რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 28 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 28 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 690 720 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 680]
  • ტანკი – 9 120 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 18 395 ერთეული [+40]
  • საარტილერიო სისტემა – 19 872 ერთეული [+51]
  • MLRS – 1 240 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 984 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 17 867 ერთეული [+68]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 625 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 27 660 ერთეული [+100]
  • სპეცტექნიკა – 3 556 ერთეული [+14]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 28 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 647 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 34 685 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 584 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 18 894 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 480 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 16 887 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 27 694 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

უსკო აცხადებს, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში „ოცნებამ“ ხმების 57 პროცენტი მიიღო

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] წინასწარი მონაცემების თანახმად, 2024 წლის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო.

უსკო აცხადებს, რომ „ოცნებამ“ მიიღო საარჩევნო ხმების 57.43%, სულ 110 130 ხმა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში სულ 11 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობდა. უსკოს მიერ დათვლილი წინასწარი შედეგები ასე გამოიყურება:

  • „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ – 8.4% [16 106 ხმა]
  • „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ – 14.27% [27 362 ხმა]
  • „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ – 6.31% [12 102 ხმა]
  • „გახარია საქართველოსთვის“ – 8.63% [16 550 ხმა]

უსკოს ცნობით, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე 317 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 317 119 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 197 814-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 62.38 % შეადგენს.

_______________

ფოტოზე: საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ბათუმში

 

 

ცესკო აცხადებს, რომ „ოცნებამ“ არჩევნებში ხმების 54 პროცენტი მიიღო – წინასწარი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების თანახმად, საქართველოში თითქმის ყველა საარჩევნო უბანი დათვლილია და ხმათა უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო – 54.086 %, რაც 1 117 480 ხმაა.

რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, ცესკოს წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:

  • „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ – 10.923 % [225 680 ხმა]
  • „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 10.122 % [209 137 ხმა]
  • „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ – 8.781 % [181 424 ხმა]
  • „გახარია საქართველოსთვის“ – 7.761 % [160 354 ხმა]

ეს ის პარტიები და ოპოზიციური გაერთიანებებია, რომლებმაც, ცესკოს ცნობით, გადალახეს 5-პროცენტიანი ბარიერი და პარლამენტში მოხვდებიან.

ასევე ცესკოს ცნობით, „გირჩმა“ ამომრჩეველთა ხმების 3.011% მიიღო – 62 217 ხმა, ხოლო „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ – 2.442 %, ანუ 50 463 ხმა.

არჩევნებში სულ 18 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობდა. დანარჩენმა პარტიებმა ვერ გადალახეს 1-პროცენტიანი ზღვარიც.

ცესკოს წინასწარი შედეგები მნიშვნელოვნადაა აცდენილი ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით, ორგანიზაცია Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებს. Edison Research-ის ეგზიტპოლის თანახმად, „ოცნებამ“ მიიღო 40,9% პროცენტი, ცესკოს მონაცემები კი ყველაზე ახლოსაა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, ორგანიზაცია „გორბის“ მიერ ჩატარებულ ეგზიტპოლის მონაცემებთან, რომელმაც „ოცნებას“ 56.1 პროცენტი დაუწერა.

ცესკოს წინასწარ მონაცემებს მსხვილი ოპოზიციური პარტიების ნაწილი არ ეთანხმება.

გუშინ, 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, განცხადება გააკეთეს პოლიტიკურმა გაერთიანებებმა: „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ძლიერი საქართველო“, „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ და, ასევე გახარიას პარტიამ.

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ აცხადებს, რომ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, ვინაიდან არჩევნები მოპარულია. იმავეს აცხადებს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“. ასევე, კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ამბობს, რომ ცესკოს მიერ გამოცხადებული წინასწარი შედეგები არ შეესაბამება მოქალაქეთა რეალურ ნებას.

რაც შეეხება გახარიას პარტიას, პარტიამ განაცხადა, რომ დაელოდებიან საბოლოო შედეგებს და აქვთ არჩევნების გაყალბების – მათ შორის ე.წ. „კარუსელის“ – და ამომრჩევლის მოსყიდვის მტკიცებულებები და პარტიამ უკვე შეიტანა საჩივრები შესაბამის ორგანოებში.

არჩევნების დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციურმა სადამკვირვებლო მისიამ -„ჩემი ხმა“.

„აშკარა გახდა, რომ შემუშავებული იყო არჩევნების გაყალბების კომპლექსური სქემა, რომლის განხორციელებისთვისაც გამოყენებული იქნა ისეთი მეთოდები, როგორიცაა ვერიფიკაციის სისტემის მოშლა, მარკირების პროცედურების დარღვევა და დამკვირვებლებისათვის ამომრჩეველთა იდენტიფიკაციის პროცედურების დაკვირვებაზე ხელშეშლა.

დღის პირველ ნახევარში მასობრივად ჰქონდა ადგილი ამომრჩევლებისთვის ორი ან მეტი ბიულეტენის გადაცემას. ასევე, დაფიქსირდა შემთხვევებიც, როდესაც ბიულეტენებზე მმართველი პარტია უკვე მონიშნული იყო“, — აცხადებენ სადამკვირვებლო მისიაში.

„ჩემი ხმა“ საუბრობს ასევე წინასაარჩევნო პერიოდში პირადობის მოწმობების ჩამორთმევისა და „ქირაობის” ცნობებზე, რაც მათი თქმით, გაყალბების სქემის ნაწილი იყო.

მისიაში ამბობენ, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე დღის მანძილზე ხორციელდებოდა უპრეცედენტო ზეწოლა, რაც მოიცავდა ფიზიკურ თავდასხმებს, სიტყვიერ შეურაცხყოფას, დაშინებას, უბნებიდან გაძევებას საფუძვლის გარეშე, რაშიც ზოგიერთ შემთხვევაში პოლიციაც იყო ჩართული. ეს ყველაფერი კი პროცესზე დაკვირვებას უმრავლეს შემთხვევაში შეუძლებელს ხდიდა.

_____________

ფოტოზე: არჩევნები ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 27 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 27 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 689 040 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 440]
  • ტანკი – 9 113 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 18 355 ერთეული [+23]
  • საარტილერიო სისტემა – 19 821 ერთეული [+39]
  • MLRS – 1 240 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 984 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 17 799 ერთეული [+73]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 625 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 27 560 ერთეული [+100]
  • სპეცტექნიკა – 3 542 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 26 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 647 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 34 329 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 584 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 18 877 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 480 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 16 773 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 27 624 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

თურქეთში მცხოვრები ემიგრანტის თქმით, ემიგრანტების ნაწილი საარჩევნო სიაში არ აღმოჩნდა

დღეს, 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებზე, თურქეთში, ქალაქ სტამბოლში ხმის მისაცემად მისული ემიგრანტების ნაწილი სიაში არ აღმოჩნდა.

„ბათუმელები“ ესაუბრა სტამბოლში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს, გულნაზ დადაჰავას, რომელიც ამბობს, რომ საარჩევნო უბანზე მან და კიდევ 15-ზე მეტმა ქართველმა ემიგრანტმა ხმის მიცემა ვერ შეძლეს.

„ახლა მოვედი სახლში, აზრი აღარ ჰქონდა იქ დგომას, დილიდან იქ ვარ და არანაირი შედეგი არ არის.

26 სექტემბერს ჩემი ფეხით მივედი სტამბოლში, ბეშიქთაშში, სადაც არის საქართველოს საკონსულო. გავიარე აღრიცხვა, მომცეს ბარათი ჩემი სურათით, სადაც წერია, რომ მაქვს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლება. მითხრეს, მესიჯი მოგივაო. გავიდა ორი კვირა და რომ არ მოვიდა შეტყობინება, დავრეკე ცხელ ხაზზე. მითხრეს, თქვენი მონაცემები მოწესრიგებულიაო. დღეს მივედი საარჩევნო უბანზე და სიაში არ ვარ.

ჩემისთანები ბევრნი იყვნენ, ქალები, ვინც არ იყვნენ სიაში. ყველამ გამოთქვა უკმაყოფილება, მაგრამ უშედეგოდ. 11:30-იდან ოთხ საათამდე იქ ვიყავი და წამოვედი, აზრი არ ჰქონდა” – გვითხრა გულნაზ დადაჰავამ. 

მისივე თქმით სტამბოლში, 23-ე უბანზე დილიდან ძალიან დიდი აქტიურობა იყო:

„იმედი არ გვქონდა, რომ ამდენი ადამიანი გამოჩნდებოდა, მოდიოდა ხალხი ორ-ორად, სამ-სამად საარჩევნო უბანზე. დასამალი არ არის, უმრავლესობა ამბობდა, რომ ირჩევს ევროპულ გზას, მეც მინდა ჩემი ხმა მივაწვდინო მეთქი, ამ ამაღლებული სულისკვეთებით წავედი და ცრემლიანი უკან დავბრუნდი.

მიზეზი ვერ მითხრეს, ყველა საბუთი წესრიგშიაო, მაგრამ ალბათ აფხაზეთიდან რომ ხარ, იმიტომ შეიქმნა პრობლემააო. საქართველოს მოქალაქე ვარ და მინდა მივიღო მონაწილეობა, ჩემი ქვეყნის მომავლის არჩევანი გავაკეთო-მეთქი” – ამბობს მოქალაქე. 

გულნაზ დადაჰავა ამბობს, რომ მას დამკვირვებელმა უთხრა, რომ ამ შემთხვევას საჩივრის სახით დააფიქსირებენ საარჩევნო უბანზე.

_______________

ფოტოზე: ქართველი ემიგრანტები სტამბულში, საარჩევნო უბანთან

ხულოში უბანზე მისულ ამომრჩეველს მის ნაცვლად ხმა მიცემული დახვდა – საჩივრები

დაბა ხულოში, საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისულმა ამომრჩეველმა, თინა აბულაძემ აღმოაჩინა, რომ მის ნაცვლად ხმა სხვას ჰქონდა მიცემული. მოქალაქემ ხმის მიცემა ვერ შეძლო. 

შემთხვევა 16:05 წუთზე მოხდა. საჩივარი შემთხვევის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, ირაკლი ჯორბენაძემ დააფიქსირა.

რაც შეეხება დაბა ხულოში დაწერილ სხვა საჩივრებს, მათი უმეტესი ნაწილი ეხება რეგისტრატორის მიერ ამომრჩევლისთვის ერთდროულად რამდენიმე ბიულეტენის გადაცმას. ამ მიზეზით ხულო 1-ელ საარჩევნო უბანზე სამი საჩივარი დაიწერა. საჩივრების შინაარსებიდან ჩანს, რომ მე-2, მე-3 და მე-4 რეგისტრატორები გადასცემდნენ რამდენიმე ბიულეტენს ამომრჩეველზე, აქედან მე-4 რეგისტრატორმა ერთხელ ერთდროულად სამი ბიულეტენი გადასცა ერთ ამომრჩეველს.

ამავე უბანზე საერთაშორისო გამჭვირვალობის დამკვირვებელმა დაფიქსირდა კიდევ ერთი საჩივარი, რომლის მიხედვითაც ნაკადის მომწესრიგებელი, მითითების მიუხედავად არ ამოწმებდა მარკირებას. რის გამოც უბნის თავმჯდომარემ გაფრთხილება მისცა რეგისტრატორებსა და ნაკადის მომწესრიგებელს. 

__

მთავარი ფოტო: წარწერა ვერიფიკაციის აპარატზე: „ამ უბანზე ამომრჩეველი უკვე ნამყოფია“

რეგისტრატორი გაფერადების ნაცვლად შემოხაზვისკენ მოუწოდებდა – საჩივარი ბათუმის #22 უბანზე

ბათუმში, #22 საარჩევნო უბანზე დაიწერა საჩივარი, რომელშიც დაფიქსირებულია, რომ რეგისტრატორმა რამდენჯერმე უთხრა ამომრჩეველს შემოეხაზა მისთვის სასურველი პარტია, ნაცვლად იმისა, რომ მიეცა გაფერადების ინსტრუქცია.

მსგავს ფაქტის შემსწრე გახდა „ბათუმელების“ ჟურნალისტი ბათუმის #მე-13 საარჩევნო უბანზე, როცა ხმის მიცემის წინ რეგისტრატორმა მას რამდენჯერმე გაუმეორე ინსტრუქცია შეცდომით. იგივეს ამბობს ლელოს წარმომადგენელი ბათუმის მე-11 უბნიდან. თუმცა ამ უბნებზე მხოლოდ სიტყვიერი მითითება მისცეს რეგისტრატორებს.

საჩივარი ბათუმის #22 უბანზე საჩივარი დაწერა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, მანუჩარ ხოზრევანიძემ. საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ, ნარგიზ ქარცივაძემ „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ განიხილავს ამ საჩივარს.

თავად რეგისტრატორმა „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ რომ დაუშვა შეცდომა, მიზეზად კი გადაღლილობა დაასახელა და დამკვირვებელი დაადანაშაულა მისთვის ხელის შეშლაში.

 

ბათუმში საარჩევნო უბნებთან სავარაუდოდ „ოცნების“ კოორდინატორები არიან სიებით

დღეს, 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების მსვლელობისას, ბათუმში, საარჩევნო უბნებთან სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ კოორდინატორების მობილიზება შეინიშნება.

კერძოდ, ბათუმში, 72-ე საარჩევნო უბანთან თეთრ მიკროავტობუსში, ნომრით 777, სხედან ადამიანები სიებით, რომლებიც რეკავენ ტელეფონზე, არიან აგრესიულები.

მიკროავტობუსი იმყოფება საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის რადიუსზე ახლოს, რაც კანონდარღვევაა.

შემთხვევის ადგილზე გამოძახებულია პოლიცია.

ფოტო: „ბათუმელები“

კიდევ ერთი შემთხვევა დააფიქსირა „ბათუმელებმა“ ბათუმის 22-ე საარჩევნო უბანთან, სადაც დილიდან დგას ჯიპი, რომელშიც სხედან ადამიანები, დამკვირვებლების კითხვაზე, ვინ არიან, მათ კარი მიიხურეს და გადაღების დროს დატოვეს ტერიტორია.

კიდევ ერთი დაბურულშუშებიანი თეთრი მიკროავტობუსია გაჩერებული ბათუმის ნომერ მე-7 საარჩევნო უბანთან, სადაც ადამიანები სხედან სიებით. სავარაუდოდ, ისინი აღრიცხავენ უბანზე მოსულ ამომრჩევლებს.

ფოტო: „ბათუმელები“

ინავე პრობლემის შესახებ განაცხადეს დღეს დილის 10:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისში, მათ მიერ დაფიქსირებული დარღვევების შესახებ გაკეთებულ ბრიფინგზე –

„უბნებთან მობილიზებული არიან ქართული ოცნების წარმომადგენლები და ზეწოლას ახდენენ ამომრჩეველზე. დგანან სიებით” – განაცხადეს ბრიფინგზე.

ქუთაისის 49-ე უბნიდან საიას დამკვირვებელი გააძევეს

დღეს, 26 ოქტომბერს, ქუთაისის 59-ე ოლქის 49-ე უბნიდან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელი გააძევეს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, საიას დამკვირვებელი ითხოვდა უბანზე არსებული სარეგისტრაციო მაგიდები ისე განეთავსებინათ, რომ დამკვირვებლებს საშუალება ჰქონოდათ, რეგისტრატორების ზურგს უკან დამდგარიყვნენ.

საუბნო კომისიის თავმჯდომარემ, ირმა ყურაშვილმა „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ მან ნამდვილად გააძევა საიას დამკვირვებელი – „საარჩევნო პროცესის ხელის შეშლისა და წიკვინისთვის”.

 

ბათუმის #43 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეფერხებული იყო

დღეს, 26 ოქტომბერს, ბათუმის #43 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეფერხდა. კომისიის წევრების თქმით, პროცესი მხოლოდ რამდენიმე წუთით შეყოვნდა, თუმცა ამომრჩევლები ამბობენ, რომ ხმის მიცემის პროცესი დაახლოებით ერთი საათით იყო შეფერხებული.

კომისიის წევრების განმარტებით, შეფერხების მიზეზი ხმის მთვლელ აპარატთან დაკავშირებული ტექნიკური ხარვეზი გახდა, აპარატი არ იღებდა საარჩევნო ბიულეტენებს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, საარჩევნო უბანზე პროცედურის შეფერხებასთან დაკავშირებით საჩივარი არ დაწერილა.

 

2 ბიულეტენი, დამკვირვებლის გაძევება – რა საჩივრები იწერება ბათუმის საარჩევნო უბნებზე

დღეს, 26 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამ დროისთვის აჭარაში ათეულობით საჩივარია დაწერილი სხვადასხვა ტიპის დარღვევებზე.

„ბათუმში ხმის მიცემა დაიწყო დარღვევებით, ამ დროისთვის ჩვენი წარმომადგენლების მიერ დაწერილია 30 საჩივარი, გვაქვს საქმე ისეთ მნიშვნელოვან დარღვევებთან, როგორიცაა ამომრჩევლისთვის 2 ბიულეტენის მიცემა“ – განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა მირდატ ქამადაძემ დღეს, დილას გამართულ ბრიფინგზე. მისივე თქმით, მსგავსი დარღვევა დაფიქსირდა ბათუმის მე-10, 71-ე, მე-18, 35-ე, მე-20, მე-13, მე-14, 70-ე, 86-ე, 83-ე და 33-ე უბნებზე.

ამომრჩევლისთვის 2 ბიულეტენის გადაცემის შესახებ ცნობილია „ბათუმელებისთვისაც“. მსგავსი შემთხვევა იყო იმ უბნებზეც, რომლებსაც „ბათუმელები“ აკვირდება. საარჩევნო უბნებზე ამ ფაქტს შეცდომით ხსნიან.

„მე-4 და 51-ე უბანზე ხმის მიცემის აპარატები მუშაობდა ხარვეზებით, საბოლოო ჯამში მე-4 უბანზე ერთ აპარატი გამოვიდა მდგომარეობიდან და ამ დროისთვის ორი აპარატით მიმდინარეობს ხმის მიცემა. უბნებზე დიდია აქტივობა” – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ოფისის 10 საათის მონაცემებით, ქობულეთში, 57-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა შეჩერდა, ვინაიდან აპარატი ვერ იღებდა ბიულეტენს; ასევე, ქედაში, მე-11 უბანზე ადგილი ჰქონდა კაბინაში ფოტოების გადაღების შემთხვევას; ბათუმში 71-ე უბანზე არ შეუშვეს დამკვირვებელი და დაგვიანებით გაიხსნა ზოგიერთ უბანი, მათ შორის ნომერ მე-15 უბანი. 

