საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საუბრისას ხშირად კვლევითი და სამეცნიერო სფერო ყურადღების მიღმა რჩება. ამ სტატიაში ვსაუბრობთ, რა მდგომარეობაშია დღეს საქართველოს კვლევითი სფერო; ერთი მხრივ, რას მოუტანს მას ევროინტეგრაციისკენ გზის გაგრძელება, მეორე მხრივ კი, რამდენად დამაზიანებელი შეიძლება იყოს სამეცნიერო სფეროსთვის ამ გზიდან გადახვევა.
„გარდა იმისა, რომ ევროპულ სივრცესთან მიახლოება გვაძლევს საერთო კვლევით პროექტებში ჩართვის და იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენი კვლევები წარვმართოთ დასავლური სტანდარტის მიხედვით, ეს ასევე გვაძლევს საშუალებას, დასავლეთში გავიტანოთ ცოდნა საქართველოს შესახებ. მერწმუნეთ, მხოლოდ ჩურჩხელითა და ღვინით ცოდნა არ შეიქმნება; ცოდნა რომ შეიქმნას, კვლევა უნდა წარმოებდეს დასავლური სტანდარტით და კვლევის შედეგები ქვეყნდებოდეს დასავლურ აკადემიურ გამოცემებში“.
– ასე გვიპასუხა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ლევან ცაგარელმა კითხვაზე – რას შეცვლის ქვეყნის სამეცნიერო სფეროსთვის ევროინტეგრაცია. იგი ასევე აღნიშნავს, რომ ევროპულ სამეცნიერო სივრცესთან დაკავშირების პროცესი საქართველოში წლებია დაწყებულია, თუმცა თუ ამ სივრცეს ჩამოვშორდებით, ისევ იზოლაციაში აღმოვჩნდებით:
„ეს პროცესი ჩვენთან დაწყებულია და ალბათ 20 წელია მიმდინარეობს, მაგრამ თუკი ჩვენ ჩამოვშორდებით ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეს, ეს პროცესი ისევ შეჩერდება და აღმოვჩნდებით იმ იზოლირებულ მდგომარეობაში, რომელშიც ვიყავით საბჭოთა კავშირის დროს. გაუგებარი მეთოდებით და სტანდარტებით, გაუგებარი ადრესატისთვის შევქმნით კვლევით პროდუქტს. ჩვენი მეთოდიკა არ დაექვემდებარება არც გადამოწმებას და არც მეცნიერულ ვალიდაციას“.
ლევან ცაგარელი იხსენებს პერიოდს, როცა ის იყო დეკანი და როცა მისთვის ევროპულ სივრცესთან მიახლოების პროცესი შესამჩნევი გახდა:
„როდესაც ვიყავი დეკანი, ვოცნებობდი იმაზე, რომ ევროპიდან დამკავშირებოდნენ და ეთხოვათ ჩვენი ფაკულტეტისა და კვლევითი ინსტიტუტების ჩართულობა მათ პროექტებში. ბოლო 2-3 წელია, როგორც იქნა, ეს პროცესი დაიწყო. მიკავშირდებიან და უნდათ ჩვენთან თანამშრომლობა, გარკვეული ტიპის პროექტებში ჩვენი ჩართულობა. ეს უზომოდ მახარებს“.
თუმცა პროფესორი ამბობს, რომ წელს უკვე კითხვის ნიშნები გაჩნდა ამ სივრცესთან საქართველოს კავშირის შესახებ:
„ზაფხულში, როდესაც მქონდა შეხვედრა გერმანულ მხარესთან (ბევრი სხვადასხვა მხარე იყო ჩართული ამ პროცესში: ავსტრიული, გერმანული, უკრაინული და ა.შ), იქ უცნაურმა კითხვამ გაიჟღერა – რატომ არის საქართველო კონსორციუმის წევრი? ეს იყო კითხვა, რომელმაც ძალიან შემაშფოთა. მართალია, დიპლომატიურად იყო დასმული, მაგრამ გასაგები იყო, რასაც გულისხმობდნენ.
