რა მოხდება, თუ აშშ და ევროპა არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ? – ინტერვიუ

„სრული იზოლაცია დასავლეთისგან,“ – ასე უპასუხა კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ კითხვას, რა მოხდება, თუ დასავლეთი საქართველოში ჩატარებულ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ვახტანგ ხმალაძე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დროს მმართველი კოალიციის დეპუტატი იყო.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ ხმალაძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • თქვენი აზრით, რა შანსია, რომ დასავლურმა დემოკრატიულმა ქვეყნებმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ლეგიტიმურად მიიჩნიონ?

ბოლო დღეების განმავლობაში არჩევნების დღის დარღვევებზე არაერთი მტკიცებულება გამოჩნდა და შესაძლოა ამ დარღვევებმა არსებითი გავლენა მოახდინეს არჩევნების საბოლოო შედეგებზე. არაფერს ვამბობ იმ დარღვევებზე, რომელიც იყო არჩევნების დღემდე. მხედველობაში მაქვს მოსყიდვები, დაშინებები, პირადობის მოწმობების ჩამორთმევები, პირადი ნომრების შეგროვება, საჯარო მოხელეებს ავალდებულებდნენ თავიანთი ოჯახის წევრების პირადი ნომრები გადაეცათ „ქართული ოცნებისთვის“.

ერთ-ერთი მძიმე დარღვევა, რომელიც არჩევნების დღეს მოხდა, იყო არჩევნების ფარულობის დარღვევა. ისე ხდებოდა ელექტრონული აპარატებით ხმის მიცემა, რომ გარანტირებული არ აღმოჩნდა არჩევნების ფარულობის დაცვა, რაც კონსტიტუციური ვალდებულებაა.

არჩევნების დღეს გამოჩნდა ის, რომ დამკვირვებლებს ძალიან ბევრგან არ ეძლეოდათ საშუალება დაჰკვირვებოდნენ არჩევნების დროს ამომრჩევლის იდენტიფიკაციის პროცედურას. დაჰკვირვებოდნენ იმას, ამომრჩევლის რეგისტრაციისას პირადობის მოწმობისას აღნიშნული ფოტოსურათი შეესაბამებოდა თუ არა იმ ამომრჩეველს, ვისი პირადობის მოწმობაც წარადგინეს.

აღმოჩნდა საქართველოს პირველი ინსტანციის სასამართლოში ერთი მოსამართლე, რომელმაც ბათილად ცნო არჩევნები 30 საარჩევნო უბანზე იმ მოტივით, რომ არ იყო გარანტირებული ამომრჩეველთა ხმის მიცემის ფარულობის დაცვა.

ყოველივე ეს ძალიან მაღალი ალბათობით მიუთითებს იმაზე, რომ დემოკრატიული სახელმწიფოების მხრიდან არ იქნება აღიარებული არჩევნების შედეგები.

  •  ეს რას გამოიწვევს?

პირველ რიგში გამოიწვევს საქართველოს იზოლაციას დემოკრატიული სახელმწიფოებისაგან. რეალურად საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის შეწყვეტას ამ სახელმწიფოების მხრიდან.

ალბათ დიპლომატიური წარმომადგენლობები და საელჩოები დარჩება ქვეყანაში, მაგრამ ხელისუფლებასთან არანაირი საქმიანი ურთიერთობა უკვე დემოკრატიულ სახელმწიფოებს არ ექნებათ. ასევე შეწყდება ყველანაირი ფინანსური დახმარება ამ  სახელმწიფოების მხრიდან.

აქვე მინდა ყველას შევახსენო, რომ ამ დახმარების დიდ ნაწილს იღებდა უშუალოდ ხელისუფლება, რომელიც სხვადასხვა პროგრამის შესასრულებლად იყენებდა ამ დაფინანსებას. მხოლოდ რაღაც ნაწილი მიდიოდა სამოქალაქო საზოგადოების დასახმარებლად. ეს ნაწილი ალბათ დარჩება, მაგრამ რაც შეეხება ხელისუფლების ფინანსურ დახმარებას, ეს უკვე აღარ იქნება. შესაბამისად, შეწყდება ისეთი პროექტები, რომელიც დასავლეთის დაფინანსებით კეთდებოდა.

  • მაშინ რა ალტერნატივა რჩება საქართველოს?

რჩება ერთადერთი საშუალება, რომ ჰქონდეს ურთიერთობა ისეთი ტიპის სახელმწიფოებთან, როგორიც გახლავთ რუსეთი, ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა, ვენესუელა, ჩინეთი, ანუ ისეთ სახელმწიფოებთან, რომლებიც არ მიიჩნევიან დემოკრატიულ სახელმწიფოებად.

ეს საქართველოს განვითარებას მკვეთრად შეუშლის ხელს. გაიზრდება საქართველოდან ემიგრაციის ტალღა. ემიგრაციაში სწორედ ის ადამიანები მიდიან, ვისაც აქვს საკმარისი ცოდნა და უნარები იმისათვის, რომ საქმე აკეთოს საზღვარგარეთის დემოკრატიულ ქვეყნებში.

საქართველოში შემცირდება საქმის კეთების მცოდნე ადამიანთა რაოდენობა, რაც ასევე მკვეთრად  გააუარესებს საქართველოს განვითარების შესაძლებლობას. მათ შორის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას. ალბათ ამას მოჰყვება ლარის დევალვაცია და ყველაფერი ეს აისახება საქართველოში მყოფი თითოეული პირის ცხოვრების ხარისხზე.

  • თქვენი მოსაზრებით, რამდენად აქვს ფასი „ქართული ოცნებისთვის“ დასავლეთის მხრიდან აღიარებას? ზოგი ექსპერტი თვლის, რომ მხოლოდ სანქციები მოქმედებს „ოცნებაზე“ და არაფერი სხვა.

სანქციები მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება „ქართული ოცნების“ წევრებზე, პირველ რიგში მათზე, რომლებსაც უკავიათ მაღალი თანამდებობები. ვფიქრობ, ეს მათ სერიოზულად დააზარალებს.

კითხვა ასე უნდა დავსვათ – რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ “ქართული ოცნება” დაკარგავს ხელისუფლებას. რა ზიანი შეიძლება მათ მიიღონ გარდა პოლიტიკურისა, რომ დაკარგეს ხელისუფლება?

თუ გავითვალისწინებთ კორუფციის და სწორედ ელიტური კორუფციის მაღალ დონეს სახელისუფლებო სტრუქტურებში, ამ სტრუქტურების თანამდებობის პირთა და მათთან დაახლოებულ სხვა პირთა სასარგებლოდ, ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ასევე არც თუ მცირეა იმის ალბათობა, რომ დაიწყოს ასეთი კორუფციული შემთხვევების გამოძიება.

კორუფციის დადასტურების შემთხვევაში ძალიან მაღალია სანქციების ხარისხი. სანქციები შეეხება როგორც უკანონოდ მოპოვებული ქონების ჩამორთმევას, ასევე დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთასაც.

ძალიან რთული იქნება ამ კორუფციის შემთხვევების დამტკიცება, მაგრამ შეუძლებელი არ არის.

  • ფიქრობთ, რომ დასავლეთის მხრიდან არჩევნების არ აღიარებაზე მეტი დანაკარგი „ქართული ოცნებისთვის“ ხელისუფლების დაკარგვა იქნება?

მე არ ვიცი რა არჩევანს გააკეთებენ. ერთი რამ გავითვალისწინოთ, საერთაშორისო სანქციები გავრცელდება არამხოლოდ ამ პირებზე, არამედ მათი ოჯახის წევრებზეც. აქ დაუდგებათ პრობლემა, როგორც საზღვარგარეთ ვიზიტების, ასევე თავიანთი შვილების დემოკრატიულ ქვეყნებში სასწავლებლად გაშვების. რადგან ბევრი მათგანის შვილი სწავლობს სწორედ ევროპაში, შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთში. სანქციების შემთხვევაში მათ გამოაძევებენ იმ ქვეყნებიდან.

ყოველ შემთხვევაში ამის ალბათობა არის, რომ სანქციებმა ასეთი სახე მიიღოს.

მძიმე არჩევანის გაკეთება მოუწევთ მათ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ეს სანქციები მათთვის, ვინც არ იყო შესული კორუფციულ გარიგებებში, მაგრამ მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“.

ასეთ პირებს არჩევანის გაკეთების საშუალებაც კი არ ექნებათ.

რაც შეეხება ზოგადად ზიანს – ზიანი მოგადგებათ თქვენც, მეც და საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც საქმიანი ვიზიტები სურს ევროპაში ან აშშ-ში, კულტურული ვიზიტი ან უბრალოდ მოგზაურობა. მათ მოუწევთ ისევ მრავალსაათიან რიგში დგომა საკონსულოებში ვიზის მისაღებად. თანაც არავითარი გარანტია არ ექნებათ იმისა, რომ ისინი ამ ვიზას მიიღებენ.

პრობლემა შეექმნებათ ემიგრაციაში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს, ვინც მუშაობს, ევროპაში, აშშ-ში ან ბრიტანეთში. მუშაობენ და ამით ინახავენ თავიანთ ოჯახებს. ეს მარტო ოჯახისთვის დახმარებაც არ გამოდის, რასაც ისინი აკეთებენ. ეს არის ფაქტობრივი 2-3 მილიარდიანი ინვესტიცია ყოველწლიურად საქართველოს ეკონომიკაში. თავისი ახლობლებისთვის გადმოგზავნილი ფულით, ეს ახლობლები აქ ყიდულობენ სურსათს, ტანსაცმელს, იხდიან კომუნალურ გადასახადებს, ზოგი ახერხებს იმასაც, რომ დაიწყოს ეკონომიკური საქმიანობა. ყველაფერ ამასაც შეექმნება პრობლემები. თვით ემიგრანტების ყოფნასაც შეიძლება შეექმნას პრობლემები იმ სახელმწიფოებში, სადაც არიან.

ასე რომ დარტყმა იქნება ძალიან მძიმე.

  • ოპოზიცია ითხოვს ხელახალ არჩევნებს, ასევე უკვე ჩატარებული არჩევნების გამოძიებას. არ ჩანს იმის არანაირი ნიშანი, რომ ამას დასთანხმდება „ქართული ოცნება“. გაცხადებულად ამბობს ოპოზიცია, რომ არ შევა პარლამენტში და არ მისცემს ლეგიტიმაციას. სად არის ასეთ დროს გამოსავალი?

გამოსავალი არის რიგგარეშე არჩევნები. სხვა გამოსავალი არ არის. თუ ოპოზიცია უარს იტყვის მანდატებზე, პარლამენტში არ შევლენ, გააუქმებენ პარტიულ სიებს, ამის შედეგად ჩვენ გვეყოლება ერთპარტიული პარლამენტი.

მართალია, მას არ ექნება შესაძლებლობა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელსაც სჭირდება ხმების 3/5 ან 2/3, მაგრამ ყველაფერ დანარჩენ გადაწყვეტილებებს მიიღებს.

პარლამენტის ასეთი სტრუქტურა იქნება კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იმისა, რომ დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა საქართველო მოაქციონ იზოლაციაში.

  • თუ იზოლაციაში იქნება ქვეყანა, ერთპარტიული პარლამენტი ეყოლება და ეკონომიკური კრიზისი იქნება ქვეყანაში, ეს შეეხება როგორც ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს, ისე „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს. აქედან გამომდინარე, ხომ არ ფიქრობთ, რომ რიგგარეშე არჩევნები შეიძლება შედიოდეს თავად მმართველი პარტიის ამომრჩევლის ინტერესში?

გონივრული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში „ქართული ოცნების“ ამომრჩეველსაც უნდა უნდოდეს ის, რომ საქართველო არ აღმოჩნდეს იზოლაციაში. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ევროკავშირის კარი საქართველოსთვის დიდი ხნით აღმოჩნდება ჩაკეტილი და ამ კარის ჩაკეტვა ასევე იმოქმედებს თითოეული ჩვენგანის მდგომარეობაზე. როგორც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ასევე იმოქმედებს ჩვენს ჯიბეზე, ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ამიტომ გონივრული გადაწყვეტილება უნდა იყოს ხელახალი არჩევნები.

ხელახალი არჩევნები, რიგგარეშე არჩევნები, გამოიყენება ხოლმე  პოლიტიკური კრიზისის განსამუხტავად. უფრო მეტსაც გეტყვით: არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა მმართველი პარტია ამა თუ იმ სახელმწიფოში ატყობს, რომ ეცემა მისი რეიტინგი და თავადვე იწვევს რიგგარეშე არჩევნებს იმისათვის, რომ მიიღოს ლეგიტიმაცია თავისივე ამომრჩევლებისგან.

