ოპტიმო გაყიდვებისა და მარაგების მართვის ქართული პროგრამაა, რომელიც 4000- მდე სავაჭრო ობიექტს უმარტივებს გაყიდვა-აღრიცხვის პროცესებს.
ოპტიმოს ბათუმში 100-ზე მეტი მაღაზია იყენებს გაყიდვების და მარაგების კონტროლისთვის. ამჯერად კი, უკვე ადგილობრივი ფილიალიც გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღაზიებს პროგრამის გამოყენება და მხარდაჭერის მიღება უფრო მარტივად შეეძლებათ. გარდა ფილიალისა, ოპტიმო სხვადასხვა შეთავაზებებს სთავაზობს ადგილობრივი ბიზნესისა და მაღაზიის მფლობელებს.
ვისთვისაა ოპტიმო განკუთვნილი?
ნებისმიერი ტიპის საცალო ვაჭრობის ბიზნესისთვის, თუ გაქვთ მაღაზია, საცხობი, სტენდი ან სწრაფი კვების ობიექტი – ოპტიმოს მაღაზიის პროგრამა დაგეხმარებათ, რომ მარტივად მართოთ მარაგები, აღრიცხოთ გაყიდვები, დაგეგმოთ შესყიდვები, გაეცნოთ სტატისტიკასა და რეპორტებს.
რატომ უნდა აირჩიო ოპტიმო?
ოპტიმო სრულად არის მორგებული მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებს. პროგრამა გამოირჩევა მარტივი და თანამედროვე ფუნქციონალით, რომლის ათვისება მოლარეს 10 წუთშიც კი შეუძლია, ხოლო მაღაზიის გამართვა პირადი მენეჯერის ჩართულობით – ერთ დღეშიც კი შესაძლებელია. აღსანიშნავია ისიც, რომ ტექნიკური მხარდაჭერისა და პირადი მენეჯერის მომსახურებას ოპტიმო, ზედმეტი გადასახადების გარეშე სთავაზობს თავის მომხმარებლებს.
ოპტიმოს კიდევ ერთ უპირატესობას წარმოადგენს ქლაუდი, სადაც ბიზნესის შესახებ სრული ინფორმაციაა დაცული, რაც სავაჭრო ობიექტის დისტანციური მართვის შესაძლებლობას იძლევა, როგორც ლეპტოპიდან, ასევე ტელეფონიდან.
რა ღირს ოპტიმოთი სარგებლობა?
ოპტიმო, სერვისისა და ფუნქციონალის მრავალფეროვნების მიუხედავად, მომხმარებლებს ხელმისაწვდომ ფასს სთავაზობს. პროგრამის ღირებულება თვეში მხოლოდ 40 ლარიდან იწყება და ბიზნესისთვის საჭირო სრულ მომსახურებას უზრუნველყოფს.
დღეს, 23 ოქტომბერს, კოალიციამ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ბრიფინგი გამართა.
„ქართული ოცნება არიგებს ბიულეტენებს სადემონსტრაციოდ, სადაც ძირითადი პროდასავლური ოპოზიციური პარტიები არის მოხსენიებული, როგორც ომის პარტია. ვითხოვთ ცესკოსგან და უსკოსგან მოახდინონ დაუყოვნებლივი რეაგირება. ის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ეწევა ძალადობას პროპაგანდას, მოიხსნას რეგისტრაციიდან. ეს არის ჩვენი მოთხოვნა“, – გვეუბნება „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა ქაშიბაძე.
ქაშიბაძის თქმით, ღიად მიმართეს ცესკოს და უსკოს, რადგან „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიაში გამოყენებული ეს ბიულეტენები პირდაპირი მტკიცებულებაა და არ საჭიროებს დამატებით გამოძიებას.
„ეს ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ მეორე პოლიტიკურ ორგანიზაციაზე ზეწოლა და პოლიტიკურ კამპანიაში პირდაპირი ხელშეშლაა“, – ამბობს ენმ-ს წევრი.
“ქართული ოცნების” მიერ გაკეთებული ბიულეტენი, რომელსაც წინასაარჩევნო კამპანიისას იყენებს.
ჩვენ ვიცით და ინფორმაციაც გავასაჯაროვეთ, რომ სხვადასხვა ბაღის, უნივერსიტეტების თანამშრომლებს აძალებდნენ თბილისში ჩასვლას „ოცნების“ დღევანდელ შეხვედრაზე. სხვა სახის კამპანია არ აქვთ გარდა იმისა, რომ მოსახლეობა დააშინონ და ეს ბიულეტენებიც ამის ნათელი მტკიცებულებაა“.
ქაშიბაძე ამბობს, რომ ქობულეთის გაერთიანების ხელმძღვანელი, 30 ლარს სთავაზობდა გაერთიანების თანამშრომლებს „ოცნების“ დღევანდელ ღონისძიებაზე წასვლის სანაცვლოდ.
„ინფორმაციას მოქალაქეები გვაწვდიან. ბევრი მათგანი საჯარო სამსახურშია დასაქმებული და არ სურთ მათი ვინაობის გასაჯაროება. მიუხედავად ამისა, ღიად გვეუბნებიან რა ხდება და როგორ ხდება: ბაღების, უნივერსიტეტების ადმინისტრაციის თანამშრომლები და ა.შ. მაგალითად, ვიცით, რომ საზღვაო აკადემიის თანამშრომელმა სტუდენტებს უთხრა, თუ არ წახვალთ „ოცნების“ ღონისძიებაზე შეგექმნებათ პრობლემები და არ დაგიწერენ შესაბამის შეფასებასო. ეს ვიცით, უშუალოდ იმ სტუდენტებისგან, ვისაც ესაუბრა ამის შესახებ“, – გვეუბნება ნიკა ქაშიბაძე.
“ბათუმელები” დავუკავშირდით ცესკოსა და უსკოს და ვკითხეთ, განიხილავენ თუ არა აღნიშნულს დარღვევად და თუ კი, როგორი იქნება რეაგირება.
„ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რასაც არ უნდა ეხებოდეს ის, თუ იქნება მომართვა, საარჩევნო ადმინისტრაცია შეისწავლის საკითხს და ექნება სათანადო რეაგირება. შესაბამისად, თუ აღნიშნული პირები თვლიან, რომ ადგილი აქვს რაიმე სახის დარღვევას არა მხოლოდ საჯარო განცხადებები უნდა გააკეთონ, არამედ უნდა დაწერონ საჩივარი, მოგვმართონ. ჩვენ მოვიკვლევთ და განვიხილავთ საკითხს და გვექნება რეაგირება კანონის შესაბამისად“, – მოგვწერეს ცესკოდან და უსკოდან.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 ოქტომბრის 21 საათიდან 24 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 13 – 18 გრადუსი
ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
ღამით: -2 გრადუსი ყინვა – 3 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში
დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა: 2-3 ბალი, ზღვის წყლის ტემპერატურა +21 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 25-26 ოქტომბერს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში – ზოგან თოვა.
თუ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიას გადაავლებთ თვალს, მარტივად შენიშნავთ, რომ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოების უდიდეს ნაწილზე, რომლებიც „ოცნების“ ამომრჩევლებთან შეხვედრას ასახავს, ამომრჩევლები ძირითადად კაცები არიან.
ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია მაღალმთიან აჭარაში, სადაც „ოცნების“ კამპანია, მმართველი პარტიის მიერვე გამოქვეყნებული ფოტომასალის თანახმად, ფაქტობრივად, ქალების გარეშე მიმდინარეობს.
მაგალითად, აი, ეს ფოტო, სწორედ ამ ტენდენციას ასახავს.
„ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია ღორჯომში. ფოტო/ ვახტანგ ბერიძის Facebook გვერდი.
ეს და სხვა ფოტოები, სადაც ასევე მხოლოდ კაცებს ვხედავთ, ხულოს ყოფილმა მერმა, ვახტანგ ბერიძემ თავის ფეისბუქგვერდზე 27 სექტემბერს გამოაქვეყნა. ფოტოები ღორჯომშია გადაღებული, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. ადგილობრივებს სცენიდანაც მხოლოდ კაცებმა მიმართეს.
„ბათუმელებმა“ სცადა ხულოში „ოცნების“ კანდიდატისთვის, ვახტანგ ბერიძისთვის [ის მერის თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც კანდიდატად დაასახელეს] ეკითხა, რატომ არ ესწრებიან მასთან შეხვედრებს ქალები და კამპანიაში ქალების ნაკლებობა თუ არის მისთვის პრობლემა. იმავე შეკითხვით მივმართეთ პარლამენტარ ანზორ ბოლქვაძეს. ვახტანგ ბერიძემ სატელეფონო ზარს არ უპასუხა, ანზორ ბოლქვაძემ კი „ქართული ოცნების“ შტაბის პრესსამსახურში გადაგვამისამართა, რომელმაც ასევე არ უპასუხა სატელეფონო ზარებს.
ჩვენ ასევე დავუკავშირდით ნარგიზ დეკანაძეს, ხულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეს, რომელიც „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა ღორჯომში საარჩევნო შეხვედრაზე. დეკანაძეს ვკითხეთ, ხომ არ იცის, რატომ არ ესწრებიან „ოცნების“ კანდიდატების შეხვედრას ქალები?
ნარგიზ დეკანაძემ სმს შეტყობინებით გვიპასუხა და დაგვიდასტურა, რომ ეს იქნებოდა მისი ოფიციალური კომენტარი. მან მოგვწერა:
ნარგიზ დეკანაძემ რამდენიმე ფოტო გამოგვიგზავნა. გთავაზობთ ერთ-ერთს.
„ბათუმელებმა“ სცადა ამ სოფლებში ქალებისთვისაც ეკითხა, რატომ არ/ვერ ესწრებიან მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებულ წინასაარჩევნო შეხვედრებს. მათ ამ თემაზე საუბარი არ ისურვეს.
„საარჩევნო შეხვედრა შუახევში, წყალსაყრის თემის მოსახლეობასთან“ – ამ აღწერით ფოტოს საკუთარ გვერდზე აქვეყნებს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე.
ეს ფოტო კი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბის გახსნაზე, 4 ოქტომბერსაა გადაღებული თბილისში. აქაც კარგად ჩანს, რომ შეხვედრის მონაწილეთა უმრავლესობა კაცია.
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბის გახსნის დღე. ფოტო/ ქართული ოცნების ფეისბუქგვერდი.,,ქართული ოცნების” პროგრამის პრეზენტაცია თბილისში
ეს ფოტო 13 ოქტომბერს თავის ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა ბიზნესმენმა გია ჭყონიამ აღწერით, „შეხვედრა ახალგაზრდებთან. ახალგაზრდების აზრი და შეხედულებები ჩვენი რეგიონის განვითარებასთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესია“. გია ჭყონია „ოცნების” დელეგატია ქობულეთიდან.
ქალების ნაკლებობა შეიმჩნევა „ოცნების“ პარტიულ სიაშიც, სადაც 170 კანდიდატიდან ქალი 27-ია. ხოლო ეგრეთ წოდებულ „გამსვლელ სიაში“ კიდევ უფრო შემცირებულია ქალების რაოდენობა – 50 პირს შორის ქალი მხოლოდ ხუთია.
რას ამბობენ უფლებადამცველები
უფლებადამცველი იდა ბახტურიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიას თუ შევხედავთ, ქალ ამომრჩეველთან საერთოდ არ ჩანს არანაირი კომუნიკაცია, მაშინ, როცა საქართველოში ამომრჩევლების 54 პროცენტი ქალია. „ეს არის ძალიან დიდი რიცხვი იმისთვის, რომ ასე დააიგნორო ქალები“, – ამბობს ის.
უფლებადამცველი „ოცნების“ პოლიტიკას განსაკუთრებულად „ანტიგენდერულს“ უწოდებს ბოლო სამი წლის განმავლობაში. ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას„ კომუნიკაცია არ აქვს ქალ ამომრჩეველთან, რაც აისახება შინაარსზეც: „ისინი არანაირად არ საუბრობენ იმ საჭიროებებზე, რაც გამოწვევად აქვთ ქალებს დღეს საქართველოში“.
ბახტურიძის თქმით, „ქართული ოცნება“ პრაქტიკულად აუქმებს მიღწევებს, რასაც წლების განმავლობაში ქალთა უფლებადამცველებმა და ადამიანის უფლებადამცველებმა სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფთან ერთად მიაღწიეს.
„გარდა იმისა, რომ გააუქმეს გენდერული კვოტირების კანონი, შემოაქვთ სრულიად საწინააღმდეგო კანონები. აუქმებენ და ხელს უშლიან არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას ქვეყანაში, რომლებმაც უნდა დაიცვან ქალთა უფლებები. ღიად ესხმიან თავს აქტიურ ქალებს. ყველანაირად აჩვენებენ, რომ ქალთა უფლებები მათთვის პრიორიტეტი აღარ არის და ეს თანდათანობით უფრო მძიმედ აისახება ჩვენს რეალობაზე, თან იმ მოცემულობაში, როცა ოჯახში ძალადობის თუ ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე საკმაოდ გართულებულია სამართლებრივი რეაგირება. უფლებადამცველებს უფრო მეტი ძალისხმევის გაღება გვიწევს, რომ იყოს ადეკვატური რეაგირება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან“, – ამბობს იდა ბახტურიძე.
უფლებადამცველმა გენდერული კვოტირების გაუქმების პირველ ეფექტზეც გაამახვილა ყურადღება – „ჩვენ უკვე ვნახეთ პოლიტიკური პარტიების გამოქვეყნებული სიები და განსაკუთრებით შემაშფოთებელია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია.
ეს სია ახლოსაც კი არ არის მის მიერ შემოთავაზებულ და შემდეგ გაუქმებულ კვოტირების სისტემასთან. მათი საარჩევნო სიის მხოლოდ მეექვსედია ქალი. ესაა გაუარესებული ვითარება და ახლოსაც კი არ არის წარმომადგენლობითი დემოკრატიის პრინციპებთან. იმასთან, რა ვალდებულებებიც აქვს საერთაშორისო კონვენციებით აღებული საქართველოს ხელისუფლებას და მათ შორის – ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით, რადგან თანასწორობის პრინციპის დაცვას ჩვენ კონსტიტუციაც გვავალდებულებს“, – გვეუბნება იდა ბახტურიძე.
იდა ბახტურიძე, უფლებადამცველი
„როდესაც გენდერული კვოტები გააუქმა ოცნებამ, უკვე ცხადი გახდა, რომ აღარ აპირებდნენ ქალების [პარტიულ] სიაში შეტანას. ეს უკან გადადგმული ნაბიჯია და მხოლოდ „ქართულ ოცნებაზე“ კი არა, ყველაზე უარყოფითად აისახება“, – გვეუბნება ბაია პატარაია, ქალთა უფლებადამცველი.
ბაია პატარაია უფრო მკაცრია მმართველი პარტიის შეფასებებში: „აშკარაა, რომ [ქართულ ოცნებას] სინამდვილეში არ აინტერესებს არც ერთი პრობლემა. მათი ერთადერთი მიზანია სინამდვილეში ხელისუფლებაში დარჩენა და შეუძლიათ, რომ თავისივე რეფორმები, თავისივე წინსვლა მომენტალურად გაყიდონ, გადააგდონ სანაგვეზე თუ პარტიულ ინტერესებს აღარ ეთანხმება.
ჩვენ გაზაფხულიდანვე ვამბობდით, რომ არაფერ შუაში არ იყო „გირჩი“ და ეს იყო თვიდან ბოლომდე „ქართული ოცნების“ ინიციატივა. უბრალოდ, მაშინ გადაწყვიტეს, რომ დარტყმა გადაენაწილებინათ ან რამენაირად მოსახლეობა მოეტყუებინათ და „გირჩისთვის“ დაებრალებინათ ეს ყველაფერი”, – ამბობს ბაია პატარაია, ქალთა უფლებადამცველი.
პატარაიას თქმით, ოპოზიციურ პარტიებში მეტ-ნაკლებად დაცულია კვოტები, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ქალები გამსვლელ პოზიციაზე არიან თუ არა.
„თუ ქალები სიის ბოლოში იყრიან თავს, მაშინ აზრი აღარ აქვს… როდესაც ჩვენ კვოტებზე ვსაუბრობთ, ყველაფერს მნიშვნელობა აქვს. მთლიან მაჩვენებელს და ასევე რამდენადაა დაცული რიგითობა”.
უფლებადამცველის შეფასებით, საქართველოში პარტიები შიდაპარტიულადაც არ არიან ჯერ დემოკრატიულები: „პრაქტიკულად არ არსებობს პარტია, რომელსაც მკაფიოდ აქვს გაწერილი და სამართლიანი წესები, თუ როგორ დგება სია ამ პარტიაში… როგორც წესი, პარტიას, რომელსაც მართავენ კაცები და გადაწყვეტილების მიმღები და ლიდერები არიან კაცები, სწორედ ეს ერთი, ორი თუ სამი კაცი ადგენს საბოლოო სიას და ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, რა დროსაც ყოველთვის გამოტოვებულები არიან ქალები“.
პატარაია ამბობს, რომ პოლიტიკა ბევრი ქალისთვის აღარც არის საინტერესო, რადგან აქ ისინი თანამდებობებს დამსახურების მიხედვით ვერ იღებენ: „ვხედავთ, რომ ქალ პოლიტიკოსებზე იერიშის მიტანა ბევრად უფრო, მდაბიო და ველური მეთოდებით ხდება“.
ბაია პატარაია
გაუქმებული გენდერული კვოტირება
გენდერული კვოტა წარმოადგენს კანონით განსაზღვრულ ნორმას პოლიტიკურ ინსტიტუციებში – საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ქალთა მონაწილეობის გასააქტიურებლად. კვოტირების იდეა მოიაზრებს ქალთა დაცვას პოლიტიკური იზოლაციისგან და ხელს უწყობს ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორი პოლიტიკური წარმომადგენლობის უზრუნველყოფას.
გენდერული კვოტირების მექანიზმი საქართველოში მეცხრე მოწვევის პარლამენტმა 2020 წელს მიიღო „ქართული ოცნების“ ინიციატივით.
26 ოქტომბერს კი საქართველოში პირველი არჩევნები ჩატარდება გენდერული კვოტირების გაუქმების შემდეგ.
საქართველოს პარლამენტმა გენდერული კვოტირება ამ წლის 4 აპრილს გააუქმა. კანონპროექტის გაუქმებას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, 22 კი წინააღმდეგი იყო. კვოტების გაუქმების შესახებ კანონპროექტი პარტია „გირჩმა“ ბიუროზე პირველ აპრილს წარადგინა, „ქართულმა ოცნებამ“ კი მხარი დაუჭირა მის განხილვას დაჩქარებული წესით.
ამჟამად „ქართულ ოცნების“ პარტიული სიის პირველ ოცეულში მხოლოდ 4 ქალია. ეს მაჩვენებელი პროცენტებში რომ წარმოვიდგინოთ, პირველი ოცეულის 80 პროცენტს კაცები იკავებენ.
პირველ ოცეულში ქალთა წარმომადგენლობის მაჩვენებელი შემდეგნაირადაა გადანაწილებული ოპოზიციურ პარტიებში:
„გახარია საქართველოსთვის“ – 6 ქალი, 30%.
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ – 8 ქალი, 40%
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 5 ქალი, 25 %
კოალიცია „ძლიერი საქართველოსთვის“ – 9 ქალი, 45 %.
რას ამბობენ „ქართული ოცნების“ ქალი დეპუტატები
„ბათუმელებმა“ სცადა „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ნინო წილოსანს დაჰკავშირებოდა. მისთვის გვინდოდა გვეკითხა, როგორ აფასებს პარტიის წინასაარჩევნო კამპანიებში ქალების ჩაურთველობას. ასევე, გვაინტერესებდა, რას ფიქრობს „ქართული ოცნებისა“ თუ ოპოზიციური პარტიების საპარლამენტო სიებში ქალთა რაოდენობაზე გენდერული კვოტირების გაუქმების ფონზე.
ნინო წილოსანმა გვითხრა, რომ დრო არ აქვს.
გენდერული კვოტირების გაუქმებას მხარს უჭერდა დეპუტატი მარიამ ლაშხი, რომელიც გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს წევრიცაა.
ლაშხის თქმით, ესა თუ ის ფაქტი პარლამენტში გენდერული ნიშნით შეურაცხყოფად თუ კვალიფიცირდება – „ვიღაც უნდა იყოს განმცხადებელი, [გენდერული თანასწორობის] საბჭომ პოზიცია რომ დააფიქსიროს“.
მმართველი პარტიის დეპუტატის თქმით, „სამწუხაროდ, ალბათ ოპოზიციის წარმომადგენლებს ვერ ექნებათ დაფიქსირებული [ფაქტები], რადგან საერთოდ არ აქტიურობენ და არც იმაში მონაწილეობდნენ წინა მოწვევის პარლამენტში, რომ გენდერული კვოტები არსებულიყო…
მაგალითად ირაკლი ბერაიას მხრიდან, როდესაც იყო მსგავსი შემთხვევა, ამ საკითხზე განხილვა გვქონდა შიგნიდან. უმრავლესობის ქალბატონები ვესაუბრეთ დეპუტატსაც და შემდეგ ბოდიში მოიხადა. სამწუხაროდ, იდეალურად არ არის და გადაცდომები არსებობს“.
მარიამ ლაშხი ამბობს, რომ გადაცდომაა, როდესაც ხელით გეხებიან და იხსენებს, რომ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა თმებზე მოქაჩა – „ხელით შეხება უმრავლესობის მხრიდან, მით უმეტეს ქალის მხრიდან ისტორიაში არ მახსოვს მე საქართველოს პარლამენტის მოწვევაში“.
მარიამ ლაშხი „ბათუმელებთან“ საკუთარ თავს გენდერული კვოტირების „დიდ ადვოკატს“ უწოდებს: – „ჩემი აზრით, ჯერ ადრე იყო ამის [გენდერული კვოტირების] გაუქმება და კარგი იქნებოდა, რომ გაგრძელებულიყო. მით უფრო, რომ ჩვენ თვითონ გვქონდა დაპირება, კიდევ უფრო უნდა გაზრდილიყო პროცენტული მაჩვენებელი [ქალების ჩართულობის პოლიტიკაში] თუმცა პირდაპირ და ღიად ითქვა, რომ ეს გახდა პოლიტიკური ვაჭრობის საგანი ჩვენსა და „გირჩს“ შორის. დავთმეთ ჩვენ…“
ლაშხი გვეუბნება, რომ ისურვებდა „ქართული ოცნების“ პარტიულ სიაში თანაბრად ყოფილიყვნენ ქალები და კაცები – „…ვინაიდან ჩვენ ჯერ კიდევ კულტურაში გვაქვს ის, რომ უმეტესად დელეგატები არიან მამრობითი სქესის. შესაბამისად, აი, ამ დელეგატების სიაში ჭარბობს მამაკაცების რაოდენობა…“
ლაშხს ვკითხეთ, რას აჩვენებს მისთვის „ქართული ოცნების“ პირველ ოცეულში მხოლოდ ოთხი ქალის მოხვედრა. დეპუტატი თვლის, რომ რიგითობა მნიშვნელოვანი არ არის – „თუ ასე მივიჩნევთ ჩემს შემდეგ ნინო წილოსანი არ უნდა იყოს იმ მიღწევებით, ისტორიით და პოლიტიკური კარიერის ცხოვრებით, ვიდრე მე მაქვს“.
პარტიულ სიაში მარიამ ლაშხი 59-ეა, ნინი წილოსანი კი – 61-ე.
დეპუტატი მარიამ ლაშხი
ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები
პარლამენტარი ანა ნაცვლიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ის, თუ როგორ კომპლექტდება და რა პრინციპებზე დაყრდნობით ხდება პარტიის სიის ფორმირება, აჩვენებს, თუ როგორ უყურებს პარტია საკუთარ მოქალაქეებს, პოლიტიკურ პროცესს და ზოგადად, საქმეს.
დეპუტატის შეფასებით, ქალის და კაცის თანასწორობის იდეას „ქართული ოცნება“ არ აღიარებს და „ოცნების“ პოლიტიკა და პარტიული სიაც ამის მაგალითია.
„გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების 12წინაპირობის ერთ-ერთი საკვანძო საკითხია, მაგრამ „ოცნება“ არ არის ღირებულებებზე დაფუძნებული პარტია. კარგად ჩანს, რომ აქვთ მომხმარებლური დამოკიდებულება… ამიტომ რაიმე მყარი პრიორიტეტები, ღირებულებები, პრინციპები არ აქვთ. მათი პარტიული სიაც სწორედ ამას ავლენს…
როცა საუბრობენ კეთილდღეობაზე, დაცულობაზე თუ უსაფრთხოებაზე, მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ასეთი შედეგი მოაქვს სწორედ დაბალანსებულ პარტიულ სიებს, სადაც მეტი ქალი და შშმ პირია წარმოდგენილი”, – ამბობს ნაცვლიშვილი.
ნაცვლიშვილის აზრით, „ქართულ ოცნებას“ ქალების ეშინია, რადგან ამ მოწვევის პარლამენტში მათ სერიოზულ პრობლემებს უქმნიდნენ სწორედ ქალი დეპუტატები აქტიურობით.
„ამის უკან იდგა რეალური შრომა, კომპეტენცია, გამბედაობა და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ამ მოწვევის ქალმა დეპუტატებმა მოვახერხეთ, რასაც ხშირად კაცები ვერ ახერხებენ, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ქალი დეპუტატები საკვანძო საკითხებში ერთად ვმდგარიყავით, ერთმანეთისთვის სოლიდარობის გამოხატვა არ გაგვჭირვებია“, – გვითხრა ანა ნაცვლიშვილმა.
დეპუტატი ყურადღებას ამახვილებს „ოცნების“ დეპუტატების ქცევასა და ლექსიკაზეც და ამბობს, რომ იმ კონტექსტში, როგორშიც ჩვენ ვიმყოფებით, პოლიტიკოს ქალებზე ვერბალური თავდასხმა გაცილებით უფრო ხშირი, უფრო მძიმე ამბავია თვითონ ამ ქალებისთვის, მათი ოჯახის წევრებისა და საზოგადოებისთვის.
„პირდაპირ ვიტყოდი, რომ „ქართული ოცნების“ მთელი ხაზი, რომელიც ვითომ ტრადიციების დაცვაზეა აგებული, პირიქითაა. ისინი პირდაპირ ეთერში აჩვენებდნენ ქართულ საზოგადოებას, როგორ ანგრევდნენ ქართულ ტრადიციებს და ღირებულებებს. იმ ხარისხის სიტყვიერი თავდასხმა ქალებზე, როგორიც განახორციელეს და რა თემებსაც შეეხნენ, რა მასშტაბის სიძულვილიც ანთხიეს ქალების მიმართ…
პოლიტიკაში დისკუსია, რა თქმა უნდა, უნდა იყოს, ვერ გავექცევით პერსონალურ თავდასხმებსაც, მაგრამ აქ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთილი იყო – რაც თეონა აქუბარდიას, ხატიას, ჩემთან დაკავშირებით ილაპარაკეს…“ – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
ანა ნაცვლიშვილი
მისი თქმით, ამ ყველაფრით „ქართული ოცნება“ ცდილობდა, ნებისმიერ ფასად გაეჩერებინა ქალი დეპუტატები.
დეპუტატი აღნიშნავს იმასაც, რომ პარლამენტში მსგავსი ტიპის თავდასხმებზე უნდა რეაგირებდეს მაგალითად, გენდერული თანასწორობის და ეთიკის საბჭოები, თუმცა ქალებზე თავდასხმის შემთხვევაში არც ერთი საბჭო ფუნქციური არ ყოფილა.