ახსენეს კიდეც, რომ იმ პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით, რაც ახლა მიმდინარეობს ქვეყანაში, სათუოა საქართველოს ჩართულობის ღირებულების დამტკიცება ამ პროცესში.“
ლევან ცაგარელი ხაზს უსვამს, რომ საქართველო თავისი სწავლების თუ კვლევითი მეთოდებით ჯერ კიდევ პოსტსაბჭოთა სივრცედ უნდა მივიჩნიოთ. მიზანი კი, ამ მეთოდებისა და მიდგომებისგან გათავისუფლებაა, რაც შესაძლებელი გახდება ევროპულ სივრცესთან მიახლოებით:
„ევროპულ სივრცესთან მიახლოება ქართულ აკადემიურ სივრცეს უქადის იმას, რომ ის შეიძლება ცოტათი გათავისუფლდეს პოსტმარქსისტული გავლენებისგან, იქნება ეს სწავლება, სწავლა, შეფასება თუ კვლევა და როგორღაც ისწავლოს იმ კვლევითი სტანდარტების დაცვით მუშაობა, რომლითაც მუშაობს მთელი ცივილიზებული მსოფლიო“.
საუბარს საქართველოში მკვლევრის მდგომარეობის შესახებ ვაგრძელებთ. მეცნიერის შეფასებით, ამ საკითხში დასავლურ დაფინანსებას საკვანძო მნიშვნელობა აქვს:
„მკვლევარი საქართველოში ძირითადად რაღაცის გაკეთებას ახერხებს დასავლური დაფინანსების წყალობით – ეს არის საერთაშორისო საგრანტო პროექტები: ერაზმუსი, DAAD… ყველანაირად გეხმარებიან, რომ წახვიდე შენი პროექტით დასავლეთში და კვლევა ჩაატარო.
მოთხოვნებიც აქვთ საკმაოდ მოქნილი, ისეთი, რომ მშვიდად, წყნარად და მოზომილად ჩაატარო შენი კვლევა. საქართველოში კი, კვლევა რეალურად არ არის სახელმწიფო ინტერესებში, რადგან მხოლოდ ერთი – რუსთაველის ფონდი გვაქვს, რომელიც კვლევას აფინანსებს და მასაც საკმაოდ შეზღუდული ბიუჯეტი აქვს: ყოველწლიურად ძალიან ბევრი პროექტი რჩება დაუფინანსებელი“.
ლევან ცაგარელი აღწერს რა ძირეული განსხვავებაა კვლევის დაფინანსებაში ქართულ და ევროპულ ფონდებს შორის:
„პატარა ქვეყანა ვართ და ბიუჯეტიც მცირეა გამოყოფილი, შეგვიძლია ამას როგორღაც შევეგუოთ, მაგრამ პრობლემა ბევრად დიდია: რუსთაველის ფონდის მართვა აგებულია ჩინოვნიკურ პრინციპებზე – მათ სჭირდებათ თვლადი მონაცემები იმისათვის, რომ გაღებული თანხა მიზანშეწონილად მიიჩნიონ.
პრობლემა რაშია – როგორც ჩანს, იმ ადამიანებმა, ვინც რუსთაველის ფონდში პროექტების დაფინანსების მენეჯმენტში არიან ჩართულები, დიდად არ იციან რა არის კვლევა. მათ კვლევის გამოცდილება არ აქვთ და არ იციან, რომ შეიძლება შენი კვლევის პროდუქტი იყოს სხვაგვარი – ჩაფიქრებული გქონდეს სტატია და გამოგივიდეს მონოგრაფია, ან დაგაგვიანდეს, იმიტომ, რომ მონაცემების რაოდენობა იყოს უფრო დიდი, ვიდრე ელოდი და 1 წელში ვერ ჩააბარო ის, რაც გეგმაში გეწერა. როცა აგვიანებ ან რაღაცას დროზე ვერ წარადგენ, უმალ გიჩერდება ყველა დაფინანსება. ეს არ არის კვლევის ჯანსაღი დაფინანსების მექანიზმი.
