განათლება,მთავარი,სიახლეები

„გვაყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, იყო ფიზიკური ძალადობაც“ – რა ხდება ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

26.03.2026
„გვაყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, იყო ფიზიკური ძალადობაც“ – რა ხდება ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

„ბოტანიკურ ბაღში“ 10 წელი ვიმუშავე. თუმცა მას შემდეგ, რაც ახალი დირექტორი დაინიშნა, მდგომარეობა შეიცვალა და თანამშრომლები ძალიან ცუდ დღეში ჩაგვაგდეს.

ძალიან უხეშად გველაპარაკებოდა ახალი ხელმძღვანელი და სხვა უფროსებიც უხეშები გახდნენ. არ ითქმის, ისეთი რაღაცები იკადრეს. იყო ფიზიკური ძალადობაც“, – გვეუბნება ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ჯერ მებაღედ მუშაობდა, ბოლო წლებში კი – მეფუტკრედ.

სამსახურიდან დათხოვნილ მეფუტკრეს სახელისა იმ და გვარის გასაჯაროების შიში აქვს. ამბობს, რომ ისევ ემუქრებიან. მისივე თქმით, ფაქტის შესახებ იციან ბათუმის მერიაშიც, ვის.  დაქვემდებარებაშიც არის ბოტანიკური ბაღი, თუმცა არ რეაგირებენ.

მისი თქმით, ინციდენტი 2025 წლის ბოლოს, დეკემბერში მოხდა.

როგორც ბოტანიკური ბაღის რამდენიმე თანამშრომელი გვეუბნება, ბოლო სამი თვის განმავლობაში დაახლოებით 30 თანამშრომელი დაითხოვეს, ნაწილი კი გააფრთხილეს.

„ლელა ბაბულეიშვილი მებაღეობის განყოფილების უფროსია. თავიდან ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა მასთან – მეგობრული. თუმცა, დირექტორის შეცვლის შემდეგ ეს ქალიც ძალიან შეიცვალა. ეს ვთქვი მხოლოდ – ლელა, რა ხდება, რამ შეგცვალათ ასე-მეთქი. როგორც ჩანს, შეურაცხყოფად მიიღო და გარეთ რომ გამოვედი, მისი მეუღლე დამხვდა გზაში, ვიღაც ბიჭები ახლდა და ფიზიკურად გამისწორდნენ. შენ ეს როგორ იკადრეო, მეუბნებოდა“, – ასე იწყებს საუბარს მეფუტკრე და  დასძენს – „ასეთ ცუდ მდგომარეობაში არასდროს ყოფილა ბოტანიკური ბაღი. ახალი დირექტორი (თენგიზ ტარიელაძე) და სხვა ხელმძღვანელები უხეშად და უპატივცემულოდ გველაპარაკებოდნენ“.

მას ვკითხეთ, განაცხადა თუ არა ვინმესთან ამ ძალადობის შესახებ – მეფუტკრე ამბობს, რომ რადგან ბოტანიკური ბაღი ბათუმის მერიას ექვემდებარება, განცხადებით მერიას მიმართა, თუმცა რეაგირება არავის ჰქონია.

„ჩავედი, დავწერე საჩივარი, მაგრამ რა აზრი აქვს, არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ორი-სამი თვე კი გავიდა ამასობაში“, – გვითხრა მან.

მეფუტკრე სამსახურიდან რამდენიმე დღის წინ დაითხოვეს. „შტატი გამიუქმეს“ – გვეუბნება ის.

მისი თქმით, ახალი დირექტორი, თენგიზ ტარიელაძე, სანამ ამ თანამდებობაზე დანიშნავდნენ, ბოტანიკურ ბაღში განყოფილების უფროსად მუშაობდა, თუმცა დირექტორად დაბრუნების შემდეგ, სხვა მებაღეებს უხეშად ექცეოდა.

„მანამდე არ იყვნენ ასეთები, ახლა რატომ გადაგვიარეს ამ „დაბალ ფენას“, არ ვიცი და რატომ გაგვწირეს ასე. ჩვენ, ვინც გამოგვიშვეს, ცოდნაც გვაქვს და გამოცდილებაც. ახლა ისეთებმა ჩაიგდეს ხელში ბაღი, რომ საერთოდ არ აქვთ გამოცდილება“, – გვეუბნება ის.

ამბობს, რომ გულიწყდება მიტოვებული საქმის გამო. ჰქონდა ახალი გეგმებიც, მაგრამ არ დაასრულებინეს:

„ტურისტებს ძალიან მოსწონდათ ჩვენი სკები, აღფრთოვანებულნი იყვნენ. ძველი, ჯარას ტრადიციაც გავაცოცხლე და ვშრომობდი, თავი არ დამიზოგავს. კიდევ მქონდა გეგმები. არ დამაცადეს“.