ანა ნაცვლიშვილი იხსენებს, რომ გენდერულმა საბჭომ ერთადერთი საქმე განიხილა და მერე შეწყვიტა ამ ტიპის საქმეების განხილვა:
„ეს საქმე იყო თინა ბოკუჩავას „გადადგმა“ შალვა პაპუაშვილის მიერ. ამ სხდომაში მე ვიღებდი მონაწილეობას. საბჭომ დაადგინა, რომ აქ არანაირი გენდერული ნიშანი არ იყო და პრობლემა ვერ დაინახა. ეს იყო უმრავლესობის გადაწყვეტილება. ერთადერთი განსხვავებული აზრი დაიწერა ჩემი ძალიან პრინციპული მოთხოვნით, რომ საქმეს დართვოდა განსხვავებული აზრი, სადაც დავასაბუთე, თუ რატომ იყო მიუღებელი ასეთი ქცევა პარლამენტში და მათ შორის, რატომ იყო ეს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობა პარლამენტის დარბაზში“.
დეპუტატი თამარ კორძაია ამბობს, რომ ქალი პოლიტიკოსების საქმიანობის შეფასებას ყოველთვის ახლავს თან მას გენდერული განზომილება. მაგალითად, ბილწსიტყვაობა, რასაც, როგორც წესი, ქალები ერიდებიან და საბოლოოდ იკარგებიან ამ პროცესში – თავს ანებებენ აქტიურობას.
„მერე მამაკაცები, მაგალითად, „გირჩის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქალებს არ აინტერესებთ პოლიტიკა. სინამდვილეში კი ეს ასე არ არის – უბრალოდ ნაკლებ კონფლიქტურები არიან და ამიტომაც შეიძლება არ შედიოდნენ მსგავს ორთაბრძოლაში, რასაც ჰქვია „უწესო ბრძოლები“.
კორძაიას თქმით, გენდერული კვოტების გაუქმებამ აჩვენა, რომ პატრიარქალურმა საზოგადოებამ იმძლავრა და პოლიტიკაში ე.წ. „კაცური მოლაპარაკებებია“.
თამარ კორძაია
„გადამწყვეტ არჩევნებს რასაც ვეძახით ჩვენ ახლა, ეს არ გადის წესიერ კამპანიასა და წესიერ პოლიტიკურ ბრძოლაზე. ეს გადის დაშინებაზე, მოსყიდვაზე… ისეთი ტიპის კავშირებზე, რომელშიც ქალი ზედმეტია, იმიტომ, რომ მაგალითად ქალი არ დაივლის და არ გასცემს ბრძანებებს ქუჩის ბიჭებთან“.
დეპუტატის შეფასებით, როცა კაცები იღებენ გადაწყვეტილებას ამა თუ იმ სფეროში პოლიტიკის წარმართვაზე, ის ვერ იქნება სრულფასოვანი, თუ ამ პროცესში არ იქნებიან ქალები.
„ჩვენ აუცილებლად დავინახავთ ამის მავნე შედეგებს. მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო პარალელი, რომ რუსეთში გააუქმეს ოჯახში ძალადობა, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული. თუ ასე გაგრძელდა, მე არ გამიკვირდება, რომ ჩვენც მივიდეთ აქამდე, მაშინ როდესაც ამ ფორმების პრევენციაზე უნდა ვმუშაობდეთ…“, – გვითხრა კორძაიამ.
დეპუტატ თეონა აქუბარდიას თქმით, გარდა იმისა, რომ ქალი პოლიტიკოსები ოპოზიციიდან იყვნენ თავდასხმის ობიექტები „ქართული ოცნების“ მხრიდან, ვხედავთ იმას, რომ მათ საერთოდ გააქრეს თავიანთი თანაგუნდელი ქალები საარჩევნო კამპანიიდან.
„ვხედავთ სრულიად არქაულ მიდგომას, როცა მხოლოდ კაცები დგანან პოლიტიკურ სცენაზე, ისევე როგორც მედიასთან საუბრობენ ისინი. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს საფრთხის შემცველია, როგორც ზოგადად დემოკრატიისთვის, ასევე ისეთი საკითხების მოგვარებისთვის, რომელიც ამ ქვეყნის 50 პროცენტს, ქალებს აწუხებთ“.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 23 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 683 040 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 460]
ტანკი – 9 088 ერთეული [+9]
ჯავშანტექნიკა – 18 229 ერთეული [+30]
საარტილერიო სისტემა – 19 674 ერთეული [+51]
MLRS – 1 234 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 981 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 17 489 ერთეული [+85]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 625 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 27 217 ერთეული [+106]
სპეცტექნიკა – 3 509 ერთეული [+10]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 23 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
646 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
34 095 უპილოტო საფრენი აპარატი
583 საზენიტო სარაკეტო სისტემა
18 753 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 478 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
16 530 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
27 468 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ავტორიტარული მმართველებისთვის სახასიათოა ასეთი ქცევა, როცა ხელისუფალს ადამიანების სიღარიბეში დატოვება სურსო, ამბობს პოლიტიკის ანალიტიკოსი სალომე კანდელაკი. ასეთი ხელისუფლებისთვის სიღარიბე საყრდენად იქცევა, მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა ძალაუფლება რომ შეინარჩუნოს.
პოლიტიკის ანალიტიკოსს სიღარიბის დაძლევის სახელით მოქმედ რამდენიმე პროგრამაზე ვესაუბრეთ, მაგალითად, სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმებაზე, რასაც ხშირად ფორმალური ხასიათი აქვს: მაგალითად, ქედაში, წონიარისში ტანკს ორი ადამიანი ალაგებს. ამდაგვარად დასაქმებული ბევრი ადამიანი ადასტურებს, რომ „ოცნების“ კოორდინატორია ან ხელისუფლებასთან ვალშია.
რა სქემით იყენებს სიღარიბეს „ქართული ოცნება“? – „ბათუმელები“ ამ თემაზე საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის პოლიტიკის ანალიტიკოსს, სალომე კანდელაკს ესაუბრა.
ქალბატონო სალომე, თქვენს ბოლო კვლევაში ხაზგასმულია, რომ წინა არჩევნებისგან განსხვავებით „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დღის წესრიგი შეიცვალა სოციალური საკითხებიდან კონსერვატიულ გზავნილებამდე. ასევე, „ოცნება“, ძირითადად, ომით დაშინებაზე მუშაობს. 2020 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს ჰპირდებოდა 200 ათას სამუშაო ადგილს, დღეს „ოცნება“ აღარ ახსენებს სიღარიბეს, მაგრამ ფაქტია, რომ სიღარიბის სათავისოდ გამოყენებას ცდილობს. თქვენი აზრით, რა სქემით იყენებს სიღარიბეს „ქართული ოცნება“?
ძირითადად პანდემიის დროს დაიწყო ხელისუფლებამ რამდენიმე სოციალური პაკეტის ამოქმედება, მათ შორის, საზოგადოებრივ სამუშაოზე სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმება. ვიცით, რომ სოციალური შემწეობის მაძიებელთა რაოდენობა გაიზარდა. ერთი მილიონია რიგში და ნახევარი იღებს აქედან დახმარებას. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი მაშინ ამბობდა ინტერვიუებში, ასევე პარლამენტში ანგარიშის წარდგენის დროს, რომ სოციალურად დაუცველ ადამიანებს აქვთ შიში, დასაქმების შემთხვევაში არ დაკარგონ სამსახური, ამიტომაც, ადამიანებს, რომლებიც იღებენ სოციალურ დახმარებას, უნდა შეეძლოთ ხელფასის მიღებაც, თუმცა ვიცით, რომ ხშირ შემთხვევაში გამოგონილ პოზიციებზე დაასაქმეს ადამიანები: სასაფლაოების დამლაგებლად, ძეგლების მცველად, გამოგონებულ ბიბლიოთეკაშიც დაასაქმეს ადამიანი. ყველაზე მეტი, როგორც ვიცი, ხარაგაულში დაასაქმეს ფორმალურად ხალხი.
შესაბამისად, სოციალური დახმარება და სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმება პოლიტიკურ ინსტრუმენტად იქცა მმართველი პარტიისთვის. ამას ადასტურებს „ქართული ოცნების“ 29 მარტის აქციაც – მედიაში ვნახეთ ფაქტები, როცა დასაქმებული სოცდაუცველები ჩამოიყვანეს აქციაზე რეგიონებიდან. იმის გამო, რომ უმუშევრობის დონე მაღალია და სიდუხჭირეა, განსაკუთრებით რეგიონებში ადამიანებს უწევთ კომპრომისებზე წასვლა.
პოლიტიკური ინსტრუმენტია ასევე სოციალური დახმარების გაცემა, რადგან არ არსებობს შემწეობის გაცემის ობიექტური კრიტერიუმები და ადამიანებს აქვთ განცდა, რომ შეიძლება ეს დახმარება დაკარგონ.
კიდევ ერთი ინსტრუმენტია სოციალური დახმარების ერთჯერადად გაცემა, მაგალითად, მედიკამენტებისთვის, ოპერაციების ჩატარება… თითქოს ვალში ამყოფებენ ხელისუფლებასთან ამ ადამიანებს.
სალომე კანდელაკი
ბათუმის შემთხვევაში არსებობს „ოცნების ქალაქიც“, სადაც წინასაარჩევნოდ „ოცნების“ კოორდინატორებმა წაიყვანეს, მაგალითად, ის ადამიანები საჯარო რეესტრში, ვისაც ბიუჯეტის ხარჯზე აშენებულ კორპუსში ბინა მისცეს…
დიახ, ცნობილია „ოცნების ქალაქის“ შემთხვევა, როგორც დევნილების განსახლების პროგრამა. ეს ადამიანები ექცევიან „ქართული ოცნების“ მხრიდან ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ, რომ ხელისუფლებასთან თავი ანგარიშვალდებულად იგრძნონ. სინამდვილეში მათ რეალურად საარსებო საკითხებზე უწევთ ბრძოლა – სახლის ქონა მათი უფლებაა, თანაც, როცა კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.
ასევე, მათი პირადობის მონაცემები აქვთ და ამ მონაცემებსაც იყენებენ.
ვინც კოორდინატორობას თანხმდება, მას ავალებენ, რომ დამატებით სხვებთან იმუშაოს, დარეკონ, სთხოვონ ხმის მიცემა. შესაძლოა ყველა ერთმანეთს ატყუებდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს სქემა მოქმედებს, რადგან ამ ადამიანებს უწევთ შიშის ქვეშ ცხოვრება: არ დაკარგონ სამსახური, შემწეობა, ზოგს გამბედაობა არ ჰყოფნის და ასე შემდეგ.
როგორც საჯარო მოხელეების ნაწილი გამოდიოდა ანტირუსულ აქციაზე და შემდეგ „ოცნების“ აქციაზეც მივიდა, სოცდაუცველებიც ორმაგ წნეხში არიან: ერთი მხრივ, არის სირცხვილის გრძნობა, ემალებიან ახლობლებს და ნების საწინააღმდეგოდ იქცევიან, მეორე მხრივ კი – ხელისუფლებას უნდა დაემალონ.
თქვენი დაკვირვებით, რატომ არჩია „ოცნებამ“ ამ არჩევნებზე სიღარიბეზე საერთოდ აღარ ისაუბროს? კვლევების მიხედვით, საქართველოს მთავარი პრობლემა სიღარიბე და უმუშევრობაა, ამ დროს კი მმართველი პოლიტიკური პარტია ლაპარაკობს ოპოზიციის გაუქმებასა და არარსებული გეი ქორწინების აკრძალვაზე?
„ქართულ ოცნებას“ გააზრებული აქვს, რომ სოციალური საკითხებია პრიორიტეტული ამ ქვეყანაში, ასევე ის, რომ მოსახლეობის უმრავლესობას ევროინტეგრაცია სურს სწორედაც ეკონომიკური და სოციალური სარგებლის მიღების მიზნით, ამავდროულად კი, მოსახლეობისთვის ნათელი გახდა – „ოცნება“ თავისი რიტორიკით, თავისი ქმედებებით არ მიდის ევროინტეგრაციის მიმართულებით.
ამიტომაც, „ქართულ ოცნებას“ დასჭირდა ამომრჩევლის შევსება და ცდილობს იმ ელექტორატის დაბრუნებას, რომელიც ნაწილობრივ 2014 წელს დაკარგა, როცა ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო. მაშინ სინოდი და საპატრიარქოც, როგორც გახსოვთ, იყო ამ პროცესში ჩართული და თქვეს, რომ ეს ეწინააღმდეგებოდა ჩვენს რელიგიას, იდენტობას და ასე შემდეგ.
გარკვეული პერიოდი „ქართული ოცნება“ მოქმედებდა სიტუაციურად „პატრიოტთა ალიანსთან“ ერთად, შემდეგ იყო „დავით გარეჯის საქმე“, გაჩნდნენ ულტრამემარჯვენე ჯგუფები, მათ შორის, „ალტ-ინფო“, რომელსაც ტელევიზიაც აქვს. ამჯერად ამ კონსერვატორულად განწყობილი ელექტორატის მიმხრობას ცდილობს „ქართული ოცნება“.
„ქართულ ოცნებას“ აღარ აწყობს საუბარი სიღარიბის აღმოფხვრაზე, რადგან მისი ხელისუფლებაში მოსვლიდან 12 წლის შემდეგაც იმავე და უარესი პრობლემების წინაშეა საქართველო.
„ოცნებას“ ურჩევნია ილაპარაკოს იმაზე, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთის მოქალაქეების შემოდინება დაიწყო საქართველოში, ტურიზმი აყვავდა და გვაქვს ეკონომიკური წინსვლა. ისინი არ საუბრობენ იმაზე, თუ ამ ფონზე როგორ გაიზარდა სოციალური უთანასწორობა, როგორ გაიზარდა ფასები საკვებზე, მედიკამენტებზე, მიწაზე და ასე შემდეგ.
თუმცა წინასაარჩევნო პროგრამაში „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ 2028 წლისთვის სიღარიბე საქართველოში 4 %-მდე შემცირდება და თუ ახლა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ 440 ათასი მოქალაქეა, 4 წლის შემდეგ, ეს მაჩვენებელი 150 ათასამდე შემცირდება.
კი, პროგრამაში იმას აღნიშნავენ, რასაც ადრე ამბობდნენ, მაგრამ მათი მთავარი პოლიტიკური გზავნილები შეიცვალა: თუ 2020 წელს „ქართული ოცნების“ მთავარი გზავნილი იყო სიღარიბის აღმოფხვრა და ევროინტეგრაცია, ახლა მთავარია ომის და მშვიდობის შეპირისპირება, მშვიდობის გარანტად საკუთარი თავის გამოყვანა.
რა ტიპის ხელისუფლებისთვისაა დამახასიათებელი სიღარიბის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება? როგორც ვიცი, უნგრეთშიც გამოიყენა ორბანმა სოცდაუცველების საკითხი საარჩევნო მიზნებისთვის.
ავტორიტარული მმართველებისთვის სახასიათოა ასეთი ქცევა, კი. ასეთ მმართველს სჭირდება არა განათლებული და ეკონომიკურად ძლიერი ამომრჩეველი, არამედ ადამიანი, რომელიც სიღარიბეშია და მეტწილად მანიპულირებადია. მასლოუს პირამიდა რომ გავიხსენოთ, ადამიანებს მას შემდეგ შეუძლიათ რეალურად საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობა, როცა მათ ძირითადი საჭიროებები დაკმაყოფილებული აქვთ.
ხელისუფლებას ამიტომაც აწყობს, ეს ადამიანები დარჩნენ სიღარიბეში, მათთვის კარგი და ხარისხიანი განათლებაც არ არის ხელმისაწვდომი.
თუმცა „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ მაგალითად, სოცდაუცველების დასაქმების მიზანი მათი გაძლიერებაა, რომ პროფესიული უნარი გამოიმუშაონ, დასაქმდნენ და შემწეობის იმედად აღარ დარჩნენ…
ეს კეთილშობილურ მიზნად ჟღერს, მაგრამ თავად სახელმწიფო ინსტიტუტებსაც კი არ აქვთ შეფასება: რამდენად მუშაობს ეს პროგრამა? რამდენად ეფექტურია? ამის გაზომვა უნდა ხდებოდეს, რაც არ ხდება.
ეს არც მოხდება, თუ ხელოვნურად შექმნეს სამუშაოები.
რა შეიძლება უთხრათ სოცდაუცველებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მათი დასაქმება ძალაუფლებაში დარჩენის ინსტრუმენტად არ გამოიყენოს?
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ ეს არის არა მთავრობის დახმარება, არამედ სახელმწიფოს დახმარება. დემოკრატია და ადამიანის უფლებები, ეკონომიკური განვითარება კი შესაძლებელია ჩვენი ევროპული განვითარების შემთხვევაში.
ამის გარანტი ზუსტად ევროინტეგრაციაა. ევროინტეგრაციის გარეშე ეს ადამიანები მუდმივად იქნებიან დამოკიდებული მთავრობის კეთილ ნებაზე, ისიც პერიოდულად და არჩევნების წინ. თუ მათ სურთ გრძელვადიან პერსპექტივაში რაღაც ეკონომიკური სარგებელი მიიღონ, უნარ-ჩვევები განავითარონ, ვფიქრობ, ფართოდ უნდა შეხედონ საკითხს.
რაც მთავარია: მათ ვერავინ უკარნახებს, როგორ შეავსონ ბიულეტენი, არავინ ნახულობს მათ ბიულეტენებს, ვერავინ შეამოწმებს მათ არჩევანს.
______________
მთავარ ფოტოზე: ბიძინა ივანიშვილი. ფოტო: „ქართული ოცნება“/facebook
მესტიის რესურსცენტრმა ადგილობრივი მასწავლებლები დააჯილდოვა. ღონისძიებისთვის თანხა სავარაუდოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან გამოიყო.
დასაჯილდოებელ პირთა სიაში იყვნენ „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ წლევანდელი და 2017 წლის კონკურსის ფინალისტები – სოფიო ქუხილავა და ეკატერინე წულუკიძე. თუმცა, დაჯილდოების დღეს აღმოჩნდა, რომ ორგანიზატორებმა წარდგენილი მასწავლებლები ისე ამოიღეს სიიდან, რომ ამის თაობაზე არც სკოლის დირექტორებს აცნობეს და არც კონკურსანტებს.
სოფიო ქუხილავასა და ეკატერინე წულუკიძის გარდა ორგანიზატორებმა სიიდან კიდევ ხუთი მასწავლებელი ამოიღეს და მათივე სკოლის დირექტორებით ან სხვა კოლეგებით ჩაანაცვლეს.
ეკატერინე წულუკიძე სოფელ ფარის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია, ასევე ძალიან ბევრ პროექტს ახორციელებს სკოლაში ახალგაზრდებისთვის, აქტიურად არის ჩართული არაფორმალურ განათლებაში და არც კრიტიკული აზრის გამოხატვას ერიდება.
ამიტომ მას ვკითხეთ, როგორ მოხვდა ამ სიაში და შემდეგ რა მიზეზით ამოიღო ის რესურსცენტრმა სიიდან?
„რესურსცენტრის ხელმძღვანელმა სკოლებს დაავალა შეერჩიათ ადგილზე ორი კანდიდატი, ვისაც წარადგენდნენ მასწავლებლის ჯილდოზე. ასევე ყველა სკოლას ღონისძიებაზე უნდა წამოეყვანა ათი მასწავლებელი.
დაჯილდოება 20 ოქტომბერს ჩაინიშნა.
მოითხოვეს ჩვენი პირადი საქმეები, სერტიფიკატები, დიპლომები, ყველაფერი გადაეგზავნათ. ღონისძიების დღეს, როდესაც კანდიდატები სცენაზე აჰყავდათ და დაასახელეს წვირმის საჯარო სკოლა, საიდანაც წარდგენილი იყო „ეროვნული ჯილდოს“ ფინალისტი სოფიო ქუხილავა, მოულოდნელად არა სოფოს, არამედ სხვისი გვარი გამოაცხადეს.
დავურეკე სოფოს და ვკითხე, თუ იყო დარბაზში და რა მოხდა-მეთქი. ისიც გაკვირვებული იყო, წარმოდგენა არ მაქვსო. მივხვდი, რომ მომდევნო მე ვიქნებოდი და ასეც მოხდა. არც ჩემი გვარი ამოიკითხეს და ჩემ ნაცვლად ჩემი სკოლის დირექტორი გულო ვიბლიანი წარადგინეს.
ხომ წარმოგიდგენიათ იქ დირექტორს რა დაემართებოდა? ეს იყო დიდი სიურპრიზი, ჩვენთვისაც და იმ ხალხისთვისაც, ვისითაც ჩვენ ჩაგვანაცვლეს“, – ამბობს ეკატერინე წულუკიძე „ბათუმელებთან“.
მისი თქმით, ეს იყო იმ პედაგოგების დისკრიმინაცია, რომლებიც გაფრთხილების გარეშე სიიდან ამოიღეს.
„პირდაპირი დისკრიმინაციაა ჩემი, როგორც მოქალაქეობრივი ან პოლიტიკური ნიშნით, რადგან მე ამ ყველაფერს ვუკავშირებ ჩემ სამოქალაქო აქტივიზმს, სხვა დანარჩენს გამოვრიცხავ. თქვენ წარმოიდგინეთ, 24 სკოლის ყველა წარდგენილი მასწავლებელი ავიდა სცენაზე და მხოლოდ 6-7 მასწავლებელს მოექცნენ ასე“, – ამბობს ეკა.
რა თქვა დირექტორმა, რა რეაქცია ჰქონდა ამ ყველაფერზე? – ვკითხეთ ეკა წულუკიძეს.
მისი თქმით, ამ ფაქტის გამო დირექტორიც აღელდა.
„დირექტორიც აღელდა, ცუდად გახდა უხერხულობისგან. მისთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო, თუმცა არც ერთ დირექტორს ამაზე არ გამოუხატავს საჯარო პროტესტი. შეიძლებოდა, მოეკრიბათ ძალა, დაეძლიათ შიში და იქვე დაეცვათ თავიანთი მასწავლებლები, პირველ რიგში, თავიანთი ავტორიტეტი და პრესტიჟი“, – ამბობს ეკა.
მისი აზრით, ბევრად ღირსეული იქნებოდა, სხვის ნაცვლად დაჯილდოებულ პედაგოგებს უარი ეთქვათ ამ ჯილდოზე, „ან უბრალოდ ის მაინც ეთქვათ, რომ რაღაც გაუგებრობა მოხდა.
დღეს მე შემეხო ეს უსამართლობა, ხვალ სხვას შეეხება. მე დღეს მარტო ჩემთვის კი არ ვიბრძვი, არამედ ყველა მასწავლებლის სახელით. ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ, როგორი დამონებულია სისტემის მიერ სკოლები, რადგან ვერავინ გაბედა ხმის ამოღება. ამოკნავლებაც კი ვერ გაბედეს, რომ ეთქვათ, ეს რა გაუგებრობა და უსამართლობა არისო.
მესამე დღეა ვაკვირდები ამ ამბავს და სოლიდარობის გამოხატვაც კი გაუჭირდათ ადგილობრივ კოლეგებს, შიშის გამო ალბათ“, – ამბობს ეკა.
მისი აზრით, ამ ამბით აუცილებლად უნდა დაინტერესდეს განათლების სამინისტრო და მოახდინოს რეაგირება, „რომ სხვა დროს ვერავინ გაბედოს მასწავლებლების ასე აბუჩად აგდება“.
მან განათლების მინისტრს წერილობითაც მიმართა და რეაგირება მოითხოვა.
„მინდა პასუხი გამცენ იმაზე, თუ რატომ განხორციელდა 6 მასწავლებლის დისკრიმინაცია.
ჩემი ინიციატივით ხომ არ მიმიღია მონაწილეობა ჯილდოზე? სკოლამ წარმადგინა. თუ სხვა სკოლის წარდგენილი კანდიდატები არ ჩაანაცვლეს, რა დააშავა ჩვენმა სკოლამ“, – ამბობს ეკატერინე წულუკიძე.
მესტიის მერიის და რესურსცენტრის მიერ დაჯილდოებული პედაგოგები.
„ბათუმელები“ კიდევ ერთ პედაგოგს, ნაზი იოსელიანს ესაუბრა, რომელიც მულახის საჯარო სკოლიდან იყო წარდგენილი და რესურსცენტრმა ისიც ასევე ამოიღო დასაჯილდოებელი მასწავლებლების სიიდან.
„მე არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ ვარ აფილირებული, ამიტომ არ ვიცი რა მოხდა. თუმცა არ ვარ ხელწამოსაკრავი მასწავლებელი ნამდვილად, ღვაწლმოსილი პედაგოგი ვარ.
საერთოდ არ მინდოდა ამ ჯილდოზე წარდგენა და უარიც კი ვუთხარი დირექციას, მაგრამ მაინც წარმადგინა დირექტორმა.
მივედი დაჯილდოებაზე, მაგრამ ჩემ ნაცვლად სხვა პედაგოგი დაასახელეს. ის სხვაც არ ელოდა და მოულოდნელობისგან გაშეშდა. არც დირექტორი იყო საქმის კურსში.
მე ვერ ვხვდები რას დავაბრალო, ჩემი გვარი არ მოეწონათ, სახელი თუ დამსახურებები?“ – ამბობს ნაზი იოსელიანი.
მისი თქმით, მან სცენაზე ასვლა და თავისი პოზიციის დაფიქსირებაც სცადა, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს. „არაფრით არ მომცეს მიკროფონი. ეს ჩემი შეურაცხყოფა არ არის?
65 წლის პედაგოგი, რომელსაც შენიშვნაც კი არ მიმიღია ისე ვიმუშავე სკოლაში, ასე შემარცხვინეს. გაოცებული ვარ, რა უნდოდათ ჩემგან?“ – ამბობს ნაზი იოსელიანი.
მისი თქმით, სისტემა არა მარტო მას მოექცა უხეშად, არამედ ყველა იმ პედაგოგს, ვისაც სხვისი ჯილდო გადასცეს.
„იმ შვიდი პედაგოგის შემცვლელებიც ხომ დაიხოცნენ სირცხვილისგან, მოკვდნენ. „ეს ჩემი არ არის“ – ამბობდნენ და არ გადიოდნენ სცენაზე, სანამ მესამედ არ დაუძახეს. ღირდა ამდენი პედაგოგის შერცხვენა?
არ ვიცი რატომ ეწინააღმდეგება ეს მთავრობა საქართველოს წინსვლას, მის მომავალს, რატომ არ უნდათ, რომ ღირსეული ხალხი ჰყავდეთ სკოლებში.
ჩემი ჯილდო რა არის იცით? მთელი მულახი რომ მიცნობს და ყველა ჩემს მოსწავლეს რომ ვიცნობ, ვინც ამ 37 წლის განმავლობაში მყოლია. ეს არის ჩემი პრიზი“, – ამბობს ნაზი იოსელიანი.
„ბათუმელები“ მესტიის რესურსცენტრის ხელმძღვანელს, მარიამ ჯაფარიძესაც დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ რა მიზეზით ამოიღეს სიიდან სკოლების მიერ წარდგენილი კანდიდატები. ჯაფარიძემ ჩვენს კითხვებს არ უპასუხა.
„ამაზე კომენტარს არ ვაკეთებთ“, – გვითხრა მარიამ ჯაფარიძემ.
12-წლიანი ემიგრაციის შემდეგ ცისანა ხიმშიაშვილი საქართველოში დაბრუნდა, თუმცა ახლა მის ოთხსულიან ოჯახს ბათუმში, „ოცნების ქალაქში“, პატარა ქოხში, შუქისა და წყლის გარეშე უწევს ცხოვრება.
ცისანას უმცროსი შვილი ორი წლისაა, უფროსი კი – 13 წლის. ბავშვები თითქმის ორი თვეა ცივ და უშუქო ქოხში ცხოვრებენ.