ჯანსაღი დაფინანსების მექანიზმი აქვს, მაგალითად, ვილჰელმ ჰუმბოლდტის ფონდს, რომელიც გეუბნება – გადაწყვიტე რას გააკეთებ, მე მოველი შენგან იმას, რომ რასაც გამოაქვეყნებ კვლევის ფარგლებში, რომელიც ჩემი ფონდის დახმარებით განახორციელე, მიუთითებ ჩემი ფონდის დასახელებას. თუ ახლა არ გაქვს სტატია, როცა გექნება, მაშინ მომაწოდე ინფორმაცია – ეს არის კვლევის ცოდნაზე დაფინანსების მექანიზმი“.
კვლევითი სფეროს მდგომარეობაზე საუბრისას თსუ-ის პროფესორი, მარინე ჩიტაშვილი აღნიშნავს, რომ კვლევითი სფერო საქართველოში მძიმე მდგომარეობაშია:
„კვლევითი სფერო ამ წუთას მძიმე მდგომარეობაშია მარტივი მიზეზის გამო – კვლევითი ინსტიტუტების ინტეგრაცია მოხდა უნივერსიტეტებთან.
ინსტიტუტებისთვის, რომლებიც მიუერთდნენ უნივერსიტეტებს, წლიურად დაფინანსების სახით მოდის 32 მილიონი ლარი, რომელიც რეალურად არის მიმდინარე ხარჯების და ხელფასების ანაზღაურება. რუსთაველის ფონდს გადაეცემა დამატებით 32 მილიონი ლარი.
საბოლოო ჯამში, წელიწადში მეცნიერების განვითარებაზე გამოყოფილია მაქსიმუმ 70 მილიონი ლარი. ეს თანხა რომ გადავიყვანოთ ევროში ან დოლარში, საუკეთესო შემთხვევაში, თანამედროვე კვლევითი საგრანტო დაფინანსებისთვის არის 10-12 სერიოზულია გრანტი, მეტი არა“.
მეცნიერი აღნიშნავს, რომ ინსტიტუციებს, რომლებიც კვლევით საქმიანობას ეწევიან, დამატებითი დაფინანსება კვლევითი საქმიანობის წარმოებისათვის არ აქვთ. იგი ერთმანეთს ადარებს საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებში სამეცნიერო სფეროსთვის გამოყოფილ თანხებს:
„ჯამში, საქართველოში მეცნიერებაზე წასული დაფინანსება მთლიანი შიდა პროდუქტის 0.3 პროცენტია. ეს, ფაქტობრივად, არაფერია – იმისთვისაც კი არ არის საკმარისი, რათა არსებული დონე შევინარჩუნოთ, ამისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 1 პროცენტი მაინც არის საჭირო. ევროკავშირის ქვეყნებს თუ შევადარებთ, იქ სამეცნიერო სფეროს დაფინანსება საშუალოდ, მთლიანი შიდა პროდუქტის 3-4 პროცენტია, ზოგიერთ ქვეყანაში 7 პროცენტამდეც ადის. ჩვენ ასეთ ფუფუნებამდე დიდი ხანი ვერ მივალთ“.
პროფესორი ასევე საუბრობს საქართველოს საერთაშორისო პროექტებში ჩართულობაზე, რომელიც ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულებამ მოუტანა.
საქართველო მონაწილეობს „ჰორიზონტი 2020-ში“ (Horizon 2020 Research & Innovation) და ახლა იღებს მონაწილეობას „ჰორიზონტი ევროპაშიც“ (Horizon Europe), რომელიც 2021 წლიდან დაიწყო, 2027 წლამდე გრძელდება და რომლის ბიუჯეტიც 93.5 მილიარდი ევროა.
