ბათუმში თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან იდგნენ „ოცნების“ აგიტატორები სიებით ხელში ან ისხდნენ დაბურულშუშიან მიკროავტობუსებში. ისინი პერიოდულად ინაცვლებდნენ უბნების შესასვლელებში, მათგან უმეტესობა იყო აგრესიული. ხელითაც კი იწევდნენ დამკვირვებლებისა და ჟურნალისტებისკენ, ჰქონდათ ტელეფონის წართმევის მცდელობა. ისინი დაჟინებით და აგრესიულად ურეკავდნენ ყველას, ვისი სახელისა და გვარის გასწვრივაც მონიშნული ჰქონდათ, რომ ამომრჩეველი უბანზე არ მოსულა.
არც ერთი უბნის თავმჯდომარეს, მოადგილეს და მდივანს ამ უკანონო ქმედებაზე რეაგირება არ ჰქონია. „ოცნების“ დაქირავებულები, მათ შორის მოძალადე ჯგუფები, კონკრეტულ უბნებთან კენჭისყრის დასრულებამდე დარჩნენ და უპრობლემოდ გააგრძელეს საქმიანობა.
ბაგრატიონის ქუჩაზე ორ საარჩევნო უბანთან იდგა სამარშრუტო ტაქსი, სადაც მობილიზებულები იყვნენ „ოცნების“ კოორდინატორები, დილიდან რვა საათამდე უპრობლემოდ იმუშავეს. ხშირად მსგავს ფაქტებზე ვერც დამკვირვებლები რეაგირებდნენ, რადგან ისინი ვერ ტოვებდნენ უბანს, თუმცა რეაგირების შემთხვევებში იღებდნენ აგრესიას და მუქარას.
ამ ქალმა საარჩევნო უბანთან დამკვირვებლისთვის ტელეფონის წართმევა სცადა, მეორე ქალი კი საარჩევნო უბანთან იდგა და ამომრჩეველს ურეკავდა.კოორდინატორების მობილიზება საარჩევნო უბანთან
ბათუმის #52 და #81 უბანზე მობილიზებული იყო არაფხიზელი კაცების დაჯგუფება, რომლებიც უბნის კარებთან სკანდირებდნენ – „ქართულ ოცნებას გაუმარჯოს“. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა მოუწოდეს შეეწყვიტათ სკანდირება და დაეტოვებინათ უბნის ტერიტორია, დაჯგუფების წევრებმა ფიზიკურად გაიწიეს მათკენ. საარჩევნო კომისიას ამაზე რეაგირება არ ჰქონია.
ბათუმის #52 და #81 უბანზე მობილიზებული იყო არაფხიზელი კაცების დაჯგუფება, რომლებიც უბნის კარებთან სკანდირებდნენ – „ქართულ ოცნებას გაუმარჯოს“
პერიოდულად უბნებზე მიდიოდნენ ოლქების წარმომადგენლებიც, მაგრამ სიებით მობილიზებულ ხალხზე რეაგირება არ ჰქონიათ.
დამკვირვებლებმა საჩივრები დაწერეს ისეთ ფაქტებზე, როცა უბანთან აგიტაციის ჩატარებაში კომისიის წევრებს დასდეს ბრალი, თუმცა რეაგირება არც ამას მოჰყვა. ერთ-ერთ საჩივარში მომჩივანი ბათუმის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს სწერს, რომ კომისიის წევრი ირინა რომანაძე უბნის გარეთ დაახლოებით 50 მეტრის მოშორებით ატარებდა აგიტაციას.
კიდევ ერთი საჩივრის მიხედვით, 37-ე საარჩევნო უბანთან 30 მეტრში იდგა დაჯგუფება, რომელიც ზეწოლას ახდენდა ამომრჩეველზე. მომჩივანმა უბნის თავმჯდომარეს მოსთხოვა რეაგირება და საპატრულო პოლიციის გამოძახება, თუმცა თავმჯდომარე ასე არ მოიქცა.
მთელი დღის განმავლობაში დამკვირვებლებმა არაერთ უბანზე დააფიქსირეს ამომრჩევლის აღრიცხვის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ბათუმის #72 უბანთან მობილიზებულნი იყვნენ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი კაცები, რომლებიც დამკვირვებლების მოწოდებაზე დაეტოვებინათ ტერიტორია, მათ მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებით იმუქრებოდნენ და სიტყვიერად შეურაცხყოფდნენ. ადგილზე გამოიძახეს პოლიცია, თუმცა გამოძახებიდან ორი საათის განმავლობაში პოლიცია ადგილზე არ მოსულა.
ბათუმში, თამარის დასახლებაში მდებარე #42 და #79 საარჩევნო უბნებთან უცნობი პირების, ნიღბიანი კაცების დიდი ჯგუფის მობილიზება შეინიშნებოდა. ადგილზე მოსულ ჟურნალისტებს მუშაობის საშუალება არ მიეცათ. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას.
ამ ყველაფრის პარალელურად სარჩევნო უბნები განთავსებული იყო ისეთ ვიწრო სივრცეებში, რომ დამკვირვებლები რეგისტრატორების საქმიანობას სრულფასოვნად ვერ აკვირდებოდნენ.
„ღია სივრცე კავკასია“ ერთ-ერთია სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის. ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ირმა პავლიაშვილის შეფასებით, საარჩევნო უბნებთან მობილიზებული ჯგუფების მიერ ამომრჩევლის ნების კონტროლი 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე იყო იმდენად ინტენსიური, რომ ეს მოახდენდა გავლენას არჩევნების შედეგებზეც.
„ჩვენ ვხედავდით, რომ არაერთი უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე იყვნენ პირები, რომლებიც, ერთი მხრივ, ცდილობდნენ გარკვეული ძალადობრივი გარემო შეექმნათ – ხდებოდა ამომრჩევლის ნების კონტროლი, მეორე მხრივ, თავად დამკვირვებლების მიმართ იჩენდნენ აგრესიულ დამოკიდებულებას. ხშირ შემთხვევაში საარჩევნო უბანზეც კი ჩვენი დამკვირვებლები მტრულ და შეურაცხმყოფელ გარემოში აღმოჩნდნენ: მათ ხელი ეშლებოდათ თავიანთი საქმიანობის განხორციელებაში ნებისმიერი ადგილიდან.
ეს საჭიროა სადამკვირვებლო პროცესის განხორციელებისა და არჩევნების საჯაროობის უზრუნველყოფისთვის, რომლის ფარგლებშიც ჩვენ დავინახავდით პროცედურა რამდენად სწორად მიმდინარეობს, ხომ არ აქვს ადგილი მანიპულაციებს, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს არჩევნების შედეგების სიზუსტეს.
მიკროავტობუსი, რომელშიც ისხდნენ სიებით მობილიზებული კოორდინატორები, მე-7 უბნის ამომრჩევლებს ურეკავდნენ
ჩვენი დამკვირვებლების წინააღმდეგ არაერთხელ გამოიძახეს პოლიცია პირებმა, რომლებიც სადამკვირვებლო ბიჯებით იყვნენ წარმოდგენილნი და ცდილობდნენ, ჩვენი წევრები გამოეძევებინათ უბნებიდან ან ხელი შეეშალათ. ამისთვის საპატრულო პოლიციას იძახებდნენ.
უბანშიც იყო პრობლემები, მაგალითად, ვერიფიკაციის პროცესზე დაკვირვება იყო შეუძლებელი“.
ირმა პავლიაშვილის განმარტებით, დამატებით პრობლემას ქმნიდა უბნებზე სიმჭიდროვე, რაც ფოტო- ვიდეოგადაღების შესაძლებლობას არ აძლევდა დამკვირვებელს.
დღეს, 28 ოქტომბერს, თბილისში დაგეგმილ აქციას ბათუმელი ახალგაზრდების ნაწილიც შეუერთდება.
ბათუმელი ახალგაზრდები, რომელთაც „ბათუმელები“ ესაუბრა, ამბობენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელი ბრიფინგისა და აქციაზე გამოსვლის მოწოდების შემდეგ თავადაც გადაწყვიტეს თბილისში, აქციაზე წასვლა. ზოგიერთი მათგანი უკვე თბილისშია.
„ქართულმა ოცნებამ” საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან და გადამწყვეტ არჩევნებზე შედეგები გააყალბა. გააყალბა ხალხის ხმა და ჩაახშო სამართალი ღიად და სამარცხვინოდ, ყველა შესაძლო გზით.
მტკივნეულია, ვხედავდე ამ შედეგს და ვიაზრებდე, რომ შესაძლებელია საქართველო კვლავ დარჩეს რუსული რეჟიმის ქვეშ. შესაძლოა, კვლავ მომიწიოს ვუყურო, როგორ მართმევენ საკუთარ ხმას! როგორ მართმევენ ქვეყანას!” – გვეუბნება აქტივისტი, ანუკა ღონიაძე.
ანუკამ წელს პირველად მიიღო მონაწილეობა არჩევნებში:
„წელს პირველად მქონდა უფლება და პირველად მივიღე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა. ახალგაზრდებს ძალიან დიდი ძალა გვაქვს, რომ შევცვალოთ საქართველოს მომავალი უკეთესობისკენ. უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე.
ნიჰილიზმის დაძლევა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა ვიყოთ ყურადღებით და მხნედ. არ უნდა დავკარგოთ იმედი. უნდა გვჯეროდეს, რომ წინ ნათელი დღეები გველოდება”, – გვითხრა ანუკა ღონიაძე.
„ბათუმელები“ ესაუბრა ახალგაზრდული გაერთიანება „მარტიანელების“ ერთ-ერთ ლიდერს, მათე ცენტერაძეს. მან გვითხრა, რომ ბრძოლას აგრძელებენ:
„ჩვენი არჩევანი, ჩვენი ხალხის გადაწყვეტილება გაიყიდა. გაყიდა რუსულმა ხელისუფლებამ და ვფიქრობდით, რომ ამ ამბავს გაგრძელება უნდა მოჰყოლოდა. გუშინ პრეზიდენტის ბრიფინგი იყო ის გეგმა, ალბათ, რითაც დავიწყებთ ამ ბრძოლას და გავაგრძელებთ იმას, რაც დავიწყეთ გაზაფხულზე [რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ტალღა ბათუმში], თუნდაც 2023 წლის მარტის აქციებზე.
ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე. არც დავღლილვართ ამ ხნის განმავლობაში და არც დანებებას ვაპირებთ“, – გვითხრა მათე ცენტერაძემ.
როგორც მან გვითხრა, ის თბილისში აქციაზე „მარტიანელების“ გუნდის სხვა წევრებთან, მეგობრებთან ერთად მიდის:
„სპონტანურად, დაუგეგმავად გადავწყვიტეთ ბრიფინგის შემდეგ, რომ დღეს თბილისში უნდა ვიყოთ ჩვენი მომავლის დასაცავად.
წინასწარ ვერაფერს ვერ გავთვლით, რა თქმა უნდა. დღევანდელი დღე გადაწყვეტს ალბათ, რა იქნება ხვალ და ზეგ, მაგრამ თუ მოვლენები ისე განვითარდება, რომ უნდა ვიყოთ იქ, აუცილებლად დავრჩებით”, – ამბობს მათე.
მისი თქმით, ამ ხნის განმავლობაში „მარტიანელები“ არსად წასულან:
„ეს ახალგაზრდები სხვადასხვა პლატფორმაზე აგრძელებდნენ ბრძოლას ევროპული მომავლისთვის და აუცილებლად, თუ საჭირო იქნება, რომ ბათუმმაც დააფიქსიროს თავისი პოზიცია ქალაქშივე და არა თბილისში, “მარტიანელები” მაქსიმალურად ჩავერთვებით”, – გვითხრა მათე ცენტერაძემ.
თბილისში დაგეგმილ აქციას უერთდება ბათუმელი მარიამ ჯვართავაც.
„მქონდა იმის მოლოდინი, რომ ასე მარტივად არ დათმობდა რუსული რეჟიმი თავის სკამს და ბოლომდე, უღირსად იბრძოლებდა ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ყველაფერი იღონეს, რომ არჩევნების გაყალბებასთან ერთად, უამრავი მშიერი ადამიანი მოესყიდათ მუქარით და დაშინებით.
რაც სრულწლოვანი გავხდი, არც ერთი არჩევნები არ გამომიტოვებია და ყოველთვის ვაფიქსირებდი ჩემს აზრს, თუმცა ისიც მქონდა გააზრებული, რომ წლევანდელი არჩევნები იმაზე მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე გასული წლების. ეს ემიგრანტებმაც ძალიან კარგად დაგვანახეს“, – გვეუბნება მარიამი. მისი თქმით, ახლა ერთად დგომაა საჭირო: „რათა დასავლეთს ვაჩვენოთ, რომ არ ვეგუებით გაყალბებულ არჩევნებს, არ ვნებდებით და ვიბრძვით ჩვენი ადგილისთვის ევროპაში“.
მარიამ ჯვართავას თქმით, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არსებული ნიჰილიზმი სრულიად მოსალოდნელი იყო:
„ამდენი ბრძოლის და საზოგადოების ამხელა ჩართულობის შემდეგ ადამიანების გარკვეული ნაწილი მაინც არ ელოდა იმ რეალობას, რაც ახლა ჩვენს თვალწინ არის. ამ შემთხვევაში დანებება არ არის გამოსავალი. სადაც პუტინის მარჯვენა ხელები გვიქებენ გაყალბებულ გამარჯვებას, იქ თითოეულმა მოქალაქემ უნდა გავიაზროთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის წინაშე. დროებით შევწყვიტოთ ამა თუ იმ ოპოზიციური პარტიის ლანძღვა, საზოგადოება და პოლიტიკოსები ერთად დავდგეთ.
საქართველოს ჰყავს უამრავი გმირი და არც ერთ გმირს არ დაუთმია საკუთარი სიცოცხლე ბრძოლის გარეშე, ამიტომ ჩვენ მათი სულების სადიდებლად და მათი სახელების უკვდავსაყოფად უნდა დავიბრუნოთ ის, რაც ჩვენია. გავიმარჯვებთ სახელოვნად”, – გვითხრა მარიამ ჯვართავამ.
პრეზიდენტ ზურაბიშვილის ბრიფინგის შემდეგ გადაწყვიტა თბილისში წასვლა ლაშა მიქაშავიძემაც:
„ვფიქრობ, რომ ყველა ახალგაზრდა, ყველა მოქალაქე, რომელსაც თავისუფლებაზე ერთხელ მაინც უფიქრია, უნდა იდგეს დღეს, 19:00 საათზე რუსთაველზე“ – გვითხრა მან.
ლაშა აქციაზე მეგობრებთან ერთად მიდის. მისი თქმით, აპირებენ თბილისში დარჩენას იმდენხანს, რა დროის საჭიროებაც იქნება:
„ქვეყანა დგას დიდი გადაწყვეტილების წინაშე და ჯერ არ ვიცით ეს ყველაფერი როგორ დასრულდება. თავისუფლებისთვის ბრძოლა არ უნდა შევწყვიტოთ. ეს არჩევნები არის აბსოლუტურად გაყალბებული. ადამიანები მოისყიდეს, დააშინეს. მოქალაქეებმა უნდა მივიღოთ სამართლიანი გადაწყვეტილება და ქვეყანა დაუბრუნდეს ევროპული გზას”, – გვითხრა ლაშამ.
„თუ გამოჩნდა მკაფიოდ, რომ საზოგადოება არ ეგუება არჩევნების გაყალბებას, მაშინ შეიძლება ველოდოთ სანქციებს. ეს ხელისუფლება საკმაოდ ახლოს მივიდა ამ ნიშნულთან,“ – მიიჩნევს ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი. მას ვესაუბრეთ იმაზე, რეალურად რა ბერკეტი რჩება საქართველოში დემოკრატიის გადასარჩენად.
პოლიტიკის ანალიტიკოსის აზრით, მაღალი საპროტესტო მუხტის შემთხვევაში, ხელისუფლება იძულებული გახდება, არჩევნების ხელახლა ჩატარებას დასთანხმდეს. კახა გოგოლაშვილის აზრით, ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაც საზოგადოების პროტესტზეა დამოკიდებული: საზოგადოება ჩუმად იღებს და ეგუება არჩევნების გაყალბებას, თუ იბრძვის ქვეყნის გადასარჩენად?
„ბათუმელებმა“ რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორთან, კახა გოგოლაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.
ბატონო კახა, დასავლეთიდან ჩვენი პარტნიორების შეფასება რამდენად მკაფიოა არჩევნების გაყალბებაზე? იქმნება იმის პირობა, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა დაასანქცირონ?
მთავარი ფაქტორი აქ არის ხალხის აქტიურობა. თუ საპროტესტო მუხტი იქნება მაღალი, თუ გამოჩნდა მკაფიოდ, რომ საზოგადოება არ ეგუება არჩევნების გაყალბებას, მაშინ შეიძლება ველოდოთ სანქციებს. ეს ხელისუფლება საკმაოდ ახლოს მივიდა ამ ნიშნულთან.
თუ საპროტესტო მუხტი არ იქნება მაღალი, მაშინ არ ვიცი რა გადაწყვეტილება იქნება სანქციების კუთხით, არ ვარ დარწმუნებული.
გამოდის, ხალხის აქტიურობაზეა ყველაზე მეტად საერთაშორისო აქტორების გადაწყვეტილებები?
რა თქმა უნდა, ხალხის აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე ის, თუ როგორი საინფორმაციო გარემო ჩამოყალიბდება ამ საკითხის გარშემო. ეს იმოქმედებს საბოლოოდ დასავლეთის რეაქციაზე.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება რა გზავნილი იყო თქვენთვის? მან ხაზი გაუსვა საარჩევნო დარღვევების გამოძიებას.
ჩანს, რომ ისინი არ აპირებენ ამ არჩევნების შედეგების ცნობას. თუ ოპოზიციური პარტიები შევლენ პარლამენტში, მაშინ შეიძლება სცნონ და მხოლოდ თითი დაუქნიონ საქართველოს მთავრობას, რომ ეს არ იყო სამართლიანად ჩატარებული არჩევნები, თუმცა ჯერჯერობით ისინი ელიან ხალხის რეაგირებას.
დარღვევების გამოძიება კი, მოგეხსენებათ, გრძელვადიანი ამოცანაა. ამიტომაც, ეს განცხადება უფრო მოწოდებაა, რომ არ ენდობიან არჩევნების შედეგებს. როდესაც ფარულად ყალბდება არჩევნები, ამის მყისიერი დამტკიცება ძალიან ძნელია, ამას სჭირდება რეალურად გამოძიება.
ამ მოცემულობაში კი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საზოგადოების მიუღებლობაა, რაც იქნება ყველაზე მაღალი მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნები მართლაც გაყალბდა. მაგალითად, ვენესუელაში მილიონი კაცი გამოვიდა საპროტესტოდ და აშშ-ის მთავრობამ იქ ჩატარებული არჩევნები არალეგიტიმურად ჩათვალა იმის მიუხედავად, რომ მყისიერი გამოძიება არავის ჩაუტარებია. ხალხის რეაქციის მიხედვით მათ მართლაც დაადგინეს, რომ არჩევნები გაყალბდა.
ამიტომაც ვფიქრობ, რომ პროტესტის მუხტს გააჩნია და პროტესტის დონეს. 2007 წელს სააკაშვილი პროტესტის შედეგად აიძულეს, ჩაეტარებინა ახალი საპრეზიდენტო არჩევნები. როცა პროტესტის დონე მაღალია, ხელისუფლება იძულებული ხდება დათმობაზე წავიდეს. მასზე ამ დროს საერთაშორისო წნეხიც იზრდება.
თუმცა ასე არ მოხდა, მაგალითად, ბელარუსში, სადაც უკვე დიქტატურაა. მაღალი საპროტესტო მუხტის შემთხვევაში ორი გამოსავალი რჩება ხელისუფლებას: დიქტატურა უნდა დაამყაროს, ან უნდა დათანხმდეს ხალხის მოთხოვნას და არჩევნები თავიდან ჩაატაროს. შესაძლოა, ხელისუფლებამ არჩევნები არ ცნოს გაყალბებულად, მაგრამ თქვას, რომ ხალხის მოთხოვნის შესაბამისად, არჩევნებს ატარებენ თავიდან.
„ქართულ ოცნებას“ არჩევნებამდე დაანონსებული ჰქონდა დიქტატურა – ამ პოლიტიკური ძალის დაპირება ეს იყო. ხედავთ შესაძლებლობას, რომ „ოცნება“ დათანხმდეს არჩევნების ხელახლა ჩატარებას?
ხალხი თუ ქუჩაში გამოვა, ის არამხოლოდ გაყალბებული არჩევნების გამო უნდა გამოვიდეს, არამედ იმის გამო, რომ დაანონსებული დიქტატურა არ აღსრულდეს, ჩუმად არ შეეგუოს ამ მოსალოდნელი დიქტატურას.
პროტესტის დონეს და მუხტს გააჩნია, რა იქნება შემდეგ.
თქვენი დაკვირვებით, ამ არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოების ნაწილი მართლაც დააჯერა, რომ „ოპოზიციას ომი უნდა“, თუ მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ არჩევნები უბრალოდ გააყალბა?
ორივე ჩანს. გრძელვადიანად თუ შევხედავთ, იყო ძალიან ბევრი ტყუილი და დეზინფორმაცია, დასავლეთის დემონიზაცია, პოლარიზებული გარემოც შექმნეს და შიშის სინდრომზე გათვლილი სტრატეგიაც ამუშავეს.
ძალიან ბევრი მექანიზმი ვნახეთ, რაც გამოიყენა „ქართულმა ოცნებამ“. მოსახლეობის ნაკლებად გათვითცნობიერებულ ნაწილზეც იმუშავეს ადმინისტრაციული რესურსით, ამას დაემატა პირადობის მოწმობების გაყალბება, რის დადასტურებაც ძალიან ძნელია, თუმცა შესაძლებელი. ამ დოკუმენტაციის შესწავლას ანალიზი სჭირდება…
გაანალიზების შედეგად კი, შესაძლოა დადგინდეს, რომ მინიმუმ რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი გაყალბების გზით იყო შეყვანილი ამომრჩეველთა სიაში. ადამიანები, რომლებიც არიან ემიგრაციაში, იმათ სახელზე გაცემული იყო ახალი პირადობის მოწმობები და ვიღაც სხვა ადამიანები იყვნენ არჩევნებზე მისული.
იყო მოქალაქეების მასშტაბური მოსყიდვაც, მათ შორის, ე.წ. გადაუწყვეტელი მოქალაქეების მოსყიდვა, რომლებიც არ აპირებდნენ არჩევნებზე წასვლას და უთხრეს, მიხვალთ 5 წუთით და მიიღებთ 150, ან 200 ლარს. გაჭირვებული ადამიანი, რომელიც შესაძლოა საერთოდ აპოლიტიკურია, ამას გააკეთებდა.
სერიოზული ეჭვები არსებობს დაშინებაზეც, ასევე მოსახლეობის სხვადასხვა სახით მობილიზაციაზე.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ჩვენ გავხდით მოწმე და მსხვერპლი რუსული სპეცოპერაციის, ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ახალი ფორმის. მიგაჩნიათ, რომ რუსული სქემები იყო გამოყენებული 26 ოქტომბრის არჩევნებში?
რუსეთს დიდი გამოცდილება აქვს არჩევნების გაყალბების. ჩემი აზრითაც, სწორედ რუსეთის კონსულტაციების და მათი იდეების რეალიზება მოხდა ამ არჩევნებზე საქართველოში.
რომ ავიღოთ ეს ხმის მთვლელი აპარატები, ჩვენზე ადრე ეს რუსეთში შემოიღეს და ამიტომაც არ გამოვრიცხავ რუსეთიდან მიეღო „ოცნების“ ხელისუფლებას ინფორმაცია, რომ ამ გზით ბევრად მარტივია მასობრივი გაყალბების ორგანიზება.
ამ მოსაზრებას ამყარებს ისიც, რომ გაზრდილი იყო ამომრჩეველთა რაოდენობა. გვითხრეს, რომ მოსახლეობის აღწერა არ ჩატარებულა და მაღალია ეს ციფრი იმიტომ, რომ ემიგრანტია ბევრი, ქვეყნიდან წასულები არიანო. არავინ იცის, ზუსტად რამდენი ადამიანი წავიდა ქვეყნიდან, არიან თუ არა ისინი რეალური ამომრჩევლები.
მათ გაზარდეს ეს ციფრი შეგნებულად, რომ ამომრჩეველთა აქტიურობა არ ეჩვენებინათ მაღალი. გვეუბნებიან, რომ სადღაც 60 პროცენტის ფარგლებში იყო გამოცხადება, ამომრჩეველთა რეალური ციფრი რომ გვქონოდა, ავიდოდნენ სადღაც 80 და მეტ პროცენტზე, ფიზიკურად კი, ამდენი ადამიანი არჩევნებზე ვერ მიდის საერთოდ.
თქვენი აზრით, რა უნდა ქნას ოპოზიციამ ახლა?
მიზანი უნდა იყოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. პროტესტის და ბოიკოტით ეს შესაძლებლობა არსებობს.
თუ არჩევნები ხელახლა ჩატარდება, ცხადია, ცესკო უნდა შეიცვალოს და საზოგადოებრივი პროტესტის პირობებში საარჩევნო კანონმდებლობაც უნდა შეიცვალოს. მაგალითად, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნოს ოპოზიციის წარმომადგენელი, კომისიებში ოპოზიციიდან მეტი წარმომადგენელი შევიდეს.
იმედგაცრუებულ ადამიანებს რა შეგიძლიათ უთხრათ: რა შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს მათ პროტესტის აზრი?
თუ ადამიანებს ეზარებათ დემოკრატიისთვის ბრძოლა და აქ მარტო არჩევნების შედეგზე არ არის საუბარი, არამედ დაპირებებზე, რის შესრულებასაც აპირებს „ქართული ოცნება“, თუ არჩევნები გაფორმდება, რა აზრი აქვს მაშინ საერთოდ დემოკრატიისთვის ბრძოლას?
ავტორიტარულ სახელმწიფოში უბრძოლველად არაფერი არ მოდის, უბრძოლველად მეტად და მეტად მოვხვდებით მონობის უღელში.
თქვენი აზრით, საზოგადოების ხელში ჯერ კიდევ არსებობს ბერკეტი, დიქტატურის დამყარება არ დაიწყოს „ქართულმა ოცნებამ“, რასაც ეს პარტია წინასაარჩევნოდ დაგვპირდა?
დიახ, ეს კანონი იმიტომაც მიიღეს, რომ ნიჰილიზმი დაეთესათ. ადამიანებმა იფიქრეს, ამდენი პროტესტის შემდეგ კანონი მაინც მიიღეს. შემდეგ იფიქრეს, არჩევნებზე მივიდეთო, მაგრამ ეს არჩევნებიც გააყალბეს. საბოლოოდ, თუ ხალხი ხელს ჩაიქნევს, მაინც არაფერი გამოდის, აჯობებს, წავიდე და ჩემს საქმეს მივხედოო, გამოვა, რომ ხალხი თანხმდება იმას, სამუდამოდ დარჩეს მართული.
ეს ჰგავს დაახლოებით ხარს, რომელსაც მოათვინიერებენ იმ კორიდაზე და ვეღარ ინძრევა, ან ცხენს, რომელსაც გახედნიან. ხალხიც ასეა: თუ გაგხედნეს, მერე გაგაჭენებენ, მერე კი, მთელი ცხოვრება გაატარებ ასე, ვიღაც გეჯდება ზევიდან, გაგაჭენებს აქეთ და იქით.
იმ ქვეყნებში, სადაც დამყარდა სტაბილური დიქტატურა, თავისუფლების მოყვარული ხალხი უბრალოდ გარბის, მაგალითად, ვენესუელაში 25 პროცენტი ვენესუელიდან წავიდა, კუბიდან მოსახლეობის ნახევარი წავიდა და აშშ-ში დასახლდა. როდესაც ავტოკრატიის კონსოლიდაცია ხდება და ის გადაიზრდება დიქტატურაში, მერე უკვე ძალიან ძნელია რამე უშველო მაგას, ვენესუელაში არჩევნები ხალხმა კი გააპროტესტა, მაგრამ პირდაპირ არმია გამოიყვანეს მათ წინააღმდეგ ქუჩაში. აქამდე თუ მივიდა საქმე, მოუწევს უმეტესობას ქვეყნის დატოვება.
ეს განსაკუთრებით ახალგაზრდებს უნდა ესმოდეთ, რომლებსაც სურთ ამ ქვეყანაში ცხოვრება: ან შენ შეაჩვევ ხელისუფლებას, რომ შენს ნებას პატივი უნდა სცენ, ან მთავრობა შეგაჩვევს იმას, რომ შენი ნება არ უნდა გამოხატო, უნდა გააკეთო ის, რასაც გიბრძანებენ.
საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საუბრისას ხშირად კვლევითი და სამეცნიერო სფერო ყურადღების მიღმა რჩება. ამ სტატიაში ვსაუბრობთ, რა მდგომარეობაშია დღეს საქართველოს კვლევითი სფერო; ერთი მხრივ, რას მოუტანს მას ევროინტეგრაციისკენ გზის გაგრძელება, მეორე მხრივ კი, რამდენად დამაზიანებელი შეიძლება იყოს სამეცნიერო სფეროსთვის ამ გზიდან გადახვევა.
„გარდა იმისა, რომ ევროპულ სივრცესთან მიახლოება გვაძლევს საერთო კვლევით პროექტებში ჩართვის და იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენი კვლევები წარვმართოთ დასავლური სტანდარტის მიხედვით, ეს ასევე გვაძლევს საშუალებას, დასავლეთში გავიტანოთ ცოდნა საქართველოს შესახებ. მერწმუნეთ, მხოლოდ ჩურჩხელითა და ღვინით ცოდნა არ შეიქმნება; ცოდნა რომ შეიქმნას, კვლევა უნდა წარმოებდეს დასავლური სტანდარტით და კვლევის შედეგები ქვეყნდებოდეს დასავლურ აკადემიურ გამოცემებში“.
– ასე გვიპასუხა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ლევან ცაგარელმა კითხვაზე – რას შეცვლის ქვეყნის სამეცნიერო სფეროსთვის ევროინტეგრაცია. იგი ასევე აღნიშნავს, რომ ევროპულ სამეცნიერო სივრცესთან დაკავშირების პროცესი საქართველოში წლებია დაწყებულია, თუმცა თუ ამ სივრცეს ჩამოვშორდებით, ისევ იზოლაციაში აღმოვჩნდებით:
„ეს პროცესი ჩვენთან დაწყებულია და ალბათ 20 წელია მიმდინარეობს, მაგრამ თუკი ჩვენ ჩამოვშორდებით ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეს, ეს პროცესი ისევ შეჩერდება და აღმოვჩნდებით იმ იზოლირებულ მდგომარეობაში, რომელშიც ვიყავით საბჭოთა კავშირის დროს. გაუგებარი მეთოდებით და სტანდარტებით, გაუგებარი ადრესატისთვის შევქმნით კვლევით პროდუქტს. ჩვენი მეთოდიკა არ დაექვემდებარება არც გადამოწმებას და არც მეცნიერულ ვალიდაციას“.
ლევან ცაგარელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
ლევან ცაგარელი იხსენებს პერიოდს, როცა ის იყო დეკანი და როცა მისთვის ევროპულ სივრცესთან მიახლოების პროცესი შესამჩნევი გახდა:
„როდესაც ვიყავი დეკანი, ვოცნებობდი იმაზე, რომ ევროპიდან დამკავშირებოდნენ და ეთხოვათ ჩვენი ფაკულტეტისა და კვლევითი ინსტიტუტების ჩართულობა მათ პროექტებში. ბოლო 2-3 წელია, როგორც იქნა, ეს პროცესი დაიწყო. მიკავშირდებიან და უნდათ ჩვენთან თანამშრომლობა, გარკვეული ტიპის პროექტებში ჩვენი ჩართულობა. ეს უზომოდ მახარებს“.
თუმცა პროფესორი ამბობს, რომ წელს უკვე კითხვის ნიშნები გაჩნდა ამ სივრცესთან საქართველოს კავშირის შესახებ:
„ზაფხულში, როდესაც მქონდა შეხვედრა გერმანულ მხარესთან (ბევრი სხვადასხვა მხარე იყო ჩართული ამ პროცესში: ავსტრიული, გერმანული, უკრაინული და ა.შ), იქ უცნაურმა კითხვამ გაიჟღერა – რატომ არის საქართველო კონსორციუმის წევრი? ეს იყო კითხვა, რომელმაც ძალიან შემაშფოთა. მართალია, დიპლომატიურად იყო დასმული, მაგრამ გასაგები იყო, რასაც გულისხმობდნენ.
ახსენეს კიდეც, რომ იმ პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით, რაც ახლა მიმდინარეობს ქვეყანაში, სათუოა საქართველოს ჩართულობის ღირებულების დამტკიცება ამ პროცესში.“
ლევან ცაგარელი ხაზს უსვამს, რომ საქართველო თავისი სწავლების თუ კვლევითი მეთოდებით ჯერ კიდევ პოსტსაბჭოთა სივრცედ უნდა მივიჩნიოთ. მიზანი კი, ამ მეთოდებისა და მიდგომებისგან გათავისუფლებაა, რაც შესაძლებელი გახდება ევროპულ სივრცესთან მიახლოებით:
„ევროპულ სივრცესთან მიახლოება ქართულ აკადემიურ სივრცეს უქადის იმას, რომ ის შეიძლება ცოტათი გათავისუფლდეს პოსტმარქსისტული გავლენებისგან, იქნება ეს სწავლება, სწავლა, შეფასება თუ კვლევა და როგორღაც ისწავლოს იმ კვლევითი სტანდარტების დაცვით მუშაობა, რომლითაც მუშაობს მთელი ცივილიზებული მსოფლიო“.
საუბარს საქართველოში მკვლევრის მდგომარეობის შესახებ ვაგრძელებთ. მეცნიერის შეფასებით, ამ საკითხში დასავლურ დაფინანსებას საკვანძო მნიშვნელობა აქვს:
„მკვლევარი საქართველოში ძირითადად რაღაცის გაკეთებას ახერხებს დასავლური დაფინანსების წყალობით – ეს არის საერთაშორისო საგრანტო პროექტები: ერაზმუსი, DAAD… ყველანაირად გეხმარებიან, რომ წახვიდე შენი პროექტით დასავლეთში და კვლევა ჩაატარო.
მოთხოვნებიც აქვთ საკმაოდ მოქნილი, ისეთი, რომ მშვიდად, წყნარად და მოზომილად ჩაატარო შენი კვლევა. საქართველოში კი, კვლევა რეალურად არ არის სახელმწიფო ინტერესებში, რადგან მხოლოდ ერთი – რუსთაველის ფონდი გვაქვს, რომელიც კვლევას აფინანსებს და მასაც საკმაოდ შეზღუდული ბიუჯეტი აქვს: ყოველწლიურად ძალიან ბევრი პროექტი რჩება დაუფინანსებელი“.
ლევან ცაგარელი აღწერს რა ძირეული განსხვავებაა კვლევის დაფინანსებაში ქართულ და ევროპულ ფონდებს შორის:
„პატარა ქვეყანა ვართ და ბიუჯეტიც მცირეა გამოყოფილი, შეგვიძლია ამას როგორღაც შევეგუოთ, მაგრამ პრობლემა ბევრად დიდია: რუსთაველის ფონდის მართვა აგებულია ჩინოვნიკურ პრინციპებზე – მათ სჭირდებათ თვლადი მონაცემები იმისათვის, რომ გაღებული თანხა მიზანშეწონილად მიიჩნიონ.
პრობლემა რაშია – როგორც ჩანს, იმ ადამიანებმა, ვინც რუსთაველის ფონდში პროექტების დაფინანსების მენეჯმენტში არიან ჩართულები, დიდად არ იციან რა არის კვლევა. მათ კვლევის გამოცდილება არ აქვთ და არ იციან, რომ შეიძლება შენი კვლევის პროდუქტი იყოს სხვაგვარი – ჩაფიქრებული გქონდეს სტატია და გამოგივიდეს მონოგრაფია, ან დაგაგვიანდეს, იმიტომ, რომ მონაცემების რაოდენობა იყოს უფრო დიდი, ვიდრე ელოდი და 1 წელში ვერ ჩააბარო ის, რაც გეგმაში გეწერა. როცა აგვიანებ ან რაღაცას დროზე ვერ წარადგენ, უმალ გიჩერდება ყველა დაფინანსება. ეს არ არის კვლევის ჯანსაღი დაფინანსების მექანიზმი.
ჯანსაღი დაფინანსების მექანიზმი აქვს, მაგალითად, ვილჰელმ ჰუმბოლდტის ფონდს, რომელიც გეუბნება – გადაწყვიტე რას გააკეთებ, მე მოველი შენგან იმას, რომ რასაც გამოაქვეყნებ კვლევის ფარგლებში, რომელიც ჩემი ფონდის დახმარებით განახორციელე, მიუთითებ ჩემი ფონდის დასახელებას. თუ ახლა არ გაქვს სტატია, როცა გექნება, მაშინ მომაწოდე ინფორმაცია – ეს არის კვლევის ცოდნაზე დაფინანსების მექანიზმი“.
კვლევითი სფეროს მდგომარეობაზე საუბრისას თსუ-ის პროფესორი, მარინე ჩიტაშვილი აღნიშნავს, რომ კვლევითი სფერო საქართველოში მძიმე მდგომარეობაშია:
„კვლევითი სფერო ამ წუთას მძიმე მდგომარეობაშია მარტივი მიზეზის გამო – კვლევითი ინსტიტუტების ინტეგრაცია მოხდა უნივერსიტეტებთან.
ინსტიტუტებისთვის, რომლებიც მიუერთდნენ უნივერსიტეტებს, წლიურად დაფინანსების სახით მოდის 32 მილიონი ლარი, რომელიც რეალურად არის მიმდინარე ხარჯების და ხელფასების ანაზღაურება. რუსთაველის ფონდს გადაეცემა დამატებით 32 მილიონი ლარი.
საბოლოო ჯამში, წელიწადში მეცნიერების განვითარებაზე გამოყოფილია მაქსიმუმ 70 მილიონი ლარი. ეს თანხა რომ გადავიყვანოთ ევროში ან დოლარში, საუკეთესო შემთხვევაში, თანამედროვე კვლევითი საგრანტო დაფინანსებისთვის არის 10-12 სერიოზულია გრანტი, მეტი არა“.
მეცნიერი აღნიშნავს, რომ ინსტიტუციებს, რომლებიც კვლევით საქმიანობას ეწევიან, დამატებითი დაფინანსება კვლევითი საქმიანობის წარმოებისათვის არ აქვთ. იგი ერთმანეთს ადარებს საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებში სამეცნიერო სფეროსთვის გამოყოფილ თანხებს:
„ჯამში, საქართველოში მეცნიერებაზე წასული დაფინანსება მთლიანი შიდა პროდუქტის 0.3 პროცენტია. ეს, ფაქტობრივად, არაფერია – იმისთვისაც კი არ არის საკმარისი, რათა არსებული დონე შევინარჩუნოთ, ამისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 1 პროცენტი მაინც არის საჭირო. ევროკავშირის ქვეყნებს თუ შევადარებთ, იქ სამეცნიერო სფეროს დაფინანსება საშუალოდ, მთლიანი შიდა პროდუქტის 3-4 პროცენტია, ზოგიერთ ქვეყანაში 7 პროცენტამდეც ადის. ჩვენ ასეთ ფუფუნებამდე დიდი ხანი ვერ მივალთ“.
მარინე ჩიტაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
პროფესორი ასევე საუბრობს საქართველოს საერთაშორისო პროექტებში ჩართულობაზე, რომელიც ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულებამ მოუტანა.
საქართველო მონაწილეობს „ჰორიზონტი 2020-ში“ (Horizon 2020 Research & Innovation) და ახლა იღებს მონაწილეობას „ჰორიზონტი ევროპაშიც“ (Horizon Europe), რომელიც 2021 წლიდან დაიწყო, 2027 წლამდე გრძელდება და რომლის ბიუჯეტიც 93.5 მილიარდი ევროა.