„საკუთარ ქვეყანაში მინდოდა დაბრუნება, რომ ჩემი შვილებისთვის რაღაც ფუძე დამედო. ვალები მქონდა, ამიტომ წავედი ემიგრაციაში. 12 წლის შემდეგ დავბრუნდი და ჩემი წინაპრის ქვეყანაში ერთი მუჭა მიწა დამიძვირდა“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ცისანა ხიმშიაშვილი.
ცისანა სოციალურად დაუცველია. მისი მეუღლის ხელფასი 800 ლარია, ოჯახს საკმარისი შემოსავალი არ აქვს იმისთვის, რომ ნაქირავებ ბინაში გადავიდეს ან საკუთარი შეიძინოს.
„თვე-ნახევარია შუქი საერთოდ არ მაქვს. ვრეკავ ენერგოკომპანიაში და ვეკითხები, რატომ არ მირთავენ შუქს. იქიდან მეუბნებიან, ზემოდან გვავალებენო. არ ვიცი, ვინ ავალებს და რატომ.
ვრეკავ მთავრობაში, ტელეფონზე არ მპასუხობენ.
მთელი კვირაა წვიმს, ბავშვი სკოლიდან სველი მოვიდა, სახლში გათბობა არ არის, შუქი არ გვაქვს, იყინებიან.
ცისანას 13 წლის შვილი ხელებს გაზის ფარანზე ითბობს. ფოტო: „ბათუმელები“/ლელა დუმბაძე
ბავშვს თავიც კი ვერ დავბანე. მამიდაჩემთან გადავიყვანე დასაბანად და ამ ცივ სახლში რომ მოვიყვანე, ყურები ასტკივდა და სასწრაფოთი გამიხდა გადასაყვანი.
სარეცხია, საჭმელი უნდა მოუმზადო ბავშვებს ხომ?! ვერ მეცადინეობს ბავშვი სიბნელეში, ტელევიზორიც ხომ უნდათ ბავშვებს, ცოტა რომ გაერთონ, არაფერი არ აქვთ.
მით უმეტეს, პატარას აუტიზმის ნიშნები აქვს, ნერვიულია“ – გვითხრა ცისანამ.
ცისანა შვილთან ერთად
ქალი გვიყვება, რომ წლების წინ ემიგრაციაში, ერაყში, ვალების გამო წავიდა და ამბობს, რომ ისევ ვალების აღება აღარ სურს. უნდა, რომ საკუთარ ქვეყანაში არსებობდეს ისეთი გარემო, რომ შვილების მიტოვება და უცხო ქვეყანაში შრომა აღარ მოუწიოს.
„ემიგრაციაში არავინ არის დალხენილი. სამი წელი ჩემი შვილი ბიცოლას მეძახდა, ვეღარ გავუძელი და შვილიც წავიყვანე ერაყში. იქ დაიბადა ჩემი პატარა შვილიც.
60 გრადუს სიცხეში ვმუშაობდი. ახლა დავბრუნდი და აქაც ასეთ მძიმე ყოფაში გვიწევს ცხოვრება.
4 წლის წინ დავბრუნდი იმიტომ, რომ მინდა ჩვენს ქვეყანაში შევუქმნა რაღაც საფუძველი შვილებს. ვალები გავისტუმრე, მაგრამ ბინა რომ შეგვეძინა, ამას ვერ გავწვდი.
რომ ჩამოვედი, „ოცნების ქალაქში“ ვცხოვრობდი მამასთან. შემდეგ, როცა ეს კორპუსები ააშენა მთავრობამ, მამაჩემის ქოხი მოჰყვა დანგრევაში, რადგან სამშენებლო ტერიტორიაზე იყო და ჩემი ოჯახი ამ ქოხში გადმოგვამისამართეს, მამაჩემს კი შეხვდა ბინა იმ კორპუსში. მე ვერ გადავიდოდი მამაჩემთან, რადგან ვერ დავეტეოდით იმ ბინაში, რადგან ჩემი ძმები ცხოვრობენ მეუღლეებით და ჩემი მშობლებიც იქ ცხოვრობენ.
აქ ვინც ცხოვრობდა, იმ ოჯახს ჰქონდა შუქი, მაგრამ მე რომ გადმოვედი, ჩამიჭრეს, აღარ მირთავენ. არ ვიცი რა უნდათ და რატომ. ასი ოჯახი ცხოვრობს აქ, ჩემ გარდა ყველას შუქი აქვს და მე, 101-ე ვცხოვრობ უშუქოდ.
აქ გვყავს ელექტრიკი ლევან ქამადაძე და როცა ვკითხე თუ რატომ არ მირთავდა შუქს, მითხრა „ზემოდან მავალებენ და ვერ ჩაგირთავო“. მერე ბინას მოგვთხოვსო, ასე უთქვამთ მისთვის.
დილით სკოლაში იყო ბავშვი, წელამდე სველი მოვიდა. „დედა მცივა“ რომ მეუბნება ბავშვი, რა ვქნა? მეც ხომ დედა, ვარ, ხომ უნდა დავახვედრო ბავშვს თბილი სახლი.“- ამბობს ცისანა ხიმშიაშვილი.
„ბათუმელები“ ლევან ქამადაძესაც დაუკავშირდა. მან არაერთმნიშვნელოვანი პასუხი გაგვცა და ახსენა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეც.
„თვითნებურად ცხოვრობს ალბათ მაგ ქოხში. ასე რომ არ იყოს, ექნებოდა შუქი. მე თუ მეტყვის ედუარდ ნაკაშიძე [ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე], ჩავურთავ. სამი ოჯახი მყავს უშუქოდ ახლა და ალბათ, ეგეც ერთ-ერთია“- გვითხრა ლევან ქამადაძემ.
ბავშვები უშუქო სახლში. ფოტო: „ბათუმელები“/ლელა დუმბაძე
13 წლის გოგონა ხელებს გაზის ფარანზე ითბობს, რომელიც ახლახან სოციალური დახმარებით შეიძინა ცისანამ.
ამ ფარნის შუქზე უწევს გოგონას წიგნის კითხვა და გაკვეთილების მომზადება.
ახლა არჩევნებია, არავინ მოსულა თქვენთან, არ დაინტერესებულან თქვენი პრობლემით? – ვკითხეთ ცისანას. მისი თქმით, მმართველი პარტიის არც ერთი წარმომადგენელი მისი მდგომარეობით არ დაინტერესებულა.
„ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან რომ ვიყავი, მითხრა, აქ ბავშვით ნუ მოდიხარო. ვერ აიტანა, ბავშვი რომ ტიროდა და ყურებზე იფარებდა ხელს“ – ამბობს ცისანა.
ცისანა ხიმშიაშვილი ორ შვილთან ერთად ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს
„ისეთ საქართველოში მინდა ცხოვრება, სადაც ქართველები ვიქნებით ერთმანეთის ამტანი და გამტანი. არ მინდა ისეთი საქართველო, რომ გახვიდე ნაქირავებში და ქირის ფასს ვერ მისწვდე, მიხვიდე სუპერმარკეტში და ბავშვი რომ ხელს წაიღებს, ის ვერ უყიდო. არ მინდა, რომ მხოლოდ ტურიზმზე იყოს ყველაფერი აწყობილი.
ქირის ფასს მოიკითხავ და დოლარია, როცა მე დოლარი არ მაქვს. კვადრატის ფასი, 280 დოლარი რომ ღირდა, ახლა 500 დოლარადაც აღარ არის, როგორ ვიყიდო?
სოცდაუცველებს სამუშაოს სთავაზობს სახელმწიფო 300 ლარად, მაშინ, როცა ბინის ქირაში 700-800 ლარს, დოლარს გთხოვენ.
ჩემს კლასელს სთავაზობდნენ დასაქმებას, მთელი დღე ავტობუსები უნდა რეცხოო, ან დილიდან საღამომდე მაგისტრალზე ძროხა რომ არ გადმოვიდეს, იქ იდექიო 300 ლარად, ეს არის სამუშაო?
… იმის უფლება აქვთ, რომ ჩემს შვილებს შუქი არ ჩაურთონ?
აი, ამ პატარას სჭირდება შუქი, აი, იმ მეორე ბავშვს სჭირდება, რომ გაკვეთილები მოამზადოს, რადგან წარმატებული მოსწავლეა.
ბავშვებს სჭირდებათ გათბობა. დაზამთრდა უკვე, აცივდა“ – ამბობს ცისანა ხიმშიაშვილი.
13 აგვისტოს, ზუგდიდში, სოციალურად დაუცველი ბავშვები ხელისუფლებამ ასევე დატოვა შუქის გარეშე.
უშუქოდ დარჩენილ სახლში (სავარაუდოდ სანთლისგან) ხანძარი გაჩნდა, რასაც ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა.
________________
ცისანა ხიმშიაშვილის დახმარების მსურველებს, შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ მითითებულ ანგარიშზე:
ნიკა კეპულაძეს საჯარო სამსახურებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. იგი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია. გურიის რეგიონში სააღსრულებლო ბიუროს ხელმძღვანელობდა.
„ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ამერიკაში საცხოვრებლად დევნისა და შანტაჟის გამო 2013 წელს წამოვიდა. იქამდე კი 2 წელი იმერეთის სატრანსპორტო დეპარტამენტის უფროსადაც მუშაობდა.
ნიკა კეპულაძეს ტაქსების კომპანია აქვს და საქართველოდან ჩასულ ემიგრანტებს დასაქმებაში ეხმარება.
ყოფილი საჯარო მოხელე ახლა აქტიურად არის ჩართული საარჩევნო კამპანიაში. მან ასობით ადამიანი დაარეგისტრირა ნიუ იორკში, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.
ნიკა, რატომვირჩევთევროპას?
პირველ რიგში, ევროპა ჩვენი უსაფრთხოების შანსია. ევროპა კეთილდღეობაა, ადამიანების ნორმალურად ცხოვრების გარანტია. ევროკავშირის წევრი როცა გახდება საქართველო, გვექნება ცხოვრების ყველა ის სტანდარტი და სიკეთეები, რაც აქვს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. ქვეყანა არ დაიცლება ადამიანებისგან.
ახლა საქართველოდან მილიონ ორასი ათასი ადამიანი ემიგრაციაშია წასული სამუშაოდ. სამუშაო პირობების სტანდარტები, ხელფასი და შემდეგ პენსია იქნება ადეკვატური, როცა ჩვენ ვიქნებით ევროკავშირის წევრი.
იტალიელები, ფრანგები, გერმანელები, ევროპასა და ამერიკაში საპენსიო ასაკში ტკბებიან თავიანთი ცხოვრებით, მოგზაურობენ. ჩვენთან, საქართველოში გაჭირვებაში ცხოვრობენ, 70 წლის ადამიანები ვაჭრობენ ყინვაში, ღია ცის ქვეშ, ყვავილებს ყიდიან.
პენსიონერ ადამიანებს წამლის ფული არ აქვთ, საჭმლის ყიდვასაც ვერ ახერხებენ. თუ ადამიანი განვითარებულია, მან იცის, რას ნიშნავს ევროპის სიკეთეები და რას ნიშნავს ყოფილ საბჭოთა სივრცეში ჩარჩენა.
ამ გაუსაძლისი გაჭირვებიდან გამოსასვლელად, ჩვენ 26 ოქტომბერს რეფერენდუმი გვაქვს. დიდი არჩევანი უნდა გავაკეთოთ, ჩვენ ვირჩევთ ევროპას, ჩვენ მივდივართ ევროპაში.
მე ათი წელია ვცხოვრობ ამერიკაში. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დავტოვე ქვეყანა. მეც დამიწყეს პოლიტიკური დევნა. იყო მუქარა და შანტაჟი. სამსახურიდან გამათავისუფლეს.
ამ ათი წლის განმავლობაში მესამე არჩევნებში ვმონაწილეობ და არასოდეს არ მახსოვს ასეთი აქტიურობა. უამრავი ადამიანი დავარეგისტრირე, ასეთი აქტიური მოქალაქეები არც ერთ არჩევნებში არ მახსენდება. ისეთი ხალხი დავარეგისტრირე, არასოდეს რომ არ არიან ნამყოფები არჩევნებში.
ნიუ იორკში ხმას „ოცნებას“ ალბათ მარტო მათი კომისიის წევრები მისცემენ. ჩვენ, ამერიკაში მცხოვრები ქართველები, ვირჩევთ ოპოზიციურ პროდასავლურ პარტიებს. „ქართულ ოცნებას“ ნიუ იორკში გამარჯვების შანსი არ აქვს.
მილიონზე მეტი ადამიანი ემიგრაციაშია, მარტო ჩვენი ოჯახის წევრებია საკმარისი იმისთვის, რომ ავირჩიოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. ახლა ნიჰილიზმის დრო არ არის, არჩევნებს ვერ გააყალბებენ. თუ გააყალბეს, იმდენს მაინც ვერ მოახერხებენ, რომ 50 პროცენტიანი ბარიერი გადალახონ.
რეალურად „ოცნებას“ ახლა მხარს უჭერს ამომრჩევლის 25%. მაქსიმუმ მოიპარონ 8-10%-ი, მეტს ვერ გაბედავენ, ვერც მოახერხებენ.
ჩვენ არანაირი კვლევა არ გვჭირდება, ჩვენ მაჯაზე გვიდევს ხელი და ვიცით, როგორ ფეთქავს საქართველო, რას ვირჩევთ საქართველოს მოქალაქეები. თუ „ოცნებამ“ გააყალბა, ამას ადამიანების ძალიან დიდი ვნებათაღელვა მოჰყვება.
მე, პირადად, ეს არ მინდა, არავის არ უნდა რევოლუცია, ჩვენ გვინდა მშვიდობიან გარემოში დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება. თუ „ოცნებას“ არ უნდა რუსული კანონის მიღების შემდეგ, მათი სახელი ისტორიას დარჩეს მხოლოდ მოღალატე, უნდა გადააბარონ ხელისუფლება მშვიდობიანი გზით.
თქვენიაზრით,ვინარიან„ქართულიოცნების“ამომრჩევლები?
ძირითადად ის ადამიანებია, რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ჰქონდათ წყენები. რა თქმა უნდა, არც ისინი იყვნენ ფრთიანი ანგელოზები. იყო შეცდომები.
დანარჩენებს აშინებენ ომის დაწყებით. ამ ადამიანებს აქვთ ნაკლები ინფორმაცია. ასევე, ჩემი აზრით, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა 80%, სხვა პარტიების ამომრჩევლებისგან დაბალი ინტელექტით გამოირჩევიან.
თქვენიინფორმაციით, როგორიწინასაარჩევნოგარემოა, მაგალითად, თქვენსოფელში?
წყალტუბოში, ჩემ სოფელში ოფშკვითში და სხვა სოფლებში (გეგუთი, ტყაჩირი, საყულია) ბოლო სამ თვეში 100 ადამიანი დაასაქმეს. ადამიანებს ხელფასებს ურიგებენ 300-400 ლარს. დაახლოებით 80 ადამიანი ჰყავთ სასაფლაოს ყარაულად გაფორმებული. 300 ლარს უხდიან. ბაბუაჩემს საფლავში არ სჭირდება მაგათი ყარაულობა, მაგრამ ასე ყიდულობენ ადამიანებს.
დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს (სოფლები, საიდანაც მე ინფორმაცია მომდის ესაა ოფშკვითი, გეგუთი, ტყაჩირი, საყულია და ასევე ქალაქი ქუთაისი), რომ პასპორტები ჩამოართვეს ადამიანებს, იმიტომ რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლონ.
ჩემი ინფორმაციით, ამ პროცესში ჩართული არიან სკოლის დირექტორები, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები და წევრები.
რატომართმევენპირადობისმოწმობებს?
თუ ადამიანს არ ენდობიან და ფიქრობენ, რომ არ არის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი, ცდილობენ არ მივიდეს ასეთი ადამიანი არჩევნებზე ხმის მისაცემად. ჩამორთმეული პირადობის მოწმობებით ფაქტობრივად უზღუდავენ ხმის მიცემის შესაძლებლობას. სიღარიბის ზღვარზე მყოფ ოჯახებზე უფრო ახდენენ გავლენას.
მამუკა მდინარაძე სოფელ-სოფელ დადის. არათუ ჩემ სოფელში, მის სოფელშიც არ მოუკითხავს არავინ ბოლო ათი წელია, ეგენი საოკუპაციო ხაზთან არ არიან ნამყოფები. ისე უჭირთ დედაქალაქში და დიდ ქალაქში, ახლა სოფლებში ცდილობენ გაყალბებას, მოსყიდვას.
მშვიდობა რომ გვინდა, ამიტომ უნდა წავიდეთ არჩევნებზე, ავირჩიოთ ევროპა და გავხდეთ ევროკავშირის წევრი.
წინასაარჩევნოდ აჭარის მთავრობამ ქობულეთში კიდევ ერთი ახალი საინვესტიციო პროექტის შესახებ აუწყა საზოგადოებას. აჭარის მთავრობა ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილთან ერთად ციხისძირის სანაპიროზე შპს „პეტრა სი რეზორტ“-ის პრეზენტაციას დაესწრო და ფეისბუქის საკუთარ გვერდზეც აუწყა ამომრჩეველს ახალი საინვესტიციო პროექტის შესახებ.
მთავრობის ინფორმაციით, „ციხისძირში, Petra Sea Resort-ში, Pullman-ის ბრენდული სასტუმროსა და რეზიდენციების მშენებლობა იწყება.“
ამ ინფორმაციას თან დაურთეს ფოტოები, რომლითაც გავიგეთ, რომ პრეზენტაციაზე ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ინვესტორებთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან ერთად კაფსულა ჩადო. პრეზენტაციას მთავრობის სხვა წევრებიც ესწრებოდნენ.
პრეზენტაციას ესწრებოდა ქობულეთის მერიც, რომლის პრეროგატივაც არის ქობულეთის განაშენიანების ისე დაგეგმვა და შესაბამისი ნებართვების გაცემა, რომ ამან მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის გარემო კი არ გააუარესოს, არამედ გააუმჯობესოს.
ქობულეთში სწუხან, რომ სანაპიროს ჩაბეტონება ისეთი ტემპით და მასშტაბით მიმდინარეობს, რომ მალე მათთვის ზღვაზე ვიწრო გასასვლელებიც კი არ დარჩება.
ფოტო აჭარის მთავრობის ფეისბუქის გვერდიდანმარცხნიდან პირველი, ქობულეთის მერი ლევან ზოიძე პრეზენტაციაზე
ამ პროექტზე „ბათუმელებმა“ გასულ წელსაც გამოაქვეყნა ინფორმაცია, თუმცა მაშინ საბოლოო ნებართვა გაცემული არ იყო და პროექტის მასშტაბებზე დაზუსტებით მოგიყვებით. [კომპანიას „შავი ზღვის სამოთხე“ ერქვა და სახელი შემდეგ შეიცვალა].
ქობულეთის საკრებულომ ციხისძირის სანაპიროზე 20 ჰექტრამდე [199 462 კვ.მეტრი] განაშენიანების გეგმა გასულ წელს დაამტკიცა და ოდნავ მოგვიანებით კომპანიისთვის ამ ტერიტორიის გასწვრივ 5 ჰექტარზე მეტი პლაჟის [59 845 კვ.მეტრი] 45 წლით იჯარით გადაცემასაც დაუჭირა მხარი.
აბაშიძის ქუჩაზე 20 ჰექტრამდე ტერიტორიის განაშენიანების დეტალური გეგმა ქობულეთის საკრებულომ 2023 წელს გამოაქვეყნა. პროექტის დაწყების აღსანიშნავად კაფსულა მაშინაც ჩადეს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, ჯაბა ფუტკარაძესთან ერთად:
ფოტო კომპანიის ფეისბუქის გვერდიდან – აქ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს სხვა შენობის კაფსულაა, პროექტი ხომ ბევრ შენობის მშენებლობას ითვალისწინებს. მართალია ერთი კომპლექსია, მაგრამ… [ასეთ დროს ამბობენ ხოლმე, და მერე რა? – მიშაც ხომ ასე აკეთებდა, ერთ შენობას რამდენიმეჯერ ხსნიდა.]პროექტი ჯამში 17 საკადასტრო ერთეულზე [მიწის ნაკვეთზე] უნდა განხორციელდეს. ეს ნაკვეთები ზღვასა და ქობულეთი-ბათუმის ავტომაგისტრალს შორის მდებარეობს.
დაშორება საპროექტო ნაკვეთსა და ზღვას შორის 55-60 მეტრია. დოკუმენტების მიხედვით, 17 საკადასტრო ერთეულიდან 16 განკუთვნილია სამშენებლოდ, ხოლო ერთი დაეთმობა სატრანსპორტო ზონას. კონცეპტუალურად პროექტი დაყოფილია რამდენიმე განსხვავებული ტიპის შენობებად და ჯგუფებად. დომინანტი სანაპირო ზოლთან დაგეგმილი 53-სართულიანი აპარტოტელი.
რენდერი – ფოტო კომპანიის ფეისბუქის გვერდიდანრენდერი – ფოტო კომპანიის ფეისბუქის გვერდიდან
დოკუმენტების მიხედვით, ასევე განთავსდება 23-30-სართულიანი ხუთი აპარტოტელის ტიპის შენობა, ორი სანაპირო ზოლზე და სამი უკანა ზოლზე ცენტრალურ საავტომობილო გზასთან ახლოს. ყველა ჩამოთვლილ მაღლივ შენობას ექნება თავისი საცურაო აუზი და მცირე სპორტული ინფრასტრუქტურა. კომპლექსის შუა ნაწილი სანაპირო ზოლზე დაეთმობა ბრენდულ სასტუმროს, რომლის სართულიანობა 7-8 სართულია.
კომპანიის ინფორმაციით: „კომპლექსის შუაგულში განთავსდება საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელი სახლების ჯგუფები, ჯამში 8 ჯგუფი, რომელთა სართულიანობა ცვალებადია 4-დან 8-მდე. ყოველ ჯგუფს ექნება თავისი საცურაო აუზი და გამწვანებული ეზო. ამ ჯგუფში შემავალი შენობების საერთო რაოდენობა იქნება 36. საკურორტო კომპლექსში ასევე გათვალისწინებულია კომერციული და სარეკრეაციო ზონა ხელოვნური ტბით. ტერიტორიაზე ავტოსადგომები მოეწყობა როგორც მიწისქვეშ, ასევე მიწის ზევით“.
როგორ გაინაწილეს ქობულეთის სანაპირო და პლაჟი
გეგმარებითი ერთეულის ჩრდილოეთით მომიჯნავე ტერიტორია შპს „ქობულეთი რეზიდენს N1“-ის ეკუთვნის 1 ჰექტარზე მეტი ფართობი. აქ ასევე დაგეგმილია მრავალბინიანი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა. გეგმარებითი ერთეულიდან ჩრდილოეთით დაახლოებით 285 მეტრში კი, რომელიც შპს „გონიო 2020“-ს საკუთრებას წარმოადგენს, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის პროექტი მერიასთან უკვე შეთანხმებული აქვთ.
მონიშნულია გასხვისებული ნაკვეთები, სადაც თითქმის იდენტური მასშტაბის მშენებლობებია დაგეგმილი: დააკვირდით მონიშნულ ნაკვეთებს. შპს „გონიო 2020“ – 1 ჰექტარზე მეტ ფართობს ფლობს. „ქობულეთი რეზიდენსი“ ერთ ჰექტარზე მეტს. შემდეგ წითელი ფერით მონიშნულია პეტრა რეზიდენსი ტერიტორია – 19 ჰექტარი. შემდეგ კი შპს „ბობოყვათის“ 12 ჰექტარი.
საპატრიარქოს ნაკვეთის [ყოფილი ბობოყვათის რეზიდენციის] გასწვრივ 11 810 კვ.მეტრი ფართობი თავისი შენობა ნაგებობებით [ზღვაზე გასასვლელი პირსები] უზურფრუქტის წესით სარგებლობაში, უსასყიდლოდ 49 წლის ვადით გადაეცა საპატრიარქოს. „პეტრა სი რეზორტის“ ნაკვეთის გასწვრივ ორი ნაკვეთი პლაჟზე ხუთ ჰექტარზე მეტი 45 წლის ვადით.არადა, ყოველწლიური მოკლევადიანი ხელშეკრულებების საფუძველზე, პლაჟზე კომერციული საქმიანობა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო იყო. ქობულეთის სანაპიროზე მათთვის ადგილი თანდათან მცირდება.
შპს „ბობოყვათი“ აქ 12 ჰექტარს ფლობს, კომპანია ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას გეგმავს. სკოპინგის დოკუმენტის მიხედვით, რომელიც კომპანიამ გარემოს ეროვნულ სააგენტოს წარუდგინა, პროექტი ზღვაზე გასასვლელსაც მოიცავს.
რენდერი- გდგ დოკუმენტიდანმარცხნივ გონიო 2020 – ის რენდერი, მარჯვნივ „ქობულეთი რეზიდენსი #1- ის რენდერი კონცეფციებიდანრედკოს პროექტი – ამონარიდი კონცეფციიდან
წყალი
ქობულეთის რამდენიმე სოფელს სასმელი წლის პრობლემა აქვს, რამდენიმე წელია ქობულეთის მერია მოსახლეობას ჰპირდება, რომ ამ პრობლემას მოაგვარებს, თუმცა უშედეგოდ. შპს „პეტრა რეზორტის“ დოკუმენტებში ვკითხულობთ: „როგორც ობიექტის მშენებლობის პროცესში, ასევე ექსპლუატაციისას წყალმომარაგებას უზრუნველყოფს შპს „ქობულეთის წყალი“ მშენებლობის პერიოდში წყლის მოხმარება იქნება დაახლოებით 8-10 მ³/სთ.“
შპს „ქობულეთის წყლის“ იმედი აქვთ მომიჯნავე ნაკვეთების მფლობელებსაც. რაც მთავარია თანხმობაც არის, როგორც ადგილობრივები ამბობენ, „მშენებლებისთვის, ფულიანი ხალხისთვის ყველაფერია.“
პროექტის ზემოქმედება გარემოზე
პროექტის სკოპინგის [გარემოსდაცვითი შეფასება] ანგარიშში ვკითხულობთ, რომ კომპლექსების მშენებლობის პროცესში კუმულაციური ზემოქმედება გამოხატული იქნება ატმოსფერულ ჰაერში მტვრის ნაწილაკების და მავნე ნივთიერებების ემისიებით, ხმაურის და ვიბრაციის გავრცელებით, ნიადაგზე და გრუნტზე, ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედებით, ჩამდინარე წყლების წარმოქმნით, ნარჩენების საერთო რაოდენობის ზრდით და გარემოს დაბინძურების რისკებით, ასევე ვიზუალურ-ლანდშაფტური ზემოქმედებით.
კუმულაციურ ზემოქმედებაში იგულისხმება განსახილველი პროექტის და საკვლევი რეგიონის ფარგლებში სხვა პროექტების [არსებული თუ პერსპექტიული ობიექტების] კომპლექსური ზეგავლენა ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე.
დოკუმენტების მიხედვით, შპს „პეტრა რეზორტის“ ნაკვეთის მიმდებარედ შპს „ბობოყვათის“ ტერიტორიის განაშენიანებისთვის განსაზღვრულია 6 წელი, შპს „ქობულეთი რეზიდენს N1“-ის კუთვნილებაში არსებული ტერიტორიის განაშენიანებისთვის კი 5 წელი [არაუგვიანეს 2028 წლის 31 დეკემბრისა], შპს „გონიო 2020“-ის ტერიტორიების განაშენიანებისთვის განსაზღვრულია 4 [არაუგვიანეს 2027 წლის 31 დეკემბრისა], ისევე როგორც წინამდებარე კომპლექსის შემთხვევაში [არაუგვიანეს 2027 წლის 31 დეკემბრისა]. სპეციალისტები წერენ, რომ დიდი ალბათობით ტერიტორიების განაშენიანება პარალელურ რეჟიმში წარიმართება და ადგილი ექნება კუმულაციურ ზემოქმედებას.