ხელახალი არჩევნები ეს არ არის გაუგონარი რამ. იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს უაღრესად სერიოზული და საკმარისად დასაბუთებული ეჭვი იმისა, რომ არჩევნების შედეგები არ შეესაბამება ამომრჩეველთა განწყობას, ანუ ოფიციალური შედეგები არ ასახავს რეალურ მდგომარეობას, ყველა ეჭვის გასაფანტავად და ლეგიტიმაციის მისაღებად, უნდა გაიმართოს რიგგარეშე არჩევნები.

არჩევნები უნდა ჩატარდეს იმგვარად, რომ აღმოიფხვრას ის დარღვევები, რომელთა გამოც დადგა ეჭვქვეშ არჩევნების კანონიერების საკითხი.

აი, ეს არის გონივრული გამოსავალი.

საარჩევნო დავებს განიხილავს მოსამართლე, რომელიც გავლენიანი პოლიციელის მამაა და წარსულში „ოცნების“ დეპუტატი იყო

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, სადაც მოსამართლეთა კოლეგია მსჯელობს დაირღვა თუ არა ხმის ფარულობის უფლება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

ხმის ფარულობის უფლებაზე საჩივარი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას აქვს შეტანილი. დასავლეთ საქართველოში მდებარე საოლქო საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ შეტანილი საიას სააპელაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ერთ საქმედ გააერთიანა და დღეს, 5 ნოემბერს დაიწყო განხილვა.

დღევანდელ სხდომაზე განიხილება სხვა არასამთავრობო, სადამკვირვებლო ორგანიზაციების სააპელაციო საჩივრებიც, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ და „ღია სივრცე კავკასიის“.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო საქმეს კოლეგიური შემადგენლობით განიხილავს, რომელშიც შედის ზაზა რამიშვილი (მომხსენებელი), ხათუნა ხომერიკი და შოთა სირაძე.

პროცესის დაწყებამდე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ დააყენა მოსამართლე შოთა სირაძის აცილების საკითხი, რადგან ორგანიზაცია თვლის, რომ მოსამართლის პარტიული კავშირების გამო, ის ვერ იქნება მიუკერძოებელი.

„ამჟამინდელი მოსამართლე შოთა სირაძე ხობის საკრებულოს თანამდებობის პირი გახლდათ, იყო „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი. ვინაიდან დღევანდელ პროცესში მესამე პირად არის პარტია „ქართული ოცნება“ ჩართული, მივიჩნიეთ, რომ მნიშვნელოვანი იყო, რისკებისგან დაგვეზღვია ეს პროცესი და დავაყენეთ მოსამართლის აცილების საკითხი, თუმცა არ დაკმაყოფილდა ჩვენი შუამდგომლობა და ბატონი შოთა კვლავ ზის კოლეგიაში,“ – განმარტა მედიასთან აცილების საკითხის დაყენება “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა მოწონელიძემ.

მოსამართლეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა ექსპერიმენტის ჩატარების შუამდგომლობაც.

„ჩვენ ვითხოვეთ მოეტანათ დემონსტრაციისთვის ბიულეტენის ნიმუში, რა ტიპის ბიულეტენსაც იყენებდნენ არჩევნებზე, მარკერი და ჩარჩო კონვერტი, რათა ადგილზეც ჩაგვეტარებინა ექსპერიმენტი, თუმცა ეს შუამდგომლობაც არ დააკმაყოფილა სამწუხაროდ სასამართლომ,“ – განმარტა ლელა მოწონელიძემ.

საჩივრების განხილვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
  • ვინ არის მოსამართლე შოთა სირაძე

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მოსამართლე შოთა სირაძე 2012-2014 წლებში იყო ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საორგანიზაციო განყოფილების გამგე; სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების გამგე.

2014-2015 წლებში კი იყო ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე.

შოთა სირაძე არის საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის მამა.

ვაჟა სირაძე კი იმ მაღალჩინოსნებს შორისაა, ვის დასანქცირებასაც ევროპარლამენტარები ითხოვდნენ.

თბილისში, რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციების პარალელურად, 23 აპრილს ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი გამოვიდა ინიციატივით სანქციები დაწესებოდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ვაჟა სირაძესა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, ზვიად ხარაზიშვილს, იგივე „ხარებას“.

ევროპარლამენტარის თქმით, „ეს ადამიანები ეწინააღმდეგებოდნენ ქართველი ხალხის ნებას და აკავებდნენ მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეებს“.

მტრული გარემო, ძალადობა და აგრესია – რატომ ხდებიან ჟურნალისტები სამიზნე არჩევნებზე

„მტრული და აგრესიული“ – ასე ახასიათებენ ქართველი ჟურნალისტები 26 ოქტომბრის არჩევნებზე გარემოს, რომელშიც ისინი მუშაობდნენ. ჟურნალისტები, ერთი მხრივ, არჩევნებზე დარღვევების გაშუქებას ცდილობდნენ, მეორე მხრივ კი, საარჩევნო უბნებთან მობილიზებული აგრესიული ჯგუფების მოგერიება უწევდათ, პოლიცია კი არ რეაგირებდა.

ორგანიზაცია „მედიაომბუდსმენის“ ანგარიშის თანახმად, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისას მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 48 შემთხვევა დაფიქსირდა და დანაშაულებრივი ქმედებებით ზიანი მიადგა მინიმუმ 70 ჟურნალისტსა და ოპერატორს.

„ბათუმელებთან“ ჟურნალისტები აღწერენ, როგორ უშლიდნენ ხელს ჟურნალისტურ საქმიანობაში და რა დარღვევები აღმოაჩინეს სხვადასხვა საარჩევნო უბანზე.

„მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ია გულიაშვილი ოპერატორთან ერთად კახეთის რეგიონში აშუქებდა არჩევნებს.

„კახეთის რეგიონში, ძირითადად ყველა საარჩევნო უბანზე ჰყავდათ მობილიზებული სუს-ის დაქირავებული, ე.წ. ძველი ბიჭები. მივიდოდით თუ არა საარჩევნო უბანზე, ხდებოდა მათი მხრიდან ჩვენი კონტროლი. გვიკონტროლებდნენ გადაადგილებას, დაგვყვებოდნენ, ისმენდნენ ვის რა კითხვას ვუსვამდით. თუ ჩათვლიდნენ, რომ ჩვენი იქ ყოფნა არ იყო მათთვის სასურველი და არ მოსწონდათ ჩვენი კითხვები, ღიზიანდებოდნენ.

ვიყავით თელავში, სოფელ ქვემო ხოდაშენის მე-16 საარჩევნო უბანში. გურჯაანში მივდიოდი და ჩემი ყურადღება მიიქცია აქ მობილიზებულმა ბევრმა ადამიანმა და ავტომობილმა. ოპერატორმა მითხრა, მგონი საჭმელს ჭამენო. ამის გამო გადავედით ამ უბანზე და ვნახეთ, რომ საარჩევნო უბნიდან 5-6 მეტრის მოშორებით იყვნენ ადამიანები, მანქანაზე საბარგული იყო ახდილი და მიირთმევდნენ, სვამდნენ წვენს და ბუნებრივია გამიჩნდა კითხვა, ვინ იყო მასპინძელი და იყო თუ არა ეს „ქართული ოცნება“.

იქ შეგროვილი ქალები წამში დაიშალნენ და ამბობდნენ, რომ ამომრჩევლები იყვნენ, რომლებმაც უკვე ხმა დააფიქსირეს. ეს იყო უცნაური და ჩავთვალე კანონდარღვევად. უბანთან ახლოს ხდებოდა ეს ამბავი.

ეს კითხვები მოისმინა დაგეშილმა „ქოც ზონდერმა“, მოვიდა ჩემთან და ამიკრძალა კითხვების დასმა, ეზოში ყოფნა. მოითხოვდა, დამეტოვებინა ტერიტორია. ბუნებრივია, რომ არ დავემორჩილეთ, ამას მოჰყვა მისი მხრიდან აგრესია. დაგვიწყო გინება, ჩხუბი. მოვახდინე მათი იდენტიფიცირება, ეს იყო დათო ესიკაშვილი და მას შეუერთდა მეორე ადამიანიც, ბადრი ბუიშვილი.

ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელს მიშლიდნენ. ვინც ინიციატორი იყო ამ აგრესიის, ჩემს ოპერატორს გასტაცა კამერა, რაკი მიხვდა, რომ ჩვენ იქიდან არ გამოვიდოდით. გაიტაცა კამერა და თავისი ნებით არ დაუბრუნებია, რაღაცნაირად მოვახერხეთ და ისევ ჩვენ წავართვით.

ამის შემდეგ გადავინაცვლე ამავე ეზოს მეორე წერტილში, სადაც უკვე მამაკაცები იყვნენ მობილიზებული და მათაც სუფრა ჰქონდათ გაშლილი და სასმელს სვამდნენ. აქაც ვიკითხე, თუ რატომ იყვნენ მობილიზებულები. აგრესიულები გახდნენ. ერთ-ერთი მათგანი გამოეყო, მიკროფონი წამართვა ხელიდან და გადამიგდო“, – გვიყვება ია გულიაშვილი.

ჟურნალისტის თქმით, მან ორჯერ დარეკა 112-ში და გამოიძახა პოლიცია, თუმცა პოლიცია ადგილზე არ მისულა.

„მიმაჩნდა, რომ იქ ყოფნა ჩვენთვის უკვე საშიში იყო, რადგან გვემუქრებოდნენ, რომ დაგვალეწავდნენ კამერას თავზე და ფიზიკურად გაგვისწორდებოდნენ, თუმცა პოლიცია არ მოვიდა. მოგვიანებით დამირეკა გამომძიებელმა და მითხრა, რომ ჩემი საქმე გადაცემული იყო სპეციალური საგამოძიებო სამსახურისათვის“.

ია გულიაშვილი ამბობს, რომ მოახერხა და კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს მიმართა:

„ყურადღება არც მან მოგვაქცია. გვითხრა, რომ მისი პრეროგატივა არ იყო, რა ხდებოდა უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე და არც ინციდენტის შესახებ გაუგია, თუმცა აქვე გეტყვით, რომ საკუთარი თვალით დავინახე, როგორ იყურებოდა და ხედავდა ყველაფერს, რაც ხდებოდა ეზოში”.

ია გულიაშვილმა უკვე მისცა ჩვენება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მას შემდეგ, რაც „მედიაომბუდსმენის“ მიმართვის საფუძველზე დაიწყეს ამ საქმეზე გამოძიება.

„მე არ მაქვს არანაირი მოლოდინი და იმედი, რომ ვინმე დაისჯება, იმიტომ, რომ ასეთი პრეცედენტი არ მახსენდება. ეს მხოლოდ ფორმალობაა და ზუსტად ვიცი, რომ ამ საქმესაც შემოდებს უწყება თაროზე, როგორც სხვებს“ – ამბობს ჟურნალისტი.

ია გულიაშვილი, ჟურნალისტი

ია გვიყვება, რომ არჩევნების წინა დღეს, 25 ოქტომბერს, ის გურჯაანში იყო, რადგან მიიღო ინფორმაცია, რომ ერთსა და იმავე მისამართზე ჩაწერილი ჰყავდათ ათეულობით მოქალაქე. ჟურნალისტი გვიამბობს, რომ ფაქტების გადასამოწმებლად გურჯაანის #2 საარჩევნო უბანზე მივიდა, სადაც უნდა მიეცათ ხმა ამ მისამართებზე ჩაწერილ პირებს.

„კომისიის თავმჯდომარეს შევხვდი. მასთან ინტერვიუს დროს შემოვიდა ერთი პირი, რომელმაც კომისიის თავმჯდომარე გაიყვანა და უთხრა, პოლიციელები არიან მოსული, თქვენ გეძახიანო.

შემდეგ გაირკვა, რომ ეს პოლიციელები იყვნენ დაცვის თანამშრომლები, რომლებსაც უნდა დაეცვათ ობიექტი. კითხვით გადავედი დაცვის თანამშრომლებთან, რამაც გამოიწვია „ქოც ზონდერის“ გაღიზიანება. ეს გახლავთ ვინმე კახა დევიძე, რომელიც გურჯაანის სპორტსკოლაში მაშველად ჰყავთ გაფორმებული… გვითხრა, რომ ჩვენ არ გვქონდა უფლება კითხვები დაგვესვა სამართალდამცველებისთვის და „გამოვთრეულიყავით“ შენობიდან გარეთ.

