გუშინ, 9 აპრილს, დაახლოებით ღამის 12-ზე, ბათუმში, მრავალსართულიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა. „ბათუმელებს“ სამაშველო სამსახურის პრესცენტრში უთხრეს, რომ ხანძარი სპაცენტრში გაჩნდა და არავინ დაშავებულა.
კორპუსი, სადაც ხანძარი იყო, ფიროსმანის ქუჩაზეა, გმირთა ხეივანში. ადამიანები, რომლებიც მეზობელ კორპუსებში ცხოვრობენ, სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ მომხდარმა სასტუმრო „ლეოგრანდის“ ტრაგედია გაახსენათ – მოქალაქეების მტკიცებით, ამ შემთხვევაშიც სპაცენტრს სავარაუდოდ არ ჰქონდა უსაფრთხოების შესაბამისი სისტემა.
2017 წლის 24 ნოემბერს ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი ღამით გაჩნდა. ხანძრის შედეგად დაიღუპა 11 ადამიანი. ამ ეტაპზე ვერ ირკვევა, ჰქონდა თუ არა უსაფრთხოების სისტემა სპაცენტრს, ფაქტი ისაა, რომ ხანძრის ჩაქრობა მხოლოდ მეხანძრე-მაშველების ჩარევის შემდეგ და ფასადიდან მუშაობით მოხერხდა.
მრავალსართულიანი კორპუსი, სადაც წუხელ ხანძარი გაჩნდა, შპს „დარ ბილდინგის“ აშენებულია. ამ კორპუსის რამდენიმე სართული სასტუმრო „ბილიონერს“ ეკუთვნის, შენობის მეოთხე სართულზე კი, მოწყობილია სპაცენტრი „ვიქტორია“. სპაცენტრის ზედა სართულებზე მოქალაქეები ცხოვრობენ ჩვეულებრივ ბინებში.
დღეს, 10 აპრილს, სპაცენტრი „ვიქტორია“ დაკეტილია. სპაში „ბათუმელების“ სატელეფონო ზარს არ უპასუხეს, მისმა მფლობელმა მობილურ ტელეფონზე გვიპასუხა, რომ „კომენტარს არ აკეთებს“.
სპაცენტრის ზემოთ – მეხუთე სართულზე ცხოვრობს გურამ დუმბაძის ოჯახი. გურამ დუმბაძე „ბათუმელებს“ უყვება, რომ ხანძრის გაჩენას ამ კორპუსში წელიწად-ნახევარია ვარაუდობს. მას ამის შესახებ 112-ის ოპერატორთანაც უთქვამს და მუნიციპალური ინსპექციისთვისაც მიუმართავს:
„წუხელ, ჩემი ბინის იატაკი იწვოდა. კიდევ კარგი, სახლში არ ვიყავით, სააღდგომოდ წაყვანილი მყავდა ბავშვები…
დაკვამლიანება დამხვდა ჩემს ბინაში, დაზიანებულია იატაკი.
ჩემს ბინაში იატაკი მუდმივად ისე ცხელდებოდა, თუ გააჩერებდი ცოტა ხანს ხელს, იგრძნობდი წვას. გვიან ღამით უწევდნენ ტემპერატურას და ეს იყო…“ – გვითხრა გურამ დუმბაძემ. მას ბინა ამ კორპსუსში 2022 წელს შეუძენია, 2023 წელს კი იგრძნო, რომ ბინაში იატაკი საეჭვოდ ცხელდებოდა. აღმოჩნდა, რომ ბინის ქვევით საუნა გაუხსნიათ, მისმა უცხოელმა მფლობელმა კი უპასუხა, რომ „დარ ბილიდინგისგან“ იქირავა ფართობი და პრობლემებს კომპანია, ანუ მესაკუთრე მოაგვარებდა.