დოკუმენტში წერენ ასევე, რომ კუმულაციური ზემოქმედება დამოკიდებული იქნება სამშენებლო სამუშაოების ხანგრძლივობასთან და ამ შემთხვევაში მოსალოდნელია გაგრძელდეს 4 წლით.
გარემოს სააგენტომ ზემოქმედების შესარბილებლად რამდენიმეგვერდიანი რეკომენდაციები ჩამოუწერა კომპანიას, მათ შორის კომპლექსის მშენებლობისას გამოყენებული უნდა იყოს ხმაურჩამხშობი მასალები, ხმაურის გავრცელების პრევენციის მიზნით, მკაცრად უნდა იყოს დაცული სამუშაო გრაფიკი. მოსახლეობის მხრიდან პროტესტის შემთხვევაში სამშენებლო კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ხმაურის გავრცელების საწინააღმდეგო დამატებითი პრევენციული ღონისძიებების გატარება.
თავად კომპანიასაც აქვს წარდგენილი ზემოქმედების შერბილების გეგმა, როგორ დაამონიტორინგებენ ამ გეგმის შესრულებას, ეს ალბათ მომავალში გამოჩნდება.
ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის კომენტარი
კაფსულის ჩადების ცერემონიალის შემდეგ ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა მედიასთან აქცენტი გააკეთა ხარისხზე, რომელსაც, მისვე სიტყვებით, მთავრობა ინვესტორების ხელშეწყობით ტურისტულ სექტორში ქმნის:
„პროექტები, რომლებიც ბოლო წლებში ხორციელდება არის მაღალი ხარისხის სტანდარტის და ჩვენ ზუსტად ასე წარმოგვიდგენია მომავალ წლებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. როცა ვსაუბრობთ ამბიციურ გეგმაზე, თუ როგორ გაიზრდება ტურიზმი 2028 წლისთვის საქართველოში, როდესაც ვსაუბრობთ ახალ საწოლფონდზე ჩვენ ვგულისხმობთ, რომ ეს იქნება მაღალი ხარისხის, ამ შემთხვევაში ხუთვარსკვლავიანი ინფრასტრუქტურა, რომელიც საშუალებას მოგვცემს უფრო მაღალი მსყიდველობითი უნარის მქონე სტუმრები და ტურისტები მოვიზიდოთ ქვეყანაში“.
საინტერესოა ხარისხი და პირობები მნიშვნელოვანი რატომ არ არის, როცა ინვესტორი საცხოვრებელ კომპლექსებს აშენებს და არც თუ ისე იაფად ყიდის, შემდეგ კი ეს შენობები არ სრულდება, ან სრულდება და წლების განმავლობაში ჩაუბარებელია? – როცა ბათუმის ცენტრში, ახალ ბულვართან ახლოს, კორპუსების სარდაფებში წყალი ივსება და იქ დაგროვილი მასების ლპობის გამო მთელი უბანი ყარს? როცა ახალი კორპუსის მობინადრეები ერთი იურიდიული პირის მრიცხველის აღრიცხულ გადასახადს იხდიან და არავინ რეაგირებს?
ვიცე-პრემიერს სამშენებლო სექტორში ხარისხი და პირობები არ აინტერესებს, მაშინ როცა ეს ადგილობრივ მოსახლეობას ეხება? – მას ალბათ არც ის გაუგია ბათუმში მანქანის გასაჩერებელი ადგილის გამო ადამიანი რომ დაჭრეს და არც საზოგადოებრივი სივრცეები, ტროტუარებიც კი რომაა მანქანებით დაკავებულია, უსინათლოთა ბილიკებზე კი კაფეები.
იგივე პრინციპით შენდება ქობულეთიც. კარგად თუ დავაკვირდებით, ქობულეთის სანაპიროს გასწვრივ მიწის ნაკვეთების უმეტესობა კერძო კომპანიებზეა გასხვისებული. ქობულეთის მერი კი უპრობლემოდ გასცემს მშენებლობის ნებართვებს, მიუხედავად მოსახლეობის პროტესტისა.
კომპანიების უმრავლესობას, რომლებსაც ქობულეთის სანაპიროზე სასტუმრო აქვთ, ასევე განკარგავენ პლაჟსაც საკუთარი ნაკვეთის გასწვრივ – გრძელვადიანი იჯარის წესით, ძირითადად 45 წლის ვადით. პლაჟები გრძელვადიანი იჯარით გაიფორმეს მათაც, რომლებიც ტურისტულ კომპლექსებს ახლა აშენებენ ან მომავალში გეგმავენ.
ვის ეკუთვნის „პეტრა სი რესორტი“
კომპანიის 45.45 პროცენტი ზეთისხილის მწარმოებელ გიორგი გარის სვანიძეს ეკუთვნის, 35,35 პროცენტი მანანა სირაძის საკუთრებაა. 5.5 პროცენტს ფლობს კომპანიის დირექტორი გივი ნემსაძე, 15.15 პროცენტი კი საუდის არაბეთის მოქალაქეს ალხუნაიზი ტაისიერ ბაქირ ჰ -ს ეკუთვნის.
„ჯერ კიდევ 4-5 წლის წინ მინდოდა წასვლა ქვეყნიდან, მაგრამ ფეხს ვითრევდი. არ წასვლის მიზეზი იყო ოჯახი – მათ ვჭირდებოდი. მშობლები ასაკში არიან, ცალკე ჩემს დას ვეხმარებოდი – ბავშვები ჰყავს დატოვებული, თავად საზღვარგარეთაა.
39 წლის ვარ და მთელი ეს წლები საკუთარი თავისთვის არ მეცალა. მთელ ენერგიას ვხარჯავდი ოჯახზე. სამწუხაროდ, არავის სჭირდება თურმე შენი შრომა. ერთხელ რომ ფეხი ამოგიბრუნდება, თან გამოგაგდებენ გარეთ. ნეტავ, ადრე წავსულიყავი,“ – ერთწუთიან მონოლოგში ატევს ლაშა ლ. [სახელიშეცვლილია] საკუთარ ამბავს.
ლაშა გეი კაცია. მისი თვითგამოხატვა არაფრით გამოირჩეოდა სხვა ქართველი კაცებისგან მანამ, სანამ საკუთარი იდენტობის დამალვას ახერხებდა. ლაშას ცხოვრება ორი თვის წინ შეიცვალა დრამატულად, როდესაც მისი ორიენტაციის შესახებ ოჯახის რამდენიმე წევრმა შეიტყო, მათ შორის დედამ.
დედამ ლაშას უთხრა, რომ სახლიდან წასულიყო.
„იმიტომ, რომ ჩვენისთანა ადამიანები სირცხვილად მიიჩნევიან საქართველოში და ესაა მთავარი პრობლემა. იძულებული ხარ, დამალო შენი იდენტობაც და ყველაფერი,“ – ამბობს ლაშა და თავის ამბის მოყოლას იმ დროიდან იწყებს, როცა საკუთარი იდენტობის გარკვევის პროცესი დაიწყო.
ლაშა მშობლიური სოფლიდან ბევრი წლის წინ წავიდა. დამოუკიდებელი ცხოვრება და შრომა დაიწყო, რადგან მშობლებს სჭირდებოდათ დახმარება. მუშაობდა თურქეთში, ჩაის კრეფდა და იქ აღებული ფულით მშობლებს ეხმარებოდა. მუშაობდა საქართველოშიც. აქ ნამუშევარი თანხაც მშობლებისა და ოჯახის საჭიროებებს ხმარდებოდა.
ამიტომ მისთვის განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა დედის პოზიცია – თვალით აღარ ენახა ,,ოჯახის შემარცხვენელი შვილი“.
„გავბრაზდი ძალიან, იმდენად გავბრაზდი, რომ მანქანა დავქოქე და წამოვედი სახლიდან. აზროვნების უნარი არ მქონდა.
საცობში მოვყევი. უაზროდ ვიგინებოდი. მერე მოვედი, აქ, მე სადაც ვცხოვრობ, ერთი ძველი ხიდია. ამ ხიდზე გავჩერდი. ვიფიქრე, ახლა დავადებ გაზს ფეხს და წავალ ხიდიდან… მერე ცოტა, ცოტა, ცოტა და გადამიარა. დავმშვიდდი, თავი ხელში ავიყვანე. მეორე დღეს სამუშაოზე წასვლამდე სახლში გავიარე. კიდევ ვიჩხუბე დედაჩემთან. ჩემი ყველა ნივთი ავიღე და საბოლოოდ წამოვედი. ორი დღე და ქვეყნიდანაც წავალ“, – გვიყვება ლაშა.
თვითგამორკვევა
„არავისთვის ცხოვრებაში არაფერი არ დამიშავებია. არც მომიპარავს, არც წამირთმევია.
39 წლის ვარ ახლა. ყოველთვის მომწონდა განსხვავებული ცხოვრება. ბავშვობაში მანერები მქონდა, ამას ყველა ამჩნევდა. სკოლის ასაკიდან ასე ვცხოვრობ. მერე და მერე უფრო გავცნობიერდი, როცა გავიზარდე. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ყველაფერი უნდა დამალო.
ჯარში ვიყავი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. მაშინ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, 2008 წელს. ჩემი მანერების გამო გამლახეს, მერე სექსუალურად იძალადეს ჩემზე. ორნი იყვნენ.
ამაზე სასამართლოც ჩატარდა, ის პიროვნებები დაისაჯნენ კიდეც, გაასამართლეს და დაიჭირეს. დაზარალებულის ცნობაც მაქვს. მადლობა ღმერთს, მაშინ გადავრჩი. ძალადობის ფაქტის მერე გამათავისუფლეს სავალდებულო სამსახურიდან.
ძალიან რთული ცხოვრება გავიარე და ბევრი ვიწვალე. ჯარის ამბის შემდეგ საკუთარ იდენტობას ყოველთვის კარგად ვმალავდი. ცოტა ხნის წინ მოხდა საბედისწერო ამბავი – მე და ჩემი მეგობარი დავიწვით ურთიერთობაში და აქედან დაიწყო მთელი არეულობა. პოლიციისთვის არ მიმიმართავს, როცა კანონი შენ წინააღმდეგ მუშაობს, აზრი აქვს მიმართვას? ახლა ხელისუფლებამ ახალი კანონი მიიღო სექსუალურ უმცირესობებზე. თან არჩევნები მოდის, არავის არ სცალია ჩემი პრობლემებისთვის,“ – ამბობს ლაშა.
ჰომოფობიური კანონი, რომელზეც ლაშა საუბრობს, 17 სექტემბერს მიიღო საქართველოს პარლამენტმა. „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ – ოფიციალურად ასე ჰქვია კანონს, რომელიც ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.
ლაშა ამბობს, რომ საქართველოდან წასვლის გადაწყვეტილება ბევრი ფაქტორის გამო მიიღო. ერთი მხრივ, მისი ორიენტაცია მიუღებელი აღმოჩნდა ოჯახისთვის, უპირველესად დედისთვის, მეორე მხრივ კი, რაც უფრო მეტი ადამიანი იგებდა მის შესახებ სიახლეს – მით უფრო დაუცველად გრძნობდა თავს.
დროებითი საცხოვრებლის კარზე, სადაც ლაშა ცხოვრობდა, სამჯერ დახვდა მუქარის შემცველი წერილი.
„ბევრი ვიფიქრე. დაახლოებით ერთ თვეზე მეტი ტვინს ვიჭყლეტდი რა მექნა. მთელი ჩემი ცხოვრება აირია. ახლა იძულებული ვარ, საქართველო დავტოვო,“ – ამბობს ლაშა.
„დედაჩემიჰომოფობია“
„დედაჩემი სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია. გადავყრივარ მის კომენტარებს – სულ ლანძღავდა განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებს. სხვის შვილებს ლანძღავდა, მე ვკითხულობდი და მეღიმებოდა – დედა, ნეტა იცოდე მე როგორი ვარ.
არასდროს მიცდია დედაჩემის განწყობები შემეცვალა. აზრი არ ჰქონდა უბრალოდ. დედაჩემი ჰომოფობია.
ბიბლიაში იცი რა წერია? „არა არს დაფარული, რომელიც არა გაცხადდეს“. ამაზე სწორი ნათქვამი არაფერია.
დედაჩემმა ჩემი ორიენტაციის ამბავი როცა გაიგო, გამწარდა. საშინელი სიტყვებით მლანძღავდა. საშინელი რეაქცია ჰქონდა. მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი მისთვის. ახლა აღარ მელაპარაკება საერთოდ.
ყველაფრის მიუხედავად, მაინც იმედი მაქვს, რომ მიმიღებს. დრო გავა, გადახარშავს. არც მშობლები ირჩევენ შვილებს და არც შვილები მშობლებს. ასე რომ, ყველა უნდა მიიღო ისეთი, როგორიც არის. ცხოვრებაში პირველად მიწევს ანონიმურად ლაპარაკი და სახის დაფარვა.
დედაჩემზე გაბრაზებული არ ვარ. ვერ გავუბრაზდები, არ შეიძლება. როგორ გავუბრაზდე ადამიანს, რომელმაც მთელი ცხოვრება მზარდა?
ახლა ვფიქრობ, სწორად ვიქცევი, რომ მივდივარ. ყველაფერს აქ ვტოვებ, არაფერი არ მაქვს ზურგზე მოკიდებული,“ – ამბობს ლაშა.
მას ვკითხეთ, თუკი აქამდე უნდოდა წასვლა, რატომ არ წავიდა და რატომ იცხოვრა ბევრი წელი საკუთარი იდენტობის დამალვით.
ლაშა ამბობს, რომ ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც ფინანსურად დედ-მამაზე მზრუნველობა შეეძლო და ევალებოდა. ამიტომ მთელი თავისი ახალგაზრდობა მძიმე ფიზიკურ შრომაში გაატარა იმისათვის, რომ ოჯახი შეენახა.
მანქანა მქონდა – გავყიდე, ოქრო რაც მქონდა, გავყიდე და იმდენი ფული მოვაგროვე, რომ ორ ადამიანს – მე და ჩემს ბოიფრენდს ევროპამდე გვეყოფა. იქ მერე უკვე რაღაცას ვიზამთ. შრომა არ გვეზარება არც ერთს.
მეგობარმა იცი რა მითხრა?! – სახელმწიფო სოციალურს გადაგიხდის და ვერ იმუშავებო. ყველაზე მეტად მაგაზე ვნერვიულობ – იქ უმუშევრად როგორ უნდა გავჩერდე? ნევროზი დამემართება, გავგიჟდები.
დედაჩემი და სხვა ჩემი ახლობლები ვინც ჩემი ამბავი იცის? დაფიქრდებიან, გადახარშავენ და ისეთს მიმიღებენ, როგორიც ვარ. ამის იმედს არ ვკარგავ“.
ლაშამ ქვეყნის დატოვება და ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში ლტოლვილად ჩაბარება გადაწყვიტა. ამბობს, რომ ჯერ არ იცის, იქ რას გააკეთებს.
„ახლა მთავარია დანიშნულების ქვეყანაში ჩავიდე. მერე რა იქნება, არ ვიცი. არაფერი არ მაქვს დაგეგმილი. მინდა ვიცხოვრო ისე, როგორც ცხოვრობენ დანარჩენები. როგორც ცხოვრობს თავისუფალი სამყარო. არაფერი განსაკუთრებული არ მინდა. უბრალოდ მინდა მეც მისმენდნენ, როგორც უსმენენ სხვას. მეტს არაფერს არ ვითხოვ.
როცა ამ ვიდეოს დაამონტაჟებ, ისე დაამონტაჟე, რომ ყველამ იცოდეს – შეიძლება მისი შვილიც მოკლან ხვალ. შეიძლება მისი შვილიც მალავდეს იდენტობას და მან არ იცოდეს. უბრალოდ ოდესმე დაფიქრდნენ, გაიაზრონ, რომ თავიანთი სიძულვილით შეიძლება საკუთარ შვილს უწერდნენ ვერდიქტს.
დედაჩემს ყოველთვის სძულდა სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები. სადმე თუკი რამე იყო, ყოველთვის მისი კომენტარი მხვდებოდა – რომ აი, საზიზღრები, გაეთრიონ, წაეთრიონ და ა.შ.
როგორც მან არ იცოდა ჩემზე, ისე შეიძლება არ იციან სხვებმა საკუთარ შვილებზე.
ყველა ქვეყნის საზღვარი რომ გადაკვეთო, მარსზეც რომ გაფრინდე, ეს ტკივილი მაინც წაგყვება. ეს ჭრილობები არასდროს არ შეხორცდება. არასდროს.
ყველაზე მეტად ქვეყანა მომენატრება. აქ რაღაცას ვაკეთებდი. აქ ჩემს ენაზე ვლაპარაკობდი.
პატარა ბავშვივით კალამი უნდა აიღო და სწავლა დაიწყო თავიდან. ენა უნდა ისწავლო, იქაურ კულტურას მოერგო. ფაქტობრივად, ყველაფერი უნდა შეცვალო შენს ცხოვრებაში.
არ ვიცი, რა იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ უნდა წავიდე ქვეყნიდან. ასე ისინიც დაისვენებენ, მეც დავისვენებ და ყველა დაისვენებს, რადგან ამ ქვეყანაში ზიზღი არ დამთავრდება“.
ლაშასთან ინტერვიუ „ბათუმელებმა“ ოქტომბრის დასაწყისში ჩაწერა. ლაშამ და მისმა მეგობარმა საქართველო უკვე დატოვეს. მათ ქვეყნიდან წასასვლელად მწირი ფინანსების გამო სახმელეთო გზა აირჩიეს. რამდენიმედღიანი მგზავრობის შემდეგ ისინი უკვე დანიშნულების ქვეყანაში არიან და ახალი ცხოვრების დასაწყებად ემზადებიან.
როგორცხოვრობსქვიართემისაქართველოში
მუდმივი საფრთხის შეგრძნება, იდენტობის ღიად გამოხატვის შემთხვევაში მიუღებლობა – ეს საქართველოში მცხოვრები ქვიარ თემის ყოველდღიურობაა.
სახალხო დამცველის 2021 წლის სპეციალური ანგარიშის მიხედვით – „ლგბტ+ ჯგუფის უფლებრივი მდგომარეობის შეფასება საქართველოში“ – საქართველოს საზოგადოებაში კვლავ ნარჩუნდებოდა ჰომოფობიური დამოკიდებულებები. ამას ხელს უწყობს სახელმწიფოს მხრიდან ლგბტ+ ადამიანთა მიმართ არსებული სტიგმისა და წინასწარგანწყობების მიმართ იგნორირების პოლიტიკა, პოლიტიკოსთა მხრიდან ტირაჟირებული სიძულვილის ენა და ჯგუფის მიმართ არსებული გამოწვევების საჯაროდ არ აღიარება.
კვლევაში მოყვანილია მონაცემები, თუ რამდენმა ადამიანმა მიმართა სახალხო დამცველს. სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით სახალხო დამცველისთვის მიმართვის სტატისტიკა წლების მიხედვით ასე გამოიყურება.
„ლგბტ+ სათემო ორგანიზაციათა პრაქტიკაში, სოგი-ს ნიშნით დისკრიმინაციის ფორმების თვალსაზრისით, ყველაზე გავრცელებულია უთანასწორო მოპყრობა მომსახურების გაწევაზე, პროდუქტსა თუ აქციით სარგებლობაზე უარის თქმის ფორმით.
ასევე, ხშირია დისკრიმინაცია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, როგორც დისკრიმინაციული სახელმძღვანელოების არსებობის, ასევე, სასწავლებლებში დასაქმებული ლექტორებისა და ადმინისტრაციის მხრიდან სავარაუდო დისკრიმინაციული მოპყრობის მხრივაც,“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის ანგარიშში.
კიდევ ერთი კვლევა, რომელმაც ლგბტ(ქ) ადამიანებისადმი ქართული საზოგადოების განწყობა შეისწავლა, 2022 წელსაა ჩატარებული „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ მიერ.
კვლევაში სახელწოდებით – „წინარწმენიდან თანასწორობამდე საზოგადოების ცოდნის, ინფორმირებულობისა და დამოკიდებულების კვლევა ლგბტ(ქ)ი თემისა და მათი უფლებრივი თანასწორობის მიმართ“ გაანალიზებული და შედარებულია 2016 და 2021 წლებში ჩატარებული კვლევები.
„2016 და 2021 წლებში ჩატარებული კვლევის შედეგების შედარება აჩვენებს, რომ ჰომო/ბი/ტრანსფობიის ინდექსები კლების ტენდენციას ამჟღავნებს. მნიშვნელოვნადაა შემცირებული იმ რესპონდენტების წილი, ვინც ლგბტ(ქ)ი ადამიანების მიმართ ზიზღს განიცდის, ურთიერთობებს გარყვნილებად აღიქვამს ან მორალურად განიკითხავს ასეთ ადამიანებს.
კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ტრანსფობიის ინდექსმა უფრო მკვეთრად დაიკლო, ვიდრე ჰომოფობიამ ან ბიფობიამ. გენდერის ბინარული მოდელი უფრო ნაკლები პოპულარობით სარგებლობს,“ – ნათქვამია კვლევაში.
კვლევის თანახმად, ამას ხელი შეუწყო გენდერული როლებისა და თანასწორობის მიმართ დამოკიდებულების ცვლილებამ.
მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა ტრანსქალების მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის შემთხვევების ხილვადობა, დამოკიდებულებები ტრანს და გენდერულად არაკონფორმული ადამიანების მიმართ უფრო ნეგატიური რჩება, ვიდრე ბისექსუალების ან ჰომოსექსუალების მიმართ.
„2016 და 2021 წლების კვლევები, შედეგების ანალიზისას აჩვენებს, რომ საზოგადოების დამოკიდებულება მნიშვნელოვნად არის შეცვლილი ლგბტ(ქ)ი ადამიანების უფლებრივი თანასწორობის მიმართ. იმ რესპონდენტთა წილი, ვინც ლგბტ(ქ)ი თემის წევრთათვის ცალკეული უფლების შეზღუდვას ემხრობა, მკვეთრადაა შემცირებული.
თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ეს ცვლილება ავტომატურად არ კონვერტირდება პოზიტიურ დამოკიდებულებებში – 2016 წელთან შედარებით, გაიზარდა იმ რესპონდენტთა წილი, ვინც ნეიტრალურ დამოკიდებულებას აფიქსირებს ან თავს არიდებს კითხვაზე პასუხის გაცემას. ამასთან, ამ რესპონდენტთა ჰომო/ბი/ტრანსფობიის ინდექსი ხშირ შემთხვევაში უფრო მაღალია, ვიდრე მათი, ვინც ნეგატიურ დამოკიდებულებას ღიად გამოხატავს. შესაძლოა ითქვას, რომ ლგბტ(ქ)ი ადამიანების უფლებრივი თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით ნეგატიური პოზიციის ღიად გამოხატვა ნაკლებად მისაღებად ითვლება,“ – ნათქვამია კვლევაში.
გაქცევა, როგორც გამოსავალი – სად მიდიან ქართველი ქვიარები
თემის წევრები საჯარო ინტერვიუებში ხშირად აღნიშნავენ, რომ 2013 წლის 17 მაისის მოვლენების შემდეგ ქვიარ თემის ცხოვრება საქართველოში დამძიმდა. ბევრმა სწორედ მაშინ დაიწყო ქვეყნიდან წასვლაზე ფიქრი, თუმცა ამას ბოლო წლებამდე მასობრივი სახე მაინც არ ჰქონია.
არ არსებობს ღია სტატისტიკური მონაცემი, საქართველოს რამდენმა მოქალაქემ მოითხოვა ევროპის ქვეყნებში თავშესაფარი იდენტობის ნიშნით. ზეპირ ისტორიებზე დაყრდნობით, კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოდან წასულმა ქვიარებმა უცხო ქვეყნებში თავის დამკვიდრება და თავშესაფრის მიღება ერთმანეთის დახმარებით შეძლეს.
პროცესი, რომელიც ქვიარ თემში ახლა მიმდინარეობს დაახლოებით იმას ჰგავს, რაც ერთხელ უკვე მოხდა საქართველოში. 2000-იანები წლების დასაწყისში, როცა ქართველი ქალები საბერძნეთსა და იტალიაში წავიდნენ სამუშაოდ, დანიშნულების ქვეყანაში ჩასულებმა აქ დარჩენილების წაყვანა დაიწყეს. შედეგად, დღეს ორივე ქვეყანაში ათასობით ქართველი ქალი ცხოვრობს და მუშაობს.
ქართველი ქვიარებისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმღები ქვეყანა ბელგია გახდა. ასევე მიდიან გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ლაშა ლ. რომელმაც ახლახანს დატოვა ქვეყანა და ბელგიაში წავიდა, „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ბელგიაში ჩასულს „პატარა საქართველო დახვა“, იმ განსხვავებით, რომ იქ არ დევნიან და შეურაცხყოფას არ აყენებენ. ლაშას და მის მეგობარს ბელგიაში ქართველი მეგობრები დახვდნენ, რომლებსაც უკვე აქვთ თავშესაფარი მიღებული და ახლა სხვებს ეხმარებიან იმ გზის გავლაში, რაც თავად გაიარეს.
ბელგიაში ქართველი ქვიარების თავმოყრას ორი მიზეზი აქვს – ერთი შედარებით იოლი საემიგრაციო პროცედურა [ბელგიაში შეგიძლიათ მოითხოვოთ საერთაშორისო თავშესაფარი თუ თქვენს ქვეყანაში იდევნებით ან გემუქრებათ რაიმე საფრთხე], მეორე კი უკვე დიდი ქართული ქვიარ თემია, რომელიც ერთმანეთს და ახალჩასულებს ეხმარება უცხო ქვეყანაში გზის გაკვლევაში.
რატომტოვებენქვიარებიქვეყანას
„დღეს საქართველოში მაღალია რისკი, რომ ქვიარ ადამიანები ძალადობის მსხვერპლი გახდებიან.
ქვიარ ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი არის იმის გამოც, რომ სახელმწიფო მიზანმიმართულად აწარმოებს სიძულვილს და აღვივებს ნეგატიურ საზოგადოებრივ განწყობებს ქვიარების მიმართ. ხელისუფლება ლგბტ თემას ააქტიურებს იმისათვის, რომ ამით გადაფაროს სხვა ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლის წინაშეც საზოგადოება ვდგავართ.
ამას გარდა, დღეს ხელისუფლება იღებს ისეთ კანონებს, რომლებითაც თავად ხდება დამნაშავე, მოძალადე, ნაცვლად იმისა, რომ ჰომოფობიურ დანაშაულებს ებრძოლოს, რომელიც ქვიარებს სიცოცხლის ხარისხს უქვეითებს, აყენებს სხვადასხვა რისკის და დისკრიმინაციის ქვეშ,“ – ამბობს მარიამ ქაჯაია, ქვიარ აქტივისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია „პერიფერიის“ წარმომადგენელი.
მარიამი საუბრობს ჰომოფობიურ კანონზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ სექტემბრის თვეში მიიღო და რომლითაც ქვიარ თემის ცხოვრება ქვეყანაში კიდევ უფრო დაამძიმა.
„იმედიც კი, რომ ვიღაცამ შეიძლება დაგიცვას, ვიღაცა გამოგექომაგოს, კრიმინალიზებული ხდება. ამ კანონით არათუ არ დაგიცავს სახელმწიფო, არამედ ვინმე თუ შენი უფლებების დაცვას შეეცდება, მას მიუყენებს სხვადასხვა ტიპის სასჯელს.
ეს ჰომოფობიური კანონი ქმნის სიცოცხლის ხელყოფის რისკს, ახალისებს ძალადობას და შეუძლებელს ხდის ჯანდაცვის სერვისების მიღებას თემის წევრებისთვის,“ – ამბობს მარიამ ქაჯაია.