„მსგავსი ინფორმაცია არ გამაჩნია“, – გვითხრა ლელა ბაბულეიშვილმა სატელეფონო საუბარში, თანამშრომელზე მისი მეუღლის შესაძლო ძალადობაზე როცა ვკითხეთ. მან მხოლოდ ის დაგვიდასტურა, რომ მისი განყოფილებიდან 3 მებაღეა გათავისუფლებული.

ვესაუბრეთ ბოტანიკური ბაღის სხვა, ყოფილ თანამშრომლებსაც. მაგალითად, იგორ მიხორიანუს და ლევან ჯაფარიძეს, რომლებიც მებაღეობის განყოფილებაში მუშაობდნენ და სამსახურიდან 23 მარტს გაუშვეს.

იგორ მიხორიანუ გვიყვება, რომ 42 წელი ცხოვრობდა ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, 25 წელი კი მებაღედ მუშაობდა და აქაური გარემო მისთვის ძალიან მშობლიურია. „ფაქტობრივად, ამ ბაღში ვცხოვრობდი“, – გვითხრა მან.

„მე და ჩემი მეუღლე ერთად ვმუშაობდით ბოტანიკურ ბაღში. მეუღლე 37 წელია მებაღეა და ისედაც ხომ დაბადებული და გაზრდილი ვარ მანდ. ბავშვობიდან ვიცით ამ ბაღის სისტემა და შემიძლია ვიამაყო კიდეც, რომ პროფესიონალი მებაღე ვარ“, – ამბობს იგორ მიხორიანუ.

ის ამბობს, რომ ახალ წლამდე მთავარ აგრონომთან, ავთანდილ ჩიტიშვილთან კონფლიქტი მოუვიდა, რადგან მებაღეებს უხეშად ელაპარაკებოდა.

„მოგვმართავდა უზრდელი, შეურაცხმყოფელი სიტყვებით. ეს გადაიზარდა იმაში, რომ ჩემს მეუღლესაც მიმართა უხეშად. ორჯერ გავაფრთხილე და მესამედ ხელჩართული ჩხუბი არ ყოფილა, მაგრამ იძულებული გამხადეს ჩავსულიყავი მერიაში. დავწერეთ საჩივარი მე და კიდევ ერთმა თანამშრომელმა. ვწერდით, რომ გვაყენებდნენ შეურაცხყოფას თანამშრომლებს, ვარ ბულინგის მსხვერპლი და ძალიან გთხოვთ, მოგვხედეთ-მეთქი, მაგრამ მერიის მხრიდან რეაგირება არ იყო“, – ამბობს იგორი.

მისი თქმით, სადისციპლინო კომისიამ ის ბაღიდან სამუშაო საათებში გასვლის გამო გაამტყუნა.

„განცხადება რომ დავწერე მერიაში, ეს ჩამითვალეს დარღვევად – თვითნებურად მიატოვე სამსახური და სამუშაო საათებში აქ არ იყავიო, ასეთი მიზეზები გამონახეს.

არ გაითვალისწინეს ჩემი აზრი, საყვედური მომცეს და მე-13 ხელფასის გარეშეც დამტოვეს. შემდეგ, 2026 წლის თებერვალში, მთავარ აგრონომს კონფლიქტი მოუვიდა კიდევ ორ მებაღესთან და 30-40 მებაღე ვინც იყო, ყველამ გამოხატა უკმაყოფილება, რომ უზრდელია ეს კაცი და არ შეიძლება მაგასთან მუშაობა.

გუშინ (23 მარტს) გამომიძახეს ადმინისტრაციაში და მითხრეს, რომ კონტრაქტი შემიწყვიტეს. ჩემთან ერთად გამოუშვეს ის ორი მებაღეც, ჩიტიშვილს ვისთანაც ჰქონდა შელაპარაკება.

ჩემს ქვეყანაში აზრის გამოხატვის უფლება აღარ მაქვს? ხელი არ დამირტყამს ვინმესთვის და არ შემიგინებია. უბრალოდ ის ვთქვი, რომ ეს ადამიანი ყველას გვაყენებს შეურაცხყოფას და იგივე თქვეს სხვებმაც. სხვათა შორის, ამ მთავარ აგრონომს ყოფილ დირექტორთანაც ჰქონდა კონფლიქტი და როგორც ვიცი, ხელიც დაარტყა იმან“, – ამბობს იგორ მიხორიანუ.

