„ორბი“ მწვანე კონცხზე ოთხი ცათამბჯენის მშენებლობის ნებართვას ითხოვს

„ოცნების“ შემწირველების კომპანია, შპს „ავენიუ ბაი ორბი“ მწვანე კონცხზე, ზღვასთან ახლოს მშენებლობის ნებართვას ითხოვს. კომპანია ქანობიან ტერიტორიაზე, რომელიც ზღვას გადაჰყურებს 4 ცათამბჯენის აშენებას გეგმავს. ბათუმის მერიაში წარდგენილი კონცეფციის მიხედვით კორპუსები 2 კომპლექსში იქნება გაერთიანებული და 41-42 სართულიანები იქნება. გარდა ამისა იგივე ნაკვეთზე კომპანიას 10 კოტეჯის მშენებლობა სურს.

ესკიზური პროექტი

„ორბი“  ჯგუფის დამფუძნებელი ზაზა ზოიძე და დირექტორი ირაკლი კვერღელიძე „ოცნების“ მხარდამჭერები და შემწირველები არიან. ირაკლი კვერღელიძემ მხარი დაუჭირა ასევე რუსულ კანონს, რომლის წინააღმდეგ ახალგაზრდებმა საპროტესტო აქციები გამართეს, ასზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ კი ის საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

3 ჰექტარზე მეტი ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი კომპანიამ აქ სწორედ მშენებლობის პირობით შეისყიდა. ყოფილი „კოლხიდას“ ტერიტორიაზე ნასყიდობის ხელშეკრულება 2017 წლის 13 იანვარსაა გაფორმებული აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „ჯეო დეველოპმენტს“ შორის.  ეს კომპანია, შპს „ჯეო დეველოპმენტი“ აუქციონის დაწყებამდე 4 თვით ადრე, 2016 წლის 13 ივლისს უკრაინის მოქალაქემ ნატალია ტოვკაჩმა დაარეგისტრირა . ქონების საწყისი ფასი მილიონი ლარი იყო, ელქტრონული ვაჭრობის პირობებში მისი ფასი მხოლოდ 125 000 ლარით გაიზარდა.

შეთანხმების მთავარი პირობა ყოფილი „კოლხიდას“ ტერიტორიაზე სასტუმრო კოტეჯების მშენებლობა იყო. კომპანიას ვალდებულების შესრულება 2017 წელს უნდა დაეწყო.

2 თვის შემდეგ, საჯარო რეესტრის 2016  წლის 7 ოქტომბრის ამონაწერის მიხედვით, „ჯეო დეველოპმენტის“ 100% ირაკლი სირაძემ დაირეგისტრირა, ის გახდა კომპანიის დირექტორიც. რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, მან კომპანიის მთლიანი წილი ნატალია ტოვკაჩიდან 100 ლარად იყიდა. შემდეგ კი მან კომპანიის წილის 100% უკვე „ორბი ჯგუფი ბათუმზე“ გაასხვისა. 2019 წელს ამ ნაკვეთზე ხეები მოთხარეს და ბიძინა ივანიშვილის პარკში წაიღეს.

პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით საპროექტო კონცეფცია ითვალისწინებს 2 კოშკურა ტიპის მოცულობას ნაკვეთის უმაღლეს ნაწილში, სადაც ტერიტორია ხე-ნარგავებისგან თავისუფალია. პროექტით აგრეთვე გათვალისწინებულია 10 კოტეჯის მშენებლობა, რომლებიც ფერდობზე იქნება შეფენილი.დოკუმენტების მიხედვით, რომელიც კომპანიამ მერიას წარუდგინა პროექტი  ითვალისწინებს საავტომობილო გზის მშენებლობას.

ცათამბჯენების და კოტეჯების განთავსების გეგმა- ესკიზი
მონიშნულია „ორბის“ მიწის ნაკვეთი

მერია კომპანიას წერს, რომ მწვანე კონცხზე მაქსიმუმ 18 სართულიანი კორპუსის მშენებლობაა დასაშვები, მაგრამ რადგან კომპანია 41-42 სართულიანი კორპუსების მშენებლობას გეგმავს საჭიროა განაშენიანების დეტალური გეგმის დამუშავება.

კურორტ გოდერძიზე თოვს [ფოტო]

კურორტ გოდერძიზე თოვს, ადგილობრივების ინფორმაციით ამ დროისთვის თოვლის საფარი 10 სანტიმეტრია. ავტომანქანებისთვის გზაზე გადაადგილება შეუფერხებლად შეიძლება.

ფოტო: სალომე ლომიძე

სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მაღალმთიან აჭარაში, გოდერძის უღელტეხილზე, ზღვის დონიდან 2027 მეტრზე მდებარეობს.

გოდერძი ბათუმიდან 109 კილომეტრითაა დაშორებული, ხოლო  თბილისიდან  252 კილომეტრით.  ეს ადგილი უხვი ნალექით გამოირჩევა.

„ოცნების“ კანდიდატები ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებაზე – არის ეს უკანონო აგიტაცია?

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატი „ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე, 16 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებთან ერთად მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო ქობულეთში. ამ ღონისძიებაზე 30-ზე მეტი მასწავლებელი დააჯილდოვეს. შეხვედრის ამსახველი ფოტოები ცოტნე ანანიძემ თავადვე გამოაქვეყნა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე და იქვე აღნიშნა, რომ ღონისძიების ორგანიზატორი ქობულეთის მერია იყო.

ცოტნე ანანიძე „ოცნების“ უმაღლესი საბჭოს სიაშია, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში კი კანდიდატს ბიუჯეტით დაფინანსებული ღონისძიების აგიტაციისთვის გამოყენება ეკრძალება. შეხვედრაში მონაწილეობა, სადაც მასწავლებლები დააჯილდოვეს, შეიძლება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად ჩაითვალოს, მიუხედავად იმისა დადგინდება თუ არა აგიტაციის ფაქტი, რადგან კანდიდატი შესაძლოა გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიმღებ პირადაც განიხილოს ვინმემ, ან უმეტესობამ. 

საარჩევნო კოდექსის 45-ე თავის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა ადმინისტრაციული  რესურსების გამოყენებად ითვლება.

ფოტო ცოტნე ანანიძის Facebook გვერდიდან
ფოტო ცოტნე ანანიძის Facebook გვერდიდან

ცოტნე ანანიძე თავის გვერდზე ასევე წერს, რომ ამავე დღეს “საზოგადოებრივ ცენტრში” შეხვდა ამბულატორიის თანამშრომლებს, სამედიცინო პუნქტების ექიმებსა და ექთნებს. ისინი მერიის თანამშრომლები არიან, რადგან „საზოგადოებრივი ცენტრი“ ქობულეთის მერიის ორგანიზაციაა.

„ბათუმელები“ ცოტნე ანანიძეს დაუკავშირდა კითხვით, რა განზრახვით იმყოფებოდა შეხვედრაზე და მიმართა თუ არა აუდიტორიას, როგორც „ოცნების“ კანდიდატმა.

„უმაღლესი საბჭოს წევრი ვარ, მაჟორიტარული წესით არჩეული ქობულეთიდან. მიწვეული ვიყავი. დიახ, [აუდიტორიას] მივმართე. მადლიერებით, მათი ღვაწლისა და დამსახურების გამო“, – წერილობით გვიპასუხა ცოტნე ანანიძემ.

მის მიერ გავრცელებულ ფოტომასალაში ვხედავთ ასევე, რომ ამ შეხვედრას „ოცნების“ კიდევ ერთი კანდიდატი გიორგი ჭყონიაც ესწრება. თუ ეს რიგითი შეხვედრა იყო, სადაც ცოტნე ანანიძე, როგორც მოქმედი უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მონაწილეობდა, მაშინ რატომ ესწრებოდა შეხვედრას გიორგი ჭყონია? –  ის არც საჯარო მოხელეა და არც დეპუტატი. ისიც „ოცნების“ კანდიდატია. მით უმეტეს, რომ ორივე ღონისძიება დაფინანსებულია ბიუჯეტიდან.

ფოტო ცოტნე ანანიძის Facebook გვერდიდან

17 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა ხულოშიც. ღონისძიებას ესწრებოდა ანზორ ბოლქვაძე, „ოცნების“ საპარლამენტო სიის წევრი, ფრიდონ ფუტკარაძე, „ოცნების“ უმაღლესი საბჭოს სიის წევრი, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ჯამბულატ მელაძე და სხვა მმართველი პირები ხულოს მერიიდან.

ფოტო ანზორ ბოლქვაძის Facebook გვერდიდან.

ამ შემთხვევაშიც, ღონისძიება ხულოს მერიის საბიუჯეტო სახსრებით დაფინანსდა. „ბათუმელები“ შეეცადა დაჰკავშირებოდა ანზორ ბოლქვაძეს კომენტარისთვის, თუმცა მან ჩვენ სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

რაზე მეტყველებს „ქართული ოცნების“ კანდიდატების მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა? – ამის შესახებ „ღია სივრცე კავკასიას“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, იურისტ ირმა პავლიაშვილს ვკითხეთ. იგი მიიჩნევს, რომ საკითხის შესწავლა აუცილებელია:

„შეიძლება ადგილი ჰქონდეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ან უკანონო აგიტაციას. რა თქმა უნდა, უფრო სიღრმისეული შესწავლაა აუცილებელი“, – გვითხრა მან.

რა არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ან უკანონო აგიტაცია?ესაა შემთხვევა, როდესაც პოლიტიკური, საარჩევნო მიზნით ხდება [ღონისძიებებში] საჯარო მოხელეების ჩართვა და ბიუჯეტით დაფინანსებული ღონისძიებების გამოყენება.

„წინასაარჩევნო პერიოდში შესაძლებლობათა თანასწორობა დაცული იყოს უნდა საარჩევნო სუბიექტებისთვის. ასევე, ეს შემთხვევები  შეიძლება შეიცავდეს უკანონო აგიტაციის ნიშნებს,  მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური თანამდებობების პირებს უფლება აქვთ ჩაერთონ აგიტაციაში და მათ შორის სამსახურებრივი მოვალეობის დროს განახორციელონ აგიტაცია. თუმცა მათ არ უნდა გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსი და დაქვემდებარებული პირები არ უნდა ჩააბან სააგიტაციო ღონისძიებებში.

თავად საჯარო მოხელეებს აქვთ აკრძალული სამუშაო საათების განმავლობაში აგიტაციის განხორციელება. შესაბამისად, საჭიროა ფაქტის დეტალური შესწავლა, რომ სათანადო რეაგირება მოჰყვეს  შესაბამისი უწყებებიდან“, – ამბობს ირმა პავლიაშვილი.

იგი მიიჩნევს, რომ მსგავსი ფაქტები ნეგატიურ გავლენას ახდენას თანასწორ და სამართლიან საარჩევნო გარემოზე და სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი პასუხისმგებელი პირების გამოკვეთა. ირმა პავლიაშვილი ჩვენთან საუბარში ასევე ხაზს უსვამს საერთაშორისო სტანდარტებს:

„საინტერესოა საერთაშორისო სტანდარტები, კოპენჰაგენის დოკუმენტი, რომელიც გვეუბნება, რომ სახელმწიფო ფუნქციები და პოლიტიკური პარტიების საქმიანობა ერთმანეთისგან უნდა იყოს გამიჯნული. მათი აღრევა ნიშნავს, რომ გარკვეული სუბიექტის სასარგებლოდ ხდება შემდგომ მთელი რიგი აქტივობები, რათა მან დადებითი ბენეფიტები მიიღოს წინასაარჩევნო პერიოდში“. 

ამ დრომდე ცესკოში აჭარიდან 13 საჩივარი იყო შესული. 18 ოქტომბერს ეს რიცხვი კიდევ გაიზარდა. საჩივრები განხილვის პროცესშია.

_________________________

ამავე თემაზე:  

99 პირი ერთი უბნის გადასატანი ყუთის სიაში რიგის ნომრების გარეშე – 13 საჩივარი ცესკოში აჭარიდან

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 19 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 677 180 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 380]
  • ტანკი – 9 035 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 18 072 ერთეული [+19]
  • საარტილერიო სისტემა – 19 548 ერთეული [+15]
  • MLRS – 1 232 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 978 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 17 230 ერთეული [+78]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 623 ერთეული [+3]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 26 946 ერთეული [+38]
  • სპეცტექნიკა – 3 473 ერთეული [+25]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 18 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 646 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 33 793 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 582 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 18 735 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 476 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 16 363 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 27 392 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთში ჩრდილოეთ კორეელებისგან ბატალიონი შექმნეს, 18 ჯარისკაცი უკვე გაიქცა – მედია

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„თამუნა ვერ დადის, ვერ საუბრობს… ხანდახან სასაფლაოს ვალაგებ“ – 15 წლის მოზარდის დედა

„თამუნა უკვე 15 წლისაა. ვერ დადის და ვერ საუბრობს. არაფერზე არ აქვს რეაქცია. ჩემი ხელით ვაჭმევ, ვუცვლი. ქმარს გაშორებული ვარ. მეუღლემ მიგვატოვა ბავშვის მდგომარეობიდან გამომდინარე. მთელი ეს წლები ვცხოვრობთ ქირაში და ყველაფერს ვუმკლავდები მარტო”, – გვეუბნება ქრისტინე გაბუნია, 33 წლის მარტოხელა დედა ქუთაისიდან.

იგი გვეუბნება, რომ მათი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი ბავშვის პენსიაა, 315 ლარი, თუმცა როგორც დედა ამბობს, თამუნაზე რომ ეზრუნა იძულებული გახდა კრედიტი გამოეტანა ბანკიდან – „თამოს პენსიის ნაწილს ბანკში ვიხდით. მისი ყოველთვიური მკურნალობა ძალიან ძვირი ჯდება. დაახლოებით 2 000 ლარი”

დედის თქმით, რადგან შვილის ხანგრძლივად დატოვება არ შეუძლია, ერთადერთი, რასაც ახერხებს, პერიოდულად სასაფლაოს დალაგებაა. ქალი გვეუბნება იმასაც, რომ თამუნას საკუთარი ეტლი არ აქვს და დიდი ხანია რაც უშედეგოდ ცდილობს მისთვის ახალი ეტლის შეძენას. ქრისტინე ამბობს, ეტლი, რომელსაც ახლა თამუნა იყენებს, ნათხოვარი აქვთ.

ქრისტინე გვიამბობს, რომ თამუნა 7 თვის იყო, როცა ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო:

„როცა წავიყვანე ექიმთან, ბავშვი მხოლოდ შუქს ხედავდა, სხვა არაფერზე არ ჰქონდა რეაქცია, არც სათამაშოებზე. შემეშინდა. მერე წავიყვანე ოფთალმოლოგთან. მეგონა, რომ ბავშვს მხედველობის პრობლემა ჰქონდა. ექიმმა ნევროპათოლოგთან გაგვიშვა. მივედით, მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია გადავუღეთ და აღმოჩნდა, რომ ბავშვს აქვს „ტვინზე სითეთრეები“, რაც ნიშნავს განუვითარებლობას. ამასთან, კეფაში აქვს კისტა. რაც უფრო იზრდებოდა ბავშვი, უფრო რთულდებოდა მდგომარეობა”.

როგორც დედა გვიხსნის, თამუნას ხანგრძლივი და ეტაპობრივი მკურნალობა სჭირდება, რის გარეშეც მისი განვითარება ბოლომდე გაჩერდება:

„თამუნა მუდმივად იღებს მედიკამენტებს, გვჭირდება საფენებიც.

ამ ეტაპზე, ორი კვირის შემდეგ, აუცილებლად ესაჭიროება მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გადაღება, რათა გადავამოწმოთ, როგორ მიდის მისი მდგომარეობა. ძალიან გაურთულდა შეტევები და ექიმმა გაუზარდა წამლის დოზა. ცოტახანს უნდა დავაკვირდეთ, შემდეგ კი მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია გადავუღოთ, თუ როგორი მდგომარეობაა ბავშვის თავში, კისტა რამდენად გაიწოვა და ა.შ. ყველაფერი უნდა გავაკონტროლოთ, თამუნას ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ არ გაუარესდეს”.