ქვიარ აქტივისტები ამბობენ, რომ ბოლო ხანს საზოგადოებრივი განწყობები ქვიარ ადამიანების მიმართ გარკვეულწილად დადებითისკენ შეიცვალა, მაგრამ ამ დადებით განწყობებს ხვდება პოლიტიკური ჰომოფობია, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენელი პოლიტიკური შტოსგან მოდის.
„ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმი ხშირად იყენებს ჰომოფობიურ ენას, ჰომოფობიურ კანონებს. შედეგად გვაქვს ხოლმე დაუსჯელობის სინდრომი და პირდაპირპროპორციულად იმატებს ძალადობა.
დღისით, მზისით, ადამიანს შეიძლება სცემონ განსხვავებული გარეგნობის გამო.
საქართველოში გარემო ზოგადად ჰომოფობიურია, მაგრამ მინდა გავიხსენო ერთი კვლევა – „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ მიერ ჩატარებულმა საზოგადოებრივი განწყობების კვლევამ აჩვენა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებაში ჰომოფობიური განწყობები გარკვეულწილად შემცირდა.
თუმცა ვხედავთ, რომ გაზრდილია პოლიტიკური ჰომოფობია. ერთის მხრივ გვაქვს საზოგადოებაში ჰომოფობიის შემცირება, მეორეს მხრივ მაღალი პოლიტიკური რანგის ფიგურები ხელს უწყობენ ჰომოფობიის გაღვივებას,“ – ამბობს ირა სილანტევა, „თანასწორობის მოძრაობის“ სოციალური მუშაკი.
მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ქვიარ თემის მუდმივი დემონიზება ხდება პოლიტიკოსთა მხრიდან, აისახება საზოგადოებაზეც და ქვიარ თემის წევრთა ოჯახებზეც.
„ხშირად ოჯახებისთვისაც ასეა; რომ ჰკითხო, ურჩევნიათ საერთოდ არ ჰყავდეთ შვილი, ვიდრე ის ქვიარ თემის წარმომადგენელი იყოს. თქვენი ისტორია რაც არის, ადამიანზე, რომელიც წლების განმავლობაში არჩენდა ოჯახს, ოჯახმა მასზე უარი თქვა ორიენტაციის გამო. ეს არის კატასტროფა და ამიტომაა ასეთი კატასტროფიული ჰომოფობიური პოლიტიკა, რომ ეს პოლიტიკა ოჯახებს ანგრევს,“ – ამბობს ირა სილანტევა.
სოციალური მუშაკი საუბრობს ჰომოფობიურ კანონზე, რომელიც ამჟამინდელმა ხელისუფლებამ მიიღო და რომელმაც საფრთხეში ჩააგდო თემის წევრები.
„ეს ჰომოფობიური კანონი ეხება ცხოვრების ყველა სფეროს და გარდა ცენზურისა, მოიცავს ჰომოფობიის კიდევ უფრო მეტად გაღვივებას. შესაბამისად, ამას შეიძლება მოჰყვეს თავისი სოციალური და ეკონომიკური პრობლემები. მაგალითად, ქვიარ თემისთვის ისედაც პრობლემურია დასაქმება. კანონის ფონზე ეს კიდევ უფრო გართულდება. ამ კანონის პირდაპირი შედეგია ის, რომ ძალიან ბევრმა ქვიარმა უკვე დატოვა საქართველო.
არჩევნების შედეგი თუ კარგი იქნება, მაინც არაა თემში იმის მოლოდინი, რომ შემდეგი ხელისუფლება ლოიალური იქნება და თანასწორობის პრინციპებს დაიცავს. სწორედ ამიტომ ხდება ქვეყნიდან თემის წევრების მასობრივი მიგრაცია“, – ამბობს ირა სილანტევა.
„ხორციელდება პოლიტიკური შევიწროება“ – განაცხადა დღეს, 22 ოქტომბერს, ბათუმში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის წარმომადგენელმა, ნიკა ქაშიბაძემ.
მისი თქმით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არ ეძლევა საშუალება, გამოიყენოს სივრცეები პარტიის სარეკლამო ბილბორდებისთვის, რომელსაც შპს „ალმა“ აქირავებს.
„ქუჩები აჭრელებულია „ქართული ოცნების“ სააგიტაციო მასალით. როდესაც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიმართა შპს „ალმას“ წერილით, იმისათვის, რომ ჩვენ მოგვცემოდა შესაძლებლობა გამოგვეყენებინა ბილბორდები, არ მიგვიღია ადეკვატური პასუხი და დღემდე, როცა მათ თუნდაც ტელეფონით ვესაუბრებით, ისინი ვერ გვპასუხობენ, რატომ არ გვეძლევა ჩვენ შესაძლებლობა ჩვენი პროგრამა წარვუდგინოთ ამომრჩეველს და გამოვიყენოთ ის რესურსი, რაც კანონით გვეკუთვნის.
როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ და შპს „ალმას“ გადაწყვეტილი აქვთ, რომ ქალაქში ისმოდეს მხოლოდ რუსული პროპაგანდა, რომ მათ უკრაინელი ბავშვების ტკივილზე ააწყონ თავიანთი კამპანია და პროდასავლური მესიჯები, ევროკავშირში გაერთიანება და ევროპის ხმა საქართველოში ჩაახშონ ასეთი მეთოდებით.
ჩვენ მივმართავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დაუყოვნებლივ მოხდეს ამ ფაქტის შესწავლა.
ასევე, მივმართავთ სხვადასხვა სადამკვირვებლო და დიპლომატიურ მისიებს. ყოვლად მიუღებელია, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არ ეძლევა შესაძლებლობა, აწარმოოს კამპანია იმ ჩარჩოში, რასაც კანონი მოითხოვს და ეს, ფაქტობრივად, არის ერთ-ერთი ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენ მიმართ ხორციელდება პოლიტიკური შევიწროება და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოკლებულია შესაძლებლობას, ამომრჩეველს თავისი აზრი გაუზიაროს“ – განაცხადა ნიკა ქაშიბაძემ.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შპს „ალმასთვის“ ბათუმში სარეკლამო ბანერებისთვის ქუჩებსა და მუნიციპალურ ტრანსპორტზე ადგილის გამოყოფის თხოვნით 2024 წლის 30 სექტემბერს მიუმართავს.
„ბათუმელები“ კომენტარისთვის შპს „ალმას“ დაუკავშირდა. კომპანიისგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
შპს „ალმას“ გარე რეკლამის განთავსების უფლება 10 წლის ვადით აქვს. კომპანიამ მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა. რეკლამის განთავსების უფლება კონკურენციის პირობებში 22-ე ბიჯით, 29 მილიონ 558 604 ლარად გაიყიდა.
2013 წლის ოქტომბრამდე კომპანია ცნობილი იყო „ალმა პლუსის“ სახელით, 2013 წლიდან კი ის „ვისოლ ჯგუფში“ შემავალი კომპანიაა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, „ალმას“ ოფშორში, კონკრეტულად კი მალტაში დაფუძნებული კომპანია ფლობს.
_____________________
ფოტოზე: ნიკა ქაშიბაძე, ბრიფინგი ენმ-ის ბათუმის ოფისში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შს და ჯანდაცვის მინისტრების ერთობლივ ბრძანებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, გაფართოვდა იმ სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიების/ქვეკატეგორიების წრე, რომელთა მართვისათვის ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს აღარ ექნებათ დამაბრკოლებელი გარემოება.
„მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი მოთხოვნებისა და მისი შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში შესული ცვლილების თანახმად, ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს „AM“, „A“, „B“, „BE“ კატეგორიებისა და „A1“, „A2“, „B1“ ქვეკატეგორიების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე გასვლა შეეძლებათ.
გამოცდაზე გასვლის საფუძველი არ იქნება ოპერაციული ჩარევა, პროთეზირება, კორექცია ან სხვა რაიმე გზით დამატებითი ფუნქციონალური შედეგების მიღწევა.
აღნიშნული ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პირს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში ექნება უფლება, მართოს დასახელებული კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები.
ბრძანებაში ცვლილების შეტანამდე, ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს „AM“ და „A1“ კატეგორია/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ენიჭებოდათ, ხოლო, „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე გასვლის უფლება მხოლოდ გარკვეული წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში ჰქონდათ.
ერთობლივი ბრძანების პროექტის მომზადებისას გაზიარებულ იქნა ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილება, ასევე, „მართვის მოწმობების შესახებ“ ევროპული პარლამენტისა და საბჭოს 2006 წლის 20 დეკემბრის დირექტივის მიდგომა, რომელიც არ ითვალისწინებს სმენის დაქვეითების შემთხვევაში რაიმე შეზღუდვის ან აკრძალვის დაწესებას „AM“, „A“, „B“, „BE“ კატეგორიებისა და „A1“, „A2“, „B1“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის.
აღსანიშნავია, რომ ერთობლივი ბრძანების პროექტის მომზადებისას, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის – ფაზა II“ ფარგლებში, განხორციელდა კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის აღების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლას“ – ვკითხულობთ შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს, 22 ოქტომბრის დილით ბათუმში, ბაგრატიონისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთაში. ერთმანეთს მუნიციპალური ავტობუსი და სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება დაიწყო სს კოდექსის 276-ე მუხლით.
შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ ვიდეოში ადგილზე გამოძახებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარება ჩანს, თუმცა პრესსამსახურის თქმით, გამოძახების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ აქვს.
ფოტო შემთხვევის ადგილიდან. ფოტო/თამაზ ბაკურიძე
„ბათუმელების“ ინფორმაციით, მსუბუქად დაშავდა ერთი პირი.
ფოტო შემთხვევის ადგილიდან. ფოტო/თამაზ ბაკურიძე
_______
მთავარი ფოტო შემთხვევის ადგილიდან. ფოტო/თამაზ ბაკურიძე
წელს, 26 ოქტომბერს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების გარდა კიდევ რა არჩევნები ტარდება აჭარაში? – ეს კითხვა დაუსვა „ბათუმელებმა“ მოქალაქეებს ბათუმის ქუჩებში.
„არ ვიცი“ – ასე უპასუხა ამ შეკითხვას გამოკითხულთა უმრავლესობამ.
26 ოქტომბერს აჭარაში რეგიონში რეგისტრირებულმა, საარჩევნო უბანზე მისულმა ამომრჩეველმა საქართველოს პარლამენტის გარდა აჭარის უმაღლესი საბჭოც უნდა აირჩიოს. თუმცა უმაღლესი საბჭოს არჩევნები გაცილებით ნაკლებ ყურადღებას და ინტერესს იწვევს.
„აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები მაინცადამაინც არ მაინტერესებს. ძალა არ აქვთ, რასაც კარნახობს უფროსი, იმას აკეთებს უმაღლესი საბჭო“, – გვითხრა მოქალაქე ია ხალვაშმა.
„არ მაინტერესებს მათი არაფერი“ – გვითხრა კიდევ ერთმა მოქალაქემ, რომელსაც ჩავეკითხეთ, თუ რატომ იყო გულგრილი ამ არჩევნების მიმართ, მაშინ როცა საპარლამენტო არჩევნები აინტერესებს.
რა იციან მოქალაქეებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ.
„პარლამენტს ეკითხებიან ხვალ რა გააკეთონ“ – ამბობს „ბათუმელებთან“ კიდევ ერთი მოქალაქე, დავით რობაქიძე.
მოქალაქეების დიდმა ნაწილმა, ვისაც „ბათუმელები“ ესაუბრა, არც ის იცის, ვინ არიან წელს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე სხვადასხვა პარტიის კანდიდატები და რას ჰპირდებიან ისინი აჭარის მოსახლეობას.
აჭარის უმაღლესი საბჭო უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა, რომელსაც აჭარაში საკანონმდებლო საქმიანობა, მთავრობის დამტკიცება, მისი კონტროლი და ბიუჯეტის მიღება ევალება. უმაღლეს საბჭოს მხოლოდ აჭარაში რეგისტრირებული ამომრჩევლები ირჩევენ. საბჭოში სულ 21 წევრია. საბჭოს არჩევნები ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება და ბოლო 16 წლის განმავლობაში – საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ტარდება.
რატომ არ იწვევს მოქალაქეების ინტერესს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები? ხომ არ გაიზრდებოდა მოქალაქეების ინტერესი ამ არჩევნების მიმართ, თუ საბჭოს არჩევნები ცალკე ჩატარდებოდა?
„ბათუმელებმა“ აჭარაში მოქმედ პოლიტიკოსებს დაუსვა ეს შეკითხვა.
კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრი, მირდატ ქამადაძე მიიჩნევს, რომ ზოგადად, უმაღლესი საბჭოსადმი დაბალი ინტერესი დეცენტრალიზაციის არარსებობას უკავშირდება.
მირდატ ქამადაძე
იგი მიიჩნევს, რომ როცა ორი – საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ერთმანეთს ემთხვევა, უმაღლესი საბჭოს არჩევნებს ფაქტობრივად, მნიშვნელობა ეკარგება.
მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ მედიაც კი ნაკლებად ინტერესდება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებით და ამ გულგრილობის მიზეზი ცენტრალიზებული პოლიტიკაა, რაც პრობლემაა:
„ქვეყანაში ცენტრალიზებულია ყველაფერი, როგორც პოლიცია, ასევე – განათლება, ჯანდაცვა, მათ შორის არჩევნებიც და ასეთი დამოკიდებულებაა – „ბარემ ეს არჩევნებიც მივაბათ, რადგან იქ რაც გადაწყდება, ქვეყნის მასშტაბით, იგივე შედეგი უნდა დადგეს აქაც“.
ანუ, ადამიანები არ უშვებენ, რომ აქ შეიძლება სხვა შედეგი დადგეს.
პარალელური არჩევნები ზუსტად ამ პრივილეგიას აძლევს ხელისუფლებაში მყოფ პარტიას, რომ თუ ის ქვეყნის მასშტაბით ახერხებს ხელისუფლებაში დარჩენას, ბუნებრივია, აჭარაშიც დარჩება.
ჩვენ კი ვამბობთ, პირიქით, დეცენტრალიზაციაა მნიშვნელოვანი და ეს უნდა იყოს მთავარი ხაზი, რომ თბილისი არ უნდა კარნახობდეს მოქალაქეებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მუნიციპალიტეტში, როგორ იცხოვრონ.
ადგილზე უნდა ვისწავლოთ ჩვენი პრობლემების გადაწყვეტა“, – ამბობს მირდატ ქამადაძე.
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ბოლოს 2008 წელს ჩატარდა ცალკე, მას შემდეგ კი ის საპარლამენტო არჩევნებთან ერთად იმართება.
ასმათ დიასამიძე
ასმათ დიასამიძე სამი მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო „ნაციონალური მოძრაობიდან“. იგი მიიჩნევს, რომ უმჯობესია, უმაღლესი საბჭოს არჩევნები ცალკე ტარდებოდეს და არ იყოს გადაფარული საპარლამენტო არჩევნებით.
„მე ჩართული ვიყავი 2008 წლის არჩევნებში [როცა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ცალკე ჩატარდა – რედაქციის შენიშვნა] და მაშინ უფრო მეტი შესაძლებლობა გვქონდა ხალხთან შეხვედრის, პროგრამების წარდგენის, კანდიდატებსაც მეტი დრო ეთმობოდათ სატელევიზიო ეთერებში. ახლა, როცა ერთდროულად ტარდება ორი არჩევნები, ძალიან ძნელია, თუნდაც პარტიის ლიდერების მხრიდან ის, რომ თბილისშიც იყვნენ და რეგიონშიც.
ამ არჩევნების გაერთიანებით დაიკარგა უშუალო კომუნიკაცია ხალხთან. პროგრამის გაცნობის შესაძლებლობა“, – ამბობს ასმათ დიასამიძე.
იგი მიიჩნევს, რომ თავის დროზე, საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ერთ დღეს ჩატარება, სავარაუდოდ, არჩევნებისთვის დახარჯული თანხის ეკონომიის მიზნით გადაწყდა.
„თუმცა ვნახეთ, რომ დიდი შეღავათი ამ კუთხით ბიუჯეტს არ ჰქონია“ – დასძენს ის „ბათუმელებთან“.
ბათუმი
აჭარის უმაღლესი საბჭოს შენახვა ბიუჯეტს იაფი არ უჯდება. მაგალითად, 2024 წელს აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტი 7 მილიონ 519 ათასი ლარია. აქედან 4 მილიონ 499 ათასი ლარი ხელფასებზე იხარჯება. 2025 წელს კი საბჭოს ბიუჯეტი 8 მილიონზე მეტი იქნება.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ფუნქციონირებისთვის ბიუჯეტიდან ფინანსდება კიდევ ერთი ორგანო, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია [უსკო], რომლის ფუნქციებში საარჩევნო უბნების გახსნაც კი არ შედის, რადგან ამას არჩევნების დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს, რომელიც საპარლამენტო არჩევნებს აწყობს. უსკოს ძირითადი ვალდებულება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ორგანიზება, საბოლოო ოქმების შეჯამება და გამოქვეყნებაა.
უსკოს ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება და თანხის უმეტესი ნაწილი ხელფასებზე იხარჯება. მაგალითად, 2024 საარჩევნო წლისთვის უსკოს ბიუჯეტი 4 მილიონზე მეტი ლარია. არასაარჩევნო წელს კი უსკოზე ბიუჯეტიდან მილიონ-ნახევარი ლარი იხარჯება.
აჭარის უმაღლესი საარჩევო კომისია.
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისადმი საზოგადოების გულგრილობის მიზეზებზე „ბათუმელები“ არასამთავრობო სექტორსაც ესაუბრა.
მალხაზ ჭკადუა, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელი აჭარაში, ამბობს, რომ ეს გულგრილობა კონკრეტული მიზეზითაა გამოწვეული:
„მოქალაქე ვერ ხედავს თავს უმაღლესი საბჭოს მუშაობაში, იმიტომ, რომ მას ნაკლებად უსმენენ, მის ინტერესებს ნაკლებად გამოხატავენ.
ეს ეხება არა მხოლოდ მმართველ პარტიას, გარკვეულ შემთხვევებში ოპოზიციურ პარტიებზეც შემიძლია იგივე ვთქვა“.
მისი თქმით, თემატური მოკვლევებით აჭარის უმაღლეს საბჭოში თითქმის არც ერთი პარტია არ გამოირჩევა, ასევე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები არ გამოირჩევიან მოქალაქეებთან გამართული შეხვედრების შედეგად წარმოქმნილი სხვადასხვა სახის ინიციატივის წარდგენით, რომელთა განხორციელებამაც შეიძლება შეუწყოს ხელი მოქალაქეების უკეთ ცხოვრებას რეგიონში.
„ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ პოლიტიკური პოლარიზაციის რაღაც მაგალითებს, ხმაურიან სხდომებს აჭარის უმაღლეს საბჭოში, რომელიც შეიძლება განვიხილოთ საკანონმდებლო საქმიანობის ნაწილად, მაგრამ აქცენტი უსაგნო ხმაურზე კეთდება ხოლმე, პირად შეურაცხყოფაზე და მოქალაქე, ასე ვთქვათ, დისტანცირებული რჩება პროცესიდან“, – ამბობს მალხაზ ჭკადუა.
მალხაზ ჭკადუა
„პირადი შეურაცხყოფის“ თემა აჭარის უმაღლეს საბჭოში ახალი არ არის, საბჭოს სხდომები პერიოდულად მართლაც ხმაურიანია, თუმცა ყველაზე სკანდალური სხდომა საბჭოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს უკავშირდება, რომელმაც 2022 წლის 7 ივნისს ოპოზიციას „ჭორიკნები“ და „ბანდიტები“ უწოდა და მიმართა – „დავაი, დაახვიეთ“ .
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს სწორედ უმაღლესი საბჭო ამტკიცებს. რა შეიცვლება, თუკი, მაგალითად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტიც არჩევითი გახდება?
არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი ასლან ჭანიძე მიიჩნევს, რომ პირდაპირი არჩევნები ხალხის მიმართ ანგარიშვალდებულებას გაზრდის.
„ეს, ბუნებრივია, არ გამორიცხავს იმას, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეიძლება გახდეს რომელიმე პარტიის იდეის გამტარებელი, მაგრამ ეს უნდა გახდეს მსჯელობის საგანი და ახალმა უმაღლესმა საბჭომ უნდა დაიწყოს ამაზე მსჯელობა.
საბოლოო ჯამში, თუ ჩვენ გვინდა დეცენტრალიზაცია, ეს არ ხდება ზევიდან მართვით, ამიტომ, მთავრობის თავმჯდომარის პირდაპირი წესით არჩევა იქნება კარგი გზა, რომ უფრო განვითარდეს რეგიონი“, – ამბობს ასლან ჭანიძე.
უმაღლესი საბჭოს სხდომა.
აჭარის უმაღლეს საბჭოს წარმომადგენლობითი ფუნქციის გარდა აქვს ყველაზე მნიშვნელოვანი – მთავრობის კონტროლის ფუნქცია. საბჭომ უნდა გააკონტროლოს როგორ იხარჯება თითოეული თეთრი აჭარის ბიუჯეტიდან. თუმცა, როგორც მალხაზ ჭკადუა ამბობს, სწორედ ამ ვალდებულებას ართმევს თავს ყველაზე ნაკლებად აჭარის უმაღლესი საბჭო.
ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, რომელსაც წარმოადგენს მალხაზ ჭკადუა აჭარაში, წლებია მონიტორინგს უწევს ბიუჯეტთან დაკავშირებულ საკითხებს.
„რა ხდება მაშინ, როცა ვავლენთ კორუფციულ გარიგებებს [აჭარის] სამინისტროებში ან მათ მიერ დაქვემდებარებულ უწყებებში?
თვითონ [აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები] უნდა იყვნენ დაინტერესებული, რომ პროკურატურამ, ანტიკორუფციულმა ბიურომ ან სხვა შესაბამისმა უწყებამ გამოიძიოს ეს ფაქტები.
ასლან ჭანიძე
ცხადია, თვალს ხუჭავენ ამაზე და რომც იცოდნენ რაიმე ტიპის დარღვევაზე, მათ არ აქვთ პოლიტიკური ნება და არც, ასე ვთქვათ, ავტონომიურობა, რომ გაბედონ ამაზე ხმამაღლა საუბარი, რადგან პოლიტიკურ ვერტიკალს არიან უბრალოდ დამორჩილებული“, – ამბობს მალხაზ ჭკადუა.
წელს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის ბიუჯეტიდან 2,8 მილიონი ლარი დაიხარჯება. აქედან 2 227 980 ლარი საარჩევნო ადმინისტრაციის ხელფასებისთვისაა გათვალისწინებული, ხოლო 602 ათასი ლარი სხვადასხვა საჭიროებას მოხმარდება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 22 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 681 580 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 350]
ტანკი – 9 079 ერთეული [+8]
ჯავშანტექნიკა – 18 199 ერთეული [+24]
საარტილერიო სისტემა – 19 623 ერთეული [+34]
MLRS – 1 234 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 981 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 17 404 ერთეული [+71]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 625 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 27 111 ერთეული [+77]
სპეცტექნიკა – 3 499 ერთეული [+20]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 22 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
646 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
34 095 უპილოტო საფრენი აპარატი
583 საზენიტო სარაკეტო სისტემა
18 753 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 478 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
16 530 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
27 468 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
მაღალმთიან აჭარაში დღეს, 21 ოქტომბერს, თოვლის საფარი 50-55 სანტიმეტრს აღწევს. ხულოს ბევრ სოფელში ოჯახებმა ვერ მოასწრეს მოსავლის აღება და ზამთრისთვის მომზადება.
„არის ოჯახები, რომლებმაც კარტოფილის ამოღება ვერ მოასწრეს. ყველასთვის მოულოდნელი იყო ეს ამინდი. მე პირადად შეშა ვერ მოვიმარაგე. ველოდებით გამოდარებას. იქნებ რამე მოვახერხოთ”, – გვეუბნება თეიმურაზ გაბაიძე, რომელიც ხულოს სოფელ ქვედა თხილვანაში ცხოვრობს. მისი თქმით, მსგავსი ვითარებაა მეზობელ სოფლებშიც.
„ასე ადრე არ მოდიოდა ზამთარი და არც ველოდებოდით, ამიტომ აღმოვჩნდით ასეთ მდგომარეობაში”, – გვეუბნება თეიმურაზი და დასძენს, რომ შეშის მომარაგება ისედაც გართულებულია მათთვის, რადგან შეშის მოჭრა საკმაოდ მიუწვდომელ ადგილას უწევთ: „გზა არ შედის, ისეთ ადგილსაა, რამაც შეგვაფერხა და ამიტომაც ვერ მოვიმარაგეთ”.
მისი თქმით, თოვლმა განსაკუთრებით დააზიანა ხეხილი:
„სულ დატეხა ყველაფერი. ტოტებმა ჩახერგა სოფლის შიდა გზაც, მაგრამ სანამ სამაშველო მოვიდოდა, ადგილობრივებმა გავასუფთავეთ. მასწავლებელი ვარ და საგაკვეთილო პროცესი არ შეჩერებულა სკოლაში“.
თეიმურაზ ქამადაძის თქმით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა კომუნიკაციის საკითხიც, რადგან, გარდა იმისა, რომ სოფელში არ მიეწოდებათ ელექტროენერგია და ვერ მუხტავენ მობილურებს, დაბალია მობილური კავშირის სიხშირეც.
ქვედა თხილვანაში ახლაც თოვს. ადგილობრივებს მეორე დღეა არ მიეწოდებათ ელექტროენერგია.
„ჩვენი სოფელი მეწყერსაშიში ზონაა, მუდმივად სჭირდება მონიტორინგი. 2017 წელს ჩამოვიდა მეწყერი და საფრთხე შეუქმნა მთელ სოფელს. ეს საშიშროება არსად წასულა. მუდმივად შიშის ქვეშ ვართ და ამიტომ, გეოლოგიური მონიტორინგი მუდმივად სჭირდება ჩვენს სოფელს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველთვის შესაძლებელია განმეორდეს ეს პროცესები და არამარტო ჩვენს სოფელში, არამედ ჩვენ მეზობელ სოფლებსაც შეექმნათ მსგავსი საფრთხე, ისეთი მასშტაბურია [მეწყერი]. ეს ამინდები ცეცხლზე რომ ნავთი დაასხა, ისეა”, – გვეუბნება თეიმურაზ ქამადაძე.
თეიმურაზ ქამადაძე
ხულოს სოფელი მეკეიძეებში ცხოვრობს ნოდარ ვანაძე. როგორც ის ამბობს, აქაც მეორე დღეა არ აქვთ შუქი და გზა:
„კავშირი დაკარგული გვაქვს ყველასთან. ჩვენს სოფელში ბევრს კარტოფილი დარჩა მიწაში, ზოგს – ყანიდან მოსაზიდი. ჩვენს სოფელში 70 პროცენტს არ მოუტანია შეშა ზამთრისთვის. ტყეში გზის გაუვალობის გამო ხალხმა ვერ მოიტანა შეშა. აქ უკვე სერიოზული ზამთარია“.
კაცის თქმით, გარდა ერთეულებისა, ვერავინ ახერხებს ტყის იმ მონაკვეთში შესვლას, საიდან დაშვებულია შეშის გამოტანა:
„გზა არ არის, ჭაობის მაგვარი ადგილია. დაბალი გამავლობის მანქანით აქ ვერ შეხვალ, ჩვენ კი არ გვყავს მაღალი გამავლობის მანქანები. ვერ შევედით და ამიტომ ვერ მოვიტანეთ შეშაც.