მართალია, ამ საგრანტო შესაძლებლობებიდან საქართველოში გრანტების მცირე რაოდენობა წამოვიდა, თუმცა საქართველოსთვის მაინც წარმატებაა. მეცნიერი მთავარ პრობლემად მიიჩნევს იმას, რომ საქართველოში მეცნიერების მენეჯმენტი ყურადღების მიღმაა დარჩენილი:
„პროგრამაში მონაწილეობისთვის ჩვენ ვიხდით საწევრო გადასახადს, ამ საწევროს თითქმის 90 პროცენტს ევროკავშირი გვიბრუნებს უკან, მეცნიერებაში ჩასადებად და მისი განვითარების მიზნით. თუ არ ჩავთვლით, რომ გაკეთდა „ჰორიზონტი 2020“-ის ოფისები დიდ უნივერსიტეტებში, დღემდე, ქვეყანას კონკრეტული სტრატეგიული პრიორიტეტი არ განუსაზღვრავს, რომელშიც ფულს ჩადებდა.
ცენტრალური პრობლემაა, რომ მეცნიერების მენეჯმენტი საერთოდ ყურადღების მიღმა რჩება“.
მეცნიერი თვლის, რომ აუცილებელია კვლევით დარგებს მიენიჭოს პრიორიტეტი, რაც მოხდა ესტონეთში ევროინტეგრაციის შემდეგ და ძალიან დიდი შედეგიც მოიტანა:
„ყველა ქვეყანას აქვს შემუშავებული გარკვეული პრიორიტეტი. ეს პრიორიტეტები შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ 10 წელი მაინც უნდა იყოს, რათა იცოდე, რა მიმართულებით იკვლევ.ჩვენ შემთხვევაში არ არსებობს ასეთი პრიორიტეტიზაცია – რომელი დარგი განვავითაროთ. მაგალითად, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას 84 პრიორიტეტი აქვს გამოყოფილი, მაშინ, როდესაც ამერიკის მეცნიერების ფონდს აქვს 4 პრიორიტეტი.
ესტონეთმა, მას შემდეგ, რაც გათავისუფლდა, პირველივე სტრატეგიაში (ახლა უკვე მეცნიერების და განათლების განვითარების მეხუთე სტრატეგია აქვთ გამოყოფილი), როგორც კი დაასრულეს პროგრამული აკრედიტაცია, დადო 4 პრიორიტეტი. ამ 4 პრიორიტეტით ესტონეთი სად წავიდა თავის მეცნიერებაში, ყველამ კარგად ვიცით“.
მარინე ჩიტაშვილი სამეცნიერო სფეროს ძირეულ პრობლემად მიიჩნევს დოქტორანტებისთვის დაფინანსების არარსებობას:
„სანამ ჩვენ არ ვაფინანსებთ დოქტორანტურას, მანამ არ ვქმნით ცვლას იმისათვის, რომ კვლევა გაგრძელდეს საქართველოში. ყველამ, ვისაც არ გადაუწერია და გაუკეთებია დისერტაცია, კარგად იცის, რომ ეს არის ჯოჯოხეთური შრომა და სხვა რამისათვის დრო აღარ გაქვს. როცა დოქტორანტს ავალებ, რომ საკვლევი თემისა და ჩვეულებრივი ყოფითი სიტუაციების გარდა, სხვა რამეები აკეთოს, ის ვეღარ იფიქრებს მეცნიერებაზე.
ამიტომ უნდა გადაიხედოს სადოქტორო პროგრამები – რომელი პროგრამაც არ ვარგა, უნდა დაიხუროს; რამდენიმე უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს ერთი სადოქტორო პროგრამა, რომელშიც ჩადებენ თავიანთ რესურსებს. როგორც ევროკავშირი გვეუბნება, დოქტორანტები უნდა იყვნენ ახალგაზრდა მკვლევრები და მიიღონ ხელფასი იმისათვის, რათა დაასრულონ თავიანთი დისერტაცია“.
ამ საკითხზე ვესაუბრეთ განათლების მკვლევარ ლელა ჩახაიას, რომელიც ამჟამად დოქტორანტებთან მუშაობს და ასევე აქვს სადოქტორო საფეხურზე ევროპაში სწავლის გამოცდილებაც:
„2012 წელს ჩავაბარე დოქტორანტურაში ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტში (European University Institute). ეს არის ევროკავშირის მიერ დაარსებული კვლევითი ინსტიტუტი – ძირითადად კვლევაზეა ორიენტირებული და აქვს როგორც სადოქტორო, ისე პოსტსადოქტორო პროგრამები.
ევროკავშირის ყველა ქვეყანა აფინანსებს საკუთარ მოქალაქეებს და გამოყოფს როგორც სასწავლო, ასევე ყოველთვიურ საცხოვრებელ სტიპენდიას, რათა დამატებით მუშაობა არ მოგიწიოს და გქონდეს შემოსავლის წყარო. საქართველო ევროკავშირის წევრი არ არის, ამიტომ სხვადასხვა ქვეყანას ჰქონდა გამოყოფილი დაფინანსება არაევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის და მე დამაფინანსა იტალიის მთავრობამ“.
ლელა ჩახაია
ლელა ჩახაია აღნიშნავს, რომ საქართველოში სტუდენტებისთვის ძალიან რთულია ცხოვრება, თუმცა დოქტორანტებისთვის განსაკუთრებულად რთულად დგას ეს საკითხი:
„როცა დოქტორანტურის ეტაპამდე მიდიხარ, უკვე ასაკიც ისეთი გაქვს, რომ ოჯახი ვეღარ გარჩენს. საქართველოში დოქტორანტების მდგომარეობა ასეთია – დღე და ღამე მუშაობენ და საღამოს შვიდიდან ეწყებათ ლექციები.
ჩემი გამოცდილება ამისგან ძალიან განსხვავებული იყო. სწავლის გადასახადი მთლიანად დამიფარეს და მეძლეოდა სტიპენდია, რომელიც მყოფნიდა საცხოვრებლად. ეს ძალიან დიდი ფუფუნებაა დოქტორანტისთვის, რომელსაც უნდა კონცენტრირდეს თავის კვლევაზე.
მეორე მხრივ, ეს ფუფუნება არ არის, ეს არის რეალურად ის, რაც გჭირდება, რათა განვითარდე და განივითარო ის უნარ-ჩვევები, რაც უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომელიც ასრულებს დოქტორანტურის საფეხურს“.
მეორე მნიშვნელოვან ფაქტორად ლელა ჩახაია აკადემიური პერსონალის დაფინანსების საკითხს მიიჩნევს:
„მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია აკადემიური პერსონალის მიერ დოქტორანტისთვის ხელმძღვანელობის გაწევა. საქართველოში, როგორც სტუდენტს, ისე აკადემიურ პერსონალს არ აქვს იმის საშუალება, რომ სრულად კონცენტრირდეს თავის კვლევასა და სტუდენტებზე – ანაზღაურება არ არის შესაბამისი და ბევრ ადგილას უწევთ მუშაობა.
გარდა ამისა, თავად უმაღლესი განათლების დაფინანსების სისტემაც ასეთია საქართველოში – აკადემიურ პერსონალს ხელფასს უხდიან სწავლებაში, არა ხელმძღვანელობაში ან საკუთარი კვლევის წარმოებაში, ეს არაფერში ეთვლებათ.
დოქტორანტი კი, რომელსაც ჰყავს ხელმძღვანელი და მას ხელმძღვანელობა არაფერში ეთვლება, დიდი პროფესიონალი და ძალიან მონდომებულიც რომ იყოს, ვერ იქნება ისეთი კარგი ხელმძღვანელი, როგორი კარგიც მე მყავდა დოქტორანტურაში სწავლის პერიოდში – მას ჰქონდა მოტივაცია, ჩემთვის კარგად ეხელმძღვანელა“.
საუბრის დასასრულს ლელა ჩახაია დასძენს, რომ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უნივერსიტეტებში სხვადასხვა რესურსის არსებობა.
„საერთაშორისო მონაცემთა ბაზები, ჟურნალების ბაზები, კომპიუტერული პროგრამები, სტატისტიკური ანალიზის პროგრამები, ეს არის ის რესურსი, რომელიც უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, ეს რესურსი აქაც არსებობს, თუმცა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ევროპაში“ – ამბობს ის.
ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა მიიღო დაფინანსება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID). ბათუმელები/ნეტგაზეთი ინარჩუნებს სრულ სარედაქციო დამოუკიდებლობას. ბათუმელების/ნეტგაზეთის მიერ გამოქვეყნებული მასალა არ ასახავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოზიციას.
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით ვერიფიკაციის აპარატების, ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრების, ვერიფიკაციის აპარატებში არსებული სიის და ამომრჩეველთა ერთიანი სიის აუდიტს ითხოვს.
„ჩვენ გვაქვს ფაქტები: ვნახეთ, რომ ვერიფიკაციის აპარატის გადატვირთვისა და გაჭედვის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ვერიფიკაციის სერვერი არ კითხულობდა პირადობებს და უწევდათ ხელით შეყვანა.
დარღვეული იყო სინქრონიზაცია, კერძოდ ერთსა და იმავე უბანზე განთავსებული აპარატები სხვადასხვა მონაცემს აჩვენებდა.
უბანზე არსებობდა მაღალსიჩქარიანი 5G ინტერნეტ კავშირი, რომელიც ჩართული იყო სპეციალურ ელექტრონულ მოწყობილობა – პლანშეტში.
ამ ყველაფრის ფონზე, მოვითხოვთ, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდეს ვერიფიკაციის აპარატების, ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრების, ვერიფიკაციის აპარატებში არსებული სიის და ამომრჩეველთა ერთიანი სიის აუდიტი,“ – ამბობს თამარ კორძაია, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი.
26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 99%-ზე მეტი უკვე დათვლილია. ცესკო-ს ბოლო მონაცემებით, მმართველ პარტიას 53.931% აქვს. „ოცნების“ გარდა, 5%-იანი ბარიერი გადალახა კიდევ ოთხმა პარტიამ/კოალიციამ.
ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.
„არ ვაღიარებ ამ არჩევნებს. ამ არჩევნების აღიარება არ შეიძლება. ეს იგივეა, რაც რუსეთის აქ შემოსვლის აღიარება, რუსეთის მიმართ საქართველოს დაქვემდებარების,“ – თქვა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 27 ოქტომბერს, ორბელიანების სასახლეში გამართული ბრიფინგისას.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგებსფაქტობრივად მხოლოდ „ქართული ოცნება“ აღიარებს.
„არჩევნები მოპარულია“ – აცხადებენ ბარიერგადალახული პარტიები, ხოლო ადგილობრივი დამკვირვებლების განცხადებით: „კენჭისყრა უთანასწორო, ძალადობრივ, დაძაბულ გარემოში წარიმართა“ და „ცესკოს წინასწარი შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას“.
„ხმის მიცემის ფარულობა ხშირად იყო კომპრომეტირებული და ვრცელდებოდა დაშინებისა და ამომრჩეველთა ზეწოლის ცნობები“ – აცხადებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია საქართველოში.
სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციურმა სადამკვირვებლო მისიამ, „ჩემი ხმა“, კენჭისყრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ცესკოს მიერ გამოცხადებული წინასწარი შედეგები ამომრჩევლის ნებას არ ასახავს და შედეგების გაბათილება მოითხოვა.
მისიის განცხადებით, 26 ოქტომბერს მიიღეს უბნებზე მარკირების განუხორციელებლობისა და მარკირების გარეშე ხმის მიცემის ფაქტების შესახებ 347 შეტყობინება; ხმის მიცემის ფარულობისდარღვევის შესახებ – 89 შეტყობინება; დაფიქსირდა უბანზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნის 341 შემთხვევა; ფიზიკური დაპირისპირების/მუქარის/ძალადობის – 96 შემთხვევა; ასევე, დაფიქსირდა „ჩემი ხმის“ დამკვირვებლების დაკვირვების უფლების შეზღუდვა – 163 შემთხვევა.
მისიამ დარღვევების მხრივ განსაკუთრებით გამორჩეული ოლქებიც დაასახელა, რომელთა შორის არის ბათუმიც, სადაც ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, ამომრჩეველზე ერთზე მეტი ბიულეტენის გადაცემა ან/და ყუთში მოთავსებისა თუ მარკირების დაუცველობის მხრივ დააფიქსირეს დარღვევები.
საარჩევნო უბნებზე სხვადასხვა სახის დარღვევების შესახებ ბათუმის N79 საოლქო კომისიაში 28 ოქტომბრის დილის მონაცემებით ჯამში 79 საჩივარია შესული. საოლქო კომისიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ საჩივრების განხილვა ჯერ არ დაწყებულა.
ბათუმის ოლქში სულ 90 უბანი იყო გახსნილი.
დარღვევების გამო განსხვავებული აზრი დააფიქსირეს ბათუმში საუბნო კომისიის წევრებმაც. ზოგიერთი უბნის შემაჯამებელ ოქმს ახლავს ახნა-განმარტებები.
მაგალითად, #33-ე უბნის კომისიის ერთ-ერთი წევრი განსხვავებულ აზრში აფიქსირებს ფაქტობრივად ყველა იმ ძირითად დარღვევებს, რომლებიც ამ და სხვა უბნებზეც დაფიქსირდა ბათუმში – „ოცნების მარშუტკების მობილიზება უბნებთან“, „ამომრჩევლების მოქრთამვა“, „მარკირებული ამომრჩევლების მიერ ხმის მიცემა“, „ოცნების კოორდინატორების აგიტაცია საარჩევნო უბნებთან“ და სხვა:
ამონარიდი კომისიის წევრის ჩანაწერიდან:
„..უბანზე არჩევნებში მონაწილეობა მიიღო უკვე მარკირებულმა 5-მა პირმა. კანონით დაუშვებელი კარუსელის დროს თავმჯდომარე გადაწყვეტილებებს იღებდა ერთპიროვნულად. …საარჩევნო უბნის შემოსასვლელში ამომრჩევლებს ხვდებოდა „ქართული ოცნების“ ზონის კოორდინატორი, აგიტაციას უწევდა მათ“.
ბათუმის 79-ე ოლქი, #33 საუბნო საარჩევნო კომისია
განსხვავებული აზრები და ახსნა-განმარტებების ნაწილი ბათუმის საარჩევნო უბნებიდან:
ბათუმის 79-ე ოლქი, #5 საუბნო საარჩევნო კომისიაბათუმის 79-ე ოლქი, #5 საუბნო საარჩევნო კომისიაბათუმის 79-ე ოლქი, #13 საუბნო საარჩევნო კომისიაბათუმის 79-ე ოლქი, #14 საუბნო საარჩევნო კომისიაბათუმის 79-ე ოლქი, #25 საუბნო საარჩევნო კომისიაბათუმის 79-ე ოლქი, #52 საუბნო საარჩევნო კომისია
ბათუმის 70-ე საარჩევნო უბნის შესწორების ოქმში აღნიშნულია, რომ ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა ნაცვლად 36-ისა უნდა იყოს 35, თუმცა შემაჯამებელ ოქმში ბათილი ბიულეტენების რაოდენობად სულ სხვა რიცხვია მითითებული – 20:
ბათუმის 79-ე ოლქი, #70 საუბნო საარჩევნო კომისიაბათუმის 79-ე ოლქი, #54 საუბნო საარჩევნო კომისიაბათუმის 79-ე ოლქი, #54 საუბნო საარჩევნო კომისიაბათუმის 79-ე ოლქი, #62 საუბნო საარჩევნო კომისია
„ვერიფიკაციის აპარატებში არსებული საარჩევნო სიები არ იყო გამჭვირვალე. ჩვენ არ გვქონდა შესაძლებლობა ამ სიებზე დაკვირვების და დუბლირების გადამოწმების. შესაბამისად, ვთვლით, რომ ხელისუფლებას ჰქონდა ძალიან ფართო შესაძლებლობა მაშინ, როდესაც არც დამკვირვებელს, არც წარმომადგენელს, არავის არ ჰქონდა შესაძლებლობა სიების გადამოწმების.
მათ [ხელისუფლებას] ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ გაორებები მოეხდინათ სიებში. ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოგვცეს წვდომა როგორც ვერიფიკაციის აპარატებზე, ასევე ვერიფიკაციის დამადასტურებელ ქვითრებზე, რომლებიც არის დალუქული და ინახება ცესკოში.
გზა, რომლითაც ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა დავამტკიცოთ მასობრივი გაყალბებები, ეს არის ამ დოკუმენტაციის გადამოწმება”, – განაცხადა „ერთიანობის“ წევრმა თამარ კორძაიამ:
26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, განცხადება გააკეთეს პოლიტიკურმა გაერთიანებებმა: „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ძლიერი საქართველო“, „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ და, ასევე გახარიას პარტიამ.
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ აცხადებს, რომ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, ვინაიდან არჩევნები მოპარულია. იმავეს აცხადებს„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“. ასევე, კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ამბობს, რომ ცესკოს მიერ გამოცხადებული წინასწარი შედეგები არ შეესაბამება მოქალაქეთა რეალურ ნებას.
რაც შეეხება გახარიას პარტიას, პარტიამ განაცხადა, რომ დაელოდებიან საბოლოო შედეგებს და აქვთ არჩევნების გაყალბების – მათ შორის ე.წ. „კარუსელის“ – და ამომრჩევლის მოსყიდვის მტკიცებულებები და პარტიამ უკვე შეიტანა საჩივრები შესაბამის ორგანოებში.
პარტია საქართველოსთვის ლიდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ ის შედეგები, რომელიც ცესკომ გამოაქვეყნა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. გიორგი გახარია ამბობს, რომ არჩევნები მოპარულია.
ქვეყანაში არსებული მძაფრი პოლარიზაცია, ამომრჩევლებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე შეუსაბამო ზეწოლის ფაქტები და დაძაბულობა, რომელიც კეჭისყრის დღეს ვიხილეთ, ნათლად გვაჩვენებს, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი”, – აღნიშნა ოუენ მერფიმ, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა:
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 28 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 690 720 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 680]
ტანკი – 9 120 ერთეული [+7]
ჯავშანტექნიკა – 18 395 ერთეული [+40]
საარტილერიო სისტემა – 19 872 ერთეული [+51]
MLRS – 1 240 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 984 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 17 867 ერთეული [+68]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 625 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 27 660 ერთეული [+100]
სპეცტექნიკა – 3 556 ერთეული [+14]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 28 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
647 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
34 685 უპილოტო საფრენი აპარატი
584 საზენიტო სარაკეტო სისტემა
18 894 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 480 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
16 887 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
27 694 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] წინასწარი მონაცემების თანახმად, 2024 წლის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო.
უსკო აცხადებს, რომ „ოცნებამ“ მიიღო საარჩევნო ხმების 57.43%, სულ 110 130 ხმა.
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში სულ 11 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობდა. უსკოს მიერ დათვლილი წინასწარი შედეგები ასე გამოიყურება:
უსკოს ცნობით, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე 317 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 317 119 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 197 814-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 62.38 % შეადგენს.
_______________
ფოტოზე: საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ბათუმში
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების თანახმად, საქართველოში თითქმის ყველა საარჩევნო უბანი დათვლილია და ხმათა უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო – 54.086 %, რაც 1 117 480 ხმაა.
რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, ცესკოს წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:
ეს ის პარტიები და ოპოზიციური გაერთიანებებია, რომლებმაც, ცესკოს ცნობით, გადალახეს 5-პროცენტიანი ბარიერი და პარლამენტში მოხვდებიან.
ასევე ცესკოს ცნობით, „გირჩმა“ ამომრჩეველთა ხმების 3.011% მიიღო – 62 217 ხმა, ხოლო „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ – 2.442 %, ანუ 50 463 ხმა.
არჩევნებში სულ 18 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობდა. დანარჩენმა პარტიებმა ვერ გადალახეს 1-პროცენტიანი ზღვარიც.
ცესკოს წინასწარი შედეგები მნიშვნელოვნადაა აცდენილი ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით, ორგანიზაცია Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებს. Edison Research-ის ეგზიტპოლის თანახმად, „ოცნებამ“ მიიღო 40,9% პროცენტი, ცესკოს მონაცემები კი ყველაზე ახლოსაა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, ორგანიზაცია „გორბის“ მიერ ჩატარებულ ეგზიტპოლის მონაცემებთან, რომელმაც „ოცნებას“ 56.1 პროცენტი დაუწერა.
ცესკოს წინასწარ მონაცემებს მსხვილი ოპოზიციური პარტიების ნაწილი არ ეთანხმება.
გუშინ, 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, განცხადება გააკეთეს პოლიტიკურმა გაერთიანებებმა: „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ძლიერი საქართველო“, „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ და, ასევე გახარიას პარტიამ.