მერე დაგვიწყო გინება, ჰქონდა ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობა. იწევდა კამერისაკენ დასამტვრევად.

დავრეკე 112-ში, აქაც არ მომაქცია პოლიციამ ყურადღება და ეს ეპიზოდიც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეცა მოსაკვლევად”, – ამბობს ია გულიაშვილი.

„ბათუმელები“ კიდევ ერთ ჟურნალისტს, ნინო ელიკაშვილს ესაუბრა. ნინო ტელეკომპანია „პირველის“ თანამშრომელია და არჩევნებს მარნეულის რამდენიმე საარჩევნო უბნიდან აშუქებდა.

„მე-4 საარჩევნო უბანზე იყო ჩვენ მიმართ აგრესია და დაგვიპირისპირდნენ ფიზიკურადაც.

გვქონდა ინფორმაცია, რომ ამ უბანზე იყო საარჩევნო დარღვევა, „კარუსელი“.

როდესაც საარჩევნო უბანზე მივედით, უკვე შევამჩნიე გარეთ ადამიანთა ჯგუფი და ისინი არ იყვნენ ამომრჩევლები… პირველ რიგში, ყველა წესის დაცვით გავიარე რეგისტრაცია და სწორედ ამ დროს უკვე მესმოდა ჩოჩქოლისა და ხმაურის ხმა. გამოვედი გარეთ და უკვე იყო სიტყვიერი დაპირისპირება. იქ იყვნენ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, რომლებსაც უპირისპირდებოდა იქ მყოფი ჯგუფი და მიდიოდა გარჩევა, თუ ვინ რატომ იმყოფებოდა საარჩევნო უბანთან.

სწორედ ამ დროს გამოვიდა საარჩევნო უბნიდან დამკვირვებელი გიორგი გოცირიძე, რომელმაც თქვა, რომ კომისიის ერთ-ერთმა წევრმა მას ხელი დაარტყა. რა თქმა უნდა, დავიწყე გარკვევა, თუ ვინ იყო ეს კომისიის წევრი, ეს იყო ლაივშიც. როცა გიორგიმ ეს თქვა, მის მიმართ წამოვიდა აგრესია. გიორგიმ მალევე დატოვა ტერიტორია, რადგანაც არსებობდა საფრთხე.

ადგილზე დარჩნენ ეზოში შეკრებილი ჯგუფები, იყო გარჩევა, თუ ვინ ვის დაარტყა. ჩვენ ამ დროს უკვე ლაივში ვიყავით. ერთ-ერთი ორგანიზაციის დამკვირვებელი, რომელსაც ჰქონდა ბეიჯი, ჩვენკენ წამოვიდა აგრესიით. გვეუბნებოდა, თქვენ აქ პროვოკაციის გამო მოხვედით, რატომ იმყოფებით აქო.

ჩემს ოპერატორს წიხლი დაარტყა, ეს კადრიც არსებობს“.

ნინო ელიკაშილის თქმით, მოგვიანებით გაარკვია, რომ ადამიანი, ვინც ფიზიკურად იძალადა მის ოპერატორზე, იყო დამკვირვებელი ორგანიზაციიდან, რომელიც დაკავშირებულია „ქართულ ოცნებასთან“.

ნინო ელიკაშვილი, ჟურნალისტი

„კიდევ იყვნენ აგრესიულად განწყობილი, ჩემთვის უცნობი ადამიანები, რომლებიც გვეძახდნენ: „პროვოკატორებს”, „თქვენ ნაცების ტელევიზია ხართ“ და იყო ძალიან მტრული გარემო, მტრული განწყობა.

იქ ასევე იყო „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელი, ამირან გიორგაძე, რომელიც თანამდებობას იკავებს საკრებულოში, როგორც გავარკვიე. არ შეიძლებოდა მისი იქ ყოფნა დიდხანს. თუკი ხმას აძლევდა, უნდა შესულიყო, მიეცა და წასულიყო. როცა გარკვევა დავიწყე, თუ რატომ იმყოფებოდა საარჩევნო უბანთან, აქეთ გადმოვიდა შეტევაზე, თქვენ რატომ იმყოფებით აქ, პროვოკაციის მოსაწყობად ხართო.

ამ კონფლიქტისას პირდაპირ გვეუბნებოდნენ, წადით, დატოვეთ ტერიტორია, აქ არაფერი გესაქმებათო.

ოპერატორს ემუქრებოდნენ ფიზიკური ანგარიშსწორებით. იყო ბევრი გინება ჩვენი მისამართით. ჩვენც მოგვიწია ტერიტორიის დატოვება.

პოლიციაც გამოიძახეს. პირდაპირ ეთერში ვუთხარი პოლიციას, რომ ჩვენ მიმართ იყო ფიზიკური ანგარიშსწორება, დაგვარტყეს წიხლები, პოლიციელის პასუხი იყო – მიმართეთ პრესცენტრს. მეტი კითხვა მე არ დამისვამს მისთვის, რადგან მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა და მივხვდი იმასაც, რომ დროულად უნდა დამეტოვებინა ჩემს ოპერატორთან ერთად ეს ტერიტორია, რადგან იყო საშიშროება. იყო ფრაზები – „ჩამოვალ და მე შენ რას გიზამ, იცი?”იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა. მივხვდი, რომ პოლიცია არ დამიცავდა“ – გვიყვება ჟურნალისტი.

მისი თქმით, პოლიცია გარკვევით ხედავდა, რა სიტუაციაც იყო საარჩევნო უბანზე, ხედავდა უამრავ მობილიზებულ ადამიანს:

„პოლიციას უნდა გაერკვია, ხდებოდა თუ არა ზეგავლენა ამომრჩეველზე, ან იყო თუ არა კანონი დარღვეული. მეორე მხრივ, ხედავდნენ, რომ პირდაპირ დასარტყმელად მოდიოდნენ, გვირტყამდნენ. ერთ-ერთი ქალბატონი პირდაპირ მემუქრებოდა, სახეს ჩამოგკაწრავო“.

ნინო ელიკაშვილი გვიყვება იმასაც, რომ მარნეულში, საარჩევნო უბნებზე ნახა ერთი და იმავე ორგანიზაციიდან მინიმუმ სამი ან ოთხი ადამიანი, რაც კანონდარღვევაა – „ეს ადამიანები პირდაპირ უბანზე გადაადგილდებოდნენ დაუფარავად“, – გვითხრა ჟურნალისტმა.

ონლაინგამოცემა „პუბლიკას“ რეპორტიორს, მინდია გაბაძეს ჟურნალისტური საქმიანობისას ხელი ეშლებოდა საარჩევნო უბნებზე თბილისში, გლდანში. ჩვენთან საუბრისას ჟურნალისტი ამბობს, რომ გასული ორი არჩევნების დროსაც ის ამ უბნებიდან აშუქებდა მიმდინარე პროცესს და მაშინაც უპირისპირდებოდნენ.

„ამ შემთხვევაში გადავრჩი ფიზიკურ დაპირისპირებას. ორ უბანზე იყო ყველაზე მწვავე სიტუაცია. ერთი პირი მომიტრიალდა, ნუ მიღებო და სცადა წიხლი დაერტყა, თუმცა ვერ მომწვდა. მალევე წავიდა ეს ადამიანი. ეს ხდებოდა 79-ე სკოლაში, 59-ე და მე-60 უბნებზე.

ასევე ვაკვირდებოდი 39-ე სკოლაში გახსნილ საარჩევნო უბნებს. მე და ჩემი კოლეგა, შაკო ბრეგაძე ვიყავით.

საარჩევნო უბანთან 100 მეტრზე ნაკლებ მანძილზე იყვნენ შეკრებილები. ჩვენ უბრალოდ ვკითხეთ, რატომ და ამას მოჰყვა მათი გაღიზიანება და დაიწყეს ჩვენი გინება. ამ სკოლებში განთავსებულ უბნებს შორის დავდიოდით, ერთ ჯერზე შაკო ქვემოთ დარჩა, ზემოთ მარტო მე ავედი და ამომყვა „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი, თამუნა ჩქარეული. ამ დროს მე და თამუნას გვაგინეს და ისეთ მდგომარეობამდე ვიყავით, რომ, ფაქტობრივად, მტრულ გარემოში მოგვიწია გადარჩენა.

ყოველ წუთას გვეგონა, რომ აი, ახლა დაგვარტყამენ, აი, ახლა.

ძალიან დაძაბული სიტუაცია შეიქმნა, მაგრამ საბოლოო ჯამში გადავრჩით” – გვიყვება მინდია გაბაძე.

მინდია გაბაძე, ჟურნალისტი. ფოტო: ალექსანდრე ქეშელაშვილი/ „პუბლიკა“

ჟურნალისტის თქმით, საარჩევნო უბნის ეზოში შეკრებილი ადამიანებიდან ერთ-ერთი, რომელიც ყველაზე აგრესიული იყო, უბანზე შევიდა და ისე იქცეოდა, თითქოს საკუთარ სახლში იყო:

„შემოვიდა, ტელეფონიც შეაერთა, დატენა, არანაირი აკრედიტაცია არ ჰქონდა და ამან გამოიწვია ეჭვი, რომ ის ადამიანი იქ არ უნდა ყოფილიყო. საუბარია შუადღეზე, მინიმუმ სამ საათზე, ხმის მიცემის მიზნით ნამდვილად არ იყო იქ“.

ჟურნალისტს პოლიციაში არ დაურეკავს. მისი თქმით, არ ჰქონდა პოლიციის შესაბამისი რეაგირების მოლოდინი.

მინდია გაბაძე 4 ნოემბერს იყო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ჩვენების მისაცემად, თუმცა მას არ აქვს იმედი, რომ გამოძიება დასრულდება.

„მარტის აქციებზე ჩემი კოლეგები, ვისაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ვისზეც დაიწყო გამოძიება, ცნეს დაზარალებულად, მათი საქმეებიც არ არის მიყვანილი ბოლომდე და დღემდე არავინ არ არის დასჯილი, ამიტომ არ მაქვს საფუძველი, იმედი მქონდეს გამოძიების დასრულების, მაგრამ მე ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ გამოძიება დაიწყოს და არ ვარ ჩაკეტილი გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის“ – ამბობს ჟურნალისტი.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, ლიკა ჩახუნაშვილი ამბობს, რომ ჟურნალისტები ყველა არჩევნების დროს  ხდებიან სამიზნე, რადგან ისინი ფაქტობრივად მტკიცებულებებს ქმნიან. 

„იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო კომისიას, ან არჩევნებში ჩართულ სხვადასხვა მხარეს აქვს რაღაც დასამალი, ჟურნალისტების ადგილზე ყოფნა უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას. ჟურნალისტები ყველანაირად ცდილობენ, რომ აღწერონ პროცესი, თუ ამ პროცესში მოხდა რაიმე სახის დარღვევა, მოახდინონ ამ დარღვევის დოკუმენტირება.

ჩემი ვარაუდით, სწორედ ეს იყო ამოცანა იმ მხარის, რომელსაც სურდა არჩევნების გაყალბება, რომ ჟურნალისტებს, არ ჰქონოდათ წვდომა ამ მტკიცებულებებზე. ესაა ალბათ მთავარი მიზეზი, რატომაც არ უნდოდათ ჟურნალისტების ყოფნა საარჩევნო უბნებზე, არც საარჩევნო უბნების მიმდებარედ. 

მეორე მიზეზი, ჩვენს კონტექსტში რაც უფრო ადრე დაიწყო, რუსული კანონის შემობრუნებიდან – იცით, რომ თვეების განმავლობაში „ქართული ოცნება“ აწარმოებდა კამპანიას ჟურნალისტების წინააღმდეგ იმ მიზნით, რომ ეს პროფესია საქართველოში ექცია პროფესიად, რომელიც თითქოს არ არის პატივსაცემი. ეწეოდნენ ჟურნალისტების დემონიზაციას, მათ აკერებდნენ სრულიად დაუმსახურებელ, უსამართლო იარლიყებს და ამ ყველაფრის შედეგი ჩვენ ვნახეთ არჩევნების დროს. 

ძალიან ბევრი ვიდეო ვნახე და ბევრი მოვისმინე იმ შემთხვევებზე, როდესაც ჟურნალისტებს ხელს უშლიდნენ მუშაობაში. შეამჩნევდით, რომ გინების პარალელურად შემოდის ახალი ლექსიკა, მათ უწოდებდნენ ხალხის მტრებს, აგენტებს, უსამშობლოებს, გაყიდულებს და სხვა, მსგავს ტერმინებს, რამაც სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა. 