დედამ მოგვაწოდა ცნობა თამუნას ჯანმრთელობის შესახებ, სადაც ვკითხულობთ: „გონებრივი განვითარების ჩამორჩენილობა მკვეთრად გამოხატული ქცევის პათოლოგიით. ბავშვთა ცერებრული დამბლა”.

ქრისტინას სულ ორი შვილი ჰყავს. მასთან ერთად ცხოვრობს უფროსი შვილი, ნატაც.

საუბრის ბოლოს, დედა ამბობს, რომ ამ წლების განმავლობაში ბავშვის მდგომარეობით არც ერთხელ დაინტერესებულა ბავშვის მამა.

„ორსულად რომ ვიყავი, კონფლიქტი მოგვივიდა. მეორე სართულიდან გადავვარდი და ბავშვმა მიიღო მაგ დროს ტრავმა. ექიმთან კონსულტაციაზე რომ ვიყავით, გამომკითხა ფეხმძიმობისას ვირუსი ხომ არ შეგხვედრია ან რაიმე მსგავსიო. ეს ამბავი რომ მოვუყევი, მაშინ მიიღებდა ბავშვი ტრავმასო, ასე მითხრა“ – ამბობს ქრისტინე. მისი თქმით, ყოფილი მეუღლეს არასდროს გადაუხდია ბავშვისთვის ალიმენტი.

____

თამუნას დახმარების მსურველებმა ისარგებლეთ შემდეგი ანგარიშის ნომრებით:

საქართველოს ბანკი – GE39BG0000000589168699

თიბისი ბანკი – GE81TB7722945068100048

მიმღები დედა, ქრისტინე გაბუნია. 

 

„ბიუჯეტი მოხმარდეს ბავშვების უფასო კვებას სკოლებში და არა გავლენიანი პირების მოსყიდვას“ – მშობელი

განათლების ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ისე გაიხურა კარი, რომ არც მშობლებს და არც სასკოლო საზოგადოებას არ გააცნო იმ „ინტენსიური მუშაობის“ შედეგები, რომლის საფუძველზეც სამინისტროს სასკოლო კვება უნდა დაენერგა.

ყოფილი მინისტრი მთელი წლის განმავლობაში აცხადებდა, რომ არსებობდა პოლიტიკური ნება, სკოლებში დანერგილიყო კვება, შემდეგ ეტაპზე საზოგადოებას არწმუნებდა, რომ აღწერეს 2084 სკოლა და „ძალიან მალე“ დადებდნენ სურათს, თუ სად შეიძლებოდა სასკოლო კვების დანერგვა და სად მუშაობის გაგრძელება.

20 მარტს, პარლამენტში გამოსვლისას გიორგი ამილახვარი ისევ დაჰპირდა საზოგადოებს, რომ 1-2 თვეში წარმოადგენდა ,,კონკრეტულ გეგმას“, თუმცა ისე მიილია ზაფხული, ამ საკითხზე დასმულ არც ერთ კითხვას არ გასცა პასუხი.

თანამდებობის დატოვებამდე ცოტა ხნით ადრე კი მხოლოდ ის დასძინა, რომ სასკოლო კვების დანერგვაზე დეტალური გეგმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაში იქნებოდა გაწერილი. თუმცა პარტიის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს ერთი სიტყვაც არ უთქვამს სკოლებში ბავშვების კვებაზე.

„სასკოლო კვებაზე „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება არის ტიპური მაგალითი იმის, თუ როგორ უნდა გაწელო დრო და ტყუილში ამყოფო ის ადამიანები, ვისაც ეს პრობლემა ყოველდღიურად ეხება. შემდეგ კი უპასუხისმგებლოდ გაიხურო კარი და წახვიდე ისე, თითქოს შენს სიტყვებზე საერთოდ არ გეკისრებოდეს პასუხისმგებლობა. ამის მაგალითია ის, რაც სასკოლო კვებასთან დაკავშირებით გააკეთა ხელისუფლებამ“, – ამბობს „ბათუმელებთან“ არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ დამფუძნებელი, მეგი კავთუაშვილი.

ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება საზოგადოებას ატყუებდა. რა გზა რჩებათ მშობლებს მიზნის მისაღწევად? – ვკითხეთ მეგი კავთუაშვილს.

„ჩვენ კიდევ უნდა დავაყენოთ დღის წესრიგში ეს საკითხი ალბათ იმაზე უფრო მწვავედ, ვიდრე აქამდე გაგვიკეთებია ეს, იმისთვის, რომ იმ ადამიანებმა, ვინც ახალ მთავრობაში შევა, იცოდენენ, რომ საზოგადოება არის უკომპრომისო ამ საკითხთან მიმართებაში.

სკოლაში ბავშვებს არ უნდა შიოდეთ. სასკოლო კვებას სხვადასხვა ქვეყანაში სხვა მიზანიც აქვს. გარდა იმისა, რომ შიმშილი იყოს აღმოფხვრილი, ეს არის ჯანმრთელობის შენარჩუნება, ჭარბწონიანობის შემცირება, განათლების მიზნების მიღწევა, ეს არის სოციალური დახმარება იმ ადამიანებისთვის, ვისაც ამის საჭიროება აქვს და ეს არის ასევე სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა.

ჩვენ უფრო მეტი მშობელი უნდა ჩავრთოთ ამ საკითხის ადვოკატირებაში, რომ ეს მიზანი იყოს მიღწეული. მათ შორის, სოფლად მცხოვრები ადამიანები, სოფლის მეურნეობის დარგის წარმომადგენლები, ფერმერები, დისტრიბუტორები და ასე შემდეგ. სასკოლო კვების კვირეულის ფარგლებში ჩვენ როცა შევხდით ამ ადამიანებს, ძალიან მაღალი ინტერესი იყო მათი მხრიდან. ვფიქრობ, უფრო ფართოდ უნდა გაიშალოს ეს კამპანია.

უფრო მკაფიოდ უნდა ვაჩვენოთ, რას ვუშავებთ ბავშვებს იმით, რომ სასკოლო საათებში ნახევარი დღის განმავლობაში ბავშვები არიან მშივრები. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ბავშვების დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველია ან ელოდება ამ ბაზაში დარეგისტრირებას.

შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ადამიანებს უჭირთ თავიანთი შვილების სრულფასოვნად გამოკვება. ამიტომ სახელმწიფოს როლი და მისია ძალიან დიდია“, – ამბობს მეგი კავთუაშვილი.

მისი თქმით, როცა ამ საკითხის განხილვა მშობლებმა პოლიტიკურ პარტიებთან მოისურვეს, შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები  არ მივიდნენ.

„ოცნებამ“ არ ისურვა მშობლების მოსმენა. ოპოზიციურ პარტიებს ჩვენ ვუთხარით, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა და როცა ხელისუფლებაში მოვლენ, ამაზე მოუწევთ მუშაობა, რომ სასკოლო კვება ეს არის მშობლების დაკვეთა და აუცილებლად უნდა იყოს დანერგილი“, – ამბობს მეგი.

„ქართული ოცნების“ ირწმუნება, რომ ქვეყნის ეკონომიკა ყოველწლიურად იზრდება და რომ „ეკონომიკის ორნიშნა მატება გვაქვს“. თუმცა, ხელისუფლება მხოლოდ მაშინ იმიზეზებს თანხების უქონლობას, როცა საქმე ბავშვთა კეთილდღეობას ეხება. სამაგიეროდ, მარტივად იხარჯება ბიუჯეტიდან მილიონები, როცა „ქართულ ოცნებას“ ცნობადი სახეების ან ცალკეული ჯგუფების კეთილგანწყობის მოპოვება სურს.

„მგონი, „ქართულმა ოცნებამ“ რომ გააცნობიეროს რამე, ეს საკითხი დღის წესრიგში აღარ არის აქტუალური, რადგან ეს არ არის პარტია, რომელიც უმრავლესობით გაიმარჯვებს ამ არჩევნებში. უბრალოდ, შეუძლებელია.

რამდენი მილიონიც არ უნდა დაურიგონ სპორტსმენებს ან ცალკეულ ჯგუფებს, რომ თავიანთ რიგებში გადასვან, ეს ვერ მოაგვარებს ათი ათასობით ადამიანის პრობლემას.

დღეს ქვეყანა დგას იმის წინაშე, რომ შეიძლება სამოქალაქო საზოგადოება მთლიანად განადგურდეს. თუ სამოქალაქო საზოგადოება გადარჩა ამ ქვეყანაში და დიდი იმედი მაქვს რომ ასე იქნება, ახალ მთავრობას მოუწევს ამას ანგარიში გაუწიოს, რადგან სამოქალაქო საზოგადოება დღეს ძალიან ძლიერია.

თუ სამოქალაქო საზოგადოება აღარ იარსებებს, ამ პოლიტიკოსებისთვის ადვილი იქნება დაივიწყონ ის დაპირებები, რასაც დღეს გასცემენ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი სამოქალაქო საზოგადოების შენარჩუნება ქვეყანაში.

ამიტომ ოპოზიციას, თუკი მოვა ხელისუფლებაში, აღარ ექნება იმის საშუალება, რომ დაივიწყოს საკუთარი დაპირებები. ამას რეგულარულად შევახსენებთ ყველას, რომ ჩვენ ვართ საზოგადოება, ჩვენ ვართ მშობლები, ათასობით ვართ, იცოდნენ რა გვაწუხებს და რა უნდა იყოს მათი სამუშაო თემა“, – ამბობს მეგი კავთუაშვილი.

გარდა სასკოლო კვებისა, მშობლები მიიჩნევენ, რომ დღის წესრიგში ასევე უნდა დადგეს სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რადგან დღეს ბავშვებს სტრესულ სასკოლო გარემოში უწევთ ყოფნა. სამ და ოთხცვლიანი სწავლება კი გარემოს კიდევ უფრო აუარესებს.

„ჩვენ უკვე გვაქვს ინფრასტრუქტურული კოლაფსი სკოლებში. ამიტომ ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს გავაცანით, არის სასკოლო ინფრასტრუქტურა.

„ოცნებამ“ არც ამაზე იკადრა ჩვენთან საუბარი, თუმცა მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო და მუნიციპალურ ბალანსზე არსებულ მიწებზე უნდა გამოიყოს ადგილი ახალი სკოლებისთვის. მხოლოდ არსებულის გარემონტება მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს.

ასევე უნდა დასრულდეს ის მანკიერი პრაქტიკა, როდესაც ერთი სკოლის ბავშვების შეხიზვნა ხდება სხვა სკოლაში -ერთ შენობაში სამი იმდენი ბავშვი სწავლობს, ვიდრე ამ შენობას შეუძლია რომ დაიტიოს.

ცხადია, ეს ქმნის ინფრასტრუქტურულ კოლაფსს, რაც გადადის განათლების კოლაფსში და ზარალდებიან ბავშვები. ყოველდღიურად შეიძლება დაითვალო, რა ზიანი მიადგა ბავშვს ამ სახელმწიფოებრივი გულგრილობის გამო“, – ამბობს მეგი.

სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო წლებში საჯარო სკოლებს ათასობით ბავშვი ტოვებს. მარტო გასულ წელს, სკოლა 15 ათასამდე მოსწავლემ მიატოვა. სკოლის მიტოვების ერთ-ერთი მიზეზი, ემიგრაციაა.

„თუ სახელმწიფო გააგრძელებს ასეთ მოქცევას, გაცილებით მეტი ოჯახი წავა ქვეყნიდან და წაიყვანს თავის შვილს საზღვარგარეთ.

ამიტომ, ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ბავშვების მიმართ, უნდა შეწყდეს.

თუ ჩვენ გვაქვს მილიონები, რომელსაც ჩამოვურიგებთ სპორტსმენებს, უნდა გვქონდეს იმის მილიონებიც, რომ ავაშენოთ ახალი სკოლები, დავნერგოთ კვების პროგრამები, შევქმნათ საგანმანათლებლო რესურსები, წავახალისოთ ნიჭიერი და ახალგაზრდა მასწავლებლები და ასე შემდეგ.

ის ბიუჯეტი, რომელსაც ვავსებთ ჩვენი გადასახადებით, არის არა იმისთვის, რომ მოისყიდონ გავლენიანი ადამიანები და შემდეგ გამოიყენონ პარტიული ინტერესებისთვის, არამედ იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს ჰქონდეთ ჯანსაღი სასკოლო და საცხოვრებელი გარემო ამ ქვეყანაში“, – ამბობს მეგი კავთუაშვილი.

99 პირი ერთი უბნის გადასატანი ყუთის სიაში რიგის ნომრების გარეშე – 13 საჩივარი ცესკოში აჭარიდან

ხელვაჩაურის საოლქო კომისიის მეხუთე საუბნო კომისიამ გადასატანი ყუთის სია წესის დარღვევით შეადგინა – კერძოდ, სიას თან არ ერთვის ამომრჩეველთა რიგის ნომრები – წერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ენმ-ის წარმომადგენელი, გიგა თედორაძე. მან საჩივარს თან დაურთო ფოტომასალა, სადაც ასახულია, თუ როგორ არის შედგენილი გადასატანი ყუთის სია. ამ ფოტომასალის მიხედვით, სიაში მხოლოდ სახელები/გვარები და დაბადების თარიღებია მითითებული.

ამომრჩეველთა რიგის ნომრების შესახებ ინფორმაცია არ არის. სიაში 99 პირია.

სქრინი საჩივარზე თანდართული სიებიდან

მომჩივანი ცესკოს წერს, რომ კანონით „გადასატანი ყუთის სიაში შევა იგივე მონაცემები, რაც არის ამომრჩევლის ერთიან სიაში, გარდა მისი ფოტოსურათისა და დამატებით აღინიშნება ამომრჩევლის რიგითი ნომერი ამომრჩევლის ერთიან ან სპეციალურ სიაში“.

მომჩივანი მიუთითებს, რომ ირღვევა საარჩევნო კოდექსის 33-ე მუხლი და რეაგირებას ითხოვს.

საარჩევნო კოდექსის 33-ე მუხლის ჩანაწერი საჩივარში მითითებული განმარტების იდენტურია: „გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ იგივე მონაცემები, რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში, გარდა მისი ფოტოსურათისა და დამატებით აღინიშნება ამ ამომრჩევლის რიგითი ნომერი ამომრჩეველთა ერთიან ან სპეციალურ სიაში.“

სიებში კი, რომლებიც მომჩივანმა ცესკოს წარუდგინა, ამომრჩეველთა რიგის ნომრები მითითებული არ არის. შესაბამისად, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის ამ სიებში მოცემული ინფორმაციის ნამდვილობის გადამოწმება მარტივი არ იქნება.

ცესკოს ამ საჩივრის განხილვა ჯერ არ დაუსრულებია.

  • რესურსის გამოყენება

ხელვაჩაურის [83] საოლქო კომისიის წინააღმდეგ საჩივრით ცესკოს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომაც“ მიმართა. ორგანიზაცია საბიუჯეტო სახსრებით დაფინანსებული ღონისძიების „ოცნების“ კანდიდატების სასარგებლოდ გამოყენებაზე წერს. კერძოდ, საუბარია „ხელვაჩაურის დღეებზე“, რომელიც 2024 წლის 29 სექტემბერს გონიოს ციხეში ჩაატარეს.

ღონისძიებას რეგიონის თანამდებობის პირებთან ერთად „ოცნების“ კანდიდატი პარლამენტში [22 ნომერი სიაში], არჩილ ბერიძეც ესწრებოდა. ორგანიზაციის შეფასებით, „ბათუმის მერიის მიერ გამოქვეყნებული ფოტომასალიდან იკვეთება, რომ მმართველი პარტიის კანდიდატი ღონისძიებაში ორგანიზატორების მიერ იყო ჩართული“.

სადამკვირვებლო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ „ოცნების“ კანდიდატის, არჩილ ბერიძის ღონისძიებაში მონაწილეობით დაირღვა საარჩევნო კოდექსის 45.7 მუხლი, რომლის მიხედვითაც აკრძალულია სახელმწიფო ბიუჯეტის ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე ან პრეზენტაციაზე ორგანიზატორის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა. აღნიშნული ქმედება ჩაითვლება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად.