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ აცხადებს, რომ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, ვინაიდან არჩევნები მოპარულია. იმავეს აცხადებს„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“. ასევე, კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ამბობს, რომ ცესკოს მიერ გამოცხადებული წინასწარი შედეგები არ შეესაბამება მოქალაქეთა რეალურ ნებას.
რაც შეეხება გახარიას პარტიას, პარტიამ განაცხადა, რომ დაელოდებიან საბოლოო შედეგებს და აქვთ არჩევნების გაყალბების – მათ შორის ე.წ. „კარუსელის“ – და ამომრჩევლის მოსყიდვის მტკიცებულებები და პარტიამ უკვე შეიტანა საჩივრები შესაბამის ორგანოებში.
არჩევნების დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციურმა სადამკვირვებლო მისიამ -„ჩემი ხმა“.
„აშკარა გახდა, რომ შემუშავებული იყო არჩევნების გაყალბების კომპლექსური სქემა, რომლის განხორციელებისთვისაც გამოყენებული იქნა ისეთი მეთოდები, როგორიცაა ვერიფიკაციის სისტემის მოშლა, მარკირების პროცედურების დარღვევა და დამკვირვებლებისათვის ამომრჩეველთა იდენტიფიკაციის პროცედურების დაკვირვებაზე ხელშეშლა.
დღის პირველ ნახევარში მასობრივად ჰქონდა ადგილი ამომრჩევლებისთვის ორი ან მეტი ბიულეტენის გადაცემას. ასევე, დაფიქსირდა შემთხვევებიც, როდესაც ბიულეტენებზე მმართველი პარტია უკვე მონიშნული იყო“, — აცხადებენ სადამკვირვებლო მისიაში.
„ჩემი ხმა“ საუბრობს ასევე წინასაარჩევნო პერიოდში პირადობის მოწმობების ჩამორთმევისა და „ქირაობის” ცნობებზე, რაც მათი თქმით, გაყალბების სქემის ნაწილი იყო.
მისიაში ამბობენ, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე დღის მანძილზე ხორციელდებოდა უპრეცედენტო ზეწოლა, რაც მოიცავდა ფიზიკურ თავდასხმებს, სიტყვიერ შეურაცხყოფას, დაშინებას, უბნებიდან გაძევებას საფუძვლის გარეშე, რაშიც ზოგიერთ შემთხვევაში პოლიციაც იყო ჩართული. ეს ყველაფერი კი პროცესზე დაკვირვებას უმრავლეს შემთხვევაში შეუძლებელს ხდიდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 27 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 689 040 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 440]
ტანკი – 9 113 ერთეული [+4]
ჯავშანტექნიკა – 18 355 ერთეული [+23]
საარტილერიო სისტემა – 19 821 ერთეული [+39]
MLRS – 1 240 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 984 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 17 799 ერთეული [+73]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 625 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 27 560 ერთეული [+100]
სპეცტექნიკა – 3 542 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 26 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
647 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
34 329 უპილოტო საფრენი აპარატი
584 საზენიტო სარაკეტო სისტემა
18 877 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 480 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
16 773 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
27 624 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
დღეს, 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებზე, თურქეთში, ქალაქ სტამბოლში ხმის მისაცემად მისული ემიგრანტების ნაწილი სიაში არ აღმოჩნდა.
„ბათუმელები“ ესაუბრა სტამბოლში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს, გულნაზ დადაჰავას, რომელიც ამბობს, რომ საარჩევნო უბანზე მან და კიდევ 15-ზე მეტმა ქართველმა ემიგრანტმა ხმის მიცემა ვერ შეძლეს.
„ახლა მოვედი სახლში, აზრი აღარ ჰქონდა იქ დგომას, დილიდან იქ ვარ და არანაირი შედეგი არ არის.
26 სექტემბერს ჩემი ფეხით მივედი სტამბოლში, ბეშიქთაშში, სადაც არის საქართველოს საკონსულო. გავიარე აღრიცხვა, მომცეს ბარათი ჩემი სურათით, სადაც წერია, რომ მაქვს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლება. მითხრეს, მესიჯი მოგივაო. გავიდა ორი კვირა და რომ არ მოვიდა შეტყობინება, დავრეკე ცხელ ხაზზე. მითხრეს, თქვენი მონაცემები მოწესრიგებულიაო. დღეს მივედი საარჩევნო უბანზე და სიაში არ ვარ.
ჩემისთანები ბევრნი იყვნენ, ქალები, ვინც არ იყვნენ სიაში. ყველამ გამოთქვა უკმაყოფილება, მაგრამ უშედეგოდ. 11:30-იდან ოთხ საათამდე იქ ვიყავი და წამოვედი, აზრი არ ჰქონდა” – გვითხრა გულნაზ დადაჰავამ.
მისივე თქმით სტამბოლში, 23-ე უბანზე დილიდან ძალიან დიდი აქტიურობა იყო:
„იმედი არ გვქონდა, რომ ამდენი ადამიანი გამოჩნდებოდა, მოდიოდა ხალხი ორ-ორად, სამ-სამად საარჩევნო უბანზე. დასამალი არ არის, უმრავლესობა ამბობდა, რომ ირჩევს ევროპულ გზას, მეც მინდა ჩემი ხმა მივაწვდინო მეთქი, ამ ამაღლებული სულისკვეთებით წავედი და ცრემლიანი უკან დავბრუნდი.
მიზეზი ვერ მითხრეს, ყველა საბუთი წესრიგშიაო, მაგრამ ალბათ აფხაზეთიდან რომ ხარ, იმიტომ შეიქმნა პრობლემააო. საქართველოს მოქალაქე ვარ და მინდა მივიღო მონაწილეობა, ჩემი ქვეყნის მომავლის არჩევანი გავაკეთო-მეთქი” – ამბობს მოქალაქე.
გულნაზ დადაჰავა ამბობს, რომ მას დამკვირვებელმა უთხრა, რომ ამ შემთხვევას საჩივრის სახით დააფიქსირებენ საარჩევნო უბანზე.
_______________
ფოტოზე: ქართველი ემიგრანტები სტამბულში, საარჩევნო უბანთან
დაბა ხულოში, საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისულმა ამომრჩეველმა, თინა აბულაძემ აღმოაჩინა, რომ მის ნაცვლად ხმა სხვას ჰქონდა მიცემული. მოქალაქემ ხმის მიცემა ვერ შეძლო.
შემთხვევა 16:05 წუთზე მოხდა. საჩივარი შემთხვევის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, ირაკლი ჯორბენაძემ დააფიქსირა.
რაც შეეხება დაბა ხულოში დაწერილ სხვა საჩივრებს, მათი უმეტესი ნაწილი ეხება რეგისტრატორის მიერ ამომრჩევლისთვის ერთდროულად რამდენიმე ბიულეტენის გადაცმას. ამ მიზეზით ხულო 1-ელ საარჩევნო უბანზე სამი საჩივარი დაიწერა. საჩივრების შინაარსებიდან ჩანს, რომ მე-2, მე-3 და მე-4 რეგისტრატორები გადასცემდნენ რამდენიმე ბიულეტენს ამომრჩეველზე, აქედან მე-4 რეგისტრატორმა ერთხელ ერთდროულად სამი ბიულეტენი გადასცა ერთ ამომრჩეველს.
ამავე უბანზე საერთაშორისო გამჭვირვალობის დამკვირვებელმა დაფიქსირდა კიდევ ერთი საჩივარი, რომლის მიხედვითაც ნაკადის მომწესრიგებელი, მითითების მიუხედავად არ ამოწმებდა მარკირებას. რის გამოც უბნის თავმჯდომარემ გაფრთხილება მისცა რეგისტრატორებსა და ნაკადის მომწესრიგებელს.
__
მთავარი ფოტო: წარწერა ვერიფიკაციის აპარატზე: „ამ უბანზე ამომრჩეველი უკვე ნამყოფია“
ბათუმში, #22 საარჩევნო უბანზე დაიწერა საჩივარი, რომელშიც დაფიქსირებულია, რომ რეგისტრატორმა რამდენჯერმე უთხრა ამომრჩეველს შემოეხაზა მისთვის სასურველი პარტია, ნაცვლად იმისა, რომ მიეცა გაფერადების ინსტრუქცია.
მსგავს ფაქტის შემსწრე გახდა „ბათუმელების“ ჟურნალისტი ბათუმის #მე-13 საარჩევნო უბანზე, როცა ხმის მიცემის წინ რეგისტრატორმა მას რამდენჯერმე გაუმეორე ინსტრუქცია შეცდომით. იგივეს ამბობს ლელოს წარმომადგენელი ბათუმის მე-11 უბნიდან. თუმცა ამ უბნებზე მხოლოდ სიტყვიერი მითითება მისცეს რეგისტრატორებს.
საჩივარი ბათუმის #22 უბანზე საჩივარი დაწერა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, მანუჩარ ხოზრევანიძემ. საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ, ნარგიზ ქარცივაძემ „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ განიხილავს ამ საჩივარს.
თავად რეგისტრატორმა „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ რომ დაუშვა შეცდომა, მიზეზად კი გადაღლილობა დაასახელა და დამკვირვებელი დაადანაშაულა მისთვის ხელის შეშლაში.
დღეს, 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების მსვლელობისას, ბათუმში, საარჩევნო უბნებთან სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ კოორდინატორების მობილიზება შეინიშნება.
კერძოდ, ბათუმში, 72-ე საარჩევნო უბანთან თეთრ მიკროავტობუსში, ნომრით 777, სხედან ადამიანები სიებით, რომლებიც რეკავენ ტელეფონზე, არიან აგრესიულები.
მიკროავტობუსი იმყოფება საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის რადიუსზე ახლოს, რაც კანონდარღვევაა.
შემთხვევის ადგილზე გამოძახებულია პოლიცია.
ფოტო: „ბათუმელები“
კიდევ ერთი შემთხვევა დააფიქსირა „ბათუმელებმა“ ბათუმის 22-ე საარჩევნო უბანთან, სადაც დილიდან დგას ჯიპი, რომელშიც სხედან ადამიანები, დამკვირვებლების კითხვაზე, ვინ არიან, მათ კარი მიიხურეს და გადაღების დროს დატოვეს ტერიტორია.
კიდევ ერთი დაბურულშუშებიანი თეთრი მიკროავტობუსია გაჩერებული ბათუმის ნომერ მე-7 საარჩევნო უბანთან, სადაც ადამიანები სხედან სიებით. სავარაუდოდ, ისინი აღრიცხავენ უბანზე მოსულ ამომრჩევლებს.
ფოტო: „ბათუმელები“
ინავე პრობლემის შესახებ განაცხადეს დღეს დილის 10:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისში, მათ მიერ დაფიქსირებული დარღვევების შესახებ გაკეთებულ ბრიფინგზე –
„უბნებთან მობილიზებული არიან ქართული ოცნების წარმომადგენლები და ზეწოლას ახდენენ ამომრჩეველზე. დგანან სიებით” – განაცხადეს ბრიფინგზე.
დღეს, 26 ოქტომბერს, ქუთაისის 59-ე ოლქის 49-ე უბნიდან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელი გააძევეს.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, საიას დამკვირვებელი ითხოვდა უბანზე არსებული სარეგისტრაციო მაგიდები ისე განეთავსებინათ, რომ დამკვირვებლებს საშუალება ჰქონოდათ, რეგისტრატორების ზურგს უკან დამდგარიყვნენ.
საუბნო კომისიის თავმჯდომარემ, ირმა ყურაშვილმა „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ მან ნამდვილად გააძევა საიას დამკვირვებელი – „საარჩევნო პროცესის ხელის შეშლისა და წიკვინისთვის”.
დღეს, 26 ოქტომბერს, ბათუმის #43 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეფერხდა. კომისიის წევრების თქმით, პროცესი მხოლოდ რამდენიმე წუთით შეყოვნდა, თუმცა ამომრჩევლები ამბობენ, რომ ხმის მიცემის პროცესი დაახლოებით ერთი საათით იყო შეფერხებული.
კომისიის წევრების განმარტებით, შეფერხების მიზეზი ხმის მთვლელ აპარატთან დაკავშირებული ტექნიკური ხარვეზი გახდა, აპარატი არ იღებდა საარჩევნო ბიულეტენებს.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, საარჩევნო უბანზე პროცედურის შეფერხებასთან დაკავშირებით საჩივარი არ დაწერილა.
დღეს, 26 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამ დროისთვის აჭარაში ათეულობით საჩივარია დაწერილი სხვადასხვა ტიპის დარღვევებზე.
„ბათუმში ხმის მიცემა დაიწყო დარღვევებით, ამ დროისთვის ჩვენი წარმომადგენლების მიერ დაწერილია 30 საჩივარი, გვაქვს საქმე ისეთ მნიშვნელოვან დარღვევებთან, როგორიცაა ამომრჩევლისთვის 2 ბიულეტენის მიცემა“ – განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა მირდატ ქამადაძემ დღეს, დილას გამართულ ბრიფინგზე. მისივე თქმით, მსგავსი დარღვევა დაფიქსირდა ბათუმის მე-10, 71-ე, მე-18, 35-ე, მე-20, მე-13, მე-14, 70-ე, 86-ე, 83-ე და 33-ე უბნებზე.
ამომრჩევლისთვის 2 ბიულეტენის გადაცემის შესახებ ცნობილია „ბათუმელებისთვისაც“. მსგავსი შემთხვევა იყო იმ უბნებზეც, რომლებსაც „ბათუმელები“ აკვირდება. საარჩევნო უბნებზე ამ ფაქტს შეცდომით ხსნიან.
„მე-4 და 51-ე უბანზე ხმის მიცემის აპარატები მუშაობდა ხარვეზებით, საბოლოო ჯამში მე-4 უბანზე ერთ აპარატი გამოვიდა მდგომარეობიდან და ამ დროისთვის ორი აპარატით მიმდინარეობს ხმის მიცემა. უბნებზე დიდია აქტივობა” – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ოფისის 10 საათის მონაცემებით, ქობულეთში, 57-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა შეჩერდა, ვინაიდან აპარატი ვერ იღებდა ბიულეტენს; ასევე, ქედაში, მე-11 უბანზე ადგილი ჰქონდა კაბინაში ფოტოების გადაღების შემთხვევას; ბათუმში 71-ე უბანზე არ შეუშვეს დამკვირვებელი და დაგვიანებით გაიხსნა ზოგიერთ უბანი, მათ შორის ნომერ მე-15 უბანი.
„უბნებთან მობილიზებული არიან ქართული ოცნების წარმომადგენლები და ზეწოლას ახდენენ ამომრჩეველზე. დგანან სიებით; ყველა მუნიციპალიტეტში მასიურად ფიქსირდება რეგისტრატორების მიერ ორი ბიულეტენის გადაცემა; რეგისტრატორებთან არ აყენებდნენ დამკვირვებლებს, ხელოვნურად შეუზღუდეს სივრცე, რომ შემდგომ ისარგებლონ და ორ-ორი ბიულეტენი გასცენ მოქალაქეებზე” – განაცხადა ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ნიკა ქაშიბაძემ.
09:00 საათზე ბათუმში მე-2 უბანზე პოლიცია გამოიძახეს და უბნიდან გააძევეს დამკვირვებელი „ნაციონალური მოძრაობიდან“, გვანცა შარაძე. მისი თქმით, მან ორი საჩივარი დაწერა, ერთი – მარკირების პროცედურაზე და მეორე იმის შესახებ, რომ კომისიის თავმჯდომარე ამომრჩეველს კაბინაში შეჰყვა:
„პირველი იყო მარკირების უკმარისობა და მეორე საჩივარი, რაც ყველაზე რთული იყო, დავწერე თავმჯდომარეზე, ამომრჩეველს შეჰყვა არჩევნების კაბინაში და ეხმარებოდა, ეუბნებოდა როგორ გაეკეთებინა“.
შემთხვევის გამო კენჭისყრის პროცესი ამ უბანზე შეფერხდა.
ბათუმის #2 საარჩევნო უბანი
ბათუმის ნომერ მე-5 საარჩევნო უბანზე დაიწერა ორი საჩივარი. როგორც საჩივრით ირკვევა, არაუფლებამოსილი პირი იმყოფებოდა 08:00 საათამდე უბანზე, თავმჯდომარის განმარტებით უბანზე შემოვიდა ადრე მოსული ამომრჩეველი, რომლის პირადობის მოწმობას ვადა ჰქონდა გასული. პირს პოლიციის დახმარებით დაატოვებინეს უბანი.
ასევე, ამავე უბანზე ორმა მოქალაქემ, რომლებსაც პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ჰქონდათ აღებული 15 ოქტომბერს, ვერ მისცა ხმა. ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირდა ბათუმის 23-ე უბანზე, მოქალაქეს 18 ოქტომბერს ჰქონდა აღებული ID ბარათი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 26 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 687 600 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 690]
ტანკი – 9 109 ერთეული [+12]
ჯავშანტექნიკა – 18 332 ერთეული [+45]
საარტილერიო სისტემა – 19 782 ერთეული [+29]
MLRS – 1 240 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 984 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 17 726 ერთეული [+56]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 625 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 27 460 ერთეული [+95]
სპეცტექნიკა – 3 541 ერთეული [+6]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 26 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
647 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
34 329 უპილოტო საფრენი აპარატი
584 საზენიტო სარაკეტო სისტემა
18 877 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 480 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
16 773 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
27 624 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
არჩევნები დილის 8 საათზე დაიწყო და საღამოს, 20 საათამდე გაგრძელდება. 20:00 საათზე საარჩევნო უბნები დაიკეტება.
წელს საქართველოში არჩევნები პირველად ახალი, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს.
3030 საარჩევნო უბნიდან 2262 უბანზე ხმის მიცემა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით იქნება შესაძლებელი, რაც ამომრჩეველთა 89%-ზე მეტს გულისხმობს. 768 უბანზე კი ხმის მიცემის პროცედურა ტრადიციული მეთოდით გაიმართება.
უბნებზე, სადაც ელექტრონული არჩევნები ტარდება, ბიულეტენის შევსებისას სპეციალური მარკერით უნდა გააფერადოთ თქვენთვის სასურველი მხოლოდ ერთი პარტიის სახელწოდების წინ არსებული წრე (წრის შიდა სივრცე). იმავე ბიულეტენზე სხვა პარტიის წინ არსებულ წრეში არაფერი ჩაწეროთ, არც გააფერადოთ და არც ხაზი გადაუსვათ.
აუცილებელია გაფერადება და არა შემოხაზვა.
ბოლო მონაცემებით, ერთიან სიაში რეგისტრირებულია 3 508 294 ამომრჩეველი. მათგან 317 119 ამომრჩეველი აჭარაშია რეგისტრირებული.
აჭარაში, საპარლამენტო არჩევნების გარდა, მიმდინარეობს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც. ამ არჩევნებში 11 პარტია მონაწილეობს. ესენი არიან: „გირჩი“, „ევროპელი დემოკრატები“, „ტრიბუნა“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „გახარია საქართველოსთვის“, „თავისუფალი საქართველო“, „ძლიერი საქართველო -ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, „კოალიცია ცვლილებებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ და „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“.
„მე მარტოხელა დედა ვარ, დასაქმებული ვარ და ჩემი ხელფასი 800 ლარია, ბინის ქირაში 550 ლარს ვიხდი. ვინმე არსებობს თვეში 200 ლარად? – მე ვარსებობ, შვილს ვზრდი და დედასაც ვუვლი, მაგრამ მეტი აღარ შემიძლია,“ – გადმოგვძახა ძველი სახლის ფანჯრიდან შორენა კონცელიძემ. ის ერთ-ერთ უსახლკარო ქალია, რომელიც წუხელ, ღამით 25 ადამიანთან ერთად ბათუმში, ბონის დასახლებაში, ბაზრობის გვერდით მდებარე სახელმწიფო შენობაში შეიჭრა.
არჩევნებამდე რამდენიმე დღით უსახლკაროებმა, რომლებსაც მანამდე მთავრობამ ყურადღება არ მიაქცია და არაფერი შესთავაზა, მიტოვებული სამი შენობა დაიკავეს – ბუკნარში, ბარცხანასა და ბონის დასახლებაში. ძველი შენობები სახელმწიფო ბალანსზეა, მათ შორისაა „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი შენობა, რომელიც ახლა სახელმწიფოს ეკუთვნის.
ამ შენობის პირველი სართულის რამდენიმე ოთახს იყენებს ერთ-ერთი დაცვის კომპანიის სამსახური.