იგორი ამბობს, რომ აგრონომთან უთანხმოების გამო ახალ დირექტორთან შეხვედრასაც ცდილობდნენ მებაღეები, თუმცა დირექტორმა ისინი არ მიიღო.

„მარტო ის გვითხრა, ან მიდიხართ სამუშაოდან, ან მივიღებ ზომებსო. არ მოგვისმინა. დადის და იძახის, „მე ივანიშვილის დანიშნული ვარ, რაც მინდა იმას გავაკეთებ“, – ამბობს იგორ მიხორიანუ.

მისი თქმით, შესაძლოა სასამართლოსაც მიმართოს საკუთარი უფლებების დასაცავად.

ვესაუბრეთ ლევან ჯაფარიძესაც – მებაღეს, რომელიც იგორთან ერთად გამოუშვეს სამსახურიდან.

„10 წელი ვიმუშავე ბოტანიკურ ბაღში, მაგრამ ახალმა დირექტორმა ახალი წესები შემოიღო, გვავიწროებდნენ. მაგალითად, დაგავალებდნენ, რომ წვიმაში გამოგეჭრა ბამბუკები და რაღაც ასეთები. გველაპარაკებოდნენ უხეშად, მბრძანებლური ტონით. არ მოგესალმება, თუ რამეს ეტყვი – ყვირის. არადა, თავიდან თვითონაც ბოტანიკურში მუშაობდა განყოფილების უფროსად და ნორმალური ურთიერთობა გვქონდა. დირექტორად რაც დაინიშნეს, ხმას აუწია – ზემოდან გიყურებენ, აი „გაჩმორებენ“. მე ბიძინას მოყვანილი ვარ, ვერაფერს ვერ მიზამთო, იძახის.

ყველას აწუხებს ასეთი დამოკიდებულება, მაგრამ ყველა ვერ ამბობს ხმამაღლა. ბანკის ვალების გამო ზოგი ვერ ტოვებს სამსახურს, თორემ ბევრია უკმაყოფილო.

თანამშრომელი ეუბნებოდა, მომეცით მშვიდად მუშაობის უფლებაო და ამის გამო დასაჯეს – პრემია არ მისცეს. სიმბოლური საჩუქრები იყო საახალწლოდ და არც ეს მისცეს, ახლა კი ჩემთან ერთად გაათავისუფლეს“, – ამბობს ლევან ჯაფარიძე.

ახალი სამსახური ჯერ არ უპოვია. „ჯერ შოკში ვარ, რომ იტყვიან“, – გვეუბნება ლევან ჯაფარიძე.

ბოტანიკური ბაღის კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომელი „ბათუმელებს“ თავად დაუკავშირდა და რეპრესიების შესახებ ისიც მოგვიყვა. თუმცა, ამ ეტაპზე არც მან ისურვა სახელისა და გვარის გასაჯაროება. ამბობს, რომ მისი ოჯახიდან ერთი ადამიანი კიდევ მუშაობს ბაღში და მისი მხრიდან ღია კრიტიკის გამო შესაძლოა ისიც უმუშევარი დარჩეს.

„დღეს სამსახურის დაკარგვა ნიშნავს მშიერ შვილებს სახლში. ვინც დარჩა, ისინიც უკმაყოფილო არიან, მაგრამ უმუშევრობის შიშით ვერ იღებენ ხმას.

ბაღიდან მხოლოდ მებაღეები არ გაუშვიათ. გაუშვეს თანამშრომლები ადმინისტრაციიდან და სამეცნიერო განყოფილებიდანაც. მეც ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ვიყავი. გუშინ გაუშვეს სამი საუკეთესო მებაღე. 

ვფიქრობ, ახალ დირექტორს ანგარიშსწორება ამოძრავებს, რადგან ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე მუშაობდა აქ და სწორედ იმიტომ წავიდა, რომ ვერავისთან ნორმალური კომუნიკაცია ვერ დაამყარა. ვერც ახლა ამყარებს ნორმალურ ურთიერთობას თანამშრომლებთან“, – გვითხრა მან. 

მისი აზრით, ახალი დირექტორი ერთპიროვნულ და არაპროფესიონალურ გადაწყვეტილებებს იღებს და არ ქმნის ჯანსაღ სამუშაო გარემოს.

„ჩემი საყვარელი საქმე მინდა ვაკეთო, მაგრამ არ მაძლევენ ამის საშუალებას, რადგან ისეთი გუნდი მოვიდა, ნორმალურად და უსაფრთხოდ მუშაობის უფლებას არ გვაძლევდნენ. ვინც ხმა ამოიღო უსამართლობაზე, ყველა დასაჯეს“, – წერია ბოტანიკური ბაღის ყოფილი განყოფილების უფროსის მიერ „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში. 