 

ფოტო ხელვაჩაურის მერიის ფეისბუქის გვერდიდან
ფოტო ხელვაჩაურის მერიის ვებგვერდიდან – „ხელვაჩაურის დღეები“. ფოტოზე მარცხნიდან ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე – ის უმაღლესი საბჭოს „ოცნების“ სიაშია, შემდეგ – თენგიზ ირემაძე, ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, „ოცნების“ კანდიდატი არჩილ ბერიძე და უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი რამაზ ჯინჭარაძე.

ორგანიზაციის განმარტებით, იმისათვის, რომ 45.7 მუხლის დარღვევა დადგინდეს, სახეზე უნდა იყოს შემდეგი გარემოებები:

  • სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტით მოხდეს ღონისძიების ორგანიზება.
  • ამ ღონისძიებაზე ადგილი ჰქონდეს წინასაარჩევნო აგიტაციას.
  • ამ აგიტაციას ეწეოდეს ორგანიზატორი.

„ხელვაჩაურის დღეები“ დაფინანსებული იყო ხელვაჩაურის მერიის მიერ. რაც შეეხება იმას, ჰქონდა თუ არა ადგილი აგიტაციას ამ ღონისძიებაზე, ორგანიზაცია წერს:

ამონარიდი საჩივრიდან

„გამჭვირვალობა საქართველო“ ცესკოსთვის გაგზავნილ თავის საჩივარში განმარტავს, რომ ამ ყველაფერთან ერთად მნიშვნელოვანია განისაზღვროს, ეწეოდნენ თუ არა აგიტაციას ღონისძიების ორგანიზატორები.

ორგანიზაცია წერს: „გადაწყვეტილება, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტის კანდიდატს მიეღო მონაწილეობა ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებაში, იმთავითვე გულისხმობს ამ კანდიდატის სასარგებლო აგიტაციას, მათი ცნობადობის გაზრდას, მათ ასოცირებას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების განხორციელებასთან, რასთანაც კანდიდატს კავშირი არ აქვს“.

„გამჭვირვალობის“ საჩივარი
  • აგიტაცია სამუშაო საათებში

კიდევ ერთი სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ შუახევის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ასაჩივრებს. საჩივრის მიხედვით, 2024 წლის 1 და 4 ოქტომბერს შუახევის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსი, პაატა ქათამაძე სოციალური ქსელის გამოყენებით „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ატარებდა აგიტაციას სამუშაო საათებში.

ორგანიზაციის მეორე საჩივრის მიხედვით კი, 4, 7 და 10 ოქტომბერს შუახევის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს დირექტორი სამუშაო საათებში ატარებდა „ოცნების“ სასარგებლოდ აგიტაციას ფეისბუქში.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ მსგავსი შინაარსის 3 საჩივრით ცესკოს ხულოს მერიის საჯარო მოხელეების მხრიდან დარღვევაზეც მიმართა. ერთ შემთხვევაში საუბარია ხულოს მერიის სოციალური დაცვის და სტიქიით დაზარალებულთა სამსახურის უფროსის, ჯამბულატ მელაძის მხრიდან სამუშაო საათებში „ოცნების“ სასარგებლო აგიტაციაში ჩართვაზე, მეორე შემთხვევაში კი ხულოს მერიის აპარატის უფროსის მხრიდან სოციალური ქსელის მეშვეობით აგიტაციაზე „ოცნების“ სასარგებლოდ.

საუბარი ეხება საბიუჯეტო სახსრებით დაფინანსებულ ღონისძიებაზე კანდიდატის მონაწილეობას. როგორც ორგანიზაცია წერს, ღონისძიებას „ოცნების“ კანდიდატები – ანზორ ბოლქვაძე და ვახტანგ ბერიძე ესწრებოდნენ. ანზორ ბოლქვაძე „ოცნების“ საპარლამენტო სიაშია, ხულოს ყოფილი მერი ვახტანგ ბერიძე კი – აჭარის უმაღლესი საბჭოს სიაში. „ოცნების“ უმაღლესი საბჭოს სიის პირველი ნომერია აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თონიკე რიჟვაძე, შესაბამისად, ისიც ოცნების კანდიდატია.

საჩივარში საუბარია „აჭარის პროექტების მართვის კომპანიის“ მიერ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომში სასპორტო სკოლის გახსნის ღონისძიებაზე.

ორგანიზაცია საჩივარში მიუთითებს იმასაც, რომ სკოლის გახსნის აღმნიშვნელი ფოტომასალა ხულოს მერიამ და აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ სოციალურ ქსელშიც გააზიარეს.

ფოტო აჭარის პროექტების მართვის კომპანიის ფეისბუქის გვერდიდან

საარჩევნო კოდექსი საჯარო მოხელეს აგიტაციაში ჩართვას უკრძალავს სამუშაო საათებში სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას. ამ საჩივრებზე თანდართულია დათარიღებული მტკიცებულებები ფოტომასალის სახით.

საჩივრის განხილვა ჯერ არ დასრულებულა.

ქედიდან ცესკოში სამი საჩივარი შეუტანიათ. სამივე საჩივარი ენმ-ის წევრმა, ზვიად თურმანიძემ შეიტანა. ერთ შემთხვევაში ის ორი საარჩევნო უბნის ღია მდგომარეობაში უყურადღებოდ დატოვებაზე, ერთ შემთხვევაში კი ჩაკეტვაზე წერს, იმ დროს, როცა უბანი ამომრჩევლისთვის ღია უნდა იყოს. განმცხადებელი ასევე წერს, რომ კომისიას მტკიცებულებად აუდიომასალა წარუდგინა.

ბათუმიდან ცესკოში ხუთი საჩივარი შეუტანიათ, ხუთიდან სამი საჩივარი გადასატანი ყუთების სიაში ამომრჩევლის რეგისტრაციას ეხება, ორი კი – ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას.
ენმ-ის წარმომადგენელი ცესკოს წერს, რომ ბათუმის #63-ე საუბნო საარჩევნო კომისიაში მითითებული იყო ორი მოქალაქის შესახებ, რომლებმაც გადასატანი ყუთის სიაში მათი მონაცემების შეტანა ტელეფონით მოითხოვეს. გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ მითითებული ნომერი არც მათ და არც მათი ოჯახის წევრს არ ეკუთვნოდა.

კიდევ ერთი საჩივრის მიხედვით #62-ე უბანზე გადასატან ყუთში დასარეგისტრირებელი პირის მონაცემები კედელზე იყო განთავსებული, სარეგისტრაციო ჟურნალში კი მისი მონაცემები არ იძებნებოდა.

ენმ-ის კიდევ ერთი საჩივრის მიხედვით, #13-ე საარჩევნო უბანთან „ოცნების“ სააგიტაციო მასალაა გამოკრული ისეთ ადგილზე, რომლის გავლის გარეშეც ამომრჩეველი უბანზე ვერ მოხვდება.

საჩივრები ჯერ განხილვის პროცესშია.

რუსი პოლიტიკოსი, კარასინი „ქართველების თავმოყვარეობას“ ევროკავშირის ელჩისგან იცავს

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი ეხმიანება საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ თუ ქართველი ხალხი აირჩევს ცხოვრებას ერთპარტიულ ქვეყანაში, ის EU-ის წევრი ვერც 2030 წელს გახდება.

„ვიღაც ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ეროვნებით პოლონელი, თბილისში გააფთრდა. მან გამაოცა თავისი უხეშობით და პირდაპირობით“, – წერს კარასინი თავის ინსტაგრამ არხზე.

„შეგახსენებთ, რომ ეს ითქვა საქართველოს პარლამენტის არჩევნების ზუსტად წინ, ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური ბრძოლის ატმოსფეროში. იმის თქმა, რომ ეს დიპლომატიური ეთიკის დარღვევაა, არაფერია! რეალურად ხდება დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეების პირდაპირი შანტაჟი და დაშინება. მსგავსი რამის მოთმენა სერიოზული გამოცდაა ქართული თავმოყვარეობისთვის“, – წერს კარასინი.

რუსული პროპაგანდისტული მედიის საინფორმაციო ბადეში მნიშვნელოვანი სივრცე ეთმობა საქართველოში წინასაარჩევნოდ მიმდინარე მოვლენების განხილვასა და პროპაგანდისტული მესიჯების გაჟღერებას რუსი ოფიციალური პირებისა თუ კრემლის პროპაგანდისტების საშუალებით.

„საქართველოს ხელისუფლების მოქმედებების, გადაწყვეტილებებისა და განცხადებების შედეგია, რომ ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერებმა გადაწყვიტეს, შეეჩერებინათ საქართველოს გაწევრიანების პროცესი. ასე რომ, პრობლემა არ არის ბრიუსელში, ვაშინგტონში ან კიევში. პრობლემაც და მისი გადაწყვეტაც არის აქ, საქართველოში“, – განაცხადა დღეს, 18 ოქტომბერს პაველ ჰერჩინსკიმ.

მან ასევე გაიხსენა, რომ ევროკომისიის გაფართოების პირველი ანგარიშით საქართველოს წინაშე წაყენებული ერთ-ერთი საკვანძო მოთხოვნა ანტიდასავლური და ანტიევროკავშირის დეზინფორმაციული პროპაგანდის შეწყვეტა იყო, რომელიც შეჩერების ნაცვლად გაფართოვდა.

დღეს, 18 ოქტომბერს, ევროპული საბჭოს 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების კომენტირებისას თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირი საბჭოთა კავშირს შეადარა. მან თქვა, „ბატონყმობაში ვიყავით საბჭოთა კავშირის პერიოდშიც და არ გვჭირდება ისეთი კავშირები, სადაც იგივე დამოკიდებულება იქნება“.

ევროპული საბჭოს სხდომა, იგივე ევროკავშირის ლიდერების სამიტი მინიმუმ წელიწადში ოთხჯერ იკრიბება. 17 ოქტომბრის სხდომაზე ევროპულმა საბჭომ იმსჯელა საქართველოს შესახებაც და დაასკვნა, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს. ევროკავშირი მოელის, რომ საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი.


ამავე თემაზე:

ლავროვს იმედი აქვს, რომ „ქართველი მეზობლები“ 3+3 პლატფორმაში ჩაერთვებიან

 

რუსეთი ომში ჩართავს 11 ათას ჩრდილოეთ კორეელ ჯარისკაცს – უკრაინის დაზვერვა

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა დაადასტურა, რომ დაახლოებით 11 ათასი ჩრდილოეთ კორეელი ქვეითი ჯარისკაცი ამჟამად წვრთნას გადის აღმოსავლეთ რუსეთში და ისინი მზად იქნებიან, ჩაერთონ უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში პირველ ნოემბერს.

ბუდანოვის თქმით, პირველი დანაყოფს, 2600 ჯარისკაცს  კურსკის რეგიონში გააგზავნიან. ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების გადაადგილების შემდგომი გეგმების შესახებ.

„ამჟამად სრული სურათი არ გვაქვს“, – თქვა ბუდანოვმა.

სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრომ 8 ოქტომბერს განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა, სავარაუდოდ, რუსეთის მხარდასაჭერად უკრაინაში გაგზავნის თავის რეგულარულ შეიარაღებულ ძალებს.

12 ოქტომბერს ომის კვლევის ამერიკულმა ინსტიტუტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამდენიმე ათასი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი გადიოდა წვრთნას რუსეთის ფედერაციაში უკრაინაში გადასაყვანად.

14 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა ჩრდილოეთ კორეის ომში ფაქტობრივად ჩართვის შესახებ, რამდენიმე დღის შემდეგ კი განაცხადა, რომ რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩრდილოეთ კორეიდან დაახლოებით 10 ათასი ჯარისკაცის მოზიდვას აპირებს.

____________

ფოტოზე: კირილო ბუდანოვი

ამავე თემაზე: 

რუსეთში ჩრდილოეთ კორეელებისგან ბატალიონი შექმნეს, 18 ჯარისკაცი უკვე გაიქცა – მედია

ლავროვს იმედი აქვს, რომ „ქართველი მეზობლები“ 3+3 პლატფორმაში ჩაერთვებიან

რეგიონული თანამშრომლობის „3+3 ფორმატად“ ჩაფიქრებულ პლატფორმაში (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო – რუსეთი, ირანი, თურქეთი) საქართველოს მონაწილეობისთვის კარი ყოველთვის ღიაა. ეს დღეს, 18 ოქტომბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სტამბოლში გამართული ამ ფორმატის შეხვედრის შეჯამებისას განაცხადა.

„ჩვენ ამას ყოველთვის ვაკეთებთ, როდესაც ვიკრიბებით ამ ფორმატში. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ამ პლატფორმის კარი ყოველთვის ღია რჩება საქართველოსთვის და ვიმედოვნებთ, რომ დროთა განმავლობაში ქართველი მეზობლები შეძლებენ მის [პლატფორმის] მუშაობას შეუერთდნენ“, – ციტირებს რუსული პროპაგანდისტული მედია ტასსი ლავროვს.

„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ეს დროთა განმავლობაში მოხდება“, – წერს ტასსი.

სამხრეთ კავკასიის შესახებ რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის, „3+3-ის“ მესამე შეხვედრა დღეს, 18 ოქტომბერს, სტამბოლში ჩატარდა. საქართველომ ამ შეხვედრაში მონაწილეობა არც ამჯერად მიიღო.

ტასსის ცნობით, ლავროვმა 3+3 შეხვედრაზე ასევე თქვა, რომ კოლექტიური დასავლეთის ქვეყნებს „ცეცხლის დანთება“ და სიტუაციის დესტაბილიზაცია უნდათ აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის, რითაც რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას ცდილობენ.

„საქართველოს რომ დავუბრუნდეთ, ერთ-ერთი ძალიან სერიოზული პრობლემაა დასავლეთის ცნობილი მცდელობები, გახსნას მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ, იგულისხმება [მცდელობა] ხელახლა დაანთოს ცეცხლი და მოახდინოს სიტუაციის დესტაბილიზაცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და კიდევ ერთხელ გაახუროს ურთიერთობა საქართველოსა და ამ ორ სუვერენულ სახელმწიფოს შორის“, – თქვა ლავროვმა.

რუსი მინისტრის ამ პროპაგანდისტულ გზავნილს „მეორე ფრონტის გახსნის იძულებაზე“ აქტიურად იყენებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაც.

„3+3-ის“ რეგიონული თანამშრომლობის ფორმატის იდეა ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ გაჩნდა. ის გულისხმობს სამი კავკასიური ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის და სამი რეგიონული მოთამაშის, რუსეთის ფედერაციის, თურქეთისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობასა და ურთიერთობების გაღრმავებას.

ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა 2021 წელს გაიმართა მოსკოვში, თუმცა მას საქართველო არ დაესწრო. ოფიციალური თბილისის პოზიციაა, რომ საქართველო ვერ ჩაერთვება იმ ფორმატში, სადაც რუსეთის ფედერაცია მონაწილეობს – მხარე, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მოსკოვი თბილისთან კონტაქტებს ინარჩუნებს [საქართველოში] შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების განყოფილების მეშვეობით.

„ჩვენ გვაქვს კონტაქტები თბილისთან, გვაქვს ინტერესების განყოფილება შვეიცარიის საელჩოში [საქართველოში]. იქ ჩვენი დიპლომატები მუშაობენ, რომლებსაც, საჭიროებისამებრ, აქვთ შესაძლებლობა განიხილონ აქტუალური საკითხები, უპირველეს ყოვლისა, ვაჭრობის, ტურიზმის სფეროში“, – ციტირებს ტასსი ლავროვს.

რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაშავებული ჟურნალისტების სარჩელი სასამართლომ მიიღო

თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო 2023 წელს „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართული აქციების გაშუქებისას დაზარალებული 18 ჟურნალისტისა და ოპერატორის სარჩელი. საქმეს სასამართლოში “მედიაომბუდსმენი” უძღვება.

„მედიაომბუდსმენის“ დახმარებით, მოსარჩელეები ითხოვენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს აუნაზღაუროს მიყენებული მორალური ზიანი.