„უბნებთან მობილიზებული არიან ქართული ოცნების წარმომადგენლები და ზეწოლას ახდენენ ამომრჩეველზე. დგანან სიებით; ყველა მუნიციპალიტეტში მასიურად ფიქსირდება რეგისტრატორების მიერ ორი ბიულეტენის გადაცემა; რეგისტრატორებთან არ აყენებდნენ დამკვირვებლებს, ხელოვნურად შეუზღუდეს სივრცე, რომ შემდგომ ისარგებლონ და ორ-ორი ბიულეტენი გასცენ მოქალაქეებზე” – განაცხადა ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ნიკა ქაშიბაძემ.

09:00 საათზე ბათუმში მე-2 უბანზე პოლიცია გამოიძახეს და უბნიდან გააძევეს დამკვირვებელი „ნაციონალური მოძრაობიდან“, გვანცა შარაძე. მისი თქმით, მან ორი საჩივარი დაწერა, ერთი – მარკირების პროცედურაზე და მეორე იმის შესახებ, რომ კომისიის თავმჯდომარე ამომრჩეველს კაბინაში შეჰყვა: 

„პირველი იყო მარკირების უკმარისობა და მეორე საჩივარი, რაც ყველაზე რთული იყო, დავწერე თავმჯდომარეზე, ამომრჩეველს შეჰყვა არჩევნების კაბინაში და ეხმარებოდა, ეუბნებოდა როგორ გაეკეთებინა“. 

შემთხვევის გამო კენჭისყრის პროცესი ამ უბანზე შეფერხდა.

ბათუმის #2 საარჩევნო უბანი

ბათუმის ნომერ მე-5 საარჩევნო უბანზე დაიწერა ორი საჩივარი. როგორც საჩივრით ირკვევა, არაუფლებამოსილი პირი იმყოფებოდა 08:00 საათამდე უბანზე, თავმჯდომარის განმარტებით უბანზე შემოვიდა ადრე მოსული ამომრჩეველი, რომლის პირადობის მოწმობას ვადა ჰქონდა გასული. პირს პოლიციის დახმარებით დაატოვებინეს უბანი.

ასევე, ამავე უბანზე ორმა მოქალაქემ, რომლებსაც პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ჰქონდათ აღებული 15 ოქტომბერს, ვერ მისცა ხმა. ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირდა ბათუმის 23-ე უბანზე, მოქალაქეს 18 ოქტომბერს ჰქონდა აღებული ID ბარათი.

____________

ფოტოზე: არჩევნები ბათუმში.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 26 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 26 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 687 600 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 690]
  • ტანკი – 9 109 ერთეული [+12]
  • ჯავშანტექნიკა – 18 332 ერთეული [+45]
  • საარტილერიო სისტემა – 19 782 ერთეული [+29]
  • MLRS – 1 240 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 984 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 17 726 ერთეული [+56]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 625 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 27 460 ერთეული [+95]
  • სპეცტექნიკა – 3 541 ერთეული [+6]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 26 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 647 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 34 329 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 584 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 18 877 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 480 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 16 773 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 27 624 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო

დღეს, 26 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

არჩევნებში წელს 18 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობს. ესენი არიან:

  1. „ევროპელი დემოკრატები“ – 6
  2. ქართული ოცნება – 41
  3. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 8
  4. „გირჩი“- 36
  5. გახარია საქართველოსთვის – 25
  6. „მემარცხენე ალიანსი“ – 26
  7. „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ – 4
  8. „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ – 5
  9. „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ – 9
  10. „შეცვალე საქართველო“ – 16
  11. „საქართველო“ – 17
  12. „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ – 12
  13. „ჩვენ“ – 23
  14. ქართველ ერთობა – 27
  15. ტრიბუნა – 21
  16. საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 10
  17. თავისუფალი საქართველო – 20
  18. „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ – 3

არჩევნები დილის 8 საათზე დაიწყო და საღამოს, 20 საათამდე გაგრძელდება. 20:00 საათზე საარჩევნო უბნები დაიკეტება.

წელს საქართველოში არჩევნები პირველად ახალი, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს.

3030 საარჩევნო უბნიდან 2262 უბანზე ხმის მიცემა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით იქნება შესაძლებელი, რაც ამომრჩეველთა 89%-ზე მეტს გულისხმობს. 768 უბანზე კი ხმის მიცემის პროცედურა ტრადიციული მეთოდით გაიმართება.

უბნებზე, სადაც ელექტრონული არჩევნები ტარდება, ბიულეტენის შევსებისას სპეციალური მარკერით უნდა გააფერადოთ თქვენთვის სასურველი მხოლოდ ერთი პარტიის სახელწოდების წინ არსებული წრე (წრის შიდა სივრცე). იმავე ბიულეტენზე სხვა პარტიის წინ არსებულ წრეში არაფერი ჩაწეროთ, არც გააფერადოთ და არც ხაზი გადაუსვათ.

აუცილებელია გაფერადება და არა შემოხაზვა. 

ბოლო მონაცემებით, ერთიან სიაში რეგისტრირებულია 3 508 294 ამომრჩეველი. მათგან 317 119 ამომრჩეველი აჭარაშია რეგისტრირებული.

აჭარაში, საპარლამენტო არჩევნების გარდა, მიმდინარეობს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც. ამ არჩევნებში 11 პარტია მონაწილეობს. ესენი არიან: „გირჩი“, „ევროპელი დემოკრატები“, „ტრიბუნა“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „გახარია საქართველოსთვის“, „თავისუფალი საქართველო“, „ძლიერი საქართველო -ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, „კოალიცია ცვლილებებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ და „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“.

 

„ვინმე არსებობს თვეში 200 ლარად? – მე ვარსებობ“ | უსახლკაროების მორიგი შეჭრა

„მე მარტოხელა დედა ვარ, დასაქმებული ვარ და ჩემი ხელფასი 800 ლარია, ბინის ქირაში 550 ლარს ვიხდი. ვინმე არსებობს თვეში 200 ლარად? – მე ვარსებობ, შვილს ვზრდი და დედასაც ვუვლი, მაგრამ მეტი აღარ შემიძლია,“ – გადმოგვძახა ძველი სახლის ფანჯრიდან შორენა კონცელიძემ. ის ერთ-ერთ უსახლკარო ქალია, რომელიც წუხელ, ღამით 25 ადამიანთან ერთად ბათუმში, ბონის დასახლებაში, ბაზრობის გვერდით მდებარე სახელმწიფო შენობაში შეიჭრა.

არჩევნებამდე რამდენიმე დღით უსახლკაროებმა, რომლებსაც მანამდე მთავრობამ ყურადღება არ მიაქცია და არაფერი შესთავაზა, მიტოვებული სამი შენობა დაიკავეს – ბუკნარში, ბარცხანასა და ბონის დასახლებაში. ძველი შენობები სახელმწიფო ბალანსზეა, მათ შორისაა „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი შენობა, რომელიც ახლა სახელმწიფოს ეკუთვნის.

ამ შენობის პირველი სართულის რამდენიმე ოთახს იყენებს ერთ-ერთი დაცვის კომპანიის სამსახური.

უსახლკაროები ამბობენ, რომ ორი წელი ბათუმის მერიასთან იდგნენ და არათუ რამე შესთავაზეს, მათი პრობლემები არც კი შეუსწავლიათ. ამიტომაც, გადაწყვიტეს სახელმწიფო, მიტოვებული შენობა დაკავება.

„თუ მკვდრებს გაგვიტანენ, გაგვიტანონ, წაგვიკიდონ ცეცხლი, ან დაგვაკმაყოფილონ უკეთესი შენობით“, „საქართველოში ქართველებს არ გვაქვს იმის უფლება, ერთი ოთახი მოგვცენ?“ „ხვალ არჩევნებია, წინ, ევროპისკენ“, „გაჭირვება ამ ხელისუფლებას არ აინტერესებს, უნდა შეიცვალოს“ – გადმოგვძახეს მიტოვებული შენობიდან. უსახლკაროებთან უშუალო შეხვედრის საშუალება დაცვის პოლიციელებმა შეგვიზღუდეს.

უსახლკაროები ბონში სახელმწიფოს ბალანსზე კუთვნილ შენობაში წუხელ ღამით შეიჭრნენ

„არჩევნებში მონაწილეობა გვინდა, მაგრამ აქედან რომ გავიდეთ, უკან აღარ შემოგვიშვებენ. შემოგვიტანონ ყუთები და მივცემთ ხმას. თუ ყუთის მოტანა შეუძლებელია, ჩვენი ხმა გაყალბდება?

წუხელ შემოვედით. ჯერ წყალიც გვაქვს საკმარისად და საჭმელიც. აქ შუქიც არაა, წყალი მოდის პირველ სართულზე, მაგრამ არ ვიცით, თუ დაილევა.

სახელმწიფოდან არავინ მოსულა, ამ ხელისუფლებას გაჭირვებული ხალხი არ აინტერესებს. ხელისუფლებამ მარტო რუსები შემოყარა ქვეყანაში, ქირა გაგვიძვირდა, რით ვიარსებოთ? ჩვენ პატიოსნურად გვინდოდა, ვიარეთ აქციიდან აქციაზე, მაგრამ მოგვისმინა ვინმემ? მთავრობის სახლთან რამდენჯერ მივედით?

ხვალ, არჩევნებზე საქართველოს ბედი უნდა გადაწყდეს, სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ხალხმა, სწორი არჩევანი ისაა, რომ ამდენი რუსეთი არაა საჭირო“, – გვითხრა შორენა კონცელიძემ.

უსახლკაროების ამ ნაწილის საპროტესტო აქციების ორგანიზებას ბოლო რამდენიმე თვე პარტია „ქართველთა ერთობა“ ახდენს. „არცერთი პარტია არ გვაინტერესებს ჩვენ“ – გვითხრეს უსახლკაროებმა და გამორიცხეს ის, რომ პარტიამ შეარჩია შენობები, რომელიც ბოლო დღეებში უსახლკაროებმა დაიკავეს.

შენობა ბათუმის აგრარულ ბაზართან, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის და უსახლკაროები შევიდნენ

ამ თემაზე:

 

უსახლკარო, რომელიც მთავრობასთან მუყაოს ყუთში ჩაჯდა: „ოცნება“ 12 წელია გვატყუებს, აღარ მოვტყუვდებით

 

საჩივრების საპასუხოდ ცესკომ საუბნო კომისიების წევრებს ახნა-განმარტებები დააწერინა

წინასაარჩევნო აგიტაციის წესის დარღვევა – აგიტაცია, უკანონო აგიტაცია, იძულება, აგიტაცია საჯარო მოხელეების მხრიდან სამუშაო საათებში, ბიუჯეტით დაფინანსებული ღონისძიებების „ოცნების“ კანდიდატების სასარგებლოდ გამოყენება, სამსახურის მანქანების გამოყენება, გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩევლის რეგისტრაციის წესის დარღვევა, სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოების წესის დარღვევა – ამ და სხვა საკითხებზე საარჩევნო ოლქებსა და ცესკოში ასობით საჩივარი შევიდა.

ამ საჩივრების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არ არის განხილული. ნაწილის პასუხად კი საუბნო-საარჩევნო კომისიების წევრებს ახნა-განმარტებები დააწერინეს, ან ერთმა დაწერა და შემდეგ დააკოპირეს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია [საია] ცესკოს წერს, რომ რუსთავის #25-ე საბავშვო ბაღის ხელმძღვანელმა, მანონი მეურმიშვილმა თანამშრომლებს „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ ღონისძიებაზე წასვლა აიძულა. საია მიუთითებს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე აგიტაციისთვის, რაც უკანონოა.

საიას თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ამ დარღვევასთან დაკავშირებულ საჩივარში დამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას ითხოვს. საჩივარი 24 ოქტომბერს არის შესული ცესკოში, ის ჯერ განხილული არ არის.

საიას საჩივრის მიხედვით, გარდაბანში პედაგოგებს პროფესიული დღე ნაცვლად 27 ოქტომბრისა მიულოცეს 19 ოქტომბერს. ღონისძიებაზე პედაგოგებს გადასცეს სიმბოლური საჩუქრები და სამახსოვრო ბარათები: „ბარათზე მილოცვის ტექსტთან ერთად დატანილია „ოცნების“ პარტიული ნომერი. ღონისძიებაზე „ოცნების“ კანდიდატი სავალან მირზოევიც იმყოფებოდა.

საია აგიტაციის წესის დარღვევასა და რესურსის გამოყენებაზე მიუთითებს.

მასწავლებლებისთვის გადაცემული სამახსოვრო ბარათები

საჩივრები დაწერეს ასევე საარჩევნო უბნის უყურადღებოდ დატოვებისა და უფლებამოსილი პირების არყოფნის გამოც.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო წერს, რომ 2024 წლის 21 ოქტომბერს დევნილთა სამინისტროს ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულთა მინისტრი, დავით ფაცია ქობულეთში იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. აქვე სამინისტროს აქვს გაზიარებული თავად დავით ფაციას პოსტი, სადაც ის აღნიშნავს, რომ ქობულეთში შეხვედრაზე მასთან ერთად იმყოფებოდნენ „ოცნების“ კანდიდატები – გია ჭყონია და ცოტნე ანანიძე.

ხელვაჩაურიდან ცესკოში 12 საჩივარი შევიდა, მათ შორის 3 წინასაარჩევნო აგიტაციის წესის დარღვევას, 2 სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებას, ხუთი კი გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩევლის რეგისტრაციას შეეხებოდა.

ამ საკითხთან დაკავშირებით ცესკომ საპასუხოდ შესაბამისი უბნების კომისიების წევრების ახსნა-განმარტებები ატვირთა. ამ ბარათებით რეალურად დარღვევა დასტურდება, თუმცა ცესკომ უბნის წევრების „მობოდიშება“ საკმარისად მიიჩნია.

ერთ-ერთ საჩივარში მომჩივანი წერს, რომ ხელვაჩაურის ოლქში #31-ე საარჩევნო უბანზე კედლის სიაში შეტანილი არ არის გადასატანი ყუთის სიაში დარეგისტრირებული ამომრჩევლები და არაერთი გაფრთხილების მოუხედავად ეს დარღვევა არ აღმოფხვრეს.

 

გადასატანი ყუთის სიის აღრიცხვის წესის დარღვევის გამო უჩივლა მომჩივანმა ხელვაჩაურის ოლქის 30-ე საუბნო-საარჩევნო კომისიას. მომჩივანი წერს, რომ კედლის სიაში გადასატანი ყუთის სიაში რეგისტრირებული ამომრჩევლები არ არიან დაფიქსირებული. ცესკო აქაც ახსნა-განმარტებას დასჯერდა, შინაარსი ზემოთ მითითებული შინაარსის იდენტურია.

„ლელომ“ გაასაჩივრა ასევე ცესკოს გადაწყვეტილება საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრთა ანაზღაურების შესახებ, ცესკოს განკარგულებით, საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრს ხელფასის სახით განესაზღვრა 390 ლარი, ხოლო პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრის – 260 ლარი.

„ლელომ“ თავის საჩივარში მიუთითა დისკრინიმაცილ მოპყრობაზე. ეს გადაწყვეტილება „ლელომ“ სასამართლოშიც გაასაჩივრა, მოსამართლე ციცინო როხვაძემ პირველ ინსტანციაში მოთხოვნა გადაწყვეტილების ბათილობაზე არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც „ლელომ“ სააპელაციო საჩივარი შეიტანა, სარჩელი მეორე ინსტანციაში ჯერ განხილვაშია.

„ოჯახური ღირებულებების“ დაცვა უსახლკაროების დაცვის გარეშე – „ოცნების“ დაპირებები

დალი თებიძე 25 წელია ქირით ცხოვრობს, რვა წელია მასთან ერთადაა მისი შვილი სოფო, რომელიც მოძალადე ქმრისგან წამოვიდა და დედასთან ზრდის ორ შვილს. ბავშვები 11 და 13 წლის არიან. ოჯახის შემოსავალი სოციალური დახმარება და სოფოს კონსულტანტობის ხელფასია, რომელიც საბაზისო საჭიროებებსაც კი ვერ სწვდება.

„უმცროს შვილიშვილს შაქრიანი დიაბეტი აქვს, ჯანდაცვიდან უფასოდ ეკუთვნის ჩხირები, სენსორი, წამლები, მაგრამ მაინც ბევრი რამ არის, რასაც ვერ ვუკეთებ. ბოლოს ექიმთან რომ მყავდა, მითხრა ჩიყვის და მუცლის ექოსკოპია გაუკეთეო, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ ვუკეთებ. 

მეორე ბავშვს კბილი სტკივა და ექიმთან ვერ მივიყვანე, 80 და 100 ლარი ღირს კბილის უბრალოდ „დაპლომბვა“ და ამოღება. როგორ მივიყვანო, რა ვქნა, მთელი ღამე ბავშვი კბილის ტკივილით ათენებს, ნუროფენს ვაძლევ, რომ გაუყუჩდეს“, – ჰყვება დალი, რომელსაც თავადაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და გადაადგილება უჭირს.

„ქართლმა ოცნებამ“, რომელმაც თავისი წინასაარჩევნო კამპანია ანტიდასავლურ პროპაგანდაზე დააფუძნა, გასულ თვეში საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მიიღო, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის“ სახელწოდებით. თუმცა ამ კანონის შინაარსს რეალურად არაფერი აქვს საერთო სახელწოდების გაცხადებულ მიზანთან.

საკანონმდებლო ცვლილებების რეალური მიზანი ცენზურის დაწესება და ლგბტქი ადამიანებს დისკრიმინაციაა.

დალი მთავრობის ამგვარ პრიორიტეტებს „არაადეკვატურს“ უწოდებს და განმარტავს, რომ ქვეყანაში, სადაც ოჯახები ბავშვებს სიღარიბეში, უსახლკაროდ ზრდიან, სახელმწიფოს მთავარი საზრუნავი მათი სოციალური დაცვა უნდა იყოს:

„როგორც ჩანს, ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, სახელმწიფო [პრიორიტეტების განსაზღვრაში] არაადეკვატურია, მაგას არ აინტერესებს გაჭირვებული ხალხის ბედ-იღბალი – ვინ, სად და რანაირად ცხოვრობს. ამდენი აქცია ჩავატარეთ, არავინ გამოსულა, არც მოუსმენია… მაგათთვის საერთოდ ნულია ეს ჩვენი ცხოვრება.