ზოგადად, რომ შევადაროთ, ეს არჩევნები წინა საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც 2020 წელს ჩატარდა, დრამატულად არის გაზრდილი [ჟურნალისტებისთვის ხელისშეშლის] შემთხვევების რაოდენობა.  ამ არჩევნებზე ხელშეშლა იყო სისტემური, ტოტალური, ყველგან ხდებოდა.

ეს არ იყო ისე, რომ რომელიღაც ერთი ადამიანი, ან კომისიის წევრი, ან გარეთ მყოფი ადამიანი გაბრაზდა და გამოხატა ჟურნალისტის მიმართ აგრესია. არა.

ეს იყო კარგად ორგანიზებული, წინასწარ დაგეგმილი ქმედებების ერთობლიობა, რომლის მიზანი იყო ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელის შეშლა.

აგრესია ჟურნალისტების მიმართ მოდიოდა საარჩევნო პროცესში ჩართული ყველა მხარიდან – საარჩევნო კომისიის წევრი, ზოგ შემთხვევაში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, უბანზე მყოფი პირები, შეიძლება ეს ყოფილიყვნენ „ქართული ოცნების” წარმომადგენლები, ე.წ. დამკვირვებლები, რომლებიც გაუგებარ, სავარაუდოდ ხელისუფლებასთან დაახლოებულ ორგანიზაციებს წარმოადგენდნენ; პირები, რომლებიც კანონის დარღვევით უბნის გარე პერიმეტრზე იყვნენ მობილიზებულები… ყველა მათგანი, ყველგან: თბილისის ცენტრში, გარეუბანში, დიდ ქალაქში, პატარა ქალაქში, სოფელში, აღმოსავლეთში თუ დასავლეთში – ყველგან ისინი იქცეოდნენ ერთნაირად, აგრესიულად ჟურნალისტების მიმართ და ყველა მათ ხელთ არსებული საშუალებით ცდილობდნენ ჟურნალისტებისთვის ხელისშეშლას გადაღებაში და ჩაწერაში“ – ამბობს ლიკა ჩახუნაშვილი. 

_________________________________

ამავე თემაზე:

როგორ უშლიდნენ ჟურნალისტებს ხელს არჩევნების გაშუქებაში – თავდასხმა, შეურაცხყოფა, ტიტუშკები

 

 

 

 

 

 

 

„ბათუმელების“ მკითხველმა 97 742 ლარი შეუგროვა ნათიას – ქალი 30 სული პირუტყვით მთაში

ნათია აბულაძე, ქალი ხულოდან, რომელიც მარტო უვლის 30 სულ პირუტყვს და ოცნებობს ჰქონდეს პატარა მიწა, სადაც ცალკე სახლი და ბოსელი ექნება, „ბათუმელებმა“ მკითხველებს წელს, აგვისტოში გააცნო.

„ბათუმელების“ სტატიას და ვიდეომასალას მკითხველების დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ნათიას დახმარების სურვილი ათასობით ადამიანმა გამოთქვა.

ნათია აბულაძეს „ბათუმელების“ მკითხველმა, ჯამში, 97 742 ლარი შეუგროვა.

ნათია იალაღიდან დაახლოებით 20 დღის წინ დაბრუნდა თავის სოფელში. აჭარის მთებში წელს ნაადრევად დაზამთრდა და ნათიამ მხოლოდ ერთი ახალი ბოსლის აშენება მოასწრო მისი ოჯახის მიწის ნაკვეთზე, სადაც 15 სულ პირუტყვს შეინახავს ამ ზამთარში. მისი გეგმაა კიდევ ერთი ბოსელი ააშენოს, მაგრამ ავდრის გამო არ დასცალდა.

„თოვლმა მომისწრო და საქონლის ნახევარი მოშორებით, მეზობლის ბოსელში მყავს. იქ მომიწევს მათი შენახვა. 1 ძროხა მთაში მომიკვდა და 29 სული მყავს ახლა.

ძროხების გაყიდვას არ ვაპირებ. მინდა მოვუარო, ამ საქმეს მოვკიდო ხელი. ჯერ შემიძლია და შემდეგ ვნახოთ, ალბათ ვინმეს დავასაქმებ“.

იალაღიდან დაბრუნებულმა ნათიამ საქონლის გამოსაზამთრებლად თივის მომარაგება ვერ მოასწრო – „ახლა ვცდილობ თივა ვიყიდო. ცოტა მთიდან ჩამოვიტანე და ეს მაქვს მხოლოდ ახლა”.

ნათიას ისევ უნდა სახლი და ბოსელი იყიდოს ისეთ ადგილას, სადაც ფერმერულ საქმიანობას შეძლებს:

„ჩემს სოფელში საძოვრები არ არის. სანამ საქონელი ხბოებს არ მოიგებს, იქამდე არ მინდა მათი გაყიდვა. შემდეგ გავყიდი რამდენიმეს და ვიყიდი სახლს. ამისთვის ვწვალობ, აბა რისთვის?!“.

ნათია აბულაძე. ფოტო: ბათუმელები/ნინო ართმელაძე

„ბათუმელების“ რეპორტაჟის შემდეგ, ნათიას შესახებ გადაცემა მოამზადა “ნანუკა ჟორჟოლიანის შოუმ”. ტელეწამყვანის თქმით, გადაცემის მაყურებელმა ნათიასთვის 13 296 ლარი შეაგროვა.

ნახეთ „ნათიას ბრძოლა სიღარიბის წინააღმდეგ“

ნათიას ბრძოლა სიღარიბის წინააღმდეგ

 

 

 

გოდერძის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი/ანგისა – ახალციხის საავტომობილო გზის 106-123 კილომეტრზე,  გოდერძის უღელტეხილზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დღეს, 5 ნოემბერს, დილიდან თოვს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანეთში.

____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

რა ჩაწერა გადაწყვეტილებაში მოსამართლემ, რომელმაც უბნების გაბათილებაზე უარი თქვა

მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ, ცესკოს მსგავსად, ამომრჩევლის პასუხისმგებლობა დაინახა იმაში, თუ კი არჩევნებზე ხმის ფარულობა დაირღვა. თუმცა წუხელ, 4 ნოემბერს, თეთრიწყაროს მოსამართლემ მსგავს ფაქტებზე თქვა, რომ ხმების ფარულობა არჩევნებზე დაირღვა.

24 მოსამართლიდან მხოლოდ ერთმა, თეთრიწყაროს მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუამ თქვა, რომ ხმის ფარულობა დაირღვა. დღეს, 5 ნოემბერს, საიას სარჩელების განხილვა სააპელაციო სასამართლოებში გაგრძელდება.

„ბათუმელები“ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, გოჩა ფუტკარაძის დასაბუთებას გაეცნო იმაზე, თუ რატომ არ დააკმაყოფილა მოსამართლემ საიას სარჩელი:

„ამომრჩევლის მიერ სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში საარჩევნო ბიულეტენის სწორად მოთავსების, ხოლო შემდგომ ამომრჩევლის მიერ სპეციალური ჩარჩო-კონვერტით საარჩევნო ბიულეტენის ხმის დათვლის სპეციალურ ელექტრონულ აპარატში სწორად მოთავსების შემთხვევაში, შეუძლებელი იყო ხმის მიცემისა და საარჩევნო ბიულეტენის შევსების ფარულობის დარღვევა.

კერძოდ, შეუძლებელია გამოჩენილიყო, თუ რომელი საარჩევნო სუბიექტის წინ არსებული წრე გააფერადა ამომრჩეველმა. სპეციალური ჩარჩო-კონვერტში საარჩევნო ბიულეტენის დადგენილი წესით მოთავსების შემთხვევაში, სპეციალური ჩარჩო-კონვერტი მთლიანად ფარავდა საარჩევნო ბიულეტენებზე აღნიშნულ საარჩევნო სუბიექტების მონაცემებს,“ – წერს გადაწყვეტილებაში ხელვაჩაურის მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე.

საია ხელვაჩაურის სასამართლოში ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს საარჩევნო ოლქებში უბნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდა. საუბარია იმ უბნებზე, სადაც არჩევნები ელექტრონულად ჩატარდა.

საიას არგუმენტები სასამართლოში ხმის ფარულობის დარღვევაზე ასეთია:

„იმ უბნებზე, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა, კენჭისყრის დღესვე გამოიკვეთა ხმის ფარულობის დარღვევის შემთხვევები, რომლებიც, გაანალიზების შემდეგ აღმოჩნდა იმდენად მასშტაბური, რომ ცხადყო საარჩევნო უფლების უმნიშვნელოვანესი პრინციპის, ხმის ფარულობის მასობრივი დარღვევა. აღნიშნული გამოიხატა მასში, რომ დაფიქსირებული ხმა ისახებოდა ბიულეტენის უკანა მხარეს. ფარულობის დაცვას ვერ უზრუნველყოფდა ვერც ჩარჩო კონვერტები, ეს გამოწვეული იყო, ერთი მხრივ, კონვერტის ზომით, ხოლო მეორე მხრივ იმით, რომ კომისიის წევრების [საარჩევნო ყუთისა და ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის ზედამხედველი კომისიის წევრი] მხრიდან გაცემული ბიულეტენის ჩარჩო-კონვერტში მოთავსების განმარტებული წესის დაცვის პირობებშიც კი ხმის მთვლელ აპარატში შეცურების მომენტში ბიულეტენის უკანა მხარე ნაწილ-ნაწილ ხილული ხდებოდა.

არჩევნების ფარულობის პრინციპი დაირღვა იმითაც, რომ საარჩევნო უბნების გახსნისთანავე [06:45 საათზე] „ქართული ოცნების” წარმომადგენლების მიერ უბნებზე მასობრივად განთავსდა ვიდეო-კამერები. საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული ვიდეოკამერები, ზოგ შემთხვევაში, უყურებდა რეგისტრატორის მაგიდებს და ვერიფიკაციის აპარატებს, ზოგ შემთხვევაში კი – ხმის მიცემის კაბინებს და ძირითად საარჩევნო ყუთს. ამას გარდა, ზოგ კენჭისყრის შენობაში დამონტაჟებული იყო კამერა, რომელიც არ იყო დალუქული. შესაბამისად ადგილი ჰქონდა ხმის ფარულობის პრინციპის მასშტაბურ დარღვევას, რამაც ამომრჩეველთა თავისუფალ ნებაზეც მოახდინა გავლენა. შესაბამისად, დაირღვა არა მხოლოდ ფარულობის, არამედ ნების თავისუფალი გამოვლენის პრინციპები“.

სასამართლო სხდომაზე ხელვაჩაურის საოლქო კომისიის წარმომადგენლებს უთქვამთ, რომ საარჩევნო ბიულეტენის უკანა მხარეს ე.წ. „გაფერადებული წრის კვალის“ გამოჩენით ამომრჩევლის ნების სხვა ადამიანებისთვის შეცნობა ან აღქმა შეუძლებელია. „საარჩევნო ბიულეტენის უკანა გვერდზე ე.წ. გაფერადებული წრის კვალის გამოჩენა არ წარმოადგენს კენჭისყრის ფარულობისა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის პრინციპის დარღვევას,“ – ვკითხულობთ ხელვაჩაურის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე თავის გადაწყვეტილებაში ცესკოს არგუმენტებს იზიარებს:

„ამასთანავე, ცესკომ საარჩევნო ბიულეტენის ზომისა და არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების რაოდენობის გათვალისწინებით, დაამზადა ისეთი ზომის სპეციალური ჩარჩო-კონვერტი, რომელშიც საარჩევნო ბიულეტენის დადგენილი წესით მოთავსების შემთხვევაში, სრულად იქნებოდა უზრუნველყოფილი კენჭისყრის ფარულობა.

ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენის სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში არასწორად მოთავსების შემთხვევაშიც, ცესკოს მიერ დამზადებული საარჩევნო ბიულეტენის სისქისა და საარჩევნო ბიულეტენზე აღნიშნული საარჩევნო სუბიექტების სიმრავლის გათვალისწინებით, შეუძლებელია იმის დადგენა, თუ ამა თუ იმ ამომრჩეველმა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს, გამოყენებულ საარჩევნო ბიულეტენის უკანა გვერდზე არ ჩანდა/ჩანს საარჩევნო სუბიექტების სახელწოდებები და რიგითი ნომრები, მათ შორის არც რიგითი ნომრების წინ არსებული წრეები.