„ასე მარბენიეს წელიწად-ნახევარი, კომპანიაში მითხრეს, ვერაფერს ვერ გვიზამ, სასამართლოს მიმართეო. ბოლოს ლამინატი და შპალერი მომიყარეს… ეს იყო 2024 წლის ბოლოს.
112-შიც მაქვს ნათქვამი, ხანძარი გაჩნდება აქ უეჭველი და ყველა ამოვიწვებით, მერე გაგვატელევიზორებენ-მეთქი. მერე მუნიციპალურ ინსპექციას მივმართე. არც კი შეუმოწმებიათ, ეგ ჩვენი კომპეტენცია არ არისო. კიდევ ვისთვის უნდა მიმემართა?
შემდეგ, რაღაც პერიოდი, აღარ იყო პრობლემა, მაგრამ ამ ზამთარში როცა იყო სიცივეები, როგორც ჩანს, მოუმატეს საუნაშიც ტემპერატურა და ისევ გახურდა ჩემი ბინის იატაკი. ისევ დავურეკე „დარ ბილდინგის“ იურისტებს, მაგრამ ვერაფერს გავხდი, არ მომაქციეს ყურადღება. ჩემს ბინაში აღარ იცხოვრება, ამიტომ მოვითხოვე მისი შეცვლა. შემომთავაზეს მხოლოდ შავი კარკასი სხვა კორპუსში, ფულს ვერ მაძლევდნენ…“, – ამბობს გურამ დუმბაძე.
„არც სასტუმრო და არც სპაცენტრი „დარ ბილდინგს“ არ ეკუთვნის, გაყიდული აქვს კომპანიას 2 წლის წინ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ კომპანია „დარ ბილდინგის“ იურისტმა, ირაკლი სურმანიძემ. ის ადასტურებს, რომ ნამდვილად ჰქონდა კომუნიკაცია მოქალაქე გურამ დუმბაძესთან და პრობლემის მოგვარებაში ჩაერთნენ, რადგან ბინა მოქალაქემ „დარ ბილდინგისგან“ იყიდა და პრეტენზიაც კომპანიასთან ჰქონდა.
„როგორც ვიცი, პრობლემა იყო, მაგრამ ეს პრობლემა მოგვარდა. ჩემთვის პირადად ბოლო პერიოდში მას [გურამ დუმბაძე] აღარ მოუმართავს,“ – დასძინა ირაკლი სურმანიძემ „ბათუმელებთან“.
იყო თუ არა დაცული საუნაში უსაფრთხოების ზომები? – ირაკლი სურმანიძე განმარტავს, რომ სამშენებლო კომპანია „დარ ბილდინგმა“ [მესაკუთრე რუსლან ბოლქვაძე] უსაფრთხოების შესაბამისი ნორმების დაცვით ააშენა ეს კორპუსი და „ბინა ექსპლუატაციაში მიღებულია“, უშუალოდ საუნის უსაფრთხოების სისტემის შესახებ კი, „დარ ბილდინგს“ ინფორმაცია არ აქვს.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, იმ ფართობის მესაკუთრე, სადაც სპაცენტრია მოწყობილი, კომპანია „დარ ინვესტია“. შპს „დარ ინვესტის“ 100%-იანი წილის მესაკუთრე ამირან დარჩიძეა. კომპანია „დარ ინვესტში“ გვითხრეს, რომ მესაკუთრის სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდებიან და ინფორმაციას მოგვაწვდიან.
მას შემდეგ, რაც უშუალოდ საუნას მფლობელ კომპანიაში არ ისურვეს მედიასთან საუბარი, შრომის ინსპექციაში დავრეკეთ. აქ ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდნენ, თუმცა ჯერ არც ის მიგვიღია.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს – პრესცენტრის თქმით, წუხანდელ ხანძარზე გამოძიება დაიწყო არა 240-ე მუხლით, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას მოიცავს, არამედ სსკ-ის 187-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს „სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“.
უცნობია, არის თუ არა დაკავებული ვინმე ან რა ეტაპზეა გამოძიება.