მართალია, ამ საგრანტო შესაძლებლობებიდან საქართველოში გრანტების მცირე რაოდენობა წამოვიდა, თუმცა საქართველოსთვის მაინც წარმატებაა. მეცნიერი მთავარ პრობლემად მიიჩნევს იმას, რომ საქართველოში მეცნიერების მენეჯმენტი ყურადღების მიღმაა დარჩენილი:
„პროგრამაში მონაწილეობისთვის ჩვენ ვიხდით საწევრო გადასახადს, ამ საწევროს თითქმის 90 პროცენტს ევროკავშირი გვიბრუნებს უკან, მეცნიერებაში ჩასადებად და მისი განვითარების მიზნით. თუ არ ჩავთვლით, რომ გაკეთდა „ჰორიზონტი 2020“-ის ოფისები დიდ უნივერსიტეტებში, დღემდე, ქვეყანას კონკრეტული სტრატეგიული პრიორიტეტი არ განუსაზღვრავს, რომელშიც ფულს ჩადებდა.
ცენტრალური პრობლემაა, რომ მეცნიერების მენეჯმენტი საერთოდ ყურადღების მიღმა რჩება“.
მეცნიერი თვლის, რომ აუცილებელია კვლევით დარგებს მიენიჭოს პრიორიტეტი, რაც მოხდა ესტონეთში ევროინტეგრაციის შემდეგ და ძალიან დიდი შედეგიც მოიტანა:
„ყველა ქვეყანას აქვს შემუშავებული გარკვეული პრიორიტეტი. ეს პრიორიტეტები შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ 10 წელი მაინც უნდა იყოს, რათა იცოდე, რა მიმართულებით იკვლევ.ჩვენ შემთხვევაში არ არსებობს ასეთი პრიორიტეტიზაცია – რომელი დარგი განვავითაროთ. მაგალითად, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას 84 პრიორიტეტი აქვს გამოყოფილი, მაშინ, როდესაც ამერიკის მეცნიერების ფონდს აქვს 4 პრიორიტეტი.
ესტონეთმა, მას შემდეგ, რაც გათავისუფლდა, პირველივე სტრატეგიაში (ახლა უკვე მეცნიერების და განათლების განვითარების მეხუთე სტრატეგია აქვთ გამოყოფილი), როგორც კი დაასრულეს პროგრამული აკრედიტაცია, დადო 4 პრიორიტეტი. ამ 4 პრიორიტეტით ესტონეთი სად წავიდა თავის მეცნიერებაში, ყველამ კარგად ვიცით“.
მარინე ჩიტაშვილი სამეცნიერო სფეროს ძირეულ პრობლემად მიიჩნევს დოქტორანტებისთვის დაფინანსების არარსებობას:
„სანამ ჩვენ არ ვაფინანსებთ დოქტორანტურას, მანამ არ ვქმნით ცვლას იმისათვის, რომ კვლევა გაგრძელდეს საქართველოში. ყველამ, ვისაც არ გადაუწერია და გაუკეთებია დისერტაცია, კარგად იცის, რომ ეს არის ჯოჯოხეთური შრომა და სხვა რამისათვის დრო აღარ გაქვს. როცა დოქტორანტს ავალებ, რომ საკვლევი თემისა და ჩვეულებრივი ყოფითი სიტუაციების გარდა, სხვა რამეები აკეთოს, ის ვეღარ იფიქრებს მეცნიერებაზე.
ამიტომ უნდა გადაიხედოს სადოქტორო პროგრამები – რომელი პროგრამაც არ ვარგა, უნდა დაიხუროს; რამდენიმე უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს ერთი სადოქტორო პროგრამა, რომელშიც ჩადებენ თავიანთ რესურსებს. როგორც ევროკავშირი გვეუბნება, დოქტორანტები უნდა იყვნენ ახალგაზრდა მკვლევრები და მიიღონ ხელფასი იმისათვის, რათა დაასრულონ თავიანთი დისერტაცია“.
ამ საკითხზე ვესაუბრეთ განათლების მკვლევარ ლელა ჩახაიას, რომელიც ამჟამად დოქტორანტებთან მუშაობს და ასევე აქვს სადოქტორო საფეხურზე ევროპაში სწავლის გამოცდილებაც:
„2012 წელს ჩავაბარე დოქტორანტურაში ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტში (European University Institute). ეს არის ევროკავშირის მიერ დაარსებული კვლევითი ინსტიტუტი – ძირითადად კვლევაზეა ორიენტირებული და აქვს როგორც სადოქტორო, ისე პოსტსადოქტორო პროგრამები.