„აქციების გადაღების დროს ჟურნალისტები და ოპერატორები ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის სამიზნე გახდნენ. სამართალდამცავთა მხრიდან ზეწოლა და აგრესია, მათ შორის, წიწაკის სპრეისა და წყლის ჭავლის გამოყენება, მკაფიოდ მიუთითებს იმ სისტემურ პრობლემებზე, რომლებიც ჟურნალისტური საქმიანობის ნაწილია საქართველოში.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო დაუყოვნებლივ გამოძიება, თუმცა დამნაშავე პირები ამ დრომდე არ გამოვლენილან და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი ბუნდოვანია,“- ნათქვამია „მედიაომბუდსმენის“ განცხადებაში.

„მედიაომბუდსმენის“ ცნობით, ეს სასარჩელო დავა სიტყვის თავისუფლების დაცვის და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლების შენარჩუნების კიდევ ერთი სამართლებრივი მცდელობაა.

„შესაბამისად, სარჩელის დროულად განხილვა და მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების დაცვისა და ჟურნალისტური თავისუფლების უზრუნველყოფის კონტექსტში განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს,“ – ნათქვამია განცხადებაში.

რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე დაშავებული ჟურნალისტების სარჩელი სასამართლომ მიიღო

მთავარი ფოტო:  2023 წელს რუსული კანონის აქციების დარბევის შესახებ მომზადებული “მედიაომბუდსმენის” ანგარიშიდან

იძულებული ვარ, დამეწყრილ სახლში დავბრუნდე – მოქალაქე ქედის მერიას კომპენსაციას სთხოვს

სოფელ კოკოტაურში მცხოვრები გურამ ანანიძე ქედის მერიას კუთვნილ კომპენსაციას სთხოვს.

გურამ ანანიძის სახლი გასული წლის მარტში დაიმეწყრა.

ფერდი, რომელზეც გურამ ანანიძის სახლი მდებარეობს, მეწყრულია. დაბზარულია სახლის საძირკველი ოთხივე მხარეს. 2023 წელს მომხდარი ფაქტის შემდეგ ქედის მერიამ ანანიძეების 9-სულიანი ოჯახი ქირით გაიყვანა.

„2023 წლის 6 მარტს მომიწია გამოსახლება ჩემი სახლიდან, მეწყრის გამო. ხელვაჩაურში მაქვს კერძო სახლის მეორე სართული ნაქირავები. 9 სული ვართ ოჯახში და დიდი ფართი გვჭირდება. აქამდე ვიხდიდი 700 ლარს თვეში. ამ თანხიდან ნახევარს, 350 ლარს ქედის მერია მიფარავდა. ახლა იცით, ყველაფერი გაძვირდა და მეპატრონემაც ქირა გააძვირა 1000 ლარამდე, რისი გადახდის საშუალებაც მე ფიზიკურად არ მაქვს.

ქირით დახმარებას აზრი აღარ აქვს. ისედაც ძალიან მიჭირს იმ ნახევრის გადახდა. ამხელა ოჯახია, ცალკე ბანკი. თან ოჯახს მივხედო, თან ქირა ვიხადო – ვეღარ ვახერხებ. იძულებული ვარ დავბრუნდე სოფელში.

ქედის მერიიდან ვითხოვ, რა კომპენსაციაცაა ჩემზე გათვალისწინებული, ეგ კომპენსაცია მომცენ დროზე და მე მივხედავ ჩემს თავს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გურამ ანანიძემ.

მისი თქმით, ოჯახი აპირებს კიდევ ერთხელ მიმართოს მერიას და მოითხოვოს კუთვნილი კომპენსაცია, რათა ამ თანხით რამე იყიდოს.

„სახლის საძირკველი დაბზარულია. მიწა დახეთქილია. ქედის მერიიდან მეკუთვნის კომპენსაცია, კანონით გათვალისწინებულია 50 ათასი ლარი. ვითხოვ იმას, რაც მეკუთვნის კანონით. თუ არ მომაქცევენ ყურადღებას, იძულებული ვარ დავბრუნდე ჩემს საცხოვრებელში,“ – გვითხრა გურამ ანანიძემ.

„ბათუმელები“ კომენტარისთვის დაუკავშირდა ქედის მერიის პრესსამსახურს.

„ქირით გაყვანილია უსაფრთხოებიდან გამომდინარე. აღნიშნულ საკითხს განიხილავს კომისია,“ – მოგვწერა ქედის მერიის პრესსამსახურმა.

ქედის მერიაში არ უპასუხეს კითხვებს, როდის მიიღებს მეწყრით დაზარალებული მოქალაქე კუთვნილ კომპენსაციას და რა ოდენობით.

_______________

ფოტოზე: გურამ ანანიძის დამეწყრილი სახლი

თურქეთში ტურისტული ავტობუსი გადაბრუნდა – დაიღუპა 6 ადამიანი

თურქეთში, აქსარაი-ანკარას გზატკეცილზე ტურისტული ავტობუსი გადაბრუნდა, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა.

თურქული სამთავრობო ახალი ამბების სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, ტურისტული ავტობუსი კაპადოკიისკენ მიემართებოდა.

გამოცემის ცნობით, დაღუპულები თურქეთის მოქალაქეები არიან. დაიწყო გამოძიება, დაკავებულია ავტობუსის მძღოლი.

__________

ფოტო: სააგენტო „ანადოლუ“

 

„დინამო ბათუმის“ ახალი მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი იქნება

„დინამო ბათუმს“ გიორგი ჭიაბრიშვილი გაწვრთნის. კლუბმა ახალი მთავარი მწვრთნელი გულშემატკივრებსა და მედიას დღეს, 18 ოქტომბერს წარუდგინა.

ჭიაბრიშვილს აქამდეც არაერთ ქართულ კლუბში უმუშავია და ეროვნულ დონეზე ერთ-ერთი გამორჩეულია თავისი მიღწევებით. ის სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი სამ სხვადასხვა კლუბთან ერთად: 2012 წელს ზესტაფონის „ზესტაფონი“ გახადა ჩემპიონი, 2018 წელს თბილისის „იბერია“ (მაშინდელი საბურთალო), ხოლო 2022 წელს თბილისის დინამო. 2019 წელს ასევე „იბერიასთან“ ერთად გახდა საქართველოს დავით ყიფიანის თასის გამარჯვებული

გიორგი ჭიაბრიშვილი ორჯერ დასახელდა საქართველოს ეროვნული ლიგის წლის მწვრთნელად: 2018 და 2020 წლებში.

„დინამო ბათუმს“ ჭიაბრიშვილამდე უკრაინელი ოლეგ დემჩენკო წვრთნიდა, რომლის ხელმძღვანელობითაც „დინამომ“ ეროვნულ ლიგაში, გასულ სეზონზე, ჩემპიონობა იზეიმა. თუმცა, მიმდინარე სეზონში არადამაკმაყოფილებელი სპორტული შედეგების გამო დაითხოვეს.

მიმდინარე სეზონში, 28 ტურის შემდეგ, „დინამო ბათუმი“ მეოთხე ადგილზეა 42 ქულით და მე-3 ადგილზე მყოფ „იბერიას“ ჩამორჩება 13 ქულით. ასევე, უკვე გამოეთიშა საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშებას.

ეს სტატისტიკა ცხადყოფს, რომ „დინამო ბათუმი“ აბსოლუტურად წარუმატებელ სეზონს ატარებს და მხოლოდ მათემატიკური, თეორიული შანსი არსებობს იმისა, რომ კლუბმა ეროვნულ ჩემპიონატში მე-3 ადგილი და, შესაბამისად, ევროტურნირების შესარჩევში მონაწილეობის უფლება მოიპოვოს.

წვიმა, ქარი და შტორმი – შაბათ-კვირის ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 ოქტომბრის 21 საათიდან 19 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, მაღალ მთაში – თოვა, დროგამოშვებით – ზოგან ძლიერი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან 17-22 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 12 – 17 გრადუსი
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა +21 გრადუსია, მოსალოდნელია შტორმული ღელვა 4-5 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, 20-21 ოქტომბერს მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში – თოვა.

ბათუმის გარეუბნებსა და ახლო სოფლებში წყალი საღამომდე შეწყდა

დღეს, 18 ოქტომბერს, ბათუმში წყალმომარაგება შეეზღუდათ ბენზესა და ბარცხანაში, ასევე, სოფელ წინსვლაში, ორთაბათუმსა და ხელვაჩაურში მცხოვრებ აბონენტებს.

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყალმომარაგება 21:00 საათზე აღდგება.

წყლის შეწყვეტის მიზეზი სათავიდან წყალმომარაგების შეზღუდვაა.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 18 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 675 800 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 530]
  • ტანკი – 9 027 ერთეული [+13]
  • ჯავშანტექნიკა – 18 053 ერთეული [+51]
  • საარტილერიო სისტემა – 19 533 ერთეული [+23]
  • MLRS – 1 232 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 978 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 17 152 ერთეული [+48]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 620 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 26 908 ერთეული [+93]
  • სპეცტექნიკა – 3 448 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 17 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 646 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 33 747 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 582 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 18 634 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 472 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 16 304 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 27 313 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთში ჩრდილოეთ კორეელებისგან ბატალიონი შექმნეს, 18 ჯარისკაცი უკვე გაიქცა – მედია

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ხარაგაულის მერმა ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა და საქმიანობაში ხელი შეუშალა

„წაბრძანდით, ნაციონალების შეხვედრაზე დადექით… თქვენ ხართ ჩვეულებრივი მიყიდული, გაყიდული…,“ – ასე მიმართა ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა დამოუკიდებელი მედია ორგანიზაცია „ჩემი ხარაგაულის“ დამფუძნებელს ლაურა გოგოლაძეს.

შემთხვევა გუშინ, 16 ოქტომბერს, ხარაგაულში მოხდა.

„ქართულ ოცნებას“ ხარაგაულის ცენტრში ამომრჩეველთან შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი, რომელზე დასწრების უფლებაც ჟურნალისტებს არ მისცეს.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სახელისუფლებო პარტია ამომრჩეველთან შეხვედრებს ფარულად მართავს და ცდილობს შეზღუდოს მასზე მედიის დასწრება.

კობა ლურსმანაშვილი გარდა იმისა, რომ ხარაგაულის მერია, „ქართული ოცნების“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტსაც იკავებს.

ლურსმანაშვილმა ჟურნალისტებს საჯარო შეხვედრაზე დასწრების უფლება არ მისცა, ამასთან „ჩემი ხარაგაულის“ დამფუძნებელსა და მთავარ რედაქტორს დეკლარაციის შევსება და ფინანსების გამჭვირვალობა მოთხოვა.

ლაურა გოგოლაძემ, მერს შეახსენა, რომ მედია ორგანიზაციის ფინანსები გამჭვირვალეა, ყველა სახელმწიფო უწყება, რომელსაც კონტროლი ევალება, დოკუმენტაციაზე ხელი მიუწვდება.

„ჩვენ ამომრჩეველს ველაპარაკებით, რა გინდათ თქვენ?“ – ხარაგაულის მერს მიეხმარა მერის მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი. მედიას მუშაობაში ხელი ვარლამ ჭიპაშვილმაც შეუშალა.

„ერთია, რომ ჟურნალისტურ საქმიანობაში შეგვიშალა ხელი, მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ არ მოგვეცა შეხვედრაზე დასწრების საშუალება. ჩვენ ვერ ვუსმენთ რა დაპირებებს აძლევენ მოქალაქეებს სახელისუფლებო პარტიიდან, არ ვიცით დარბაზიდან   შეკითხვები იყო თუ არა, ვერ ვგებულობთ რა საკითხები აწუხებთ მმართველი პარტიის შეხვედრაზე მისულ ამომრჩევლებს. მოქალაქეების, ადამიანების ხმა აღარ ისმის საერთოდ. აღარ გვესმის მმართველი პარტიის წარმომადგენლები რას ეუბნებიან ხალხს. შეხვედრების შემდეგ აქვეყნებენ მხოლოდ ფოტოებს. მაკონტროლებელი მედიის არსებობა უქმნით დისკომფორტს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მედიაგამოცემა „ჩემი ხარაგაულის“  დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა ლაურა გოგოლაძემ.

ლაურა გოგოლაძის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მმართველი პარტიის წარმომადგენლები არ აძლევენ მედიას საშუალებას დაესწროს და გააშუქოს საჯარო შეხვედრები.

ზარი დარეკილი არ იყო, მოსწავლე კლასში მეძახდა დავიწყოთ გაკვეთილიო – პედაგოგი 1 მოსწავლით

საბა მელისკაური თიანეთში, დაბა სიონის საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. 29 წლის პედაგოგი „მასწავლებლის ეროვნულ დღეზე დააჯილდოვეს პრემიით – „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“. ამ ნაწარმოების ბავშვებისთვის განსაკუთრებულად შესწავლის გამო.

როგორია საბა მელისკაურის „ვეფხისტყაოსანი“ და როგორ შეაყვარა ის, თავის ერთადერთ მოსწავლეს – „ბათუმელები“ ამ თემაზე ესაუბრა პედაგოგს.

  • საბა, მოგვიყევით თქვენს შესახებ, როგორ გახდით მასწავლებელი და რატომ?

განათლებით ფილოსოფოსი ვარ, თუმცა მაქვს მეორე პროფესიაც, კლასიკური ფილოლოგია. ჩემს თავს უფრო ფილოლოგად განვიხილავ, თუმცა მასწავლებლობაზე არ მიფიქრია აქამდე.

ზოგადად, ქართველებს გვიყვარს სხვებისთვის სწავლება, ცოდნის გაზიარება და ალბათ რაღაც შინაგანი სურვილი ჩემშიც იყო. მეც სიონიდან ვარ და როცა უნივერსიტეტი დავამთავრე, სოფელში დავბრუნდი, ოჯახი შევქმენი და დავფიქრდი რა შეიძლება გამეკეთებინა სოფელში და ამიტომ დავიწყე მასწავლებლობა.

  • როგორც ვიცი, კლასში ერთი მოსწავლე გყავთ, ვისაც „ვეფხისტყაოსანს“ ასწავლით. სად წავიდნენ სხვები?

მე სამი წელია, რაც ამ სკოლაში ვასწავლი. როცა მივედი, მეცხრე კლასში ორი მოსწავლე იყო, ერთი გავიდა სკოლიდან და მეათეში ერთი მოსწავლე შემომრჩა, ვისაც „ვეფხისტყაოსანს“ ვასწავლი. ახლა მე-11 კლასშია უკვე ეს მოსწავლე და ისევ მარტოა.

თუმცა ლიტერატურის გარდა სხვა საგნებსაც ვასწავლი – ხელოვნებას, სამოქალაქო განათლებას.

ზოგადად, მაღალია მიგრაცია, იცლება სოფლები. ჩვენს სკოლაში 83 მოსწავლეა შემორჩენილი, მეზობელ სოფლებში უარესი მდგომარეობაა.

  • როგორია ერთი ბავშვის მასწავლებლობა, როგორ მუშაობთ კლასში?

როცა ისეთი მოსწავლე გყავს, როგორიც მე შემხვდა, მაშინ სწავლება მარტივია.

არის მოსაზრება, რომ მასწავლებელმა ყველანაირ სიტუაციაში უნდა შეძლოს სწავლება, მისცეს მოტივაცია მოსწავლეს, დაანახოს, უბიძგოს შემეცნებისკენ, მაგრამ მე არ დავაყენებდი საკითხს ასე, რომ მასწავლებელი ყოვლისშემძლეა, არ მგონია ასე. აუცილებელია მეორე მხრიდან იყოს რაღაც პასუხი. ამ პასუხს კი ან მიიღებ ან არა.

ჩემ შემთხვევაში ისე მოხდა, რომ მივიღე პასუხი, ბავშვს მოეწონა ის, რაზეც ვსაუბრობდით.

  • როგორი იყო ბავშვის პასუხი თქვენ შემთხვევაში, რამ დააინტერესა?