უამრავი უსახლკარო ადამიანია ქუჩაში, ვინც „ბალოტებში“ [ჭაობში] ზრდიან მცირეწლოვან ბავშვებს. მთავრობაში ვინც არ უნდა მოვიდეს, პირველ რიგში, ჩვენისთანა გაჭირვებულ ხალხს უნდა დაეხმაროს, ოჯახები უნდა იყოს უზრუნველყოფილი ნორმალური საცხოვრისით, ბავშვები არ უნდა იძინებდნენ მშიერი და ჯანმრთელობის დაცვა უნდა იყოს სამინისტროს მხრიდან… მე მაგათგან დაცინვის და ქირდად აღების მეტი არაფერი არ გამიგია“, – ამბობს დალი. – „რაც არ უნდა შეიცვალოს და ვინც არ უნდა მოვიდეს, პირველ რიგში უნდა მოგვხედონ ხალხს – საცხოვრისი იქნება ეს თუ სხვა დახმარება“.

მერიაში რომ შევედი და ვიდეო ვაჩვენე რა პირობებში ვცხოვრობდი, მე დამცინა წარმომადგენელმა, ჩემ შვილებს მასეთ ბინაში რა უნდაო; აბა, ჩემს შვილებს რა უნდათ ისეთ ბინაში? ღმერთს ვფიცავარ თუ ვტყუოდე. „მე მამაჩემმა დამიტოვაო ჩემი ქონება და ჩემი ცხოვრებაო“. მე თუ მშობელმა ვერ დამიტოვა, იმიტომ მთავრობის წარმომადგენელმა ეს უნდა მითხრას და დამცინოს? – იხსენებს დალი.

სათემო ორგანიზაცია „პერიფერიას“ კოორდინატორი, აქტივისტი მარიამ ქაჯაია ამბობს, რომ კანონი, რომელიც თითქოს „არასრულწლოვანთა და ოჯახური ღირებულებების დაცვას“ ისახავს მიზნად, სწორედ ბავშვების და ოჯახების დაუცველობას, მათი რეალური საჭიროებებისთვის თვალის დახუჭვას და პრობლემების გადაფარვას ემსახურება:

„თუ ბავშვების და ოჯახების დაცვა გინდა, რატომ აშიმშილებ ბავშვებს, რატომ არ უზრუნველყოფ მათ სათანადო საცხოვრებელი პირობებით, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობით, საცხოვრისით?! რატომ ხდი მშობელს, მეურვეს იძულებულს ქვეყნიდან გადაიხვეწოს იმისთვის, რომ ნორმალური ანაზღაურების სამსახურში დასაქმდეს?! „ლგბტ პროპაგანდის“ აკრძალვით, ბავშვები არათუ ვერ დაპურდებიან, ეს კანონი ხელისუფლების ხელში მცდელობაა მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს და მძიმე პრობლემების მოგვარების დაპირების გაცემაზეც კი მოიხსნას პასუხისმგებლობა.

ფაქტობრივად, „ქართული ოცნება“ ხალხს, ამომრჩეველს იმავე სატყუარით იტყუებს ხაფანგში, რომელსაც ყოველი არჩევნების წინ მიმართავდა – აღვივებს სიძულვილს საზოგადოების ერთი ჯგუფის მიმართ და დანარჩენებს ამ სიძულვილის წარმოებას კარგ საქმედ უფუთავს; ფაქტობრივად, ეუბნება „იკმარეთ ანტი-ლგბტ კანონი, იკმარეთ, რომ ისედაც აკრძალულს ვკრძალავთ“.

სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში საარსებო შემწეობას 454 165 ადამიანი იღებს. აქედან, 16 წლამდე ასაკის 245 218 ბავშვია.

ეს რიცხვი, დაახლოებით, ამ ასაკის ბავშვების რაოდენობის დაახლოებით 30 პროცენტია. შესაბამისად, გამოდის, რომ საარსებო შემწეობას 16 წლამდე ასაკის ბავშვებიდან ყოველი მეოთხე იღებს.

რაც შეეხება ოჯახებს, საქართველოში საარსებო შემწეობა 126 973 ოჯახზე გაიცემა. გასულ წელს ეს რიცხვი 122 416 იყო.

დალი წლებია ბათუმში ე.წ. უსახლკაროთა აქციების მონაწილეა და მთავრობისგან ითხოვს ბინას:

„თითქმის ოთხი-ხუთი წელია ჩართული ვარ ამ აქციებში, მაგრამ უშედეგოდ. არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. 25 წელია ქირით ვცხოვრობ და მამისამართებენ ქედაში [სოფ. პირველი მაისი], სადაც დედაჩემს გადასცეს ბინა [დაზარალებულები ვართ, ავარიული იყო სახლი, გეოლოგიური დასკვნაც მაქვს], მაგრამ ძალიან პატარა ფართობია, ხუთი სული იქ ვერანაირად ვერ მოვთავსდებით. ამიტომ მინდა მე ჩემი თავშესაფარი მქონდეს, რომ ჩემი ბავშვები, ეს ორი ანგელოზი, ნორმალურ პირობებში გავზარდო და არა ქირიდან-ქირაში“.

სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფა საქართველოში კვლავ ერთ-ერთ მწვავე პრობლემად რჩება. „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ „მიუხედავად საკითხზე მომუშავე არაერთი სუბიექტის რეკომენდაციისა, უსახლკარობისა და საცხოვრისის საჭიროების მიმართულებით საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ მოუხდენია პრობლემის მასშტაბის, ფორმებისა და გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება. 

რელევანტური მონაცემებისა და პოლიტიკური ნების არარსებობის პირობებში, შეუძლებელი ხდება ადამიანებისათვის მათ საჭიროებებზე მორგებული საცხოვრისის მისაწვდომობის უზრუნველყოფა“.

დალი თებიძე: „ვის უშენებენ ამდენი ცათამბჯენი რომ შენდება… ან კუნძული რად უნდა ადამიანს ბათუმში, ყველგან წყალდიდობა არის, მაგ კუნძულში რომ ფულებს ყრიან, უსახლკარო ხალხი შეიყვანონ, ზღვაში რომ ყრიან ამდენ ფულებს, ზღვაში. 

ვის უშენებენ ამდენ ცათამბჯენებს, ფეხს ვერ გადადგამ იმდენი უცხოელია და მე, მაგალითად, მთელი სეზონი ისე დამთავრდა, ბავშვები ვერც ზღვაზე გავიყვანე და ვერც ბულვარში, ეს არის სამართალი და ეს არის ადამიანობა?”

დალის ოჯახი მესამე ღამეს ათევს ახალ ნაქირავებში, რომელშიც ყოველ თვეში 500 ლარი უნდა გადაიხადონ. სახლში გაზი არ არის – „ბუხარს დავანთებ“, – მეუბნება ის. კედლებზე ჭერიდან ჩამოსული წყლის კვალი ჩანს. სახლში მხოლოდ ძველი და გაფუჭებული ტექნიკა დგას. 

დალი ამბობს, რომ ტელევიზორი არ აქვთ და მთავრობის წინასაარჩევნო კამპანიას, სრულად ვერ ადევნებს თვალ-ყურს, თუმცა მათი აღარ სჯერა:

„აღარ მჯერა მაგათი არაფერი, ისე მაქვს გული გატეხილი ამ ცხოვრებაზე, აღარც დაპირება მინდა, აღარც არჩევნები მინდა, მაგრამ არჩევნებზე მაინც მივალ, მე მაგათ ხმას არ მივცემ. ამდენი ხანია ქუჩაში ვარ, ოთხი წელია ვყვირივარ მომეხმარეთ, მომეხმარეთ, რამდენჯერ წვიმაში ეს ბავშვები გამიყვანია, ჩემი ხმა მაგენს არ ესმით, ამ ბავშვების ხმა მაგათ არ ესმით და მე მაგათ ჩემს ხმას არ მივცემ“, – ამბობს დალი.

დალი ოჯახის შემოსავალს ითვლის: „ჩემი სოციალური დახმარება 640 ლარია, რა ვქნა ჯანმრთელობიდან გამომდინარე მე ვეღარ ვმუშაობ ვერსად,  ხანდახან თურქეთში თუ გადავალ-გადმოვალ [გულისხმობს საზღვარზე სიგარეტის გადატანას], იმაზეც ერთი ამბავია, შვილი კი მუშაობს ერთ-ერთ მაღაზიაში 600-700 ლარი აქვს ხელფასი, მაგრამ არის რომ 6 რიცხვამდე ვერ იღებს ხელფასს. ეს ხელფასი ქირაში გადავიხადო თუ შაქრიან ბავშვს საჭმელი ვაჭამო?

ჩემს ჯანმრთელობაზე ზედმეტია ლაპარაკი. იმას ვცდილობთ, რა კაპიკსაც ვნახავთ ბავშვებს მოვასარგებლოთ, ყოველ დღე ბავშვს რომ ვუშვებ სკოლაში, თითო და ორ-ორი ლარი მაინც უნდა. ერთ ბავშვს რომ მისცემ შაქარი არ დაუვარდეს, ცუდად არ გახდეს, მეორე ბავშვს ხომ ვერ დატოვებ ისე, იმასაც უნდა. მე ხომ ციდან არ მიცვივა, არ არის, ფაქტიურად არ არის“. 

დალი იხსენებს, რომ ამ სახლში გადმოსვლამდე, სამი თვით სოფელ ყოროლისთავში იყვნენ იცხოვრეს. „ბებიასთან მომვლელად ვიყავი, თან ვუვლიდი, თან ვცხოვრობდით, მაგრამ იქიდან ბავშვები ვერ ვატარე სკოლაში, ბავშვები აღარ ვანერვიულე და ისევ ვიქირავეთ“.

ყოროლისთავში სწორედ იმიტომ წავიდნენ, რომ ქალაქში ქირას ვეღარ იხდიდნენ: „ძალიან „სირისტიან“ ოთახში ვიყავით, მეორე ბავშვი ავად გამიხდა, გაუჩნდა დაჩრდილვა, არანაირი წამლები არ მქონდა და იმ ქალმა [ექიმმა] საჩუქრად გაუკეთა ხუთი სეანსი“.


„ქართული ოცნების“ ჰომოფობიურ კანონს სამოქალაქო საზოგადოებამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ქვიარ აქტივისტებმა ფაშისტური უწოდეს. მათი შეფასებით, კანონი ქვიარების სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს, ახალისებს ძალადობას და დისკრიმინაციას მათ მიმართ, იჭრება განათლების სფეროში, ზღუდავს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას.

2024 წელს „ოცნებას“ ბიზნესმა 14 მილიონზე მეტი შესწირა

2024 წელს „ოცნებამ“ 14 მილიონ 515 407 ლარი შეაგროვა წინასაარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად. ამას დაემატა ის თანხაც, რომელსაც „ოცნება“ როგორც კვალიფიციური პარტია ბიუჯეტიდან იღებს. შემოწირულების ჯამით სხვა პარტიები 2 მილიონ ლარზე ვერ ავიდნენ. შესაბამისად, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლებლობა და პრაქტიკა საერთოდაც რომ დავივიწყოთ, „ოცნების“ ფინანსური უპირატესობა წინასაარჩევნო კამპანიისას 12 მილიონ ლარზე მეტია.

შედარებით მეტის შეგროვება შეძლეს კოალიციებმა ჯამურად მათი შექმნის დღიდან დღემდე.

„ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ მიღებულმა თანხამ კოალიციის შექმნიდან დღემდე 6 მილიონ 648 286 ლარი შეადგინა. აქ უნდა გავითვალისწინოთ რომ კოალიცია 4 პოლიტიკურ ჯგუფს აერთიანებს – ლელო, ანა დოლიძის ხალხისთვის, „თავისუფლების მოედანი“ და მოქალაქეები.

კოალიციამ „ცვლილებებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი“ – „რესპუბლიკელებთან“ ერთად 6 მილიონ 746 792 ლარი მიიღო შემოწირულობის სახით.

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობამ“ 1 მილიონ 939 016 ლარი შეაგროვა. ეს კოალიცია აერთიანებს ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელს“ და  „ევროპულ საქართველოს“.

„გახარია საქართველოსთვის“ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობს, მცდელობის მიუხედავად პარტიამ კოალიცია „ლელოსთან“ ვერ შექმნა. 2024 წლის იანვრიდან დღემდე ყოფილი პრემიერის პარტიამ 282 484 ლარი შეაგროვა.

ამ მონაცემებში არ შედის თანხები, რომლებიც პარტიებმა კოალიციის მიღმა ცალკე მიიღეს, თუმცა ეს თანხა არც ისე დიდია.

ვინ სწირავს თანხებს ოცნებას?  – სახელმწიფო უწყებების კონტრაქტორები, ანუ ისინი ვინც სახელმწიფო  სამშენებლო ბიზნესი და თავად „ოცნებასთან“ აფილირებული მოხელეები.

სახელმწიფო უწყებების კონტრაქტორებმა „ოცნების“ ყულაბის წინასაარჩევნოდ შესავსებად ამჯერადაც გამოიჩინეს თავი, მათ არც მშენებლები ჩამორჩნენ. ახალი არაფერია იმაში, რომ მას ვინც მაღალბიუჯეტიან ტენდერს იღებს არჩევნებზე დამკვეთის, „ოცნების“ წინაშე ანგარიშვალდებულებას ახსენებენ. ასევე მშენებელსაც, ვინც ქალაქში სარფიან ადგილზე სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის შეძენა შეძლო და ნებართვაც მიიღო მშენებლობის იმ პარამეტრებზე, რაც მას სურდა.

საქართველოში დამკვიდრებული მავნე პრაქტიკით, როცა ამომრჩევლის გადასახადებით შეგროვილ ფულს კონკრეტული პროექტისთვის ტენდერის გავლით ხარჯავენ, შემსრულებელს ეუბნებიან, რომ ანგარიშვალდებულია დამკვეთთან, ანუ, „ოცნებასთან“. სინამდვილეში კი დამკვეთი სახელმწიფო უწყებაა, რომელიც ამომრჩევლის ფულს, ანუ ბიუჯეტს ხარჯავს.

  • რეკლამაში გადახდილი მილიონები

ანტიკორუფციული ბიუროსთვის წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, „ოცნებამ“ პოლიტიკური რეკლამისთვის 2024 წლის 27 აგვისტოდან 16 სექტემბრამდე პერიოდში 4 მილიონ 650 000 ლარი დახარჯა, ხოლო 17 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში კიდევ – 3 მილიონ 684 623 ლარი, რაც ჯამში რვა მილიონზე მეტია. იგივე პერიოდში  კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელო ხალხისთვის“ რეკლამის ხარჯი 4 მილიონ 487 579 ლარია, აქედან 2 მილიონ ლარზე მეტი სატელევიზიო ხარჯს შეადგენს.

„ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეკლამაში 550 760 ლარი დახარჯა. კოლაიციამ „ცვლილებებისთვის“ კი – 1 მილიონ 819 403 ლარი.

როგორ დავიცვა ჩემი ხმა? – „უბნებზეც დავრჩეთ, ეს იქნება სტიმული“

„ამომრჩევლის საარჩევნო უბნებთან დარჩენა ნიშნავს იმის ჩვენებას, რომ ჩვენ, მოქალაქეები, არავისთვის არაფრის დათმობას არ ვაპირებთ, მით უმეტეს ხმების, რომელიც ჩვენი ქვეყნის ბედს, ჩვენი შვილების მომავალს წყვეტს,“ – ამბობს გენო თებიძე, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბათუმში.

პოლიტიკოსს ვესაუბრეთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამომრჩევლების საარჩევნო უბანთან დარჩენა მას შემდეგ, როცა ისინი არჩევანს გააკეთებენ? არის ეს ხმის დაცვის ეფექტური საშუალება ამომრჩევლის მხრიდან?

გენო თებიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ პროდასავლურ კოალიციას ყველა უბანზე ეყოლება კომისიის წევრები და დამკვირვებლები, თუმცა თავად ამომრჩევლის ჩართულობა ხმების დაცვის პროცესში და იმის ჩვენება, რომ „მე ჩემს ხმას ვიცავ“ და შინ არ მივდივარ, ყველაზე ეფექტურია.

„ვიცით, რომ „ოცნება“ ყველა სიტუაციაში შეეცდება ეს პროცესი სათავისოდ გამოიყენოს. რომ შევანელოთ ეს და გაყალბების სურვილი მოვუკლათ, საჭიროა თითოეული ამომრჩევლის მხარდაჭერა ამ პროცესში.

„ოცნებას“ ისევ ეყოლებათ ყველა უბანზე თავისი „ქუჩის ბიჭები“, სპეცსამსახურის ადამიანები, ისინი ადგილზე ეცდებიან ამომრჩევლების დათანხმებას, გადაბირებას, შეშინებას… მე ვეტყოდი ამომრჩეველს, რომ შესაძლოა, მათ გარეთ თავი დაუქნიონ ამ ადამიანებს, არ შევიდნენ პოლემიკაში, რაც მთავარია, საარჩევნო კაბინაში ვერავინ ხედავს, რა არჩევანს გააკეთებენ ისინი.

გენო თებიძე

ამომრჩევლის დარჩენა საარჩევნო უბანზე იქნება სტიმული ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საარჩევნო კომისიებში მუშაობენ, ვგულისხმობ, პირველ რიგში, პროდასავლური ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ ისინი არ შეშინდნენ და მყარად იდგნენ შიგნით ხმების დასაცავად. ეს იქნება გზავნილი ზოგადად კომისიისთვისაც, რომ ჩვენ მტკიცედ დავიცავთ ჩვენს ხმებს და გაყალბებას არ დავუშვებთ,“ – გვითხრა გენო თებიძემ.

რა არის საჭირო იმისთვის, რომ ხმების დაცვა დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს, თუ საარჩევნო უბნებთან იქნებიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც და იქვე დარჩებიან ოპოზიციის მხარდამჭერებიც?

„ჩვენ ვიქნებით ყველა უბანთან მშვიდად და თუ ვინმე ეცდება სიტუაციის არევას, ამას წინ აღვუდგებით, არ მივცემთ უფლებას ხელისუფლებას, კონსტიტუციით მონიჭებული უფლება, ვიღაც ძველმა ბიჭებმა, თუ რუსეთიდან გადმოგდებულმა ივანიშვილმა დაგვახიოს თავზე.

მინდა, პირველ რიგში, ამომრჩეველი მშვიდად იყოს: ყველა უბანზე ჩვენ გვყავს გადამზადებული, პროფესიონალი ადამიანები, პატრიოტიზმით გამორჩეული ხალხი, მაგრამ საჭიროა მაქსიმალური აქტიურობა. ყველა ვაცნობიერებთ, რომ ეს არის არა რიგითი არჩევნები, არამედ ბრძოლა დასავლურ, ცივილურ სამყაროსა და რუსულ სამყაროს შორის. როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ, ეს ამომრჩევლის გადასაწყვეტია.

„ოცნება“ ცდილობს, დაშინებით, მოსყიდვით მიიყვანოს ამომრჩეველი, ჩვენ კი, ვალდებული ვართ, დავუპირისპიროთ ამას ჯანსაღი ამომრჩევლის ძალა, რომელიც გადაწყვეტს საქართველოს ბედს“, – ამბობს გენო თებიძე.