ხულოს სოფლებში მოსახლეობის 60-70 პროცენტს არ მოუმარაგებია შეშა. მოქალაქეებმა დამირეკეს სხვადასხვა სოფლიდან. ამბობენ, რომ ბოლო რამდენიმე კვირა წვიმა იყო, ტყეში არ არის გზა და არც მერიიდან გააგზავნეს ტექნიკა გზის გასაყვანად, ამიტომ, მოსახლეობამ ვერ მოიმარაგა შეშა. მე შემიძლია თავი გავიტანო ამ ზამთარში როგორმე, მაგრამ იმ ხალხს რა ეშველება, ვისაც საერთოდ არ აქვს შეშა და არც მოსავალი აუღია?!“ – კითხულობს ნოდარ ვანაძე.
მისი თქმით, მოსახლეობა ვერ ხედავს აზრს მუნიციპალიტეტს დახმარების თხოვნით მიმართოს, რადგან ადგილობრივები თვლიან, რომ ეს უშედეგო იქნება.
„ზამთარი მთაში ყოველთვის მოსალოდნელია, მაგრამ ამ რაოდენობის ნალექი ამ დროს ბოლო 20 წელია არ ყოფილა. ყველასთვის მოულოდნელი იყო“ – ამბობს ის.
ხვალ, 22 ოქტომბერს, 12 საათზე, ხულოში საკრებულოს სხდომაა. ოპოზიცია აპირებს დასვას კითხვები, თუ რა სახის მხარდაჭერას გამოუცხადებს მუნიციპალიტეტი მოქალაქეებს.
„მოსახლეობის 40-50 პროცენტმა ვერ მოასწრო მოსავლის აღება. ვერც თივის მომარაგება. ამ ეტაპზე არ მაქვს ინფორმაცია, რას აპირებს მერია”, – გვეუბნება ზაზა ვანაძე, ხულოს საკრებულოს წევრი ოპოზიციური პარტიიდან.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა ხულოს მუნიციპალიტეტის პრესსამსახურს კითხვით – თუ განიხილავენ მოქალაქეების მხარდაჭერას და რა ფორმით, თუმცა ხულოს მერიას ჩვენთვის ამ დრომდე არ უპასუხია.
_______
მთავარ ფოტოზე: 21 ოქტომბერი, ხულოს სოფელი გორგაძეები. ფოტო: ლუიზა შანიძე
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათში, წიაღობანის უბანში, გადაუღებელი წვიმის შემდეგ განვითარებული მეწყრული მოვლენების შედეგად გზა ჩამოიშალა, მოსახლეობის შეფასებით, მოიმატა ბზარებმა სახლებზე.
„ბათუმელები“ წიაღობანში ესაუბრა ზურიკო შაინიძეს, რომელიც აქ ცხოვრობს.
სტიქიის ამსახველი ფოტომასალა „ბათუმელებს“ ჩოჩხათიდან მოაწოდესსტიქიის ამსახველი ფოტომასალა „ბათუმელებს“ ჩოჩხათიდან მოაწოდესსტიქიის ამსახველი ფოტომასალა „ბათუმელებს“ ჩოჩხათიდან მოაწოდეს
„გზა საერთოდ აღარაა, საფეხმავლო გზაც კი არაა“ – გვითხრა მან.
მოქალაქის თქმით, სტიქია აქ 2023 წლის სექტემბერშიც განვითარდა და მაშინ 20-ზე მეტი ოჯახი გაასახლეს სოფლიდან.
„შარშან, 8 სექტემბერს მოხდა სტიქია, ახლა განმეორდა იგივე, მაგრამ კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი. სოფლის შემოსასვლელი, დაახლოებით ერთკილომეტრიანი გზის მონაკვეთი სულ წაღებულია, ფეხითაც ვერ გაივლი, ისეთი მდგომარეობაა.
ჩვენ ვითხოვთ გასახლებას, აქ საცხოვრებელი ადგილი აღარ არის, ბავშვი სკოლაში ვერ გავუშვით… თუ ვერ გახვედი, ვერ მოხვედი, რანაირად უნდა იცხოვრო?! ვერ იცხოვრებ ვერანაირად.
ლანჩხუთის მერიც იყო ამოსული, შეამოწმა რაღაცები, მაგრამ ამას არანაირი დასკვნა არ სჭირდება, ისეთი მდგომარეობაა. თვალნათლივ ჩანს. ეს გზა ვერ გაკეთდება ისე, რომ ადამიანებმა სრულყოფილად გამოიყენონ, ეს დროის გაწელვა იქნება მხოლოდ. რომ შეხედოთ, დარწმუნდებით, რომ არ არის აქ საცხოვრებელი ადგილი.
ეს ბზარები ახლა გაიზარდა სახლებზე. საპირფარეშო გარეთ გვაქვს და შესასვლელი, დასხმული ადგილი ჩავარდა, გაქრა. სახლის ქვეშ წყალი გამოდის, ეს სიტუაციაა მთელს სოფელში, მარტო ჩემთან კი არა.
საფრთხეზე ვერ გეტყვით. ისეთი ადგილები მოსკდა და გაიბზარა, ვერც წარმოვიდგენდი“ – ამბობს ზურიკო შაინიძე.
მან „ბათუმელებთან“ საუბრისას შარშანდელი სტიქიაც გაიხსენა: „მაშინ, სულ პირველად რომ იყვნენ გეოლოგები მოსული, თქვეს, რომ ეს წითელი ზონაა, ამას მყარი ადგილი აღარ აქვს, საცხოვრებლად გამოუსადეგარი ადგილია, მთელი სოფელი წყალზეაო. მერე ის გეოლოგები კი აღარ მოიყვანეს, სხვა გეოლოგი მოვიდა.
ახლა წიაღობანში დარჩენილია 15 ოჯახი ადგილზე, და კიდევ ორი ოჯახია, რომელიც, ძირითადად, აგარაკად იყენებს ამ ადგილს, ზაფხულში ამოდიან“ – გვითხრა მან.
„ბათუმელები“ ესაუბრა ლანჩხუთის მერს, ალექსანდრე სარიშვილს, რომელიც დღეს ჩოჩხათში იმყოფებოდა. მან გვითხრა, რომ გეოლოგებმა უკვე დაიწყეს ადგილის შესწავლა და მერია, ასევე, შეისწავლის ზარალს.
„გეოლოგები ადგილზე არიან, რამდენიმე ოჯახი უკვე შემოწმებულია, ასევე, რამდენიმე ოჯახი, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი, სასტუმროში გვყავს გადაყვანილი, ზოგი – საკუთარ ნათესავებთან. სადაც გზა არის დაკეტილი, მუშაობს ტექნიკა და იწმინდება, სადაც ამინდი გვაძლევს მუშაობის საშუალებას. ელექტროენერგიის თემა უკვე აღმოფხვრილია.
ზარალი დაითვლება, სახელმწიფო არც ერთ მათგანს [მოსახლეს] უყურადღებოდ არ დატოვებს“.
მან გვითხრა, რომ ამ ეტაპზე 7 ოჯახია სასტუმროში გადაყვანილი. ლანჩხუთის მერის თქმით, რამდენიმე ოჯახმა უარი თქვა გადაყვანაზე, რადგან ადგილზე ჰყავთ პირუტყვი, რომელსაც მოვლა-პატრონობა სჭირდება. მან აღნიშნა, რომ მერია მზად არის, თუ ოჯახებს სასტუმროში გადაყვანის სურვილი ექნებათ, გადაიყვანონ:
„ასევე, თუ კი კერძო სახლებს იქირავებენ სადმე, თავის სამეზობლოში, იქაც მზადაა მუნიციპალიტეტის მერია, რომ უზრუნველყოს თავიდან ბოლომდე მათი მომსახურება“ – დასძინა ალექსანდრე სარიშვილმა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე, სანამ გეოლოგების დასკვნა არ არის, მოსახლეობის გასახლების საკითხი არ განიხილება და მერია გადაწყვეტილებას მიიღებს დასკვნის შემდეგ.
სტიქიის ამსახველი ფოტომასალა „ბათუმელებს“ ჩოჩხათიდან მოაწოდესსტიქიის ამსახველი ფოტომასალა „ბათუმელებს“ ჩოჩხათიდან მოაწოდეს
„თავიდან უნდა დაგვეწყო ბრძოლა, ერთი რომ მოგვატყუა, მეორეზე არ უნდა დავთანხმებოდით,“ – გვიყვება მაგული ფუტკარაძე, უსახლკარო ქალი, რომელიც რამდენიმე დღის წინ თორნიკე რიჟვაძის სამუშაო ოფისის შესასვლელთან მუყაოს ყუთში ჩაჯდა.
უსახლკაროები ბათუმში აქციებს პერიოდულად, ბოლო ორი წელია მართავენ, თუმცა ხელისუფლება ასობით ადამიანს არ იმჩნევს. დღემდე არ არსებობს პროგრამა, რომლითაც სოციალურად დაუცველი, მარტოხელა დედები ისარგებლებენ.
მაგული ფუტკარაძე წლებია უსახლკაროების რიგშია. ის მარტოხელა დედაა და 31 წლის შვილთან ერთად ცხოვრობს, რომელსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. რამდენიმე დღის წინ მაგული ფუტკარაძე და კიდევ რამდენიმე უსახლკარო ქობულეთში, ბუკნარში, მიტოვებულ სახლში შეიჭრნენ. უსახლკაროებთან ამ დრომდე მხოლოდ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მისულა და ოჯახებისთვის ერთჯერადად 400 ლარი შეუთავაზებია.
„მე მეკუთვნის საცხოვრისი, 4 წელია აქციაზე ვარ, 1988 წლიდან ბათუმში ვარ ჩაწერილი… ახლა ჩემი შვილი ბინაში ჩავკეტე, მეზობელს დავუტოვე გასაღები, იცით?“ – მიმართა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელთან ჩამომწკრივებულ პოლიციელებს მაგული ფუტკარაძემ 16 ოქტომბრის აქციაზე და იქვე მუყაოს ყუთში ჩაჯდა.
მაგული ფუტკარაძე აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელთან
უსახლკაროებმა იმ დღეს აჭარის მთავრობის შესასვლელი იმ პირობით დატოვეს, რომ ბათუმის მერია განიხილავდა საბინაო ფონდიდან უსახლკაროებისთვის ბინების გადაცემას. ეს პირობა მთავრობიდან ნაილი ბეჟანიძემ გამოიტანა, ამ საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა. მას დახურულ კარს მიღმა აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი, ჯაბა სურმანიძე შეხვდა.
თუმცა დათქმულ დღეს უსახლკაროებს უკვე აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენელი, კახა შაშიკაძე შეხვდა და უთხრა, რომ საბინაო ფონდიდან ბინების გადაცემის საკითხი მისთვის უცნობია. მისივე თქმით, უსახლკაროებმა ინდივიდუალურად, განცხადებებით ბათუმის მერიას უნდა მიმართონ.
„რამდენჯერ შეიძლება დავწერო ერთი და იგივე განცხადება? 4 წელია განცხადებებს ვწერ. არავინ მოსულა ჩემთან და არ შეუსწავლია ჩემი ოჯახის მდგომარეობა. იქნებ ვიტყუები?“ – კითხულობს მაგული ფუტკარაძე, რომელსაც ბათუმში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში ვესაუბრეთ.
მაგული ფუტკარაძე შვილთან ერთად.
„ნახეთ, ასეთი კორპუსები უნდა იყოს, ცათამბჯენები და მე უსახლკარო? ისევ ქუჩაში ვრჩები, 20 ოქტომბერს მაქვს ბოლო ვადა ქირის გადახდის, მაგრამ როგორ გადავიხდი?“ – აივნიდან ბათუმის ქაოსურად ნაშენები ბინებისკენ მიგვითითებს უსახლკარო ქალი.
დედა-შვილი ნაქირავებში ცხოვრობს. ერთოთახიანი ბინა სავსეა მუყაოს ყუთებში ჩალაგებული საოჯახო ნივთებით. უსახლკარო ქალი გვიყვება, 15 წელი თურქეთში, ემიგრაციაში ვიყავი და იქ მჩუქნიდენ ნივთებს, როცა მომვლელად ვმუშაობდიო.
მაგული ფუტკარაძე მას შემდეგ დაბრუნდა, როცა მისი მეზღვაური შვილი მოულოდნელად ავად გახდა.
„ჩემი ბინა არასდროს მქონია, მაგრამ ვმუშაობდი, არ მიჭირდა, პირიქით, იქეთ ვეხმარებოდი ჩემნაირებს, საჭმელი მიმქონდა, ვურეცხავდი… ბავშვობაში გვიჭირდა ძალიან, სოფელში ვიზრდებოდი ობლად, ცალ-ცალი კალოშებით დავდიოდი სკოლაში. ვფიქრობდი, რომ ჩემს შვილს არაფერს მივაკლებდი, მაგრამ ავად გამიხდა.
ზღვაზე გამყავს ახლა, ხან კაკალს ვაგროვებთ, მდინარეს ჩამოაქვს, ხანაც ქილებს, იქნებ პურის ფული ვიშოვოთ-მეთქი.
ჩვენი შემოსავალი მხოლოდ პენსიაა, მაგრამ საპენსიო სესხი გვაქვს ორივეს და ჯამში 300 ლარს ვიღებთ, კიდევ სოციალური გვაქვს 120 ლარი. სულ ესაა ჩვენი შემოსავალი.
უფასო სასადილოთი ვსარგებლობ, მაგრამ ზოგჯერ ჩემი შვილი იქაურ საჭმელს ვერ ჭამს, მეუბნება, ტყუილად დადიხარ მაქო, მაგრამ პური ხომ მაინც მომაქვს? კარტოფილი და ხახვი გვაქვს, რაც მთავარია. დღესაც ალბათ კარტოფილს შევწვავ…
ხან ახლობელთან ვცხოვრობ, ხან ვახერხებთ ქირას. ასე ვწანწალებთ…
რამდენიმე თვის წინ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, რამაზ ჯინჭარაძე დამპირდა, რომ ქირის ფულს გადამიხდიდა. მართლაც შევაგროვე საბუთები და ჩამირიცხეს ერთი თვის ქირის ფული. მაშინ ვიქირავე ეს ბინა. მეორე თვეში თანხა აღარ დამერიცხა და მივედი ისევ ბატონ რამაზთან. მითხრა, რომ ეს ერთჯერადი დახმარება იყო.
საბოლოოდ მომცა თანხა, კიდევ ერთი თვის ქირის ფული, მაგრამ ამას ჩემი ხელფასიდან გაძლევო… მესამედ რომ მივედი, აღარ შემხვდა. აღარავინ მხვდება ბათუმის მერიაში ან მთავრობაში.
ბოლო ორი თვის ფული გადასახდელი მაქვს, ამიტომაც უნდა დავცალო ბინა, სხვა გზა არ მაქვს, სად წავიდე?
მხოლოდ ეს დახმარება მაქვს მიღებული, მეტი არაფერი არასდროს მიმიღია მთავრობიდან. თორნიკე რიჟვაძის წარმომადგენელსაც როცა შევხდი, ერთჯერადად 2 ათასი ლარი შემომთავაზა და კატეგორიული უარი ვუთხარი. ვუთხარი, რომ მე მხოლოდ საცხოვრისი მინდოდა, ერთი პატარა ბინა, სადაც მე და ჩემი შვილი ვიცხოვრებთ,“ – გვიყვება მაგული ფუტკარაძე.
მაგული ფუტკარაძე
მაგული ფუტკარაძე პერიოდულად ტოვებს დანგრეულ შენობას ბუკნარში, სადაც სხვებთან ერთად შეიჭრა. უკვე აცივდა, საბანს წამოვიღებ ახლაო, გვიყვება უსახლკარო ქალი, რომელიც ისევ მიტოვებულ შენობაში ბრუნდება.
შენობის შესასვლელის ერთ კედელთან უსახლკარო კაცებს ცეცხლი დაუნთიათ, ზღვაზე მოვაგროვეთ ფიჩხები და დავანთეთ, შეგვცივდა, ღამით აღარ გაიჩერებაო, ჰყვებიან ისინი.
90-იან წლებში დავბრუნდით, ეს რა არისო, უსახლკაროებს მიმართავს მაგული ფუტკარაძე და შემდეგ სახლიდან წამოღებულ საბანს ღია ფანჯრების პირდაპირ გაშლილ საწოლზე დებს. ფანჯრებზე უსახლკაროებს ფერად-ფერადი პლედები ჩამოუფარებიათ. მაგიდაზე გაურეცხავი ჭურჭლის გროვაა, ჭერიდან წვიმა ჩამოდის, კედლები ჩაშავებულია, ნაწილზე ბალახი ამოსულა…
უსახლკაროები ნახევრად დანგრეული, მაგრამ სახელმწიფოს ბალანზე არსებული შენობის დატოვებას არ აპირებენ. შენობა ჩამოქცეულია. შიგ არც სველი წერტილია. უსახლკაროები სასმელ წყალს გვერდითი შენობის წინ მდებარე ონკანით სარგებლობენ, ტუალეტი მაღაზიის გვერდითაა.
ადევნებთ თუ არა თვალს ბიძინა ივანიშვილის გამოსვლებს, რას გპირდებათ იგი? – ვკითხეთ უსახლკაროებს.
„ივანიშვილი არაფერს არ ამბობს, ტყუილებს ამბობს ყველაფერს…“ – გვიყვება მაგული ფუტკარაძე. – „ზუგდიდში რომ ჩამოვიდა, წინა რიგში დავდექი, მაგრამ ვინ მიმიშვა? ცას სწვდებოდა, იმხელას ვკიოდი, გაჭირვება მაქვს და მიშველეთ-მეთქი, ყველას ესმოდა იქ, მაგრამ არავინ ყურადღება არ მომაქცია. ვიღაც პოლიციელი მოვიდა და მეუბნება, გზის ფულს მოგცემო, შეურაცხყოფა მომაყენა.
ამ ხელისუფლებას გაჭირვებული ხალხი არ აინტერესებს.
ივანიშვილმა ხეები ჩამოიტანა უცხოეთიდან ისეთი, აქაურ კლიმატს რომ ვერ შეეჩვეოდა, გახმა ის ხეები და ივანიშვილმა ხეებს სასაფლაოები გაუკეთა, ინტერნეტში ვნახე. გაჭირვებულებს და ავადმყოფ ბავშვებს კი, არავინ ეხმარება, ესაა ჩვენი ცხოვრება,“ – თვალები უცრემლიანდება უსახლკარო ქალს.
უსახლკაროების ბედით ხელისუფლება არ დაინტერესებულა, თუმცა ჩამოქცეული შენობის წინ, სადაც უსახლკაროები ახლა გაუსაძლის პირობებში განაგრძობენ ცხოვრებას და მთავრობის ყურადღების მიქცევას ცდილობენ, „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო პლაკატები გაუკრავს.
აქვე მდებარე საჯარო სკვერში ფრიალებს „ქართული ოცნების“ პარტიული დროშაც.
„ქართული ოცნების“ პლაკატი მიტოვებული შენობის წინ, სადაც უსახლკაროები უკვე 22 დღეა ცხოვრობენ
„ეკონომიკა დუღსო, ხელისუფლება ამბობს და მართლა დუღს ამდენი გაჭირვებისგან, ჩვენთვის არაფერია, ბათუმში უკვე იმდენი ცათამბჯენია, ვერ გაივლი,“ – მიტოვებული შენობის წინ ტრაფარეტი გაუკრავთ: სოლიდარობა უსახლკაროებს. ტრაფარეტთან ჩერდება მაგული ფუტკარაძეც.
„12 წელია გვატყუებს „ქართული ოცნება“, ახლაც მოგვატყუებს რაღაცას, მაგრამ ჩვენ არ მოვტყუვდებით, დავდგებით ფეხზე და ვიბრძოლებთ,“ – შემართება ეტყობათ უსახლკაროებს.
უსახლკაროები ქობულეთში, ბუკნარში, მიტოვებული შენობის წინ
თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.
ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და კომფორტული ციფრული გადაწყვეტები და ადგილზევე წარადგინეს მათი მუშა პროტოტიპები.
საიდანაც ჟიურიმ სამი გამარჯვებული გუნდი გამოავლინა:
Bankify I ადგილი
Koggo 2.0 II ადგილი
Hack ‘n’ Slash III ადგილი
ჰაკათონის ჩატარების მიზანი ტექკომუნის გაერთიანებასთან ერთად, მათთვის რეალურ ცხოვრებაში არსებული პრობლემების გადაჭრის გზების შესაძლებლობების მიცემა და მათი ახლებური გადაწყვეტების მიგნება იყო. მონაწილე გუნდებმა დავალების შესახებ დეტალური ინფორმაცია ადგილზე მიიღეს, რის შესასრულებლადაც სამი დღე ჰქონდათ. მთავარი მოთხოვნა იყო, რომ იდეა გაზიარებული ყოფილიყო ვიზუალურად, პროტოტიპის ან MVP-ის სახით, რათა ჟიურის წევრებს შესაბამისი წარმოდგენა შეექმნათ.
ჰაკათონის სამ გამარჯვებულ გუნდს ფულადი ჯილდო გადაეცათ: I ადგილი – 10,000 ლარი, II ადგილი – 6,000 ლარი, ხოლო, III ადგილი – 4,000 ლარი.
„ჰაკათონი ფიზიკურ სივრცეში ჩატარდა, სადაც სამივე დღის განმავლობაში მუშაობდნენ გუნდები ახალი პროდუქტის შესაქმნელად. საჭიროების შემთხვევაში ადგილზე იყვნენ მენტორები, რომლებიც მონაწილეებს საკუთარი ცოდნის და გამოცდილების გაზიარებით დაბრკოლებების გადალახვაში ეხმარებოდნენ. ჩვენი მიზანი, როგორც წამყვანი ტექნოლოგიური ტალანტების დამსაქმებელის, იყო ტექპროფესიონალებისთვის შეგვექმნა უნიკალური გამოცდილება. მიღებული შედეგები გვაფიქრებინებს, რომ მიზანი მიღწეულია” – როსტომ ტალახაძე, თიბისის ციფრული ბიზნესის განვითარების ტრაიბ ლიდი.
თიბისი ტექნოლოგიური პროექტების ხელშეწყობით და განხორციელებით მუდამ ზრუნავს ტექეკოსისტემის განვითარებაზე და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანების განათლების გაღრმავებასა და მათ წახალისებაზე.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 ოქტომბრის 21 საათიდან 21 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით ყველგან, დღისით კი ზოგან წვიმა, მაღალ მთაში თოვა.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში ზეგ, 23 ოქტომბერს გამოიდარებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით კი, ხვალიდან, 22 ოქტომბრიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და დღის საათებში შედარებით დათბება.
სააგენტოს ცნობით, შავი ზღვის სანაპიროზე: ბათუმში, ქობულეთში, ანაკლიასა და ფოთში, ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს.
აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებში ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში: ზესტაფონში, ქუთაისში, სამტრედიაში, ზუგდიდში, მარტვილსა და ოზურგეთში ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან შესაძლოა მცირე თოვლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +10 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი +4, +6 გრადუსია მოსალოდნელი.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) ზოგან შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს.
სააგენტოს ცნობით, კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) ზოგან მოსალოდნელია მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18 გრადუსამდე იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) ზოგან მოსალოდნელია მცირე ნალექი. ჰაერის ტემპერატურა – დღისით +10, +15 გრადუსამდე.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) ზოგან შესაძლოა მცირე თოვლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +10 გრადუსამდე მოიმატებს.
______________
ფოტოზე: ოქტომბრის თოვლი სოფელ თხილვანაში. თეიმურაზ ქამადაძის ფოტო
ამდენიდროარგაქვს?თანმაშინ, როცააქამდეცდიდადვერავინმოგაწონათავიპოლიტიკურველზე, მაშინშენთვისკარგიამბავიგვაქვს. არსებობს მარტივი გზაც- საარჩევნო კომპასი,რომელიცმოგცემსსაშუალებასგამოტოვოყველაზემოთნახსენებიეტაპიდარამდენიმეწუთშიგაიგო, პოლიტიკოსებისრომელიგუნდიდგასშენთანყველაზეახლოს.
საარჩევნოკომპასიარისინსტრუმენტი, რომელიცნათელსხდისპიროვნებისპოლიტიკურმსოფლხედვას. ეხმარებამასპოლიტიკურიპოზიციისგაგებაშიდადა იმ პარტიის/კოალიციის აღმოჩენაში, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოსაა.
შემდეგ თქვენ გადახვალთ უშუალოდ შეკითხვების ნაწილზე. აქ 32 დებულება შეგხვდება, რომელთაგანაც ყველას უნდა მიანიჭო შესაბამისი პასუხი. მაგალითი ქვემოთ ფოტოზეა მოცემული.
მაგალითად, ეთანხმებიამწინადადებას? – “სახელმწიფომუნდადაარეგულიროსმედიკამენტებისფასები“, მონიშნავშესაბამისპასუხს. თუპასუხიარგაქვს, არაუშავს, შეგიძლია მონიშნო ველი „არმაქვსპასუხი“.
საბოლოო შედეგი, რომელსაც კომპასი ავტომატურად დააგენერირებს, დაახლოებით ასე შეიძლება გამოიყურებოდეს:
წითელინიშნულიგიჩვენებს, სადხარშენდა სად არიანპოლიტიკურიპარტიებიგანაწილებულიკულტურულ–ეკონომიკურველზე. მარტივადრომვთქვათ, ფიზიკურადშენთანახლოსმყოფიპარტიაიდეოლოგიურადაცახლოსიქნებაშენთან. ასერომ,შეგიძლიადაფიქრდე, ხომარგინდამისთვისხმისმიცემაარჩევნებზე?
ტესტის ბოლოს შეგიძლია ისიც ნახო, კონკრეტულ პარტიას რა შეხედულება აქვს ამა თუ იმ თემაზე, ასევე შეგიძლია იმ წყაროს ნახვა, საიდანაც ეს ინფორმაციებია შეგროვებული.
ამისთვის ეწვიე შემდეგ განყოფილებებს
კომპასს კლასიკურად ორი განზომილება აქვს: კულტურული და ეკონომიკური. მეორე მხრივ კი – ლიბერალურ/კონსერვატორული და მემარჯვენე/მემარცხენე სიბრტყეები.
ლიბერალები, როგორც წესი, მხარს უჭერენ: ინდივიდუალურ თავისუფლებებს, სოციალურ პროგრესს, ცვლილებებს.
კონსერვატორები კი, როგორც წესი, მხარს უჭერენ: ტრადიციულ ფასეულობებს, სოციალურ წესრიგს, ცვლილებებისადმი კი სიფრთხილით გამოირჩევიან.
ამასთან ეკონომიკურად მემარცხენეები ცვლილებებისთვის, სოციალურ/ეკონომიკური თანასწორობისთვის იბრძვიან, ფიქრობენ, რომ სახელმწიფომ უნდა ითამაშოს გარკვეული როლი ეკონომიკის რეგულირებაში. ეკონომიკურად მემარჯვენეები კი – უმეტესად პირადი საკუთრების უფლების, ბაზრის თავისუფლებისა და ინდივიდუალისტური იდეებისთვის იბრძვიან.
გახსოვდეს, რომ არჩევნებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, შენი ხმა კი – გადამწყვეტი.
20 ოქტომბერს, ღამით, თბილისში ტრანსგენდერ ქალს, აქტივისტ ნატა ტალიკიშვილს თავს დაესხნენ. მომხდარს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მათივე ცნობით, თავდამსხმელი დაკავებულია. ნატა ტალიკიშვილი ტვინის შერყევით კლინიკაში გადაიყვანეს.
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის 126-ე მუხლით, რომელიც ძალადობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით (ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე), ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
„გაჩერებაზე ვიდექი ორთაჭალის ავტოსადგურზე… გამიარ-გამომიარა, მიმართვები ტრანსფობიური იყო, შენ ვინ გაბლატავებს ამ ქვეყანაში, შენნაირების დედა… ჩარტყმა კი არა სიკვდილის ღირსი ხარო“, – ჰყვება ტალიკიშვილი “მთავარ არხთან”.