აღსანიშნავია, რომ ცესკოს მიერ საარჩევნო ბიულეტენებისთვის შეძენილი ქაღალდი, რომელიც იყო მაღალი გრამაჟობის ოფსეტური ქაღალდი, შეძენილი იქნა საარჩევნო ბიულეტენების ტექსტის დამტკიცებამდე პერიოდში, მომწოდებელი კომპანია „სმარტმატიკისგან“ გაცემული რეკომენდაციის გათვალისწინებით. აღნიშნული რეკომენდაციით, საარჩევნო ელექტრონული აპარატებისთვის განკუთვნილი საარჩევნო ბიულეტენებისთვის ცესკოს უნდა შეეძინა ოფსეტური, 162 გრამიანი (+-20%) ქაღალდი. ცესკომ, კი შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა, 190 გრამიანი ოფსეტური ქაღალდი, რომელიც უფრო სქელია, ვიდრე რეკომენდებული იყო მომწოდებელი კომპანიის მიერ.

კენჭისყრის დღეს, ამომრჩევლის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია ხორციელდება მხოლოდ ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ. შესაბამისად, კენჭისყრაში მყოფ სხვა პირთა მიერ, პრაქტიკულად შეუძლებელია ამომრჩევლის იდენტიფიკაცია კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა და კენჭისყრის შენობაში მყოფ პირთა რაოდენობისა და საარჩევნო უბნების ადგილსამყოფლის გათვალისწინებით, რაც გულისხმობს იმ უბნებს და მათში ამომრჩეველთა რაოდენობას, სადაც ელექტრონული არჩევნები გაიმართა იმის თეორიულად დაშვების შემთხვევაშიც, თუ საარჩევნო ბიულეტენის უკანა გვერდზე ჩანს სპეციალური მარკერის კვალი. კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობებში განთავსებულ ვიდეოკამერებთან.

ამომრჩევლის მიერ ბიულეტენის კონვერტში სწორად მოთავსების შემთხვევაში, შეუძლებელი იყო ხმის მიცემისა და საარჩევნო ბიულეტენის შევსების ფარულობის დარღვევა.

აღნიშნულს უზრუნველყოფდა არჩევნებზე გამოყენებული სპეციალური ჩარჩო-კონვერტის ფორმა (ზომა/სისქე) და საარჩევნო ბიულეტენის ფორმა (სისქე/ზომა). ცესკოს მიერ სპეციალური ჩარჩოკონვერტი დამზადებული იყო იმგვარი სისქის ქაღალდისგან და იმ მოცულობით, რომელშიც საარჩევნო ბიულეტენების დადგენილი წესით მოთავსების შემთხვევაში სრულად იყო დაცული ხმის ფარულობა.

სასამართლო მიაჩნია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების დასაბუთება მოსარჩელის საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში არის მართებული. სასამართლო სრულად იზიარებს მოპასუხეების პოზიციას იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს საჩივრის განხილვისას კომისიისათვის არ წარუდგენია, რაიმე სახის მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა სარჩელში მოყვანილ სადაო ფაქტობრივ გარემოებებს. ნიშანდობლივია, რომ მოსარჩელეს არც სასამართლოსათვის წარმოუდგენია, რაიმე მტკიცებულება სადაო ადმინისტრაციული აქტების ბათილობის შესახებ, რომელიც ზოგადად მაინც დაადასტურებდა კომისიების მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის ფაქტს,“ – ვკითხულობთ მოსამართლე გოჩა ფუტკარაძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში.

გამოფენა თიბისი კონცეპტში „An Atlas of Commoning: კოლექტიური წარმოების ადგილები“

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 15 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში მასპინძლობს საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (Ifa-Institut für Auslandsbeziehungen) გამოფენას An Atlas of Commoning: კოლექტიური წარმოების ადგილები, ARCH+-თან თანამშრომლობით.

სოციალური მედია და სხვა პლატფორმები, რომელთა ბიზნეს მოდელები ეფუძნება სოციალური ურთიერთობების კომერციალიზაციას, სიტყვებს, როგორებიცაა „საზოგადოება”, „გაზიარება” ან „ჩვენ”, გარდაქმნიან ცარიელ ცნებებად, რომლებიც თავის თავში აღარ მოიაზრებენ სოლიდარობას ან პროგრესულ სოციალურ დღის წესრიგს, არამედ ქმნიან პლატფორმებზე აღმოცენებული კაპიტალიზმის წარმოშობის საფუძველს. ეკონომიკური განვითარების ამგვარ მოდელს თან ახლავს გლობალური პოლიტიკური ცვლილებები, რომლებიც წახალისებულია იდენტობისა და მიკუთვნებულობის, გამორიცხვისა და დისკრიმინაციის ტრადიციული საზოგადოებრივი ცნებებით. ამის ფონზე, გამოფენა და პუბლიკაცია სახელწოდებით Atlas of Commoning მიზნად ისახავს დაიბრუნოს და ხელახლა განმარტოს “ჩვენ”-ის, როგორც ცნების ღია და განმათავისუფლებელი სივრცე.

პროექტის მთავარ ფოკუსს წარმოადგენს ურბანული საჯარო ქონება – აქ საერთო ქონება აღქმული უნდა იყოს, როგორც პრაქტიკების ნაკრები, რომელიც მიმართულია (მატერიალური და არამატერიალური) რესურსებისა და სივრცეების კოლექტიურ წარმოებასა და მართვაზე და არა მხოლოდ რესურსებზე, შესაბამისად, წინა პლანზე ექცევა “საერთოობა”, როგორც ზმნა. საერთოობა არის პროცესი, რომელიც მოიცავს განსხვავებებისა და კონფლიქტების მართვას ინდივიდს, თემსა და საზოგადოებას შორის. ეს არის სივრცითი ორგანიზების პროცესი წარმოებასა და კვლავწარმოებას, საკუთრებასა და რესურსებზე წვდომას შორის არსებულ ურთიერთობებში.

ეს არის პროცესი, რომელიც აერთიანებს სოლიდარობის ქსელებს და ხელახლა განმარტავს ინდივიდუალურ და კოლექტიურ უფლებებს. პროექტი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ სტრუქტურებს და ეძებს კოლექტიური, თუმცა ამასთანავე პლურალისტური მართვის ახალ ფორმებს. 

კურატორთა გუნდი: ან-ლინ ნგო, მირკო გატი, კრისტიან ჰილერი, მაქს კალდენჰოფი, ქრისტინ რუბი (ARCH+); ელკე აუს დემ მური (ifa); სტეფან გრუბერი (CMU).

კვლევის პარტნიორები: არქიტექტურის სკოლა, კარნეგი მელონის უნივერსიტეტი (CMU) პიტსბურგი, ქალაქების გარდაქმნის ინსტიტუტი (RCI), პროფესორი სტეფან გრუბერი და ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტი, არქიტექტურის ინსტიტუტი, პროფ. რაინერ ჰელი.

თბილისის გამოშვების კურატორები: სტეფან გრუბერი (CMU), თინათინ გურგენიძე (TAB), მარიამ შერგელაშვილი.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

გამოფენის დათვალიერებას შეძლებთ ორშაბათიდან შაბათის ჩათლის 10:00-დან 20:00 საათამდე, დასწრება თავისუფალია!

მისამართი: თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა რუკაზე ან ბეჭდურ გამოცემაზე კანონით ისჯება

გუშინ, 4 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა პრეზენტაციისას წარმოადგინა საქართველოს რუკა, სადაც რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები სათანადოდ არ აღიქმებოდა.

პაპუაშვილის პრეზენტაციას კრიტიკა მოჰყვა საზოგადოების მხრიდან, რის შემდეგაც „ოცნების“ კიდევ ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ პაპუაშვილის პრეზენტაციაზე „რუკის ფერები კარგად არ აღიქმებოდა“.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექს 343​1 მუხლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის შექმნა, ან მისი ბეჭდური გამოცემა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

სისხლის სამართლის კოდექსში 2020 წელს შესული ეს ცვლილება, რომელსაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აწერს ხელს, ასეა ჩამოყალიბებული: „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის ან მისი ბეჭდური გამოცემის, აგრეთვე ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნების დამზადება, წარმოება, რეკლამირება, გამოყენება, საქართველოში შემოტანა, გადაზიდვა, რეალიზება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზნით“.

შალვა პაპუაშვილმა დღეს, 5 ნოემბერსაც წარადგინა საქართველოს რუკა, თუმცა ამჯერად აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მასზე უფრო მკვეთრ, შავ ფერებშია წარმოდგენილი.

„თეგეტა აკადემიის“ ბათუმის ფილიალში პროფესიული მომზადების პროგრამებით დაინტერესებული პირებისთვის რეგისტრაცია მიმდინარეობს

  • პროექტი USAID-ის პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით ხორციელდება

„თეგეტა აკადემიამ“ USAID-ის მხარდაჭერით დასავლეთ საქართველოში მასშტაბური პროექტი დაიწყო. ბათუმის ფილიალში პროფესიული მომზადების  პროგრამების განხორციელების უფლება 3 წლის ვადით უკვე მოიპოვა და ახლა მსმენელთა მიღება მიმდინარეობს. რეგისტრაციის ბოლო ვადა 10 ნოემბერია. სასწავლო პროცესი კი 25 ნოემბრიდან დაიწყება.

„თეგეტა აკადემიამ“ მიმდინარე წელს პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების 14 პროგრამის წარმართვის უფლება მოიპოვა, მათ შორის ბათუმის ფილიალისთვის – 6-ზე. აჭარაში პროფესიული მომზადების პროგრამებით დაინტერესებულ პირებს სწავლის დაწყება პირველ ეტაპზე შემდეგი მიმართულებებით შეეძლებათ:

ნინო ერისთავი, თეგეტა აკადემიის ხარისხის მართვის მენეჯერი:თეგეტა აკადემიამ“ წინასწარი მოკვლევისა და სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე შრომის ბაზრის საჭიროებები გამოავლინა და, შესაბამისად, შეიმუშავა პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამები. ეს ხელს შეუწყობს დეფიციტური და მოთხოვნადი პროფესიების მიმართულებით დაინტერესებული პირების მომზადება-გადამზადებას. მათ შესაძლებლობა ექნებათ, უმაღლესი დონის თეორიულ-პრაქტიკული სწავლება გაიარონ მსუბუქი, სატვირთო ავტომობილისა და სპეციალური ტექნიკის მიმართულებით. სწავლებისთვის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები შევარჩიეთ.

აღნიშნული პროექტი USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც აკადემიამ მიიღო დაფინანსება და უზრუნველყო პროგრამებისთვის ყველა საჭირო რესურსის მობილიზება. შესაძლებლობა მოგვეცა, ახალი მიმართულებების ფართო სპექტრი შეგვეთავაზებინა რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის. პროექტის ფარგლებში აკადემია გადაამზადებს დაახლოებით 300 ადამიანს, რაც მნიშვნელოვნად იმოქმედებს რეგიონის განვითარებაზე“.

 

პროექტის ფარგლებში, შპს „ტრანსფორდთან“ პარტნიორობითა და USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით, „თეგეტა აკადემიამ“ ბათუმში უკვე არსებული განავითარა, ფოთში კი ახალი ფილიალი გახსნა. პროექტის ჯამური ღირებულება 1,5 მილიონი დოლარია, სადაც 750 000 აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ინვესტიციაა.

სოფო გურალია, თეგეტა აკადემიის რეგიონული მენეჯერი: „იქიდან გამომდინარე, რომ პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამები მორგებულია ბიზნესსექტორის საჭიროებებს, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო, მსმენელებს ჰქონოდათ შესაძლებლობა, საკუთარი თავი გამოეცადათ რეალურ სამუშაო გარემოში, რასაც უკვე ითვალისწინებს თითოეული პროგრამა. შევქმენით შესაძლებლობა, პარტნიორი კომპანიების – ფოთში შპს „ტრანსფორდის“ და ბათუმში „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანიის „თეგეტა მოტორსის“ – გარემოში მსმენელებმა განავითარონ პრაქტიკული უნარები. ასევე, სასწავლო პროგრამებში ინტეგრირებულია სიმულაციური ონლაინ სასწავლო პლატფორმა ELECTUDE, რომელიც აერთიანებს 3000-ზე მეტ მოდულს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მიმართულებით.

ვფიქრობ, პროფესიული განათლების მიმართულებით „თეგეტა აკადემია“ ძალიან მალე საკუთარ სიტყვას იტყვის აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში. შესაბამისად, თეგეტა აკადემია რეგიონული ფოკუსით იწყებს მოგზაურობას პროფესიულ განათლებაში!“

პროექტის ფარგლებში, ბათუმსა და ფოთში, სულ, 4 ახალი პრაქტიკული სასწავლო სივრცე შეიქმნა; ჯამში, მომდევნო სამი წლის განმავლობაში 300-ზე მეტი ადამიანი გადამზადდება. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს კავშირების გაძლიერებას პროფესიული უნარების სწავლებასა და მაღალანაზღაურებადი დასაქმების შესაძლებლობებს შორის, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს უმუშევრობის დონეს და ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკის მდგრად განვითარებას.