კობახიძე მალავს, ვის აძლევს სახელმწიფო ქონებას პირდაპირი მიყიდვით და იჯარით

საქართველოს მთავრობა კერძო პირებზე პირდაპირი წესით ყიდის ან იჯარით გასცემს სახელმწიფო ქონებას, მაგრამ ხშირად ამ პირების ვინაობას უკანონოდ მალავს. შესაბამის განკარგულებებს [სადაც სახელმწიფო ქონების მიმღების ვინაობა დამალულია], რომლებსაც მთავრობა ასაჯაროებს, ხელს პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს.

ირაკლი კობახიძე პრემიერობის დასაწყისში აცხადებდა და შემდეგაც არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის ყველა გადაწყვეტილება ქვეყნდება და ისინი სრულიად გამჭვირვალეა.

მთავრობას „გამჭვირვალობაზე“ აპელირება სჭირდება რუსული კანონის კონტექსტში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ არასამთავრობოებისა და დამოუკიდებელი მედიის გასაქრობად მიიღო. მთავრობა ამ ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანებისგან განსაკუთრებული კატეგორიის ინფორმაციას ითხოვს, მაგალითად ისეთსაც კი, როგორიცაა სქესობრივი ცხოვრება ან რელიგიური აღმსარებლობა, მაგრამ თავად მალავს ყველაფერს, რაც საჯაროა და საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი.

„ბათუმელებმა“ 3 თვის წინაც დაწერა, რომ მთავრობა არათუ განკარგულების ტექსტში მალავს სახელებს, არამედ თვითონ განკარგულებებსაც კი მალავს და მათ არ აქვეყნებს. ნაწილი განკარგულებებისა მთავრობამ ჩვენი წერილობითი მოთხოვნის შემდეგ გაასაჯაროვა, ნაწილი კი დღემდე არ გამოუქვეყნებია და მოთხოვნის მიუხედავად არც ჩვენთვის მოუწოდებია

ამჯერად ისეთ განკარგულებებზე შევჩერდებით, რომლებსაც მთავრობა აქვეყნებს, მაგრამ განკარგულების ტექსტში წაშლილია და არ ჩანს იმ კერძო კომპანიებისა თუ ფიზიკური პირების სახელები, რომლებსაც სახელმწიფო ქონებას გადასცემს.

მთავრობის განკარგულების ასე არასრულად გამოქვეყნება კი, კანონდარღვევაა.

„მთავრობის რეგლამენტის მიხედვით, განკარგულებების ტექსტი სრულად უნდა გამოქვეყნდეს, თუ საგამონაკლისო შემთხვევა არ არის სახეზე და [სახელმწიფო] საიდუმლო ინფორმაციასთან არ გვაქვს საქმე. ზოგადად, განკარგულებებში საჯაროობას აქვს უპირატესობა. ნებისმიერ შემთხვევაში, შემსყიდველი პირების ზოგადი, a priori დაფარვა არ არის შესაბამისობაში მოქმედ კანონმდებლობასთან. განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება იურიდიულ პირებს – როცა ბიზნესს სახელმწიფო ქონება გადაეცემა და მას კონკრეტული პირობები უწესდება“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ნიკა ბოლქვაძე – ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის [IDFI] იურისტი.

მაგალითად, მთავრობამ 2024 წლის 22 აგვისტოს განკარგულებით ჩხოროწყუში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის სამი ნაკვეთი [ჯამში 2 254 კვადრატული მეტრი] და მასზე განთავსებული მშენებარე ნაგებობა პირდაპირი მიყიდვით, 41 800 ლარად, საკუთრებაში გადასცა კერძო პირს/კომპანიას, თუმცა გამოქვეყნებულ განკარგულებაში მთავრობამ დამალა ვის მიჰყიდა ეს ქონება.

მომავალ მესაკუთრეს კი, რომელიც მთავრობამ ინკოგნიტოდ დატოვა, გადაცემულ ქონებაზე არანაკლებ 100 ათასი ლარის ინვესტიციის განხორციელებაც დაავალა.

ამ განკარგულებაში, რომელიც მთავრობამ გამოაქვეყნა, დამალა იმ პირის სახელი, ვისაც სახელმწიფო ქონება მიჰყიდა. ასეთ ადგილებში ჩვენ ჩავსვით – „მთავრობა მალავს“

კიდევ ერთი, 2024 წლის 9 ოქტომბრის განკარგულებით, მთავრობამ სახელმწიფო ქონება კერძო პირს პირდაპირი წესით სენაკის სოფელ ნოქალაქევში მიჰყიდა და მისი ვინაობა ამ შემთხვევაშიც დამალა. ამავე განკარგულებით იგივე პირს მთავრობამ 49 წლით დამატებით მიწის ოთხი ნაკვეთი იჯარით გადასცა.

 

ამ განკარგულებაში, რომელიც მთავრობამ გამოაქვეყნა, დამალა იმ პირის სახელი, ვისაც სახელმწიფო ქონება მიჰყიდა და ასევე იჯარითაც გადასცა. ასეთ ადგილებში ჩასმულია – „მთავრობა მალავს“

„ამ საკითხთან დაკავშირებით იმის თქმა შეიძლება, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებული ინფორმაცია განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას. განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც პრივატიზაცია ხდება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ან უსასყიდლოდ [სიმბოლურ ფასად].

მთავრობის განკარგულებით, ქონების ამ ფორმით გადაცემა ხდება საგამონაკლისო შემთხვევებში, რომლებსაც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს და მათ მიმართ განსაკუთრებით მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი.

ინფორმაციის საჯაროობას აქ უფრო მომეტებული ღირებულება იმიტომ გააჩნია, რომ მთავრობის განკარგულებით გამარტივებული წესით [პირდაპირი მიყიდვით] ხდება სახელმწიფო ქონების გადაცემა და ბევრ შემთხვევაში ეს დაკავშირებულია კონკრეტული საპრივატიზებო პირობების, ანუ ვალდებულებების შესრულებასთან, რაც შემდგომში უნდა გაკონტროლდეს“, – ამბობს ნიკა ბოლქვაძე.

იურისტის თქმით, 2024 წლის თებერვლიდან განახლდა მთავრობის განკარგულებების გამოქვეყნება, თუმცა წინა წლების განკარგულებები კვლავ არ არის ხელმისაწვდომი და ახლებიც, ზოგიერთ შემთხვევაში, სრულად არ დევს მთავრობის ვებგვერდზე.

„განკარგულებების ხელმისაწვდომობა, ზოგადად პრობლემური საკითხია. საგულისხმოა ის, რომ სწორედ სახელმწიფო ქონების დაკავშირებული განკარგულებების გაცემა არ ხდებოდა და დღესაც არ ხდება…

არ გვაწვდიან იმ კომპანიების/ფიზიკური პირების სიას, რომლებსაც პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცათ სახელმწიფო ქონება, აგრეთვე არ გვაწვდიან ამ საპრივატიზებო ხელშეკრულებებს, მათ პირობებს, თუკი რაიმე შეიცვალა ამ პირობებში, სახელმწიფომ ხომ არ გადაუვადა ვალდებულების შესრულება და ა.შ. ეს ყველა ინფორმაცია არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის და კანონის მიხედვით უნდა ექვემდებარებოდეს საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ მათი ხელმისაწვდომობა არ არის უზრუნველყოფილი“, – ამბობს ნიკა ბოლქვაძე.

მთავრობა დღეს აქვეყნებს ისეთ განკარგულებებსაც, რომლითაც კერძო პირებთან დადებულ ხელშეკრულებებში ცვლილებები შეაქვს, თუმცა ვინ არიან ეს პირები – გამოქვეყნებულ განკარგულებებში მთავრობა მალავს. მალავს იმ პირების ვინაობასაც, რომლებსაც სახელმწიფო ქონებას უცვლის. ასეთი უკანონო და უშინაარსო ფორმით განკარგულებების გამოქვეყნებას კი, მთავრობა საკუთარი საქმიანობის გამჭვირვალობად აფასებს

ხელშეკრულებებში ცვლილება ძირითადად კერძო სუბიექტების მიერ ნაკისრი ვალდებულებების გადავადებას და სხვადასხვა შეღავათს ეხება, რომელსაც მას მთავრობა უწესებს. ასეთ ცვლილებებს მთავრობა კერძო სუბიექტისთვის „საქმიანობის ხელშეწყობის ღონისძიებას“ არქმევს. ასეთი ცვლილებების გარეშე ამ სუბიექტებს ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმის ან პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრებოდათ, ან უფრო მეტი – ვალდებულების დროული შეუსრულებლობისთვის ხელშეკრულება  შეუწყდებოდათ.

მაგალითად, ერთ-ერთ პირს, რომელსაც მთავრობა განკარგულებაში მალავს, 2019 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 2025 წლის 30 მაისამდე გადაუვადეს, ყოველგვარი დამატებითი პირობის გარეშე

უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივ მთავრობა ორმაგი სტანდარტით მუშაობს, ანუ ზოგჯერ განკარგულებებს ისე აქვეყნებს, რომ არ მალავს კერძო პირებთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში რა ცვლილება შეიტანა.

ამ თემაზე: ივანიშვილის კომპანია განმუხურში ვალდებულებებს აღარ შეასრულებს – კობახიძის განკარგულება

რაც შეეხება ქონების გადაცვლას – მაგალითად, მთავრობის 2024 წლის 7 ოქტომბრის განკარგულებით, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცა უფლება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, სოფელ ტაბახმელაში მდებარე 50 948 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადასცეს კერძო პირს [თუ ვის, ამას მთავრობა მალავს], ოღონდ მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მისაქციელში მდებარე მიწის ნაკვეთების სახელმწიფოსთვის გადმოცემის სანაცვლოდ.

ანუ, სახელმწიფო კერძო პირს ქონებას უცვლის.

ამასთან, ამავე განკარგულებით პირი, რომელსაც მთავრობა მალავს, ვალდებულია უძრავი ნივთების საბაზრო ღირებულებებს შორის არსებული სხვაობა – 4 584 645 ლარი შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვეში დაფაროს:

მთავრობის განკარგულება ქონების გაცვლაზე, სადაც კერძო პირი დამალეს

მთავრობა იმ კომპანიების სახელსაც მალავს, რომლებსაც მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსს ანიჭებს. ასეთი სტატუსის მქონე საწარმოები კი მთელი რიგი შეღავათებით სარგებლობენ.

2024 წლის 18 მარტის განკარგულების დანართი, რომლითაც მთავრობამ ზოგიერთ მეწარმე სუბიექტს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მანიჭა, თუმცა ვის – [დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი] დამალა

მთავრობა, მის მიერვე გასაჯაროებულ განკარგულებებში მალავს, თუ ვის გადასცემს იჯარით საძოვრებს, მიწის ნაკვეთებს, ასევე რომელ ფიზიკურ პირებს გადასცემს ბინებსა და მიწებს.

მთავრობამ 2024 წლის 20 მაისის განკარგულებით, დმანისში, მარნეულში, თეთრიწყაროში, ნინოწმინდასა და დედოფლისწყაროში 19 პირზე სამი წლით, ჯამში 18,5 მილიონი კვადრატული მეტრი [ანუ 1 854 ჰექტარი] საძოვარი გასცა იჯარით. საძოვრები მოიჯარეებს წლიური საიჯარო ქირის გადახდის სანაცვლოდ გადაეცათ, თუმცა მთავრობამ დამალა ვის გადასცა ეს საძოვრები.

„რაც შეეხება ფიზიკური პირების შემთხვევას, აქ, შეიძლება პერსონალურ მონაცემებზე აპელირებით იყოს კონკრეტული შემსყიდველი პირების მონაცემები დაფარული, მაგრამ, თითოეულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს საჯაროობისა და პერსონალური მონაცემების დაცულობის ფარგლები, რომელმა უნდა გადაწონოს თითოეულ შემთხვევაში.

განკარგულებით მოსაწესრიგებელი საკითხების ბუნების გათვალისწინებთ, საჯაროობას უპირატესობა უნდა მიენიჭოს უმრავლეს შემთხვევაში. მეტიც, მაგალითად იხილეთ ეს განკარგულება, აქ სწორედ ფიზიკური პირებისთვის [ამ შემთხვევაში, დევნილებისთვის] გადაცემულ ქონებასთან დაკავშირებით არის მიღებული განკარგულება 2016 წელს და ამ განკარგულებაში არც ერთი ფიზიკური პირის მონაცემი არ არის დაფარული“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ნიკა ბოლქვაძე.

ათეულობით დევნილ ოჯახს ბინა მთავრობამ მიმდინარე წელსაც გადასცა, თუმცა მთავრობის განკარგულებაში ბინის მიმღები პირების ვინაობები დამალულია. მაგალითად, 2024 წლის 8 აპრილის განკარგულებით დევნილებს ბინები გადაეცათ როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. ბინები კი უსასყიდლოდ შემდეგი ძირითადი პირობებით გადაეცათ:

  • „ფიზიკური პირები ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არ უნდა სარგებლობდნენ ან ფლობდნენ რაიმე საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართობს, მოპოვებულს მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, გარდა ამავე დანართით გათვალისწინებული უძრავი ნივთისა;
  • ფიზიკურ პირებს აღარ წარმოეშობათ უფლება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, მოითხოვონ სახელმწიფოსაგან, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისაგან ან სხვა პირისაგან რაიმე სახის კომპენსაცია ან უძრავი ნივთის საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა“, – აღნიშნულია მთავრობის  2024 წლის 8 აპრილის განკარგულებაში.
მთავრობის 2024 წლის 8 აპრილის განკარგულების დანართიდან

მთავრობის 2024 წლის პირველი აგვისტოს განკარგულებით სამი ბინა ბათუმშიც გაიცა სიმბოლურ 1 ლარად, ოღონდ თანადაფინანსებით – ადლიის ქუჩის 112 ნომერში.

ბათუმში, ადლიის ქუჩის N112-ში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთათვის ორი თერთმეტსართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა 2020 წელში უნდა დასრულებულიყო და პოლიციელებს ბინებიც უნდა მიეღოთ, თუმცა ეს ბინები 2023 წლის მაისში არ იყო დასრულებული.

აქედან გამომდინარე ბინები აქ დიდი ალბათობით პოლიციელებს გადაეცათ, თუმცა კონკრეტულად ვის – ეს მთავრობის მიერ გასაჯაროებული განკარგულების დანართში დამალულია:

დანართი მთავრობის 2024 წლის პირველი აგვისტოს განკარგულებიდან

„შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღის ვადაში, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული პირების მიერ ამავე დანართით გათვალისწინებული შესაბამისი ბინის მშენებლობის ღირებულების 60%-ის 45 518 ლარის გადახდის უზრუნველსაყოფად, სს „ლიბერთი ბანკთან“ შესაბამისი ხელშეკრულებ(ებ)ის გაფორმება საბანკო კრედიტის გაცემის მიზნით ან/და შესაბამისი თანხის განთავსება ამავე ბანკში არსებულ საკუთარ ანგარიშ(ებ)ზე.“ – წერია მთავრობის 2024 წლის პირველი აგვისტოს განკარგულებაში.

მთავრობას დღემდე არ გამოუქვეყნებია 2024 წლის N267; N361; N425; N591; N879; N986; N987 განკარგულებები და ისინი წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად არც „ბათუმელებს“ მიაწოდა. ჩვენი წერილის შემდეგ კი მთავრობამ კიდევ შვიდი განკარგულება დამალა: NN: 1044, 1047, 1209, 1210, 1314, 1315 და 1499.

________________________________________________________

რა ინფორმაციებს და განკარგულებებს მალავს მთავრობა ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

საქართველოს მთავრობა რუსულ გაზს ყიდულობს, მაგრამ ხელშეკრულებებს ასაიდუმლოებს

 

მიდით არჩევნებზე, თქვენი გადასაწყვეტია, როგორი იქნება საქართველოს ხვალინდელი დღე – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდებს.

„მიდით არჩევნებზე, ნურაფრის გიშინიათ. საჭიროა, რომ ამ ქვეყნის მომავალი იყოს გადაწყვეტილი თქვენი ხმით. ნურავინ დარჩება სახლში, თქვენი გადასაწყვეტია ხვალინდელი საქართველო როგორი იქნება.

მადლობა ყველას, ვინც დღეს რიგში დგას იმისთვის, რომ ჩავიდეს თავის რეგიონში და იქიდან მისცეს ხმა, რადგან იქ არის ჩაწერილი. რაც არ უნდა სირთულეები იყოს, ტრანსპორტი არ იყოს, რაც არ უნდა სირთულეები იყოს, თქვენ მაინც მიდიხართ და თქვენ ხმას მისცემთ საქართველოს.

მადლობა ჩვენს მოქალაქეებს დიასპორაში, რომლებიც იბრძვიან იმისთვის, რომ მათი ხმა ისმოდეს და მათი ხმა გაისმება ხვალ.

მადლობა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ჩართული არიან, ჩანან და ხვალაც მისცემენ ხმა იმ პარტიას, რომელიც აირჩიეს.

ვერავინ ვერ ნახავს, ვის მიეცით თქვენ ხმა და ხვალ ამის გამო, ვერავინ დაგსჯით. არანაირი რევანში არ იქნება არცერთი მხრიდან, ეს არის ჩემი, როგორც ყველას პრეზიდენტის დაპირება“, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

ხვალ, 26 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია.

აჭარაში, საპარლამენტო არჩევნების პარალელურად აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც ტარდება.

მოსახლეობის დიდი ნაწილი, ამ არჩევნებს რეფერენდუმის მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან მიაჩნიათ, რომ სწორედ ამ არჩევნების შედეგები განსაზღვრავს საქართველოს სამომავლო კურსს თუ ქვეყნის ინტეგრაციას ევროკავშირში.

რა სურს ამომრჩეველს? – 20 ამბავი „ბათუმელებისგან“

მოამზადა ნათია კაპანაძემ

___

ხვალ, 26 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება. საქართველოს მოქალაქეები ოთხი წლის ვადით 150 დეპუტატს აირჩევენ პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. წინასაარჩევნო პროცესი 2024 წლის 27 აგვისტოს დაიწყო და გაგრძელდება 25 ოქტომბრის ჩათვლით. ამ მნიშვნელოვან პერიოდში ხელისუფლება მედიასთან ბოიკოტის რეჟიმში რჩებოდა. 

როცა ხელისუფლების წარმომადგენლები მედიასთან კომუნიკაციას თავს არიდებდნენ, მკითხველი კიდევ უფრო აქტიურად ინტერესდებოდა და ეძებდა სანდო წყაროებს.  