დღეს, 21 ოქტომბერს, მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარმა 15-20 სანტიმეტრს მიაღწია. ხულოს სოფლების ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია, ჩაკეტილია გზებიც.
დაბა ხულოში, ადგილობრივების თქმით, მესამე დღეა არ მიეწოდებათ წყალი.
მაღალმთიან აჭარაში ახლაც თოვს.
ხულოს სოფლებში მოსახლეობის ნაწილს არ აუღია მთელი წლის მოსავალი. ბევრი მათგანის თქმით, ვერც თივის მომარაგება მოასწრეს პირუტყვის გამოსაზამთრებლად და ვერც შეშის.
„ამ ეტაპზე ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებს. მოსულმა უხვმა ნალექმა დააზიანა კომპანიის მაღალი ძაბვის ინფრასტრუქტურა, როგორც მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი სადენები, ასევე საყრდენები. ამ დროისთვის კომპანიის ტექნიკური სამსახური აქტიურად მუშაობს, რათა ელექტროენერგიის მიწოდება აღადგინოს სრულად”, – მოგვწერეს „ენერგო-პრო ჯორჯიადან“.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს. აქ გვითხრეს, რომ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება, განსხვავებით შიდა სასოფლო გზებისგან.
„შიდა სასოფლო გზებზე უხვი ნალექის გამო დამტვრეულია გზის პირას არსებული ხეები და მიმდინარეობს ხეებისაგან წმენდის სამუშაოები. პარალელურად იწმინდება თოვლის საფარისგან საავტომობილო გზები”, – მოგვწერეს დეპარტამენტიდან.
დიდაჭარა-ღორჯომის გზა. ფოტო: აჭარის საავტომობილო გზის დეპარტამენტი
ვცადეთ, დავკავშირებოდით ხულოსა და შუახევის მერიებსაც, თუმცა აქ „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.
______________
მთავარ ფოტოზე: ღორჯომის ხეობა, წაქცეული ელექტროგადამცემი კოშკურა. ფოტო: „ენერგო-პრო ჯორჯია“
კოალიციამ ,,ინფორმაციის სანდოობისთვის” კამპანიის „გაიგეთ ჩვენი ხმა” ფარგლებში გამოკვეთა, რომ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს ყველაზე მეტად აწუხებთ: სიღარიბე, უმუშევრობა, ჯანდაცვაზე შეზღუდული წვდომა, საკვებსა და მედიკამენტებზე გაზრდილი ფასები, მიგრაცია და დაბალი პენსია. აღნიშნული პრობლემები კოალიციის წევრებს მოქალაქეებმა მთელი საქართველოს მასშტაბით საჯარო გამოკითხვებისა და შეხვედრებისა დროს გაუზიარეს.
მოსახლეობის თქმით, მაშინ, როცა პოლიტიკოსები განყენებულ საკითხებზე მსჯელობენ, რეგიონებში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩევა ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა და მედიკამენტების ფასები. სოციალური პრობლემები რომ საქართველოსთვის უმწვავესი საკითხია, დასტურდება სტატისტიკითაც. 2024 წლის აგვისტოს მონაცემებით, საქართველო მწვავე სოციალური მოწყვლადობის წინაშე დგას: 680,833 ადამიანი, მათ შორის 244,699 ბავშვი, სახელმწიფო დახმარებაზეა დამოკიდებული.
რეგიონებში შეხვედრების დროს არაერთმა მოქალაქემ აღნიშნა, რომ ხშირად მათ არჩევანის გაკეთება უწევთ მედიკამენტებისა და საკვების ყიდვას შორის. პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა პენსიონერებისთვის, რომელთაც გაზრდილი ფასების გამო პენსია თვიდან თვემდე არათუ საცხოვრებლად, არამედ პირველადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლადაც არ ჰყოფნით!
გურიის, აჭარის, შიდა ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეები ფინანსური სირთულეების, სამუშაოს ნაკლებობასა და არასათანადო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემების წინაშე დგანან, რაც ხშირად ხდება რეგიონებიდან და მერე უკვე ქვეყნიდან მიგრაციის მიზეზი. არსებული მონაცემებით 2023 წელს ქვეყნიდან 71,584-ით მეტი მოქალაქე გავიდა, ვიდრე დაბრუნდა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, კი მიგრაციული დანაკარგების შედეგად ქვეყნის მოსახლეობა 264,693-ით შემცირდა.
მნიშვნელოვანია ცალკე გამოიყოს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები მოქალაქეების წუხილი, რომლებიც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობასთან ერთად საოკუპაციო ძალებთან პირისპირ არიან დარჩენილები და გამოსავალს რეგიონების სოციო-ეკონომიკურ გაძლიერებაში ხედავენ.
რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეები მკაფიოდ გამოხატავენ სურვილს, რომ მმართველობა მეტად ინკლუზიური და ემპათიური იყოს. მათ სურთ მმართველობა, რომელიც ადამიანის საჭიროებებს როგორც არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ მოემსახურება. გამოკითხულთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ წინსვლისა და სტაბილურობისთვის ევროპული კურსის დაცვა აუცილებელია და მოელიან, რომ პოლიტიკოსები ამ მიმართულების ერთგულები დარჩებიან.
„ყველაფერიზედმეტადცენტრალიზებულია. პოლიტიკოსებმახალხსუნდამოუსმინონდამეტიემპათიაგამოავლინონ“, – ამბობს კახეთში მცხოვრები მამაკაცი.
„ჩვენძლიერიმეგობარიგვჭირდება, მაგრამესრუსეთიარარის. სწორედევროკავშირიგვაძლევსშანსს, რომმომავლისიმედითაქ, ჩვენსქვეყანაშიგავჩერდეთ“, – აღნიშნავენ ქალები შიდა ქართლის სოფლიდან.
კოალიცია ინფორმაციის სანდოობის წევრი ორგანიზაციის საქართველოს რეფორმების ასოციაციის წარმომადგენლის მალხაზ რეხვიაშვილის განცხადებით, კამპანიის “გაიგეთ ჩვენი ხმა” მიზანია შეიქმნას სივრცე, სადაც მოქალაქეები თავიანთი პრობლემების გაჟღერებას შეძლებენ.
იმისთვის, რომ პოლიტიკოსებს უკეთ მიაწვდინონ ხმა, კოალიცია მოუწოდებს მოქალაქეებს, სოციალური გვერდის მეშვეობით დააფიქსირონ თავიანთი პრობლემები და მიაწვდინონ ხმა პოლიტიკურ ჯგუფებს.
მასალა მომზადებულია პროექტის – „საქართველოს ინფორმაციული სანდოობის პროგრამის“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის. მასალაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორის ან ორგანიზაციის შეხედულებებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 21 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 680 230 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 710]
ტანკი – 9 071 ერთეული [+24]
ჯავშანტექნიკა – 18 175 ერთეული [+64]
საარტილერიო სისტემა – 19 589 ერთეული [+24]
MLRS – 1 232 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 979 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 17 333 ერთეული [+46]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 624 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 27 034 ერთეული [+47]
სპეცტექნიკა – 3 479 ერთეული [+3]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 21 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
646 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
34 018 უპილოტო საფრენი აპარატი
582 საზენიტო სარაკეტო სისტემა
18 743 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 478 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
16 480 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
27 443 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ბესიკ ქუთათელაძე სისხლის სამართლის წარმოების და კრიმინოლოგიის პროფესორი ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტში, 23 წლის განმავლობაში ამერიკაში ცხოვრობს და ახლა პირველად მონაწილეობს საქართველოს არჩევნებში.
გასული პერიოდებისაგან განსხვავებით, იგი აქტიურად ერთვება არჩევნებთან დაკავშირებულ საჯარო დისკუსიებში და კრიტიკულად აფასებს მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შინაარსს, ასევე მმართველი პარტიის საშინაო და საგარეო პოლიტიკას.
„ბათუმელებთან“ პროფესორი ამბობს, რომ „ყოველგვარი სენტიმენტების გარეშე“ სურს მისმა შვილებმა საქართველოში იცხოვრონ.
ინტერვიუში შესაძლებლობა გვქონდა დაგვეზუსტებინა, როგორ აფასებს ის წინასაარჩევნო გარემოს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას და რა პერსპექტივას ხედავს ტექნიკური მთავრობის შექმნის იდეის მიღმა, რატომ მიაჩნია პროდასავლური ოპოზიციური ძალების ერთმანეთთან სწორი კომუნიკაცია „ისტორიული შანსის გამოყენებად“.
ბატონო ბესო, როცა „ქართული ოცნების“ ბანერები და ვიდეო ნახეთ, უკრაინაში დაბომბილი სკოლები, საავადმყოფოები, რა გაგახსენათ ამ კადრებმა?
გამახსენდა 2008 წელი. მე მაშინ ნიუ იორკში ვცხოვრობდი, სადოქტორო მქონდა დაცული და ვმუშაობდი. ომი რომ დაიწყო, სამსახურიდან გამათავისუფლეს. საქართველოს დაახლოებით 50 მოქალაქე შევიკრიბეთ გაეროს წინ დროშებით და ლოზუნგებით, ვყვიროდით, პანიკაში ვიყავით. ვშიშობდით, რუსის ჯარი თბილისში შევიდოდა.
იმ დროს, როცა გაეროს უსაფრთხოების საბჭო იღებდა რეზოლუციას, თუ როგორ უნდა შეეკავებინათ რუსეთის შეჭრა საქართველოში, აქციაზე მოვიდა ახალგაზრდა კაცი, უკრაინის უზარმაზარი დროშით, ის მოვიდა ჩვენს დასახმარებლად.
მახსოვს, ოთხი-ხუთი დღე გრძელდებოდა ჩვენი აქციები გაეროსთან და ყოველ დღე ეს ადამიანი მოდიოდა უკრაინის დროშით ხელში და „გაუმარჯოს საქართველოს“ ყვიროდა. აი, ამ კაცის სახე გამახსენდა, როცა ეს ბანერები დავინახე. გამახსენდა მისი მხურვალე გულშემატკივრობა და ჩვენი მადლიერება.
ჩემთვის, როგორც მშობლისთვის, რთულია, როცა დანგრეული სკოლების და საავადმყოფოების ექსპლუატაცია ხდება ხმების მოსაზიდად, ხალხის დასაშინებლად. ვერ წარმომიდგენია საქართველოს მოქალაქე, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ამ პროპაგანდის გამო მხარს დაუჭერს.
შემიძლია ვთქვა, რომ წინასაარჩევნო პროცესების ბოლოს, შიშის რიტორიკა ერთადერთია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პორტფოლიოდან, რომელიც მუშაობს. „ქართული ოცნება“ ცდილობს ადამიანების შეშინებას, ეს არ არის ახალი. მმართველმა პარტიამ აიყვანა ყველაზე ბინძური კონსულტანტები, რომლებიც ყველაფრის ფასად იგებენ არჩევნებს სხვადასხვა ქვეყანაში. მათ გააკეთეს ყველაფერი, რასაც შეეძლო ემუშავა. ომის შიშმა აჩვენა ყველაზე დიდი მაჩვენებელი და დაიწყეს დაშინების მეთოდებით მუშაობა.
ვფიქრობ, კვლევებმა შეცდომაში შეიყვანა ისინი. მაგალითად, ლგბტქ თემის პროპაგანდასთან დაკავშირებით იყო უფრო დიდი იმედი, ვიდრე რეალურად აღმოჩნდა, ისევე როგორც ეკლესიის თემებთან მიმართებაში იყო გეგმა.
ჩემი აზრით, შიშმა იმუშავა, ამავდროულად უნდოდათ რუსეთისადმი ზეთისხილის ტოტის გაშვერა, უკრაინის დაცინვაც, წაქცეულ ადამიანზე წიხლის მირტყმა.
მე კი, აგერ 16 წელი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ მკაფიოდ მახსოვს საქართველოს მხარდასაჭერ აქციაზე მოსული უკრაინის მოქალაქე, ახალგაზრდა კაცი. ის თან ჩვენ გვაძლიერებდა და თან თავის ქვეყანაზე ზრუნავდა. ის შიშობდა, რომ შემდეგი იქნებოდა უკრაინა.
თქვენი აზრით,„ქართულ ოცნებას“ რისი ეშინია ყველაზე მეტად?
„ქართულ ოცნებას“ ყველაზე მეტად ეშინია რუსეთის. დასავლეთი საფრთხეს არ უქმნის არავის, რუსეთისგან კი არსებობს რეალური საფრთხე. გნებავთ უფრო ზუსტად ვთქვათ – პირადი ლიკვიდაციის საფრთხე.
შიშის ფაქტორი, რომელსაც მმართველი გუნდი გამოხატავს საარჩევნო კამპანიაში, არის პირადი შიშების ანარეკლი. მე მესმის ეს შიშები. მათ ადგილზე ძალიან შემეშინდებოდა ჩემი უსაფრთხოების გამო. რაც უკვე ნათლად ჩანს, ესენი ძალიან ღრმად შევიდნენ ამ ურთიერთობაში. ჩვენ გვაქვს არჩევანი, მაგრამ მათ არ აქვთ არჩევანის საშუალება.
თქვენ ფიქრობთ, რომ რუსული კანონი შიშის გამო მიიღეს?
რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს ამერიკასთან, ევროკავშირთან, ნატოსთან ურთიერთობაში – ეს ყველაფერი არის რუსული დავალება, რომლის შესრულებაზეც უარის თქმის შანსი „ქართულ ოცნებას“ აღარ აქვს, პიროვნული უსაფრთხოების გამო.
მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი, ან ის დეპუტატები, რომლებსაც განათლება ევროპაში აქვთ მიღებული, არ მჯერა ისე შეიცვალნენ, რომ რუსეთი მოსწონთ. საქართველოს ხელისუფლება იმდენად არის რუსული კონტროლის ქვეშ, არჩევანი არ აქვთ. ისინი ამ ბრძოლას უნდა შეეწირონ.
მე, საქართველოს მოქალაქე, რომელიც ვაკვირდები ამ მოვლენებს, ვერ ვიჯერებ დეპუტატების ამ რაოდენობაში იყოს პრორუსული განწყობები. ივანიშვილს აქვს ახლო კავშირები, თუმცა ბევრი პარლამენტარი და თანამდებობის პირი პრორუსი არ არის. უბრალოდ, მათ არჩევანი არ აქვთ. არ მჯერა, ადამიანმა გერმანიაში დაიცვას სადოქტორო, უნდა რომ პატივისცემით მოექცნენ, ამერიკაში ჩამოდის და მას რუსეთი უნდოდეს.
საქართველოს საარჩევნო სისტემა რამდენად უზრუნველყოფს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, თუ შეგიძლიათ შეადაროთ ქართული და ამერიკული საარჩევნო რეგულაციები?
ეს იქნება ჩემი პირველი არჩევნები, დიდი გამოცდილება ქართულ არჩევნებში მონაწილეობის მიღების არ მაქვს. ვიცი, ამ დრომდე მეტის გაკეთება შემეძლო, მაქვს საკუთარი თავის მიმართ ბრაზი, მინდა გამოვასწორო ეს ნიჰილიზმი, რომლითაც აქამდე მოვედი. ჩემნაირმა ხალხმა გააძლიერა ეს რეჟიმი. ეს არის დიდი სირცხვილი და შეცდომა, ამიტომაც ახლა ვცდილობ, ჩემი პატარა წვლილი შევიტანო და ამ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სხვებსაც ვეხმარები, როგორც შემიძლია.
როგორ ეხმარებით ადამიანებს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად?
თვითმფრინავის ბილეთებიც ვუყიდეთ ადამიანებს, ვისაც საშუალება არ ჰქონდა, ხმის მისაცემად ერთი შტატიდან მეორეში რომ წასულიყვნენ, თუმცა არიან ისეთები, ვისაც ეკონომიური პრობლემა არ აქვთ, მაგრამ პატარა ბავშვი ჰყავთ და ფრენას ვერ ახერხებენ, ჯერ ბავშვი აცრილი არ არის. ზოგი მუშაობს და ვერ თავისუფლდება სამსახურიდან.
წარმოიდგინეთ, ქუთაისიდან რომ გიწევდეთ გადაფრენა ბერლინში ხმის მისაცემად, დაახლოებით ამ გზის გავლა მიწევს. დილის 6 საათზე მივფრინავთ ვაშინგტონში, 2.5 საათი არის ფრენა, ისე დავგეგმეთ, რომ ვაშინგტონიდან ბოლო რეისს მოვყვებით. რიგები რომ იყოს, ამისთვისაც მზად ვართ.
თქვენ ამერიკულ არჩევნებშიც მონაწილეობთ, როგორია დისტანციურად ხმის მიცემის პროცედურა?
გავიარე რეგისტრაცია ვებგვერდზე, ბიულეტენი მივიღე სახლში დალუქული, მე და ჩემი მეუღლე ამ შაბათ-კვირას გავხსნით, შემოვხაზავთ და გავაგზავნით ფოსტით.
ბოლო პერიოდში საარჩევნო კამპანიები არის უფრო ბინძური ამერიკაში, ვიდრე წინა პერიოდებში იყო. ტრამპის შემოსვლამ შემოიტანა რიტორიკის დაბალი დონე. მაგრამ საქართველოსგან განსხვავებით, არ არის დაშინება, არის თავისუფლება.
მე უნივერსიტეტში ვასწავლი, სრული პროფესორი ვარ, უამრავ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა, უხერხულობა ან ზეწოლა აქ არ არის ხმის მიცემის დროს. სახელმწიფო ინსტიტუტი რაიმე რჩევას აძლევდეს ადამიანებს საარჩევნოდ, გამორიცხულია.
საქართველოში კი ტერორი ხდება, ხალხს აშინებენ, ცდილობენ მოსყიდვას, ძველი ბიჭების ჩართულობაა ხმების შეგროვების და დაშინების პროცესში. არ არის თავისუფალი გარემო. ამერიკაში კი ყველას აქვს არჩევანის თავისუფალი გამოხატვის ნება. პირადი არჩევანის გამო სამსახურებს არ დაკარგავენ.
რატომ ვირჩევთ ევროპას?
უკეთესი მომავლის გამო – ჩვენს ახალგაზრდებს არ უნდათ რუსეთი. ემიგრაცია არ არის ახალი პრობლემა საქართველოსთვის, თუმცა ახლა ისეთი ხალხი მირეკავს, ვისაც წამოსვლა უნდა, ან ჩამოსულები არიან გაცვლითი პროგრამით და უკან დაბრუნებას არ აპირებენ, ეს არის უფსკრულისკენ დაშვება. ამ პოლიტიკის გამო, ყველაზე ნიჭიერი, უნარიანი, განათლებული ხალხი საქართველოს ტოვებს.
ბესიკ ქუთათელაძე
თუ ასე გაგრძელდა, ჩვენი საქმე რუსი ტურისტებისთვის ხაჭაპურის ცხობა გახდება. ასეთ ქვეყანაში კი გონიერ ადამიანს ცხოვრება არ უნდა. მე რუსულ სკოლაში ვსწავლობდი, რუსული მშვენივრად ვიცი, თუმცა არ მინდა რუსულად საუბარი, მე მინდა ვისაუბრო უკეთესი ქართულით. მყავს სამი შვილი და მინდა, ისინიც ქართულად ლაპარაკობდნენ, მშობლიურ ენაზე, საქართველოში იცხოვრონ, შეიყვარონ ეს უძველესი კულტურა. არა მხოლოდ საზაფხულო არდადეგებისას, არამედ იქ ცხოვრების დროს.
ასე, რომ ევროპას ვირჩევ, რადგან სახელმწიფოებრიობის დაკარგვის მეშინია. მეშინია, რომ სხვაგვარად საქართველო დაიცლება ყველა ნიჭიერი, განათლებული და ამბიციური ადამიანისგან.
პრეზიდენტის როლზეც გკითხავთ – რა გავლენა შეიძლება იქონიოს მან ევროპული კურსის შესანარჩუნებლად?
ძალიან მომწონს, რასაც ახლა პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აკეთებს. სამი ფაქტორის გამო ჩვენ გაგვეხსნა კარიბჭე ევროკავშირისკენ: პირველი, ეს არის ქართველი ხალხის სურვილი, ეს არის განათლების წყალობა, რომელიც ხალხს დაუგროვდა, მეორე უკრაინის ომი და რუსეთის ქმედებების რეალისტურად აღქმა დასავლეთის მიერ, მესამე ზურაბიშვილის ფაქტორი.
სწორედ ზურაბიშვილმა ითამაშა არაჩვეულებრივი როლი ჩვენი პროდასავლური კურსის განსამტკიცებლად, ამის ასახსნელად დასავლურ მედიაში და პოლიტიკოსებთან. ასევე დიდი გავლენა იქონია დაქუცმაცებული და სამიზნეარეული ოპოზიციური ფლანგის ფოკუსში მოსაყვანად, გასაძლიერებლად.
მჯერა, პროდასავლური ოპოზიცია გაიმარჯვებს, ოთხივე ოპოზიციური ფლანგი აუცილებლად გადალახავს ბარიერს და იმედია, შექმნიან ჯანსაღ კონკურენციას (Checks and balances) ურთიერთკონტროლისა და შემოწმების სისტემას. ამ სისტემის გარეშე სახელმწიფო ვერ იარსებებს.
მისაღებია პრეზიდენტის ინიციატივა ტექნიკური მთავრობის შესახებ. ვშიშობ, ვერც ერთი პროდასავლური ოპოზიცია ცალკე ვერ მოიპოვებს მთავრობის ჩამოსაყალიბებლად საკმარის მანდატს. ამიტომაცაა ტექნიკური მთავრობა გამოსავალი.
სავარაუდოდ, ტექნიკური მთავრობა არ დასახელდება არჩევნებამდე, არჩევნების შემდეგ ვნახოთ – ახლა ვერ წარმომიდგენია ნომერი 5-ის და ნომერი 25-ის ერთი მაგიდის გარშემო დისკუსია მთავრობის დაკომპლექტებისთვის, მაგრამ იმედია, ისინიც გამონახავენ საერთო ენას.
სხვაგვარად, ქართველი ხალხის ყველა მონაპოვარს და ნაშრომს, ჩემნაირი რიგითი მოქალაქეების თანამონაწილეობას წყალში ჩაყრიან. თუ პროდასავლური ძალები ვერ გაერთიანდებიან, ისინი თავს იპოვიან პოლიტიკურ სანაგვეზე. ეს სიტყვები მე არ მომწონს, მაგრამ უდიდეს კრიზისში მყოფი ამომრჩეველი ამ ხალხს არ აპატიებს ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებას. დიდი იმედი მაქვს, პრეზიდენტის როლი კვლავაც გადამწყვეტი იქნება მთავრობის დაკომპლექტების პროცესში.
არჩევნებამდე რვა დღით ადრე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა.
„საქართველოს ხელისუფლების მოქმედებების, გადაწყვეტილებების და განცხადებების შედეგია, რომ ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერებმა გადაწყვიტეს, შეეჩერებინათ საქართველოს გაწევრიანების პროცესი. ასე რომ, პრობლემა არ არის ბრიუსელში, ვაშინგტონში ან კიევში. პრობლემაც და მისი გადაწყვეტაც არის აქ, საქართველოში“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.
„თუ ქართველი ხალხი აირჩევს ცხოვრებას ერთპარტიულ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური ოპოზიცია აკრძალულია, სამოქალაქო საზოგადოება თავისუფლად ვერ ფუნქციონირებს, არ არის დამოუკიდებელი მედია და თითოეული ინდივიდის უფლებები დაცული არ არის, საქართველო ვერასოდეს გახდება ევროკავშირის წევრი“, – ელჩის დაზუსტებამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა რა მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი მედიის როლი დემოკრატიული საზოგადოების შექმნაში.
„ქართული ოცნება“ პარტიის ოფისებში წინასაარჩევნოდ დეტალურად ამუშავებს ათობით ათასი ადამიანის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პირად მონაცემებს. ეს ინფორმირებული პირის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული დოკუმენტებით დასტურდება.
მაგალითად: ნარკოტიკებზე ხარ დამოკიდებული, ან ჯანმრთელობის პრობლემები გაქვს? რა ბიზნესს ეწევი? რამდენად სცემ პატივს „ავტორიტეტებს“? რომელი პარტიის მხარდამჭერი ხარ? ოპერაცია ხომ არ გაგიკეთებია ან რამე ბიზნესიდეა ხომ არ დაგიფინანსა სახელმწიფომ?
ამ დღეებში 16 მედიაორგანიზაციამ, 120 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასა და 4 ფიზიკურ პირთან ერთად „რუსული კანონი“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა.
„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ აცხადებს, რომ რუსული კანონის მიღების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ დამოუკიდებელ მედიებზე ზეწოლა გააძლიერა და ამისთვის იყენებს კომუნიკაციების კომისიასა და სასამართლოზე თავის გავლენას.
„ქართული ოცნების“ მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების ტენდენციის გამოხატულებად მიიჩნევს მედიაკოალიცია კომუნიკაციის კომისიის ქმედებებს და ოპოზიციური ტელევიზიებისთვის სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას.
საუბარია უკრაინაში მიმდინარე ომის ამსახველი მძიმე კადრების გამოყენებაზე მმართველი პარტიის საარჩევნო რეკლამებში და ტელევიზიების უარზე, გაეშვათ ეს რეკლამები ეთერში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ კი წარმოებაში მიიღო 2023 წელს „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართული აქციების გაშუქებისას დაზარალებული 18 ჟურნალისტისა და ოპერატორის სარჩელი. 2023 წელს მომხდარი დანაშაულების შესახებ გამოძიება ამ დრომდე არ დასრულებულა.
არჩევნების და ევროპული ვალდებულებების ფონზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ქართულ ციხეშია. აფგან სადიგოვი, რომელიც თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს, თბილისის წინასწარი დაკავების იზოლატორში 21 სექტემბრის შემდეგ შიმშილობს.
თბილისის იზოლატორში შიმშილობის მე-17 დღეს სადიგოვი შეუძლოდ გახდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მეუღლე სევინჩ სადიგოვა ამბობს, რომ „საქართველოში ალიევის დაკვეთით ადამიანებს კლავენ“.
გასული კვირის მოვლენების გახსენება, კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, რა მნიშვნელობა აქვს ინფორმირებულ არჩევანს.
ბათუმში დაგეგმილი ევროპული მარში უამინდობის გამო მარში არ ჩატარდება. ამის შესახებ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
„ბათუმში არსებული ძლიერი წვიმისა და ქარბუქის გამო ვაუქმებთ დღევანდელ მარშს, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.
