მთავარი,სიახლეები

„2 ლიდერის უკან ადევნებული ადამიანი დაჟინებით ითხოვს, პრემიერი დამიძახეთო“ – რა გვაჩვენა ალიევის ვიზიტმა

07.04.2026
„2 ლიდერის უკან ადევნებული ადამიანი დაჟინებით ითხოვს, პრემიერი დამიძახეთო“ – რა გვაჩვენა ალიევის ვიზიტმა

„ივანიშვილისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ინტერესია. ალიევთან შეხვედრაც დიდი ალბათობით მისთვის საინტერესო იყო იმით, რომ გაერკვია: ახალ ტრანსნაციონალურ პროექტებში, რომელსაც აშშ გვთავაზობს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, კონკრეტულად ივანიშვილმა საკუთარი ფინანსური ინტერესები როგორ შეიძლება ჩადოს?“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი ლელა ჯეჯელავა. მას ივანიშვილის შუშის სასახლეში ალიევის სტუმრობაზე ვესაუბრეთ.

გარდა იმისა, რომ ამ შეხვედრით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას, რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე? – პოლიტოლოგის დაკვირვებით, ტრამპი ალიევს რეგიონის ერთ-ერთ ლიდერად მოიაზრებს, აშშ-ს ინტერესები კი, რეგიონში მზარდია.

„ივანიშვილთან და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროსაც კარგად ჩანდა ალიევის სხეულის ენა, ჟესტები – ალიევი მხოლოდ სტუმრის ამპლუაში არ გრძნობდა თავს…“ – თავის დაკვირვებას გვიზიარებს პოლიტოლოგი. მას ამ შეხვედრის ყველაზე რეზონანსულ მომენტზეც ვკითხეთ: ალიევი და ივანიშვილი წინ მოდიან, უკან მოჰყვება ირაკლი კობახიძე…

„გუშინ რაც ჩვენ ვნახეთ: ორი ლიდერის უკან ადევნებული, სრულიად დაბნეული ადამიანი, რომელიც დაჟინებით ითხოვს ჩვენგან, პრემიერ-მინისტრი დამიძახეთო… ამ სცენის მერე როგორ შეიძლება ადამიანმა იფიქროს, რომ ივანიშვილი პატივს სცემს ქართველ ხალხს?

ან რა სტატუსით მასპინძლობდა ბიძინა ივანიშვილი ალიევს, როგორც ქვეყნის არაფორმალური ლიდერი? თუ ეს ასე არაა, როდის იყო ქვეყნის პრეზიდენტები პარტიის თავმჯდომარეებს ხვდებოდნენ? ის, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, აბსოლუტურად ამოვარდნილია ყოველგვარი პროტოკოლიდან კი არა – ზოგადად პოლიტიკური კანონზომიერების ჩარჩოდან,“ – ამბობს ლელა ჯეჯელავა.

„ბათუმელებმა“ პოლიტოლოგ ლელა ჯეჯელავასთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ქალბატონო ლელა, რა გამოჩნდა ყველაზე მნიშვნელოვანი ივანიშვილი-ალიევის შეხვედრაზე, რომელსაც ირაკლი კობახიძეც ესწრებოდა? 

ჩემთვის, ბუნებრივია, ყველაზე საინტერესო რჩება ალიევის ვიზიტის მიზანი – ის საკითხები, რომლებიც განხილული იყო ივანიშვილთან შეხვედრის დროს, მაგრამ, როგორც ჩანს, ამის შესახებ ჩვენ ინფორმაციას არავინ არ მოგვცემს. შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ ეს რეგიონის გეოპოლიტიკურ ვითარებას უკავშირდება, მათ შორის იმას, რომ სამხრეთ კავკასია შეერთებული შტატების სტრატეგიული ინტერესების ზონა გახდა.

მოგეხსენებათ, ტრამპს არ უყვარს სუსტები – მას უყვარს ძლიერები. ტრამპი ალიევს  ამ რეგიონის მთავარ პოლიტიკურ ფიგურად განიხილავს. ამიტომაც, დარწმუნებული ვარ, ალიევი სწორედ მომავალი პროექტების განსახილველად ჩამოვიდა, რაც უკავშირდება ე.წ. TRIPP-ს და ასე შემდეგ: საქართველო რამდენად არის მზად, რომ აღმოჩნდეს შეერთებული შტატების გეოსტრატეგიული ინტერესების კონტექსტში?

ბევრი რამ ვნახეთ ამ შეხვედრაზე. პირადად მაქვს ასეთი განცდა, შეიძლება ეს ძალიან სუბიექტურია, მაგრამ უკვე მერამდენედ მიჩნდება შეგრძნება, რომ ბიძინა ივანიშვილს ძალიან არ უყვარს თავისი ხალხი: ყოველ ჯერზე, როდესაც ის ამცირებს ხოლმე უკიდურესი ფორმით იმ ადამიანებს, ვისაც თვითონვე დაარქმევს ხოლმე პრემიერ-მინისტრის სახელს, ეს სწორედ ამას ნიშნავს – ივანიშვილი დასცინის ქართველ ხალხს.

ლელა ჯეჯელავა

გუშინ რაც ჩვენ ვნახეთ: ორი ლიდერის უკან ადევნებული, სრულიად დაბნეული ადამიანი, რომელიც დაჟინებით ითხოვს ჩვენგან, პრემიერ-მინისტრი დამიძახეთო და თან ამის გამო გვსჯის კიდეც პერიოდულად, ხომ? აი, როგორ შეიძლება ამ სცენის მერე ადამიანმა იფიქროს, რომ ივანიშვილი პატივს სცემს ქართველ ხალხს? აქ კობახიძის პატივისცემაზე არ არის ლაპარაკი, იმ ხალხის პატივისცემაზეა, ვისგანაც პრემიერ-მინისტრის დაძახებას დაჟინებით ითხოვს.

ივანიშვილი უკვე მერამდენედ აჩვენებს, რომ კობახიძე არავინ არ არის. კობახიძე, რომელიც ისტერიულად ითხოვს ლეგიტიმაციას ჩვენგან, იმასაც ვერ ახერხებს, ივანიშვილის გვერდით დადგეს და უკან აჩრდილივით არ მიჰყვებოდეს.

  • დარღვეული იყო პროტოკოლი – მაგალითად, ალიევს მინისტრები წარუდგინა ივანიშვილმა, რომელიც არც ერთ თანამდებობაზე არ არის და არა ირაკლი კობახიძემ.

ეს სრული აცდენაა პროტოკოლისა. ჩვენ ისიც არ ვიცით, რა სტატუსით უმასპინძლა ბიძინა ივანიშვილმა ალიევს, როგორც ქვეყნის არაფორმალურმა ლიდერმა? თუ ეს ასე არაა, როდის იყო ქვეყნის პრეზიდენტები პარტიის თავმჯდომარეებს ხვდებოდნენ?

ის, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, აბსოლუტურად ამოვარდნილია ყოველგვარი პროტოკოლიდან კი არა – ზოგადად პოლიტიკური კანონზომიერების ჩარჩოდან.

  • რა გზავნილი იყო ეს ივანიშვილისგან? 

ივანიშვილი გვაჩვენებს ქართველებს იმას, რომ ჩვენ ვართ უფლებააყრილი ადამიანები.

ის არ იძლევა საშუალებას უკვე მერამდენედ, რომ ჩვენი არჩევანი გავაკეთოთ. ის ხალხის არჩევანს ატრიალებს თავის სასარგებლოდ.

გვეუბნება, რომ მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, რა ჰქვია კონკრეტულ ადამიანს, რომელსაც დანიშნავს ქართველი ხალხის მწყემსად. ეგ არის ყველაზე უფრო მძიმე რეალობა და უკიდურესი შეურაცხყოფა.

  • ივანიშვილი მანამდე არ შეხვედრია თბილისში ჩამოსულ ფაშინიანს, ასევე „ოცნების“ მოკავშირე ორბანს. ივანიშვილი ალიევამდე შეხვდა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, ალ ნაჰაიანს. ჩანს, რომ ივანიშვილი ისევ უფრო ფინანსური ინტერესის შესაბამისად მოქმედებს? 

რასაკვირველია ივანიშვილისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ინტერესია. ალიევთან შეხვედრაც დიდი ალბათობით მისთვის საინტერესო იყო იმით, რომ გაერკვია: ახალ ტრანსნაციონალურ პროექტებში, რომელსაც კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში გვთავაზობს აშშ, კონკრეტულად ივანიშვილმა საკუთარი ფინანსური ინტერესები როგორ შეიძლება ჩადოს?

ძალიან ბევრი ფაქტორია, რაც ახლა საქართველოს საკითხს ააქტიურებს. ერთია, ირანში მიმდინარე პროცესები. ჩვენ არ ვიცით, ხვალ რა მდგომარეობა იქნება ირანში – შეიძლება, საკომუნიკაციო მარშრუტები გადალაგდეს სრულად. ნებისმიერ შემთხვევაში სამხრეთის დერეფანი ყველაზე უფრო რენტაბელური და საინტერესოა.

ნებისმიერ გეოპოლიტიკურ კონფიგურაციაში, რომელსაც ახლა ამერიკის გეოსტრატეგიული ინტერესების უზრუნველყოფა შეუძლია, საქართველო ინტერესის ობიექტია.

  • მიგაჩნიათ, რომ აშშ და ტრამპი არ განიხილავს ახალ კონფიგურაციას კავკასიაში საქართველოს გარეშე? 

არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ საქართველო დატოვონ თამაშგარე, მაგრამ ეს არ არის მომგებიანი. ჩემი აზრით, გაცილებით უფრო მომგებიანია ამერიკისთვის ივანიშვილის ხელისუფლების, როგორც დილემის მოშორება, ვიდრე პრობლემების საქართველოს გარეშე გადაწყვეტა.

  • მაგრამ ივანიშვილს მიტაცებული აქვს ძალაუფლება და ცდილობს, მოკლას დემოკრატია. ამ ვითარებაში რას შეიძლება ველოდოთ ლოგიკურად?

ის, რომ ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას კლავს, ტრამპის ადმინისტრაციისთვის არ არის ნომერ პირველი პრობლემა – მოგვწონს თუ არა, ეს ასეა.

თუმცა ბიძინა ივანიშვილი რომ არის სერიოზული პარტნიორი რუსეთ-ჩინეთ-ირანის, ეს არის ამერიკელებისთვის სერიოზული პრობლემა, რომელსაც ისინი ივანიშვილს არც ერთ შემთხვევაში არ გაუტარებენ.

  • ალიევის თბილისში ვიზიტამდე საქართველომ გააძევა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი. ეს მოხდა საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევით. ეს რაში დასჭირდა ივანიშვილს, თქვენი აზრით? 

ეს იყო საშინელი მუხანათობა, ამას სხვა სახელი არ ეძებნება. ეს მაგონებს ფეოდალურ ეპოქას, როდესაც სტუმრად მისულ ფეოდალს მეორე უკეთებს ამ ტიპის საჩუქარს მონის სახით. ეს იყო ძალიან მდაბიო ჟესტი, რაც გააკეთა ხელისუფლებამ.

შეიძლება, ამას ასეთ დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს თავად ივანიშვილი და ჩათვალა უბრალოდ, რომ ასიამოვნა იმით ალიევს – ადამიანი, რომელიც ალიევის მიერ დევნილი იყო ქვეყნიდან, გადასცა მას და ახლა ალიევს თავად შეუძლია ისე მოიქცეს, როგორც საჭიროდ ჩათვლის.

  • დავით გარეჯი არ უხსენებიათ ალიევის თბილისში ვიზიტის დროს. 2020 წელს „ოცნების“ მთავარი წინასაარჩევნო სლოგანი ეს იყო: „დავით გარეჯი საქართველოა“… 

დავით გარეჯის საკითხი დასრულდა 2020 წელს, როდესაც „ოცნებამ“ ეს საკითხი აქცია შიდაპოლიტიკური სპეკულირების თემად. ამით აზერბაიჯანს სერიოზული სიურპრიზი მოუწყვეს. მანამდე დავით გარეჯი არ იყო შეტანილი ალბანური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში და შეიტანეს, გზა მიიყვანეს და ტურისტულ მარშრუტში ჩასვეს, დააყენეს მესაზღვრეები იქ, სადაც არ უნდა იდგნენ… პრაქტიკულად, 2020 წელს გარეჯი აზერბაიჯანს რეალურად დაუკანონეს ყოველგვარი პოლიტიკური განხილვის გარეშე.

