მთავარი,სიახლეები

ბუკნარში, ძველ შენობაში, უსახლკაროები შეიჭრნენ, ისინი თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ

29.09.2024
ბუკნარში, ძველ შენობაში, უსახლკაროები შეიჭრნენ, ისინი თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ

ბუკნარში, ძველ, მიტოვებულ შენობაში, უსახლკაროები შეიჭრნენ. ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას და საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილებას ითხოვენ.

შენობაში, სადაც უსახლკაროები შეიჭრნენ, ადრე მაღაზია იყო, ამჟამად კი მიტოვებულია.

„სანაგვედაა ეს შენობა ქცეული. არანაირი საცხოვრებელი პირობები აქ არაა, მაგრამ ჩვენთვის, უსახლკარო ხალხისთვის, ეს გამოსავალია. აქ ვაპირებთ იქამდე ყოფნას, სანამ მთავრობა საცხოვრისით არ დაგვაკმაყოფილებს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ დალი თებიძემ, ერთ-ერთმა უსახლკარომ.

„ბათუმელების“ ინფორმაციით ძველ შენობაში დაახლოებით 25 უსახლკარო ოჯახი შეიჭრა.

„ამ შენობაში, სადაც უსახლკაროები შემოიჭრნენ, ოდესღაც მაღაზია ყოფილა. ახლა მიტოვებულია, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და აპირებენ აუქციონზე გაყიდვას. წუხელ შემოიჭრნენ უსახლკაროები, ითხოვენ ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს.

ეს ხალხი წლებია ეძებს სამართალს და საცხოვრებელს. შეიჭრნენ ჩაქვში, უმაღლესი საბჭოს ყოფილ შენობაში, შეიჭრნენ ჯავახიშვილზე, ხელვაჩაურში, მაგრამ ყველა ადგილიდან გამოაძევეს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში ორგანიზაცია „ხმა ერისა, ხმა ხსნისას“ წარმომადგენელი ნაილი ფერაძე.

მისი თქმით, ეს ორგანიზაცია უსახლკაროთა და იპოთეკით დაზარალებულთა  უფლებებს იცავს.

როგორც „ბათუმელებისთვის“ გახდა ცნობილი, ბუკნარში, შენობასთან, რომელშიც უსახლკაროები შეიჭრნენ, იმყოფება აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ედუარდ ნაკაშიძე.

„ბათუმელებთან“ საუბარში მინისტრის მოადგილემ  თქვა, რომ ის მზადაა თითოეულ უსახლკარო ოჯახს ინდივიდუალურად შეხვდეს ხვალ,  30 სექტემბერს, მათ პრობლემებს მოუსმინოს და მისი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვიტოს მათი საკითხი.

თუმცა მინისტრის მოადგილის დაპირებების არ სჯერათ უსახლკაროებს.

„როცა სხვა ადგილებში შევიჭრებოდით, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ედუარდ ნაკაშიძე მიდიოდა და ჰპირდებოდა ოჯახებს ოღონდ ახლა გამოდით და დაგეხმარებითო. გამოდიოდა ეს ხალხი და ტყუილი აღმოჩნდებოდა მერე ეს დაპირება.

თუ არ მოვა მთავრობის წარმომადგენელი, არ ვაპირებთ აქედან სადმე წასვლას. ედუარდ ნაკაშიძე კი მოვიდა, მაგრამ გვეუბნება მაგ საკითხში კომპეტენტური არ ვარ და ვერ დაგპირდებით ვერაფერსო. მოვიდეს ის, ვინც კომპეტენტურია და დაგველაპარაკოს. ვითხოვთ თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას, რადგან ხალხი დაიღალა ცრუ დაპირებებით, მაგრამ რიჟვაძე არ გვხვდება ცოცხალი თავით,“ – ამბობს ნაილი ფერაძე.

ნაილი ფერაძე მოუწოდებს მთავრობის წარმომადგენლებს, მივიდნენ და შეხვდნენ უსახლკარო ადამიანებს, წინააღმდეგ შემთხვევაში უსახლკაროები ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას აანონსებენ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.