ჩვენი მეგობრების დიდი ნაწილი უერთდება თბილისის მარშს, სადაც კიდევ ერთხელ გაჟღერდება მთავარი სათქმელი, რომ ჩვენი ადგილი ევროკავშირშია.“ – წერს ახალგაზრდული მოძრაობა „პერსპექტივა.“
ბათუმში რამდენიმე დღეა გადაუღებლად წვიმს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით დღეს, 20 ოქტომბრის 21 საათიდან 21 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, ელვა-ჭექა, მაღალ მთაში თოვა, ზოგან ძლიერი;
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ზოგან 17-22მ /წმ-ში;
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 ოქტომბრის 21 საათიდან 21 ოქტომბრის21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, ელვა-ჭექა, მაღალ მთაში თოვა, ზოგან ძლიერი;
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ზოგან 17-22მ /წმ-ში;
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 10 – 15 გრადუსი
ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
დღისით: 7 – 12 გრადუსი
ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში
დღისით: -2 გრადუსი ყინვა, 3 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
ზღვის ღელვა: 4-5 ბალი, ზღვის წყლის ტემპერატურა: +21 გრადუსი.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 22 ოქტომბერს მოსალოდნელია: ღამით უმეტეს, დღისით კი ზოგიერთ რაიონში დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში
ზოგან თოვა; 23 ოქტომბერს დღისით და მომდევნო 2 დღეს [24-25 ოქტომბერს] უმეტესად უნალექო ამინდი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 20 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 678 520 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 340]
ტანკი – 9 047 ერთეული [+12]
ჯავშანტექნიკა – 18 111 ერთეული [+39]
საარტილერიო სისტემა – 19 565 ერთეული [+17]
MLRS – 1 232 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 978 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 17 287 ერთეული [+57]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 624 ერთეული [+1]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 26 987 ერთეული [+41]
სპეცტექნიკა – 3 476 ერთეული [+3]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 20 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
646 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
33 966 უპილოტო საფრენი აპარატი
582 საზენიტო სარაკეტო სისტემა
18 740 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 478 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
16 418 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
27 430 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
შეუძლია თუ არა მაუწყებელს უარი თქვას პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე – ამ საკითხზე „მედიაომბუდსმენის“ დირექტორს, ნათია კაპანაძეს ვკითხეთ. მისი განმარტებით, კანონმდებლობის და პრაქტიკის კიდევ ერთხელ შესწავლის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რიგ შემთხვევებში მაუწყებელი ვალდებულიც კი არის არ განათავსოს პოლიტიკური რეკლამა.
როგორც უზენაესი სასამართლო აჭარის მაუწყებლის საქმეში უთითებს:
„ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას. შესაბამისად, მაუწყებელმა რეკლამის, მათ შორის, პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებამდე მხედველობაში უნდა მიიღოს ზემოაღნიშნული ზოგადი დანაწესები“.
ნათია კაპანაძის განმარტებით, სამართლებრივი ანალიზის პროცესში კიდევ უფრო ცხადად გამოჩნდა, როგორ ხდება ძალაუფლების გამოყენება კრიტიკული მედიის წინააღმდეგ:
„ვიდეორგოლი არა ომს, აირჩიე მშვიდობა“ ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საქართველოს საარჩევნო კოდექსს. არ არის თანხვედრაში „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ კანონების მოთხოვნებთან. თუმცა კომუნიკაციების კომისია და სასამართლო ახერხებს გაამართლოს მმართველი პარტიის მოთხოვნა. ამ პროცესში კომისია არასწორად და არასათანადოდ განმარტავს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებას“.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ სამი მაუწყებლის დასჯისას, კომუნიკაციების კომისიის განმარტებები მისსავე შედგენილ გზამკვლევსაცეწინააღმდეგება:
„მართალია, საარჩევნო სუბიექტი პოლიტიკურ რეკლამას, როგორც წესი, თავისი შეხედულებისამებრ ქმნის და იგი არ არის მომზადებული მაუწყებლის სარედაქციო პასუხისმგებლობის ფარგლებში, მაგრამ მაუწყებელმა ნებისმიერი რეკლამის გავრცელებამდე უნდა შეაფასოს მისი შესაბამისობა კონსტიტუციით დადგენილ ზოგად მოთხოვნებთან და პრინციპებთან, როგორც ეს არის მითითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში. იმ შემთხვევაში თუ დადგინდება, რომ საარჩევნო სუბიექტის დამზადებული და მაუწყებლისათვის წარდგენილი რეკლამა კანონშეუსაბამოა, მაუწყებელმა იგი ეთერში არ უნდა განათავსოს – მითითებულია მარეგულირებელი კომისიის მიერ 2024 წლის 16 აგვისტოს გამოქვეყნებულ სარეკომენდაციო დოკუმენტში“.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მაუწყებლების საჩივარი განიხილა და 19 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უარის თქმის შესახებ. „საჩივარში მოხსენიებული საარჩევნო სუბიექტის მიერ წინასაარჩევნოდ გამოქვეყნებული ვიდეორგოლის შესწავლის შედეგად არ იკვეთება საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა“.
ნათია კაპანაძის შეფასებით: „კრიტიკული მედიის დასასჯელად „ქართული ოცნების“ მოთხოვნასა და ჯერ კომუნიკაციების კომისიის, შემდგომ ცენტრალური საარჩევნო კომისიასა და სასამართლოს გადაწყვეტილებების თანხვედრა ნათლად ჩანს კოორდინირებული მოქმედების ნიშნები. “
საპარლამენტო არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე, თბილისის ქუჩებში გამოჩნდა საარჩევნო ბანერები, სადაც „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს მშვიდობასა და ომს შორის არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
ბანერების ერთ მხარეს, ნაცრისფერ ფონზე, რუსეთის თავდასხმების შედეგად დანგრეული უკრაინის ქალაქები, ეკლესიები, საავადმყოფოები და თეატრებია ნაჩვენები, მეორე მხარეს კი, ფერადი კადრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა თუ შენობის ხედით. პარალელურად, მმართველმა პარტიამ გამოაქვეყნა იმავე შინაარსის ვიდეორგოლი.
პროპაგანდისტულ ბანერებსა და ვიდეორგოლს საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მათ “კგბ-ს სამჭედლოში დამზადებული” და სამარცხვინო უწოდა. საკითხს გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროც.
„მეზღვაურის ერთ-ერთი მთავარი იარაღი სიმამაცეა. ტალღა თუ ვერ გვაშინებს, რომელიმე პოლიტიკური გუნდი, თუნდაც მმართველი – არაფერია,“ – ეს ნაწყვეტია ბათუმში ახალდაარსებული „ბათუმელ მეზღვაურთა კლუბის“ განცხადებიდან, რომელიც 17 ოქტომბერს გაავრცელეს.
პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველი მეზღვაურები ღიად გამოდიან და ქვეყნის კურსს აპროტესტებენ.
„მეზღვაურები არასდროს არ ვერეოდით პოლიტიკაში. თვეობით ვართ ოჯახს მოწყვეტილი, მაგრამ ახლა ისე დაედარა, რომ ამ რუსული კანონის მიღების შემდეგ ძალიან დაიძაბა სიტუაცია. გარკვეულია, რომ რუსეთისკენ მიგვაქანებენ. ლოზუნგი კი აქვთ, მშვიდობით ევროპისკენ, მაგრამ რუსეთიდან ევროპაში მიმავალ გზას ვერ ვხედავ მე,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მეზღვაური, უფროსი მექანიკოს რამაზ დიასამიძე.
მისი თქმით, თავისუფლების ფასი ყველაზე უკეთ მეზღვაურებს ესმით.
„28 წლის ვიყავი ეროვნული მოძრაობა რომ დაიწყო. 62 წლის ვარ და არ დაადგა საშველი ამ ქვეყანას. 35 წელია მეზღვაური ვარ. ნახევარი მსოფლიო მაქვს მოვლილი. ევროპის და დასავლეთის შედარება რუსეთთან არ შეიძლება. 11 შვილიშვილი მყავს. მინდა თავისუფალ ქვეყანაში გაიზარდონ, იქ ისწავლონ, სადაც მოისურვებენ. [მაღალჩინოსნების] შვილები, ნათესავები იქეთ ჰყავთ ევროპაში, ჩვენ მიგვაქანებენ ჩელიაბინსკში,“ – ამბობს რამაზ დიასამიძე.
რას ელოდებით 26 ოქტომბერს? რატომ არის ეს არჩევნები თქვენთვის მნიშვნელოვანი? – ვკითხეთ მეზღვაურს.
„გზაგასაყარზე ვდგავარ, ან რუსეთი ან ევროპა. ამას რად უნდა ლაპარაკი? ამას ბავშვიც კი ხვდება. ან ვტრიალდებით ისევ რუსეთში და ვიქნებით რუსეთის კოლონია ან დავადგებით თავისუფალი განვითარების გზას.
„2010 წლიდან ჩემი ხელფასი შეადგენდა 11 000 დოლარს. წელიწადში 6-7 თვე ყოველთვის გემზე ვიყავი. მერე 14-ზე ავედი. საქართველოში არცერთ მინისტრს არ ჰქონდა ასეთი ხელფასი.
ახლა ნებისმიერი მოიყვანეთ, ჩემი ცხოვრება დაანახეთ იმას და ნახეთ მათი [მაღალჩინოსნების] ცხოვრება. საიდან აქვთ და როგორ? გაზულუქდნენ, გამდიდრდნენ ხალხის ზურგზე. არ იციან სად წაიღონ მათი შემოსავალი.
26-ში წყდება საქართველოს ყოფნა არ ყოფნის ბედი. ახლა რომ ჩვენ ბელორუსიასავით კოლონიაში მოვხვდეთ, მერე ყველაფერი გაკეთდება, რომ ქართველმა აღარ გაიხაროს. ყველაფერს გააკეთებენ, ამოგვწყვეტენ,“ – ამბობს რამაზ დიასამიძე.
მეზღვაურის აზრით ევროპული გზიდან გადახვევა განსაკუთრებით ცუდად აისახება მეზღვაურებზე.
„ჩვენ უკვე გვექმნება პრობლემები. მეზღვაურების შეცვლა ხდება პორტებში. ჩვენ რომ ვიზაზე პრობლემები შეგვექმნება, ვერც გემზე წახვალ და ვერც გემიდან ჩამოხვალ.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ევროკავშირის წევრები გავხდებით. გაგვიადვილდება მისვლა, მოსვლა, ყველაფერი.
ახლა გაქვს საშუალება, რომელიმე ევროპულ ქვეყანაში ჩაიყვანო ცოლ-შვილი, ჩამოხვიდე გემიდან, ნახო, გაჩერდე ერთი კვირა და მერე წამოხვიდე სახლში. ამას ყველაფერს დაემშვიდობებიან.
ევროპის პორტებში შესვლაც კი აღარ იქნება, ამათმა თუ თავისი გაიტანეს და კიდევ თუ ესენი დარჩნენ,“ – ამბობს რამაზ დიასამიძე.
ქვეყნის კურსის ცვლილებას აპროტესტებს უჩა ხუჭუაც. მეზღვაური ამბობს, რომ საფრთხე, რომელიც ქვეყანას ემუქრება, რეალურია.
„32 წელია მეზღვაური ვარ. ჩემი ქვეყნის განვითარების ერთადერთი გზა ვიცი მხოლოდ – ესაა დასავლური განვითარება. ესაა ევროპა, დასავლური ცივილიზაციები. პროტესტის განცდა მაქვს, როდესაც ვხედავ, რომ ჩემი ქვეყანა არ მიდის იმ სწორი მიმართულებით, რითაც უნდა წავიდეს და განვითარდეს. ჩემი რეაქცია ასეთია, მე პირადად მივდივარ არჩევნებზე და ჩემს არჩევანს გავაკეთებ.
ახლა ვართ ნამდვილად საფრთხის წინაშე. ჩვენ თუ არ გავაკეთეთ სწორი არჩევანი, შეიძლება მეზღვაურებმა დავკარგოთ სამუშაო. დაახლოებით მეზღვაურთა 80-მა პროცენტმა შეიძლება დაკარგოს სამუშაო – დაგვიწესებენ ვიზებს, უცხოელი გემთმფლობელები ჩვენ აღარ აგვიყვანენ სამუშაოზე, იმიტომ, რომ მათ დასჭირდებათ ჩვენთვის ვიზების კეთება.
მათ შეექმნებათ პრობლემები ჩვენ გამო, იმიტომ, რომ ჩვენ ვეღარ ვიქნებით ისეთი ხელმისაწვდომი, როგორიც ვართ ამ წუთას. უბრალოდ, მეზღვაური დაკარგავს სამუშაოს. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ერთი მეზღვაურის უკან ორი-სამი ოჯახი მაინც დგას. ამიტომ მოვუწოდებ ყველა მეზღვაურს, გააკეთონ სწორი არჩევანი და მისცენ ხმა დასავლურ განვითარებას. ისეთ პარტიას, რომელიც წაუძღვება დასავლეთში და ევროკავშირში“, – ამბობს უჩა ხუჭუა.
ბათუმი-სარფის ახალი ავტობანის პროექტთან დაკავშირებით საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მომზადებული გზშ-ს დოკუმენტი გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დაახარვეზა და განხილვა 2 თვით შეაჩერა.
აღნიშნულ ვადაში დეპარტამენტმა გზშ-სთან დაკავშირებული შენიშვნების გათვალისწინებით, დამატებითი და დაზუსტებული ინფორმაცია უნდა წარუდგინოს სააგენტოს. მხოლოდ ამის შემდეგ გააგრძელებს სააგენტო საკითხის განხილვას – გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის მიზნით.
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება კი ბათუმი [მდინარე ჭოროხი]-სარფის [თურქეთის საზღვარი] ავტობანის მშენებლობის დასაწყებად აუცილებელია.
ბათუმი-სარფის ავტობანის პროექტირების დასრულება თავიდან 2017 წლის მაისამდე იგეგმებოდა, ავტომაგისტრალის მშენებლობის დასრულება კი 2020 წლის გაზაფხულზე, თუმცა, დღეს დეტალური პროექტიც არ არის მზად.
საგზაო კვანძი ხალვაშის გამზირთან, სადაც ბათუმის შემოვლითი და ბათუმი-სარფის გზები უნდა შეერთდეს / 12.10.2024
პროექტის მიხედვით, ახალი ავტობანი დაიწყება ქალაქის სამრეწველო ზონაში, ფრიდონ ხალვაშის გამზირთან [აქ სპეციალური საგზაო კვანძით დაუკავშირდება ახალგახსნილ ბათუმის შემოვლით გზას], აშენდება ახალი ხიდი მდინარე ჭოროხზე, ხიდიდან გზა გაგრძელდება ახალსოფლისა და ჭარნალის ტერიტორიაზე და 7,6-კილომეტრიანი გვირაბით გამოვა სარფში [ანდრიას ჩანჩქერის მიმდებარედ], სადაც დაუკავშირდება სარფი-ბათუმის არსებულ გზას [აქ დაგეგმილია ზღვის სანაპიროს გამაგრება].
ნაპირდამცავ ნაგებობასთან დაკავშირებით სააგენტოს მიერ გზების დეპარტამენტში გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ-ის] ანგარიშის მიხედვით, „ზღვის სანაპირო ზოლზე დაგეგმილი ნაპირდამცავი ნაგებობა წარმოდგენილია ორი სახით: ე.წ. ჩაძირული და ჩაუძირავი ზონებისათვის. ჩაძირული ზონისათვის ნაპირდამცავი ნაგებობის საპროექტო კვეთი შეესაბამება ტალღური რეჟიმის პირობებს, თუმცა ჩაუძირავ ზონაში ნაგებობის კვეთი მნიშვნელოვნად შესუსტებულია.“
ამასთან, როგორც სააგენტოს წერილშია აღნიშნული, „საპროექტო უბანი გამოირჩევა ტალღის განსაკუთრებული სიძლიერით ზვირთცემის ზონაში, რადგან წყალქვეშა ფერდობის დაქანებიდან გამომდინარე, საანგარიშო ტალღის დამსხვრევა ხდება უშუალოდ დამცავ ნაგებობასთან. შესაბამისად, საპროექტო ნაპირდამცავი ნაგებობის მოწყობისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ზემოაღნიშნული საკითხები და ნაპირსამაგრი ნაგებობის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას აღნიშნული შენიშვნის გათვალისწინებით.“
გზშ-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ „სამუშაოს დაწყებამდე მშენებელი კონტრაქტორი ვალდებული იქნება წარმოადგინოს მდინარის კალაპოტში, ზღვის სანაპირო ზოლში სამუშაოების
წარმოების მეთოდიკის აღწერა, დეტალური გეგმა-გრაფიკი და საჭირო ტექნიკის ჩამონათვალი მახასიათებლების მითითებით“.
აღნიშნული ინფორმაცია საჭიროებს დაზუსტებას.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ თურქეთის ტერიტორიაზე, მდ. ჭოროხზე, აშენებულია რამდენიმე დიდი წყალსაცავი, მათ შორის საქართველოს საზღვართან ახლოს.
„მიზანშეწონილია წარმოდგენილი იქნას ინფორმაცია ყველა ახლოს მდებარე წყალსაცავიდან ავარიული გაშვება წყლის რა რაოდენობაზეა გათვლილი. ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე მდინარე ჭოროხზე არსებული [ხელვაჩაური 1 და კირნათი] და დაგეგმილი [ხელვაჩაური 2] კაშხლების მაქსიმალურ ხარჯებზე ინფორმაცია“, – წერენ გზების დეპარტამენტს გარემოს სააგენტოდან.
საგზაო კვანძი ხალვაშის გამზირთან, სადაც ბათუმის შემოვლითი და ბათუმი-სარფის გზები უნდა შეერთდეს / 12.10.2024
სააგენტოს წერილში ხაზგასმულია ასევე, რომ „გზშ-ის ანგარიშის თანახმად, ხეების დიდი რაოდენობის მოჭრა საჭირო არ იქნება, თუმცა დაზუსტებას საჭიროებს ჭრას დაქვემდებარებული მცენარეების შესახებ ინფორმაცია [რაოდენობა, სახეობები]“.
გარემოს ეროვნული სააგენტოს წერილში ასევე აღნიშნულია, რომ
„საპროექტო გზის დიდი ნაწილი გვირაბშია მოქცეული, თუმცა ანგარიშში არ არის განხილული კლდოვანი ქანებით აგებული მთის მასივის ნაპრალოვნებაზე და დაძაბულობაზე, აგრეთვე აფეთქებითი სამუშაოების გავლენით მასივის და გზისპირა ფერდობების მდგრადობაზე მოსალოდნელი ზემოქმედების საკითხი, რაც საჭიროებს დაზუსტებას;
გზშ-ის ანგარიშში მოცემულია ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია, კერძოდ აღნიშნულია, რომ „განსახილველი გზის პროექტის მომზადების პროცესში ჩატარებული კვლევების და ტერიტორიის ვიზუალური დათვალიერებით საპროექტო ზონაში გეოდინამიკური რისკების შემცველი მნიშვნელოვანი უბნები არ გამოვლენილა, თუმცა დაფიქსირდა რამდენიმე პრობლემატური მონაკვეთის/უბნის არსებობა.“
ამასთან, ანგარიშში მითითებულია, რომ გვირაბის ჩრდილოეთ პორტალის მიმდებარე ტერიტორია დამეწყრილია, ხოლო სამხრეთი პორტალიდან სარფის მიმართულებით ციცაბო
კლდოვან ფერდობზე განვითარებულია ქვათაცვენის პროცესი. გარდა ამისა, გვირაბის გაყვანისას აფეთქებითი და სხვა სახის სამუშაოების განხორციელებისას მოსალოდნელია ზემოქმედება კლდოვანი ქანებით აგებულ მთის მასივების მდგრადობაზე, ასევე ქანების გამოფიტვის ქერქში მოსალოდნელია გრავიტაციული და ეროზიული პროცესების განვითარება, რისთვისაც წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი პრევენციის/შემარბილებელი ღონისძიებები;
გზშ-ის ანგარიშის თანახმად, გვირაბის პროექტირებისას ჩატარებული გაანგარიშებით წყლის სავარაუდო შემოდინებამ შესაძლებელია შეადგინოს 1.76 მ³/წმ, რაც გეოლოგიურ და ტექნოგენურ გარემოზე მოსალოდნელი ზემოქმედების მასშტაბის მაჩვენებელია. შესაბამისად, საჭიროა ამ მიზნით კონკრეტული შემარბილებელი ღონისძიებების შემუშავება და წარმოდგენა;
მონიტორინგის გეგმაში აღნიშნულია, რომ „გრუნტის წყლის დებიტის მონიტორინგი განხორციელდება სამუშაოს დაწყებამდე, ასევე გვირაბის კონკრეტულ უბანზე მუშაობისას თვეში ერთხელ. დებიტის კონტროლი 1 წლის განმავლობაში [დეფექტების გამოსწორების პერიოდში].“
დაზუსტებას საჭიროებს ექსპლუატაციის ეტაპზე გრუნტის წყლის დებიტის მონიტორინგისა და ალტერნატიული წყაროდან პოტენციური მომხმარებლებისთვის წყლის მიწოდების საკითხი. შესაბამისად, წარმოდგენილი უნდა იქნას განახლებული მონიტორინგის გეგმა, სადაც ასახული იქნება გრუნტის წყლების დებიტის მონიტორინგი როგორც მშენებლობისა და ექსპლუატაციის ეტაპებზე, ხოლო ცვლილების შემთხვევაში ალტერნატიული წყაროდან პოტენციური მომხმარებლებისთვის წყლის მიწოდების საკითხის შესახებ ინფორმაცია.“
სააგენტოს ინფორმაციით, გზშ-ს ანგარიშში არის რამდენიმე ტექნიკური სახის ხარვეზიც.
გარემოს სააგენტო მიუთითებს გზების დეპარტამენტს, რომ წარმოადგინოს ინფორმაცია გვირაბის გაყვანის შედეგად მიღებული ინერტული მასალის ზღვის სანაპიროს გასამაგრებლად გამოყენების შესაძლებლობაზე.
„მიზანშეწონილია წარმოდგენილი იყოს ინფორმაცია გვირაბის გაყვანისას გამოტანილი ვულკანოგენური მკვრივი მასალის გამოყენების შესაძლებლობის საკითხის განხილვის შესახებ, ზღვის ნაპირების გამაგრებისთვის და მდინარე ჭოროხის მიერ ბოლო წლებში საგრძნობლად მოკლებული შავ ზღვაში ჩატანილი ნაშალი მასალის ნაწილობრივი კომპენსაციისთვის“, – წერს სააგენტო გზების დეპარტამენტს
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ უმაღლესი საბჭოს სიიდან ორმა პირმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა. ამის შესახებ „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხდა. ირაკლი კუპრაძის ინფორმაციით, კოალიციის წევრებზე ზეწოლა და შანტაჟი ხორციელდება.
„ლელოს“ ინფორმაციით, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის ორმა წევრმა, სულიკო კოჩალიძემ და მერაბ ქურიძემ ზეწოლის გამო არჩევნებში მოანწილეობაზე უარი თქვეს: „თქვენ არ იცით რა გადავიტანეთ, გათენებამდე სახლში გვესხდნენო გვითხრეს“, – გვითხრეს „ლელოს“ ბათუმის ოფისში.
ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ პარტიის წინააღმდეგ სუსი აქტიურად მუშაობს:
„გუშინ სუსმა დაიწყო სპეცოპერაცია „ძლიერი საქართველოს“ წინააღმდეგ. ყველა არჩევნებზე „ოცნება“ და „სუსი“ ახერხებს გარკვეული ადამიანების მოსყიდვას ან ჩანერგვა-გადაბირებას. სამწუხაროდ, ამით ბიძინას ამფსონები აზიანებენ ქართულ პოლიტიკას და აბინძურებენ საარჩევნო გარემოს. ეს უსუსური მცდელობა, დააზიანონ დემოკრატიული პროცესი კიდევ უფრო მეტ ძალას გვაძლევს, რათა დავასრულოთ „რუსული ხელისუფლება“.
ბოლო თვეების განმავლობაში „ძლიერ საქართველოს“ ათასობით მხარდამჭერი შემოუერთდა. სუსის ერთეული აგენტები ამ პროცესს ვერ შეაჩერებენ. „ქართული ოცნება“ ხედავს ჩვენს რეალურ ძალას და სწორედ ამიტომაც აწყობს ამ უსუსურ დივერსიებს – ადამიანების დაშინება, პირადი სივრცეების დარღვევა, ტყუილების გავრცელება ბინძური კაგებეშნიკური სცენარებია, რომლებიც მოსკოვში იწერება და კრემლიდანაა ორკესტრირებული.
ვწუხვართ, რომ ეს კაგებეშნიკური პრაქტიკა ისევ მეორდება შეშინებული ხელისუფლების მხრიდან. სწორედ ამიტომ დასრულდება 26 ოქტომბერს “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი წავა სახლში, მოსკოვში.“ – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე.
„ლელოს“ ინფორმაციით, ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდნენ ხულოს და ხელვაჩაურის შტაბის ხელმძღვანელებიც.
„ოცნების“ შემწირველების კომპანია, შპს „ავენიუ ბაი ორბი“ მწვანე კონცხზე, ზღვასთან ახლოს მშენებლობის ნებართვას ითხოვს. კომპანია ქანობიან ტერიტორიაზე, რომელიც ზღვას გადაჰყურებს 4 ცათამბჯენის აშენებას გეგმავს. ბათუმის მერიაში წარდგენილი კონცეფციის მიხედვით კორპუსები 2 კომპლექსში იქნება გაერთიანებული და 41-42 სართულიანები იქნება. გარდა ამისა იგივე ნაკვეთზე კომპანიას 10 კოტეჯის მშენებლობა სურს.
ესკიზური პროექტი
„ორბი“ ჯგუფის დამფუძნებელი ზაზა ზოიძე და დირექტორი ირაკლი კვერღელიძე „ოცნების“ მხარდამჭერები და შემწირველები არიან. ირაკლი კვერღელიძემ მხარი დაუჭირა ასევე რუსულ კანონს, რომლის წინააღმდეგ ახალგაზრდებმა საპროტესტო აქციები გამართეს, ასზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ კი ის საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.
3 ჰექტარზე მეტი ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი კომპანიამ აქ სწორედ მშენებლობის პირობით შეისყიდა. ყოფილი „კოლხიდას“ ტერიტორიაზე ნასყიდობის ხელშეკრულება 2017 წლის 13 იანვარსაა გაფორმებული აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „ჯეო დეველოპმენტს“ შორის. ეს კომპანია, შპს „ჯეო დეველოპმენტი“ აუქციონის დაწყებამდე 4 თვით ადრე, 2016 წლის 13 ივლისს უკრაინის მოქალაქემ ნატალია ტოვკაჩმა დაარეგისტრირა . ქონების საწყისი ფასი მილიონი ლარი იყო, ელქტრონული ვაჭრობის პირობებში მისი ფასი მხოლოდ 125 000 ლარით გაიზარდა.
შეთანხმების მთავარი პირობა ყოფილი „კოლხიდას“ ტერიტორიაზე სასტუმრო კოტეჯების მშენებლობა იყო. კომპანიას ვალდებულების შესრულება 2017 წელს უნდა დაეწყო.
2 თვის შემდეგ, საჯარო რეესტრის 2016 წლის 7 ოქტომბრის ამონაწერის მიხედვით, „ჯეო დეველოპმენტის“ 100% ირაკლი სირაძემ დაირეგისტრირა, ის გახდა კომპანიის დირექტორიც. რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, მან კომპანიის მთლიანი წილი ნატალია ტოვკაჩიდან 100 ლარად იყიდა. შემდეგ კი მან კომპანიის წილის 100% უკვე „ორბი ჯგუფი ბათუმზე“ გაასხვისა. 2019 წელს ამ ნაკვეთზე ხეები მოთხარეს და ბიძინა ივანიშვილის პარკში წაიღეს.
პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით საპროექტო კონცეფცია ითვალისწინებს 2 კოშკურა ტიპის მოცულობას ნაკვეთის უმაღლეს ნაწილში, სადაც ტერიტორია ხე-ნარგავებისგან თავისუფალია. პროექტით აგრეთვე გათვალისწინებულია 10 კოტეჯის მშენებლობა, რომლებიც ფერდობზე იქნება შეფენილი.დოკუმენტების მიხედვით, რომელიც კომპანიამ მერიას წარუდგინა პროექტი ითვალისწინებს საავტომობილო გზის მშენებლობას.
ცათამბჯენების და კოტეჯების განთავსების გეგმა- ესკიზიმონიშნულია „ორბის“ მიწის ნაკვეთი
მერია კომპანიას წერს, რომ მწვანე კონცხზე მაქსიმუმ 18 სართულიანი კორპუსის მშენებლობაა დასაშვები, მაგრამ რადგან კომპანია 41-42 სართულიანი კორპუსების მშენებლობას გეგმავს საჭიროა განაშენიანების დეტალური გეგმის დამუშავება.