დღეს, 28 ოქტომბერს, თბილისში დაგეგმილ აქციას ბათუმელი ახალგაზრდების ნაწილიც შეუერთდება.
ბათუმელი ახალგაზრდები, რომელთაც „ბათუმელები“ ესაუბრა, ამბობენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელი ბრიფინგისა და აქციაზე გამოსვლის მოწოდების შემდეგ თავადაც გადაწყვიტეს თბილისში, აქციაზე წასვლა. ზოგიერთი მათგანი უკვე თბილისშია.
„ქართულმა ოცნებამ” საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან და გადამწყვეტ არჩევნებზე შედეგები გააყალბა. გააყალბა ხალხის ხმა და ჩაახშო სამართალი ღიად და სამარცხვინოდ, ყველა შესაძლო გზით.
მტკივნეულია, ვხედავდე ამ შედეგს და ვიაზრებდე, რომ შესაძლებელია საქართველო კვლავ დარჩეს რუსული რეჟიმის ქვეშ. შესაძლოა, კვლავ მომიწიოს ვუყურო, როგორ მართმევენ საკუთარ ხმას! როგორ მართმევენ ქვეყანას!” – გვეუბნება აქტივისტი, ანუკა ღონიაძე.
ანუკამ წელს პირველად მიიღო მონაწილეობა არჩევნებში:
„წელს პირველად მქონდა უფლება და პირველად მივიღე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა. ახალგაზრდებს ძალიან დიდი ძალა გვაქვს, რომ შევცვალოთ საქართველოს მომავალი უკეთესობისკენ. უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე.
ნიჰილიზმის დაძლევა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა ვიყოთ ყურადღებით და მხნედ. არ უნდა დავკარგოთ იმედი. უნდა გვჯეროდეს, რომ წინ ნათელი დღეები გველოდება”, – გვითხრა ანუკა ღონიაძე.
„ბათუმელები“ ესაუბრა ახალგაზრდული გაერთიანება „მარტიანელების“ ერთ-ერთ ლიდერს, მათე ცენტერაძეს. მან გვითხრა, რომ ბრძოლას აგრძელებენ:
„ჩვენი არჩევანი, ჩვენი ხალხის გადაწყვეტილება გაიყიდა. გაყიდა რუსულმა ხელისუფლებამ და ვფიქრობდით, რომ ამ ამბავს გაგრძელება უნდა მოჰყოლოდა. გუშინ პრეზიდენტის ბრიფინგი იყო ის გეგმა, ალბათ, რითაც დავიწყებთ ამ ბრძოლას და გავაგრძელებთ იმას, რაც დავიწყეთ გაზაფხულზე [რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ტალღა ბათუმში], თუნდაც 2023 წლის მარტის აქციებზე.
ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე. არც დავღლილვართ ამ ხნის განმავლობაში და არც დანებებას ვაპირებთ“, – გვითხრა მათე ცენტერაძემ.
როგორც მან გვითხრა, ის თბილისში აქციაზე „მარტიანელების“ გუნდის სხვა წევრებთან, მეგობრებთან ერთად მიდის:
„სპონტანურად, დაუგეგმავად გადავწყვიტეთ ბრიფინგის შემდეგ, რომ დღეს თბილისში უნდა ვიყოთ ჩვენი მომავლის დასაცავად.
წინასწარ ვერაფერს ვერ გავთვლით, რა თქმა უნდა. დღევანდელი დღე გადაწყვეტს ალბათ, რა იქნება ხვალ და ზეგ, მაგრამ თუ მოვლენები ისე განვითარდება, რომ უნდა ვიყოთ იქ, აუცილებლად დავრჩებით”, – ამბობს მათე.
მისი თქმით, ამ ხნის განმავლობაში „მარტიანელები“ არსად წასულან:
„ეს ახალგაზრდები სხვადასხვა პლატფორმაზე აგრძელებდნენ ბრძოლას ევროპული მომავლისთვის და აუცილებლად, თუ საჭირო იქნება, რომ ბათუმმაც დააფიქსიროს თავისი პოზიცია ქალაქშივე და არა თბილისში, “მარტიანელები” მაქსიმალურად ჩავერთვებით”, – გვითხრა მათე ცენტერაძემ.