მეათეში, როცა ჰაგიოგრაფიას გავდიოდით, მაშინ გამოიჩინა ჩემმა მოსწავლემ ლიტერატურის მიმართ ინტერესი. რამდენიმე კვირაში შევატყვე, რომ ერთი სული ჰქონდა დაგვეწყო გაკვეთილი. ზარი დარეკილი არ იყო, კლასში მეპატიჟებოდა, დავიწყოთ გაკვეთილიო.

ასეთი ინტერესი როცა დავინახე ბავშვში, მეც უფრო მეტი მოტივაცია მომეცა.

  • მასწავლებლებისგან ხშირად მესმის, ძალიან რთული, რომ დღეს ბავშვი დააინტერესოო – მასწავლებელმა კონკურენცია უნდა გაუწიოს ტელეფონს და ახლა უკვე ხელოვნურ ინტელექტსაც. რამ იმუშავა თქვენ შემთხვევაში?

ზოგადად, ჩემი პედაგოგიური შეხედულებაა, რომ ბავშვს დავანახო ჰუმანიტარული განათლების მნიშვნელობა. როცა კლასში შევედი, მთავარი პრობლემა რაც დავინახე იყო ის, რომ ბავშვებს არ ჰქონდათ გააზრებული, რატომ უნდა ესწავლათ მაგალითად პოეზია.

თუ ბავშვს ჰკითხავთ, რატომ უნდა ისწავლოს ტექნიკური მეცნიერება, რაში სჭირდებათ ქიმია, ფიზიკა, შეიძლება მარტივად გიპასუხოს, მაგრამ როცა საქმე მიდგება პოეზიაზე, ლიტერატურაზე, პასუხი იყო, რომ ვერ ხვდებოდნენ რა მოტივაცია შეიძლება ჰქონოდათ პოეზიის შესასწავლად.

თანამედროვე ბავშვი ცოტა მატერიალისტურად უყურებს სწავლას, მატერიაში უნდა გადმოითარგმნოს სარგებელი, ხილვადი სახე უნდა ჰქონდეს, უნდა შეეხოს. ამიტომ არის საჭირო დაუსაბუთო ბავშვს, ლიტერატურის, პოეზიის მნიშვნელობა.

  • როგორ დაუსაბუთეთ?

ვესაუბრებოდი იმაზე, რომ ადამიანი არ არის მხოლოდ ფიზიკური სხეული, რომ ის მარადიული არსებაა და რომ ამ მარადიულ არსებას ეხმარება ჰუმანიტარული განათლება მისი პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებაში, სინდისის ჩამოყალიბებაში, სამყაროზე თავისი შეხედულებების ჩამოყალიბებაში – როცა ხარ ადამიანი, ვალდებული ხარ, ღირსეულად იცხოვრო.

არ აქვს მნიშვნელობა რაიმე პროფესიას აირჩევ თუ არა, ეს ცოდნა ყველა შემთხვევაში საჭიროა.

მთავარი, რითაც გავიყოლე ჩემი მოსწავლე, არის ის, რომ ტექსტი, რომელსაც ვსწავლობთ, არ არის მხოლოდ ისტორიის საკუთრება, დროის რაღაც მონაკვეთში დაწერილი. ეს ტექსტები არის მარადიულად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ გახდე უკეთესი. მე ვფიქრობ, მოვახერხე ამის დაჯერება.

  • როგორ უნდა გავხადოთ საზოგადოება „ვეფხისტყაოსნით“ უკეთესი. მინიმუმ რა უნდა იცოდნენ ბავშვებმა?

როცა „ვეფხისტყაოსანზე“ ვსაუბრობთ, ბავშვებს არ უნდა ვასწავლოთ ეს ტექსტი „აქედან აქამდე“. რაღაცნაირად უნდა ვუბიძგოთ, რომ დაინახოს რა მსგავსებას ხედავენ ამა თუ იმ პერსონაჟთან.

მაგალითად, ტარიელი ავიღოთ. ვეკითხები ბავშვს, ხომ არ განუცდია მასაც რაიმე მსგავსი, ხომ არ ჩავარდნილა ისეთ სიტუაციაში, როგორშიც ტარიელი იყო? მაგალითად, ხომ არ დაუშვია რაიმე ისეთი შეცდომა, რასაც მტკივნეულად განიცდიდა, ან ხომ არ დახმარებია ვინმე შეცდომის გამოსწორებაში?

უნდა დაინახოს ბავშვმა, რომ პერსონაჟების ამბავი და მთლიანად ნაწარმოები, იქნება ეს  „ვეფხისტყაოსანი“ თუ სხვა, სინამდვილეში ეხება მის ყოველდღიურობას, მის შინაგან სამყაროს, მის ფსიქიკას, ფსიქოლოგიას და მასში მიმდინარე პროცესებს.

ყველაზე მთავარი, რითაც მე დავაინტერესე, იყო ზუსტად ეს. კითხვა – რა მელოდება წინ?

არ გაინტერესებს ცხოვრება როგორ არის მოწყობილი. რა წინააღმდეგობები გელის და როგორ შეიძლება გაუმკლავდე ამ ყველაფერს.

შეიძლება შორს წაგვიყვანოს ამ თემამ, მაგრამ „ვეფხისტყაოსნის“ სწავლისას პარალელს ვავლებდით იმ განსხვავებულ სამყაროებს შორის, როგორიცაა ინდოეთი და არაბეთი.

ინდოეთი, სადაც ყველა პერსონაჟი ადამიანურია და არაბეთი, სადაც უფრო ღვთაებრივი პერსონაჟები არიან. მწერლის ინტერესი კი უფრო იმ სამყაროსკენ მიემართება, სადაც მეტი ნაკლოვანებაა. ის უფრო საინტერესოა რუსთაველისთვის.

რა გელის წინ და და გელის ის, რომ ადამიანი განწირულია შეცდომისთვის. რაც არ უნდა ეცადო, შეცდომა მაინც დაგემართება და ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ წინასწარ არ დაფიქრდი, არ იმუშავე და ეს ლიტერატურული ტექსტიც იმიტომ გვჭირდება, რომ რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა დავუშვათ ცხოვრებაში.

ამავდროულად, თუ აღმოვჩნდებით მსგავს ვითარებაში, გვქონდეს მზაობა ღირსეულად ავიტანოთ ეს.

  • თუ არის რამე ისეთი, რასაც სტერეოტიპულად ასწავლიდნენ მაგალითად თქვენ დროს სკოლაში, თქვენ კი შეცვალეთ მიდგომები. რა წაიკითხეთ თქვენი მასწავლებლებისგან განსხვავებულად?

„ვეფხისტყაოსანი“ სკოლაში გაუსაძლისი იყო ჩემთვის, არანაირი ინტერესი არ მქონდა.

მე-12 კლასში როცა ვიყავი, სკოლა შევიცვალე და ახალმა მასწავლებელმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. „ვეფხისტყაოსანზე“ არ გვისაუბრია დიდი ხანი, თუმცა მიმართულება მომცა და ეს ძალიან გამომადგა.

მოგვიანებით, როცა კლასიკურ ფილოლოგიაზე ჩავაბარე, მაშინ გამიჩნდა სურვილი მივტრიალებოდი ამ ტექსტს. გაგონილი მქონდა, რომ რუსთაველი განიცდის ანტიკური და ქრისტიანული კულტურის გავლენას და მომინდა ამ ტექსტის ხელახალი გააზრება. როცა მქონდა გარკვეული საფუძველი ანტიკური სამყაროს შესახებ, მერე გახდა ჩემთვის უფრო საგრძნობი და მნიშვნელოვანი „ვეფხისტყაოსანიც“ და რაღაც საოცრება იყო, ჩემი ემოციები მაშინ.

  • თავიდანვე რატომ ვერ მოახერხა მასწავლებელმა ამ ინტერესის გაჩენა თქვენში, რაში იყო პრობლემა?

ვფიქრობ, ეს ერთი მასწავლებლის პრობლემა არ არის, სისტემაა ისეთი, რომ თითქოს გეუბნება ჯერ ადრეა ეს შენთვის. როცა შეგხვდება აფორიზმი – „ჰე, ღმერთო ერთო, შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა“, სისტემა მეუბნება, რომ პლატონზე არ უნდა გაამახვილოს ბავშვმა ყურადღება, რადგან როგორც ვიცით, პლატონის გავლენით არის ეს ფრაზები დაწერილი.

სისტემა ფიქრობს, რომ ბავშვი დაიტვირთება, თუ პლატონს უხსენებ და ორიოდე სიტყვას ეტყვი. მე კი ვფიქრობ, რომ ზედმეტი ტვირთი კი არ არის, აი ამას რომ გამოაკლებ, მერე ხდება ეს გაუსაძლისი.

მაშინ უნდა ამოიღო ეს ტექსტი საერთოდ პროგრამიდან, მაგრამ ჩემმა პრაქტიკამაც მაჩვენა, რომ არ არის ადრე ამის სწავლება სკოლაში.

საერთოდ, მე, პირადად, ურბანულ გარემოში უფრო მიჭირს ფიქრი, სოფლად უფრო მიადვილდება სიღრმეებში ჩასვლა.

სიმართლე გითხრათ, იმაზეც დავფიქრდი, რატომ გამომარჩიეს, როცა პრიზი გადმომცეს, რადგან მეხუთე წელია, რაც სკოლაში ვასწავლი და ერთი წამით არ მგონია, რომ ჩემი პრაქტიკა ისეთია ყველა სკოლაში რომ იმუშავებს.

ხვალ, ქალაქის სკოლაში რომ შემიყვანო, არ ვიცი, რას ვიზამ 30 ბავშვთან, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ სოფელში, გარემო რაღაცნაირად მიწყობს ხელს, რომ უფრო სიღრმისეულად ვიფიქრო და ამოვერთო ყოველდღიურობას.

  • ბევრ სადისკუსიო თემას გვაძლევს „ვეფხისტყაოსანი“, ბევრ სტერეოტიპს ანგრევს. თუნდაც იმას, რომ მასკულინური კაციც შეიძლება ტიროდეს. როგორ ფიქრობთ, „ვეფხისტყაოსანზე“ გაზრდილი ხალხი, რატომ ვასწავლით ბიჭებს, რომ ტირილი არაკაცურია, რომ ტირილი სილაჩრეა, რატომ არ ვაძლევთ ბიჭებს ემოციების გამოხატვის საშუალებას?

დიახ, ბავშვებსაც აქვთ ხოლმე რეაქცია პერსონაჟების ტირილზე. „აუ, დაიწყო ტირილი“, ასეთი კომენტარებიც აქვთ ხოლმე, მაგრამ, რა თქმა უნდა, ტირილი არ არის სისუსტის ნიშანი. ეს ადამიანის შინაგანი ბრძოლებია.

ტარიელიც ტირის, როცა უდანაშაულო ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს. ისიც განიცდის შინაგან ბრძოლას. ადამიანი ტირის, როცა სასოწარკვეთილია და ასეთ მდგომარეობაში, ხან სიკეთე გაკრთება სულში და ხან ბოროტება. შეცდომის შედეგად გამოწვეული შინაგანი ბრძოლის სიმბოლოა ტარიელის ტირილიც. როცა ასე ვესაუბრები ბავშვებს, მათთვისაც გასაგები ხდება.

  • მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობის გარდა, კიდევ რა არის საჭირო გაკვეთილზე ბავშვისთვის. რა აკლიათ ბავშვებს სოფლის სკოლაში?

ვფიქრობ, ტექნიკური მეცნიერებებისთვის უფრო გადამწყვეტია თვალსაჩინოება. ლიტერატურის სწავლებისას აქამდე არ მიგრძნია ისეთი მომენტი, რომ რაღაც რესურსის არქონის გამო, გაკვეთილი არ გამოვიდა. შეიძლება ჩემი ბრალია, რომ ამაზე არ დავფიქრდი აქამდე, მაგრამ ჩემ საგანში რესურსების ნაკლებობა ხელს არ მიშლის.

  • რუსთაველი ამბობს, „ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“. საბოლოოდ, ლიტერატურა იქნება ეს თუ ისტორია, გვჭირდება როგორც პიროვნული ღირებულებებისთვის, ასევე ჩვენი ცივილიზაციური არჩევანისთვისაც. დღეს მაგალითად, საზოგადოება ჩააყენეს გარემოში, სადაც მოყვარე მტრად გამოგვიცხადეს და მტერი მოყვრად. თქვენ როგორ ფიქრობთ, რომელია ჩვენი ღირებულებითი არჩევანი – ევროპა თუ რუსეთი?

ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი არც არასდროს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან რომელი ქვეყნიდან ხარ, რა ქვეყანაა ეს, ამას გვაჩვენებს სწორედ ლიტერატურა.

შენი კულტურა და ლიტერატურა დაგანახებს, რომელი ცივილიზაციის შვილი ხარ და, ცხადია, ეს არის ევროპული ცივილიზაცია.

კრიზისები, რომელიც პერიოდულად ჩვენ საზოგადოებაში ჩნდება, პირდაპირ კავშირშია განათლებასა და იმ ყველაფერთან, რაზეც ვსაუბრობთ ახლა. განათლებაა პროგრესთან კავშირში და ლიტერატურაც არის ჩვენი შინაგანი განვითარების საშუალება.

როცა სწორი ორიენტირი ექნება თაობებს, ევროპის მნიშვნელობასაც სწორად გაიაზრებენ და სხვა ბევრ საკითხსაც.

მით უმეტეს დღეს, როცა ტექნოკრატიაა  გამეფებული, გარდამტეხი მნიშვნელობა აქვს ჰუმანიტარული განათლების წინ წამოწევას – ჰუმანიტარული განათლების ნაკლებობა იწვევს ყოველთვის კრიზისს ჩვენს ქვეყანაშიც და სხვაგანაც.

სინდისი და ღირსება – ეს არის მნიშვნელოვანი ყველა სფეროში, პოლიტიკაშიც და ყველა სფეროშიც. აი ამაზე უნდა გვქონდეს ნაფიქრი.

არჩევნებზე ხმის მისაცემად ოჯახთან ერთად მივდივარ – ბათუმელი სტუდენტი

22 წლის ანა ვარდმანიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურის პირველ კურსზე სწავლობს. იგი ამბობს, რომ მოახლოებული არჩევნები მისთვის და მისი თანატოლებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. ანა აქტიურად მონაწილეობდა რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე და როგორც თავად ამბობს, კარგად იცის, რა ძალა აქვს ახალგაზრდების გაერთიანებას.

ანა არჩევნებზე ოჯახის წევრებთან ერთად მიდის და ცდილობს დაარწმუნოს ყველა მის გარშემო, რომ არჩევნებზე წასვლით გადაწყდება, ქვეყანა დაიბრუნებს გეზს ევროპისკენ თუ წავა რუსეთისკენ იმ ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგად, რასაც მმართველი გუნდი ატარებს.

  • ანა, რატომაა თქვენთვის არჩევნებზე წასვლა მნიშვნელოვანი?

მიმაჩნია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ქართველი ხალხისთვის საჩუქარია. ეს საჩუქარი თითოეულმა ჩვენგანმა კარგად უნდა გავიაზროთ და გამოვიყენოთ, იმისთვის, რომ ჩვენი მომავალი შევცვალოთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა.

ეს ყველაფერი სათანადოდ უნდა გაიაზროს არა მხოლოდ კონკრეტულმა სეგმენტმა, მაგალითად მათ, ვინც აქამდეც დადიოდა არჩევნებზე, არამედ მათ, ვინც აქამდე არ აქტიურობდა და განსაკუთრებით მათ, ვინც პირველად იღებს არჩევნებში მონაწილეობას. ეს საზოგადოების ის ნაწილია, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, როგორი მომავალი სურს, რადგან ყველაზე მეტად მათ მოუწევთ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების საკუთარ თავზე გამოცდა და გააზრება.

მაქსიმალურად მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით ჩემი ასაკის ადამიანებს, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და საჩუქარი, ყველა მივიდეს არჩევნებზე და დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი. ნურავის ექნება იმის განცდა, რომ არჩევნები შეიძლება გაყალბდეს ან კონკრეტულმა პარტიამ საკუთარი სურვილისამებრ განახორციელოს სცენარი. მთავარია ამომრჩევლის აქტიურობა.