უსახლკაროები ამბობენ, რომ ორი წელი ბათუმის მერიასთან იდგნენ და არათუ რამე შესთავაზეს, მათი პრობლემები არც კი შეუსწავლიათ. ამიტომაც, გადაწყვიტეს სახელმწიფო, მიტოვებული შენობა დაკავება.
„თუ მკვდრებს გაგვიტანენ, გაგვიტანონ, წაგვიკიდონ ცეცხლი, ან დაგვაკმაყოფილონ უკეთესი შენობით“, „საქართველოში ქართველებს არ გვაქვს იმის უფლება, ერთი ოთახი მოგვცენ?“ „ხვალ არჩევნებია, წინ, ევროპისკენ“, „გაჭირვება ამ ხელისუფლებას არ აინტერესებს, უნდა შეიცვალოს“ – გადმოგვძახეს მიტოვებული შენობიდან. უსახლკაროებთან უშუალო შეხვედრის საშუალება დაცვის პოლიციელებმა შეგვიზღუდეს.
უსახლკაროები ბონში სახელმწიფოს ბალანსზე კუთვნილ შენობაში წუხელ ღამით შეიჭრნენ
„არჩევნებში მონაწილეობა გვინდა, მაგრამ აქედან რომ გავიდეთ, უკან აღარ შემოგვიშვებენ. შემოგვიტანონ ყუთები და მივცემთ ხმას. თუ ყუთის მოტანა შეუძლებელია, ჩვენი ხმა გაყალბდება?
წუხელ შემოვედით. ჯერ წყალიც გვაქვს საკმარისად და საჭმელიც. აქ შუქიც არაა, წყალი მოდის პირველ სართულზე, მაგრამ არ ვიცით, თუ დაილევა.
სახელმწიფოდან არავინ მოსულა, ამ ხელისუფლებას გაჭირვებული ხალხი არ აინტერესებს. ხელისუფლებამ მარტო რუსები შემოყარა ქვეყანაში, ქირა გაგვიძვირდა, რით ვიარსებოთ? ჩვენ პატიოსნურად გვინდოდა, ვიარეთ აქციიდან აქციაზე, მაგრამ მოგვისმინა ვინმემ? მთავრობის სახლთან რამდენჯერ მივედით?
ხვალ, არჩევნებზე საქართველოს ბედი უნდა გადაწყდეს, სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ხალხმა, სწორი არჩევანი ისაა, რომ ამდენი რუსეთი არაა საჭირო“, – გვითხრა შორენა კონცელიძემ.
უსახლკაროების ამ ნაწილის საპროტესტო აქციების ორგანიზებას ბოლო რამდენიმე თვე პარტია „ქართველთა ერთობა“ ახდენს. „არცერთი პარტია არ გვაინტერესებს ჩვენ“ – გვითხრეს უსახლკაროებმა და გამორიცხეს ის, რომ პარტიამ შეარჩია შენობები, რომელიც ბოლო დღეებში უსახლკაროებმა დაიკავეს.
შენობა ბათუმის აგრარულ ბაზართან, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის და უსახლკაროები შევიდნენ
წინასაარჩევნო აგიტაციის წესის დარღვევა – აგიტაცია, უკანონო აგიტაცია, იძულება, აგიტაცია საჯარო მოხელეების მხრიდან სამუშაო საათებში, ბიუჯეტით დაფინანსებული ღონისძიებების „ოცნების“ კანდიდატების სასარგებლოდ გამოყენება, სამსახურის მანქანების გამოყენება, გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩევლის რეგისტრაციის წესის დარღვევა, სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოების წესის დარღვევა – ამ და სხვა საკითხებზე საარჩევნო ოლქებსა და ცესკოში ასობით საჩივარი შევიდა.
ამ საჩივრების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არ არის განხილული. ნაწილის პასუხად კი საუბნო-საარჩევნო კომისიების წევრებს ახნა-განმარტებები დააწერინეს, ან ერთმა დაწერა და შემდეგ დააკოპირეს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია [საია] ცესკოს წერს, რომ რუსთავის #25-ე საბავშვო ბაღის ხელმძღვანელმა, მანონი მეურმიშვილმა თანამშრომლებს „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ ღონისძიებაზე წასვლა აიძულა. საია მიუთითებს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე აგიტაციისთვის, რაც უკანონოა.
საიას თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ამ დარღვევასთან დაკავშირებულ საჩივარში დამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას ითხოვს. საჩივარი 24 ოქტომბერს არის შესული ცესკოში, ის ჯერ განხილული არ არის.
საიას საჩივრის მიხედვით, გარდაბანში პედაგოგებს პროფესიული დღე ნაცვლად 27 ოქტომბრისა მიულოცეს 19 ოქტომბერს. ღონისძიებაზე პედაგოგებს გადასცეს სიმბოლური საჩუქრები და სამახსოვრო ბარათები: „ბარათზე მილოცვის ტექსტთან ერთად დატანილია „ოცნების“ პარტიული ნომერი. ღონისძიებაზე „ოცნების“ კანდიდატი სავალან მირზოევიც იმყოფებოდა.
საია აგიტაციის წესის დარღვევასა და რესურსის გამოყენებაზე მიუთითებს.
მასწავლებლებისთვის გადაცემული სამახსოვრო ბარათები
საჩივრები დაწერეს ასევე საარჩევნო უბნის უყურადღებოდ დატოვებისა და უფლებამოსილი პირების არყოფნის გამოც.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო წერს, რომ 2024 წლის 21 ოქტომბერს დევნილთა სამინისტროს ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულთა მინისტრი, დავით ფაცია ქობულეთში იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. აქვე სამინისტროს აქვს გაზიარებული თავად დავით ფაციას პოსტი, სადაც ის აღნიშნავს, რომ ქობულეთში შეხვედრაზე მასთან ერთად იმყოფებოდნენ „ოცნების“ კანდიდატები – გია ჭყონია და ცოტნე ანანიძე.
ხელვაჩაურიდან ცესკოში 12 საჩივარი შევიდა, მათ შორის 3 წინასაარჩევნო აგიტაციის წესის დარღვევას, 2 სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებას, ხუთი კი გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩევლის რეგისტრაციას შეეხებოდა.
ამ საკითხთან დაკავშირებით ცესკომ საპასუხოდ შესაბამისი უბნების კომისიების წევრების ახსნა-განმარტებები ატვირთა. ამ ბარათებით რეალურად დარღვევა დასტურდება, თუმცა ცესკომ უბნის წევრების „მობოდიშება“ საკმარისად მიიჩნია.
ერთ-ერთ საჩივარში მომჩივანი წერს, რომ ხელვაჩაურის ოლქში #31-ე საარჩევნო უბანზე კედლის სიაში შეტანილი არ არის გადასატანი ყუთის სიაში დარეგისტრირებული ამომრჩევლები და არაერთი გაფრთხილების მოუხედავად ეს დარღვევა არ აღმოფხვრეს.
გადასატანი ყუთის სიის აღრიცხვის წესის დარღვევის გამო უჩივლა მომჩივანმა ხელვაჩაურის ოლქის 30-ე საუბნო-საარჩევნო კომისიას. მომჩივანი წერს, რომ კედლის სიაში გადასატანი ყუთის სიაში რეგისტრირებული ამომრჩევლები არ არიან დაფიქსირებული. ცესკო აქაც ახსნა-განმარტებას დასჯერდა, შინაარსი ზემოთ მითითებული შინაარსის იდენტურია.
„ლელომ“ გაასაჩივრა ასევე ცესკოს გადაწყვეტილება საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრთა ანაზღაურების შესახებ, ცესკოს განკარგულებით, საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრს ხელფასის სახით განესაზღვრა 390 ლარი, ხოლო პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრის – 260 ლარი.
„ლელომ“ თავის საჩივარში მიუთითა დისკრინიმაცილ მოპყრობაზე. ეს გადაწყვეტილება „ლელომ“ სასამართლოშიც გაასაჩივრა, მოსამართლე ციცინო როხვაძემ პირველ ინსტანციაში მოთხოვნა გადაწყვეტილების ბათილობაზე არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც „ლელომ“ სააპელაციო საჩივარი შეიტანა, სარჩელი მეორე ინსტანციაში ჯერ განხილვაშია.
დალი თებიძე 25 წელია ქირით ცხოვრობს, რვა წელია მასთან ერთადაა მისი შვილი სოფო, რომელიც მოძალადე ქმრისგან წამოვიდა და დედასთან ზრდის ორ შვილს. ბავშვები 11 და 13 წლის არიან. ოჯახის შემოსავალი სოციალური დახმარება და სოფოს კონსულტანტობის ხელფასია, რომელიც საბაზისო საჭიროებებსაც კი ვერ სწვდება.
„უმცროს შვილიშვილს შაქრიანი დიაბეტი აქვს, ჯანდაცვიდან უფასოდ ეკუთვნის ჩხირები, სენსორი, წამლები, მაგრამ მაინც ბევრი რამ არის, რასაც ვერ ვუკეთებ. ბოლოს ექიმთან რომ მყავდა, მითხრა ჩიყვის და მუცლის ექოსკოპია გაუკეთეო, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ ვუკეთებ.
მეორე ბავშვს კბილი სტკივა და ექიმთან ვერ მივიყვანე, 80 და 100 ლარი ღირს კბილის უბრალოდ „დაპლომბვა“ და ამოღება. როგორ მივიყვანო, რა ვქნა, მთელი ღამე ბავშვი კბილის ტკივილით ათენებს, ნუროფენს ვაძლევ, რომ გაუყუჩდეს“, – ჰყვება დალი, რომელსაც თავადაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და გადაადგილება უჭირს.
„ქართლმა ოცნებამ“, რომელმაც თავისი წინასაარჩევნო კამპანია ანტიდასავლურ პროპაგანდაზე დააფუძნა, გასულ თვეში საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მიიღო, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის“ სახელწოდებით. თუმცა ამ კანონის შინაარსს რეალურად არაფერი აქვს საერთო სახელწოდების გაცხადებულ მიზანთან.
საკანონმდებლო ცვლილებების რეალური მიზანი ცენზურის დაწესება და ლგბტქი ადამიანებს დისკრიმინაციაა.
დალი მთავრობის ამგვარ პრიორიტეტებს „არაადეკვატურს“ უწოდებს და განმარტავს, რომ ქვეყანაში, სადაც ოჯახები ბავშვებს სიღარიბეში, უსახლკაროდ ზრდიან, სახელმწიფოს მთავარი საზრუნავი მათი სოციალური დაცვა უნდა იყოს:
„როგორც ჩანს, ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, სახელმწიფო [პრიორიტეტების განსაზღვრაში] არაადეკვატურია, მაგას არ აინტერესებს გაჭირვებული ხალხის ბედ-იღბალი – ვინ, სად და რანაირად ცხოვრობს. ამდენი აქცია ჩავატარეთ, არავინ გამოსულა, არც მოუსმენია… მაგათთვის საერთოდ ნულია ეს ჩვენი ცხოვრება.
უამრავი უსახლკარო ადამიანია ქუჩაში, ვინც „ბალოტებში“ [ჭაობში] ზრდიან მცირეწლოვან ბავშვებს. მთავრობაში ვინც არ უნდა მოვიდეს, პირველ რიგში, ჩვენისთანა გაჭირვებულ ხალხს უნდა დაეხმაროს, ოჯახები უნდა იყოს უზრუნველყოფილი ნორმალური საცხოვრისით, ბავშვები არ უნდა იძინებდნენ მშიერი და ჯანმრთელობის დაცვა უნდა იყოს სამინისტროს მხრიდან… მე მაგათგან დაცინვის და ქირდად აღების მეტი არაფერი არ გამიგია“, – ამბობს დალი. – „რაც არ უნდა შეიცვალოს და ვინც არ უნდა მოვიდეს, პირველ რიგში უნდა მოგვხედონ ხალხს – საცხოვრისი იქნება ეს თუ სხვა დახმარება“.
მერიაში რომ შევედი და ვიდეო ვაჩვენე რა პირობებში ვცხოვრობდი, მე დამცინა წარმომადგენელმა, ჩემ შვილებს მასეთ ბინაში რა უნდაო; აბა, ჩემს შვილებს რა უნდათ ისეთ ბინაში? ღმერთს ვფიცავარ თუ ვტყუოდე. „მე მამაჩემმა დამიტოვაო ჩემი ქონება და ჩემი ცხოვრებაო“. მე თუ მშობელმა ვერ დამიტოვა, იმიტომ მთავრობის წარმომადგენელმა ეს უნდა მითხრას და დამცინოს? – იხსენებს დალი.
სათემო ორგანიზაცია „პერიფერიას“ კოორდინატორი, აქტივისტი მარიამ ქაჯაია ამბობს, რომ კანონი, რომელიც თითქოს „არასრულწლოვანთა და ოჯახური ღირებულებების დაცვას“ ისახავს მიზნად, სწორედ ბავშვების და ოჯახების დაუცველობას, მათი რეალური საჭიროებებისთვის თვალის დახუჭვას და პრობლემების გადაფარვას ემსახურება:
„თუ ბავშვების და ოჯახების დაცვა გინდა, რატომ აშიმშილებ ბავშვებს, რატომ არ უზრუნველყოფ მათ სათანადო საცხოვრებელი პირობებით, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობით, საცხოვრისით?! რატომ ხდი მშობელს, მეურვეს იძულებულს ქვეყნიდან გადაიხვეწოს იმისთვის, რომ ნორმალური ანაზღაურების სამსახურში დასაქმდეს?! „ლგბტ პროპაგანდის“ აკრძალვით, ბავშვები არათუ ვერ დაპურდებიან, ეს კანონი ხელისუფლების ხელში მცდელობაა მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს და მძიმე პრობლემების მოგვარების დაპირების გაცემაზეც კი მოიხსნას პასუხისმგებლობა.
ფაქტობრივად, „ქართული ოცნება“ ხალხს, ამომრჩეველს იმავე სატყუარით იტყუებს ხაფანგში, რომელსაც ყოველი არჩევნების წინ მიმართავდა – აღვივებს სიძულვილს საზოგადოების ერთი ჯგუფის მიმართ და დანარჩენებს ამ სიძულვილის წარმოებას კარგ საქმედ უფუთავს; ფაქტობრივად, ეუბნება „იკმარეთ ანტი-ლგბტ კანონი, იკმარეთ, რომ ისედაც აკრძალულს ვკრძალავთ“.
სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში საარსებო შემწეობას 454 165 ადამიანი იღებს. აქედან, 16 წლამდე ასაკის 245 218 ბავშვია.
ეს რიცხვი, დაახლოებით, ამ ასაკის ბავშვების რაოდენობის დაახლოებით 30 პროცენტია. შესაბამისად, გამოდის, რომ საარსებო შემწეობას 16 წლამდე ასაკის ბავშვებიდან ყოველი მეოთხე იღებს.
რაც შეეხება ოჯახებს, საქართველოში საარსებო შემწეობა 126 973 ოჯახზე გაიცემა. გასულ წელს ეს რიცხვი 122 416 იყო.
დალი წლებია ბათუმში ე.წ. უსახლკაროთა აქციების მონაწილეა და მთავრობისგან ითხოვს ბინას:
„თითქმის ოთხი-ხუთი წელია ჩართული ვარ ამ აქციებში, მაგრამ უშედეგოდ. არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. 25 წელია ქირით ვცხოვრობ და მამისამართებენ ქედაში [სოფ. პირველი მაისი], სადაც დედაჩემს გადასცეს ბინა [დაზარალებულები ვართ, ავარიული იყო სახლი, გეოლოგიური დასკვნაც მაქვს], მაგრამ ძალიან პატარა ფართობია, ხუთი სული იქ ვერანაირად ვერ მოვთავსდებით. ამიტომ მინდა მე ჩემი თავშესაფარი მქონდეს, რომ ჩემი ბავშვები, ეს ორი ანგელოზი, ნორმალურ პირობებში გავზარდო და არა ქირიდან-ქირაში“.
სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფა საქართველოში კვლავ ერთ-ერთ მწვავე პრობლემად რჩება. „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშივკითხულობთ, რომ „მიუხედავად საკითხზე მომუშავე არაერთი სუბიექტის რეკომენდაციისა, უსახლკარობისა და საცხოვრისის საჭიროების მიმართულებით საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ მოუხდენია პრობლემის მასშტაბის, ფორმებისა და გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება.
რელევანტური მონაცემებისა და პოლიტიკური ნების არარსებობის პირობებში, შეუძლებელი ხდება ადამიანებისათვის მათ საჭიროებებზე მორგებული საცხოვრისის მისაწვდომობის უზრუნველყოფა“.
დალი თებიძე: „ვის უშენებენ ამდენი ცათამბჯენი რომ შენდება… ან კუნძული რად უნდა ადამიანს ბათუმში, ყველგან წყალდიდობა არის, მაგ კუნძულში რომ ფულებს ყრიან, უსახლკარო ხალხი შეიყვანონ, ზღვაში რომ ყრიან ამდენ ფულებს, ზღვაში.
ვის უშენებენ ამდენ ცათამბჯენებს, ფეხს ვერ გადადგამ იმდენი უცხოელია და მე, მაგალითად, მთელი სეზონი ისე დამთავრდა, ბავშვები ვერც ზღვაზე გავიყვანე და ვერც ბულვარში, ეს არის სამართალი და ეს არის ადამიანობა?”
დალის ოჯახი მესამე ღამეს ათევს ახალ ნაქირავებში, რომელშიც ყოველ თვეში 500 ლარი უნდა გადაიხადონ. სახლში გაზი არ არის – „ბუხარს დავანთებ“, – მეუბნება ის. კედლებზე ჭერიდან ჩამოსული წყლის კვალი ჩანს. სახლში მხოლოდ ძველი და გაფუჭებული ტექნიკა დგას.
დალი ამბობს, რომ ტელევიზორი არ აქვთ და მთავრობის წინასაარჩევნო კამპანიას, სრულად ვერ ადევნებს თვალ-ყურს, თუმცა მათი აღარ სჯერა:
„აღარ მჯერა მაგათი არაფერი, ისე მაქვს გული გატეხილი ამ ცხოვრებაზე, აღარც დაპირება მინდა, აღარც არჩევნები მინდა, მაგრამ არჩევნებზე მაინც მივალ, მე მაგათ ხმას არ მივცემ. ამდენი ხანია ქუჩაში ვარ, ოთხი წელია ვყვირივარ მომეხმარეთ, მომეხმარეთ, რამდენჯერ წვიმაში ეს ბავშვები გამიყვანია, ჩემი ხმა მაგენს არ ესმით, ამ ბავშვების ხმა მაგათ არ ესმით და მე მაგათ ჩემს ხმას არ მივცემ“, – ამბობს დალი.
დალი ოჯახის შემოსავალს ითვლის: „ჩემი სოციალური დახმარება 640 ლარია, რა ვქნა ჯანმრთელობიდან გამომდინარე მე ვეღარ ვმუშაობ ვერსად, ხანდახან თურქეთში თუ გადავალ-გადმოვალ [გულისხმობს საზღვარზე სიგარეტის გადატანას], იმაზეც ერთი ამბავია, შვილი კი მუშაობს ერთ-ერთ მაღაზიაში 600-700 ლარი აქვს ხელფასი, მაგრამ არის რომ 6 რიცხვამდე ვერ იღებს ხელფასს. ეს ხელფასი ქირაში გადავიხადო თუ შაქრიან ბავშვს საჭმელი ვაჭამო?
ჩემს ჯანმრთელობაზე ზედმეტია ლაპარაკი. იმას ვცდილობთ, რა კაპიკსაც ვნახავთ ბავშვებს მოვასარგებლოთ, ყოველ დღე ბავშვს რომ ვუშვებ სკოლაში, თითო და ორ-ორი ლარი მაინც უნდა. ერთ ბავშვს რომ მისცემ შაქარი არ დაუვარდეს, ცუდად არ გახდეს, მეორე ბავშვს ხომ ვერ დატოვებ ისე, იმასაც უნდა. მე ხომ ციდან არ მიცვივა, არ არის, ფაქტიურად არ არის“.
დალი იხსენებს, რომ ამ სახლში გადმოსვლამდე, სამი თვით სოფელ ყოროლისთავში იყვნენ იცხოვრეს. „ბებიასთან მომვლელად ვიყავი, თან ვუვლიდი, თან ვცხოვრობდით, მაგრამ იქიდან ბავშვები ვერ ვატარე სკოლაში, ბავშვები აღარ ვანერვიულე და ისევ ვიქირავეთ“.
ყოროლისთავში სწორედ იმიტომ წავიდნენ, რომ ქალაქში ქირას ვეღარ იხდიდნენ: „ძალიან „სირისტიან“ ოთახში ვიყავით, მეორე ბავშვი ავად გამიხდა, გაუჩნდა დაჩრდილვა, არანაირი წამლები არ მქონდა და იმ ქალმა [ექიმმა] საჩუქრად გაუკეთა ხუთი სეანსი“.
„ქართული ოცნების“ ჰომოფობიურ კანონს სამოქალაქო საზოგადოებამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ქვიარ აქტივისტებმა ფაშისტური უწოდეს. მათი შეფასებით, კანონი ქვიარების სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს, ახალისებს ძალადობას და დისკრიმინაციას მათ მიმართ, იჭრება განათლების სფეროში, ზღუდავს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას.
2024 წელს „ოცნებამ“ 14 მილიონ 515 407 ლარი შეაგროვა წინასაარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად. ამას დაემატა ის თანხაც, რომელსაც „ოცნება“ როგორც კვალიფიციური პარტია ბიუჯეტიდან იღებს. შემოწირულების ჯამით სხვა პარტიები 2 მილიონ ლარზე ვერ ავიდნენ. შესაბამისად, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლებლობა და პრაქტიკა საერთოდაც რომ დავივიწყოთ, „ოცნების“ ფინანსური უპირატესობა წინასაარჩევნო კამპანიისას 12 მილიონ ლარზე მეტია.
შედარებით მეტის შეგროვება შეძლეს კოალიციებმა ჯამურად მათი შექმნის დღიდან დღემდე.
„ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ მიღებულმა თანხამ კოალიციის შექმნიდან დღემდე 6 მილიონ 648 286 ლარი შეადგინა. აქ უნდა გავითვალისწინოთ რომ კოალიცია 4 პოლიტიკურ ჯგუფს აერთიანებს – ლელო, ანა დოლიძის ხალხისთვის, „თავისუფლების მოედანი“ და მოქალაქეები.
კოალიციამ „ცვლილებებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი“ – „რესპუბლიკელებთან“ ერთად 6 მილიონ 746 792 ლარი მიიღო შემოწირულობის სახით.
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობამ“ 1 მილიონ 939 016 ლარი შეაგროვა. ეს კოალიცია აერთიანებს ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელს“ და „ევროპულ საქართველოს“.
„გახარია საქართველოსთვის“ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობს, მცდელობის მიუხედავად პარტიამ კოალიცია „ლელოსთან“ ვერ შექმნა. 2024 წლის იანვრიდან დღემდე ყოფილი პრემიერის პარტიამ 282 484 ლარი შეაგროვა.
ამ მონაცემებში არ შედის თანხები, რომლებიც პარტიებმა კოალიციის მიღმა ცალკე მიიღეს, თუმცა ეს თანხა არც ისე დიდია.
სახელმწიფო უწყებების კონტრაქტორებმა „ოცნების“ ყულაბის წინასაარჩევნოდ შესავსებად ამჯერადაც გამოიჩინეს თავი, მათ არც მშენებლები ჩამორჩნენ. ახალი არაფერია იმაში, რომ მას ვინც მაღალბიუჯეტიან ტენდერს იღებს არჩევნებზე დამკვეთის, „ოცნების“ წინაშე ანგარიშვალდებულებას ახსენებენ. ასევე მშენებელსაც, ვინც ქალაქში სარფიან ადგილზე სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის შეძენა შეძლო და ნებართვაც მიიღო მშენებლობის იმ პარამეტრებზე, რაც მას სურდა.
საქართველოში დამკვიდრებული მავნე პრაქტიკით, როცა ამომრჩევლის გადასახადებით შეგროვილ ფულს კონკრეტული პროექტისთვის ტენდერის გავლით ხარჯავენ, შემსრულებელს ეუბნებიან, რომ ანგარიშვალდებულია დამკვეთთან, ანუ, „ოცნებასთან“. სინამდვილეში კი დამკვეთი სახელმწიფო უწყებაა, რომელიც ამომრჩევლის ფულს, ანუ ბიუჯეტს ხარჯავს.
რეკლამაში გადახდილი მილიონები
ანტიკორუფციული ბიუროსთვის წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, „ოცნებამ“ პოლიტიკური რეკლამისთვის 2024 წლის 27 აგვისტოდან 16 სექტემბრამდე პერიოდში 4 მილიონ 650 000 ლარი დახარჯა, ხოლო 17 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში კიდევ – 3 მილიონ 684 623 ლარი, რაც ჯამში რვა მილიონზე მეტია. იგივე პერიოდში კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელო ხალხისთვის“ რეკლამის ხარჯი 4 მილიონ 487 579 ლარია, აქედან 2 მილიონ ლარზე მეტი სატელევიზიო ხარჯს შეადგენს.
„ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეკლამაში 550 760 ლარი დახარჯა. კოლაიციამ „ცვლილებებისთვის“ კი – 1 მილიონ 819 403 ლარი.
„ამომრჩევლის საარჩევნო უბნებთან დარჩენა ნიშნავს იმის ჩვენებას, რომ ჩვენ, მოქალაქეები, არავისთვის არაფრის დათმობას არ ვაპირებთ, მით უმეტეს ხმების, რომელიც ჩვენი ქვეყნის ბედს, ჩვენი შვილების მომავალს წყვეტს,“ – ამბობს გენო თებიძე, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბათუმში.
პოლიტიკოსს ვესაუბრეთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამომრჩევლების საარჩევნო უბანთან დარჩენა მას შემდეგ, როცა ისინი არჩევანს გააკეთებენ? არის ეს ხმის დაცვის ეფექტური საშუალება ამომრჩევლის მხრიდან?
გენო თებიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ პროდასავლურ კოალიციას ყველა უბანზე ეყოლება კომისიის წევრები და დამკვირვებლები, თუმცა თავად ამომრჩევლის ჩართულობა ხმების დაცვის პროცესში და იმის ჩვენება, რომ „მე ჩემს ხმას ვიცავ“ და შინ არ მივდივარ, ყველაზე ეფექტურია.
„ვიცით, რომ „ოცნება“ ყველა სიტუაციაში შეეცდება ეს პროცესი სათავისოდ გამოიყენოს. რომ შევანელოთ ეს და გაყალბების სურვილი მოვუკლათ, საჭიროა თითოეული ამომრჩევლის მხარდაჭერა ამ პროცესში.
„ოცნებას“ ისევ ეყოლებათ ყველა უბანზე თავისი „ქუჩის ბიჭები“, სპეცსამსახურის ადამიანები, ისინი ადგილზე ეცდებიან ამომრჩევლების დათანხმებას, გადაბირებას, შეშინებას… მე ვეტყოდი ამომრჩეველს, რომ შესაძლოა, მათ გარეთ თავი დაუქნიონ ამ ადამიანებს, არ შევიდნენ პოლემიკაში, რაც მთავარია, საარჩევნო კაბინაში ვერავინ ხედავს, რა არჩევანს გააკეთებენ ისინი.
გენო თებიძე
ამომრჩევლის დარჩენა საარჩევნო უბანზე იქნება სტიმული ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საარჩევნო კომისიებში მუშაობენ, ვგულისხმობ, პირველ რიგში, პროდასავლური ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ ისინი არ შეშინდნენ და მყარად იდგნენ შიგნით ხმების დასაცავად. ეს იქნება გზავნილი ზოგადად კომისიისთვისაც, რომ ჩვენ მტკიცედ დავიცავთ ჩვენს ხმებს და გაყალბებას არ დავუშვებთ,“ – გვითხრა გენო თებიძემ.
რა არის საჭირო იმისთვის, რომ ხმების დაცვა დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს, თუ საარჩევნო უბნებთან იქნებიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც და იქვე დარჩებიან ოპოზიციის მხარდამჭერებიც?
„ჩვენ ვიქნებით ყველა უბანთან მშვიდად და თუ ვინმე ეცდება სიტუაციის არევას, ამას წინ აღვუდგებით, არ მივცემთ უფლებას ხელისუფლებას, კონსტიტუციით მონიჭებული უფლება, ვიღაც ძველმა ბიჭებმა, თუ რუსეთიდან გადმოგდებულმა ივანიშვილმა დაგვახიოს თავზე.
მინდა, პირველ რიგში, ამომრჩეველი მშვიდად იყოს: ყველა უბანზე ჩვენ გვყავს გადამზადებული, პროფესიონალი ადამიანები, პატრიოტიზმით გამორჩეული ხალხი, მაგრამ საჭიროა მაქსიმალური აქტიურობა. ყველა ვაცნობიერებთ, რომ ეს არის არა რიგითი არჩევნები, არამედ ბრძოლა დასავლურ, ცივილურ სამყაროსა და რუსულ სამყაროს შორის. როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ, ეს ამომრჩევლის გადასაწყვეტია.
„ოცნება“ ცდილობს, დაშინებით, მოსყიდვით მიიყვანოს ამომრჩეველი, ჩვენ კი, ვალდებული ვართ, დავუპირისპიროთ ამას ჯანსაღი ამომრჩევლის ძალა, რომელიც გადაწყვეტს საქართველოს ბედს“, – ამბობს გენო თებიძე.
საქართველოს მთავრობა კერძო პირებზე პირდაპირი წესით ყიდის ან იჯარით გასცემს სახელმწიფო ქონებას, მაგრამ ხშირად ამ პირების ვინაობას უკანონოდ მალავს. შესაბამის განკარგულებებს [სადაც სახელმწიფო ქონების მიმღების ვინაობა დამალულია], რომლებსაც მთავრობა ასაჯაროებს, ხელს პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს.
ირაკლი კობახიძე პრემიერობის დასაწყისში აცხადებდა და შემდეგაც არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის ყველა გადაწყვეტილება ქვეყნდება და ისინი სრულიად გამჭვირვალეა.
მთავრობას „გამჭვირვალობაზე“ აპელირება სჭირდება რუსული კანონის კონტექსტში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ არასამთავრობოებისა და დამოუკიდებელი მედიის გასაქრობად მიიღო. მთავრობა ამ ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანებისგან განსაკუთრებული კატეგორიის ინფორმაციას ითხოვს, მაგალითად ისეთსაც კი, როგორიცაა სქესობრივი ცხოვრება ან რელიგიური აღმსარებლობა, მაგრამ თავად მალავს ყველაფერს, რაც საჯაროა და საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი.
„ბათუმელებმა“ 3 თვის წინაც დაწერა, რომ მთავრობა არათუ განკარგულების ტექსტში მალავს სახელებს, არამედ თვითონ განკარგულებებსაც კი მალავს და მათ არ აქვეყნებს. ნაწილი განკარგულებებისა მთავრობამ ჩვენი წერილობითი მოთხოვნის შემდეგ გაასაჯაროვა, ნაწილი კი დღემდე არ გამოუქვეყნებია და მოთხოვნის მიუხედავად არც ჩვენთვის მოუწოდებია
ამჯერად ისეთ განკარგულებებზე შევჩერდებით, რომლებსაც მთავრობა აქვეყნებს, მაგრამ განკარგულების ტექსტში წაშლილია და არ ჩანს იმ კერძო კომპანიებისა თუ ფიზიკური პირების სახელები, რომლებსაც სახელმწიფო ქონებას გადასცემს.
მთავრობის განკარგულების ასე არასრულად გამოქვეყნება კი, კანონდარღვევაა.
„მთავრობის რეგლამენტის მიხედვით, განკარგულებების ტექსტი სრულად უნდა გამოქვეყნდეს, თუ საგამონაკლისო შემთხვევა არ არის სახეზე და [სახელმწიფო] საიდუმლო ინფორმაციასთან არ გვაქვს საქმე. ზოგადად, განკარგულებებში საჯაროობას აქვს უპირატესობა. ნებისმიერ შემთხვევაში, შემსყიდველი პირების ზოგადი, a priori დაფარვა არ არის შესაბამისობაში მოქმედ კანონმდებლობასთან. განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება იურიდიულ პირებს – როცა ბიზნესს სახელმწიფო ქონება გადაეცემა და მას კონკრეტული პირობები უწესდება“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ნიკა ბოლქვაძე – ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის [IDFI] იურისტი.
მაგალითად, მთავრობამ 2024 წლის 22 აგვისტოს განკარგულებით ჩხოროწყუში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის სამი ნაკვეთი [ჯამში 2 254 კვადრატული მეტრი] და მასზე განთავსებული მშენებარე ნაგებობა პირდაპირი მიყიდვით, 41 800 ლარად, საკუთრებაში გადასცა კერძო პირს/კომპანიას, თუმცა გამოქვეყნებულ განკარგულებაში მთავრობამ დამალა ვის მიჰყიდა ეს ქონება.
მომავალ მესაკუთრეს კი, რომელიც მთავრობამ ინკოგნიტოდ დატოვა, გადაცემულ ქონებაზე არანაკლებ 100 ათასი ლარის ინვესტიციის განხორციელებაც დაავალა.
ამ განკარგულებაში, რომელიც მთავრობამ გამოაქვეყნა, დამალა იმ პირის სახელი, ვისაც სახელმწიფო ქონება მიჰყიდა. ასეთ ადგილებში ჩვენ ჩავსვით – „მთავრობა მალავს“
კიდევ ერთი, 2024 წლის 9 ოქტომბრის განკარგულებით, მთავრობამ სახელმწიფო ქონება კერძო პირს პირდაპირი წესით სენაკის სოფელ ნოქალაქევში მიჰყიდა და მისი ვინაობა ამ შემთხვევაშიც დამალა. ამავე განკარგულებით იგივე პირს მთავრობამ 49 წლით დამატებით მიწის ოთხი ნაკვეთი იჯარით გადასცა.
ამ განკარგულებაში, რომელიც მთავრობამ გამოაქვეყნა, დამალა იმ პირის სახელი, ვისაც სახელმწიფო ქონება მიჰყიდა და ასევე იჯარითაც გადასცა. ასეთ ადგილებში ჩასმულია – „მთავრობა მალავს“
„ამ საკითხთან დაკავშირებით იმის თქმა შეიძლება, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებული ინფორმაცია განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას. განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც პრივატიზაცია ხდება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ან უსასყიდლოდ [სიმბოლურ ფასად].
მთავრობის განკარგულებით, ქონების ამ ფორმით გადაცემა ხდება საგამონაკლისო შემთხვევებში, რომლებსაც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს და მათ მიმართ განსაკუთრებით მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი.
ინფორმაციის საჯაროობას აქ უფრო მომეტებული ღირებულება იმიტომ გააჩნია, რომ მთავრობის განკარგულებით გამარტივებული წესით [პირდაპირი მიყიდვით] ხდება სახელმწიფო ქონების გადაცემა და ბევრ შემთხვევაში ეს დაკავშირებულია კონკრეტული საპრივატიზებო პირობების, ანუ ვალდებულებების შესრულებასთან, რაც შემდგომში უნდა გაკონტროლდეს“, – ამბობს ნიკა ბოლქვაძე.
იურისტის თქმით, 2024 წლის თებერვლიდან განახლდა მთავრობის განკარგულებების გამოქვეყნება, თუმცა წინა წლების განკარგულებები კვლავ არ არის ხელმისაწვდომი და ახლებიც, ზოგიერთ შემთხვევაში, სრულად არ დევს მთავრობის ვებგვერდზე.
„განკარგულებების ხელმისაწვდომობა, ზოგადად პრობლემური საკითხია. საგულისხმოა ის, რომ სწორედ სახელმწიფო ქონების დაკავშირებული განკარგულებების გაცემა არ ხდებოდა და დღესაც არ ხდება…
არ გვაწვდიან იმ კომპანიების/ფიზიკური პირების სიას, რომლებსაც პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცათ სახელმწიფო ქონება, აგრეთვე არ გვაწვდიან ამ საპრივატიზებო ხელშეკრულებებს, მათ პირობებს, თუკი რაიმე შეიცვალა ამ პირობებში, სახელმწიფომ ხომ არ გადაუვადა ვალდებულების შესრულება და ა.შ. ეს ყველა ინფორმაცია არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის და კანონის მიხედვით უნდა ექვემდებარებოდეს საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ მათი ხელმისაწვდომობა არ არის უზრუნველყოფილი“, – ამბობს ნიკა ბოლქვაძე.
მთავრობა დღეს აქვეყნებს ისეთ განკარგულებებსაც, რომლითაც კერძო პირებთან დადებულ ხელშეკრულებებში ცვლილებები შეაქვს, თუმცა ვინ არიან ეს პირები – გამოქვეყნებულ განკარგულებებში მთავრობა მალავს. მალავს იმ პირების ვინაობასაც, რომლებსაც სახელმწიფო ქონებას უცვლის. ასეთი უკანონო და უშინაარსო ფორმით განკარგულებების გამოქვეყნებას კი, მთავრობა საკუთარი საქმიანობის გამჭვირვალობად აფასებს
ხელშეკრულებებში ცვლილება ძირითადად კერძო სუბიექტების მიერ ნაკისრი ვალდებულებების გადავადებას და სხვადასხვა შეღავათს ეხება, რომელსაც მას მთავრობა უწესებს. ასეთ ცვლილებებს მთავრობა კერძო სუბიექტისთვის „საქმიანობის ხელშეწყობის ღონისძიებას“ არქმევს. ასეთი ცვლილებების გარეშე ამ სუბიექტებს ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმის ან პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრებოდათ, ან უფრო მეტი – ვალდებულების დროული შეუსრულებლობისთვის ხელშეკრულება შეუწყდებოდათ.
მაგალითად, ერთ-ერთ პირს, რომელსაც მთავრობა განკარგულებაში მალავს, 2019 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 2025 წლის 30 მაისამდე გადაუვადეს, ყოველგვარი დამატებითი პირობის გარეშე
უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივ მთავრობა ორმაგი სტანდარტით მუშაობს, ანუ ზოგჯერ განკარგულებებს ისე აქვეყნებს, რომ არ მალავს კერძო პირებთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში რა ცვლილება შეიტანა.
რაც შეეხება ქონების გადაცვლას – მაგალითად, მთავრობის 2024 წლის 7 ოქტომბრის განკარგულებით, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცა უფლება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, სოფელ ტაბახმელაში მდებარე 50 948 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადასცეს კერძო პირს [თუ ვის, ამას მთავრობა მალავს], ოღონდ მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მისაქციელში მდებარე მიწის ნაკვეთების სახელმწიფოსთვის გადმოცემის სანაცვლოდ.
ანუ, სახელმწიფო კერძო პირს ქონებას უცვლის.
ამასთან, ამავე განკარგულებით პირი, რომელსაც მთავრობა მალავს, ვალდებულია უძრავი ნივთების საბაზრო ღირებულებებს შორის არსებული სხვაობა – 4 584 645 ლარი შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვეში დაფაროს:
მთავრობის განკარგულება ქონების გაცვლაზე, სადაც კერძო პირი დამალეს
მთავრობა იმ კომპანიების სახელსაც მალავს, რომლებსაც მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსს ანიჭებს. ასეთი სტატუსის მქონე საწარმოები კი მთელი რიგი შეღავათებით სარგებლობენ.
2024 წლის 18 მარტის განკარგულების დანართი, რომლითაც მთავრობამ ზოგიერთ მეწარმე სუბიექტს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მანიჭა, თუმცა ვის – [დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი] დამალა
მთავრობა, მის მიერვე გასაჯაროებულ განკარგულებებში მალავს, თუ ვის გადასცემს იჯარით საძოვრებს, მიწის ნაკვეთებს, ასევე რომელ ფიზიკურ პირებს გადასცემს ბინებსა და მიწებს.
მთავრობამ 2024 წლის 20 მაისის განკარგულებით, დმანისში, მარნეულში, თეთრიწყაროში, ნინოწმინდასა და დედოფლისწყაროში 19 პირზე სამი წლით, ჯამში 18,5 მილიონი კვადრატული მეტრი [ანუ 1 854 ჰექტარი] საძოვარი გასცა იჯარით. საძოვრები მოიჯარეებს წლიური საიჯარო ქირის გადახდის სანაცვლოდ გადაეცათ, თუმცა მთავრობამ დამალა ვის გადასცა ეს საძოვრები.
„რაც შეეხება ფიზიკური პირების შემთხვევას, აქ, შეიძლება პერსონალურ მონაცემებზე აპელირებით იყოს კონკრეტული შემსყიდველი პირების მონაცემები დაფარული, მაგრამ, თითოეულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს საჯაროობისა და პერსონალური მონაცემების დაცულობის ფარგლები, რომელმა უნდა გადაწონოს თითოეულ შემთხვევაში.
განკარგულებით მოსაწესრიგებელი საკითხების ბუნების გათვალისწინებთ, საჯაროობას უპირატესობა უნდა მიენიჭოს უმრავლეს შემთხვევაში. მეტიც, მაგალითად იხილეთ ეს განკარგულება, აქ სწორედ ფიზიკური პირებისთვის [ამ შემთხვევაში, დევნილებისთვის] გადაცემულ ქონებასთან დაკავშირებით არის მიღებული განკარგულება 2016 წელს და ამ განკარგულებაში არც ერთი ფიზიკური პირის მონაცემი არ არის დაფარული“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ნიკა ბოლქვაძე.
ათეულობით დევნილ ოჯახს ბინა მთავრობამ მიმდინარე წელსაც გადასცა, თუმცა მთავრობის განკარგულებაში ბინის მიმღები პირების ვინაობები დამალულია. მაგალითად, 2024 წლის 8 აპრილის განკარგულებით დევნილებს ბინები გადაეცათ როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. ბინები კი უსასყიდლოდ შემდეგი ძირითადი პირობებით გადაეცათ:
„ფიზიკური პირები ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არ უნდა სარგებლობდნენ ან ფლობდნენ რაიმე საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართობს, მოპოვებულს მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, გარდა ამავე დანართით გათვალისწინებული უძრავი ნივთისა;
ფიზიკურ პირებს აღარ წარმოეშობათ უფლება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, მოითხოვონ სახელმწიფოსაგან, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისაგან ან სხვა პირისაგან რაიმე სახის კომპენსაცია ან უძრავი ნივთის საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა“, – აღნიშნულია მთავრობის 2024 წლის 8 აპრილის განკარგულებაში.
მთავრობის 2024 წლის 8 აპრილის განკარგულების დანართიდან
მთავრობის 2024 წლის პირველი აგვისტოს განკარგულებით სამი ბინა ბათუმშიც გაიცა სიმბოლურ 1 ლარად, ოღონდ თანადაფინანსებით – ადლიის ქუჩის 112 ნომერში.
ბათუმში, ადლიის ქუჩის N112-ში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთათვის ორი თერთმეტსართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა 2020 წელში უნდა დასრულებულიყო და პოლიციელებს ბინებიც უნდა მიეღოთ, თუმცა ეს ბინები 2023 წლის მაისში არ იყო დასრულებული.
აქედან გამომდინარე ბინები აქ დიდი ალბათობით პოლიციელებს გადაეცათ, თუმცა კონკრეტულად ვის – ეს მთავრობის მიერ გასაჯაროებული განკარგულების დანართში დამალულია:
დანართი მთავრობის 2024 წლის პირველი აგვისტოს განკარგულებიდან
„შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღის ვადაში, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული პირების მიერ ამავე დანართით გათვალისწინებული შესაბამისი ბინის მშენებლობის ღირებულების 60%-ის 45 518 ლარის გადახდის უზრუნველსაყოფად, სს „ლიბერთი ბანკთან“ შესაბამისი ხელშეკრულებ(ებ)ის გაფორმება საბანკო კრედიტის გაცემის მიზნით ან/და შესაბამისი თანხის განთავსება ამავე ბანკში არსებულ საკუთარ ანგარიშ(ებ)ზე.“ – წერია მთავრობის 2024 წლის პირველი აგვისტოს განკარგულებაში.
მთავრობას დღემდე არ გამოუქვეყნებია 2024 წლის N267; N361; N425; N591; N879; N986; N987 განკარგულებები და ისინი წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად არც „ბათუმელებს“ მიაწოდა. ჩვენი წერილის შემდეგ კი მთავრობამ კიდევ შვიდი განკარგულება დამალა: NN: 1044, 1047, 1209, 1210, 1314, 1315 და 1499.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდებს.
„მიდით არჩევნებზე, ნურაფრის გიშინიათ. საჭიროა, რომ ამ ქვეყნის მომავალი იყოს გადაწყვეტილი თქვენი ხმით. ნურავინ დარჩება სახლში, თქვენი გადასაწყვეტია ხვალინდელი საქართველო როგორი იქნება.
მადლობა ყველას, ვინც დღეს რიგში დგას იმისთვის, რომ ჩავიდეს თავის რეგიონში და იქიდან მისცეს ხმა, რადგან იქ არის ჩაწერილი. რაც არ უნდა სირთულეები იყოს, ტრანსპორტი არ იყოს, რაც არ უნდა სირთულეები იყოს, თქვენ მაინც მიდიხართ და თქვენ ხმას მისცემთ საქართველოს.
მადლობა ჩვენს მოქალაქეებს დიასპორაში, რომლებიც იბრძვიან იმისთვის, რომ მათი ხმა ისმოდეს და მათი ხმა გაისმება ხვალ.
მადლობა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ჩართული არიან, ჩანან და ხვალაც მისცემენ ხმა იმ პარტიას, რომელიც აირჩიეს.
ვერავინ ვერ ნახავს, ვის მიეცით თქვენ ხმა და ხვალ ამის გამო, ვერავინ დაგსჯით. არანაირი რევანში არ იქნება არცერთი მხრიდან, ეს არის ჩემი, როგორც ყველას პრეზიდენტის დაპირება“, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
ხვალ, 26 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია.
აჭარაში, საპარლამენტო არჩევნების პარალელურად აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც ტარდება.
მოსახლეობის დიდი ნაწილი, ამ არჩევნებს რეფერენდუმის მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან მიაჩნიათ, რომ სწორედ ამ არჩევნების შედეგები განსაზღვრავს საქართველოს სამომავლო კურსს თუ ქვეყნის ინტეგრაციას ევროკავშირში.
ხვალ, 26 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება. საქართველოს მოქალაქეები ოთხი წლის ვადით 150 დეპუტატს აირჩევენ პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. წინასაარჩევნო პროცესი 2024 წლის 27 აგვისტოს დაიწყო და გაგრძელდება 25 ოქტომბრის ჩათვლით. ამ მნიშვნელოვან პერიოდში ხელისუფლება მედიასთან ბოიკოტის რეჟიმში რჩებოდა.
როცა ხელისუფლების წარმომადგენლები მედიასთან კომუნიკაციას თავს არიდებდნენ, მკითხველი კიდევ უფრო აქტიურად ინტერესდებოდა და ეძებდა სანდო წყაროებს.
2 თვის განმავლობაში „ბათუმელები“ მკითხველს მრავალფეროვან მასალებს სთავაზობდა. აუდიტორია განსაკუთრებული ინტერესით აკვირდებოდნენ ისეთ თემებს, როგორიც იყო პოლიტიკური პროგრამები, პოლიტიკური დებატები და კანდიდატების განცხადებები. მათთვის მნიშვნელოვანი იყო, როგორ გეგმავდნენ კანდიდატები ქალაქის პრობლემების მოგვარებას და რა საჭიროებები იკვეთებოდა ადგილობრივ დონეზე:
წინასაარჩევნო პერიოდში „ბათუმელების“ მკითხველი ყველაზე ხშირად ამ ტიპის თემებით ინტერესდებოდა:
„არ მეგულება ემიგრანტი, ვინც არ ნატრობს საქართველოში დაბრუნებას. ჩვენ, ემიგრანტები ამისთვის ვიბრძვით და ვშრომობთ. 26 ოქტომბერს უნდა ავირჩიოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. ყველანი უნდა წავიდეთ არჩევნებზე“, – თქვა ნიუ იორკში, თბილისობის საღამოზე გამოსვლისას, მუსიკოსმა თამრიკო დავითაშვილმა.
მეგობრებთან ერთად თბილისობა პირველად 2005 წელს ჩაატარა ნიუ იორკში და 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, Wall Street-ზე პირველად აღმართა ქართული დროშა. 2009 წლიდან კი მისმა კომპანიამ STVR წამოიწყო დაჯილდოების ყოველწლიური ცერემონიალი „ქართველები ამერიკაში“.
მას შემდეგ, წელიწადში ერთხელ ქართული კულტურას ამერიკელ მეგობრებს აცნობენ და წარმატებულ ქართველებს აჯილდოებენ. ქართველების ღონისძიებას ნიუ იორკის მერი და სენატორების წარმომადგენლებიც კი ესწებიან ხოლმე.
ქალბატონო თამრიკო, თქვენ რატომ წამოხვედით საცხოვრებლად ამერიკაში?
26 წელია ამერიკაში ვცხოვრობ. სამშობლო შიმშილის გამო არ დამიტოვებია. სხვა მიზეზი მქონდა – როგორც ხელოვანი საქართველოში გამანადგურეს. იმ დროში პროგრესული ადამიანები არ უყვარდათ, ფაქტობრივად დაბლოკილი ვიყავი ყველგან.
ამერიკამ კი უამრავი შესაძლებლობა მომცა. აქ შრომა ფასობს. წლების განმავლობაში სხვადასხვა შტატში ვმართავდი კონცერტებს, დარბაზები სულ ივსებოდა. მე ქართულად ვმღეროდი, თუმცა ჩემი მსმენელი ძირითადად რუსულ ენოვანი ხალხი იყო.
2008 წელს, როცა რუსეთმა ჩვენი ტერიტორიები მიიტაცა და ომი დაიწყო, შევწყვიტე კონცერტები. არ შემეძლო მემღერა რუსებისთვის. იყო ძალიან დიდი შემოთავაზებები, 50-60 და 70 ათას დოლარიან პროექტებზე ვთქვი უარი. ამის შემდეგ მე და ჩემმა მეგობრებმა დავაფუძნეთ კომპანია „ქართველები ამერიკაში“. მას შემდეგ, ერთი დღე არ მიცხოვრია ჩემ ქვეყანაზე ფიქრის გარეშე.
იცით, მე საქართველოში სულ ინგლისურ ენაზე ვმღეროდი, ამერიკაში რომ ჩამოვედი, შემდეგ დავიწყე სიმღერა ქართულად. ემიგრაციაში უფრო გავაანალიზე, რამდენად ძლიერ მყვარებია ჩემი ქვეყანა. ჩემი ქვეყნის ისტორია. ჩვენ ხელისუფლებას კი უნდა ჩვენი ქვეყნის ისტორია წაშალოს.
ჩვენი ისტორიული არჩევანია ევროპა. ისტორიის გადაწერის უფლებას არავის არ მივცემთ.
თქვენთვის რას ნიშნავს ევროპა?
ევროპა ჩემთვის თავისუფლებაა. თავისუფლების გარეშე არ არსებობს არც ერთი სიკეთე დედამიწაზე. ვისაც სურს ღირსეული მომავალი, კარგი განათლება და ჯანდაცვის სისტემა, თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი სასამართლო, ღირსეული სამუშაო და ღირსეული სიბერე, უნდა აირჩიოს ევროპა.
ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მალე გავხდეთ ევროკავშირის წევრები. 26 ოქტომბრის არჩევნები არის ბრძოლა თავისუფლებისთვის და ქართველმა ხალხმა ამ ბრძოლაში უნდა გაიმარჯვოს.
მჯერა, ერთად გავიმარჯვებთ!
ევროპა ჩემთვის ერის გადარჩენის და უნიკალურობის შენარჩუნების შანსია. ჩვენი ენა და კულტურა მხოლოდ ასე გადარჩება. ამერიკაში ქართული სკოლებია, კულტურის ცენტრები – აქ ყველა ვცდილობთ უფრო პოპულარული გახდეს ქართველი ხალხის შექმნილი სიკეთეები.
ჩვენს ერთ-ერთ ღონისძიებას ნიუ იორკის მერი ესწრებოდა, თითქმის ორი საათი იჯდა დარბაზში, ქართულ ენაზე მიმყავდა შეხვედრა, მერს კი თარჯიმანი ჰყავდა, ღონისძიების დასრულებამდე დარბაზიდან არ გასულა.
ჩვენ გავაცანით ამერიკაში მცხოვრები წარმატებული ექიმები, პროფესორები, სტუდენტები. უფრო ხელშესახები რომ გამხდარიყო რა დიდი სიკეთის მოტანა შეგვიძლია ქართველებს დემოკრატიულ გარემოში, კარგი და საიმედო პარტნიორების დახმარებით.
ნიუ იორკის მერის ამ არცთუ უმნიშვნელო ჟესტითაც შემიძლია ვთქვა, ამერიკა და ევროპა აფასებს და პატივს სცემს ჩვენი ქვეყნის ტრადიციებს, კულტურას.
ამჟამად, როცა ჩვენი საზოგადოება განაგრძობს პროგრესისკენ სწრაფვას, როგორ შეიძლება ხელისუფლებამ უარი თქვას ამ ღირებულ სიკეთეებზე? ჩვენი წარმატება დამოკიდებულია იმაზე, როგორ ვითანამშრომლებთ საერთაშორისო პარტნიორებთან და როგორ გამოვიყენებთ მათ მიერ გაწვდილ ხელს, რათა გავაძლიეროთ ჩვენი კულტურა და შევქმნათ უკეთესი მომავალი.
საქართველო ევროპის ნაწილია ისტორიულად, ჩვენი ვალდებულებაა არჩევნებზე წავიდეთ და ჩვენი წინაპრების მონაპოვარი დავიცვათ, ჩვენ შვილებს ევროპაში ცხოვრების შესაძლებლობას ვერავინ წაართმევს, ამის უფლებას ქართველი ხალხი არავის მისცემს. ეს არჩევნები ბრძოლაა, ჩვენ უნდა ვიომოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.
რატომ არის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი და რატომ წყვეტს შენი ერთი ხმა, შენი და ჩვენი ქვეყნის მომავალს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ნინო დობორჯგინიძის მოსაზრებას გთავაზობთ.
„ამ წინასაარჩევნო პერიოდში, ალბათ, ყველაზე ხშირად ნათქვამი ფრაზაა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ისტორიულია. ამ ისტორიულობას ორი მხარე აქვს: ერთია ამ არჩევნების გამორჩეული, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი – თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა ამ ისტორიული შედეგის მიმართ, პასუხისმგებლობა, რომელიც ნამდვილად გაივლის თითოეულის სინდისზე, იმიტომ რომ ამ შედეგს თაობები ქმნიდნენ და ეწირებოდნენ.
არის კიდევ ერთი სრულიად უნიკალური რამ თითოეული ჩვენგანისთვის: აი, სწორედ ასეთ საყოველთაო მომენტში ჩაებმება თითოეული იმ საერთო ჯაჭვში, რასაც თაობებს შორის უწყვეტობას ვეძახით.
თითოეულ ჩვენგანს განსაკუთრებული ემოციური ბმა აქვს თაობების უწყვეტ კავშირთან, ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები, ვისაც როგორ შეგვიძლია.
მაგრამ აი, 26 ოქტომბრისნაირ ისტორიულ დღეებში შენ, ერთი მოქალაქე, შენი ერთი გადამწყვეტი ხმით მხოლოდ ემოციურად კი არა, რეალურად ებმები ამ თაობების მემკვიდრეობით ჯაჭვში. თითქოს რაღაცნაირად უნდა გაფართოვდეს ეს წრე და თითოეული ჩავებათ ქართველი ათონელების, სულხან-საბას, ილიას, კოტე აფხაზის, ივანე ჯავახიშვილის და აი, მთელი ამ თაობების დიდ ჯაჭვში ჩვენი ერთი პატარა ხმით.
ზოგადად, პარტიულ ადამიანებს სხვა ქიმია აქვთ, ჩვენ, არაპარტიული კუთვნილების მოქალაქეებს განსაკუთრებული ღუზა, ემოციური კაუჭი გვაქვს ხოლმე, აი, რასაც ჩავეჭიდებით, რითაც იმ დიდ ჯაჭვს ვუკავშირდებით. ამ დღეებში ყველა ჩემი ტოლი ვინც მხვდებოდა, მეკითხებოდა, ქალბატონი მზექალას ინტერვიუ ნახე? ინოლას ის სიმღერა იცოდი? ხომ ხედავთ, როგორ შეგვკრა მათმა სიტყვებმა?
წარმოუდგენელია, ამ ერთობაში შენს მონაწილეობაზე უარი თქვა, არ გინდოდეს, რომ საკუთარი ხმით, შენი წილი არჩევანით იყო ამ უწყვეტობის ნაწილი, კოტე აფხაზისა და გიორგი ანწუხელიძის მიერ გადარჩენილ თავისუფლებასთან დადგე“, – ამბობს ნინო დობორჯგინიძე.
მედიაომბუდსმენი წინასაარჩევნო გარემოს შეფასებას აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოში ჟურნალისტური საქმიანობა მოიცავს ფიზიკურ, ფინანსურ და ორგანიზაციულ რისკებს. მედიასაშუალებები ვერ ახერხებენ ხელისუფლების მაკონტროლებელი როლის შესრულებას ხელოვნური ბარიერებისა და არასათანადო პირობების გამო.
„მედიაომბუდსმენის“ გუნდი ორი თვის განმავლობაში უწყვეტად აკვირდებოდა, ახერხებდა თუ არა მედია ხელისუფლების მაკონტროლებლის ფუნქციის შესრულებას და რა პირობები იყო საქართველოში ჟურნალისტური საქმიანობისთვის.
„საქართველოში ჟურნალისტების დევნა, მათ მიმართ გატარებული რეპრესიები ასახულია შიდა და საერთაშორისო შეფასებებში. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 2024 წლის რეიტინგში საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებით 26 პუნქტით გაუარესდა. 180 ქვეყანას შორის საქართველომ 103-ე ადგილი დაიკავა. 2023 წელს ჩვენს ქვეყანას 77-ე პოზიცია ეკავა.
[საქართველოში] მმართველი პარტია აგრძელებს საზოგადოების პოლარიზებას, უახლოვდება მოსკოვს და პრესის თავისუფლების მიმართ სულ უფრო მტრულად განწყობილ პოლიტიკას ატარებს – მითითებულია ანგარიშში.
მმართველი პარტიის პოლიტიკა და რიტორიკა მედიის მიმართ უცვლელი იყო. წინასაარჩევნო პროცესში მედიის მიმართ ბოიკოტის რეჟიმი არ შეწყვეტილა. შესაბამისად, საზოგადოებას ხელი არ მიუწვდებოდა მრავალფეროვან პოლიტიკურ დებატებზე,“ – ნათქვამია „მედიაომბუდსმენის“ ანგარიშში, რომელიც დღეს, 25 ოქტომბერს გამოქვეყნდა.
ანგარიშში საუბარია იმის შესახებ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ შეაჩერა „რუსული კანონის“ მოქმედება, ხოლო სარჩელი არსებითად განსახილველად ნაწილობრივ მიიღო. რუსული კანონის ძალით, ხელისუფლება მედიას და სამოქალაქო სექტორს უცხოური გავლენის აგენტებად მიიჩნევს.
„მოიცავს მათ შორის, მედიის სფეროში დასაქმებული პირების პერსონალური მონაცემების გასაჯაროვების რისკებს, ასევე შექმნა მედიაორგანიზაციების დახურვის წინაპირობა.
წინასაარჩევნო პერიოდში კომუნიკაციების კომისია „ქართული ოცნების“ მოთხოვნით სჯიდა კრიტიკულ მედიასაშუალებებს; კომისიამ სამ კრიტიკულ მაუწყებელს – „მთავარ არხს“, „ტელეკომპანია პირველს“ და „ფორმულას“ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა უკრაინელი ხალხის ტრაგედიის გამოყენების არაეთიკური რეკლამების გამოუქვეყნებლობის გამო. ამ გზით, კომისიამ უპირობოდ გააძლიერა მმართველი პარტიის პროპაგანდისტული ნარატივი,“ – ვკითხულობთ ანგარიშში.
მედიაომბუდსმენი მიმოიხილავს კომუნიკაციების კომისიის მიერ 2018 წელს დაფუძნებული „მედიაკადამიის“ ერთ-ერთი პლატფორმის, „მედიაკრიტიკის“ საქმიანობას და წერს, რომ სექტემბერში გამოქვეყნებული მასალები შიდა და საერთაშორისო პოლიტიკის თემებზე მმართველი პარტიის დამოკიდებულებების გაგრძელებას ჰგავდა.
„საერთაშორისო ნაწილში, „მედიაკრიტიკის“ პლატფორმის მთავარი „სამიზნე“ ამერიკული დემოკრატია და მართვის სისტემის შესახებ შეთქმულების თეორიების გაძლიერება იყო. ეროვნულ დონეზე კი პლატფორმა აკრიტიკებდა ჟურნალისტებს ანტიკორუფციული სამსახურის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციის დასჯის და ლავროვის საპასუხოდ „ქართული ოცნების“ დადებითი განწყობების გაშუქების გამო.
გამოქვეყნებულ მასალებში ნათლად ჩანს, რომ კრიტიკას უმეტესად გააჩნია პოლიტიკური დატვირთვა და პლატფორმა ცდილობს თავისი როლი შეასრულოს საზოგადოების აზრის ფორმირებაში. იმავდროულად, ასეთი სარედაქციო პოლიტიკა კვლავ აჩენს უცვლელ კითხვებს – ვისი ინტერესების დაცვას ემსახურება კომუნიკაციების კომისიის ბიუჯეტიდან დაფინანსებული პლატფორმით გავრცელებული კრიტიკა?,“ – ვკითხულობთ ანგარიშში.
მედიაომბუდსმენი ხაზს უსვამს იმ საკითხს, რომ მედიისთვის საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულებაა.
„თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოები მუდმივად იზიარებდა კომუნიკაციების კომისიის პოზიციას და სჯიდა კრიტიკულ მაუწყებლებს,“ – წერს მედიაომბუდსმენი.
ხვალ, 26 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება. ამომრჩევლები ოთხი წლის ვადით საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. წინასაარჩევნო პროცესი 2024 წლის 27 აგვისტოდან დაიწყო და 25 ოქტომბრამდე გაგრძელდა.
ბათუმში გახარიას პარტიის საარჩევნო ბანერი ჩამოხიეს. სარეკლამო ბანერი ბათუმის შემოსასვლელში იყო განთავსებული, კერძო პირის საკუთრებაში არსებული შენობის სახურავზე. როგორც პარტიაში ამბობენ, სარეკლამო ფართი პარტიას არჩევნების დღის ჩათვლით ჰქონდა ნაქირავები.
„ბანერი განთავსებული იყო ქალაქის შემოსასვლელში. როგორც ჩანს ეს ძალიან აღიზიანებდათ, იმიტომ, რომ ისე ვერ შემოხვალ ბათუმში და ვერ გახვალ, ეს ადგილი თუ არ გაიარე. სწორედ ამიტომ წუხელ ვანდალურად ჩამოხიეს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა აკაკი გვიანიძემ.
გვიანიძის ინფორმაციით საარჩევნო ბანერი დანითაა დასერილი.
„აშკარად ეტყობა ადამიანის ზემოქმედების კვალი, სპეციალურად, ვანდალურადაა ჩამოგლეჯილი.
ეს ყველაფერი დაემთხვა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომელიც გახარიას და მისი გუნდის წევრებს ემუქრება ანგარიშსწორებით. ახლა უკვე კონკრეტულ ქმედებებში გადაითარგმნა ეს მუქარა,“ – ამბობს აკაკი გვიანიძე.
მისი თქმით პარტიის წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ კომპანიას, ვისაც ეკუთვნის სარეკლამო ფართი, ასევე შენობის მეპატრონეს, რომელი შენობის თავზეც იყო განთავსებული ბანერი.
„სარეკლამო კომპანიის წარმომადგენელიც გაკვირვებული იყო. ეს შენობა დაკეტილი იყო და წესით აქ ვერავინ ვერ უნდა შემოსულიყო. ფართის მფლობელთან ვცდილობთ კავშირზე გასვლას. გვაინტერესებს, როგორ შემოვიდნენ უცხო პირები და როგორ გაანადგურეს ბანერი,“ – გვითხრა აკაკი გვიანიძემ.
სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ ქ. ბათუმის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა გასცა. სამშენებლო ნებართვა მოიცავს შავი ზღვის სანაპიროზე ჯამურად 102 ჰექტარი მიწის ნაკვეთის და ნაპირდამცავი ჯებირების მოწყობას. გადაწყვეტილება დაეფუძნა 40-მდე საერთაშორისო და ადგილობრივ კვლევას, სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ მიერ დამტკიცებულ გარემოზე ზემოქმედების ანგარიშსა და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ საექსპერტო (მათ შორის უცხოეთიდან სპეციალურად მოწვეული ექსპერტების) დასკვნას პროექტის ჰიდრავლიკური ნაწილის კონსტრუქციულ მდგრადობაზე.
2021 წლის სექტემბრიდან ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, პროექტის სიღრმისეული შეფასება და მოდელირება ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სტრუქტურული მდგრადობის უზრუნველსაყოფად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.
პროექტის მდგრადობის უზრუნველსაყოფად, ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი ხელოვნური კუნძულის დიზაინზე, უმაღლესი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო კომპანია YUKSEL PROJE-მ იმუშავა, რომელსაც სხვა მასშტაბურ პროექტებთან ერთად, შავ ზღვაში ხელოვნურად განაშენიანებულ მიწაზე ორი მოქმედი საერთაშორისო აეროპორტის (Ordu – Giresun Airport, Trabzon airport) პროექტირებისა და ექსპლუატაციაში გაშვების წარმატებული გამოცდილება აქვს.
განაშენიანების გეგმის კონცეფციასა და დეტალური დოკუმენტაციის შექმნაზე ქალაქგეგმარების მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილებითა და ინოვაციურობით გამორჩეულმა გლობალურმა ბრიტანულმა კომპანია ARUP-მა, სადაც გათვალისწინებულია მომავლის ქალაქების დაგეგმარების საუკეთესო პრაქტიკა.
აღსანიშნავია, რომ ორ ნახევარკუნძულსა და კუნძულზე ტერიტორიის 49% დაეთმობა საჯაროდ ხელმისაწვდომ რეკრეაციულ ზონას, მათ შორის ტყე-პარკებს, საფეხმავლო ბილიკებს, სპორტულ მოედნებსა და გასართობ-გამაჯანსაღებელ სივრცეებს. საპროექტო არეალში აშენდება საგანმანათლებლო და ჯანდაცვის დაწესებულებები, სასტუმროები, აპარტამენტები, ბინები, ვილები, ვერტოდრომები, იახტკლუბი.
პროექტის განვითარების ყველა ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება გარემოზე ზემოქმედების შემარბილებელ ღონისძიებებს ეთმობა.
აღსანიშნავია, რომ კომპანიამ 2022 წლის სექტემბრის თვეში მიღებული ნაპირდამცავი ჯებირის მოწყობის ნებართვის ფარგლებში ფაქტობრივად გაანაშენიანა 15 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი, რაც სახელმწიფოს წინაშე აღებული საპრივატიზებო ვალდებულებების რეკორდული გადაჭარბებაა, როგორც დროში ასევე მოცულობაში.
„ამბასადორი ჯგუფი“ ორი ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის მიწის შექმნის პარალელურად, მოახდენს თანმდევი ინფრასტრუქტურის მოწყობას.
პირველ ეტაპზე იგეგმება 4 ჰექტრამდე საჯარო პარკის, საგამოფენო ცენტრის, ადმინისტრაციული შენობისა და ულტრათანამედროვე მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის განვითარება.
23 სექტემბერს არჩილ ბერიძე – „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის წევრი ბათუმიდან, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებით ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრო და სტუდენტებს მიმართა. შეხვედრა პროექტ „დებატები 2024“-ს ფარგლებში შედგა.
არჩილ ბერიძე ამის შესახებ წერს და ფოტოებს აქვეყნებს საკუთარი ფეისბუქის გვერდზე. პოსტს უფინანსებს „ქართული ოცნება“. ამ გვერდს არჩილ ბერიძე წინასაარჩევნო კამპანიისთვის იყენებს და მისი ყველა აქტივობაც აქ თავის წინასაარჩევნო შეხვედრებს ეხება.
სქრინშოტი არჩილ ბერიძის ფეისბუქ გვერდიდან.
თავად ბერიძე წერს იმის შესახებაც, რომ მონაწილეობა სტუდენტების სიგელებით დაჯილდოებაშიც მიიღო.
საარჩევნო კოდექსი წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას კრძალავს.
ფოტო არჩილ ბერიძის ფეიბუქის გვერდიდან
„ოცნების“ კანდიდატი წერს, რომ შეხვედრა ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში შედგა, თუმცა როგორც გადამოწმებით დგინდება, სტუდენტებს არჩილ ბერიძე გონიოში, ერთ-ერთ სასტუმროში შეხვდა.
„შეხვედრა უნივერსიტეტში არ იყო. უნივერსიტეტს გარეთ, სასტუმროში იყო 2-დღიანი ტრენინგი. ღამითაც დავრჩით“, – უთხრა „ბათუმელებს“ რეზო ოკუჯავამ, რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის განყოფილების უფროსმა, რომელიც ასევე მონაწილეობდა შეხვედრაში.
„ამ პროექტის კოორდინატორი იყო უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტუდენტი. მე მიმიწვიეს ტრენერად. დებატების მასწავლებელი ვარ რამდენი წელია. აჩიკო ბერიძე მოიწვიეს [სტუდენტებმა] რამდენადაც ვიცი, იმიტომ რომ ადრე ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტი იყო და ერთ-ერთი მოდებატე, მე როგორც ვიცი…
საუნივერსიტეტო პროექტებია. სტუდენტები მოიპოვებენ დაფინანსებას და აკეთებენ ამ პროექტებს. ეს იყო ბოლო პროექტი, თუ არ ვცდები, ამ წლის. მელანო ჩხაიძეა ამ პროექტის ხელმძღვანელი. სტუდენტები იყვნენ თვითმმართველობის წევრებიც და ისეთებიც, ვინც არ არიან თვითმმართველობაში“, – გვეუბნება ოკუჯავა.
რეზო ოკუჯავას ვკითხეთ, იყო თუ არა მისთვის პრობლემა ბერიძის ამ პროექტში ჩართულობა იმის გათვალისწინებით, რომ საარჩევნო კოდექსის მიხედვით ეს დარღვევაა. მით უფრო, რომ სხვა კანდიდატები ამ პროცესში არ მონაწილეობდნენ.
„ამ ყველაფერს თვითონ სტუდენტები აკეთებენ, ადმინისტრაცია არ ერევა, როგორც ვიცი. თქვენ როგორც განიხილავთ, გადამწყვეტი მნიშვნელობა მაგ კუთხით არ აქვს. ვფიქრობ, ასეთ რაღაცებთან შეხება თუ ექნებათ ახალგაზრდებს, რომლებიც არიან სხვადასხვა პარტიულ მოძრაობებში ჩართული… წლებია მაგას ვეუბნები, რომ მოდით, რაღაცები ისწავლეთ, ტრენინგებზე იარეთ…“ – გვითხრა რეზო ოკუჯავამ.
„ბათუმელებმა“ სცადა, „დებატები 2024“-ის შესახებ მეტი გაგვეგო. ბსუ-ს ვებგვერდზე პროექტის სესახებ ინფორმაცია ვერ მოვიძიეთ, ამიტომ ჩვენ დავუკავშირდით მელანო ჩხაიძეს, თუმცა მან სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებას არ უპასუხა.
ტელეფონი გაგვითიშა ბსუ-ს თვითმმართველობის თავმჯდომარემ, ლიკა დიასამიძემ, რომლისთვისაც ასევე პროექტის შესახებ გვინდოდა გვეკითხა. დიასამიძემ ფოტოები შეხვედრიდან ცალკე გამოაქვეყნა თავის ფეისბუქის გვერდზე და აჩიკო ბერიძეს მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის.
„ბათუმელები“ დავუკავშირდით ბსუ-ს რექტორს, მერაბ ხალვაშს. მან გვითხრა, რომ ამ შეხვედრაზე ინფორმაცია არ აქვს.
ფოტო: ბსუ-ს თვითმმართველობის თავმჯდომარის, ლიკა დიასამიძის Facebook გვერდიდან.
„ღია სივრცე კავკასიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, იურისტი ირმა პავლიაშვილი ამბობს, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან ან უკანონო აგიტაციასთან საქმე გვაქვს მაშინ, „როდესაც პოლიტიკური, საარჩევნო მიზნით ხდება [ღონისძიებებში] საჯარო მოხელეების ჩართვა… ბიუჯეტით დაფინანსებული ღონისძიებების გამოყენება“.
პავლიაშვილის თქმით, ამ შემთხვევაში „შეიძლება იკვეთებოდეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები…
მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტები თანასწორი უფლებებით და ვალდებულებებით სარგებლობენ. აკრძალულია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება – ერთ კონკრეტულ სუბიექტს რომ არ მიეცეს იმაზე მეტი შესაძლებლობა, რაც გავლენას მოახდენს არჩევნებზე და არჩევნების შედეგებზე.
შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ ფაქტის უფრო სიღრმისეული შესწავლა, რადგან გაირკვეს პროექტი რა რესურსით დაფინანსდა. აქ იყო მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები, თუ ასევე იკვეთება დონორების კონტრიბუცია.
ასევე, როდესაც ღონისძიება გაიმართა, კონკრეტულად ერთი პირი მოიწვიეს, თუ სხვა პირებსაც ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ დასწრებოდნენ ამ ღონისძიებას“.
ირმა პავლიაშვილის განმარტებით, „აგიტაცია ეს არის ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უშლის, ან ხელს უწყობს სუბიექტის არჩევას. მნიშვნელოვანია, რომ თავად საარჩევნო სუბიექტის კანდიდატის წარმოდგენა უკვე აგიტაციის ნიშნებს შეიცავს, ამიტომ უნდა მოხდეს ამ ფაქტის სიღრმისეული შესწავლა.
პირველ ეტაპზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადგილი აქვს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას“.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 ოქტომბრის 21 საათიდან 26 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, ჭექა-ქუხილი.
მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვა,ზოგან – ძლიერი.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან – 17-22 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
დღისით: 7-12 გრადუსი სითბო
ღამით: 2-7 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში
დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
ღამით: 2 გრადუსი ყინვა – 3 გრადუსი სითბო
ზღვის წყლის ტემპერატურა +21 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 27-28 ოქტომბერს გამოიდარებს და ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
რუსეთის რამდენმა მოქალაქემ მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობა და აქედან რამდენი განცხადება დაკმაყოფილდა – ეს ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ არ მოგვაწოდა.
სააგენტოდან ვერ მივიღეთ ასევე ინფორმაცია, მთლიანობაში რამდენი ორმაგი [რუსეთის ფედერაციის და საქართველოს] მოქალაქეობის მქონე პირი ცხოვრობს დღეს საქართველოში, არადა ეს მოქალაქეები ირჩევენ საქართველოს პარლამენტს, აჭარაში რეგისტრირებულები კი აჭარის უმაღლეს საბჭოსაც.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან „ბათუმელებმა“ სამი თვის წინ წერილობით შემდეგი ინფორმაცია გამოითხოვა:
2022 წლის 18 აგვისტოდან დღემდე [2024 წლის აგვისტომდე] პერიოდში რუსეთის რამდენმა მოქალაქემ მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობა, აქედან რამდენი განცხადება დაკმაყოფილდა [რამდენმა მიიღო საქართველოს მოქალაქეობა? რამდენს ეთქვა უარი?]
2022 წლის 18 აგვისტოდან დღემდე პერიოდში რუსეთის რამდენმა მოქალაქემ მოითხოვა საქართველოში მუდმივი მცხოვრების სტატუსი? რამდენმა მიიღო და რამდენს ერთქვა უარი?
მთლიანობაში, დღევანდელი მდგომარეობით, რუსეთის რამდენ მოქალაქეს აქვს საქართველოში მუდმივი მცხოვრების სტატუსი?
მთლიანობაში რამდენი ორმაგი [რუსეთის ფედერაციის და საქართველოს] მოქალაქეობის მქონე პირი ცხოვრობს დღევანდელი მონაცემებით საქართველოში? ასევე რუსეთის რამდენი მოქალაქე ცხოვრობს საქართველოში, რომლებსაც აქვთ საქართველოში მუდმივი ცხოვრების [ბინადრობის] სტატუსი?
2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე პერიოდში რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში მიგრირებულ რამდენ მოქალაქეს აქვს საქართველოში არჩევნებში მონაწილეობის [ხმის მიცემის] უფლება დღევანდელი მდგომარეობით?
„ბათუმელების“ წერილი [ID: CA00412410277331] 31 ივლისს ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალით გაიგზავნა და სააგენტოში იმავე დღეს დარეგისტრირდა [რეგ N: 153567].
სახელმწიფო სერვისების სააგენტოს წერილობით ვთხოვეთ, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აღნიშნული მონაცემები მოეწოდებინა კანონით განსაზღვრულ უმოკლეს ვადაში, თუმცა, ჩვენი წერილი იუსტიციის ქვემდებარე სააგენტომ საერთოდ უპასუხოდ დატოვა.
„რაც შეეხება [რუსეთის მოქალაქეების მხრიდან] ბინადრობის მოთხოვნებს, ეს ინფორმაცია არის საჯარო. პრაქტიკულად ყოველდღე გავცემთ ამ ინფორმაციას“, – ეს განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ 2 წლის წინ გააკეთა.
სწორედ 2 წლის წინ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყეს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში მასობრივად შემოსვლა.
რუსეთის მოქალაქეები რჩებიან საქართველოში, აქვთ ბიზნესი, ითხოვენ ბინადრობას და მოქალაქეობას. მარტო 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში საქართველოს მოქალაქეობაგამონაკლისი წესით მიანიჭეს რუსეთის 3 666 მოქალაქეს და განხილვაში იყო კიდევ 1 417 პირის განცხადება.
ფაქტია ისიც, რომ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ინტენსიურად ყიდულობენ უძრავ ქონებას.
რუსეთის მოქალაქეების მიერ ქონების შეძენასთან და ბიზნესის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია კი ამ დრომდე არ მოგვაწოდა იუსტიციის სამინისტროს ქვემდებარე კიდევ ერთმა უწყებამ – საჯარო რეეტრმა.
„ბათუმელებმა“ წერილით [ID: CA00412410277634] საჯარო რეესტრსაც 2024 წლის 31 ივლისს მიმართა [რეგ N: 198075/17].
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის პირველი მარტიდან 2023 წლის 26 აპრილამდე პერიოდში რუსეთის მოქალაქეებმა ზუსტად 7 709 ბინა, მთლიანობაში 424 449 კვადრატული მეტრი უძრავი ქონება შეიძინეს საქართველოში.
მათვე იყიდეს 474 649 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი: 265 049 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობის გარეშე [457 პირი, 604 მიწის ნაკვეთი], 209 600 კვადრატული მეტრი კი, შენობა-ნაგებობასთან ერთად [1028 პირი, 1074 მიწის ნაკვეთი].
საჯარო რეესტრიდან საჯარო ინფორმაცია სწორედ ამ სტატისტიკის განახლების მიზნით გამოვითხოვეთ, თუმცა ჩვენი წერილის მიღებიდან 2 კვირის შემდეგ, 2024 წლის 14 აგვისტოს რეესტრიდან მოგვწერეს, რომ
„საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული მონაცემების დიდი მოცულობისა და სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების რაოდენობის გათვალისწინებით, თქვენს განცხადებაში მითითებული ინფორმაციის სრულად მომზადება მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ რესურსს და
შესაბამისად, გონივრულ ვადას საჭიროებს.
ამდენად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განცხადებაში მითითებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიმდინარე კანონმდებლობით დადგენილ ვადაში დამუშავებისა და მოწოდების ობიექტურ შესაძლებლობას მოკლებულია. შესაბამისად, თქვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია მოგეწოდებათ მისი სრულად მოძიების შემდეგ.“
საჯარო რეესტრიდან ამ წერილის მიღებიდან ორ თვეზე მეტი გავიდა, მაგრამ მოთხოვნილი ინფორმაცია უწყებიდან არ მიგვიღია.
აღსანიშნავია ასევე, რომ როგორც „ბათუმელებმა“ ადრე გაარკვია, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში მიწის ნაკვეთებს სოფლებშიც ყიდულობენ. მიუხედავად აკრძალვისა, რუსეთის მოქალაქეზე სოფელში მიწის მიყიდვის მექანიზმი მაინც მარტივია.