თბილისში დაგეგმილ აქციას უერთდება ბათუმელი მარიამ ჯვართავაც.
„მქონდა იმის მოლოდინი, რომ ასე მარტივად არ დათმობდა რუსული რეჟიმი თავის სკამს და ბოლომდე, უღირსად იბრძოლებდა ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ყველაფერი იღონეს, რომ არჩევნების გაყალბებასთან ერთად, უამრავი მშიერი ადამიანი მოესყიდათ მუქარით და დაშინებით.
რაც სრულწლოვანი გავხდი, არც ერთი არჩევნები არ გამომიტოვებია და ყოველთვის ვაფიქსირებდი ჩემს აზრს, თუმცა ისიც მქონდა გააზრებული, რომ წლევანდელი არჩევნები იმაზე მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე გასული წლების. ეს ემიგრანტებმაც ძალიან კარგად დაგვანახეს“, – გვეუბნება მარიამი. მისი თქმით, ახლა ერთად დგომაა საჭირო: „რათა დასავლეთს ვაჩვენოთ, რომ არ ვეგუებით გაყალბებულ არჩევნებს, არ ვნებდებით და ვიბრძვით ჩვენი ადგილისთვის ევროპაში“.
მარიამ ჯვართავას თქმით, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არსებული ნიჰილიზმი სრულიად მოსალოდნელი იყო:
„ამდენი ბრძოლის და საზოგადოების ამხელა ჩართულობის შემდეგ ადამიანების გარკვეული ნაწილი მაინც არ ელოდა იმ რეალობას, რაც ახლა ჩვენს თვალწინ არის. ამ შემთხვევაში დანებება არ არის გამოსავალი. სადაც პუტინის მარჯვენა ხელები გვიქებენ გაყალბებულ გამარჯვებას, იქ თითოეულმა მოქალაქემ უნდა გავიაზროთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის წინაშე. დროებით შევწყვიტოთ ამა თუ იმ ოპოზიციური პარტიის ლანძღვა, საზოგადოება და პოლიტიკოსები ერთად დავდგეთ.
საქართველოს ჰყავს უამრავი გმირი და არც ერთ გმირს არ დაუთმია საკუთარი სიცოცხლე ბრძოლის გარეშე, ამიტომ ჩვენ მათი სულების სადიდებლად და მათი სახელების უკვდავსაყოფად უნდა დავიბრუნოთ ის, რაც ჩვენია. გავიმარჯვებთ სახელოვნად”, – გვითხრა მარიამ ჯვართავამ.
პრეზიდენტ ზურაბიშვილის ბრიფინგის შემდეგ გადაწყვიტა თბილისში წასვლა ლაშა მიქაშავიძემაც:
„ვფიქრობ, რომ ყველა ახალგაზრდა, ყველა მოქალაქე, რომელსაც თავისუფლებაზე ერთხელ მაინც უფიქრია, უნდა იდგეს დღეს, 19:00 საათზე რუსთაველზე“ – გვითხრა მან.
ლაშა აქციაზე მეგობრებთან ერთად მიდის. მისი თქმით, აპირებენ თბილისში დარჩენას იმდენხანს, რა დროის საჭიროებაც იქნება:
„ქვეყანა დგას დიდი გადაწყვეტილების წინაშე და ჯერ არ ვიცით ეს ყველაფერი როგორ დასრულდება. თავისუფლებისთვის ბრძოლა არ უნდა შევწყვიტოთ. ეს არჩევნები არის აბსოლუტურად გაყალბებული. ადამიანები მოისყიდეს, დააშინეს. მოქალაქეებმა უნდა მივიღოთ სამართლიანი გადაწყვეტილება და ქვეყანა დაუბრუნდეს ევროპული გზას”, – გვითხრა ლაშამ.






