„არ არის სწორი, ტყუილია. ამოიღეთ სიები რეორგანიზაციის შედეგად, ვინ არის გაშვებული. ეგ არის ტყუილი,“ – ასე პასუხობს მერი „ბათუმელების“ კითხვას, რატომ გაუშვეს ბათუმის მერიიდან პროევროპული პეტიციის ხელმომწერები.
გიორგი ცინცაძის პასუხის შემდეგ ჟურნალისტმა კითხვა დააზუსტა: „როგორ მოხდა, რომ რეორგანიზაცია 90 პროცენტით EU პეტიციის ხელმომწერებს შეეხო?“
მერმა უპასუხა, რომ „ეს არის აგორებული“:
„შეადარეთ სხვა სიები.
მერიის გარდა ა(ა)იპებშიც იყო. შეადარეთ სიები. სიმართლეს არ შეესაბამება. დანარჩენი ვინ იყო, სხვა ა(ა)იპებში რომ რეორგანიზაცია მოხდა იქაც იყვნენ? – არ არის, მე არ მაქვს ეგ სია, ეგ თქვენი აგორებულია.“
„ბათუმელებს“ მერისთვის ა(ა)იპებზე არაფერი უკითხავს, მაგრამ მერმა მაინც შემოიტანა ეს საკითხი, რომ თავი გაემართლებინა. სხვანაირად „არ დალაგდებოდა“.
უკვე წლებია, რაც მაღალი რანგის საჯარო მოხელეებმა დაამკვიდრეს პრაქტიკა, როცა საკუთარ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხების გაცემას თავს არიდებენ ან ამბობენ, რომ „ტყუილია“.
ხანდახან იმასაც ამტკიცებენ, რომ მათი პასუხისმგებლობა არ არის ის, რასაც თავად მოაწერეს ხელი: „მე რა შუაში ვარ.“
ხშირად რჩება შთაბეჭდილება, რომ გადაწყვეტილების მიღებისას გააზრებული არ აქვთ, რომ თავად არიან პასუხისმგებლები იმაზე, რაზეც ხელს აწერენ, საიდანაც არ უნდა იყოს ნაკარნახევი ამ გადაწყვეტილებების შესახებ.
ბათუმის მერიიდან რეორგანიზაციის შედეგად 35 პირი გაათავისუფლეს.
პროევროპულ პეტიციას ხელს 26 პირი აწერდა, მათგან 22-მა რეორგანიზაციის შედეგად დატოვა სამსახური, ორ მათგანს 3 წლამდე ასაკის ბავშვი ჰყავს, ერთს შშმ შვილი და კანონი იცავს, ერთი კი რეორგანიზაციამდე თავად გადავიდა სხვა სამსახურში.
2024 წელს ნოემბერში ირაკლი კობახიძის ცნობილი განცხადების შემდე, ბათუმის მერიის თანამშრომლებმა განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც წერდნენ, რომ EU-თან მოლაპარაკების პროცესის შეჩერებას ემიჯნებიან.„ეს გადაწყვეტილება არაა თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან, რომელიც კონსტიტუციის 78-ე მუხლში აისახა. ჩვენ ვიყავით, ვართ და ვრჩებით ჩვენი მოქალაქეების, კონსტიტუციის და ევროპული ღირებულებების ერთგულნი,“ – წერდნენ დეკემბერში მერიის თანამშრომლები განცხადებაში, რომელსაც საბოლოოდ 26-მა პირმა მოაწერა ხელი.
2026 წლის 9 იანვარს კი, მერიამ რეორგანიზაცია გამოაცხადა და წესები თავიდანვე ისე განსაზღვრა, რომ ცხადი იყო, რომელი ჯგუფის წინააღმდეგ იყო მიმართული ის.
რეორგანიზაციის ფარგლებში ბათუმის მერიამ რამდენიმე განყოფილება გააერთიანა. გარდა ამისა, შეცვალეს სპეციალისტების კატეგორიები. მაგალითად, თუ სამსახურში მუშაობდა მეორე კატეგორიის ორი სპეციალისტი, რიგ შემთხვევებში კატეგორია პირველამდე გაზარდეს. შედეგად მეორე კატეგორიის მოქმედი თანამშრომლების შტატი გაუქმდა.
მეტწილად კი ცვლილები შეეხო იმ სამსახურებსა და განყოფილებებს, სადაც პროევროპული პეტიციის ხელმომწერები მუშაობდნენ. უმეტეს შემთხვევაში დახურული, რიგ შემთხვევებში კი ღია კონკურსები გამოაცხადეს.
პეტიციის ხელმომწერების ნაწილს კონკურსში მონაწილეობა აღარ მიუღია, რადგან თვლიდნენ, რომ „ არ ღირდა“, ვინც მიიღო აღმოჩნდა, რომ „არც მათთვის ღირდა“ – ვერცერთმა მათგანმა შესარჩევი კონკურსი ვერ გაიარა.
„ბათუმელებისთვის“ ცნობილია, რომ ათამდე ადამიანი [არახელმომწერი], ვისაც რეორგანიზაცია შეეხო ხელშეკრულებით აიყვანეს.
ამიტომ მერმა ა(ა)იპები ახსენა, ციფრებით მანიპულაცია რომ გამოსვლოდა. არადა რა შუაშია ა(ა)იპები? – საერთოდ არაფერში.
რეორგანიზაციის შედეგად სამსახური დატოვეს პროფესიულმა საჯარო მოხელეებმა, რომლებიც თავის დროზე მერიაში კონკურსის წესით უვადოდ აიყვანეს.
კანონით საჯარო მოხელე ახორციელებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებებს. თანამდებობაზე ინიშნება განუსაზღვრელი ვადით, რამაც მისი სტაბილურობა და პოლიტიკური ცვლილებებისგან დაცვა უნდა უზრუნველყოს.
განსხვავებით სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისგან, მოხელე არ იცვლება ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად.
მისი საქმიანობა ეფუძნება კარიერულ პრინციპს. ეს ნიშნავს, რომ მოხელეს აქვს შესაძლებლობა დაწინაურდეს იერარქიულ საფეხურებზე საკუთარი კვალიფიკაციისა და მუშაობის შეფასების საფუძველზე.
ა(ა)იპის ხელმძღვანელს კი მერი ნიშნავს. ა(ა)იპის თანამშრომელი საჯარო მოხელე არ არის და მათ კონკურსის წესით არ ნიშნავენ.
როგორც წესი, მერიისა და სხვა საჯარო სტრუქტურების ა(ა)იპებში ძირითადად მმართველი პარტიის მხარდამჭერებს ასაქმებენ.
საარჩევნო წელს აიპებში დასაქმებულთა ხელფასების ნაწილში თანხები მილიონობით ლარით იზრდება, ეს კარგად გამოჩნდა სახელმწიფო აუდიტის კვლევაში, რომელიც 2025 წელს გამოქვეყნდა.
რაც შეეხება რეორგანიზაციას ა(ა)იპებში, რაზეც დღეს მერმა სცადა ყურადღების გამახვილება, ეს ცალკე კვლევის საკითხია და ამაზე „ბათუმელები“ უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს სტატიას.
ასევე, მერიას ვკითხეთ, რამდენი პირი აიყვანა 2026 წელს ხელშეკრულებით, გვიპასუხეს, რომ ეს ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.
პასუხის მიღებისთანავე „ბათუმელები“ ამ ინფორმაციასაც გამოაქვეყნებს.