ევროკავშირის ყველა ქვეყანა აფინანსებს საკუთარ მოქალაქეებს და გამოყოფს როგორც სასწავლო, ასევე ყოველთვიურ საცხოვრებელ სტიპენდიას, რათა დამატებით მუშაობა არ მოგიწიოს და გქონდეს შემოსავლის წყარო. საქართველო ევროკავშირის წევრი არ არის, ამიტომ სხვადასხვა ქვეყანას ჰქონდა გამოყოფილი დაფინანსება არაევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის და მე დამაფინანსა იტალიის მთავრობამ“.
ლელა ჩახაია აღნიშნავს, რომ საქართველოში სტუდენტებისთვის ძალიან რთულია ცხოვრება, თუმცა დოქტორანტებისთვის განსაკუთრებულად რთულად დგას ეს საკითხი:
„როცა დოქტორანტურის ეტაპამდე მიდიხარ, უკვე ასაკიც ისეთი გაქვს, რომ ოჯახი ვეღარ გარჩენს. საქართველოში დოქტორანტების მდგომარეობა ასეთია – დღე და ღამე მუშაობენ და საღამოს შვიდიდან ეწყებათ ლექციები.
ჩემი გამოცდილება ამისგან ძალიან განსხვავებული იყო. სწავლის გადასახადი მთლიანად დამიფარეს და მეძლეოდა სტიპენდია, რომელიც მყოფნიდა საცხოვრებლად. ეს ძალიან დიდი ფუფუნებაა დოქტორანტისთვის, რომელსაც უნდა კონცენტრირდეს თავის კვლევაზე.
მეორე მხრივ, ეს ფუფუნება არ არის, ეს არის რეალურად ის, რაც გჭირდება, რათა განვითარდე და განივითარო ის უნარ-ჩვევები, რაც უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომელიც ასრულებს დოქტორანტურის საფეხურს“.
მეორე მნიშვნელოვან ფაქტორად ლელა ჩახაია აკადემიური პერსონალის დაფინანსების საკითხს მიიჩნევს:
„მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია აკადემიური პერსონალის მიერ დოქტორანტისთვის ხელმძღვანელობის გაწევა. საქართველოში, როგორც სტუდენტს, ისე აკადემიურ პერსონალს არ აქვს იმის საშუალება, რომ სრულად კონცენტრირდეს თავის კვლევასა და სტუდენტებზე – ანაზღაურება არ არის შესაბამისი და ბევრ ადგილას უწევთ მუშაობა.
გარდა ამისა, თავად უმაღლესი განათლების დაფინანსების სისტემაც ასეთია საქართველოში – აკადემიურ პერსონალს ხელფასს უხდიან სწავლებაში, არა ხელმძღვანელობაში ან საკუთარი კვლევის წარმოებაში, ეს არაფერში ეთვლებათ.
დოქტორანტი კი, რომელსაც ჰყავს ხელმძღვანელი და მას ხელმძღვანელობა არაფერში ეთვლება, დიდი პროფესიონალი და ძალიან მონდომებულიც რომ იყოს, ვერ იქნება ისეთი კარგი ხელმძღვანელი, როგორი კარგიც მე მყავდა დოქტორანტურაში სწავლის პერიოდში – მას ჰქონდა მოტივაცია, ჩემთვის კარგად ეხელმძღვანელა“.
საუბრის დასასრულს ლელა ჩახაია დასძენს, რომ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უნივერსიტეტებში სხვადასხვა რესურსის არსებობა.
„საერთაშორისო მონაცემთა ბაზები, ჟურნალების ბაზები, კომპიუტერული პროგრამები, სტატისტიკური ანალიზის პროგრამები, ეს არის ის რესურსი, რომელიც უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, ეს რესურსი აქაც არსებობს, თუმცა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ევროპაში“ – ამბობს ის.
მასალა მომზადებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. „ბათუმელების“ მიერ გამოქვეყნებული მასალა არ ასახავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოზიციას.
,,ბათუმელები” ინარჩუნებს სრულ სარედაქციო დამოუკიდებლობას.