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან ახორციელებს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.

„თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.

რას ითხოვენ „ბათუმელებისგან“ – პასუხი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური „ბათუმელებისგან“ ოფიციალურად ითხოვს იმ მონაცემების მიწოდებას, რაც რედაქციამ ინფორმირებული პირისგან მოიპოვა და რის საფუძველზეც მოამზადა სტატია – „ფარულად მოპოვებული ფაილები ოცნების ოფისიდან“.

სტატია, რომლის ფარგლებში შესწავლილი და დამუშავებული ინფორმაციის შესახებ მონაცემებს ითხოვს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური“, წარმოადგენს ჟურნალისტური საქმიანობის პროდუქტს. შესაბამისად, იგი მიღებულია ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში წყაროს მეშვეობით და მასზე სრულად ვრცელდება საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პრივილეგიები, კერძოდ:

  • საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია… საქართველოს კონსტიტუციის ეს ჩანაწერი იცავს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ძირითად უფლებასა და შესაძლებლობას, იფუნქციონირონ მთავრობის კონტროლის, შეზღუდვებისა და ცენზურის გარეშე, დროულად მოიძიონ და მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია და იდეები საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე სახელმწიფო ორგანოებისა თუ თანამდებობის პირების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად.

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ელი პუნქტის მიხედვით, პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის არ აქვს უფლება, მოითხოვოს ამ წყაროს გამხელა.

ჟურნალისტური წყაროს და ინფორმაციის დაცვის სამართლებრივ მნიშვნელობაზე, გარდა ზემოხსენებულისა, მეტყველებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლი, რომელიც ჟურნალისტს ითვალისწინებს როგორც იმ პირს, რომელიც არ არის ვალდებული იყოს მოწმე.

გარდა ამისა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ჟურნალისტის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაც კი დაუშვებელია, როდესაც ეს არ უკავშირდება მათ მიერ პროფესიული საქმიანობის დროს კანონით დაცული ინფორმაციის მოპოვებას. 

საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის თანახმად, მედიამ უნდა შეასრულოს „საზოგადოებრივი დარაჯის როლი“, ხელი შეუწყოს განსხვავებული იდეების გავრცელებას, საზოგადოებრივი პრობლემების სააშკარაოზე გამოტანას და მათზე საჯარო დისკუსიებს. მედიის თავისუფლება კი გულისხმობს ინსტიტუციურ-ორგანიზაციულ თავისუფლებას.

შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა კანონების საფუძველზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის მოთხოვნილი დოკუმენტაციის გადაცემა პირდაპირ იწვევს ჟურნალისტური საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის გავრცელებას, რითაც მოსალოდნელია ჟურნალისტური წყაროს კონფიდენციალურობის დარღვევა. აქედან გამომდინარე, „ბათუმელების“ რედაქცია  მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მოთხოვნა ინფორმაციის მიწოდების თაობაზე.

დამატებით უნდა ითქვას ისიც, რომ სტატიაში მოცემულია გარემოებები, რომლებიც მიუთითებს „ქართული ოცნების“ მიერ ამომრჩევლების პერსონალური მონაცემების, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების მოპოვების, შეგროვების, დაჯგუფების ურთიერთდაკავშირებისა ან/და გამოყენების უპრეცედენტო მასშტაბზე. 

აღნიშნული მონაცემების ხასიათი (სტატუსი – მაგ: პატიმარი, პრობაციონერი, ნასამართლევი, ძებნაში მყოფი, სოციალურად დაუცველი, ნარკოდამოკიდებული, დევნილი, შემწეობის მიმღები, პენსიონერი, სტუდენტი), დასაქმების ადგილის, სასწავლებლის და სწავლების საფეხურის, მიღებული შემწეობების და დახმარების შესახებ ინფორმაცია) კი ცხადყოფს, რომ მონაცემები მოპოვებულია სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებსა და დაწესებულებიდან. 

შესაბამისად, ჩვენ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს აძლევს საკმარისზე მეტ საფუძველს შეამოწმოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებები, პარტია ,,ქართული ოცნება“, მათ შორის, მონაცემთა ბაზები და ამ ბაზებში მონაცემების დამუშავების კანონიერება. 

ამდენად, ვიმედოვნებთ, რომ დროულად მოხდება ზემოაღნიშნულ ფაქტებზე რეაგირება.

„ბათუმელებმა“ თავისი პოზიცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს წერილობით უკვე აცნობა.

წყალი შეწყდა ბარცხანაში, თამარის დასახლებასა და ბათუმის შემოგარენში

კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, 5 ნოემბერს, 24:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდათ განთიადისა და თამარის დასახლებებში, ბარცხანაში, წინსვლასა და ორთაბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, შესახვევებსა და ჩიხებში, ადლიაში, ზღვისპირის, ჰელიმიშისა და ნიჟარაძის ქუჩებზე, ასევე აეროპორტის გზატკეცილზე მცხოვრებ აბონენტებს.

კომპანიის განცხადებით, წყლის შეწყვეტის მიზეზი სათავიდან წყალმომარაგების შეზღუდვაა.

როგორ აძლიერებენ ოჯახებს ევროკავშირში და როგორ – საქართველოში: „მე წამლის ფული არ მომცეს“

მზია მეგრელიშვილი სოციალურად დაუცველი, მარტოხელა დედაა. 8 წელია ქირით ცხოვრობს, იქამდე კი შვილთან ერთად, ორი თავშესაფარი გამოიცვალა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტანდარტული სამუშაო გრაფიკით მუშაობას ვერ ახერხებს და ძველ ბაზართან თავის გაზრდილ მცენარეებს ყიდის. 

მას აჭარის მთავრობის სახლის წინ, ეგრეთ წოდებული უსახლკაროების საპროტესტო აქციაზე შევხვდით.

მთავრობისგან ვითხოვ, ჩემს შვილს ჰქონდეს კერა, მე რომ რამე დამემართოს ამ ნერვიულობაზე, ჩემი შვილი იყოს სადღაც იმიტომ, რომ ჯერ პატარაა, 13 წლისაა და იმას ჰქონდეს დასარჩენი, რომ ხვალ და ზეგ ქუჩაში ვინმეს რამე არ მოპაროს და ციხეში არ მოხვდეს. ამას ვითხოვ“, – გვიყვება თვალცრემლიანი.

მზია ამბობს, რომ საქართველოს სოციალური პოლიტიკა მის ოჯახს ვერ იცავს: 

„რა ორგანოშიც მივსულვარ სხვადასხვა საქმეზე, ვერსად დამეხმარნენ. მე არ მესადაგება დღევანდელი მთავრობის მიერ ჩამოყალიბებული პროგრამა, რაც სოციალურად დაუცველებისთვის არის. ჯანმრთელობაც რომ მიწყობდეს ხელს, სამუშაოზე ვერ ვდგავარ… ხალხი მარტო საჭმლის მოტანაზე ფიქრობს, უამრავი დრო იფანტება ტყუილაუბრალოდ, ასე ხალხი ვერ ამოვა სიღარიბიდან. დღეს დილას სამი საათი დავხარჯე [უფასო სასადილოდან] საჭმლის აღებაში, 11 საათზე წამოვედი და ორზე მოვიტანე აქ და რა… დღის საჭმელიც არ არის.

ალიმენტზე სააღსრულებო ბიუროში ყველა ზომას მივმართე, ჩავრთე ყველა, მარგველაშვილსაც მივწერე, პრეზიდენტის რეზიდენციასთანაც ვიჯექი და ვერანაირად აღსრულებამ ვერ გააკეთა ის, რაც გასაკეთებელია. [ყოფილი ქმარი] მუშაობს – ალიმენტის თანხას პრინციპულად არ მიხდის. ასე მითხრა, თუ ჩემ გვერდზე არ იქნები, ვერც შეჭამო“, – ჰყვება მზია.

საქართველოში ოჯახების მხარდაჭერა დღემდე პოლიტიკური პოპულიზმის ნაწილია, ამის ნათელი მაგალითია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც ანტიდასავლურ პროპაგანდასა და ოჯახის ფასეულობებით მანიპულირებას დაეფუძნა. მიზანი ევროკავშირში საქართველოს წევრობის საწინააღმდეგო განწყობების დათესვა იყო, მაშინ, როცა რეალურად, ევროკავშირის ქვეყნებს ოჯახის მხარდაჭერის ბევრად უფრო გამართული პოლიტიკა აქვთ, ვიდრე საქართველოს.

ევროკავშირმა 2017 წელს შექმნა „სოციალური უფლებების ევროპული სვეტი“, რომელიც განმარტავს, თუ რა უნდა გააკეთოს ევროკავშირის ყველა ქვეყანამ სოციალური უფლებების გაძლიერებისთვის, რისთვისაც  ჩამოაყალიბა კონკრეტული ინიციატივები. იგი მოიცავს 20 საკვანძო პრინციპს, როგორიცაა: ხელმისაწვდომი განათლება, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვა, თანაბარი შესაძლებლობები, სიღარიბისგან დაცვა და სხვ. მათ შორის ორი უშუალოდ ოჯახების მხარდაჭერასთან დაკავშირებული პრინციპია  – „ბავშვზე ზრუნვა“ და „სამუშაოსა და ოჯახური ცხოვრების შეთავსება“.

ევროკავშირში ყველა ქვეყანა სთავაზობს ოჯახებს გარკვეულ შეღავათებს, მაგრამ მათი მოცულობა და პირობები განსხვავდება. საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკის შესახებ სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ მომზადებულ  დოკუმენტში ისტორიულ-პოლიტიკური, დემოგრაფიული და ეკონომიკური მახასიათებლების მსგავსების გათვალისწინებით, საქართველოსთან ერთად, მიმოხილულია ესტონეთისა და ლიეტუვას გამოცდილება.

დოკუმენტიდან ვიგებთ, რომ ესტონეთმა და ლიეტუვამ [EU-ს წევრი სხვა სახელმწიფოების მსგავსად], ევროკავშირის 2021 წლის ინიციატივის მიხედვით, ბავშვთა სიღარიბესთან საბრძოლველად შეიმუშავეს ეროვნული სამოქმედო გეგმები, რომლებიც ფოკუსირებულია მშობელთა განათლებისა და დამხმარე სერვისების განვითარებაზე, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების მხარდაჭერის გაძლიერებაზე, ყოველთვიური ფულადი დახმარების ოდენობის გაზრდაზე, ბავშვთა საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელის განვითარებასა და მიზნობრივი ჯგუფების მიერ განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე, მათ შორის უფასო სასკოლო კვების უზრუნველყოფასა და სკოლის შემდგომი აქტივობების ორგანიზებაზე.

სსც: 2022 წლის მონაცემებით, ესტონეთში სიღარიბისა და სოციალური გარიყულობის რისკის წინაშე ბავშვების 16,6% იმყოფება, ლიეტუვაში ეს რიცხვი უფრო მაღალია და 22,4% იყო, თუმცა, ორივე ქვეყნის მაჩვენებელი დაბალია ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე (24,7%).

რაც შეეხება საქართველოში არსებულ ვითარებას, სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში საარსებო შემწეობას 16 წლამდე ასაკის 245 218 ბავშვი იღებს. ეს რიცხვი, ამ ასაკის ბავშვების რაოდენობის დაახლოებით 30 %-ია. შესაბამისად, 16 წლამდე ასაკის ბავშვებიდან დაახლოებით ყოველი მეოთხე საარსებო შემწეობას იღებს.

ესტონეთსა და ლიეტუვაში ბავშვების/ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა უნივერსალური ხასიათისაა და ბავშვის დაბადებისთანავე იწყება. მისი მიზანი სახელმწიფოს მიერ ოჯახის გრძელვადიანი ფინანსური მხარდაჭერაა ბავშვის აღზრდის პროცესში. 

საქართველოში ბავშვსა და ოჯახზე ზრუნვის პოლიტიკის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა არ არსებობს. „წლების განმავლობაში ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოში ბავშვები განსაკუთრებით დაუცველები არიან სიღარიბისა და იმ რისკების მიმართ, რაც დაკავშირებულია მათი ცხოვრების არასათანადო დონესთან“, – წერია „სოციალური სამართლიანობის დაცვის“ დოკუმენტში.

კერძოდ, ესტონეთსა და ლიეტუვაში ბავშვის დაბადებიდან – 18 წლამდე გაიცემა უნივერსალური ხასიათის ყოველთვიური გასაცემელი (ესტონეთი 80 ევრო, ლიეტუვა 96 ევრო). დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახები, სადაც სამი ან მეტი ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვია, იღებს დანამატს თითოეული ბავშვისთვის.

UNICEF-ის შეფასებით, ბავშვთა სიღარიბე მნიშვნელოვნად შემცირდება, თუ ფულადი დახმარება საქართველოშიც საყოველთაო იქნება, მაგალითად ისე, როგორც ეს ესტონეთსა და ლიეტუვას აქვს.

საქართველოში ოჯახების დაცვისა და სიღარიბის შემცირების მთავარი ინსტრუმენტი მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც გაიცემა სოციალური შემწეობა. სოციალური მომსახურების სააგენტოს წლევანდელი მონაცემებით, სოციალური დახმარების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია 387 164 ოჯახი, სადაც ცხოვრობს 1 256 720 ადამიანი, მათგან საარსებო შემწეობას 454 165 ადამიანი (126 973 ოჯახი) იღებს.

მზია: „სოციალური? ძალიან არ მყოფნის, წარმოიდგინე, ზაფხულის პერიოდში, გაზაფხულზე, ბავშვთან ერთად ჭინჭარს ვკრეფდი პოლიგონზე და ბაზართან ვყიდდი. ჭინჭარს. ბავშვს ისე არ ვტოვებ, რომ სხვას შეხედოს, ვცდილობ ყველანაირად, ვქსოვ, ვკერავ … მაგრამ მიჭირს წამლებზე, ჩემი წამლების ფულს ვერ ვათავებ. 

ბოლოს საავადმყოფოში გადამიყვანეს, მერე აქ მოვედი [მთავრობის სახლთან], წამლის ფულის სათხოვნელად, დავიფიცე, 5 ლარი არ მაქვს მეთქი… არჩევნებზე ფულებს “აშიშინებდნენ” და მე რა მითხრეს იცით? შენ რომ ფული მოგცეთო მოქრთამვაში ჩაგვეთვლებაო და წამლის ფული არ მომცეს“.

მზია მეგრელიშვილი

საქართველოში, დახმარების მაძიებელი ოჯახები გადიან მათი ქონებისა და საცხოვრებელი პირობების შეფასების პროცედურას, რის მიხედვითაც ენიჭებათ კეთილდღეობის ქულა. შემწეობის მოცულობა ოჯახებისთვის მინიჭებული ქულების მიხედვით განსხვავდება და ოჯახის თითოეული (+16 წლის) წევრისთვის 30-დან 60 ლარამდეა. 120 000-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახები, 16 წლამდე ასაკის თითოეულ წევრზე, თვეში 200 ლარს იღებენ.

მზია მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ ქონებისა და საცხოვრებელი პირობების შეფასების პროცედურა ხშირად უსამართლოა:

„სოციალურ შემწეობას ვიღებდი 320 ლარს, გადამოწმება გამიკეთეს და ჩამომიყვანეს 200 ლარზე, ბინაში ცხოვრობ პრესტიჟულშიო. თუ პრესტიჟულში არ იცხოვრე და პირობები არ გექნება, მაშინ ბავშვს გართმევენ. რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის მითხარი, ორივე მხარეს ვართ დაჩაგრულები. ქირით ვცხოვრობ, ახლა გადასახდელი მაქვს“, – ამბობს ის.

მზია ამჟამად სოფელ ახალშენში ცხოვრობს და ქირაში 500 ლარს იხდის. „რომ შეხვიდე შიგნით, არ იცხოვრება, ფანჯრები არა აქვს, „ფეჩი“ არ მაქვს, ნორმალური აბანო არ მაქვს. მთავრობის დახმარებაზე კი არ მინდა ყოფნა, მივედი „იაფი სახლი“ რომ იყო, მაგრამ 500 ლარი ყოველთვიურად, როგორ გადამეხადა მითხარი, სამუშაო ხომ უნდა მქონდეს ისეთი, რომ მე ის გადავიხადო, არ მაქვს ის სამუშაოც და როგორ?“.

საქართველოს კანონმდებლობით ასევე გათვალისწინებულია დახმარება (340-დან 384 ლარამდე) შშმ ბავშვებისა და მარჩენალდაკარგული ბავშვებისთვის. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მარტოხელა დედები შშმ შვილებზე ზრუნვის მომატებული საჭიროების გამო ვერ ახერხებენ მუშაობას, ეს თანხა ოჯახის ზოგადი საჭიროებებზე იხარჯება.

38 წლის ილონა ლიჩევსკა სამი შშმ ბავშვის დედაა, ქმარს და ორ ტყუპ [8 წლის] გოგოს ეპილეფსია აქვთ. ოჯახი მეათე წელია ქირით ცხოვრობს. ოჯახის წევრების შშმ სტატუსით მიღებული პენსია მთლიანად ბანკის ვალში ეხარჯებათ, სოციალური შემწეობის [750 ლარი] უდიდეს ნაწილს კი ქირაში იხდიან. ილონა მთავრობის საბინაო პოლიტიკას აკრიტიკებს: 

„წარმოიდგინეთ ხელში მრჩება 100 ლარი, რა უნდა გავაკეთო? მითხარით, ჩვენნაირ ოჯახს მთავრობისგან ბინით უზრუნველყოფა არ ეკუთვნის? ეს აუცილებელია, ჩვენ რომ ახლა ბინა გვქონდეს, ვუმკურნალებდი ბავშვებს, ასე ძალიან ძნელია, ქირიდან ქირაში იხარჯება ფული. ველოდები 9 წელი. [„უსახლკაროთა“] აქციებშიც ვმონაწილეობ. ბოლოს რომ გავედი მთავრობის სახლთან, დამირეკეს და ერთჯერადად 3000 ლარი შემომთავაზეს, მაგრამ არ ავიღებ, სამი თვით რომ გადავიდე, მერე რა ვქნა?

ახლა ჩემი უფროსი შვილი, რომელიც ეტლში ზის, საოპერაციოა, 16 წლის გახდა და დაკარგა 200-ლარიანი დახმარება, ავადაა თუ არაა, მაგათთვის მნიშვნელობა არ აქვს. ვიღებთ 700 ლარს სოციალურს, დღევანდელი დღიდან 600 ლარს ვიხდი ქირას, პლუს კომუნალურებს“, – ამბობს ილონა. 

ილონა ლიჩევსკამ ერთი თვეა, რაც მაღაზიაში მოლარე-კონსულტანტად დაიწყო მუშაობა, ყოველ მესამე დღეს 24 საათიანი გრაფიკით მუშაობს: „ერთ თვეა დავიწყე მუშაობა მაღაზიაში მოლარე-კონსულტანტად, ვმუშაობ დილიდან დილამდე, ყოველ მესამე დღეს. ხელფასი უნდა გამოვიდეს 850 ლარი. წარმოიდგინეთ ეპილეფსიან ადამიანს ვტოვებ სამ ბავშვთან ერთად, 24 საათი ტელეფონზე უნდა მყავდეს, პატარებს [8 წლის] შაქარიც უვარდებათ, ქმარიც ნერვიულობს, ხან წნევა ეწევა და დავრბივარ აქეთ-იქეთ. ქმარი რასაც [სამრეცხაოში] მუშაობს გზის ფულზე ვხარჯავთ, ამ ადგილიდან მარშრუტიც არ არის ისეთი, რომ ბავშვები დღის ცენტრში და სკოლაში ვატარო, ბევრი გაცდენა აქვთ, არ მყოფნის გზის ფული“, – ჰყვება ის.

ილონა ლიჩევსკა, ფოტო “ბათუმელების” არქივიდან | 2023

საქართველოში, ადგილობრივი თვითმმართველობებიც გასცემენ სხვადასხვა სახის დახმარებას, სხვადასხვა მოწყვლადობის მქონე ადამიანებზე, მაგრამ სისტემა, რომელიც თავს მოუყრიდა სოციალური ბენეფიტებისა და მათი მიმღებების შესახებ ინფორმაციას – არ არსებობს.

„ცალკეული კვლევა აჩვენებს, რომ მუნიციპალური პროგრამების დიზაინი და სამოქმედო არეალი მუნიციპალიტეტების მიხედვით განსხვავდება, თუმცა ძირითადი ნაწილი გარკვეული ჯგუფებისთვის ერთჯერად ფულად დახმარებას ითვალისწინებს. საგულისხმოა, რომ ხშირ შემთხვევაში მუნიციპალურ სოციალურ სერვისებში ჩართვა სოციალურად დაუცველი ოჯახების ქულებზეა მიბმული, რაც საარსებო შემწეობის სისტემის მიღმა დარჩენილ ადამიანებს მხარდაჭერის გარეშე ტოვებს“, – ვკითხულობთ სსც-ის დოკუმენტში.

სამუშაოსა და ოჯახური ცხოვრების შეთავსების პოლიტიკა, კიდევ ერთი კომპონენტია, რითაც ევროკავშირი ოჯახების მხარდაჭერას ცდილობს – იმისთვის, რომ მშობლებმა უკეთ დააბალანსონ სამუშაო და ოჯახური ცხოვრება, თანაბრად მოახერხონ ზრუნვასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობების გადანაწილება, ევროკავშირი სხვადასხვა დირექტივით არეგულირებს სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ უფლებებსა და გარანტიებს.

ოჯახისა და სამუშაოს შეთავსების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით, ორივე მშობლისთვის გათვალისწინებულია ბავშვის მოვლისთვის ანაზღაურებადი შვებულების უფლება, რომლის ხანგრძლივობაც შესაბამისობაშია ევროკავშირის სტანდარტებთან, თუმცა გამოწვევად რჩება კერძო სექტორში დასაქმებულების ფინანსური გარანტიები – დამსაქმებლებისთვის ნებაყოფლობითია შეუნარჩუნებენ თუ არა ხელფასს ასეთ დასაქმებულს; არაფორმალურ სექტორში დასაქმებული ქალები/ოჯახები კი საერთოდ მხარდაჭერის მიღმა რჩებიან.

ოჯახური ცხოვრების შრომასთან დაბალანსების ნაწილში, მნიშვნელოვანი როლი აქვს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კომპონენტს, ვინაიდან ბავშვებზე ზრუნვა და შინშრომა დიდ გავლენას ახდენს ქალების დასაქმებაზე. 2022 წელს, ჩატარებული დროის გამოყენების კვლევის მიხედვით, საქართველოში ქალები შინშრომაში დაახლოებით, 5-ჯერ მეტ დროს ხარჯავენ, ვიდრე კაცები.

მაგალითად, ესტონეთში ბავშვებს შეუძლიათ 1.5 წლის ასაკიდან მიიღონ ადრეული განათლება, მიუხედავად იმისა, რომ ეს არასავალდებულოა, ბავშვების 94.6% დადის სკოლამდელ დაწესებულებაში. ადრეული განათლების ცენტრების 96% საჯაროა, ისინი ფინანსდებიან ბიუჯეტიდან, ასევე მშობლების შენატანებიდან და დონაციიდან. 

ლიეტუვაში ადრეული განათლების სისტემა ორ ნაწილს მოიცავს – დაბადებიდან 5 წლამდე არასავალდებულო ხასიათის მქონეა, სკოლის მოსამზადებელი პერიოდი, სადაც მშობლების კონტრიბუცია მხოლოდ ბავშვის კვების თანხაა; 5-7 წლამდე კი, დაწყებითი კლასისთვის მოსამზადებელი სავალდებულო პერიოდია, რომელიც სახელმწიფოს დაფინანსებაზე. საქართველოში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სერვისი ნებაყოფლობითია და ვრცელდება ბავშვებზე 2-6 წლის ასაკამდე. 

სსც: ესტონეთში, 2023 წელს ქალების მონაწილეობა შრომის ბაზარზე 75.4% იყო, ლიეტუვაში – 72.6, რაც უსწრებს ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს (65.7%). საქართველოში 2022 წლის მონაცემებით, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებისთვის მხოლოდ 35.4 პროცენტია, 58.5 პროცენტი კი სამუშაო ძალის გარეთაა და შრომით ბაზარზე ნაკლები აქტიურობით გამოირჩევიან.

ევროკავშირში, ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკის ნაწილია უმუშევრობისას ხელფასის გარეშე დარჩენილი ადამიანების უზრუნველყოფა მინიმალური შემოსავლით. ესტონეთში არსებობს უმუშევრობის შემწეობა, მათთვის, ვინც დაკარგა სამსახური ან სამუშაო ადგილის შეცვლაზე ფიქრობს (დღეში 11.7 ევრო). ლიეტუვაში მუშაობს უმუშევრობის დაზღვევის სისტემა, ის დაფინანსებულია უმუშევრობის დაზღვევის ფონდიდან, რომელიც ივსება დასაქმებულისა და დამსაქმებლის ყოველთვიური შენატანიდან. საქართველოში უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის ასეთი სოციალური დაცვის გარანტიები არ არსებობს.