იქიდან გამომდინარე, რომ ელექტრონული არჩევნები პირველად არის საქართველოში, გაყალბების შანსი, რა თქმა უნდა, შემცირებულია, მაგრამ რაც უფრო მეტი იქნება ამომრჩევლის აქტიურობა და მოქალაქეების დიდი რაოდენობა მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, გაყალბების შანსი, ფაქტობრივად, აღარ იარსებებს.

  • როგორი განწყობაა ბათუმელ ახალგაზრდებში თქვენი დაკვირვებით? აპირებენ წასვლას?

საბედნიეროდ, ისეთ გარემოცვაში ვარ, სადაც ყველა აქტიურია და ყველა მიდის არჩევნებზე, მაგრამ ვმონაწილეობ სხვადასხვა პროექტში და მქონია შეხება ისეთ ახალგაზრდებთანაც, რომლებსაც არ აქვთ გადაწყვეტილი წავიდნენ თუ არა არჩევნებზე და სიმართლე გითხრათ, ამ ყველაფერს იწვევს შიში არჩევნების დღისადმი. არ იციან როგორ მისცენ ხმა, როგორ შედგება ბიულეტენი, როგორი სახით წარიმართება არჩევნები. მაქსიმალურად ვცდილობ, როცა მსგავს ადამიანთან მაქვს შეხება, ავუხსნა, დავაკვალიანო როგორ უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, რომ მაგალითად, უნდა გააფერადოს და არ უნდა შემოხაზოს.

მე და ჩემი მეგობრები ჩვენი აქტიურობითა და პროექტებით ვცდილობთ, რომ საზოგადოებას კარგად დავანახოთ არჩევნებზე წასვლის მნიშვნელობა.

  • უნივერსიტეტში, ლექციებზე თუ საუბრობთ, განიხილავთ მოახლოებულ არჩევნებს?

ძალიან არა.. განათლების ადმინისტრირებას ვსწავლობ და მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ კავშირშია არჩევნების შედეგები ამ სფეროსთან და არამხოლოდ, ზოგადად ყველა სფეროსთან, სულ რამდენჯერმე ვახსენეთ არჩევნები. არ არის ისეთი აქტიურობა, რომელიც უნდა გვქონდეს, ალბათ.

  • თუ ცდილობთ ოჯახის წევრების, ნათესავების დათანხმებას, ყველა მათგანი წავიდეს არჩევნებზე?

ჩემს ირგვლივ მაქსიმალურად ვცდილობ, რა თქმა უნდა, რომ ჩემი ნათესავები, მეგობრები, მეზობლები, ყველა დავარწმუნო, რომ აუცილებელია არჩევნებზე წასვლა. არჩევნებზე ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად მივდივარ. ქედაში ვარ რეგისტრირებული და იქ ვაძლევ ხმას. ასევე, ვაპირებ, რომ არჩევნებს დავაკვირდე.

ბაკალავრიატზე საჯარო მმართველობას ვსწავლობდი და მუდმივი შეხება მქონდა ასეთ სამოქალაქო საკითხებთან. ჩემი საბაკალავრო თემა არჩევნებს ეხებოდა. იმ პერიოდიდან მოყოლებული, ძალიან მაინტერესებს თავად არჩევნების მიმდინარეობის პროცესი. სურვილი მაქვს, რომ მეც ვიყო ამ ყველაფრის მონაწილე.

მე არ წარმოვადგენ რომელიმე კონკრეტულ პარტიას. არჩევნებს დავაკვირდები როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი და ეს პროცესი უფრო მეტად დამანახებს, როგორ ჩაივლის არჩევნები. ჩემ წვლილს შევიტან, რომ ყველაფერმა შესაბამისი ნორმების დაცვით ჩაიაროს.

  • მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესაძლებლობა რომ გქონდეთ, რას ეტყოდით?

არაფერს არ ვეტყოდი. ვკითხავდი, შემთხვევით ცოტა სხვა მიმართულებით ხომ არ მივდივართ, განსხვავებით იმისგან, რასაც ამბობენ.

  • პირველ რიგში რა გინდათ შეიცვალოს არჩევნების შემდეგ?

ჩემი და ჩემი თანატოლების მომავალი. მინდა, ყველას გვქონდეს შესაძლებლობა სწავლის ევროპაში გაგრძელების.

  • თუ იყავით რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე?

კი. მაქსიმალურად ვცდილობდი ყველა აქციას შევერთებოდი, რომელიც ჩვენს ქალაქში იმართებოდა. ყველაზე დიდი ერთიანობის განცდა, რაც კი ცხოვრებაში მიგრძნია, ზუსტად ამ აქციებზე იყო. დიდი ძალა ვიგრძენი და მივხვდი, რომ ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია გავერთიანდეთ ერთი მიზნის ირგვლივ და შევძლოთ ჩვენი სიტყვა ვთქვათ. ეს იყო ძალიან კარგი გამოცდილება ჩემთვის, რომელიც არასოდეს არ დამავიწყდება და თუ საჭირო გახდება კიდევ ერთხელ იმ ახალგაზრდების გვერდით ვიქნები, ვინც აქციებზე ვიდექით. აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას 20 ოქტომბრის მარშიც.

ჩვენი მიზანი ერთია, რომ არ შეიცვალოს ქვეყნის ევროპული კურსი და ხელი შევუშალოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ ამ კურსს გადაუხვიონ.

  • დავუშვათ, რომ მმართველი გუნდი დარჩა ხელისუფლებაში, თქვენი აზრით, პროტესტის განცდა ახალგაზრდებში ისევ იქნება? 

რა თქმა უნდა. უფრო დიდი იქნება ჩვენი პროტესტი, რაც კი აქამდე ყოფილა, რადგან ყველა ვიაზრებთ, რა შედეგები მოჰყვება [“ქართული ოცნების“] ხელისუფლებაში დარჩენას. კიდევ ვიტყვი, რომ თუ მაქსიმალურად ყველა მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გვინდა.

სამწუხაროდ, მმართველი გუნდის პოლიტიკა ანტიდასავლურია და მეც მიმაჩნია, რომ ეს არჩევნები რეფერენდუმია რუსეთსა და ევროპას შორის.

  • არის საუბრები, რომ ბსუ-ში ბევრი პოლიტიკური გავლენის ქვეშაა. თუ იცი და/ან გსმენია ამ ყველაფრის შესახებ?

გავლენები, როგორც ასეთი, უნივერსიტეტში არის, მაგრამ არ შემიძლია კონკრეტული მაგალითების მოყვანა. მე მაინც ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტის შიდა სივრცე, სტუდენტები, ადმინისტრაცია და ა.შ. უკვე ორ პოლუსზეა – მთავრობის მხარდამჭერები ან ოპოზიციური განწყობებით.

ბსუ-ს თვითმმართველობა მიკერძოებულია. ჩვენ ვხედავთ უამრავ სტუდენტს, ვისაც აქვს პროტესტი თვითმმართველობისადმი. არც მე მაქვს ის განცდა, რომ უნივერსიტეტში გვყავს ის თვითმმართველობის გუნდი, რომელიც უნდა წარმოადგენდეს ამ ორგანოს, გამოხატავდეს სტუდენტების მოთხოვნებს და ა.შ. ეს არ არის ჩემი თვითმმართველობა.

 

„ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ ხელი შეუშალოს ჩვენს საარჩევნო კამპანიას – ოპოზიციის ბრიფინგი ბათუმში

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აჭარაში აცხადებს, რომ 16 ოქტომბერს, ღამით, ხელვაჩაურში მათი პარტიის ხელვაჩაურის შტაბის წევრებს ავტომობილი, რომელშიც სააგიტაციო მასალა იდო, უმიზეზოდ ჩამოართვეს და დალუქვის გარეშე საჯარიმოზე გადაიყვანეს.

ამ თემაზე დღეს ბრიფინგი გაიმართა ენმ-ის ბათუმის ოფისში.

„გუშინ, როცა ჩვენი ხელვაჩაურის შტაბის წევრები იყვნენ გასული სააგიტაციო მასალის გასაკრავად და დასარიგებლად, ადგილზე მისულებს მათ დახვდათ შსს-ს სხვადასხვა ქვედანაყოფები, ყოველგვარი მიზეზი ახსნის გარეშე მათ მოახდინეს ჩვენი ავტომობილის უკანონო დაპატიმრება, მათ დალუქვის გარეშე მანქანა გადაიყვანეს შშს-ს ავტოსადგომზე.

ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ამ ქვეყანაში აპირებს ქართველ ხალხს მოჰპაროს გამარჯვება.

მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებულ სხვადასხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ უმალვე მოახდინონ რეაგირება ამ ფაქტზე“ – განაცხადა ბრიფინგზე ნიკა ქაშიბაძემ, ენმ-ის წევრმა.

ბრიფინგი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისში

მან დასძინა, რომ „ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კამპანიას“.

„ბათუმელები“ კომენტარისთვის შს სამინისტროს დაუკავშირდა, კითხვით, რატომ იქნა გადაყვანილი „ნაციონალური მოძრაობის“ მანქანა საჯარიმოზე. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

_____________

ფოტოზე: მანქანის გადაყვანის კადრები ენმ-ის ვიდეომასალიდან

აქტიური ქალების დისკრედიტაცია, როგორც პოლიტიკური იარაღი მთავრობის ხელში

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება, განსაკუთრებით ბოლო ორი წელია, მკვეთრად გადაიხარა ულტრამემარჯვენე და კონსერვატიული იდეოლოგიებისკენ. ამ პარტიამ, რუსეთის მსგავსად, გააძლიერა ანტიდასავლური პროპაგანდა და მასთან ერთად ანტიგენდერული ნარატივი. ამას, როგორც პოლიტიკურ იარღას, ხელისუფლება მიზანმიმართულად იყენებს არამხოლოდ ოპონენტების მიმართ, არამედ საზოგადოების განწყობებზე სამანიპულაციოდ – ეს არაერთი ანგარიშითა თუ კვლევით დასტურდება.

ქალების უფლებათა დაცვის ორგანიზაცია „საფარის“ კომუნიკაციების მენეჯერი, ნინა აგლაძე ამბობს, ქალების წინააღმდეგ, მიზანმიმართულად გავრცელებული ცრუ და დამაზიანებელი ინფორმაცია – გენდერული დეზინფორმაცია წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა.

„გენდერული დეზინფორმაციის მიზანია, დისკრედიტაციისა და ღირსების შელახვის გზით ქალების გაჩუმება და მათი დატოვება ისეთი სივრცეებს მიღმა, სადაც კაცები დომინირებენ. გენდერული დეზინფორმაციის ძირითადი სამიზნე ქალები არიან – პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, აქტივისტი და ყველა ქალი, რომელიც ხმამაღლა და ღიად აფიქსირებს თავის აზრს, პროტესტს.

რა თქმა უნდა, ეს საშინლად დამაზიანებელია, რადგან ცრუ ინფორმაციის საზიანო გავლენას ექვემდებარებიან არა მხოლოდ მისი სამიზნეები, არამედ სხვა ქალებიც. ეს ყველაფერი აიძულებს ქალებს, რომ აღარ ჩაერთონ/გამოეთიშონ ქვეყანაში მიმდინარე ძალიან მნიშვნელოვან პროცესებს. ეს, თავისთავად, ძალიან დამაზიანებელია დემოკრატიული პროცესებისთვის“, – ამბობს ის.

2023 წლის იანვრიდან 2024 წლის მაისის ჩათვლით, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მონიტორინგს ატარებდა, რომლის მიზანიც ქალი პოლიტიკოსების წინააღმდეგ გენდერული ნიშნით წარმოებული მადისკრედიტირებელი კამპანიების გამოვლენა იყო. მონიტორინგის დროს მათ სოციალურ ქსელებსა და ონლაინ მედიაში ანტიგენდერული შინაარსის 435 შემთხვევა გააანალიზეს.

კვლევამ აჩვენა, რომ საანგარიშო პერიოდში ქალების წინააღმდეგ აქტიურად გამოიყენებოდა სიძულვილის ენა; სხვადასხვა ფორმით გამოიყენებოდა მკვეთრად სექსისტური ენა, როგორც ონლაინ და მეინსტრიმულ მედიაში, ასევე სოციალურ ქსელებში: „ყველაზე გავრცელებულ ფორმად გვევლინებოდა: სლათ-შეიმინგი [ქალების გაკიცხვა, გარეგნული მახასიათებლების, ჩაცმულობისა თუ ქცევიდან გამომდინარე, რომელიც არ შეესაბამება სექსუალობასთან დაკავშრებულ საზოგადოებაში არსებულ გენდერულ ნორმებს], სექსუალური ობიექტივიზაცია, თავდასხმა სქესის, ასაკის, გენდერული და სექსუალური იდენტობის ნიშნით“.

სოციალური ქსელების და ონლაინ მედიის მონიტორინგის შედეგად, ანტიგენდერულ დისკურსში რამდენიმე ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა, ერთ-ერთი მათგანია მადისკრედიტირებელი კამპანიები: „საანგარიშო პერიოდში კამპანიური ხასიათი ჰქონდა მადისკრედიტირებელ თავდასხმებს ქალი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, მათი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე.  

გენდერული თავდასხმის ძირითადი სამიზნეები სხვა ქალ პოლიტიკოსებთან ერთად იყვნენ: პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი. 

გენდერული ნიშნით დისკრედიტაციის მცდელობები ძირითადად ვიზუალს და ასაკს უკავშირდებოდა. ცალკეულ შემთხვევებში კი ადგილი ჰქონდა ქალი პოლიტიკოსების დაკნინებისა და გაშარჟების მცდელობებს, რისთვისაც იყენებდნენ ფოტო/ვიდეო მანიპულაციებს. ამ მიმართულებით არაერთი დეზინფორმაციული გზავნილიც გავრცელდა“. 

მადისკრედიტირებელი კამპანიები

2024 წლის აპრილ-მაისში პოლიტიკური პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ ვერბალურმა თავდასხმებმა კამპანიური ხასიათი მიიღო. ხელისუფლების წარმომადგენლები, მათთან ღიად დაკავშირებული ფეისბუქის გვერდები, მედია პლატფორმები და სატელიტი პოლიტიკური ძალები ცდილობდნენ ხოშტარია ორმაგი სტანდარტების მქონე პიროვნებად წარმოეჩინათ, რომელიც, ერთი მხრივ, აპროტესტებს „რუსულ კანონს“ და მეორე მხრივ, თავად იღებს სარგებელს რუსეთიდან.

პოლიტიკოსმა ფეისბუქზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც უარყო მის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდება, თითქოს მისი ოჯახი რუსეთიდან იღებს შემოსავალს და განმარტა, რომ მისი მამა სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრეა, ფლობს საავტორო უფლებებს და შესაბამისად, იღებს საავტორო უფლებებიდან მიღებულ შემოსავალს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დადგმული სოლიკო ვირსალაძის სპექტაკლებიდან; 

თუმცა ამ პოსტს უკვე  განახლებული მადისკრედიტირებელი კამპანია მოჰყვა ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ. მაგალითად, პოლიტიკოსის პოსტი პროსახელისუფლებო მედია „იმედმა“ გაავრცელა შემდეგი მანიპულაციური სათაურით: „ელენე ხოშტარიამ პრაქტიკულად აღიარა, რომ რუსეთიდან მის ოჯახს თანხები ერიცხება“.

ძალადობრივი, ულტრანაციონალისტური ჯგუფის „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ღირსების შემლახავი, შეურაცხმყოფელი და სექსისტური ტერმინები: „კგბ-ს აგენტი“, „კრემლის ძველი კახპა“ და „მოღალატე“ უწოდა ელენე ხოშტარიას.

DRI-ის კვლევაში ასევე ვკითხულობთ, რომ საანგარიშო პერიოდში, ელენე ხოშტარიას დისკრედიტაცია ხდებოდა გენდერული ნიშნითაც. კერძოდ, ფოტომანიპულაციით, სადაც ის წარმოდგენილია მამაკაცის ვიზუალით და დამაკნინებელი წარწერით – „თბილისი-ჩელიაბინსკის რეისავოი“. 