ეს საკითხი უნდა ყოფილიყო პოლიტიკური განხილვის თემა ორ სახელმწიფოს შორის და უნდა მოეძებნათ შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ორივე სახელმწიფოსთვის იქნებოდა მისაღები. ეს შანსი მოსპეს „ქოცებმა“ გარეჯის საარჩევნო საკითხად გადაქცევით.

აზერბაიჯანთან საზღვარი არ გვაქვს ბოლომდე დელიმიტირებული და დადგენილი. როდესაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დასრულდება საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაცია, ეს პროცესი ორივე სახელმწიფოს დააყენებს დღის წესრიგში, ჩვენთან დაიწყოს ამ საკითხის განხილვა. აი, მაშინ ვნახავთ ყველა, რას ნიშნავდა 2020 წლის  „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებული დავით გარეჯის ეს უზნეო ოპერაცია. იქ მოვიმკით მაგის შედეგებს.

  • როგორ ლიდერად ჩამოყალიბდა ამასობაში ალიევი? 

ალიევი ძლიერი პოლიტიკური ლიდერია. მას ასე განიხილავს საერთაშორისო პოლიტიკა დღეს, რომ ის არის რეგიონული მასშტაბის ლიდერი. გარკვეულწილად შეერთებულ შტატებს აქვს ასევე მცდელობა, ალიევის ფიგურით ერდოღანის დაბალანსებისა და ეს ძალიან მკაფიოდ ჩანს. ის იძენს უფრო დიდ მასშტაბს, ვიდრე, დავუშვათ, მხოლოდ აზერბაიჯანის სახელმწიფო მმართველი.

ივანიშვილთან და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროსაც კარგად ჩანდა ალიევის სხეულის ენა, ჟესტები – ალიევი მხოლოდ სტუმრის ამპლუაში არ გრძნობდა თავს.

აზერბაიჯანში დემოკრატიის ისეთი მოთხოვნა არ არის და არც ყოფილა არასდროს, როგორც ეს საქართველოშია. ჩვენ ორი განსხვავებული ქვეყანა ვართ, ორი განსხვავებული კულტურით, განსხვავებული ცხოვრების და, შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნები დემოკრატიაზე და აზერბაიჯანელი მოსახლეობისა ერთმანეთისაგან განსხვავდება.

დიახ, არ არის ალიევი დემოკრატი ლიდერი, ის არ მოსწონს ყველას ქვეყანაში და საკმაოდ ხისტია მისი დამოკიდებულება ოპონენტების მიმართ, მაგრამ ალიევი არის გამარჯვებული ლიდერი, რომელმაც ბევრი წლის შემდეგ ტერიტორიული მთლიანობა დაუბრუნა სახელმწიფოს.

ბუნებრივია, ეს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში მისდამი დამოკიდებულებას სრულიად სხვაგვარად წარმოაჩენს.

  • ჩვენ სად ვართ ამ დროს?

ჩვენ არა ვართ, უბრალოდ.

ივანიშვილს არ ესმის, რომ მისი პოლიტიკა, რომელიც საქართველოს მიმართ იყო ასეთი, თუ შეიძლება ვიტყვი რუსულად: „ნიჟე ტრავი, ტიშე ვადი“, დღევანდელ რეალობაში აბსოლუტურად შეუსაბამოა. კიდევ ერთხელ ვამბობ: სუსტები არავის მოსწონს, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაციის პირობებში. დღეს ყველა ცდილობს იყოს ძლიერი ლიდერი, ძლიერი პოზიციებით და ძლიერი მოთხოვნებით საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურების ფორმირებისას ერთადერთი ჩვენ ვართ, ვინც არავისგან არაფერს არ ვითხოვთ და არაფრის მიღებას არ ვცდილობთ.

ჩვენს საქმეს არავინ გააკეთებს – ეს კარგად უნდა გვახსოვდეს. 500 დღე კი არა, მეტიც რომ იყოს საჭირო, უნდა ვიყოთ პროტესტში. მთავარია, ამ პროტესტს ჰქონდეს შედეგი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: