავტოტრანსპორტით გადაადგილების მხრივ დაგეგმილია ორი დონის გზის მოწყობა. პირველი დონის გზა გაივლის ნახევარკუნძულების ცენტრში და ამ გზაზე დასაშვები იქნება 50კმ/სთ სიჩქარით გადაადგილება.
- ღონისძიებების დღეებში, ღონისძიების ჩატარების ადგილამდე უფრო ადვილი წვდომის უზრუნველსაყოფად, პირველი დონის გზაზე იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ხოლო ჩვეულებრივ დღეებში ავტობუსები საპროექტო ობიექტს მოემსახურება მთავარი გზიდან.
- გზის მეორე დონე უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტით შენობებამდე წვდომას, როგორც ნახევარკუნძულებზე, ასევე სხვა კლასტერებზე, საცხოვრებელი ვილების ტერიტორიაზე. მეორე დონის გზაზე მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე იქნება 30 კმ/სთ.
- განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის მიხედვით, ავტოპარკზე მოთხოვნის საერთაშორისო კვლევის შედეგად დადგინდა, ავტოსადგომების აუცილებელი მინიმალური რაოდენობა, რომლის მიხედვითაც განაშენიანების არეალში ავტოსადგომების მინიმალურ რაოდენობას შეადგენს 5 985 ადგილს. საპარკინგე ადგილების რაოდენობა ნაწილდება მიწის ნაკვეთებზე პროპორციულად, მათი ფუნქციების შესაბამისად, ასევე სქემატურად წარმოდგენილია გზის გვერდითა შესაძლო პარკინგების განთავსების ადგილები.
- განაშენიანებული ტერიტორიის სასმელი წყლით მომარაგება განხორციელდება ქალაქის ქსელთან მიერთებით. დოკუმენტის თანახმად, სასმელი წყლის მომარაგებაში შეფერხების რისკის გამორიცხვის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, წყალმომარაგების სისტემის ოპერატორ კომპანიასთან ერთად გათვალისწინებულია წყალმომარაგების დამატებითი წყაროების ათვისება და წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია-გაფართოების სამუშაოების შესრულება.
- განაშენიანების შემდგომ ბათუმის მოსახლეობის რაოდენობა თითქმის ნახევრით [70 000] გაიზრდება და დიდი დატვირთვა იქნება მოსალოდნელი ქალაქის არსებულ ინფრასტრუქტურულ ქსელზე. არსებულ ქსელზე დატვირთვის შესამცირებლად დაგეგმილია ჩამდინარე წყლების შეგროვება, გაწმენდა და შიდა მიზნებისთვის ხელმეორედ გამოყენება.
- განაშენიანების უბნებისა და შენობებისთვის საშუალო ძაბვის მიწოდება (35 კვ) უზრუნველყოფილი იქნება მთავარი ქვესადგურის მეშვეობით. წარმოდგენილია 110კვ/35კვ ქვესადგურის განთავსების სავარაუდო ადგილები, თუმცა აღნიშნულია, რომ ქვესადგურის ადგილმდებარეობა, რაოდენობა, ზომები და სხვა დაზუსტდება შემდგომ ეტაპებზე.
- სგშ-ის სკოპინგის განცხადების თანახმად, შესაძლებელია დაპროექტდეს ცენტრალური გათბობის სადგურები, ხოლო მზის (PV) სისტემები განთავსებული იქნება მაღალსართულიან შენობებსა და მე-4 კლასტერში დაგეგმილ შენობაზე.
- სგშ-ის სკოპინგის განცხადების თანახმად, სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელება გარკვეული პერიოდით, სხვადასხვა ხარისხით, უარყოფით ზეგავლენას იქონიებს გარემოს კომპონენტებზე, ზემოქმედების ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების პერიოდთან.
- ფრინველთა სამიგრაციო მარშრუტი გადის ტერიტორიის სიახლოვეს. ამ მხრივ აღსანიშნავია ღამის განათების სისტემებით გამოწვეული ზემოქმედება, რომლის შემცირება შესაძლებელი იქნება ოპტიმიზებული განათების სისტემის გამოყენებით. აქედან გამომდინარე ფრინველებზე ზემოქმედების რისკი არ იქნება მაღალი.“
კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“, რომელმაც ბათუმში ხელოვნური კუნძული უნდა ააშენოს, გეგმავს, რომ 4-5 ცათამბჯენი უკვე მოწყობილ ნახევარკუნძულზე ააშენოს, დანარჩენ ტერიტორიას კი, რომელიც ხელოვნურად ამის შემდეგ უნდა მოაწყოს ზღვაში, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] პროცედურის დასრულების შემდეგ აითვისებს.სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება (სგშ) – ეს არის გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლისა და ზოგადი პროგნოზირების პროცედურა. სგშ მოიცავს სკოპინგს, სგშ-ის ანგარიშის მომზადებას, საზოგადოების მონაწილეობას, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან კონსულტაციების გამართვას და მათგან მიღებული რეკომენდაციებისა და შეფასების შედეგების მხედველობაში მიღებას სტრატეგიული დოკუმენტის მიღებისას/დამტკიცებისას.
ამ თემაზე ვრცლად:
კუნძულის მოწყობამდე „ამბასადორი“ ხელოვნურ ნახევარკუნძულზე 5 ცათამბჯენის აშენებას გეგმავს