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ბოტანიკური ბაღის მთავარ აგრონომს, ავთანდილ ჩიტიშვილს და კომენტარი სთხოვა ყოფილი თანამშრომლების ბრალდებებზე, თუმცა მან პასუხის გაცემა არ ისურვა და პრესსამსახურში გადაგვამისამართა.

„ბათუმელები“ ასევე დაუკავშირდა ბოტანიკური ბაღის დირექტორს, თენგიზ ტარიელაძეს კომენტარისთვის. მას ვკითხეთ, რა იყო თანამშრომლების გათავისუფლების მიზეზი და თუ სმენია მებაღეზე სავარაუდო ძალადობის შესახებ. 

თენგიზ ტარიელაძე ბოტანიკური ბაღიდან თანამშრომლების გათავისუფლების ფაქტებს უარყოფს.

„ვინ თქვა ეგ, საერთოდ არ გაგვიშვია არავინ. მაგრამ თუ ვინმეს დისციპლინური გადაცდომა აქვს ან რაიმე დარღვევა, მიმართეთ პრესსამსახურს და მოგაწვდით ამ ინფორმაციას“, – გვითხრა მან.

რამდენ თანამშრომელს შეუწყვიტეს ხელშეკრულება მისი დირექტორად დანიშვნის შემდეგ? – თენგიზ ტარიელაძე კონკრეტულ ინფორმაციას არ გვაწვდის:

„არ ვიცი ასე დეტალურად ვის შეუწყდა ან რატომ შეუწყდა. ჩვენთან რეორგანიზაცია რაც ჩატარდა, არავინ არაა შემცირებული, პირიქით, დავამატეთ განყოფილებები.

6 თვის განმავლობაში არანაირი ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი არ ყოფილა. თუ ვინმემ ვინმეს ასეთი შეურაცხყოფა მიაყენა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და  მიმართეთ შესაბამის სამსახურს“, – გვითხრა თენგიზ ტარიელაძემ.

„ბათუმელებმა“ ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციას წერილობითაც მიმართა და მოითხოვა დაზუსტებული ინფორმაცია იმ თანამშრომლების შესახებ, რომლებსაც შრომითი ხელშეკრულებები შეუწყვიტეს 2025-2026 წლებში ან იძულებულნი გახდნენ, რომ სამსახური დაეტოვებინათ.

რადგან ბოტანიკური ბაღი ბათუმის მერიის დაქვემდებარებაშია, დავუკავშირდით მერიასაც და ვკითხეთ, განიხილეს თუ არა ბოტანიკური ბაღის თანამშრომლების განცხადება, იყო თუ არა ამ განცხადებაში საუბარი ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე ბაღის თანამშრომლების მიმართ და რა ზომები მიიღო მერიამ ამ პრობლემის მოსაგვარებლად? 

„ამ ეტაპზე არ გვაქვს პასუხი“ – მოგვწერეს ორი დღის შემდეგ ბათუმის მერიიდან.

თენგიზ ტარიელაძის ბოტანიკური ბაღის დირექტორად დანიშვნის ბრძანება ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ 2025 წლის 3 სექტემბერს გამოსცა. პირველი დეკლარაციაც ამ წელს შეავსო ტარიელაძემ დირექტორის რანგში.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2024 წელს, ანუ დირექტორად დანიშვნამდე, თენგიზ ტარიელაძე სხვადასხვა კომპანიაში მუშაობდა მებაღედ და აგრონომად. მათ შორის შპს ,,პარაგრაფში” აგრონომად, საიდანაც ხელფასის სახით 36 918 ლარი მიიღო.

მას 10 ათასზე მეტი ლარი გადაუხადა შპს „ანაგიმ“ მებაღის პოზიციაზე, 9 265 ლარი – „ელთ ბილდინგმა“ აგრონომის პოზიციაზე და ასე შემდეგ.

თენგიზ ტარიელაძემ 2024 წელს, მთლიანობაში, 20 კომპანიასთან თანამშრომლობით 100 000-ზე მეტი ლარი შემოსავალი მიიღო.

მის საკუთრებაშია სამი მიწის ნაკვეთი ხელვაჩაურში (ორი მიწის ნაკვეთი ფერიაში და ერთი – განთიადში), ბინა ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე და მსუბუქი ავტომანქანა toyota priusi.

დეკლარაციის შევსებისას მის საბანკო ანგარიშებზე ხელმისაწვდომი იყო 27 000 ლარი, მისი მეუღლის სახელზე კი – 1 393 ლარი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: