მთავარი,სიახლეები

„ამნეზია თუ დაგემართა, პიროვნება აღარ ხარ, ზუსტად ასევეა ერი“ – რატომ არ ახსენეს რუსეთი 9 აპრილის ახალ დაფაზე

09.04.2026
„ამნეზია თუ დაგემართა, პიროვნება აღარ ხარ, ზუსტად ასევეა ერი“ – რატომ არ ახსენეს რუსეთი 9 აპრილის ახალ დაფაზე

„კოლექტიური მეხსიერების შეცვლის კიდევ ერთი მეთოდია სიმართლის გადადღაბნა, გაბუნდოვანება, რომ ვერ გაარკვიო მკაფიოდ, რა მოხდა,“ – გვიყვება რუსუდან კობახიძე, რომელსაც 9 აპრილის მემორიალთან ბათუმში განთავსებულ საინფორმაციო დაფაზე ვესაუბრეთ.

საინფორმაციო დაფაზე 9 აპრილის აღწერის დროს ნახსენები არ არის „საბჭოთა რუსული არმია.“

საბჭოთა წარსულის მკვლევრის დაკვირვებით, „ოცნებას“ ქვეყნის რუსეთისკენ მიტრიალების პროცესში გმირობის მაგალითი არ სჭირდება, თანაც, როცა ეს გმირები შუა საუკუნეებში კი არა, სულ რამდენიმე წლის წინ თავს სწირავდნენ სამშობლოსთვის, არ სჭირდებათ გმირები, რომლებიც დღეს სინდისის პატიმრები არიან.

„ეს არის კოლექტიური მეხსიერების წაშლის მცდელობა და არაზუსტი სახელდება… ოცნებას“ უნდა მთლიანად ქვეყნის კურსის მოტრიალება, ამიტომაც, რაში სჭირდება გმირობის მაგალითი? ისედაც, აგერ ციხეში უზით ამდენი ადამიანი, რომლებიც, ფაქტობრივად, გმირებად იქცნენ,“ – ამბობს რუსუდან კობახიძე. 

„ბათუმელებმა“ რუსუდან კობახიძესთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი საბჭოთა წარსული კვლევის ლაბორატორიის მკვლევარია.

  • ქალბატონო რუსუდან, ქუთაისის შემდეგ, სადაც 2008 წლის ომის მემორიალზე ოკუპანტი რუსეთი არ ახსენეს, ბათუმში 9 აპრილის მემორიალთან განათავსეს საინფორმაციო დაფა წარწერით: „1989 წლის 9 აპრილის მოვლენების შედეგად დამოუკიდებელი საქართველოსთვის დაღუპული გმირების მემორიალი“. რას აჩვენებს ეს შემთხვევები? 

ეს საბჭოთა მეხსიერების პოლიტიკის ჩვეულებრივი გაგრძელებაა. ეს არის კოლექტიური მეხსიერების წაშლის მცდელობა და არაზუსტი სახელდება: საერთოდ, თუ მოვლენას არ დაარქმევ თავის სახელს, ის რაღაცნაირად კარგავს სიმძაფრეს, კარგავს თავის ნამდვილობას, კარგავს თავის მნიშვნელობას და შინაარსს.

ამის ყველაზე ნათელი მაგალითია 1991-92 წლის მოვლენები, როდესაც სახელმწიფო გადატრიალებას ეწოდა „თბილისის ომი“. არაფერს გვეუბნება ეს „თბილისის ომი“ გარდა იმისა, რომ ეს ბრძოლები მიმდინარეობდა თბილისში, ხომ? მხოლოდ ადგილმდებარეობის ხაზგასმაა და ეს უკვე დამოუკიდებლობის პერიოდში ხდება, მაგრამ აი საზოგადოებრივი დაპირისპირება იმდენად მწვავე იყო, რომ ირიდებდა თავს – არამარტო ხელისუფლება ჩქმალავს ამ ფაქტს. 

ამ მოვლენას მაშინ დაარქვეს „სახალხო რევოლუცია“, მაგრამ არ ჩაჯდა ეს მეხსიერებაში, შემდეგ უწოდეს „თბილისის ომი“, ასე ვთქვათ, ნეიტრალური სახელი.

რუსუდან კობახიძე

თუ გადავალთ უფრო ღრმად, საბჭოთა კავშირში, მაგალითად, 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციას ბოლშევიკები ეძახდნენ „გასაბჭოებას“, ამავდროულად ხდებოდა პირველი რესპუბლიკის დემონიზაცია, რომ აი, ამათ დააქციეს საქართველო, შლიდნენ მეხსიერებიდან სახელებს, სახეებს… გვარების წაშლა, საერთოდ არხსენება და ფოტოების არგამოჩენა ჩვეულებრივი მოვლენა იყო.

დღევანდელ შემთხვევებში კი, საქმე გვაქვს გაბუნდოვანების პრაქტიკასთან – აბუნდოვანებ მოვლენას. ერთ-ერთი მიზანი არის ის, რომ პირდაპირ არ ახსენონ რუსეთი, „7 აგვისტოს“ ნაცვლად თქვან „8 აგვისტო“. ზოგს ჰგონია, რომ ეს არის რაღაც რიცხვები. ამ დროს კონკრეტული მოვლენებია, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

  •  წულუკიანის ე.წ. კომისიის დასკვნის მიხედვით, 2008 წლის ომის დაწყება საქართველოს უკავშირდება. ქუთაისის მემორიალზე როცა არ ახსენეს რუსეთი, ესეც საერთო პოლიტიკის ნაწილია – არ გამოჩნდეს ის, რომ დადასტურებულად დამნაშავეა რუსეთი? 

დიახ, ამ გზით ხდება რაღაცნაირი შემსუბუქება.

კოლექტიური მეხსიერების შეცვლის კიდევ ერთი მეთოდია სიმართლის გადადღაბნა, გაბუნდოვანება, რომ ვერ გაარკვიო მკაფიოდ, რა მოხდა. საბოლოოდ, ეს ყველაფერი არის მეხსიერების რეკონსტრუქცია. მიზანია, რომ არამხოლოდ შემდეგმა თაობებმა, არამედ თვითონ იმ ადამიანების მეხსიერებაშიც კი, ვინც თავის კისერზე გადაიტანა ეს ყველაფერი, ეს ყველაფერი მიივიწყონ.

მაგალითად, მივიწყებულია 31 მარტის რეფერენდუმი, რომელიც იყო უზარმაზარი მნიშვნელობის თარიღი. მთელი ხალხი იყო მაშინ მობილიზებული. წარმოიდგინეთ, როცა ამომრჩევლის 91% მივა უბნებზე და ხმას მისცემს… ამ ადამიანებმა ყველაფერი გვერდით გადადეს და რეფერენდუმზე მივიდნენ. 

9 აპრილის მოვლენების შედეგად რომ დაიღუპნენ ადამიანები, იცოდნენ, რომ მოდიოდა ტანკები, მაგრამ ისინი საქართველოს თავისუფლებისთვის მაინც იქ იდგნენ, მათ თავი გასწირეს. გმირი რას ნიშნავს? ეს ისტორია ადამიანს უყვება, რომ აი, შენხელა ადამიანმა თავი გასწირა, ხომ? ეს სადღაც მე-12 საუკუნეში ცხენზე ამხედრებული გმირი კი არაა, არამედ ახლა იყო… ამათ უნდათ,  სადღაც იქ ჩატოვონ გმირობის ფენომენი. არ უნდათ, რომ გმირობის ფენომენი თანამედროვე იყოს.

ამათი მიზანია, თანამედროვე გმირობის ფენომენის გაქრობა. ეს გმირის ცნებაზე დარტყმაა, მაგრამ ეს პროპაგანდა მუშაობს მაშინ, როცა სუსტია ღირებულებითი სისტემა.

  • ქუთაისის მემორიალის შემთხვევაში ძალიან მძაფრი იყო საზოგადოების რეაქცია – პროტესტის შემდეგ წარწერა საერთოდ მოხსნეს. ეს ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ვერ მუშაობს „ოცნების“ მიდგომა, გადღაბნოს, ან დაგვავიწყოს ისტორიული სინამდვილე? 

დიახ, ეს ნიშნავს, რომ არ მუშაობს. ჩვენ თუ დავიძინებთ, იქით გვერდზე გადავბრუნდებით და ამას წავუყრუებთ, რა თქმა უნდა, იმუშავებს.

ამიტომაც მნიშვნელოვანია საინფორმაციო კამპანიები და ამიტომ ებრძვის ეს რეჟიმი სწორედ თავისუფალ სივრცეს, სადაც თავისუფალი სიტყვა ითქმება. ვერანაირი ტოტალიტარიზმი კი არა, დიქტატურა და ძალიან მკაცრი ავტორიტარიზმი ვერ დამყარდება ქვეყანაში, სადაც ღია საინფორმაციო სივრცეა, სადაც თავისუფალი სიტყვა არსებობს. ამიტომაც იყო, რომ საბჭოთა კავშირში იყო მთლიანად ჩაკეტილი არამარტო საზღვარი, არამედ საინფორმაციო სივრცე, კულტურა, ყველაფერი.

  • რა განზრახვით მოქმედებს „ოცნება“, თქვენი დაკვირვებით? მიზანია ის, რომ რუსეთის მიმართ შიში, ან სიძულვილი შესუსტდეს? 

დიახ. ამიტომაც მათი დამარცხება და ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია, რადგან ხალხში რუსეთის მიმართ სიყვარულს და ამ მიკუთვნებულობის განცდას ვეღარ გააჩენენ, გაწყდა ეგ ჯაჭვი კარგა ხანია. ემოციური ბმა ვეღარ აკავშირებს თანამედროვე ახალგაზრდას რუსეთთან.

ძველებს ჰქონდათ ემოციური მიბმულობა რუსეთთან, ენობრივი მიბმულობა, კულტურული, იყო მერკანტილური მიბმულობაც, რომ საბჭოთა კავშირი აძლევდა აგარაკებს, მანქანებს, ბინებს, უფასო რემონტებს, პრივილეგიებს, მაღაზიებს და ასე შემდეგ, ამის საშუალება მათ არა აქვთ დღევანდელ კონტექსტში და ეს ძალიან გასახარია.

„ოცნებას“ უნდა ქვეყნის კურსის მოტრიალება, ამიტომაც, რაში სჭირდება გმირობის მაგალითი? ისედაც, აგერ ციხეში უზით ამდენი ადამიანი, რომლებიც, ფაქტობრივად, გმირებად იქცნენ. მათი მიზანი იყო, რომ ეს ადამიანები გაეტეხათ და მერე ეთქვათ: აი, ასეთები იყვნენ და თვითონ აღიარეს… მუდმივი კამპანია მიმდინარეობს დემონიზების, თუმცა ეს არ მუშაობს დიდ სეგმენტზე, ეგ არის მთავარი. როგორც წარმოუდგენიათ „ოცნებაში“ სახელმწიფო, ისეთი სახელმწიფო შექმნან აქ, უბრალოდ, წარმოუდგენელია.

დღეს პუტინს და ბიძინასაც სჭირდებათ ერთმანეთი. პუტინს სჭირდება აქ გავლენის სფერო, ხოლო ბიძინას სჭირდება რუსეთი იმიტომ, რომ ევროპული მოდელის სახელმწიფოში თავისუფალი სასამართლო უნდა იყოს, თავისუფალი სიტყვა, ადამიანის უფლებები… 

  • ამ მოდელისთვის მარო მაყაშვილი, გიორგი ანწუხელიძე, ან დღევანდელი სინდისის პატიმრები საშიშია? 

რა თქმა უნდა, საშიში კი არა, თავზარდამცემია. ამიტომაც, უნდათ, რომ წაშალონ ჩვენში იდენტობა, ეს უნდა დაანგრიონ. 

ერი მეხსიერებითი ერთობაა, იგი დგას მეხსიერებაზე, როგორც ინდივიდი დგას თავის მეხსიერებაზე: ვინ არის დედა, ვინ არის მამა, სად ცხოვრობს, რას აკეთებს? აი, მნეზია თუ დაგემართა, შენ პიროვნება აღარ ხარ, ხომ? ზუსტად ასევეა ერი. ერის იდენტობის წაშლა იწყება მეხსიერების წაშლით და ამაზე ძალიან კარგად მუშაობენ, კარგად ერკვევიან პუტინის პროპაგანდისტულ ხრიკებში. არა მგონია, არქივებში ისხდნენ და იჩხრიკებოდნენ. შესაძლებელია, ვიღაც ჰყავთ მრჩევლები. ყოველ შემთხვევაში, ეს ძალიან ცნობილი მეთოდია – მეხსიერების წაშლა, დამახინჯება, ფრაგმენტაცია – რაღაც გვახსოვდეს, რაღაც არ გვახსოვდეს.

  • ამ გადასახედიდან თქვენთვის რას ნიშნავს 9 აპრილი, რამდენად გავიაზრეთ ეს თარიღი და მისი მნიშვნელობა?

9 აპრილი ორმაგი თარიღია, ერთია დარბევა და ტრაგედია, რაც იყო შეგნებული თავგანწირვა. ამას ვერ ვარქმევ მსხვერპლს –  ეს არის თავგანწირვა. ეს არ იყო შემთხვევა, როცა რაღაც წამოვიდა, ვთქვათ, ნიაღვარი და ჩაგიტანა, ან მიწისძვრის მსხვერპლი ხარ – უნებლიე არ იყო ეს. ამიტომაც, 9 აპრილი იყო თავგანწირვა. მნიშვნელოვანია შესაბამისი სახელდება – ეს არის 9 აპრილის თავგანწირვა, რის შედეგადაც დაიღუპნენ ადამიანები. ჩვენ ხომ მსხვერპლს არ ვეძახით უკრაინელ მეომარს – მან იცის, რისთვის იბრძვის და იცის, სად მიდის.

მეორეა დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, რომელიც დაამთხვიეს ზუსტად ამ დღეს, რომ ეს არ ყოფილიყო მარტო გლოვის დღე. საინტერესოა, რომ კოლექტიურ მეხსიერებაში მაინც 9 აპრილი უფრო ფოკუსირებულია გლოვის დღედ. ტრავმული საზოგადოება ვართ და ეს, როგორც ტრავმა, ასე გვაქვს ჩარჩენილი.

9 აპრილს გამოცხადდა დამოუკიდებლობის აღდგენა, როცა ჯერ საბჭოთა კავშირი არ იყო დანგრეული. ამან მოიტანა სრული გაცამტვერება კომუნისტური იდეოლოგიის – ისედაც გაცამტვერებული იყო, უბრალოდ კომუნისტების მიმართ პატივისცემა საერთოდ წაიშალა, უკვე რცხვენოდათ და ეს ყველაფერში გამოიხატებოდა.

  • მოქანდაკე, რომელმაც ბათუმში დადგა 9 აპრილის მემორიალი, დღეს სწორედ ამას აპროტესტებდა: საინფორმაციო დაფაზე მხოლოდ გლოვის შესახებ წერია, თანაც საბჭოთა რუსული არმიის შესახებ არაფერია აღნიშნული, არადა 9 აპრილი გამარჯვების დღეც არისო. 

ესეც რაღაცნაირად თავზე ნაცრის დაყრაა… ეს ყველაფერი დასაძლევი გვაქვს. გვეუბნებიან მუდმივად, რომ მოგვიგებენ, ყველაფერს გვისრულებენ… სინამდვილეში, რეალობა იქნება ის, რასაც შენ დააყენებ.

მარცხის განწყობა და ვაიმე, არაფერი გვეშველება, ეს არის „ოცნების“ დასაყრდენი.

დღეს, რაც ჩვენ რუსთაველზე ვნახეთ, საცოდაობა იყო: ადამიანებს, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ, რომ არიან ხელისუფლება, უწევთ სადღაც, წამიერად გაძრომა და ოთხ ფენად, სამ ფენად პოლიციის კორდონით სიარული. ძალიან კარგად გამოჩნდა მათი სისუსტე და გაუბედაობა, ხალხთან აბსოლუტური დისტანცია.

პოლიციის ჯებირი იყო მენტალური ჯებირი – ისინი ჩვენგან აბსოლუტურად თავს აცალკევებენ, ხომ? თავიანთი მომხრეების ხელისუფლებადაც არ წარმოუდგენიათ თავი, ეს კავშირიც კი, მათ შორის არ არის გამოკვეთილი, რაღაც ცალკე დგანან.

როდემდე იდგებიან ასე ცალკე? ხალხის გარეშე არ არსებობს სახელმწიფო.

___

ამავე თემაზე:

რა გამოტოვა „ოცნებამ“ ბათუმში 9 აპრილის მემორიალის საინფორმაციო დაფაზე: „არ წერენ, რა მოვლენები იყო“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: