აჭარაში „იების რევოლუცია“ მზადდება

ახლახანს კიდევ ერთი არაპოლიტიკური ორგანიზაცია „დემოკრატიული აჭარა“ დაფუძნდა. როგორც წესი, მსგავსი ტიპის ორგანიზაციები დედაქალაქში ამჯობინებენ რეგისტრაციის გავლას. პირველობის დასამტკიცებლად დედაქალაქში ბათუმიდან, ამჯერად, ამ ორგანიზაციის დამფუძნებლებმა გადასხეს „დესანტი“. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში აჭარიდან ჩასულმა დაახლოებით 4000 კაცმა მოიყარა თავი – არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, „დემოკრატიისა და სამართლიანობის ცენტრის“, „ჩვენი აჭარას“, ორგანიზაცია „აფსაროსის“ წარმომადგენლებმა. როგორც შეხვედრის ორგანიზატორები აცხადებდნენ, წასვლის მსურველები გაცილებით მეტნი იყვნენ, მაგრამ სიები მაქსიმალურად შემცირდა.

მოკლედ, დედქალაქს ესტუმრნენ ის ადამიანები, ვინც უკმაყოფილოა აჭარის ხელისუფლებით.

ბურჯანაძე-დემოკრატებმა ხალხის თბილისში ჩასაყვანად იგივე მეთოდები გამოიყენა, რის გამოც ერთი თვის წინ „აღორძინებას“ დასცინოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ პარტიამ აჭარიდან აქტივისტების ჩასაყვანად 150 ათასი ლარი გაიღო. 200-200 ლარი გადაუხადეს მძღოლებს, 50-50 მხარდამჭერებს…

„გაზეთ ბათუმელებთან“ საუბარში მსგავსი რამ კატეგორიულად უარყო „დემოკრატიული აჭარა“-ს ერთ-ერთმა ინიციატორმა ჯელალ ქიქავამ: „ამ ხალხის ჩასაყვანად პირადად ჩემს ფულს ვხარჯავ და ეს პრობლემა ნამდვილად არ არის, მხოლოდ მძღოლებს ვუხდი“. თავისი სიტყვების უტყუარობის დასამტკიცებლად ჯელალ ქიქავამ ჯიბიდან ლარების დასტა ამოიღო და დანახარჯის ოდენობად 10 ათასი ლარი დაასახელა.

მის განცხადებაში კორექტურა შეიტანა ორგანიზაციის ახალგაზრდა აქტივისტმა, რომელიც ბევრად უფრო გულწრფელი ჩანდა: „ბურჯანაძე-დემოკრატები“ გვაფინანსებს, ზუსტი ციფრი, ტყუილი რომ არ გითხრათ, არ ვიცი. ვიცი ის, რომ მძღოლებს 100 ლარს  და საწვავის  ტალონებს ურიგებდნენ. აქტივისტებს საგზლად თითო პური, ძეხვი და ლიმონათი დაურიგდათ. ჯიბის ფულად 5-5 ლარიც გაიცა“…

„დემოკრატიული აჭარა“-ს დამფუძნებლები, ისევე როგორც „ჩვენ აჭარა“-ში გაიძახიან, რომ მათი უმთავრესი მიზანი აჭარაში არსებული ხელისუფლების დემონტაჟია. პარალელურად მიმდინარეობს გამალებული ბრძოლა იმ სკამის დასაუფლებლად, რაზეც წლების განმავლობაში ასლან აბაშიძე მყარად იჯდა. კულუარული ინფორმაციით, რომელზეც ღიად საუბარს ყველა გაურბის, „ორივე აჭარა“ ინტენსიურ მოლაპარაკებას აწარმოებს აჭარის დღევანდელ ხელისუფლებასთან. რა თქმა უნდა, ცალ-ცალკე.

„დემოკრატიულ აჭარა“-ს ჰყავს გამოკვეთილი კანდიდატი, რომელიც  „მზადაა გაერთიანებისთვის, რათა ერთიანი ძალით იბრძოლონ აჭარაში დემოკრატიისთვის, დაიცვან აქ მცხოვრებთა უფლებები, აღიკვეთოს თავისუფალი სიტყვის  დევნა, ძალის დემონსტრირება“. ეს არის ედვარდ სურმანიძის ლოზუნგები, რომელიც ფორუმზე დაცვის თანხლებით და ვარდებით „შეიარაღებული“ გამოჩნდა. შეკრებილები მას ოვაციებით შეხვდნენ: „სურმანიძე, სურმანიძე, ძირს აბაშიძე, ძირს მისი კლანი“ – სკანდირებდა დარბაზი.

გამომსვლელები ხოტბას ასხამდნენ ახალ პრეზიდენტს, მეორეს მხრივ კი ბოდიშს იხდიდნენ იმ ხალხის ნაცვლად, ვინც ძალით ჩაიყვანეს შევარდნაძის მხარდასაჭერად. ამისთვის ასლან აბაშიძეზე პასუხის მოთხოვნასაც აპირებენ.

სურმანიძემ ისაუბრა მოთხოვნებზე, რომელსაც ავტონომიის მეთაურს უყენებდა: „ვუთხრათ კმარა მოძველებულ რეჟიმს და ჩავაბაროთ ისტორიას. ჩვენ თითოეულ მოსახლესთან მივალთ და დავარწმუნებთ შემოგვიერთდნენ, რათა ერთად ვიბრძოლოთ. დარწმუნებული ვარ ორ თვეში საზოგადოება, გოდერძის უღელტეხილიდან ჩოლოქამდე, მზად იქნება ცვლილებებისათვის“.

აჭარის ხელმძღვანელობას ედვარდ სურმანიძემ პირველ რიგში  საგანგებო სიტუაციის გაუქმების მოთხოვნა წაუყენა. „უნდა შევქმნათ ახალი კადრები, წარმოვაჩინოთ ახალგაზრდობა და ახალი სახეები. ჩავატაროთ დემოკრატიული არჩევნები გაყალბების გარეშე და ვნახავთ, რომ „აღორძინება“ ვერ გადალახავს 7-პროცენტიან ბარიერს. ჩვენ ვთავაზობთ თავისი ხელით, უახლოეს კვირეებში ცენტრალური ხელისუფლებისგან მიტაცებული პრეროგატივები გააუქმოს. უნდა გაუქმდეს უშიშროების სამინისტრო, საბაჟო, საფინანსო და სასაზღვრო სამსახურები“.

ცნობილი სახეებიდან შეხვედრაზე ვარდების რევოლუციის აქტივისტი გოგა ხაინდრავაც დაფიქსირდა.

სურმანიძის ამბიციამ, მოვიდეს აჭარის ხელისუფლებაში, ოპოზიციონერ რევოლუციონერებში გაღიზიანება გამოიწვია, თუმცა რადიკალურ განცხადებებს, ჯერჯერობით, ყველა ერიდება. ისე, საზოგადოებას კი ურჩევენ, გაიხსენოს უკანასკნელად როდის დალანდეს სურმანიძე აქტიურ პოლიტიკაში.

სურმანიძე არანაირ რეპლიკას არ აქცევს ყურადღებას და ბათუმში ჩამოსვლას გეგმავს, რათა სათავეში ჩაუდგეს „რევოლუციას ძირმომპალი რეჟიმის დასამხობად“. სურმანიძემ „გაზეთ ბათუმელებთან“ თავისი პოზიცია ავტონომიის სტატუსთან დაკავშირებითაც დააფიქსირა: „ავტონომიის გაუქმება არ დგას დღის წესრიგში, ყოველივე მიზანდასახულად განხორციელდება სტატუსის ქვეშ, აჭარა იქნება მაგალითის მიმცემი აფხაზეთისა და სამაჩაბლოსათვის“.

ედვარდ სურმანიძეს, როგორც მომავალ ხელისუფალს, აჭარიდან სპეციალურად მის სანახავად ჩასულ შემწეობის მთხოვნელებთან შეხვედრაც არ დაზარებია. ფორუმზე მისული თბილისელი სტუმრები სინამდვილეს თვალს უსწორებდნენ და „გაზეთ ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებდნენ, რომ აქ და ამგვარ შეკრებებზე ხალხი ქულების დასაწერად და მომავალი ლიდერისთვის თავის დასამახსოვრებლად მიდის. „ეს ჩვენი უბედურებაა, ბევრი ცდილობს ამ ძალას თავი დაამახსოვროს, რათა გამარჯვების შემთხვევაში თანამდებობას გამოჰკრას ხელი. სანამ ასე ვიქნებით, არაფერი გვეშველება“, – ამბობდნენ ისინი.

შეკრებილი საზოგადოება იმედოვნებს, რომ თებერვალში, როცა მთა და ბარი იებით დაიფარება, აჭარაში იების რევოლუციას მოახდენენ.

 

„ჩვენი აჭარა“-ს საპასუხო აქცია „ჩვენი ბაბუ“

ორი დღის წინ მოძრაობა „ჩვენი აჭარას“ ინიციატივით აჭარაში, მთელ რიგ  საკრებულოებზე ხუთჯვრიანი დროშების აფრიალების პარალელურად, ბათუმში „აღორძინების“ მხარდამჭერები შეიკრიბნენ. დაახლოებით 30-40 კაცი ვარდებით, „აღორძინების“ დროშებითა და „ბაბუ, ბაბუს“ ძახილით ბულვარში, მემედ აბაშიძის ძეგლისკენ დაიძრა.

იმ დღევანდელი აქცია შეფასდა, როგორც „აღორძინების“ უსუსურობის დემონსტრირება.

ამიტომ, „აღორძინებისა“ და ასლან აბაშიძის მხარდამჭერები ბათუმში გუშინაც შეიკრიბნენ. ბუნებრივია, მათი შეკრების მიზეზი, როგორც თავად განაცხადეს, ბოლო დროს განვითარებული მოვლენებია. „ჩვენ დავიცავთ ასლან აბაშიძეს და დავიცავთ აჭარას“. „ყველა, ვისაც სურს მშვიდობიანი ცხოვრება აჭარაში, ვალდებულია ქუჩაში გამოვიდეს და გვერდით დაგვიდგეს“, „აბაშიძეზე უკეთესი ხელმძღვანელი აჭარას არ ჰყოლია და არც ეყოლება“ – აცხადებდნენ თეატრის წინ შეკრებილი მომიტინგეები და გაიძახოდნენ „გაუმარჯოს ბაბუს“. თუმცა, ერთი შეხედვითაც შეამჩნევდა კაცი, მათი მოქმედება ძირითადად იქეთკენ რომ იყო მიმართული, ყველაფერი დაეფიქსირებინა მედიას. სხვათა შორის, იმ მასმედიას, რომელსაც მომიტინგეები, თუ ანალოგიურ აქციათა ორგანიზატორ-მონაწილეები, ხშირად აუგად მოიხსენიებენ. თუმცა ამ მიტინგზე არ ყოფილა იმის საშიშროება, რომ რომელიმე ჟურნალისტს ანგარიშს გაუსწორებდნენ…

მომიტინგეთა უმეტესობას სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსული მოქალაქეები შეადგენდენ. მათ შორის იყვნენ ზოგიერთი უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, სამთავრობო დაცვის წევრები და აჭარის ხელისუფლების  წარმომადგენლებიც კი.

ამ ადამიანებში, ყველაზე დიდ უკმაყოფილებას მოძრაობა „ჩვენი აჭარა“ და „კმარას“ აქტივისტების აჭარაში მოღვაწეობა იწვევს და ამას ისინი არც მალავდნენ. ისინი, სწორედ ამ მოძრაობებს აკისრებენ პასუხისმგებლობას საზოგადოების შიგნით მოსალოდნელ დაპირისპირებაზე და ახსენებენ მათ, რომ „შვილს ყველა დედა ერთნაირი ცრემლით დასტირის“. მომიტინგე ქალბატონთა ერთი ნაწილისათვის, შეკრების უმთავრესი მიზანი სწორედ ის ყოფილა, რომ საქმე აქამდე არ მივიდეს.

ამჯერად, ბათუმის ქუჩებში ასობით ადამიანი გამოვიდა (თუ ჩამოვიდა), რითაც ხელისუფლების წარმომადგენლებს სახეზე აღტაცებაც კი ეტყობოდათ. თუმცა,  ზოგიერთ მათგანში გარკვეულმა შიშმა მაშინ დაისადგურა, როცა მომიტინგეები ასლან აბაშიძის რეზიდენციისაკენ დაიძრნენ. აქაოდა – ხვალ რომ ოპოზიცია ანალოგიურად მოიქცეს, შეიკრიბოს და ფანჯრებზე მშვიდობიანად მოგვიკაკუნოს, რა პასუხი უნდა გავცეთო. მათი შიში მაშინ გაქარწყლდა, როცა მომიტინგეებმა რეზიდენციას გვერდი აუარეს (უფრო ზუსტად არ გაატარეს) და აჭარის ტელევიზიისაკენ, შემდეგ კი უნივერსიტეტისაკენ გაემართნენ.

ასლან აბაშიძის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ამაზე ფართომასშტაბიან მიტინგსაც გამართავენ, თუ, რა თქმა უნდა, ამის აუცილებლობას დაინახავენ…

 

„აღორძინების“ აგონიამ ბათუმში ედპ გამოაცოცხლა

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ქვეყანაში ერთპარტიული ხელისუფლების პრეცედენტი იქმნება. არსებული ხელისუფლების ოპონირებას მემარჯვენე ორიენტაციის პოლიტიკური ძალები აპირებენ. ექსპერტების აზრით, პარლამენტში მათი მოხვედრა მხოლოდ გაერთიანებითაა შესაძლებელი. „ახლების“, „მრეწველების“, „ედპ“-სა და „ტრადიციონალისტების“ გაერთიანებაზე კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა მოახერხებენ თუ არა ისინი არჩევნებამდე  ამას, ძნელი სათქმელია.

ედპ-ს აჭარის პარლამენტში თავისი დეპუტაცია ჰყავს. აჭარის პარლამენტის 2001 წლის არჩევნებზე „აღორძინებამ“ იშვიათი გამონაკლისი დაუშვა და დემოკრატიული ფონის შესაქმნელად „მრეწველებსა“ და ედპ-ს 5%-იანი ბარიერის გადალახვის საშუალება მისცა. ოპონენტები მაშინ ორივე პარტიას „აღორძინებასთან“ გარიგებაში ადანაშაულებდნენ.

ედპ-ს მთავარი კომიტეტის წევრი და აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ილია ვერძაძე აჭარის ხელისუფლებასთან ალიანსს უარყოფს: „ჩვენ ყოველთვის ვიყავით აჭარის ხელისუფლების ოპოზიციაში. ჩემთვის  მიუღებელია გარკვეული ფორმები, რადიკალურ დაპირისპირებას შეიძლება, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მომენტები მოჰყვეს. მე ვთვლი, რომ პოლიტიკური დაპირისპირება სამოქალაქო დაპირისპირებაში არ უნდა გადაიზარდოს“.

ილია ვერძაძე აჭარის პარლამენტში თავის მოღვაწეობას უარყოფითად აფასებს. „პარლამენტში ჩემი ორწლიანი მოღვაწეობით უკმაყოფილო ვარ და ვთვლი, რომ ყოველდღიურმა რუტინულმა საკანონმდებლო საქმიანობამ ჩემზე უარყოფითად იმოქმედა“.

ილია ვერძაძე ბოლო დროს საპარლამენტო სხდომებზე არ ჩანს. იგი აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება და მოახლოებულ არჩევნებისათვის აჭარაში ხმების მნიშვნელოვანი რაოდენობის მოსაპოვებლად ბრძოლას აპირებს. ედპ დღეს არსებული ხელისუფლების ოპოზიციაში იმყოფება, თუმცა სარიშვილის გადაყენების შემდეგ აჭარის ხელისუფლებასთან ტრადიციულ ურთიერთობებს წყვეტს. მართალია, მოძრაობა „ჩვენს აჭარაში“ გაერთიანებას ედპ ჯერ არ აპირებს, თუმცა მათ აქტიურობას დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისათვის დადებითად აფასებს და ხმების დაცვის იმედიც აქვს. „მე მესახება, რომ ძალიან დიდ ნაწილში აქცენტირება მაინც კეთდება რევანშისტულ პოზიციებზე“ – აცხადებს ვერძაძე, თუმცა აჭარის ხელისუფლების გარდაუვალ შეცვლაზე საუბრობს. იგი ამ თემაზე უახლოეს დღეებში პოლიტიკურ განცხადებასაც გააკეთებს.

გონიოს მიტინგმა საკრებულოს თავმჯდომარე ჩამოაქვეითა

სოფელ გონიოში ნაციონალების მხარდამჭერთა მიტინგი საკრებულოს თავმჯდომარეს თანამდებობის დატოვების ფასად დაუჯდა. თავად ზურა კახიძის თქმით, „არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, საკუთარი განცხადების საფუძველზე გადავდექი, გადავიღალე. დღეს ხელისუფლებაში მუშაობა, სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობასთან ურთიერთობა, ძალიან ძნელია, უამრავი პრობლემაა გადასაწყვეტი“. თუმცა, ყოფილი საკრებულოს თავჯდომარე ისევ საკრებულოს თანამშრომლად  რჩება, ამ დღეებში გადაწყდება მისი მოადგილედ დანიშვნის საკითხი.

„გაზეთი ბათუმელები“ ახალ თავმჯდომარეს სიმონ ზაქარაძესაც გაესაუბრა, რომელმაც გამორიცხა ნაციონალების დროშის კულტურის სახლის შენობაზე ატანა: „კულტურის სახლის შენობის თავზე დროშები არ ყოფილა, ეზოში ეჭირათ. ჯამბულ ბერიძე და კაკაბაძე (სახელი არ მახსოვს) შემდეგ მოვიდნენ ჩემთან და მომიბოდიშეს, შეგვეშალაო“.

მიტინგი ახალსოფელშიც იყო დაგეგმილი, მაგრამ მისი ჩატარება ვერ მოხერხდა. რადგანაც ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები და საკრებულოს თავმჯდომარე დანიშნული მიტინგის ადგილზე დროულად აღმოჩნდენ.

გათავისუფლებული „კმარელები“ ისევ კმარელებად რჩებიან

ათი დღის წინ დაკავებული „კმარელები“ ბექა მურვანიძე და ძმები ჩხეტიები 18 იანვარს ქალაქის მეხუთე ქვეგანყოფილების იზოლატორიდან გაათავისუფლეს, სადაც ისინი ადმინისტრაციულ სასჯელს იხდიდნენ. გათავისუფლებულები ერთხმად აცხადებენ, რომ მათი დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა და წაყენებულ ბრალდებას (პოლიციელების შეურაცხყოფას) კატეგორიულად უარყოფენ. „ეს არის აბსოლუტური სიცრუე, – ამბობს მურვანიძე – ჩვენ სადარბაზოში „კმარას“ პლაკატების გაკვრის დროს აგვიყვანეს. თავიდან იყო ფიზიკური ზეწოლის ფაქტები, მაგრამ აქ შედარებით ნორმალურად გვექცეოდნენ. მედიის საშუალებით კი მადლობა მინდა გადავუხადო მათ, ვინც ჩვენი გასაჭირი გულთან ახლოს მიიტანა. ჩვენი ქმედება არ იყო არაკანონიერი, ვმოქმედებდით კონსტიტუციის ფარგლებში. მომავალშიც ვაპირებთ გამოვხატოთ პროტესტი არსებული რეჟიმის წინააღმრდეგ“. თანამოაზრეების აზრს აგრძელებენ ძმები ჩხეტიებიც. ირაკლი ჩხეტიას თქმით, ეს ფაქტი მათთვის დიდი ცხოვრებისეული გამოცდა იყო – „აბსოლუტურად ნათელია აყვანის მოტივი, ჩვენ განსხვავებული აზროვნების გამო ვიდევნებოდით ხელისუფლების მხრიდან, რადგან „კმარა-დიქტატურა“ მათ წინააღმდეგ იყო მიმართული. ცივილიზებულ ქვეყნებში მსგავსი რამ არ ხდება, ჩვენი ბრძოლა სამართლიანია და მშვიდობიანი ფორმით ისევ გავაგრძელებთ მოქმედებას“. როგორც აჩიკო ჩხეტია ამბობს, ისინი მორალური ზიანის კომპენსაციას ხელისუფლებისაგან არ ითხოვენ, რადგან, მისი თქმით, “ჩვენი ქვეყნის პირობებში მსგავს მოთხოვნას აზრი არა აქვს”.

გათავისუფლებულმა „კმარელებმა“ ბათუმი იმავე დღეს დატოვეს. ჩხეტიების დედის ნანა დონდოლაძის თქმით, ისინი პროვოკაციისაგან დაცულები არ არიან. „საქმიანობას, რა თქმა უნდა, ვერ ავუკრძალავ, ეს მათი პოლიტიკური მრწამსია და საკუთარი მომავლისთვის ბრძოლის უფლება ყველას აქვს, მაგრამ ამ ეტაპზე მათთვის აჯობებს, რომ ქალაქიდან გავიდნენ. აქ რჩება ძალა, რომელიც უსამართლობის წინააღმდეგ ბოლომდე იბრძოლებს“, – ამბობს იგი. ბიჭების გათავისუფლებას სიხარულით შეხვდა ჯანო მურვანიძეც:  „მთავარია, რომ ისინი თავისუფალი არიან. მათზე, ბუნებრივია, მომავალში ზეწოლა მოხდება, მაგრამ ისევ სულიერ სიმტკიცეს უნდა მოვუხმოთ და მოვიპოვოთ ის, რისთვისაც ვიბრძვით“.

ჩხეტიების მშობლების ინფორმაციით, ბიჭები ამჟამად  ქალაქიდან გასულები არიან. ისინი დედაქალაქში ნაქირავებ ბინაში აპირებენ ცხოვრებას. „აჩიკო მანამდეც მუშაობდა ერთ-ერთ ამერიკულ ბარში მუსიკოსად, ახლაც იმუშავებენ და ასე გაიტანენ თავს. იმედია, მანამდე მდგომარეობა გამოსწორდება და შეძლებენ ბათუმში ნორმალურ ცხოვრებას“.

fotoze minaweri:  დაკავებული „კმარელები“ ბექა მურვანიძე და ძმები ჩხეტიები გათავისუფლებული არიან

პოლიციელს განსხვავებული აზრისთვის სცემეს

პოლიტიკური მოტივით ბათუმში ამჯერად პოლიციელი სცემეს. 14 იანვარს, დაუდგენელი პირები სასტიკად გაუსწორდნენ პოლიციის ბათუმის სამმართველოს მეოთხე ქვეგანყოფილების ინსპექტორს ზებურ იაკობაძეს.

დაზარალებულის თქმით, მას სამსახურში წასვლისას დაესხნენ თავს: „აღმაშენებლის ქუჩაზე წამომეწია შავი ფერის ბმვ-ს მარკის უნომრო ავტომანქანა. როცა გამისწორდნენ, გაჩერება მთხოვეს და მკითხეს ვიყავი თუ არა ზებურ იაკობაძე. ამ ხალხს საერთოდ არ ვიცნობდი, ვინ არიან არ ვიცი.  კითხვაზე დადებითი პასუხი მიიღეს, უნდა დაგელაპარაკოთო – მთხოვეს. ჩამოვედი, არაფერი უკითხავთ,დამიწყეს უმოწყალოდ ცემა, თან მეუბნებოდნენ – შენ არ მოგწონს აჭარის ხელისუფლება, შენ არ გიყვარს ასლან აბაშიძე“.

პოლიციელის თქმით, თავდამსხმელები შავ ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილი. მისი აზრით, ფიზიკური შეურაცხყოფის მოტივი პოლიტიკური შეხედულებებია. იაკობაძის განცხადებით მას არანაირი ურთიერთობა ნაციონალებთან არ აკავშირებს. „საპრეზიდენტო არჩევნებზე მივედი და ხმა მივეცი მიხეილ სააკაშვილს. ამას არც ვმალავ და არც არავისი მეშინია. ეს ჩემი პირადი საქმეა, ამის გამო არ უნდა მცემდნენ. თუ ჩემი ცემით რამე გამოვა, ამასაც ვნახავ. ჩემს უკან დიდი სანათესაო და სამეგობრო დგას. თავდამსხმელებს ყოველივე ამის გამო პასუხს ვაგებინებ“ – აცხადებს იაკობაძე.

მომხდარი ფაქტით ყველაზე მეტად კოლეგები, პოლიციელები არიან აღშფოთებული. პოლიციის ოფიცერი თავდაპირველად თავდასხმის ფაქტის გახმაურებას არც აპირებდა, რომ არა კოლეგების აქტიურობა. თუ კი პოლიცია ვერ დაიცავს საკუთარ უფლებებს, მაშინ მოსახლეობამ რა უნდა ქნას” – აცხადებენ ისინი.

იაკობაძე დარწმუნებულია, რომ მის წინააღმდეგ თავდასხმა დიდი ხანია, საგულდაგულოდ მზადდებოდა. „ღმერთს მადლობა, რომ იარაღი თან არ მქონდა, თორემ აუცილებლად გამოვიყენებდი და ცოდვაც დატრიალდებოდა“.

შაოსნებმა სასტიკად ნაცემი, გონება-დაკარგული პოლიციელი ჩაბნელებულ ქუჩაში მიატოვეს და წავიდნენ. იაკობაძე რამდენიმე საათის შემდეგ მოვიდა გონს და სახლში მისვლა მოახერხა.

იყო თუ არა ეს თავდასხმა ხელისუფლების მხრიდან დაგეგმილი? ჰქონდა თუ არა იაკობაძეს სამსახურში პოლიტიკური შეხედულებების გამო გართულებები?

„თბილისში, აჭარის ხელისუფლება მშვიდობიან აქციას რომ აწყობდა, ჩემი ძმის მიკროავტობუსით ავადმყოფი მამა მიმყავდა სოფელში. გამაჩერეს და თბილისში წასვლა მომთხოვეს. ოჯახური პირობების გამო უარი ვუთხარი წასვლაზე. შენ აჭარის მტერი ხარ, ჩვენი პოლიტიკა არ მოგწონსო. „მარშრუტკა“ წამართვეს და სტადიონზე შეაგდეს“ – აღნიშნავს დაზარალებული.

იაკობაძე სახლში შს მინისტრმა ჯემალ გოგიტიძემ და ქალაქის სამმართველოს უფროსმა ჯუმბერ ტაკიძემ მოინახულეს.   ტაკიძის განცხადებით, თავდამსხმელთა ვინაობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

P.შ. მიუხედავად პოლიციელის ასეთი განცხადებისა, ინფორმაცია ვრცელდება იმის თაობაზეც, რომ ხალხის ცემა-ტყეპას არა მხოლოდ აჭარის ხელისუფლების, არამედ ცენტრალური ხელისუფლების დაკვეთითაც ხორციელდება. მოკლედ „გარე ძალების“ ფაქტორს არც ამ შემთხვევაში გამორიცხავენ.

პენსიას ისევ ფოსტალიონები დაარიგებენ

პენსიების გაცემასთან დაკავშირებით ავტონომიურ რესპუბლიკაში რამდენიმე თვის წინ დაწყებულმა ექსპერიმენტმა, როგორც ჩანს, არ გაამართლა. მაშინ პენსიების გაცემა კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს ჩამოართვეს. ექსპერიმენტი მხოლოდ ხელვაჩაურის რაიონსა და ბათუმს მოიცავდა, სადაც  პენსიებს „საზღვაო ბანკი“ გასცემდა.

ჩვენი ინფორმაციით, ამ დღეებში აჭარის მეთაურთან გამართულ თათბირზე გადაწყდა, რომ პენსიები ისევ სამინისტრომ დაარიგოს. ანუ, პენსიონერებს ფოსტალიონები პენსიას სახლში მიუტანენ.

კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრის, ნოდარ თამაზაშვილის თქმით, ზემოთქმული განაპირობა იმან, რომ შესაბამისი მოთხოვნა პენსიონერებს გაუჩნდათ. თუმცა, მათ, ვისაც სურთ პენსია ბანკში აიღონ, მინისტრის თქმით, არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ – ნებისმიერ პენსიონერს კუთვნილ პენსიას ბანკში გადაურიცხავენ.

უნდა აღინიშნოს, რომ ნოდარ თამაზაშვილი იმთავითვე წინააღმდეგი იყო  სამინისტროს აღნიშნული ფუნქცია ჩამორთმეოდა. მინისტრი თავის პოზიციას იმით ხსნიდა, რომ ეს ფოსტის განყოფილებების მუშაობის პარალიზებას გამოიწვევდა. დატარების სამსახურებში ფოსტალიონები ფაქტობრივად უმუშევრები რჩებოდნენ. ეს განსაკუთრებით მტკივნეული იყო იმ სოფლებში, რომლებშიც აღნიშნული ექსპერიმენტის განხორციელება დაიწყო.

ნოდარ თამაზაშვილის თქმით, გამორიცხული არაა ვითარება ისევ შეიცვალოს და ხელისუფლება, უკვე შეჩერებულ ექსპერიმენტს, ხელახლა მიუბრუნდეს.

უცხოელების დაფინანსებული არჩევნები და უხელფასოდ დარჩენილი კომისიის წევრები

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საკმაო დრო გავიდა. ეს არჩევნები მთლიანად საერთაშორისო ორგანიზაციებმა დააფინანსეს, აქედან გამომდინარე, კუთვნილი თანხები, წესით, ყველა კომისიას დროულად უნდა მიეღო, თუმცა აჭარაში არსებული ექვსი ოლქიდან თანხა (400 ათასი ლარი), შესრულებული სამუშაოსთვის, არავისთვის გადმოურიცხავთ.

#48-ე საარჩევნო უბნის რეგისტრატორი თეა დიასამიძე „გაზეთ ბათუმელებთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ 30-35 ლარიან გასამრჯელოს დღემდე უიმედოდ ელოდება: „4 იანვარი ისეთი დღეა, როცა ჯერ კიდევ სადღესასწაულო განწყობა გრძელდება. კომისიის წევრებმა ამ ყველაფერზე უარი ვთქვით, რათა ცოტა ფული გაგვეკეთებინა. შემდეგ გაირკვა, რომ ცესკო-ს თანხა არ გადმოურიცხავს. ყოველდღიურად გვპირდებიან 2-3 დღეში იქნებაო. ამ დაპირებებს, როგორც ჩანს ახდენა არ უწერია“.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იმავე საარჩევნო უბნის 15 კომისიის წევრს პრემიის სახით 50 ლარი დაურიგეს იმ სამუშაოსთვის, რაც მათ შეასრულეს. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე შექმნილ უბნებში კი, სადაც ყველაფერი ნორმალურად ჩატარდა, კუთვნილი ანაზღაურების მიუღებლობა, გაღიზიანებას იწვევს. „მეორედ იმიტომ წავედი, ხელფასის დაკარგვა არ მინდოდა. გარანტია არც იმისა მაქვს, რომ ახლა მივიღებ. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ერთ-ერთმა კომისიის წევრმა, რომელმაც ხმამაღლა მოითხოვა დროული ანაზღაურება, გარკვეული პრობლემები შეექმნა. მე არ ვამბობ, რომ ეს სამსახურის ფასად დაუჯდა, მაგრამ გარკვეული პირებისაგან გაილანძღა“, – აცხადებს თეა დიასამიძე.

თუმცა, ჩვენი რესპონდენტი არ გამორიცხავს, რომ პირველი არჩევნების დროს თანხის დროული გაცემა უზრუნველყო „აღორძინებამ“.

დღეს გამარჯვებულს, ანუ საქართველოს პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, არ ეცლება იმისათვის, რომ ცესკო-ს მიერ გაკეთებულ ხარჯთაღრიცხვას გაეცნოს, ან თანხების გადარიცხვა-არგადარიცხვა გააკონტროლოს, მაგრამ ცესკო-ს თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი ამაზე ნამდვილადაა პასუხისმგებელი. 46-ე საარჩევნო ოლქის კომისიის წევრი, „რესპუბლიკელი“ გუგული დუაძე როგორც აცხადებს, ამ საკითხის თაობაზე შეხვდა ცესკო-ს თავმჯდომარეს ზურაბ ჭიაბერაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ თანხები უმოკლეს ვადაში გადმოირიცხება.

პედაგოგებს დანამატები ურიგდებათ

ბოლო ერთი წლის განმავლობაში პედაგოგების 30%-იან ხელფასის დანამატის გაუცემლობამ აჭარის ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ადრე ადგილობრივი მთავრობა აცხადებდა, რომ ეს თანხები ცენტრის დასაფარი იყო, ცენტრი კიდევ ბიუჯეტში გადაურიცხავ თანხებს ახსენებდა რეგიონს. საბოლოო ჯამში პედაგოგები რჩებოდნენ დაზარალებულები.

ახალი წლიდან აჭარის ხელისუფლებამ გამონახა თანხები და როგორც ვრცელდება ინფორმაცია, გასული წლის დავალიანების დაფარვაც დაიწყო. ეს, რა თქმა უნდა, განაპირობა იმან, რომ პედაგოგთა დიდი ნაწილი ასლან აბაშიძის მხარდამჭერებად აღარ მოიაზრებოდა. განათლების მინისტრის ნანი გუგუნავას ინფორმაციით, „მილიონ რვაასი ათასი ლარი აჭარიდან გადაირიცხა ცენტრალურ ბიუჯეტში, კონკრეტულად აჭარის პედაგოგებისთვის ხელფასის დანამატის გაცემისათვის. ამ მომენტისათვის დაფინანსებულია გასული წლის სამი თვის დანამატი. საკრებულოებში ეს თანხა გადარიცხულია. იანვრიდან პარალელურად დაფინანსდება 2003 წლის სხვა თვეებიც და 69%-იან დანამატს მივიღებთ“.

ამით პედაგოგების გულის მოგება წესით უნდა მოეხერხებინა აჭარის ხელისუფლებას, მაგრამ როგორც „გაზეთ ბათუმელებისათვის“ ცნობილი გახდა, ბათუმის 22-ე, 10-ე და 28-ე სკოლებში პედაგოგთა გაფიცვები, ხელფასის მომატების მოთხოვნით, კვლავაც იგეგმება.

აბაშიძის ორეული აღრიცხვაზეა აყვანილი

 

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მახოში მცხოვრები სულიკო ძნელაძე აჭარის ხელმძღვანელთან ასლან აბაშიძესთან ფიზიკური მსგავსების გამო საკმაოდ პოპულარულია. პროფესიით იურისტი, გადამდგარი სამხედრო პოლკოვნიკი, ახლა ადვოკატად მუშაობს. ბატონი სულიკო ხუთ ენას ფლობს, მათ შორის თურქულს. სწორედ ამიტომ ხშირად უხდება თურქეთის რესპუბლიკაში ყოფნა ჩვენი მოქალაქეების უფლებების დასაცავად.

თუ როგორ ცხოვრობს აჭარაში ასლან აბაშიძის ორეული, ამის შესახებ „გაზეთ ბათუმელებთან“ თავად რესპონდენტი საუბრობს.

– ბატონო სულიკო აჭარის მეთაურთან მსგავსების გამო კურიოზები ხომ არ შეგმთხვევიათ?

– მაინცა და მაინც არა. რამდენჯერმე ვიყავი, სადაც ჯერ არს. აყვანილი ვარ აღრიცხვაზე. გამაფრთხილეს, მოვერიდო რაიმე ნიშნით იმიტაციას. ერთხელ თბილისში ვიყავი, განათლების სამინისტროში მივიტანე დოკუმენტები მახინჯაურის ბავშვთა სახლის შესახებ. კარტოზიას ყურადღება არ მოუქცევია, მაგრამ სამინისტროში ატყდა ერთი ამბავი, – აჭარიდან ბაბუ გვესტუმრაო. მეორე დღესვე დავბრუნდი ბათუმში. სადგურში ორი ახალგაზრდა დამხვდა. მითხრეს, მოემზადე, ჩვენთან ერთად წამოხვალო. მიმიყვანეს შს სამინისტროში, მაშინ ენვერ ხალვაში იყო მინისტრი. მან საგანგებო მიღება მომიწყო. ხილით და კონიაკით პატარა ტაბლა დადგეს, გვერდით ჯემალ გოგიტიძე და თენგიზ კონცელიძე მომისხდნენ. ენვერ ხალვაშმა მკითხა, ბიჭები თუ მყავდა. ორი მყავს და ორივე რუსეთში-მეთქი – ვუთხარი. მერე მითხრეს – იცით რაზე გამოგიძახეთ? შენმა ძმამ დაგვირეკა, რომ აღრიცხვაზე აგიყვანოთო. ამის შემდეგ სურათები გადამიღეს, დაახლოებით 45 პოზაში. მისამართი მკითხეს, არადა თენგიზ კონცელიძემ მშვენივრად იცოდა, რადგან სამჯერ ვყავდი უშიშროების კომიტეტში. მერე მერსედესში ჩამსვეს და სახლში წამიყვანეს.

– თქვენზე ამბობენ,  სარფის საბაჟოზე მანქანები გაუშვა ურიგოდო.

– მაშინ რიგები კვარიათამდე იყო. ჩემთან მოვიდნენ უშიშროების სამსახურის ბიჭები, გამოვეწყვე და წავყევი. სარფში რომ მივედით, თურმე ბატონი ასლანი იქედან 5 წუთის წამოსული იყო. გაკვირვებული და აფორიაქებული მიყურებდნენ. ალბათ ფიქრობდნენ, რა არ მოეწონა, უკან რამ დააბრუნაო. მე გავეცი ბრძანება, ის მანქნები, იქ რომ იდგნენ, სასწრაფოდ გაეშვათ. დაახლოებით 500 მანქანა გავიდა ურიგოდ. მაშინ საზღვარზე რუსის ჯარი იდგა. ერთ-ერთ ჯარისკაცს გამოველაპარაკე, საიდან ხარ-მეთქი. ზაპოროჟიედანო – მიპასუხა. ვუთხარი, რომ იქ რამდენიმე წელს ვმსახურობდი და ჩვენ „ზემლიაკები“ ვართ-მეთქი. საწყალს გაოცებისაგან ავტომატი გაუვარდა ხელიდან.

– თქვენი საქმიანობის შესახებ რას გვეტყვით, რითი ხართ დაკავებული?

–  იურისტი ვარ. საბჭოთა პერიოდში პროკურატურაში ვმუშაობდი. ამჟამად ადვოკატად ვმუშაობ.

– უფრო ხშირად რა საქმეზე ხდებიან ჩვენი მოქალაქეები თურქეთის სასამართლოში?

– ჩვენგან განსხვავებით ძალზე მკაცრად ისჯება იქ ქურდობა და პროსტიტუცია. ყველაზე ხშირად ამ საკითხებზე მიხდება ჩასვლა. ჩვენთან მკვლელობაზე სამ წელს აძლევენ. იქ ქურდობაზე 50 წელს უსჯიან.

– დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციას როგორ აფასებთ?

– მთავარია, მშვიდობა იყოს. საქართველოს ერთი პრეზიდენტი უნდა ჰყავდეს და ჰყავს კიდეც. კანონს ყველა უნდა დაემორჩილოს, ისე როგორც ევროპაშია. რაც შეეხება ასლან აბაშიძეს, ის ხალხისათვის იბრძვის, თუმცა გარშემომყოფები არ უვარგა. ზოგიერთები რომ ფიქრობენ, ეს კაცი აჭარას არ დაკარგავს. იმედი მაქვს, რომ საქართველო ერთიანი იქნება მუდამ. სააკაშვილი ახალგაზრდა კაცია. ხალხს მისი დიდი იმედი აქვს და ღმერთმა ქნას, რომ მან გაამართლოს. ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა გვეშველოს?!

ბათუმში კიდევ ერთი ახალგაზრდული NGO დაფუძნდა

ბათუმში კიდევ ერთი ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდობა აჭარისათვის და ამით მთელი საქართველოსათვის“ შეიქმნა. ამ ორგანიზაციის წევრები აჭარაში ხელისუფლების შეცვლის წინააღმდეგი არიან. ორგანიზაციის ხელმძღვანელი თენგიზ კახიძე წლების განმავლობაში „აღორძინების კავშირის“ აქტიური წევრი იყო. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნებისთანავე მან პარტიის რიგები დატოვა. ორგანიზაციის შექმნის მიზეზი „ჩვენი აჭარას“ გააქტიურება და „კმარას“ გამოჩენა ყოფილა. თენგიზ კახიძე ორგანიზაციის მიზნებზე საუბრობს: „მიმდინარეობს ფარული მუშაობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდობის ფენაში, მიდის მათი გამოყენების პროცესი საკუთარი პარტიული ინტერესებისათვის. ჩვენი მიზანია გავიდეთ მოსახლეობაში, შევხვდეთ თანატოლებს და მოვუწოდოთ, რომ ბრმა იარაღად არ იქცნენ არც ხელისუფლების, არც ოპოზიციის, „კმარასა“ თუ სხვა ორგანიზაციის ხელში“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდობა აჭარისათვის და ამით მთელი საქართველოსათვის“ აჭარაში სიმშვიდისა და სტაბილიზაციის შენარჩუნებისათვის იბრძოლებს და ახალგაზრდობას თავშეკავებისაკენ მოუწოდებს. „ჩვენ ვთავაზობთ, დაველოდოთ ახლადარჩეული პრეზიდენტისა და ავტონომიის მეთაურის მომავალ შეხვედრას, მათ შორის გამართულ საუბარს. აქედან გამომდინარე ვთვლით, რომ აჭარა იყო, არის და იქნება საქართველოს უერთგულესი კუთხე, არ შეიძლება სხვა აზრი არსებობდეს“, – აცხადებს კახიძე.

ორგანიზაცია მიზნად ისახავს ახალგაზრდობის ჩაბმას კულტურულ საქმიანობაში და დასაქმების პრობლემების მოგვარებას, თუმცა, ამის კონკრეტული პროგრამა ჯერ არ არსებობს.

რაც შეეხება პოლიტიკური მოვლენების განვითარებას, „ჩვენ არ დავუშვებთ ქაოსს და ანარქიას. არსებული ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდით გადაგდების წინააღმდეგ ვიბრძოლებთ, ქუჩურ მანიფესტაციებს დავუპირისპირდებით უიარაღოდ, შიშველი ხელებით და საღი აზროვნებით, – აცხადებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

იქნება თუ არა ეს ორგანიზაცია „აღორძინების“  სატელიტი ორგანიზაცია? – თენგიზ კახიძე კატეგორიულად გამორიცხავს ამას. მისი მტკიცებით ახალგაზრდული ორგანიზაციის შექმნის ინიციატორი ასლან სმირბა არ ყოფილა. კახიძე ირწმუნება, რომ „ამის შესახებ დიდ ხანს ფიქრობდნენ“…

„ჩვენი აჭარა“ ლოკალურ აქციებზე გადადის

მიუხედავად იმისა, რომ ხუთჯვრიანი დროშის დაკანონებას საქართველოს პრეზიდენტი 25 იანვარს მოაწერს ხელს, სახალხო მოძრაობა „ჩვენი აჭარას“ ინიციატივით, 19 იანვარს აჭარაში სახელმწიფო დაწესებულებებზე დროშის აღმართვის უპრეცედენტო ცერემონიები მოეწყო.  აღსანიშნავია, რომ ეს აქციები მხოლოდ აჭარის სოფლებს შეეხო და ქალაქებში არ განხორციელებულა. „ჩვენი აჭარის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელის, თამაზ დიასამიძის განცხადებით 150-მდე ალამია აღმართული. „ამით ხაზი გავუსვით ჩვენი მოძრაობის მშვიდობიან, ორგანიზებულ ხასიათს და მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერას. იცით, რა სპონტანური ხასიათი ჰქონდა მოსახლეობის აზრის გამოხატვას აჭარის სხვადასხვა სოფელსა თუ ქალაქში, რომელსაც უცნაური და გაუგებარი ხასიათის შეხლა-შემოხლა მოსდევდა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საბოლოოდ დაგვესვა წერტილი არაორგანიზებული გამოსვლებისთვის და ანგარიში გაგვეწია ხალხის განწყობილებისთვის. მე ვთვლი, რომ  მოსახლეობამ მაღალი პოლიტიკური კულტურა გამოავლინა, როდესაც ხელისუფლებას დაასწრო და სახელმწიფო ატრიბუტიკის, დროშის აღმართვა დაიწყო სახელმწიფო დაწესებულებებზე“ – აცხადებს დიასამიძე.

„ჩვენი აჭარის“ გადაწყვეტილებით ბათუმში ამგვარი აქციის გადადება გამოწვეულია იმით, რომ იგი ადმინისტრაციული ცენტრია, აქ არის ხელისუფლების ცენტრალური ორგანოები. მოსალოდნელი იყო ხელისუფლების მხრიდან წინააღმდეგობა. მათი აზრით, აჭარის ყველა სოფელში ერთდროულად ძალის გამოყენების შესაძლებლობა არსებულ ხელისუფლებას უკვე აღარ შესწევს. ორგანიზატორების თქმით, სოფლის საკრებულოებში მოღვაწე ხელისუფლების წარმომადგენლები მათ აქციაში დიდი მონდომებით ჩაებნენ.

თამაზ დიასამიძე სამომავლო გეგმებზე საუბრობს: „უახლოეს პერიოდში აქ ჩვენ ლოკალურ აქციებს ვაპირებთ, ეს იქნება აქციები სოფლებში, დაბებში, საკრებულოებში, იქნება ხალხის მსვლელობები, სოფლებიდან ცენტრისაკენ, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან დაკავშირებით, რომელიც ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებს ზღუდავს. ჩვენ გვინდა, რომ ეს გარდაუვალი პროცესები მართვადი გავხადოთ, რათა კალაპოტიდან არ ამოვარდეს, არ იქცეს ბუნტებად,  აჯანყებებად, რათა მას ჰქონდეს ორგანიზებული ხასიათი“.

რაც შეეხება გონიოს აქციას, დიასამიძის თქმით, მან შეასრულა ის მისია, რაც დასახული იყო. თუმცა, იქ პროცესები გასცდა კიდეც დასახულ მიზნებს და აქციამ მიტინგის ხასიათი მიიღო, გაჩნდა პოლიტიკური მოთხოვნები. „ჩვენ ამას მიზნად არ ვისახავდით. იქ ადგილობრივი მოსახლეობა გამოირჩევა რადიკალიზმით და შეუძლებელიცაა აბსოლუტურ კალაპოტში მოაქციო მოსახლეობა, რომელიც 10 წლის განმავლობაში შეზღუდული იყო. ჩვენ შევეცადეთ, რომ აქცია აღარ გაგრძელებულიყო. მიტინგი ხელისუფლებასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა, მაგრამ საბედნიეროდ შეტაკებამდე საქმე არ მივიდა“.

„ჩვენი აჭარა“ აჭარაში ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლას გეგმავს. თავად დიასამიძე მოძრაობის პოლიტიკურ რანგში აყვანას გამორიცხავს: „მე ვფიქრობ, აჭარის ხელისუფლება აღარ გამოხატავს მოსახლეობის აზრს, ამიტომაც ის ვადამდელი არჩევნებით უნდა შეიცვალოს“. რაც შეეხება იმას, თუ ვინ დაიკავებს ასლან აბაშიძის ადგილს, ეს ცენტრალური ხელისუფლების გადასაწყვეტი ყოფილა: „საქართველო არის ერთიანი სახელმწიფო და ვინ უნდა გაატაროს სახელმწიფო პოლიტიკა რეგიონში, ეს მარტო აქ გადასაწყვეტი არ არის. უკვე წავიდა ის დრო, როდესაც აქ რეგიონის ხელმძღვანელი იყო საგარეო პოლიტიკის გამტარებელი და საშინაო პოლიტიკაში მთავარსარდლად ცხადდებოდა“.

რაც შეეხება 25 იანვარს პრეზიდენტის შესაძლო ვიზიტს ბათუმში, დიასამიძე ამის შესახებ სრულ ინფორმაციას არ ფლობს. აქედან გამომდინარე „ჩვენი აჭარა“ მიხეილ სააკაშვილის დასახვედრად ჯერჯერობით არც ემზადება.

 

„ნაციონალები“ ისევ „ნარკოტიკებსა და იარაღის შენახვაზე“ დააკავეს

სხვადასხვა ბრალდებით აჭარაში კვლავ გრძელდება იმ ადამიანთა დაკავება-დაპატიმრება, რომლებიც ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თუ ამ მოძრაობის მხარდამჭერები არიან. ეს „უცნაურობა“ თურმე ჩვეულებრივი დამთხვევებით აიხსნება და ამას ხელისუფლების მხრიდან მათი ოპონენტების მისამართით რაიმე სახით პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან საერთო არაფერი აქვს. აჭარის პოლიციაში კი არაერთხელ განაცხადეს, რომ ისინი ჩვეულებრივ კრიმინალის წინააღმდეგ ილაშქრებენ და ამ „ლაშქრობის“ კანონიერ უფლებასთან ერთად, მისი განხორციელების საშუალებაც უნდა მიეცეთ. რამდენად კანონიერად მოქმედებს პოლიცია კანონით მინიჭებული უფლება-მოვალეობის შესრულებისა, ამაზე ფაქტები მეტყველებენ. თუმცა ყველაფერ ამას, ზედმიწევნით ზუსტ პასუხს ალბათ, ისევ და ისევ დრო გასცემს…

ამ დღეებში „ნაციონალური“ მოძრაობის კიდევ ორი წევრი ნური ანანიძე და ვაჟა კახიძე დააკავეს. მათ წაყენებული აქვთ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება და იარაღის შენახვის ბრალდება.

ნური ანანიძის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მის დაკავებას პოლიტიკური სარჩული უდევს საფუძვლად. ისინი ამას, თურმე, მთელი კვირის განმავლობაში ელოდნენ, რადგან მათ სახლს „შავოსნები“ მეთვალყურეობდნენ. ყოფილა სატელეფონო გაფრთხილებები მესიჯების სახით.

„გაზეთი ბათუმელები“ ნური ანანიძის ოჯახის წევრებს გაესაუბრა. მარინა ანანიძე (მეუღლე): ღამით მოვიდა 20-25 კაცი, შინაგან საქმეთა სამინისტროდან იყვნენ, რაიონის პოლიციიდან ამირან ნაკაშიძე ახლდათ. სახლს ალყა ჰქონდა შემორტყმული. 12-ის ნახევარზე შემომოცვივდნენ სახლში, ნაწილი აივნიდან  შემოვიდა, შუქი არ გვქონდა. ბავშვები შეშინდნენ. ჩხრეკის ორდერის წარმოდგენის შემდეგ, კარები დაგვიხურეს და ყველა ერთ ოთახში შეგვყარეს. გვითხრეს, იარაღს ინახავთო. ჩემი ქმარი ამ დროს აყვანილი ჰყავდათ თურმე. ის აფხაზეთში იყო და იარაღი იქედან არ ჩამოუტანია. „ნაციონალებთან“ 4-5 თვეა, რაც არის. აბაშიძის წინააღმდეგი არასოდეს ყოფილა. „ნაციონალები“ ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას გვპირდებიან და იმიტომაც დაუდგა მათ გვერდით.

დაპატიმრებულის ძმა მურად ანანიძეც იარაღის და ნარკოტიკის ჩადებაზე საუბრობს: თუ ნარკოტიკის მომხმარებელი იყო და იარაღს ინახავდა, სახლში რატომ ვერ აიყვანეს? დაცვა და თვალთვალი რად უნდოდა. წინა დღით (17 რიცხვით) გამოწერილი ორდერი წარმოგვიდგინეს. მერე ჩვენი თანდასწრებით გადაასწორეს თარიღი. ეს პოლიტიკური თავდასხმაა, კაჭარავას გატაცების თვითმხილველი იყო, გამტაცებლებში „როზისკის“ თანამშრომლები ამოიცნო და ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა აჭარის ხელისუფლებას დააკისრა.

დარიკო ანანიძე (და) – ნახევარი საათის ჩხრეკის შემდეგ შეგვიშვეს ოთახში. ჩემს დას უთხრეს, ქვევით რაც გიდევთ, ის გამოიღეო, – ავტომატი იდო, თვითონ მოიტანეს…

ნური ანანიძე ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარეა. „გაზეთი ბათუმელები“ ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილეს – ნოდარ სალაძესაც ესაუბრა: „ლევან კაჭარავას ცემის ფაქტზე ნურის მიერ გაკეთებული კომენტარის შემდეგ დაიწყო ჩვენი დევნა. ჩვენ პოლიტიკაში არ გვინდა გავერიოთ, მაგრამ ამას გვაიძულებენ. პოლიციის მინისტრი, გოგიტიძე დგამს სპექტაკლს, რაც ხალხს აღიზიანებს. მეც აქ ვიყავი ჩხრეკის დროს. სრულიად საქართველოს ინვალიდ მეომართა კავშირი „ერის ტკივილი“ აჭარაში 800 ადამიანს აერთიანებს, ნუ დავაყენებთ ამ ხალხს ფეხზე… ჩვენ ვიცით, სად იკვებებიან, როგორ აფინანსებენ იმ ხალხს, რომლებიც ამ სიბინძურეს სჩადიან. ჩვენ არ ვართ ნარკომანები, ხულიგნები, უბრალოდ, უკეთესი ცხოვრება გვინდა. ნური ანანიძეს ავტომატი ჩაუდეს, ვაჟა კახიძეს – ხელყუმბარა, ჩემთან ჩხრეკისას ალბათ ტანკი აღმოჩნდება, ვიცი  შემდეგი მე ვარ“.

ომარ გორგოშაძე (მეზობელი) – ისინი შავრაზმელები არიან, რომლებსაც ბაკურიძე (შს მინისტრის მოადგილე) 100-100 ლარს უხდის. ნური ანანიძე ნარკოტიკის მომხმარებელი არასდროს ყოფილა. არაყს კი სვამდა, მაგრამ ეს აკრძალული არ არის. აქ ბევრს ჩაუდეს ნარკოტიკი და ციხეში ჩასვეს..

„გაზეთი ბათუმელები“ კომენტარისთვის ხელვაჩაურის რაიონის პოლიციის უფროსს მერაბ ცინცაძეს დაუკავშირდა. მისგან, რა თქმა უნდა, ვერანაირი კომენტარი ვერ მივიღეთ.

შსს ყოველდღიურ კრებსში კი ასეთი მონაცემია შეტანილი: „1 ცალი ხელყუმბარისა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის (22 ვაზნით) უკანონო შენახვისა და ჰაშიშის განმეორებით უკანონო მიღებისათვის დაკავებულია სოფელ მეჯინისწყალზე მცხოვრები ნური ანანიძე“.

ჩვეულებრივი კრიმინალი თუ პოლიტიკური შეკვეთა

გუშინწინ, დაახლოებით საღამოს რვა საათზე, ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მემედ აბაშიძის გამზირზე, აჭარის ტელევიზიის გვერდით საზარელი მკვლელობა მოხდა. მოკლეს აჭარის შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე თემურ ინაიშვილი. მკვლელმა, სავარაუდოდ, ახლო მანძილიდან ისროლა მაკაროვის სისტემის მაყუჩიანი პისტოლეტიდან. ერთჯერადი გასროლა საბედისწერო აღმოჩნდა…

როგორც მედიკოსებმა განაცხადეს, თემურ ინაიშვილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ბათუმში გავრცელებული ინფორმაციით არსებობენ ამ შემზარავი ფაქტის თვითმხილველებიც, თუმცა ძალოვნები დღემდე მხოლოდ ვერსიებს ამუშავებენ.

„რამდენიმე ვერსია არსებობს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, მაგრამ დამნაშავე აუცილებლად დაისჯება“ – განაცხადა მკვლელობიდან მეორე დღეს ქალაქის პოლიციის შეფმა ჯუმბერ ტაკიძემ. პოლიცია კატეგორიულად გამორიცხავს მკვლელობის პოლიტიკურ მოტივს.

ვერსიები თემურ ინაიშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, რომელიც სხვადასხვაა – პოლიტიკური მოტივი, ძველი ბიზნესი, ვალები, გვარებს შორის (ინაიშვილები-ხაჯიშვილები) დაპირისპირება, ე.წ. ვენდეტა, თუმცა აქცენტი მაინც ამ უკანასკნელზე კეთდებოდა.

მკვლელობის დღეს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში თემურ ინაიშვილის ახლობლებმა ჟურნალისტებს კატეგორიულად აუკრძალეს იქ არსებული სიტუაციის დაფიქსირება: „ეს პოლიტიკასთან არანაირად არ არის კავშირში, ეს ჩვენი გვარის გადასაწყვეტია“ – აცხადებდნენ დაღუპულის ახლობლები.

თუმცა, მოგვიანებით იგივე ახლობლები, უკვე მკვლელობის პოლიტიკურ მოტივებზეც საუბრობენ და მომხდარში ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებენ.

აღსანიშნავია, რომ ხაჯიშვილებსა და ინაიშვილებს შორის დაღვრილია სისხლი, ორივე გვარიდან მოკლულია თითო ადამიანი.  სხვათა შორის, თემურ ინაიშვილის მოკვლა საკუთარ სახლში  რამდენიმე წლის წინათაც სცადეს.  მაშინ მას დედა გადაეფარა, რომელიც დაიღუპა.

მოკლულის ძმა რუსლან ინაიშვილი მკვლელობის პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს: „როდესაც საგანგებო მდგომარეობის დროს ქალაქის ცენტრში კლავენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ეს შეკვეთილი მკვლელობაა. შეკვეთილია აჭარის ხელისუფლების მიერ. მას არ მოსწონდა, ძალიან განიცდიდა იმ მდგომარეობას, რაც არის ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროში. და საერთოდ, ის, მთელი ჩვენი ოჯახი, იყო მოძრაობა „ჩვენი აჭარას“ წევრი, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი.

მას პირადი მტრები არ ჰყავდა. არავითარ გვაროვნულ დაპირისპირებაზე საუბარი არ არის. არ მჯერა, რომ საქმეს ნორმალურად გამოიძიებენ, თავად ვიპოვი ქილერსაც და დამკვეთსაც.

თემურ ინაიშვილის მეუღლე მანანა კუხიაშვილიც ანალოგიური შეხედულებისაა:

„არავითარი გვაროვნული და კლანური დაპირისპირება აქ არ არის, რომელსაც ახლა ამუშავებენ. თემური ყველამ იცის – აქაც, თბილისშიც და მოსკოვშიც. ის თემურ ინაიშვილი, რომელზეც საუბრობენ, არის სხვა. როცა ქალაქის ცენტრში კლავენ კაცს და ამას ვერავინ ხედავს, მით უმეტეს ქუჩაში, რომელიც მანამდე გადაკეტილი იყო, რა უნდა იფიქრო. ეს აჭარის ხელისუფლების შეკვეთილი მკვლელობაა“.

19 იანვარს ბათუმის საქალაქო პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე თეიმურაზ ინაიშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.

წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ 2004 წლის 19 იანვარს, დაახლოებით 19 საათსა და 30 წთ-ზე აბაშიძის გამზირის #36-ში დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა აჭარის შსს სამოქალაქო თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტის თავმჯდომარეს პოლიციის პოლკოვნიკს თემურ ინაიშვილს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ჯერჯერობით დამნაშავე პირი დადგენილი არ არის. ტარდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები დამნაშავის დადგენისა და დაკავებისათვის. შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი პროკურატურაში და მიმდინარეობს გამოძიება. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

„სხვადასხვა ვერსია შემუშავებულია, ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. ვნახოთ, თუმცა პოლიტიკური მოტივი გამორიცხულია“ – აცხადებს ბათუმის პროკურორი როინ აბულაძე.

აჭარის შს მინისტრის ჯემალ გოგიტიძის თქმით, „რადგან ოჯახი აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური მკვლელობაა, საქმე ყველა მხრივ იქნება გამოძიებული. გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, – მათ შორის პოლიტიკურზეც. გამომძიებლები თბილისიდანაც ჩამოვიდნენ. ვფიქრობ, ერთობლივად ობიექტური გამოძიება ჩატარდება“.

აჭარის პროკურორი რესან კონცელიძე მიესალმება საქართველოს პროკურატურიდან სპეციალისტების ჩამოსვლას და აღნიშნავს, რომ საქმის გამოძიება წარიმართება კოორდინირებულად, განხილული იქნება ყველა ვერსია, რათა ამ მკვლელობის ირგვლივ დაუდგენელი არაფერი დარჩეს.

 

„ერთიანობის დარბაზი“ – საზოგადოებრივი აზრის მოსამზადებლად

ბათუმში „ერთიანობის დარბაზის“ სახელწოდებით მალე კიდევ ერთი საზოგადოებრივი მოძრაობა დაფუძნდება. მართალია, ანალოგიური სახელწოდების მოძრაობა თბილისში უკვე არსებობს, მაგრამ ეს ორგანიზაცია მის დაქვემდებარებაში ამ ეტაპზე არ არის, მომავალში კი შასაძლოა შევიდეს. „ერთიანობის დარბაზის“ მთავარი მიზანი იქნება აჭარაში დემოკრატიული გარდაქმნებისათვის საზოგადოებრივი აზრის მომზადება, პოლიტიკური პროცესების მშვიდობიანად წარმართვა და ადგილობრივი ხელისუფლების კონსტიტუციური გზით შეცვლაში აქტიური მონაწილეობა. საინიციატივო ჯგუფში იოსებ ხიმშიაშვილი, რამაზ სურმანიძე, ბიჭიკო დიასამიძე,  რამაზ ფარტენაძე, მიხეილ მახარაძე, ზურაბ ქათამაძე, ელგუჯა მაკარაძე და სხვები არიან. საინტერესოა, რომ საინიციატივო ჯგუფში სახალხო მოძრაობა „ჩვენი აჭარას“ წევრებიც ფიქსირდებიან.

„ერთიანობის დარბაზის“ საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, იოსებ ხიმშიაშვილის განცხადებით „ჩვენი აჭარას“ ძირითადი ბირთვი თბილისშია. აქ მისი მუშაობა, ფაქტიურად იქიდან იმართება, რაც სირთულეებს ქმნის. მასში არიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. „ჩვენ გადავწყვიტეთ ორგანიზაცია მეცნიერების, ხელოვნების, ინტელიგენციისა და საზოგადოების ფართო წარმომადგენლობით დავაკომპლექტოთ“.

ეს ორგანიზაცია არ იქნება „ჩვენი აჭარას“ ალტერნატივა. „არც ერთ მოძრაობას არ ვუპირისპირდებით. ჩვენი მიზანი ყველა ორგანიზაციის გაერთიანებაა“, – აცხადებს იოსებ ხიმშიაშვილი და თავს არიდებს იმ საკითხზე ლაპარაკს, თუ რა არ აკმაყოფილებთ სხვა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მოძრაობებში. „მათ უნდათ ხელისუფლების შეცვლა და ამ მოთხოვნის საფუძველი ნამდვილად არსებობს, მაგრამ ძალიან ზოგადი მოწოდებებია. ამიტომაც, საჭიროდ ჩავთვალეთ, ისეთი საზოგადოებრივი მოძრაობა შეგვექმნა, რომლითაც ხალხთან უფრო ახლოს მივიდოდით და სიმართლეს ვეტყოდით“.

მართალია, „ერთიანობის დარბაზი“ პოლიტიკური მოძრაობა არ იქნება, მაგრამ გამორიცხული არაა, მისი წარმომადგენლები რომელიმე პარტიაში გაწევრიანდნენ. „თუკი გაგვიჩნდა ამბიცია, შეიძლება ამა თუ იმ პარტიაში შევიდეთ კიდეც“, – აცხადებს ხიმშიაშვილი.

„ერთიანობის დარბაზის“ საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები აჭარის ხელისუფლების შეცვლას გარდაუვლად მიიჩნევენ. თავად იოსებ ხიმშიაშვილი ხელისუფლების წარმომადგენელია, იგი დღესაც ბეჭდვითი სიტყვის დეპარტამენტის თავმჯდომარეა. მისი თქმით, როდესაც საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესი დაიწყო, აჭარაში კვლავ გრძელდება რეგიონის ერთპიროვნული მართვა, თავისუფალი სიტყვის დევნა და ცენტრის წინააღმდეგ მოსახლეობის განწყობის დამუშავება. აჭარის ხელისუფლება ძველებურად აგრძელებს ულტიმატუმის ენაზე საუბარს და მოვლენებს არ აძლევს რეალურ შეფასებებს. „აქედან გამომდინარე გვრჩება შთაბეჭდილება, რომ აჭარის უმაღლესი ხელისუფალი მის გარემოცვას ინფორმაციულ ვაკუუმში ჰყავს. დასაგმობია საკადრო პოლიტიკა. აჭარის ხელისუფლება დღესაც ვერ აკეთებს დასკვნებს. ასლან აბაშიძემ რეაგირება უნდა მოახდინოს ე.წ. შავფორმიანებზე. ყველასთვის ცხადია, რომ მათ უკან რომელიმე მინისტრი, ან მაღალი თანამდებობის პირი დგას. თეთრი ბილეთის მქონე ადამიანი ხელმძღვანელობს შეიარაღებულ ჯგუფს. ასეთი ხალხი წარმოადგენს დღეს „აღორძინების“ სახეს. ისინი უნდა ჩამოშორდნენ ხელისუფლებას, სწორედ, ამის გამო გამიჩნდა პოლიტიკური ამბიციები“.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანობის დარბაზი“-ს პრეზენტაცია უახლოესი მომავლისთვის იგეგმება.

 

 

ეყოლება თუ არა აჭარას „პრეზიდენტი“

სახალხო მოძრაობა „ჩვენი აჭარა“-ს  წარმომადგენლები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებულ სიტუაციას კრიზისულს უწოდებენ და მეთაურის პოსტის გაუქმებას ითხოვენ.

ნუგზარ მგელაძე: – ხელისუფლების გარკვეულ წარმომადგენლებს, ადამიანებს, რომლებიც გაერთიანებულნი არიან პოლიტიკურ ორგანიზაცია „აღორძინებაში“, აღარ ძალუძთ მართონ ის პროცესები, რომლებიც დღეს საქართველოს სახელმწიფოებრივ სივრცეში არსებობს. უნდა ჩატარდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სახელისუფლო არჩევნები. ჩვენ მზადა ვართ დავაკომპლექტოთ და გავაკონტროლოთ ეს არჩევნები, რათა აჭარის მოსახლეობამ ერთხელ და სამუდამოდ გამოხატოს თავიანთი თავისუფალი ნება.

მოძრაობა ითხოვს მრავალპარტიული სისტემის აღდგენას: „ჩვენი ამოცანაა, რომ აღვადგინოთ დარღვეული მრავალპარტიული სისტემა. აბაშიძის მმართველობა – ეს არის საოჯახო მართვის განსაზღვრული ფორმა, რომელიც უნდა აიკრძალოს და საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებს მიეცეთ შესაძლებლობა, მიიტანონ თავიანთი გულისტკივილი ხელისუფლებასთან. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიან სახელმწიფო სივრცეში, წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ ყოველგვარ უსამართლობას. ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა აღვკვეთოთ ქურდები, კორუმპირებული ადამიანები და ყაჩაღები, რომლებიც დათარეშობენ ყოველდღიურად ჩვენს ქვეყანაში“.

თამაზ ფუტკარაძე: – ოპონენტები ყოველდღე გაჰკივიან, თითქოს ჩვენთან არის დემოკრატია. რომელ დემოკრატიაზეა საუბარი, როცა უწყინარ განცხადებასაც კი სატელეფონო მუქარა მოსდევს. უნდათ დაგვაჯერონ, თითქოს ჩვენთან ცხოვრების მაღალი დონეა. რა ცხოვრების დონეზეა საუბარი, აჭარის ბარის ზონაში მიწის საჰექტარო გადასახადი არენდაზე 400-800 ლარამდეა, როცა საქართველოს სხვა კუთხეში სადღაც 30-35 ლარია. ბათუმში 2-3 ოთახიანი ბინის გაფორმება 700-800 დოლარი ჯდება, როცა საქართველოს ნებისმიერ ქალაქში მსგავსი რამ 150-200 ლარი ღირს.

„ჩვენი აჭარა“ ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობის ახალ ფორმას გვთავაზობს: „პრეზიდენტი აჭარას არ უნდა ჰყავდეს. აჭარას უნდა ჰყავდეს ხელმძღვანელი – აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე – დღეისათვის ყველაზე მისაღები ფორმაა. ჩვენ შევიტანთ სარჩელს, რათა გაუქმდეს ეს პოსტი, რადგანაც იგი ერთი ადამიანის მიერ ხელოვნურადაა შექმნილი“.

 

როგორ ხვდებიან „ტაკიძის კამერაში“

ბათუმის ქუჩებში, საგანგებო მდგომარეობის დროს, პოლიციელთა რაოდენობამ იმატა. როგორც ამბობენ, ნებისმიერი საგზაო წესის დარღვევა, ხშირად, კამერაში წაყვანით სრულდება.

ხალხს რომ უჭირს გასაგებია, მაგრამ ეტყობა მათი გაჭირვება პოლიციის „გაჭირვებასთან“ მოსატანიც არაა. მართალია, მაინცა და მაინც ერთ ტაფაზე იწვისო არ ითქმის, თუმცა, სამართალდამცავებს რომ დღეს რაღაცა მაგრად „ეწვით“, ესეც ფაქტია. მოსახლეობაში კი ცნობილი „ტელმანი“ და მისი „ფილიალები“, უკვე, ერთიანად „ტაკიძის კამერად“ გადანათლულა, მაგრამ რად გინდა,  –  „თვითმხილველების“ თქმით, იქ მოხვედრის გზები და იქ არსებული პირობები იგივე დარჩენილა…

გაჭირვებული ხალხი თავიანთი ვალის გადაუხდელობასაც „საწყალ“ პოლიციელებს აბრალებენ და ხელსაყრელი მომენტის დადგომისთანავე ლამის პროცენტების გადახდაც მოსთხოვონ.

დიდ და საქვეყნო საქმეებს კი, ბუნებრივია, დიდი თუ პატარა კურიოზებიც ახლავს თან.

ასეთი „კურიოზები“ ბათუმის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არც პოლიციელებს აკლიათ თურმე და არც იმ ადამიანებს, ვისაც პოლიცია აკავებს. „გაზეთი ბათუმელები“ ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის თვითმხილველია. საგზაო პოლიციელებმა გააჩერეს „BBB-936“ ნომრის მქონე ავტომანქანა. პოლიციელთა სიმრავლე ეტყობა ავტომანქანების გაჩერების მიზეზთა სიმრავლესაც უწყობს ხელს. ასეთ შემთხვევაში, რაც უფრო მეტია  არგუმენტი, მით უფრო „დაცულია“ პოლიცია. კონკრეტულ შემთხვევაში, ერთი პოლიციელი მძღოლის არაფხიზელ მდგომარეობაზე საუბრობს, მეორე საგზაო წესების დარღვევაზე – დაუმორჩილებლობაზე, მესამენი კი ამტკიცებენ, რომ ნომერი არ აქვს. სინამდვილეში მანქანას უკან არ ჰქონდა ნომერი.

სანამ კამერაში წაიყვანდნენ, „გაზეთი ბათუმელები“ შეეცადა მძღოლს ამირან ხინკილაძეს, გასაუბრებოდა, მაგრამ „დატყვევებულმა“ მხოლოდ ორიოდე სიტყვის თქმა „სულ ტყუილად გამაჩერესო…“, მოასწრო. პოლიციელებმა სიტყვა არ დაასრულებინეს და ძალით ჩასვეს საგზაო პოლიციის მანქანაში.

პოლიციელი, რომელმაც ამირან ხინკილაძის კუთვნილი ავტომანქანა წაიყვანა, მძღოლის აყვანის მიზეზად ნომრის უქონლობას ასახელებს, ხოლო, შეკითხვაზე თუ რატომ არ აჩერებს მის წინ მოძრავ უნომრო მანქანას, გვიპასუხა, რომ „ახლა საჭესთან ვზივარ და როგორ გავაჩეროო“.

ზემონახსენებ ფაქტს მეყვავილეები და იქვე მყოფი პურის მოვაჭრეები გამოეხმაურნენ. ზოგიერთი მათგანი აცხადებს, რომ პოლიციის პირველ განყოფილებაში უკანონოდ რამდენჯერმე ისინიც წაუყვანიათ.

ნესტანი (გვარს არ ასახელებს): – „4 წლის ავადმყოფი ბავშვი დავტოვე ოჯახში და სავაჭროდ გამოვედი, რათა ორი კაპიკი გამეკეთებინა. რატომ ყიდი პურსო, ამის გამო შემაგდეს ტაკიძის კამერაში. მერე მოვიდა დათო დავითაძე, ძალიან დიდი შეურაცხყოფა მომაყენა, მინა გატეხა და მითხრა, ამით თავს მოგჭრიო“…

ვეფხია ბერიძე: – „მაშხალებზე ვვაჭრობდი, ხუთმა პოლიციელმა ძალით შემაგდო მანქანაში. იმიტომ ვვაჭრობ, რომ სათვალის ფული  მაქვს გადასახდელი. ვუთხარი, ნუ მქაჩავთ, ჩემი ფეხით წამოვალ-მეთქი, მაგრამ არ ესმოდათ. ნასესხები ფულით ნაყიდი ბომბები ჩამომართვეს“.

„ბომბებჩამორთმეული“ ხალხი კი „რევოლუციაზე“ მაინც ფიქრობს და პოლიტიკურ განცხადებებსაც აკეთებს: „ამფერების გამო არის, რომ ბაბუი ვერ დარჩება მის თანამდებობაზე“.  

,,ჟიული შარტავას“ პრეზენტაცია

საქართველოს საოკეანო-სანაოსნო კომპანიის დაკვეთით სამხრეთ კორეაში აშენებული ტანკერის პრეზენტაცია სამშაბათს, სასტუმრო ,,შერატონ-მეტეხი პალასში“ გაიმართა.

ტანკერის წყალწყვა 35 ათასი ტონაა.

გემს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომრის ჟიული შარტავას სახელი ეწოდა, რომელიც 1993 წელს, სოხუმის დაცემის დღეს დახვრიტეს.

ტანკერი „ჟიული შარტავა“ პირველი გემია, რომელიც საკუთარი სახსრებით აშენდა.

სამხრეთ კორეამ საქართველოსგან კიდევ ერთი დაკვეთა მიიღო მორიგი ტანკერის აშენებასთან დაკავშირებით.

 

 

აჭარა საკუთარ დაზვერვას ქმნის

ახლახანს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის დადგენილებით შეიქმნა აჭარის დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტი.

კანონპროექტის ავტორმა ზურაბ დევაძემ დეპარტამენტის დაარსება შემდეგი მოტივით ახსნა: „ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ სიტუაცია იძაბება, მოქმედებენ სხვადასხვა ექსტრემისტული დაჯგუფებები, რომლებიც ეცდებიან დესტაბილიზაცია შეიტანონ როგორც მთლიანად საქართველოში, ისე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. აღნიშნული სტრუქტურა არის სამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ექვემდებარება საქართველოს პრეზიდენტს. მაგრამ გამომდინარე იმ სიტუაციებიდან, რა მოვლენებიც ვითარდება დღეს საქართველოში, მოსალოდნელია საფრთხე შეექმნას საქართველოს მთლიან მოსახლეობას, მის სასიცოცხლო ინტერესებს, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო-სტრატეგიულ და ეკოლოგიურ სფეროებში. აქედან გამომდინარე, აჭარის არ კონსტიტუციის მეორე მუხლის შესაბამისად მიღებული იქნას გადაწყვეტილება და შეიქმნას აღნიშნული სტრუქტურა, – დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტი“.

კანონპროექტს აჭარის პარლამენტმა ტრადიციულად, ერთსულოვნად დაუჭირა მხარი.

ბათუმში ეკლესია გაქურდეს

 

14 იანვარს ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიაში ღამის თევის ლოცვის შემდეგ ტაძარი გაქურდეს. მძარცველმა წაიღო ბარძიმი, საზიარებელი კოვზი, საუკუნის ვერცხლის მედალიონი წმიდა ბარბარეს გამოსახულებით და მრევლის მიერ შემოწირული თანხა. თანხის რაოდენობა დადგენილი არ არის.

საქმეს იძიებს ქალაქის პოლიციის სამმართველო, სადაც აცხადებენ, რომ სამძებრო განყოფილებას აქვს გარკვეული ვერსიები, თუ ვინ ჩაიდინა დანაშაული. მიმდინარეობს ამ ვერსიების გადამოწმება. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

Exit mobile version