2024 წლის 13 მაისს პროსახელისუფლებო მედიის POSTV-ის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის გენდერული და მორალური ნიშნით დისკრედიტაციისთვის გაავრცელა ვიდეო, სადაც დეპუტატი ტუჩსაცხს ისვამს, ტექსტში კი ეწერა, რომ „სანამ გარეთ ხალხი წვიმაში, ღამენათევი იდგა, პარლამენტში სხდომა მიმდინარეობდა“, სამადაშვილი „იპრანჭებოდა“ და იმიტომ დააგვიანა სხდომაზე შესვლა.

რეალურად კი ეს ვიდეომანიპულაციაა, რადგან 13 მაისს სალომე სამადაშვილი პარლამენტის შენობაში იმყოფებოდა. რუსული კანონის განხილვის საკომიტეტო სხდომას კი, რომელიც 67 წამში დამთავრდა, პოლიციის მხრიდან შეყოვნების გამო ვერ დაესწრო.

რეალურად, ეს ვიდეო გადაღებული და გამოქვეყნებულია ლელოს წევრის, ირაკლი კუპრაძის სასამართლო სხდომიდან.

მადისკრედიტირებელ პოსტს ამჟამად ფეისბუქისა და ფაქტების გადამმოწმებელი ორი ორგანიზაციის (Myth detector, Fact Check Georgia) განმარტება ახლავს, თუ რატომ არის ეს ცრუ ინფორმაცია.

DRI-ს ანგარიშში წერია, რომ საანგარიშო პერიოდში სალომე სამადაშვილის წინააღმდეგ მადისკრედიტირებელ გზავნილებს ვიდეო მასალის სახით ავრცელებდნენ ღიად ანტილიბერალური და ანტიდასავლური გვერდები. „ისევ ტუჩსაცხზე აპელირებით შეეცადა პოლიტიკოსის საქმიანობის დისკრედიტაციას ფეისბუქგვერდმა „სირცხვილის კორიდორი.“ 14 მაისს 32 ფეისბუქგვერდმა გამოაქვეყნა ვიდეო წარწერით: „ლობიანი არ შეხვდა და პომადის ჭამა დაიწყო“.

2023 წლის, მარტის საპროტესტო აქციების შემდეგ, როდესაც ზოგადად აქტივიზმის მიზანმიმართული დისკრედიტაცია ხდებოდა, სახელისუფლებო ფესიბუქის ანგარიშები აქვეყნებდნენ „ქართველი ლიბერალი გოგოს“, „ქართველი ბანძი გოგო აქტივისტის starter pack“ შესახებ პოსტებს. დასპონსორებული სახით ვრცელდებოდა „ქართველი ლიბერალი გოგოს მხილების“ ვიდეო ანიმაცია. 

წყარო: MDF | სექსისტური ენა და გენდერული დეზინფორმაცია 2023

მედიის განვითარების ფონდის (MDF) 2023 წლის ანგარიშში სექსისტური ენისა და გენდერული დეზინფორმაციის შესახებ ვკითხულობთ, რომ ყველაზე ხშირად გენდერული დეზინფორმაციის და მორალური კრიტერიუმების ნიშნით თავდასხმის სამიზნე დასავლელი პოლიტიკოსები, ასევე, ქართველი ქალი პოლიტიკოსები და პოლიტიკოსებთან დაკავშირებული პირები იყვნენ.

DRI-ის ანგარიშში განმარტებულია, რომ ანტიგენდერულ დისკურსში ქალების როლის დასაკნინებლად წინა პლანზე გამოდის ქალის პირადი ცხოვრების, ჩაცმის სტილის, საუბრის მანერის, გარეგნობის განხილვა; ამავდროულად, საჯაროდ აქილიკებენ მათ მოსაზრებებს, მიღწევებსა თუ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, რომლის მთავარ მიზანსაც ქალების სოციალური და პოლიტიკური ცხოვრებიდან სრული გარიყვა და იზოლაცია წარმოადგენს.

მაგალითად: „უტვინოა უბრალოდ, თორემ საყვარელია ბუთქუჩა“, დაწერა საჯარო პოსტის კომენტარებში 2023 წლის ივლისში კულტურის ყოფილმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა ოპოზიციური პარტია ლელოს დეპუტატ, ანა ნაცვლიშვილზე.

 2024 წლის აგვისტოში კი ასე გამოეხმაურა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის ანა დოლიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ქართულ ოცნებას“ ეზიზღება ძლიერი ქალები“:

„…თქვენ პირადად პოლიტიკაში ემბრიონად თუ იყავით მხოლოდ ჩასახული, როცა ბიძინა ივანიშვილი ქალებს ნიშნავდა კანდიდატებად და თანამდებობებზე და შემოჰქონდა კვოტები. მაგრამ ვიღაც წითლიძეების, უმადური და უნიჭო პოლიტიკოსი კორძაიების, ლამაზი თინიკოების, ლუზერი სალომეების (ამჯერად დეპუტატკაზე ვამბობ) და ასეთი საოცრებების მოხილვის მერე, აღარც პოლიტიკაში ქალის მხარდაჭერა მოგინდება ადამიანს (ანუ კაცს) და აღარც კვოტის. ასეა ეს. კეტავენ გოგოებისთვის პოლიტიკაში გზას ეს უმსგავსოები. კუბოზე გვირგვინი (ვენოკი ჰქვია “იმ” კანონის მიღების მერე!) გამომრჩა: ანა ნაცვლიშვილი… კარგად კივილი სუქსესსფულნესობას [წარმატებულობას] როდი ნიშნავს პოლიტიკაში, თორემ სუ ზეწარმატებული იქნებოდა ჩვენი ვარდივით დამჭკნარი და კვლავაც ლამაზი დიაცის უბე თაკო ჩარკვიანი“.

ნინა აგლაძე ამბობს, რომ პოლიტიკაში თუ აქტივიზმში აქტიური ქალების მიმართ წარმოთქმული ქალთმოძულე შეურაცხყოფებისა და სექსიზმის გამოყენება, ბოლო დროს ყოველდღიურ მოვლენად არის ქცეული.

„გენდერულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის მეთოდი, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ინფორმაციის გადამოწმებაა – არ დავუჯეროთ და არ ავყვეთ ჭორებს, რომლებსაც ვხვდებით. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ქალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან“.

გენდერული პროპაგანდის პარალელურად, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ანტიგენდერული საკანონმდებლო ინიციატივები, მათ შორის ჰომოფობიური და დისკრიმინაციული კანონი, რომელიც განსაკუთრებით აზიანებს ლგბტქ+ თემს; ამავე პერიოდში საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი დაუჭირა, პარტია „გირჩის“ ინიციირებულ კანონპროექტს, რის შედეგადაც გაუქმდა სავალდებულო გენდერული კვოტები.

სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშში წერია, რომ 2023 წლის გენდერული უთანასწორობის გლობალური ინდექსის მიხედვით, საქართველომ, ქალთა პოლიტიკური გაძლიერების მაჩვენებლით, მნიშვნელოვანი რეგრესი განიცადა და 57-ე ადგილიდან 91-ე ადგილზე გადაინაცვლა.


მასალა მომზადებული ა(ა)იპ „შშმ ქალთა ალიანსთან“ თანამშრომლობით პროექტის “ქალები დეზინფორმაციის წინააღმდეგ” (Women against Disinfomation) ფარგლებში.

ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროგრამის ვიცე-პრეზიდენტს კატერინა ელენას, (IFES) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს რენატა ლევოვსკის და მის მოადგილეს დავით ღონღაძეს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა  26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი იყო.

შეხვედრაზე საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ არჩევნების ორგანიზების მიზნით განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობები განიხილეს. გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს. მან IFES-ის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების რაოდენობის შესახებ. ასევე ისაუბრა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვისა და ამ მიმართულებით ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანიის, ასევე  უწყების წინაშე დეზინფორმაციის გავრცელების კუთხით არსებული გამოწვევების შესახებ.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს და მათ მნიშვნელობას ამ არჩევნებისთვის მზადების პროცესში. ცესკოს თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს როგორც ინსტიტუციას, ისე ზოგადად საარჩევნო პროცესს.

საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებს ცესკოს თავმჯდომარემ ცესკოს საოპერაციო-სასაწყობო სივრცეც დაათვალიერებინა. გიორგი კალანდარიშვილმა მათ საოპერაციო-სასაწყობო სივრცეში ამ ეტაპზე მიმდინარე სამუშაოები გააცნო და აღნიშნა, რომ სივრცის მოწყობა 2024 წლის მოდერნიზებული არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზების მიზნით, არჩევნების სფეროში ტექნოლოგიური ინტერვენციის საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით დაიგეგმა და განხორციელდა.

რეესტრმა შშმ აქტივისტის მონაცემები გამოაქვეყნა – „გვატყუებენ, რომ რუსული კანონი არ შეგვეხება“

შშმ აქტივისტი, მოქალაქე დეა ერემაშვილი ამბობს, რომ საჯარო რეესტრმა მისი პერსონალური ინფორმაცია გამოაქვეყნა, რითაც დაარღვია კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.

„კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“, რომელთანაც ვთანამშრომლობდი, დარეგისტრირდა ეგრეთ წოდებული უცხოური გავლენის რეესტრში, რის საფუძველზეც მან იუსტიციის სამინისტროს კანონით განსაზღვრული ყველა ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაარღვია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი და ჩემი პირადი ინფორმაცია – სახელი, გვარი და ორგანიზაციისგან მიღებული ხელფასი გამოაქვეყნა, რაც კანონდარღვევაა.

სახელმწიფო ვალდებული იყო დაეშტრიხა ჩემი პერსონალური მონაცემები, თუმცა ასე არ მოიქცნენ და ღიად გამოაქვეყნეს ჩემი პერსონალური მონაცემები.

„რუსული კანონის მიღებისას „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ ფიზიკურ პირებს, ასევე შშმ პირებს არ შეგვეხებოდა ეს კანონი, თუმცა ფაქტია, რომ მათ მოატყუეს საზოგადოება. აგერ არის გამოდებული ჩემი პირადი ინფორმაცია.

მე რომ 2023 წლის ივლისში ხელფასი ავიღე, აი, ის ჩანს და აგენტების რეესტრში ვარ ადამიანი, რომელიც კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ამ კანონს.

ორგანიზაციების დიდი ნაწილი იმიტომ დარეგისტრირდა, რომ ამბობდნენ, ბენეფიციარების უფლებები უნდა დავიცვათ და ვერ შევუწყვეტ სერვისსო და ამ დროს, ჩემი უფლება ირღვევა“ – ამბობს დეა ერემაშვილი.

მან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს უკვე მიმართა განცხადებით და მოითხოვა რეაგირება ფაქტზე.

„სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული კატეგორიის ინფორმაციის ხელყოფაზე მივუთითე და მოვითხოვე რეაგირება. ხუთ სამუშაო დღეში უნდა გამცენ პასუხი და დაველოდები. თუ არ ექნებათ რეაგირება, მივმართავ სასამართლოს და მოვითხოვ მორალურ ზიანს 41 ლარს 41 თეთრს“ – ამბობს დეა ერემაშვილი.

„ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოების წინააღმდეგობის ფონზე, მრავალათასიანი საპროტესტო აქციების მიუხედავად მაინც მიიღო რუსული კანონი, რომელიც ითვალისწინებს იმ ორგანიზაციების „უცხოური გავლენის რეესტრში“ დარეგისტრირებას, რომლებიც დასავლური ფონდებისგან, მათ შორის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნებისგან ფინანსდებიან.

რუსული კანონის მიღებამ შეაფერხა საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში.

რა ელის „ოცნების“ კოორდინატორს, რომელიც ამომრჩეველს ურეკავს – ფაქტს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეისწავლის

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა დაიწყო შემთხვევის განხილვა, როცა „ქართული ოცნების“ კოორდინატორები ამომრჩევლებს ურეკავენ და ეკითხებიან, არიან თუ არა ისინი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები.

„ბათუმელებს“ რამდენიმე მოქალაქემ უთხრა, რომ მათ „ქართული ოცნების“ კოორდინატორები ურეკავენ.

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა „ქართული ოცნების“ კოორდინატორის სატელეფონო ზარი ჩაიწერა. ჟურნალისტი აცხადებს, რომ პირადი ტელეფონის ნომერი რომელიმე პარტიის წარმომადგენლისთვის ნებაყოფლობით არ მიუცია.

იურისტ ირმა პავლიაშვილის შეფასებით, შესაძლოა საქმე გვქონდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან, რაც გამოიწვევს პირის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას.

ჟურნალისტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს 2024 წლის 9 ოქტომბერს მიმართა და პარტია „ქართული ოცნების“ მიერ მოქალაქეების პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა მოითხოვა.

„თქვენი განცხადების საფუძველზე დაწყებული მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის ფარგლებში, სამსახური სათანადო მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, დამუშავებისათვის პასუხისმგებელი პირისაგან უზრუნველყოფს ინფორმაციის გამოთხოვას და ზემოაღნიშნული წესით გათვალისწინებული ყველა სხვა აუცილებელი ღონისძიების გატარებას,“ – აღნიშნულია წერილში, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან ჟურნალისტმა მიიღო.

YouTube video player

___

ამ თემაზე:

რა ელის „ოცნების“ კოორდინატორს, რომელიც ამომრჩეველს ურეკავს – იურისტის განმარტება

„ნუ მისცემთ თქვენს პირადობას სხვას, წადით ყველა არჩევნებზე“ – ბათუმელი მეზღვაურების მიმართვა

ბათუმელ მეზღვაურთა ჯგუფი განცხადებას ავრცელებს და მიმართავენ კოლეგებს, არ წამოეგონ პროვოკაციას, რომლის თანახმადაც წინასაარჩევნოდ ადამიანებს პირადობის მოწმობები უნდა ჩამოართვან.

„ნაკლებად გვეგულება ადამიანი ან პროფესია, რომელმაც მეზღვაურზე უკეთ იცის, რა არის თავისუფლება და რამდენად მძიმეა მისი შეზღუდვა.

დღეს საქართველო გასაყარზეა. ან უნდა დავკარგოთ მოპოვებული თავისუფლება და ისევ მარწუხებში გავზარდოთ შვილები, ან გავაგრძელოთ სწრაფი განვითარება.

უნდა გვახსოვდეს, რომ თავისუფლება არ არის მხოლოდ ჯაჭვებიდან თავის დახსნა. თავისუფლება არის ცხოვრება ისე, რომ პატივი ვცეთ და სხვათა თავისუფლება გავაძლიეროთ. ჩვენი არა მხოლოდ სურვილი, არამედ ვალდებულებაა – გავაძლიეროთ შვილების, ოჯახების, ქვეყნის თავისუფლება.

ბიძინა და ქართული ოცნებით შენიღბული რუსული ჭირი წლებია ცდილობს გადაყრილი ბორკილები ისევ დაგვადოს და მომავალი მოგვისპოს. ამას ვერ დავუშვებთ!

მეზღვაურის ერთ-ერთი მთავარი იარაღი სიმამაცეა. ტალღა თუ ვერ გვაშინებს, რომელიმე პოლიტიკური გუნდი, თუნდაც მმართველი – არაფერია.

არის ხმები, რომ პირადობებს ჩამოგართმევენ, დაგაშანტაჟებენ, დაგემუქრებიან… ვერ და არ! პირადობის მოწმობა თავისუფლების ერთ-ერთი სიმბოლოა და არაფრით არ უნდა გადასცეთ სხვა პირს. არც თქვენი ხმა დაუთმოთ ვინმეს! არჩევნებზე არწამსვლელი სწორედ ამას გააკეთებს და ეს დანაშაულიცაა თაობათა წინაშე.

არჩევნები არაა მხოლოდ ხმის მიცემა. ეს მომავლის გზაა და ამ გზაზე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავისუფლების მთავარი გამოხატულება სწორედ არჩევანის ქონა და გამოყენებაა.

წადით ყველა არჩევნებზე! ჩვენ ვერ გაიძულებთ და ვერც მოგიწოდებთ, რომელი პარტია გააფერადოთ. მიეცით ხმა ნებისმიერს რუსული და ქოცური გავლენის გარდა!

დიახ, ბიძინა უნდა მოიშოროს, საქართველომ! თავისუფალი საქართველო კი, თქვენ ხართ და თქვენი ოჯახები!“ – ნათქვამია განცხადებაში.

______________

ფოტოზე: მეზღვაურთა კლუბის შეკრება ბათუმში, 16 ოქტომბერი

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 17 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 674 270 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 420]
  • ტანკი – 9 014 ერთეული [+17]
  • ჯავშანტექნიკა – 18 002 ერთეული [+33]
  • საარტილერიო სისტემა – 19 510 ერთეული [+51]
  • MLRS – 1 232 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 978 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 17 104 ერთეული [+54]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 620 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 26 815 ერთეული [+83]
  • სპეცტექნიკა – 3 446 ერთეული [+5]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 16 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 646 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 33 704 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 582 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 18 632 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 472 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 16 246 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 27 295 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთში ჩრდილოეთ კორეელებისგან ბატალიონი შექმნეს, 18 ჯარისკაცი უკვე გაიქცა – მედია

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“: 800-ზე მეტი კურსდამთავრებული და 100-მდე დასაქმებული

პროექტი ,,TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად, გრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს.

შემოდგომის ნაკადზე, სასწავლო პროცესში, დამატებით 400-მდე სტუდენტი ჩაერთო, რომლებიც დაინტერესებულები არიან საკუთარი კარიერის ტექნოლოგიებში ტრანსფორმაციითა თუ არსებული ცოდნისა და უნარების განვითარებით.

პროგრამის დაწყების დღიდან, 15 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა რეგისტრაცია 8 ტექნოლოგიურ პროგრამაზე, რომელთაგან 800-მდე წარმატებულ სტუდენტი ჩაერთო სრულად დაფინანსებულ პრაქტიკულ სასწავლო პროგრამებში.

პროექტის „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი ტექნოლოგიებში ქალებისა და რეგიონების გაძლიერებაა, მათი დასაქმების პოტენციალის ზრდის მიზნით. აღსანიშნავია, რომ აქამდე არსებულ მონაწილეთა 40% ქალია, ხოლო 35% კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდანაა.

სასწავლო პროგრამებს საერთაშორისო გამოცდილებისა და განათლების მქონე ტექლიდები და წამყვანი დეველოპერები პრაქტიკული სწავლების მეთოდოლოგიითა და რეალური სამუშაო გარემოს პრინციპის გამოყენებით უძღვებიან. სასწავლო პროგრამებში არსებული, ისეთი მრავალფეროვანი აქტივობების გარდა, როგორიცაა კოლაბორაციულ პროექტებზე მუშაობა, რეტროსპექტიული შეხვედრები, Pair პროგრამირება და სხვა, სტუდენტებს ასევე უტარდებათ ქვეყანაში სფეროს წამყვანი ექსპერტების მასტერკლასები და ვორქშოფები. ამ კუთხით კიდევ უფრო მრავალფეროვანი აქტივობებია დაგეგმილი.

ყოველი სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ იმართება დემო დღე, სადაც სტუდენტები ფინალურ პროექტებს წარადგენენ პოტენციურ დამსაქმებლებთან და იღებენ კარიერულ შემოთავაზებებსა და ღირებულ უკუკავშირებს. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში 100-მდე კურსდამთავრებულმა უკვე დაიწყო კარიერა თიბისი ჯგუფში და პროექტის პარტნიორ ტექნოლოგიურ კომპანიებში.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა განსხვავებული კონცეფციისა და გამოცდილების ღონისძიებების სერია TechXplore, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს მულტიფუნქციურ გუნდებში მუშაობის გამოცდილების მიღებას. TechXplore-ის ფარგლებში პროექტის 150-მდე მონაწილემ, ტექლიდებმა და ეჯაილ ქოუჩებმა მონაწილეობა მიიღეს და იმუშავეს კონკრეტული პროექტების ტექგადაწყვეტის შექმნაზე.  გამარჯვებულებს საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების 15 000 ლარის აქციები გადაეცათ საჩუქრად.

„TBC X USAID – ტექნოლოგიური განათლებისთვის“ პროექტი, ეს არის რვა მიმართულების ტექკურსი, რომელიც სფეროს წამყვანი სპეციალისტების მიერ თიბისი IT აკადემიის ბაზაზე ხორციელდება. ჩვენი მთავარი ამოცანაა ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი შეისწავლონ ან გაიუმჯობესონ ცოდნა ტექნოლოგიური მიმართულებებით. სწორედ ამიტომ სწავლა სრულიად უფასოა, ონლაინ სწავლება კი მსურველებს შესაძლებლობას აძლევს ჩაერთონ მთელი საქართველოდან“- თათა ანჯაფარიძე, თიბისი IT აკადემიის ლიდი.

სეზონურ გრიპზე უფასო ვაქცინაცია 18 ოქტომბერს დაიწყება

სეზონური გრიპის უფასო ვაქცინაცია, საქართველოს მასშტაბით, 18 ოქტომბერს დაიწყება.

ვაქცინაციის პირველ ეტაპზე გრიპზე უფასო აცრები გათვალისწინებულია მაღალი რისკჯგუფის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც წარმოადგენენ: სპეციფიკური ქრონიკული დარღვევების მქონე პაციენტები და 60 წელს გადაცილებული ადამიანები.

ასევე, ამ ეტაპზე გრიპზე აიცრებიან სხვა პრიორიტეტული ჯგუფები: ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფრების; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების; ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამსახურების, გარემოს დაცვის, თავდაცვის, უსაფრთხოების, საგანგებო სიტუაციების რეაგირების სამსახურის თანამშრომლები, პენიტენციარულ დაწესებულებაში დასაქმებული პირები და შს სამინისტროს თანამშრომლები.

ხოლო 2024 წლის 4 ნოემბრიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონურ გრიპზე უფასოდ აცრის საშუალება ექნება ნებისმიერ მოქალაქეს 6 თვის ასაკიდან.

„ვაქცინით უზრუნველყოფილი იქნება ყველა სამედიცინო დაწესებულება, რომელშიც არის ვაქცინაციის კაბინეტი, ასევე, ყველა სოფლის ამბულატორია; ეს არის დაახლოებით 107 ოჯახის ექიმი, რომლებიც დღეს და ხვალ გაიტანენ ვაქცინას და იქნება ხელმისაწვდომი მაღალი რისკ-ჯგუფს მქონე ადამიანებისთვის” – ამბობენ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტში.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გადამდებ დაავადებათა ზედამხედველობისა და იმუნოპროფილაქტიკის განყოფილების უფროსი, ნანა ჯინჭარაძე განმარტავს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი სეზონურ გრიპზე აცრა, მათ შორის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ისინი ამ სეზონზე უკვე ავადობდნენ გრიპის ვირუსით:

„სეზონურ გრიპზე აცრა მნიშვნელოვანია, ვინაიდან, გადატანილი დაავადების შემდეგ ანტისხეულები ძალიან მცირე ხნით რჩება ორგანიზმში. ასეა ვაქცინის მერეც – მაქსიმალური ვადა ერთ წელია. ამიტომ უნდა განვაახლოთ იმუნიტეტი, მივიღოთ ვაქცინა.

ჩვენ ყოველთვის გვაქვს შემოტანილი გასულ წლებში მოცირკულირე ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. შესაძლებელია აღნიშნულ პერიოდში ვირუსმა შეიცვალოს სახე, განიცადოს მუტაცია, მაგრამ ძირითადი შემადგენელი ნაწილი მაინც უცვლელი რჩება, ამიტომ რაც არ უნდა ახალი სეროტიპი იყოს შემოსული ქვეყანაში, მაინც შველის ვაქცინა.

ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კოვიდ ვაქცინაცია აღარ ტარდება, კოვიდის ვირუსი კი მაინც არსებობს, ის მაინც ცირკულირებს და კომბინირებული სახით ადამიანი თუ ორივეთი დაინფიცირდება, მაღალი იქნება სტაციონარში დატვირთვაც და მძიმე გამოსავალიც, იმიტომ, რომ ადამიანის იმუნიტეტი უძლურია ამ ორი ძლიერი ვირუსის მიმართ; ამიტომ ერთის მიმართ მაინც უნდა ვიყოთ ვაქცინირებული და დაცული.

დღეისთვის [ივნისის შემდეგ] გრიპის ვირუსი ლაბორატორიულად დადასტურებული არ გვაქვს. ადამიანები კი ამბობენ ხშირად, რომ გრიპის ვირუსი ჰქონდათ, თუმცა, რეალურად, გრიპის ვირუსი მძიმედ მიმდინარე დაავადებაა და შეუძლებელია გრიპის ვირუსი „ფეხზე მდგომმა“ გადაიტანო. ადამიანებს ხშირად ეშლებათ ზემო სასუნთქი გზების სხვა ინფექციები გრიპის ვირუსში” – ამბობს ნანა ჯინჭარაძე.

ოთხკომპონენტიანი სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებელი ნიდერლანდური კომპანია Abbott-ია.

საოპერაციო-სასაწყობო სივრცის და 2024 წლის არჩევნების შუალედური ანგარიში ცესკოში

საარჩევნო ადმინისტრაციაში საოპერაციო-სასაწყობო სივრცის და 2024 წლის არჩევნების შუალედური ანგარიშის  პრეზენტაცია გაიმართა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საოპერაციო-სასაწყობო სივრცე და მიმდინარე სამუშაო პროცესი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, მედიის წარმომადგენლებს და ექსპერტებს გააცნო.

როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, საოპერაციო-სასაწყობო სივრცის მოწყობა 2024 წლის მოდერნიზებული არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზების მიზნით, არჩევნების სფეროში ტექნოლოგიური ინტერვენციის საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით დაიგეგმა და განხორციელდა. გიორგი კალანდარიშვილმა მოწვეულ სტუმრებს დეტალურად გააცნო  ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ.

„საოპერაციო-სასაწყობო სივრცე და აქ არსებული ბიზნეს პროცესები ემსახურება საარჩევნო ადმინისტრაციის მთავარ მიზანს – ამომრჩევლებისთვის ხარისხიანი სერვისების შეთავაზებას და, შედეგად, არჩევნების მაღალ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ორგანიზებას.  გამომდინარე იქიდან, რომ 2024 წლის პარლამენტის არჩევნების  ჩასატარებლად შეძენილი საარჩევნო ელექტრონული მოწყობილობები ეტაპობრივად შემოვიდა საქართველოში, აუცილებელი გახდა შესაბამისად აღჭურვილი სივრცის მოწყობა, რომელიც დააკმაყოფილებდა ყველა იმ სტანდარტს და პირობას, რაც აპარატების შენახვა/ექსპლუატაციისთვის არის საჭირო. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევისწავლეთ საერთაშორისო პრაქტიკა, არაერთხელ ვიყავით ამერიკის შეერთებულ შტატებში და მათი გამოცდილების გათვალისწინებით დაიგეგმა აღნიშნული პროექტის განხორციელება“,-აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობის მომიჯნავედ თანამედროვე სტანდარტების საოპერაციო-სასაწყობო სივრცის მოწყობა 7 თვეში განხორციელდა, მთლიანი ტერიტორიის ფართობი 7118 კვ.მ-ია, შენობა ორსართულიანია და საერთო ფართი 5434 კვ.მ-ია.

შენობა ინფრასტრუქტურულად სრულად გაიმართა, დამონტაჟდა სატვირთო ლიფტები, ელექტრონული აპარატურის გასამართად საჭირო ქსელი და სამრეწველო მაგიდები, მოეწყო დაცვის სისტემები. შენობაში ასევე გამოყოფილია საოფისე, სასაწყობო, საოპერაციო/საინსტალაციო და სხვა დამხმარე სივრცეები. ინფრასტრუქტურა სრულად მორგებულია ბიზნესპროცესზე, რაც ელექტრონული მოწყობილობებისა და საარჩევნო ინვენტარის მომზადებას, შეფუთვას და საარჩევნო კომისიებში ცენტრალიზებული წესით დისტრიბუციას მოიცავს. ელექტრონული მოწყობილობებისა და საარჩევნო ინვენტარის დასაწყობება ხორციელდება სპეციალურ სივრცეებში განთავსებულ თაროებზე, ტემპერატურული და ტენიანობის რეჟიმების დაცვით, ასევე უზრუნველყოფილია სახანძრო უსაფრთხოება და ტერიტორიის დაცვა.

მასწავლებლის ანაზღაურების წესში ცვლილება შევიდა

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მასწავლებელთა ანაზღაურების წესში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმად არჩევითი საგნების სწავლება ახალი სახელფასო ფორმულით ანაზღაურდება.

„მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებისა და მათი ცოდნის გამდიდრების მიზნით, ეროვნული სასწავლო გეგმა საშუალო საფეხურზე განსაზღვრავს არჩევითი საგნების მრავალფეროვან ჩამონათვალს და ასევე, სკოლას აძლევს შესაძლებლობას, მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, ჩამონათვალისგან განსხვავებული კურსი შეადგინოს და სამინისტროსთან შეთანხმების შემდეგ სასწავლო პროცესში ჩართოს.

არჩევითი კურსების ანაზღაურება მოხდება ახალი სახელფასო ფორმულის მიხედვით.

მათ შორის ეს შეეხება უცხო ენების საგნობრივ ჯგუფში შემავალ ყველა და იმ არჩევით საგნებსაც, რომლებიც ორი ან მეტი საგნობრივი ჯგუფისთვის საზიაროა (მაგალითად მედიაწიგნიერება)“, – ნათქვამია მინისტრის ბრძანებაში.

ახალი სახელფასო ფორმულის მიხედვით, 2024 წლის ივლისიდან საჯარო სკოლის პედაგოგთა ანაზღაურება დამოკიდებულია არა მასწავლებლის სტატუსზე (უფროსი, წამყვანი, მენტორი), არამედ საათობრივ დატვირთვაზე.

ახალი სახელფასო ფორმულის მიხედვით, მასწავლებლებს სამინისტრომ გაუუქმა სტატუსზე დანამატი და გაზარდა საათის ღირებულება, რასაც  მასწავლებელთა გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა.

საღამოს ისევ გაავდრდება, მოსალოდნელია წვიმა და შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17-18 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან – ძლიერი.

ამავე დროს, მაღალ მთაში ზოგან თოვლია მოსალოდნელი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია ჭექა-ქუხილი, სეტყვა, ზღვაზე 3-4- ბალიანი შტორმული ღელვა.

„მოსალოდნელმა ნალექმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“ – იუწყება სააგენტო და აზუსტებს, რომ საფრთხის დონე საშუალოა.

16-18 ოქტომბერს ხულოში, სოფელ ბოძაურთან ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 97-ე კმ-ზე (სოფ. ბოძაური), 2024 წლის 16 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველდღიურად, 10:30 საათიდან 13:00 საათამდე და 14:30 საათიდან 18:00 საათამდე იზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

შეზღუდვის მიზეზი საგზაო სამუშაოებია.

დეპარტამენტის ინფორმაციით, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია იქნება.

ძლიერი ნისლის გამო ბოსფორის სრუტეში მოძრაობა შეჩერდა

დღეს, 16 ოქტომბერს, თურქეთში, ქალაქ სტამბოლში, ნისლის გამო ბოსფორის სრუტეში ორივე მიმართულებით შეჩერებულია გემების მოძრაობა.

ნისლმა შეაფერხა საავტომობილო მოძრაობაც, რადგან ცუდი ხილვადობის გამო მძღოლები იძულებულნი იყვნენ, ნელა ემოძრავათ.

თურქული სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, ქალაქში ნისლის გამო გადაიტვირთა მოძრაობა ხიდებსა და მთავარ მაგისტრალებზე.

______________

ფოტო: სააგენტო „ანადოლუ“

თურქეთში 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

დღეს, 16 ოქტომბერს,  5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა აღმოსავლეთ თურქეთში.

თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი მალათია იყო.

თურქული მედიის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი, რომელიც ადგილობრივი დროით 10:46 საათზე მოხდა, მალათიის კალეს რაიონი იყო.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.

____________

ფოტო: „ანადოლუ“

 

Exit mobile version