2 თვის განმავლობაში „ბათუმელები“ მკითხველს მრავალფეროვან მასალებს სთავაზობდა. აუდიტორია განსაკუთრებული ინტერესით აკვირდებოდნენ ისეთ თემებს, როგორიც იყო პოლიტიკური პროგრამები, პოლიტიკური დებატები და კანდიდატების განცხადებები. მათთვის მნიშვნელოვანი იყო, როგორ გეგმავდნენ კანდიდატები ქალაქის პრობლემების მოგვარებას და რა საჭიროებები იკვეთებოდა ადგილობრივ დონეზე:

წინასაარჩევნო პერიოდში „ბათუმელების“ მკითხველი ყველაზე ხშირად ამ ტიპის თემებით ინტერესდებოდა: 

  1.  „მთელი ცხოვრება ვმალავდი, რომ გეი ვარ, მაგრამ ოჯახმა მაინც გაიგო“ – 39 წლის ქვიარის ისტორია
  2. „შავი ზღვის ჩუმი მკვლელები“ – ოთხი ქვეყანა ზღვიდან მიტოვებული ბადეების ამოღებას იწყებს  
  3. რუსეთი დაუსწრებლად ასამართლებს ქართველ სნაიპერ ქალს, რომელიც უკრაინაში იბრძვის
  4. ფარულად მოპოვებული ფაილები „ოცნების“ ოფისიდან  
  5. ბათუმში ცეკვის მასწავლებელმა ბავშვს სცემა – დაწყებულია გამოძიება | ვიდეო  
  6. რა თქვა განათლების ახალმა მინისტრმა კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის განსაზღვრაზე  
  7. ლავროვი ზურაბიშვილზე: ვერ გამოიყენა რუსეთთან მეგობრობის შენარჩუნების კარგი შესაძლებლობა  
  8. კარნაუხოვი ივანიშვილის დაანონსებულ ბოდიშს მემორიალთან დაჩოქილი ვილი ბრანდტის ფოტოთი ეხმაურება  
  9. რა ელის „ოცნების“ კოორდინატორს, რომელიც ამომრჩეველს ურეკავს – იურისტის განმარტება  
  10. „გაოცებული ვარ, რა უნდოდათ ჩვენგან?“ – ვინ ამოიღო პედაგოგები დასაჯილდოებელთა სიიდან 
  11. ოცნების აგიტატორი „ოცნებას“ სასამართლოში უჩივის – „ყელიდან ნავთობის სუნი ამომდის“| ვიდეო 
  12. საქართველომ აღიაროს ოსი ხალხის გენოციდი, ომის დაწყება და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა – ოსი პოლიტიკოსი 
  13. ბათუმის საბაგიროსთან რესტორანს აშენებენ, აქ ზღვა ამოავსეს და ტომრებით შემორკალეს – ნებართვა მერიამ გასცა
  14. რეესტრმა შშმ აქტივისტის მონაცემები გამოაქვეყნა – „გვატყუებენ, რომ რუსული კანონი არ შეგვეხება“ 
  15. ქალი 30 სული პირუტყვით მთაში – „გაყინვა მელის, არ მაქვს ბოსელი და არც სახლი“ | ვიდეო 
  16. „შეგვეძლო გვეცხოვრა ერთ სახელმწიფოში, რუსეთში!“ – რუსული პროპაგანდა კობახიძის განცხადებაზე 
  17. „ოცნებას“ ყველაზე მეტად ეშინია რუსეთის, პირადი ლიკვიდაციის შიშია – აშშ-ის უნივერსიტეტის ქართველი პროფესორი 
  18. კალაძემ შვილი ფრანგულ ძვირადღირებულ სკოლაში შეიყვანა, მაშინ როცა „ოცნება“ ხალხს ევროპით აშინებს 
  19. ბათუმის შემოვლითი გზა, რომელიც დღეს მთავრობამ გახსნა, მანქანებისთვის გადაკეტილია
  20. „გაოგნებულები და გაბრაზებულები ვართ“ – ილიაუნის რექტორი პირობით აკრედიტაციაზე 

ევროპა ჩვენი ერის – ენის, კულტურის, გადარჩენის შანსია – აშშ-ში მცხოვრები ქართველი

ავტორი: ნათია კაპანაძე

____

„არ მეგულება ემიგრანტი, ვინც არ ნატრობს საქართველოში დაბრუნებას. ჩვენ, ემიგრანტები ამისთვის ვიბრძვით და ვშრომობთ. 26 ოქტომბერს უნდა ავირჩიოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. ყველანი უნდა წავიდეთ არჩევნებზე“, – თქვა ნიუ იორკში, თბილისობის  საღამოზე გამოსვლისას, მუსიკოსმა თამრიკო დავითაშვილმა.

მეგობრებთან ერთად თბილისობა პირველად 2005 წელს ჩაატარა ნიუ იორკში და 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, Wall Street-ზე პირველად აღმართა ქართული დროშა. 2009 წლიდან კი მისმა კომპანიამ STVR წამოიწყო დაჯილდოების ყოველწლიური ცერემონიალი „ქართველები ამერიკაში“.

მას შემდეგ, წელიწადში ერთხელ ქართული კულტურას ამერიკელ მეგობრებს აცნობენ და წარმატებულ ქართველებს აჯილდოებენ. ქართველების ღონისძიებას ნიუ იორკის მერი და სენატორების წარმომადგენლებიც კი ესწებიან ხოლმე.

  • ქალბატონო თამრიკო, თქვენ რატომ წამოხვედით საცხოვრებლად ამერიკაში?

26 წელია ამერიკაში ვცხოვრობ. სამშობლო შიმშილის გამო არ დამიტოვებია. სხვა მიზეზი მქონდა – როგორც ხელოვანი საქართველოში გამანადგურეს. იმ დროში პროგრესული ადამიანები არ უყვარდათ, ფაქტობრივად დაბლოკილი ვიყავი ყველგან.

ამერიკამ კი უამრავი შესაძლებლობა მომცა. აქ შრომა ფასობს. წლების განმავლობაში სხვადასხვა შტატში ვმართავდი კონცერტებს, დარბაზები სულ ივსებოდა. მე ქართულად ვმღეროდი, თუმცა ჩემი მსმენელი ძირითადად რუსულ ენოვანი ხალხი იყო.

2008 წელს, როცა რუსეთმა ჩვენი ტერიტორიები მიიტაცა და ომი დაიწყო, შევწყვიტე კონცერტები. არ შემეძლო მემღერა რუსებისთვის. იყო ძალიან დიდი შემოთავაზებები, 50-60 და 70 ათას დოლარიან პროექტებზე ვთქვი უარი. ამის შემდეგ მე და ჩემმა მეგობრებმა დავაფუძნეთ კომპანია „ქართველები ამერიკაში“. მას შემდეგ, ერთი დღე არ მიცხოვრია ჩემ ქვეყანაზე ფიქრის გარეშე.

იცით, მე საქართველოში სულ ინგლისურ ენაზე ვმღეროდი, ამერიკაში რომ ჩამოვედი, შემდეგ დავიწყე სიმღერა ქართულად. ემიგრაციაში უფრო გავაანალიზე, რამდენად ძლიერ მყვარებია ჩემი ქვეყანა. ჩემი ქვეყნის ისტორია. ჩვენ ხელისუფლებას კი უნდა  ჩვენი ქვეყნის ისტორია წაშალოს.

ჩვენი ისტორიული არჩევანია ევროპა. ისტორიის გადაწერის უფლებას არავის არ მივცემთ.

  • თქვენთვის რას ნიშნავს ევროპა?

ევროპა ჩემთვის თავისუფლებაა. თავისუფლების გარეშე არ არსებობს არც ერთი სიკეთე დედამიწაზე. ვისაც სურს ღირსეული მომავალი, კარგი განათლება და ჯანდაცვის სისტემა, თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი სასამართლო, ღირსეული სამუშაო და ღირსეული სიბერე, უნდა აირჩიოს ევროპა.

ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მალე გავხდეთ ევროკავშირის წევრები. 26 ოქტომბრის არჩევნები არის ბრძოლა თავისუფლებისთვის და ქართველმა ხალხმა ამ ბრძოლაში უნდა გაიმარჯვოს.

მჯერა, ერთად გავიმარჯვებთ!

ევროპა ჩემთვის ერის გადარჩენის და უნიკალურობის შენარჩუნების შანსია. ჩვენი ენა და კულტურა მხოლოდ ასე გადარჩება. ამერიკაში ქართული სკოლებია, კულტურის ცენტრები – აქ ყველა ვცდილობთ უფრო პოპულარული გახდეს ქართველი ხალხის შექმნილი სიკეთეები.

ჩვენს ერთ-ერთ ღონისძიებას ნიუ იორკის მერი ესწრებოდა, თითქმის ორი საათი იჯდა დარბაზში, ქართულ ენაზე მიმყავდა შეხვედრა, მერს კი თარჯიმანი ჰყავდა, ღონისძიების დასრულებამდე დარბაზიდან არ გასულა.

ჩვენ გავაცანით ამერიკაში მცხოვრები წარმატებული ექიმები, პროფესორები, სტუდენტები. უფრო ხელშესახები რომ გამხდარიყო რა დიდი სიკეთის მოტანა შეგვიძლია ქართველებს დემოკრატიულ გარემოში, კარგი და საიმედო პარტნიორების დახმარებით.

ნიუ იორკის მერის ამ არცთუ უმნიშვნელო ჟესტითაც შემიძლია ვთქვა, ამერიკა და ევროპა აფასებს და პატივს სცემს ჩვენი ქვეყნის ტრადიციებს, კულტურას.

ამჟამად, როცა ჩვენი საზოგადოება განაგრძობს პროგრესისკენ სწრაფვას, როგორ შეიძლება ხელისუფლებამ უარი თქვას ამ ღირებულ სიკეთეებზე? ჩვენი წარმატება დამოკიდებულია იმაზე, როგორ ვითანამშრომლებთ საერთაშორისო პარტნიორებთან და როგორ გამოვიყენებთ მათ მიერ გაწვდილ ხელს, რათა გავაძლიეროთ ჩვენი კულტურა და შევქმნათ უკეთესი მომავალი.

საქართველო ევროპის ნაწილია ისტორიულად, ჩვენი ვალდებულებაა არჩევნებზე წავიდეთ და ჩვენი წინაპრების მონაპოვარი დავიცვათ, ჩვენ შვილებს ევროპაში ცხოვრების შესაძლებლობას ვერავინ წაართმევს, ამის უფლებას ქართველი ხალხი არავის მისცემს.  ეს არჩევნები  ბრძოლაა, ჩვენ უნდა ვიომოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.

მჯერა, ქართველი ხალხი ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ.

ჩვენი 1 ხმით ჩავებათ სულხან-საბას, ილიას, ჯავახიშვილის, ამ თაობების ჯაჭვში – ილიაუნის რექტორი 

რატომ არის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი და რატომ წყვეტს შენი ერთი ხმა, შენი და ჩვენი ქვეყნის მომავალს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ნინო დობორჯგინიძის მოსაზრებას გთავაზობთ.

„ამ წინასაარჩევნო პერიოდში, ალბათ, ყველაზე ხშირად ნათქვამი ფრაზაა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ისტორიულია. ამ ისტორიულობას ორი მხარე აქვს: ერთია ამ არჩევნების გამორჩეული, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი – თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა ამ ისტორიული შედეგის მიმართ, პასუხისმგებლობა, რომელიც ნამდვილად გაივლის თითოეულის სინდისზე, იმიტომ რომ ამ შედეგს თაობები ქმნიდნენ და  ეწირებოდნენ.

არის კიდევ ერთი სრულიად უნიკალური რამ თითოეული ჩვენგანისთვის: აი, სწორედ ასეთ საყოველთაო მომენტში ჩაებმება თითოეული იმ საერთო ჯაჭვში, რასაც თაობებს შორის უწყვეტობას ვეძახით.

თითოეულ  ჩვენგანს განსაკუთრებული ემოციური ბმა აქვს თაობების უწყვეტ კავშირთან, ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები, ვისაც როგორ შეგვიძლია.

მაგრამ აი, 26 ოქტომბრისნაირ ისტორიულ დღეებში შენ, ერთი მოქალაქე, შენი ერთი გადამწყვეტი ხმით მხოლოდ ემოციურად კი არა, რეალურად ებმები ამ თაობების მემკვიდრეობით ჯაჭვში. თითქოს რაღაცნაირად უნდა გაფართოვდეს ეს წრე და თითოეული ჩავებათ ქართველი ათონელების, სულხან-საბას, ილიას, კოტე აფხაზის, ივანე ჯავახიშვილის და აი, მთელი ამ თაობების დიდ ჯაჭვში ჩვენი ერთი პატარა ხმით.

ზოგადად, პარტიულ ადამიანებს სხვა ქიმია აქვთ, ჩვენ, არაპარტიული კუთვნილების მოქალაქეებს განსაკუთრებული ღუზა, ემოციური კაუჭი გვაქვს ხოლმე, აი, რასაც ჩავეჭიდებით, რითაც იმ დიდ ჯაჭვს ვუკავშირდებით. ამ დღეებში ყველა ჩემი ტოლი ვინც მხვდებოდა, მეკითხებოდა, ქალბატონი მზექალას ინტერვიუ ნახე? ინოლას ის სიმღერა იცოდი? ხომ ხედავთ, როგორ შეგვკრა მათმა სიტყვებმა?

წარმოუდგენელია, ამ ერთობაში შენს მონაწილეობაზე უარი თქვა, არ გინდოდეს, რომ საკუთარი ხმით, შენი  წილი არჩევანით იყო ამ უწყვეტობის ნაწილი, კოტე აფხაზისა და გიორგი ანწუხელიძის მიერ გადარჩენილ თავისუფლებასთან დადგე“, – ამბობს ნინო დობორჯგინიძე.

ფიზიკური, ფინანსური და ორგანიზაციული რისკები – როგორია წინასაარჩევნო პერიოდი მედიისთვის

მედიაომბუდსმენი წინასაარჩევნო გარემოს შეფასებას აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოში ჟურნალისტური საქმიანობა მოიცავს ფიზიკურ, ფინანსურ და ორგანიზაციულ რისკებს. მედიასაშუალებები ვერ ახერხებენ ხელისუფლების მაკონტროლებელი როლის შესრულებას ხელოვნური ბარიერებისა და არასათანადო პირობების გამო.

„მედიაომბუდსმენის“ გუნდი ორი თვის განმავლობაში უწყვეტად აკვირდებოდა, ახერხებდა თუ არა მედია ხელისუფლების მაკონტროლებლის ფუნქციის შესრულებას და რა პირობები იყო საქართველოში ჟურნალისტური საქმიანობისთვის.

„საქართველოში ჟურნალისტების დევნა, მათ მიმართ გატარებული რეპრესიები ასახულია შიდა და საერთაშორისო შეფასებებში. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 2024 წლის რეიტინგში საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებით 26 პუნქტით გაუარესდა. 180 ქვეყანას შორის საქართველომ 103-ე ადგილი დაიკავა. 2023 წელს ჩვენს ქვეყანას 77-ე პოზიცია ეკავა.

[საქართველოში] მმართველი პარტია აგრძელებს საზოგადოების პოლარიზებას, უახლოვდება მოსკოვს და პრესის თავისუფლების მიმართ სულ უფრო მტრულად განწყობილ პოლიტიკას ატარებს – მითითებულია ანგარიშში.

მმართველი პარტიის პოლიტიკა და რიტორიკა მედიის მიმართ უცვლელი იყო. წინასაარჩევნო პროცესში მედიის მიმართ ბოიკოტის რეჟიმი არ შეწყვეტილა. შესაბამისად, საზოგადოებას ხელი არ მიუწვდებოდა მრავალფეროვან პოლიტიკურ დებატებზე,“ – ნათქვამია „მედიაომბუდსმენის“ ანგარიშში, რომელიც დღეს, 25 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

ანგარიშში საუბარია იმის შესახებ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ შეაჩერა „რუსული კანონის“ მოქმედება, ხოლო სარჩელი არსებითად განსახილველად ნაწილობრივ მიიღო. რუსული კანონის ძალით, ხელისუფლება მედიას და სამოქალაქო სექტორს უცხოური გავლენის აგენტებად მიიჩნევს.

„მოიცავს მათ შორის, მედიის სფეროში დასაქმებული პირების პერსონალური მონაცემების გასაჯაროვების რისკებს, ასევე შექმნა მედიაორგანიზაციების დახურვის წინაპირობა.

წინასაარჩევნო პერიოდში კომუნიკაციების კომისია „ქართული ოცნების“ მოთხოვნით სჯიდა კრიტიკულ მედიასაშუალებებს; კომისიამ სამ კრიტიკულ მაუწყებელს – „მთავარ არხს“, „ტელეკომპანია პირველს“ და „ფორმულას“ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა უკრაინელი ხალხის ტრაგედიის გამოყენების არაეთიკური რეკლამების გამოუქვეყნებლობის გამო. ამ გზით, კომისიამ უპირობოდ გააძლიერა მმართველი პარტიის პროპაგანდისტული ნარატივი,“ – ვკითხულობთ ანგარიშში.

მედიაომბუდსმენი მიმოიხილავს კომუნიკაციების კომისიის მიერ 2018 წელს დაფუძნებული „მედიაკადამიის“ ერთ-ერთი პლატფორმის, „მედიაკრიტიკის“ საქმიანობას და წერს, რომ სექტემბერში გამოქვეყნებული მასალები შიდა და საერთაშორისო პოლიტიკის თემებზე მმართველი პარტიის დამოკიდებულებების გაგრძელებას ჰგავდა.

„საერთაშორისო ნაწილში, „მედიაკრიტიკის“ პლატფორმის მთავარი „სამიზნე“ ამერიკული დემოკრატია და მართვის სისტემის შესახებ შეთქმულების თეორიების გაძლიერება იყო. ეროვნულ დონეზე კი პლატფორმა აკრიტიკებდა ჟურნალისტებს ანტიკორუფციული სამსახურის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციის დასჯის და ლავროვის საპასუხოდ „ქართული ოცნების“ დადებითი განწყობების გაშუქების გამო.

გამოქვეყნებულ მასალებში ნათლად ჩანს, რომ კრიტიკას უმეტესად გააჩნია პოლიტიკური დატვირთვა და პლატფორმა ცდილობს თავისი როლი შეასრულოს საზოგადოების აზრის ფორმირებაში. იმავდროულად, ასეთი სარედაქციო პოლიტიკა კვლავ აჩენს უცვლელ კითხვებს – ვისი ინტერესების დაცვას ემსახურება კომუნიკაციების კომისიის ბიუჯეტიდან დაფინანსებული პლატფორმით გავრცელებული კრიტიკა?,“ – ვკითხულობთ ანგარიშში.

მედიაომბუდსმენი ხაზს უსვამს იმ საკითხს, რომ მედიისთვის საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულებაა.

„თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოები მუდმივად იზიარებდა კომუნიკაციების კომისიის პოზიციას და სჯიდა კრიტიკულ მაუწყებლებს,“ – წერს მედიაომბუდსმენი.

ხვალ, 26 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება. ამომრჩევლები ოთხი წლის ვადით საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. წინასაარჩევნო პროცესი 2024 წლის 27 აგვისტოდან დაიწყო და 25 ოქტომბრამდე გაგრძელდა.

ბათუმში გახარიას პარტიის ბანერი ჩამოხიეს

ბათუმში გახარიას პარტიის საარჩევნო ბანერი ჩამოხიეს. სარეკლამო ბანერი ბათუმის შემოსასვლელში იყო განთავსებული, კერძო პირის საკუთრებაში არსებული შენობის სახურავზე. როგორც პარტიაში ამბობენ, სარეკლამო ფართი პარტიას არჩევნების დღის ჩათვლით ჰქონდა ნაქირავები.

„ბანერი განთავსებული იყო ქალაქის შემოსასვლელში. როგორც ჩანს ეს ძალიან აღიზიანებდათ, იმიტომ, რომ ისე ვერ შემოხვალ ბათუმში და ვერ გახვალ, ეს ადგილი თუ არ გაიარე. სწორედ ამიტომ წუხელ ვანდალურად ჩამოხიეს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა აკაკი გვიანიძემ.

გვიანიძის ინფორმაციით საარჩევნო ბანერი დანითაა დასერილი.

„აშკარად ეტყობა ადამიანის ზემოქმედების კვალი, სპეციალურად, ვანდალურადაა ჩამოგლეჯილი.

ეს ყველაფერი დაემთხვა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომელიც გახარიას და მისი გუნდის წევრებს ემუქრება ანგარიშსწორებით. ახლა უკვე კონკრეტულ ქმედებებში გადაითარგმნა ეს მუქარა,“ – ამბობს აკაკი გვიანიძე.

მისი თქმით პარტიის წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ კომპანიას, ვისაც ეკუთვნის სარეკლამო ფართი, ასევე შენობის მეპატრონეს, რომელი შენობის თავზეც იყო განთავსებული ბანერი.

„სარეკლამო კომპანიის წარმომადგენელიც გაკვირვებული იყო. ეს შენობა დაკეტილი იყო და წესით აქ ვერავინ ვერ უნდა შემოსულიყო. ფართის მფლობელთან ვცდილობთ კავშირზე გასვლას. გვაინტერესებს, როგორ შემოვიდნენ უცხო პირები და როგორ გაანადგურეს ბანერი,“ – გვითხრა აკაკი გვიანიძემ.

პარტიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

„ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ ორი ნახევარკუნძულისა და ერთი კუნძულის სამშენებლო ნებართვა მიიღო

სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ ქ. ბათუმის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა გასცა. სამშენებლო ნებართვა მოიცავს შავი ზღვის სანაპიროზე ჯამურად 102 ჰექტარი მიწის ნაკვეთის და ნაპირდამცავი ჯებირების მოწყობას. გადაწყვეტილება დაეფუძნა 40-მდე საერთაშორისო და ადგილობრივ კვლევას, სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ მიერ დამტკიცებულ გარემოზე ზემოქმედების ანგარიშსა და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ საექსპერტო (მათ შორის უცხოეთიდან სპეციალურად მოწვეული ექსპერტების) დასკვნას პროექტის ჰიდრავლიკური ნაწილის კონსტრუქციულ მდგრადობაზე.

2021 წლის სექტემბრიდან ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით,  პროექტის სიღრმისეული შეფასება და მოდელირება ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სტრუქტურული მდგრადობის უზრუნველსაყოფად, უწყვეტ რეჟიმში  მიმდინარეობდა.

პროექტის მდგრადობის უზრუნველსაყოფად, ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი ხელოვნური კუნძულის დიზაინზე, უმაღლესი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო კომპანია YUKSEL PROJE-მ იმუშავა, რომელსაც სხვა მასშტაბურ პროექტებთან ერთად, შავ ზღვაში ხელოვნურად განაშენიანებულ მიწაზე ორი მოქმედი საერთაშორისო აეროპორტის (Ordu – Giresun Airport, Trabzon airport) პროექტირებისა და ექსპლუატაციაში გაშვების წარმატებული გამოცდილება აქვს.

განაშენიანების გეგმის კონცეფციასა და დეტალური დოკუმენტაციის შექმნაზე ქალაქგეგმარების მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილებითა და ინოვაციურობით გამორჩეულმა გლობალურმა ბრიტანულმა კომპანია ARUP-მა, სადაც გათვალისწინებულია მომავლის ქალაქების დაგეგმარების საუკეთესო პრაქტიკა.

აღსანიშნავია, რომ ორ ნახევარკუნძულსა და კუნძულზე ტერიტორიის 49% დაეთმობა საჯაროდ ხელმისაწვდომ რეკრეაციულ ზონას, მათ შორის ტყე-პარკებს, საფეხმავლო ბილიკებს, სპორტულ მოედნებსა და გასართობ-გამაჯანსაღებელ სივრცეებს. საპროექტო არეალში აშენდება საგანმანათლებლო და ჯანდაცვის დაწესებულებები, სასტუმროები, აპარტამენტები, ბინები, ვილები, ვერტოდრომები, იახტკლუბი.

პროექტის განვითარების ყველა ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება გარემოზე ზემოქმედების შემარბილებელ ღონისძიებებს ეთმობა.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ 2022 წლის სექტემბრის თვეში მიღებული ნაპირდამცავი ჯებირის მოწყობის ნებართვის ფარგლებში ფაქტობრივად გაანაშენიანა 15 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი, რაც სახელმწიფოს წინაშე აღებული საპრივატიზებო ვალდებულებების რეკორდული გადაჭარბებაა, როგორც დროში ასევე მოცულობაში.

„ამბასადორი ჯგუფი“ ორი ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის მიწის შექმნის პარალელურად, მოახდენს თანმდევი ინფრასტრუქტურის მოწყობას.

პირველ ეტაპზე იგეგმება 4 ჰექტრამდე საჯარო პარკის, საგამოფენო ცენტრის, ადმინისტრაციული შენობისა და ულტრათანამედროვე მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის განვითარება.

„ოცნების“ კანდიდატი ბსუ-ს დაფინანსებულ შეხვედრაზე – ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

23 სექტემბერს არჩილ ბერიძე – „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის წევრი ბათუმიდან, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებით ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრო და სტუდენტებს მიმართა. შეხვედრა პროექტ „დებატები 2024“-ს ფარგლებში შედგა.

არჩილ ბერიძე ამის შესახებ წერს და ფოტოებს აქვეყნებს საკუთარი ფეისბუქის გვერდზე. პოსტს უფინანსებს „ქართული ოცნება“. ამ გვერდს არჩილ ბერიძე წინასაარჩევნო კამპანიისთვის იყენებს და მისი ყველა აქტივობაც აქ თავის წინასაარჩევნო შეხვედრებს ეხება.

სქრინშოტი არჩილ ბერიძის ფეისბუქ გვერდიდან.

თავად ბერიძე წერს იმის შესახებაც, რომ მონაწილეობა სტუდენტების სიგელებით დაჯილდოებაშიც მიიღო.

საარჩევნო კოდექსი წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას კრძალავს.

ფოტო არჩილ ბერიძის ფეიბუქის გვერდიდან

„ოცნების“ კანდიდატი წერს, რომ შეხვედრა ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში შედგა, თუმცა როგორც გადამოწმებით დგინდება, სტუდენტებს არჩილ ბერიძე გონიოში, ერთ-ერთ სასტუმროში შეხვდა.

„შეხვედრა უნივერსიტეტში არ იყო. უნივერსიტეტს გარეთ, სასტუმროში იყო 2-დღიანი ტრენინგი. ღამითაც დავრჩით“, – უთხრა „ბათუმელებს“ რეზო ოკუჯავამ, რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის განყოფილების უფროსმა, რომელიც ასევე მონაწილეობდა შეხვედრაში.

„ამ პროექტის კოორდინატორი იყო უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტუდენტი. მე მიმიწვიეს ტრენერად. დებატების მასწავლებელი ვარ რამდენი წელია. აჩიკო ბერიძე მოიწვიეს [სტუდენტებმა] რამდენადაც ვიცი, იმიტომ რომ ადრე ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტი იყო და ერთ-ერთი მოდებატე, მე როგორც ვიცი…

საუნივერსიტეტო პროექტებია. სტუდენტები მოიპოვებენ დაფინანსებას და აკეთებენ ამ პროექტებს. ეს იყო ბოლო პროექტი, თუ არ ვცდები, ამ წლის. მელანო ჩხაიძეა ამ პროექტის ხელმძღვანელი. სტუდენტები იყვნენ თვითმმართველობის წევრებიც და ისეთებიც, ვინც არ არიან თვითმმართველობაში“, – გვეუბნება ოკუჯავა.

რეზო ოკუჯავას ვკითხეთ, იყო თუ არა მისთვის პრობლემა ბერიძის ამ პროექტში ჩართულობა იმის გათვალისწინებით, რომ საარჩევნო კოდექსის მიხედვით ეს დარღვევაა. მით უფრო, რომ სხვა კანდიდატები ამ პროცესში არ მონაწილეობდნენ.

„ამ ყველაფერს თვითონ სტუდენტები აკეთებენ, ადმინისტრაცია არ ერევა, როგორც ვიცი. თქვენ როგორც განიხილავთ, გადამწყვეტი მნიშვნელობა მაგ კუთხით არ აქვს. ვფიქრობ, ასეთ რაღაცებთან შეხება თუ ექნებათ ახალგაზრდებს, რომლებიც არიან სხვადასხვა პარტიულ მოძრაობებში ჩართული… წლებია მაგას ვეუბნები, რომ მოდით, რაღაცები ისწავლეთ, ტრენინგებზე იარეთ…“ – გვითხრა რეზო ოკუჯავამ.

„ბათუმელებმა“ სცადა, „დებატები 2024“-ის შესახებ მეტი გაგვეგო. ბსუ-ს ვებგვერდზე პროექტის სესახებ ინფორმაცია ვერ მოვიძიეთ, ამიტომ ჩვენ დავუკავშირდით მელანო ჩხაიძეს, თუმცა მან სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებას არ უპასუხა.

ტელეფონი გაგვითიშა ბსუ-ს თვითმმართველობის თავმჯდომარემ, ლიკა დიასამიძემ, რომლისთვისაც ასევე პროექტის შესახებ გვინდოდა გვეკითხა. დიასამიძემ ფოტოები შეხვედრიდან ცალკე გამოაქვეყნა თავის ფეისბუქის გვერდზე და აჩიკო ბერიძეს მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის.

„ბათუმელები“ დავუკავშირდით ბსუ-ს რექტორს, მერაბ ხალვაშს. მან გვითხრა, რომ ამ შეხვედრაზე ინფორმაცია არ აქვს.

ფოტო: ბსუ-ს თვითმმართველობის თავმჯდომარის, ლიკა დიასამიძის Facebook გვერდიდან.

„ღია სივრცე კავკასიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, იურისტი ირმა პავლიაშვილი ამბობს, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან ან უკანონო აგიტაციასთან საქმე გვაქვს მაშინ, „როდესაც პოლიტიკური, საარჩევნო მიზნით ხდება [ღონისძიებებში] საჯარო მოხელეების ჩართვა… ბიუჯეტით დაფინანსებული ღონისძიებების გამოყენება“.

პავლიაშვილის თქმით, ამ შემთხვევაში „შეიძლება იკვეთებოდეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები…

მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტები თანასწორი უფლებებით და ვალდებულებებით სარგებლობენ. აკრძალულია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება – ერთ კონკრეტულ სუბიექტს რომ არ მიეცეს იმაზე მეტი შესაძლებლობა, რაც გავლენას მოახდენს არჩევნებზე და არჩევნების შედეგებზე.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ ფაქტის უფრო სიღრმისეული შესწავლა, რადგან გაირკვეს პროექტი რა რესურსით დაფინანსდა. აქ იყო მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები, თუ ასევე იკვეთება დონორების კონტრიბუცია.

ასევე, როდესაც ღონისძიება გაიმართა, კონკრეტულად ერთი პირი მოიწვიეს, თუ სხვა პირებსაც ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ დასწრებოდნენ ამ ღონისძიებას“.

ირმა პავლიაშვილის განმარტებით, „აგიტაცია ეს არის ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უშლის, ან ხელს უწყობს სუბიექტის არჩევას. მნიშვნელოვანია, რომ თავად საარჩევნო სუბიექტის კანდიდატის წარმოდგენა უკვე აგიტაციის ნიშნებს შეიცავს, ამიტომ უნდა მოხდეს ამ ფაქტის სიღრმისეული შესწავლა.

პირველ ეტაპზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადგილი აქვს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას“.

___

ამავე თემაზე:

„ოცნების“ კანდიდატები ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებაზე – არის ეს უკანონო აგიტაცია?

 

როგორი ამინდი იქნება ბათუმში და მთელს აჭარაში არჩევნების დღეს

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 ოქტომბრის 21 საათიდან 26 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, ჭექა-ქუხილი.

მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვა,ზოგან – ძლიერი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან – 17-22 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 7-12 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2-7 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა 
  • ღამით: 2 გრადუსი ყინვა – 3 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +21 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 27-28 ოქტომბერს გამოიდარებს და ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მთავრობა მალავს რუსეთიდან შემოსულ რამდენ მოქალაქეს აქვს ხმის მიცემის უფლება

რუსეთის რამდენმა მოქალაქემ მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობა და აქედან რამდენი განცხადება დაკმაყოფილდა – ეს ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ არ მოგვაწოდა.

სააგენტოდან ვერ მივიღეთ ასევე ინფორმაცია, მთლიანობაში რამდენი ორმაგი [რუსეთის ფედერაციის და საქართველოს] მოქალაქეობის მქონე პირი ცხოვრობს დღეს საქართველოში, არადა ეს მოქალაქეები ირჩევენ საქართველოს პარლამენტს, აჭარაში რეგისტრირებულები კი აჭარის უმაღლეს საბჭოსაც.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან „ბათუმელებმა“ სამი თვის წინ წერილობით შემდეგი ინფორმაცია გამოითხოვა:

  • 2022 წლის 18 აგვისტოდან დღემდე [2024 წლის აგვისტომდე] პერიოდში რუსეთის რამდენმა მოქალაქემ მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობა, აქედან რამდენი განცხადება დაკმაყოფილდა [რამდენმა მიიღო საქართველოს მოქალაქეობა? რამდენს ეთქვა უარი?]
  • 2022 წლის 18 აგვისტოდან დღემდე პერიოდში რუსეთის რამდენმა მოქალაქემ მოითხოვა საქართველოში მუდმივი მცხოვრების სტატუსი? რამდენმა მიიღო და რამდენს ერთქვა უარი?
  • მთლიანობაში, დღევანდელი მდგომარეობით, რუსეთის რამდენ მოქალაქეს აქვს საქართველოში მუდმივი მცხოვრების სტატუსი?
  • მთლიანობაში რამდენი ორმაგი [რუსეთის ფედერაციის და საქართველოს] მოქალაქეობის მქონე პირი ცხოვრობს დღევანდელი მონაცემებით საქართველოში? ასევე რუსეთის რამდენი მოქალაქე ცხოვრობს საქართველოში, რომლებსაც აქვთ საქართველოში მუდმივი ცხოვრების [ბინადრობის] სტატუსი?
  • 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე პერიოდში რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში მიგრირებულ რამდენ მოქალაქეს აქვს საქართველოში არჩევნებში მონაწილეობის [ხმის მიცემის] უფლება დღევანდელი მდგომარეობით?

„ბათუმელების“ წერილი [ID: CA00412410277331] 31 ივლისს ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალით გაიგზავნა და სააგენტოში იმავე დღეს დარეგისტრირდა [რეგ N: 153567].

სახელმწიფო სერვისების სააგენტოს წერილობით ვთხოვეთ, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აღნიშნული მონაცემები მოეწოდებინა კანონით განსაზღვრულ უმოკლეს ვადაში, თუმცა, ჩვენი წერილი იუსტიციის ქვემდებარე სააგენტომ საერთოდ უპასუხოდ დატოვა.

„რაც შეეხება [რუსეთის მოქალაქეების მხრიდან] ბინადრობის მოთხოვნებს, ეს ინფორმაცია არის საჯარო. პრაქტიკულად ყოველდღე გავცემთ ამ ინფორმაციას“, – ეს განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ 2 წლის წინ გააკეთა.

სწორედ 2 წლის წინ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყეს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში მასობრივად შემოსვლა.

საზღვრის კვეთის მონაცემებს შსს აქვეყნებს. ბოლო მონაცემებით საქართველოში რუსეთიდან 720 142 პირი შემოვიდა – 6 თვის სტატისტიკა.

რუსეთის მოქალაქეები რჩებიან საქართველოში, აქვთ ბიზნესი, ითხოვენ ბინადრობას და მოქალაქეობას. მარტო 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში საქართველოს მოქალაქეობა გამონაკლისი წესით მიანიჭეს რუსეთის 3 666 მოქალაქეს და განხილვაში იყო კიდევ 1 417 პირის განცხადება.

ვრცლად ამ თემაზე: საქართველოში ცხოვრების უფლება რუსეთის 16 567-მა მოქალაქემ მიიღო – 3 წლის მონაცემები

ფაქტია ისიც, რომ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ინტენსიურად ყიდულობენ უძრავ ქონებას.

რუსეთის მოქალაქეების მიერ ქონების შეძენასთან და ბიზნესის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია კი ამ დრომდე არ მოგვაწოდა იუსტიციის სამინისტროს ქვემდებარე კიდევ ერთმა უწყებამ – საჯარო რეეტრმა.

„ბათუმელებმა“ წერილით [ID: CA00412410277634] საჯარო რეესტრსაც 2024 წლის 31 ივლისს მიმართა [.

  • აღსანიშნავია, რომ 2022 წლის პირველი მარტიდან 2023 წლის 26 აპრილამდე პერიოდში რუსეთის მოქალაქეებმა ზუსტად 7 709 ბინა, მთლიანობაში 424 449 კვადრატული მეტრი უძრავი ქონება შეიძინეს საქართველოში.
  • მათვე იყიდეს 474 649 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი: 265 049 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობის გარეშე [457 პირი, 604 მიწის ნაკვეთი], 209 600 კვადრატული მეტრი კი, შენობა-ნაგებობასთან ერთად [1028 პირი, 1074 მიწის ნაკვეთი].

საჯარო რეესტრიდან საჯარო ინფორმაცია სწორედ ამ სტატისტიკის განახლების მიზნით გამოვითხოვეთ, თუმცა ჩვენი წერილის მიღებიდან 2 კვირის შემდეგ, 2024 წლის 14 აგვისტოს რეესტრიდან მოგვწერეს, რომ

„საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული მონაცემების დიდი მოცულობისა და სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების რაოდენობის გათვალისწინებით, თქვენს განცხადებაში მითითებული ინფორმაციის სრულად მომზადება მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ რესურსს და
შესაბამისად, გონივრულ ვადას საჭიროებს.

ამდენად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განცხადებაში მითითებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიმდინარე კანონმდებლობით დადგენილ ვადაში დამუშავებისა და მოწოდების ობიექტურ შესაძლებლობას მოკლებულია. შესაბამისად, თქვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია მოგეწოდებათ მისი სრულად მოძიების შემდეგ.“

საჯარო რეესტრიდან ამ წერილის მიღებიდან ორ თვეზე მეტი გავიდა, მაგრამ მოთხოვნილი ინფორმაცია უწყებიდან არ მიგვიღია.

აღსანიშნავია ასევე, რომ როგორც „ბათუმელებმა“ ადრე გაარკვია, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში მიწის ნაკვეთებს სოფლებშიც ყიდულობენ. მიუხედავად აკრძალვისა, რუსეთის მოქალაქეზე სოფელში მიწის მიყიდვის მექანიზმი მაინც მარტივია.

___

ამ თემაზე ვრცლად „ბათუმელების“ არქივიდან:

რა ხდება ბარებში, რომლებიც მობილიზაციას გამოქცეულმა რუსებმა გახსნეს ბათუმში – VIDEO

რუსეთმა 685 ათასი სამხედრო დაკარგა ომის დაწყებიდან დღემდე – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 25 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 685 910 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 630]
  • ტანკი – 9 097 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 18 287 ერთეული [+33]
  • საარტილერიო სისტემა – 19 753 ერთეული [+34]
  • MLRS – 1 238 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 982 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 17 670 ერთეული [+73]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 625 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 27 365 ერთეული [+79]
  • სპეცტექნიკა – 3 535 ერთეული [+22]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 24 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 646 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 34 250 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 584 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 18 785 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 478 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 16 657 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 27 535 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ივანიშვილის იმედი, დასავლეთი აიძულოს გარიგება დადოს მასთან, ამცდარია რეალობას – ინტერვიუ 

ანალიტიკოსი გიორგი ბადრიძე დარწმუნებულია, რომ დასავლეთი ბიძინა ივანიშვილს დაასანქცირებს, თუ ის არჩევნების მიტაცებას ეცდება. გიორგი ბადრიძის აზრით, ფინანსური სანქცია მთავარი ბერკეტია ქვეყნის გარეთ იმისთვის, რომ საქართველოში ივანიშვილმა არჩევნების გაყალბება არ სცადოს.

რა მექანიზმები არსებობს ქვეყნის შიგნით? – „ბათუმელებმა“ ინტერვიუ გიორგი ბადრიძესთან ჩაწერა, ის „რონდელის ფონდის“ უფროსი მკვლევარია. 2009-2013 წლებში გიორგი ბადრიძე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში.

  • ბატონო გიორგი, რა მექანიზმები არსებობს ქვეყნის შიგნით და გარეთ იმისთვის, რომ თუ „ქართული ოცნება“ არჩევნებს წააგებს, ის არჩევნებს ვერ მიიტაცებს? 

პრაქტიკაში არსებობს შემთხვევები, თუ როგორ დამყარდა დიქტატურა ქვეყნებში, სადაც ხალხის საპირისპირო ნება იყო გამოხატული. იმისთვის, რომ საქართველო არ დაემსგავსოს მესამე სამყაროს, განუვითარებელ, იზოლირებულ დიქტატურებს, 26 ოქტომბერს უბრალოდ ყველა კი არ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, არამედ ვინც გვყავს ოჯახში, სამეგობროში, სანაცნობოში, სამეზობლოში, ყველა უნდა დავარწმუნოთ, რომ არამხოლოდ პოლიტიკური პარტიების, არამედ მთლიანად ქვეყნის ისტორია და პირადად მათი ბედი წყდება.

ბედი იმისა, თუ როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ. ერთადერთი საშუალება, რომ საქართველო დარჩეს ევროპისკენ მიმავალ გზაზე, გახდეს ცივილიზებული, წარმატებული, დამოუკიდებელი და მართლაც სუვერენული სახელმწიფო, სადაც ხალხის არ არის მონდომებული გასაქცევად, არის არჩევნებში მისვლა და საკუთარი არჩევანის გაკეთება.

  • თუ ყველა წავალთ არჩევნებზე, ეს ამცირებს გაყალბების რისკებს? 

ეს არის ერთადერთი გარანტია იმისა, რომ ამ ხელისუფლებამ ვერ გააყალბოს არჩევნები.

მინდა შევახსენო ასევე ყველას, რომ იმის მიუხედავად, ვინმე დასაქმებულია თუ არა რომელიმე სახელმწიფო, თუ ადგილობრივ ორგანოში, ეშინია თუ არა სამსახურის დაკარგვის, არ არსებობს არანაირი მექანიზმი, რომლის მიხედვითაც ხელისუფლების წარმომადგენლებს შეეძლებათ იმის გაგება, თუ ვის მისცა მან ხმა. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დაშინების მექანიზმი.

თითოეული ჩვენგანის ხმა გარანტირებულად ფარულია. თუ ვინმესგან მოითხოვენ წინასწარ დათანხმებას, შეუძლია დათანხმდეს, მაგრამ საბოლოოდ მას შეუძლია ისე მოიქცეს, როგორც თავად თვლის საჭიროდ.

  • რა ხდება არჩევნების შემდეგ, რა ბერკეტები რჩება ჩვენს ხელში იმისთვის, რომ ჩვენივე ხმების დაცვა შევძლოთ? გვინახავს წინა არჩევნებზე შეცვლილი ციფრები შემაჯამებელ ოქმებში.

ყველაზე დიდი რაოდენობაა ახლა დამკვირვებლების მობილიზებული. ეს არის ყველაზე დიდი მექანიზმი. მათი მთავარი ფუნქციაა, რომ დააფიქსირონ ის, რაც არჩევნების დრო, ან კენჭისყრის შემდეგ მოხდება.

ქვეყნის გარეთ კი, არსებობს სანქციების მექანიზმი, რომელიც დაუწესდება ხელისუფლებას, თუ იგი უკანონოდ შეეცდება ძალაუფლების შენარჩუნებას. ეს შეეხება არამხოლოდ ქვეყნის ხელისუფლებას  – საქართველო აღმოჩნდება პოლიტიკურად და ეკონომიკურად სრულ იზოლაციაში.

  • რა ჩანს ამ გადასახედიდან – იზოლაციაში აღმოჩენა არის ივანიშვილისთვის ანგარიშგასაწევი? 

ნათლად ჩანს, რომ ივანიშვილს არ ადარდებს, თუ საქართველო აღმოჩნდება გარიყული ცივილიზებული ქვეყნებისგან; არც ის, რომ მათ უკვე შეწყვიტეს მრავალასეულ მილიონიანი დახმარება საქართველოსთვის, რასაც დასავლეთი წლების განმავლობაში გვიწევს.

ფაქტია, რომ ივანიშვილს სულაც არ აქვს პრობლემა იმასთან, რომ საქართველო იყოს იზოლირებული და ჩაკეტილი, ღარიბი. ის თვლის პირიქით, რომ ასეთ ქვეყანას უფრო ადვილად მართავს.

სამაგიეროდ, ივანიშვილისთვის ანგარიშგასაწევია ის, რომ სანქციები მას შეეხება პირადად. ეს შეეხება მის ქონებას პირადად, ასევე, მისი გარემოცვის ქონებას დასავლურ ფინანსურ ინსტიტუტებში. ივანიშვილის ფინანსური და ქონებრივი აქტივების ძალიან დიდი ნაწილი დასავლეთშია კვლავაც.

მე დიდი იმედი მაქვს, რომ ადამიანი, ვისი მთავარი მოტივაცია ფული და უსაფრთხოებაა, ამას გაითვალისწინებს.

  • ივანიშვილმა ბოლო ინტერვიუში აღნიშნა, რომ პირადად აღარ ელის სანქციებს და ვისაც სანქცია დაუწესეს, ამან უკუშედეგი გამოიღო.

ივანიშვილი რამდენად კავშირშია რეალობასთან, ზუსტად ვერ გეტყვით. ვიდრე ის შემოიღებდა რუსულ კანონს, მას თითქმის გარანტირებული ჰქონდა არჩევნებში გამარჯვება, იმდენად დაქსაქსული და დასუსტებული იყო ოპოზიციური, პოლიტიკური სპექტრი, უიმედობაში იყო ქართული საზოგადოება.

მან ამ კანონით გამოაცოცხლა, როგორც ჩვენი მოქალაქეები, ისე პოლიტიკური პარტიები და ახლა უკვე დიდი ალბათობით კი არა, გარანტირებულად, სამართლიანი არჩევნების შემთხვევაში, ის ძალაუფლებას დაკარგავს, პირველ რიგში, საკუთარი წინდაუხედაობის გამო.

ივანიშვილის გათვლები ძალიან დიდი ალბათობით აღარ არის საიმედო. ის, რომ სანქციები იქნება, ამის შესახებ შეერთებული შტატების ხელისუფლებამაც ნათლად განაცხადა იმის მიუხედავად, რომ შეიცვლება თუ არა ადმინისტრაცია ნოემბერში.

ევროკავშირის პოზიციაც ძალიან ნათელია, თუ სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება საქართველოში.

ასე რომ, ივანიშვილის იმედი, რომ დასავლეთი იძულებული იქნება, ბოლოს და ბოლოს, რაღაც გარიგება დადოს მასთან, ძალიან ამცდარია რეალობას.

  • ივანიშვილის ფინანსური დასანქცირების მოლოდინი ყველაზე გავლენიანი ინსტრუმენტია ქვეყნის გარეთ იმისთვის, რომ არჩევნები „ოცნებამ“ ვერ მიიტაცოს? 

მთავარი გარე ინსტრუმენტი სანქციებია. დასავლეთი არ აპირებს რუსეთისგან განსხვავებით, მასთან პარტნიორობას და მეგობრობას. ევროკავშირი და ნატო ძალით არ ექაჩება საქართველოს თავის რიგებში, პირიქით, ნატოს და ევროკავშირის ყველა კანდიდატს უწევს უამრავი წინაპირობის შესრულება.

როდესაც ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა არის მონდომებული, იცხოვროს დემოკრატიული ქვეყანაში და იყოს ევროკავშირის, ნატოს წევრი, ამ დროს კი ხელისუფლება საპირისპიროს აკეთებს, ამ ხელისუფლებას არ უნდა გაუკვირდეს ის, რომ იქიდან წამოვა სანქციები. სანქციები, რომელიც შეეხება ყველას, ვინც ეცდება ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ძალაუფლების შენარჩუნებას, ვინც შეეცდება ძალადობას, ყველას მოუწევს საფასურის გადახდა ინდივიდუალურად.

აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ვიღაცას ვიზას არ მისცემენ, საუბარია ფინანსურ სანქციებზე. შესაძლოა, ეს ვიღაცას არ აღელვებს და დიდი ანგარიშები არ აქვს დასავლეთის ქვეყნებში, მაგრამ ეს უშუალოდ შეეხება ბიძინა ივანიშვილს და იმ ადამიანებს, მის გარემოცვას, რომლებმაც ამ ხნის განმავლობაში უზარმაზარი ქონება მოიხვეჭეს. სხვათა შორის, სანქცია შეეხება არამხოლოდ დასავლეთის ქვეყნებში არსებულ ქონებას, არამედ მათ უნარს აწარმოონ ბიზნესი, თუნდაც სხვა ქვეყნებთან, მაგალითად, შუა აზიის ქვეყნებთან.

დასანქცირებულ პირებთან და კომპანიებთან საქმის დაჭერა არ სურთ ხოლმე, თუნდაც ეს იყოს მესამე სამყაროს ქვეყანა. არაერთი მაგალითია ამის, რომ თუნდაც რუსეთის მოკავშირე ქვეყნებსაც უარი უთქვამთ სანქცირებულ რუსულ კომპანიებთან ბიზნესის გაგრძელებაზე.

  • ის ვერსია რამდენად ლოგიკურია თქვენთვის, რომ ივანიშვილი ე.წ. ოფშორებიდან წამოიღებს ფულს და სწორედ ამისთვის მან რუსული კანონის მიღებისთანავე ამ კუთხითაც შეცვალა შესაბამისი კანონმდებლობა?

ივანიშვილს ჰქონდა მცდელობა, რომ თავი დაეღწია სანქციებისგან, რომ გარკვეული ფინანსური აქტივების ევაკუაცია მოეხდინათ, მაგალითად, კახი კალაძემ გამოაცხადა, რომ აღარ ენდობა დასავლურ ბანკებს, მაგრამ მათი პრობლემა არ შემოიფარგლება მხოლოდ რომელიმე ბანკში ანგარიშის გაყინვით, ეს ეხება მათი და მათი კომპანიების უნარს, აწარმოონ ბიზნესი საერთაშორისო მასშტაბით.

ასე რომ, ეს ფინანსური სანქციები ნამდვილად ანგარიშგასაწევია ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის.

  • მოქალაქის ხელში რა ბერკეტია – გარდა იმისა, რომ არჩევნებზე უნდა წავიდეთ, კიდევ რა შეიძლება გავაკეთოთ? 

მთავარია, მოქალაქეები მივიდნენ არჩევნებზე და იმდენად დიდი უპირატესობით გაიმარჯვოს ოპოზიციამ – დემოკრატიულმა, პროდასავლურმა და პროქართულმა ნაწილმა ჩვენი საზოგადოებისა – ივანიშვილის რეჟიმის უბრალოდ აღარ დარჩეს შესაძლებლობა, გააყალბოს რამე.

მეორეა არჩევნების შემდეგ ამ ნების სრულიად ნათლად დემონსტრირება, თუ ეს საჭირო გახდება, მათ შორის, აქციების მეშვეობით. თუმცა მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აქციები იქნება მხოლოდ საზეიმო, რომელიც ქართველი ხალხის გამარჯვებას აღნიშნავს. ეს არჩევნები გადაწყვეტს ჩვენს ისტორიას ძალიან დიდი ხნით.

ამ ბარიერის პირობებშიც, ცხადია, რომ ოთხივე დიდი ოპოზიციური გაერთიანება ბარიერს კომფორტულად კვეთს და მოქალაქეებმა უნდა იფიქრონ იმაზე, რომ ხმა არ დაკარგონ ისეთი პარტიისთვის ხმის მიცემით, რომელიც ვერ კვეთს ამ ბარიერს. სამწუხაროდ, ასეთი პარტიები არსებობენ. მგონი, ახლა არ არის ის დრო, როდესაც ადამიანმა უნდა ეძიოს ისეთი პარტია, რომელიც 100 %-ით გამოხატავს მის ყველა ინტერესს და სურვილს. იდეალური პარტიები და იდეალური პოლიტიკოსები არ არსებობენ.

  • გამოდის, თუ გამოცხადების მაჩვენებელი იქნება მაღალი და სხვაობა დიდი იქნება ოპოზიციის და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას შორის, არჩევნების მიტაცების საფრთხე მინიმალურია? 

დიახ, ზუსტად ასეა. კვლევები აჩვენებს, რომ ჯამი ოპოზიციური ხმებისა იმდენია, რომ ეს საკმარისი იქნება სტაბილური კოალიციური მთავრობის შექმნისთვის. არჩევნების დასაცავად საჭიროა ერთადერთი მექანიზმი არსებობს: იმდენი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე, რომ გაყალბებამ და ადმინისტრაციულმა რესურსმა ეფექტი ვეღარ გამოიღოს.

„ალბათ ციხეში ჩამსვამენ, თუ ეს მოხდა“ – პრეზიდენტის პასუხი კითხვაზე, რა იქნება თუ „ოცნება“ მოიგებს

„ალბათ იმპიჩმენტი მოხდება ჩემი და ციხეში ჩამსვამენ, თუ ეს მოხდა,“ – უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იტალიური გამოცემის ჟურნალისტს, რომელმაც იკითხა რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებს „ქართული ოცნება“ მოიგებს.

დღეს, 24 ოქტომბერს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ოცნებამ“ უნდა გაიაზროს, რომ მათაც ექნებათ გონივრული, მნიშვნელოვანი რაოდენობა ხმების.

უნდა შევიდეთ სხვა პოლიტიკაში. უნდა დასრულდეს ერთი პარტიის მმართველობა“, – აღნიშნა მან პრესკონფერენციაზე.

ამავე თემაზე: „დაშინების მცდელობაა“ – პრეზიდენტი „ატლანტიკური საბჭოს“ ორი თანამშრომლის სახლის ჩხრეკაზე

სალიბაურის სკოლის ეზოს ნაწილი კობახიძემ ეკლესიას 1 ლარად გადასცა

საქართველოს მთავრობამ მიწის ნაკვეთის ნაწილი, რომელიც ხელვაჩაურის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის სარგებლობაში იყო, საკუთრებაში 1 ლარად გადასცა მართლმადიდებელ ეკლესიას.

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ განკარგულებას პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ხელი 2024 წლის 17 ოქტომბერს მოაწერა.

„1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 300 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე მისამართზე: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი სალიბაური, №2, საჯარო სკოლა, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას.

2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში“, – აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.

ტერიტორია სალიბაურში, რომელიც სოფლის N2 საჯარო სკოლაზეა გადაცემული სარგებლობაში, ჯამში 73 128 კვადრატული მეტრია და საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერით ის სახელმწიფოს საკუთრებაშია.

სოფელ სალიბაურის N2 სკოლის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი. წითელი ხაზით მონიშნულია ტერიტორია [300 კვადრატული მეტრი], რომელიც სახელმწიფომ მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში 1 ლარად გადასცა
მთავრობის აღნიშნული განკარგულებით სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა უზრუნველყოს ქონების ეკლესიაზე გადაცემისთვის საჭირო შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

„ბათუმელების“ დისკუსია არჩევნების წინ – „საქართველო ირჩევს“

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სულ ცოტა დრო რჩება. ონლაინგამოცემა „ბათუმელებმა“ არჩევნების წინ ხუთი პოლიტიკური პარტია მოიწვია დისკუსიაში მონაწილეობისთვის, თუმცა მათგან პარტიამ დისკუსიაში მონაწილეობაზე უარი თქვა.

ჩვენ მოვიწვიეთ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აჭარაში, რომ გავიგოთ: როგორია მათი ხედვა ევროპაზე, რუსეთთან ურთიერთობაზე და იმ მწვავე პრობლემებზე, რაც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს.

YouTube video player

ამომრჩეველი და მოსახლეობა – ცესკო და საქსტატი ამბობს, რომ მათი მონაცემების შედარება არ შეიძლება

საქართველოში 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარედება. მიუხედავად იმისა, რომ ვიცით ოფიციალური სტატისტიკა ქვეყანაში მცხოვრებთა და ამომრჩეველთა ერთიან სიაში მყოფი ადამიანების რაოდენობის შესახებ, შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რამდენი მოქალაქე იმყოფება ამ დროისთვის საქართველოში. ასეთი არც ოფიციალური სტატისტიკა არსებობს.

საქართველოს რამდენი მოქალაქე ცხოვრობს საქართველოში და რამდენი იმყოფება საზღვარგარეთ ამის დადგენა, როგორც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, მხოლოდ საყოველთაო აღწერით იქნება შესაძლებელი. საყოველთაო აღწერა კი მიმდინარე წელს, არჩევნების შემდეგ ჩატარდება. ასეთი აღწერა საქართველოში ბოლოს 2014 წელს ჩატარდა.

კედლის საარჩევნო სია ბათუმის ერთ-ერთ საარჩევნო უბანში / 22.10.2024 / საბოლოო სიებს უბნები არჩევნების წინა დღით, 25 ივნისს მიიღებენ ცესკოდან

  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის [ცესკო] მონაცემებით, 2024 წლის 18 ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა არის 3 508 294
  • საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატი] 2024 წლის მონაცემებით კი, საქართველოში მოსახლეობის რიცხოვნობა სულ არის 3 694 608

თუ საქსტატის მონაცემებს, ანუ მოსახლეობის საერთო რიცხოვნობას გამოვაკლებთ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას, საქართველოში 18 წლამდე ასაკის 186 314 ადამიანი უნდა ცხოვრობდეს. თუმცა, მხოლოდ საქასტატის მონაცემებით, საქართველოში 18 წლამდე ასაკის 841 727 ადამიანი ცხოვრობს, ანუ 655 413-ით მეტი.

შესაბამისად, იგივე საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 2 852 881 ამომრჩეველი უნდა იყოს, ანუ 655 413-ით ნაკლები, ვიდრე ცესკოს ერთიან სიაშია.

რატომ არის ასეთი დიდი ცდომილება ოფიციალური უწყებების მონაცემებში? – საქსტატსა და ცესკოში აცხადებენ, რომ მათი მონაცემების ერთმანეთთან შედარება არ შეიძლება.

„საერთო სიისა და საერთო რიცხოვნობის მონაცემები ერთმანეთს არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევადაროთ. ჩვენი და ცესკოს ციფრების შედარება არ შეიძლება. ჩვენთან არის ფაქტობრივი მცხოვრებლები, ანუ მუდმივი მოსახლეობა [ამასთან, ბოლო მონაცემები 2024 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით გვაქვს გამოქვეყნებული]. ცესკოსთან, ალბათ, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებიც შედიან, რომლებიც მოცემული მომენტისთვის არ არიან ჩვენს რიცხოვნობაში.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენს სტატისტიკაში ხვდება საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც 1 წელი და მეტი ხნით იმყოფება ან აპირებს დარჩენას საქართველოში“, – უთხრეს „ბათუმელებს“ საქსტატში.

„ცესკოს და საქსტატის ეს ორი მონაცემი კოლერაციაში ერთმანეთთან ვერ მოდის. ეს ორი მონაცემი არის აბსოლუტურად სხვადასხვა. ამომრჩეველთა ერთიანი სია შედგება საქართველოს ყველა ლეგალური ამომრჩევლისგან, რომლებიც, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, არის არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც, მთელ მსოფლიოში.

ამასთან საქსტატის მონაცემები მოიცავს 18 წლამდე ასაკის ადამიანებს და იმ კატეგორიის ამომჩევლებსაც, რომლებიც ვერ ხვდება ჩვენს ერთიან სიაში, მაგალითად არ აქვს ვალიდური პირადობის მოწმობა და/ან პასპორტი, არასდროს არ ჰქონია რეგისტრაციის მისამართი და სხვა“, – აღნიშნა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ.

აღსანიშნავია, რომ ცესკოს განცხადებით სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა არის 95 910. ანუ ეს ის ამომრჩევლებია, რომლებიც ხმას საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე მისცემენ.

ამ თემაზე: 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს

საერთო სიაში ცესკოს აღნიშნული ჰყავს ისეთი ამომრჩევლები, რომლებსაც აქვთ სტატუსი – „იმყოფება უცხოეთში“ და ასევე სტატუსი – „იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე“ [საზღვარგარეთ].

ეს კედლის სიებშიც არის მითითებული შესაბამისი ამომრჩევლის გასწვრივ: „იმყ. უცხოეთში“ და „საკონს. აღრ.“, რომლის გვერდით მითითებულია ასევე კონკრეტული ამომრჩევლის ერთიან სიაში შეტანის თარიღი:

ამომრჩეველთა კედლის სია ბათუმის ერთ-ერთ საარჩევნო უბანში / 22.10.2024

„ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია ასეთი სტატუსი აქვს თუ არა მინიჭებული ყველა იმ ამომრჩეველს, რომელიც დღეს ფაქტობრივად საზღვარგარეთ იმყოფება და რამდენია მათი რაოდენობა. ცესკოდან ამ რიცხვების მიღებით მიახლოებით ის მაინც გვეცოდინებოდა, ერთიან სიაში შეტანილი ამომრჩევლებიდან რამდენია ფაქტობრივად საქართველოში. თუმცა ცესკომ კითხვების ოფიციალურად, წერილობით გადაგზავნა მოგვთხოვა. 

ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის შესახებ 2024 წლის 13 ოქტომბრის მდგომარეობით [ამასთან, რამდენი იყო მათ შორის არასრულწლოვანი და რამდენი სრულწლოვანი] „ბათუმელებმა“ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგანაც მოითხოვა, თუმცა სააგენტოშიც გვითხრეს, რომ წერილობით მივმართოთ.

ჩვენს კითხვებზე ცესკოდან და სერვისების სააგენტოდან პასუხების მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

„იმყოფება საზღვარგარეთ“ – ეს არის ის კატეგორია ამომრჩევლების, რომლებიც არ არიან საკონსულო აღრიცხვაზე, მაგრამ უფიქსირდებათ საზღვრის კვეთა. თუმცა, ასეთი ამომრჩეველი შეიძლება 26 ოქტომბერს ან მანამდეც დაბრუნდეს საქართველოში და ხმა აქ მისცეს შესაბამის უბანზე რეგისტრაციის მიხედვით“, – გვითხრეს ცესკოში.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორც ზემოთ გამოვთვალეთ, მინიმუმ 655 413 ამომრჩეველი [ანუ საქართველოს 18 და მეტი ასაკის მოქალაქე] უცხოეთში იმყოფება. ცესკოს ინფორმაციით კი, 26 ოქტომბერს უცხოეთში გახსნილი უბნების სპეცსიებში მყოფ მხოლოდ 95 910 ამომრჩეველს ექნება ხმის მიცემის საშუალება.

ცესკომ გამოაქვეყნა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაც საქართველოში და საქართველოს ყოველ საარჩევნო ოლქში [2024 წლის 14 ოქტომბრის მდგომარეობით], რომლის მიხედვითაც:

  • ამომრჩეველთა რაოდენობა საქართველოში არის 3 495 789, ხოლო საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობაა – 12 505.

თუ ამ მონაცემებს წინა, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონაცემებს შევადარებთ:

  • 2024 წლისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შემცირებულია 17 729 ამომრჩევლით [იყო 3 526 023 და არის 3 508 294]
  • ამომრჩეველთა რაოდენობა საქართველოში შემცირებულია 16 064 ამომრჩევლით [იყო 3 511 853, არის 3 495 798]
  • შემცირებულია ასევე საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობაც 1 665 ამომრჩევლით [იყო 14 170 და არის 12 505]

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის 14 ოქტომბრის მდგომარეობით / წყარო: ცესკო

რაც შეეხება საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობას, ცესკოს განმარტებით, ეს არის საქართველოს მოქალაქეების ის კატეგორია, რომლებსაც რეგისტრაციის მისამართი არ აქვთ საქართველოში და აქვთ საზღვარგარეთ.

„რაც შეეხება უცხოეთში გახსნილი უბნების სპეცსიებში მყოფ 95 910 ამომრჩეველს, ამ რაოდენობაში შედის, როგორც საზღვარგარეთ რეგისტრირებული ამომრჩევლები, ასევე საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებსაც რეგისტრაციის მისამართი აქვთ საქართველოში, მაგრამ იმყოფებიან უცხოეთში და ხმის მისაცემად აღრიცხვაზე დადგნენ შესაბამის საკონსულოში“ – გვითხრეს ცესკოში.

26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების პარალელურად აჭარაში უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც ჩატარდება, რომელშიც ხმის მიცემის უფლება აჭარის მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ მოქალაქეებს აქვთ.

ცესკოს მონაცემების მიხედვით, უშუალოდ აჭარაში ამომრჩეველთა რაოდენობა, 2024 წლის 14 ოქტომბრის მდგომარეობით, 4 791-ით არის გაზრდილი, ვიდრე ამავე წლის 15 ივლისის მონაცემებით იყო.

ამომრჩეველთა რაოდენობა აჭარის ოლქებში ცესკოს 2024 წლის 15 ივლისისა და 14 ოქტომბრის მონაცემებით:

წყარო: ცესკო

ამ თემაზე: რამდენი ამომრჩეველია ბათუმისა და აჭარის სხვა ოლქებში – ცესკოს მონაცემები

დავუბრუნდეთ საქართველოს მოსახლეობის რაოდენობას.

საქსტატის ინფორმაციით, „მოსახლეობის რიცხოვნობა და მისი შემადგენლობა განისაზღვრება ყოველი წლის დასაწყისისთვის. ზუსტი მონაცემები მოსახლეობის რიცხოვნობისა და მისი შემადგენლობის შესახებ მიიღება მოსახლეობის საყოველთაო აღწერებით, ხოლო აღწერათა შორის პერიოდში მოსახლეობის რიცხოვნობა გაიანგარიშება 1-ლი იანვრის მდგომარეობით და მიიღება ბუნებრივი მატებისა და გარე მიგრაციის გათვალისწინებით“.

აქვე გასათვალისწინებელია, რომ მოსახლეობის საერთო რიცხოვნობაში სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ქვეყანაში დროებით შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც შეჰყავს. თუმცა რამდენი უცხოელია საერთო რიცხოვნობაში საქსტატმა ვერ მოგვაწოდა.

„სტატისტიკური მიზნით, საქართველოს მუდმივ მოსახლეობად აღირიცხება ქვეყანაში 12 თვითა და მეტი ხნით მცხოვრები ადამიანები, მიუხედავად მოქალაქეობის ქვეყნისა. აგრეთვე ის მოსახლეობა, რომელთა ქვეყანაში ყოფნა არ აღემატება 12 თვეს, მაგრამ აპირებს დარჩენას 12 თვეზე მეტ ხანს“, – მოგვწერეს საქსტატიდან.

საქართველოში საყოველთაო აღწერის თარიღად 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდია განსაზღვრული.

„2024 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის დროსაც საქსტატი იხელმძღვანელებს მუდმივი მოსახლის ზემოთ მოცემული განმარტებით. მათ შორის შეგროვდება მონაცემები მუდმივი მოსახლეობის მოქალაქეობის ქვეყნების შესახებაც“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში.

 საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, როგორც მედია, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ამომრჩევლებს პირადობის მოწმობებს ართმევენ ან მათ პირად ნომრებს ინიშნავენ.

საარჩევნო პერიოდში  მსგავსი ფაქტები, შესაძლოა, ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის ან მათთვის არჩევნებში მონაწილეობაში ხელის შეშლისთვის იქნას გამოყენებული.

ამ თემაზე ვრცლად:

ვინ და რატომ ართმევს ამომრჩევლებს პირადობის მოწმობებს

 

თვე-ნახევარია ლექციებზე დავდივარ და შემთხვევით გავიგე, რომ საგნები გამიუქმეს – ბსუ-ს პროფესორი

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე ამბობს, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ისე ამოიღო მისი ორი საგანი სასწავლო კურსიდან, რომ ამის შესახებ არც მას და არც სტუდენტებს არაფერი აცნობა.

პროფესორის თქმით, თვე-ნახევარია პროგრამიდან ამოღებულ საგნებში ლექციებს უკითხავს სტუდენტებს. საგნების გაუქმების შესახებ კი შემთხვევით გაიგო.

„2020 წელს გავიმარჯვე ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონკურსში და ბსუ-ში ჩამოვაყალიბე ჟან მონეს კათედრა. ამ პროექტის ფარგლებში, სამართლის, საჯარო მმართველობის, საერთაშორისო ურთიერთობების და ევროპისმცოდნეობის პროგრამების სტუდენტებისთვის შეიქმნა სამი ახალი სასწავლო კურსი, მათ შორის „ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირში“ და „ევროკავშირის კონსტიტუციური სამართალი”.

მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე დიდი წინააღმდეგობა შემხვდა ამ კურსის დანერგვისას, არ შეჰქონდათ ბაზაში, რომ სტუდენტებს დაენახათ და აერჩიათ. დეკანთან და რექტორთანაც ძალიან ხმამაღალი საუბარი მქონდა ამაზე და შემდეგ მაინც ჩამისვეს ეს საგნები სასწავლო კურსში, როგორც არჩევითი საგნები და ვკითხულობდი ლექციებს.

ბოლო ერთი წელი აკადემიურ შვებულებაში, კვლევითი სტიპენდიით ვიყავი იტალიაში და ჩემს საგნებს სალომე კარალიძე კითხულობდა. როცა დავბრუნდი, მოვითხოვე ჩემი საგნების დაბრუნება.

წელს, როცა დაიწყო ახალი სასწავლო წელი, ჩამისვეს დატვირთვაში და იყო ცხრილშიც. დავიწყე ლექციების ჩატარება. თვე-ნახევარია ვატარებ ლექციებს საგნებში – „ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირში“ და „ევროკავშირის კონსტიტუციაში“ და რომ პროგრამიდან იყო ამოღებული ეს საგნები, არ ვიცოდი.  უცნაურია არა?“ – ამბობს მალხაზ ნაკაშიძე.

თუ საგნები გაუქმებული იყო, როგორ აირჩიეს სტუდენტებმა, ცხრილში მაინც იყო შეტანილი? – ვკითხეთ მალხაზ ნაკაშიძეს.

„ლოგიკური კითხვაა. მეც ეს მაინტერესებს.

როცა სექტემბერში დავბრუნდი, ჩემთვის არავის უთქვამს, რომ საგნები გაუქმებული იყო. სტუდენტებმაც ჩვეულებრივად აირჩიეს.

დეკანს შევხვდი, დეპარტამენტის უფროსს, არაერთ ადამიანთან მქონდა საუბარი და არავის არაფერი უთქვამს საგნების გაუქმებაზე. სრულიად შემთხვევით გავიგე დეპარტამენტში საუბრის დროს, როცა მოწვეულ პროფესორს უთხრეს, შენი კურსი ამოვარდა პროგრამიდანო და მაშინ გავიგე, რომ ჩემი ორი საგანიც იყო ამოღებული.

როცა კითხვები დავუსვი დეპარტამენტის უფროსს, მითხრა – „მე არაფერი ვიცი“.

ბოლოს, აკადემიური საბჭოდან გამოვითხოვე დოკუმენტი და იქ ეწერა, რომ 2023 წელს საჯარო მმართველობის პროგრამაში შეუტანიათ ცვლილებები და სასწავლო გეგმიდან ჩემი ორივე საგანი ამოუღიათ ისე, რომ არც ჩემთვის მოუწერიათ რაიმე, არც რაიმე განხილვა ყოფილა და დღემდე არაფერი ვიცოდი ამის შესახებ“, – ამბობს ნაკაშიძე.

ბსუ-მ მალხაზ ნაკაშიძის საპასუხოდ უნივერსიტეტის ფეისბუქზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერს, რომ „საჯარო მმართველობის“ საბაკალავრო  პროგრამის აკრედიტაციის ვადა 2024 წლის 31 დეკემბერს იწურება.

„აქედან გამომდინარე, ამ და ბსუ-ს სხვა საგანმანათლებლო პროგრამების რეაკრედიტაციის მიზნით, ბსუ-ს აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული ,,საჯარო მმართველობის“ განახლებული, დარგობრივ მახასიათებელთან შესაბამისობაში მოსული 3-წლიანი საგანმანათლებლო პროგრამა წარადგინა „განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრში“.

ბსუ-ს განმარტებით, ევროკავშირის კონსტიტუციური სამართალი და ადამიანის უფლებები ევროკავშირში, იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სასწავლო გეგმებშია ჩაშენებული.

მალხაზ ნაკაშიძე კი ამბობს, რომ კურსი, რომელსაც დაარქვეს ევროკავშირის პოლიტიკა, საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა ირაკლი მანველიძემ აიღო.

„რეალურად, ევროკავშირის კურსი ამოიღეს და სანაცვლოდ დატოვეს საგნები, რომელსაც დაარქვეს ევროკავშირის პოლიტიკა, რეალურად ეს არ არის ის პროგრამა, რაც მე მქონდა შემუშავებული და ამ კურსსაც წაიკითხავს ირაკლი მანველიძე, რომელსაც არც კომპეტენცია აქვს ამ საგნებში და არც აქამდე კითხულობდა ევროკავშირის სამართალზე არაფერს“, – ამბობს მალხაზ ნაკაშიძე.

მისი თქმით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან მსგავსი დამოკიდებულების საფუძველი მისი სამოქალაქო აქტიურობაა.

„მიზეზი იყო ალბათ ჩემი დამოკიდებულება უკრაინის ომთან დაკავშირებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში ვმონაწილეობდი და ყოველთვის მაქვს კრიტიკული პოზიცია სხვადასხვა საკითხის მიმართ. ვფიქრობ, ამის გამო ხდება ეს ყველაფერი.

რა განცხადებაც გაავრცელეს, ესეც არის სამარცხვინო და მაგასაც აუცილებლად ვუპასუხებ“, – ამბობს მალხაზ ნაკაშიძე.

Exit mobile version