ოჯახების დაცვასთან დაკავშირებული სოციალური გარანტიების, მათ შორის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და პენსიების შესახებ ინფორმაციის ნახვა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიხევდით, შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

___

მთავარი ფოტო: გაფუჭებული მაცივარი ერთ-ერთი სოციალურად დაუცველი ოჯახის სახლიდან. 2024 წლის ოქტომბერი.

 


ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა მიიღო დაფინანსება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID). ბათუმელები/ნეტგაზეთი ინარჩუნებს სრულ სარედაქციო დამოუკიდებლობას. ბათუმელების/ნეტგაზეთის მიერ გამოქვეყნებული მასალა არ ასახავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოზიციას.

ცესკო თეთრიწყაროსა და გორის სასამართლოების გადაწყვეტილებებს სააპელაციოში ასაჩივრებს

საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმების შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ გააუქმა №25 წალკის საარჩევნო ოლქში შემავალი 18 საარჩევნო უბნის და №26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში შემავალი 13 საარჩევნო უბნის შედეგი.

საარჩევნო ადმინისტრაცია დაუსაბუთებლად მიიჩნევს და არ იზიარებს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების ზემოაღნიშნული საარჩევნო უბნების შედეგების გაუქმების შესახებ. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება აშკარად წინააღმდეგობაში მოდის ანალოგიურ საკითხთან დაკავშირებით პირველი ინსტანციების სასამართლოებში წარმოებულ ყველა სხვა დავასთან.

შესაბამისად, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ 4 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნება სააპელაციო სასამართლოში.

საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი იქნება სააპელაციო საჩივრები.

ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ სააპელაციო სასამართლოში უკვე გასაჩივრებულია გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც №32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიას ამავე ოლქში შემავალი 15 საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლა დაევალა.

შევახსენებთ საზოგადოებას, რომ ხმის ფარულობას უზრუნველყოფს სპეციალური ჩარჩო ფორმა, ინსტრუქციის შესაბამისად რომლის გამოყენებაც გამორიცხავს ამომრჩევლის ნების იდენტიფიცირებას. ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის კვალი, არსებობის შემთხვევაში, ჩარჩო ფორმის დანიშნულების გათვალისწინებით, ვერ ჩაითვლება ნების იდენტიფიცირებად. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე კენჭისყრის და მომდევნო დღეს, ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 7 საჩივარი იქნა წარმოდგენილი და არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში არ არის საუბარი დადასტურებულად არჩევანის ფარულობის დარღვევაზე.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 5 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 5 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 701 650 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 260]
  • ტანკი – 9 208 ერთეული [+15]
  • ჯავშანტექნიკა – 18 581 ერთეული [+43]
  • საარტილერიო სისტემა – 20 150ერთეული [+29]
  • MLRS – 1 245 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 996 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 18 309 ერთეული [+29]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 631 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 28 278 ერთეული [+41]
  • სპეცტექნიკა – 3 587 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 5 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 647 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 35 275 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 585 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 19 052 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 484 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 17 355 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 27 992 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

უსახლკარო ქალმა შშმ შვილთან ერთად მთელი დღე ბათუმის მერიაში გაატარა – მას არავინ შეხვდა

„ჩიქოვანი არ არის, რიჟვაძე არ არისო, ეს ხალხი ტყუილად შენობებს იკავებენ, მოგვცენ ეს შენობები ჩვენ, უსახლკაროებს… მე დავრჩები აქ, წასასვლელი არსად მაქვს,“ – ამბობდა დღეს, 4 ნოემბერს, ბათუმის მერიაში მისული მოქალაქე მაგული ფუტკარაძე. ის უსახლკაროა და წლებია საცხოვრისს ითხოვს.

მაგული ფუტკარაძეს ბათუმის მერიაში არავინ შეხვდა. მას შემდეგ, რაც სამუშაო საათები ამოიწურა, მაგულიმ შშმ პირის სტატუსის მქონე შვილთან ერთად მერიის შენობა დაცვის სამსახურის მოთხოვნის შემდეგ დატოვა.

უსახლკარო დედა-შვილი ისევ ქუჩაშია.

უსახლკარო ქალმა შშმ შვილთან ერთად მთელი დღე ბათუმის მერიაში გაატარა – ის 7 წელია საცხოვრისს ითხოვს

მაგული ფუტკარაძე და სხვა პირები, რომლებიც აცხადებენ, რომ უსახლკაროები არიან, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან, ღია ცის ქვეშ ათენებენ ღამეს.

მაგული ფუტკარაძე მარტოხელა დედაა და აქამდე 15 წელი ნაქირავებში ცხოვრობდა. მას შემდეგ, რაც მის შვილს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, მაგული მუშაობას და ქირის გადახდას ვეღარ ახერხებს. პენსიონერი ქალი სახელმწიფოს დახმარებას 7 წელია სთხოვს, ამბობს, რომ ყველა ინსტანცია რამდენჯერმე მოიარა, თუმცა უშედეგოდ.

მაგული ფუტკარაძე შვილთან ერთად ბათუმის მერიის მისაღებში

უსახლკაროები ბათუმში აქციებს ბათუმის მერიასთან პერიოდულად, ბოლო ორი წელია მართავენ, თუმცა ხელისუფლება ასობით ადამიანს არ იმჩნევს. დღემდე არ არსებობს პროგრამა, რომლითაც სოციალურად დაუცველი, მარტოხელა დედები ისარგებლებენ.

„ორი დღის წინ ხომ გესაუბრეთ?“ – მიმართა მაგული ფუტკარაძეს ირაკლი თავდგირიძემ, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, რომელმაც მერიის მისაღებში ჩაუარა უსახლკარო დედა-შვილს და ჩვენ უსახლკარობის პრობლემაზე სალაპარაკოდ შევაჩერეთ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა კომენტარზე უარი გვითხრა.

„ქუჩაში რომ ვარ დარჩენილი, რას მთავაზობ? არ მეკუთვნის, თავჩაღუნული რომ გაიქეცი? დავრჩები აქ“, – თანამდებობის პირს გზაში დაადევნა სიტყვა მაგული ფუტკარაძემ.

„ერთი კვირაა ქუჩაში ვარ, ტანსაცმელიც ერთი კვირაა არ გამომიცვლია, დღეს სასწრაფო იყო მოსული, წნევა 180 მქონდა…

არავინ არ შემხვდა აქ. მითხრეს, ვიღაცას ტელეფონზე დაელაპარაკეო, ვუთხარი, რომ აქ ვარ, მოვიდნენ და დამელაპარაკონ. არც კანცელარიაში დავწერ განცხადებას, რამდენჯერ შეიძლება ერთი და იგივე განცხადება დავწერო? რამდენჯერ უნდა მივიღო უარი და პასუხი, რომ სოციალური სახლები არ აქვთ?

სახელმწიფოს მივმართავ, რომ მომცეს თავშესაფარი,“ – გვითხრა მაგული ფუტკარაძემ.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ბათუმის მერიის პრესცენტრს შეკითხვით: რას სთავაზობს ბათუმის მერია უსახლკაროს, რომელიც დღეს მთელი დღე ბათუმის მერიის მისაღებში იყო? – პასუხი ბათუმის მერიიდან ჯერ არ მიგვიღია.

ბათუმში 4 ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს ლიფტის „ავარიული დაშვების გამო“

მოქალაქის ინფორმაციით ბათუმში, გორგასლისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში, დღეს, 4 ნოემბერს, ერთ-ერთ კორპუსში ლიფტი ჩავარდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის განმარტებით ლიფტი  არ ჩავარდნილა და ის „ავარიულად დაეშვა“, რის შედეგადაც  მსუბუქად დაშავდა 4 ადამიანი.

თვითმხილველის თქმით ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი იმყოფებოდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით 4 დაშავებული მოქალაქე კლინიკაში გადაიყვანეს.

„ბათუმელები“ შინაგან საქმეთა სამინიტროს ვერ დაუკავშირდა.

ცესკოს თავმჯდომარე ENEMO-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მისი მოადგილე გიორგი შარაბიძე „არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელის“ (ENEMO) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მხარეებმა 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნები და მასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მიმდინარეობისას დეტალურად ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ადმინისტრაციის მიმართ გამოთქმული ბრალდებების შესახებ. მან მისიის წარმომადგენლებს ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის პოზიციაც გააცნო.

„26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან შეხვედრებს, რომლის ფარგლებშიც აქტიურად ეცნობა იმ მიგნებებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც ორგანიზაციებს დაკვირვების შედეგად აქვთ. რა თქმა უნდა, აღნიშნული მხოლოდ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. დღევანდელ შეხვედრაზე მისიის წარმომადგენლებს მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია ყველა მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ, ასევე ვრცლად ვისაუბრეთ ბრალდებებისა და დეზინფორმაციული კამპანიის შესახებ. ჩვენ მოვისმინეთ მათი მოსაზრებები მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ორგანიზაცია ადმინისტრაციის აქტივობებს და საქმიანობას დადებითად აფასებს“,- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულებისას.

თავის მხრივ, „არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელის“ (ENEMO) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა ცესკოს ხელმძღვანელ პირებს არჩევნების ანგარიშის წინასწარი მიგნებები და რეკომენდაციები გააცნეს. აღნიშნულ ანგარიშში ადმინისტრაციის საქმიანობა და აქტივობები დადებითად არის შეფასებული. საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს ადმინისტრაციას თანამშრომლობისა და ინფორმაციის კოორდინირებულად გაცვლისთვის.

„არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელი“ 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებს როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი მისიებით აკვირდებოდა.

შეხვედრა დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა და მას „არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელის“ (ENEMO) მისიის ხელმძღვანელი ზლატკო ვუოვიჩი, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე კრისტინა კოსტალაჩი, საარჩევნო ადმინისტრაციის ანალიტიკოსი ბეატრიქს ბუნექამპი და იურიდიული ექსპერტი მარიამ ლორთქიფანიძე ესწრებოდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის საერთაშორისო და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე.

მოსამართლემ ხელვაჩაურშიც დაადასტურა, რომ მარკერმა გაჟონა, თუმცა სარჩელი არ დააკმაყოფილა

„მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ ჩაგვითვალა დადასტურებულად, რომ მარკერი გადადიოდა ბიულეტენის მეორე მხარეს,“ – ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ირმა აბაშიძე, რომელიც ხელვაჩაურში ითხოვდა საარჩევნო უბნების შედეგების ბათილად ცნობას.

ყველგან, სადაც ელექტრონულად ჩატარდა არჩევნები, საია ხმის ფარულობის დარღვევის მოტივით, საარჩევნო უბნების ბათილად ცნობას ითხოვდა. ქვეყნის მასშტაბით 23-მა მოსამართლემ ამ სარჩელების დაკმაყოფილებაზე გუშინ, 3 ნოემბერს გამართულ სხდომებზე უარი თქვა.

გამონაკლისი მხოლოდ თეთრიწყაროა, სადაც ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ – აქ მოსამართლეს დაუკმაყოფილებია საიას შუამდგომლობა და დღევანდელ პროცესზე მოსამართლე ერთ-ერთი საარჩევნო უბნის ბიულეტენებს თავად დაათვალიერებს. თეთრიწყაროში მოსამართლე სავარაუდოდ დღეს, 4 ნოემბერს მიიღებს გადაწყვეტილებას.

ხელვაჩაურის მოსამართლეს, გოჩა ფუტკარაძეს კი, საიას შუამდგომლობის დაკმაყოფილებასა და ბიულეტენების დათვალიერებაზე უარი უთქვამს.

“მოსანაეთლემ თქცა, რომ თავად უკვე ნახა მედიაში ბიულეტენები, რომელსაც მარკერის კვალი ეტყობოდა.

ბათუმში საარჩევნო უბნების ბათილობაზე სარჩელი მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს განუხილავს, მას არაფერი განუმარტავს, თუმცა შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ რომელიმე უბანზე ბიულეტენების დათვალიერებაზეც უარი უთქვამს და სარჩელის დაკმაყოფილებაზეც.

„ჩვენ გვქონდა წარდგენილი ფოტო და ვიდეომტკიცებულებები, რომ ბიულეტენებზე გამოხატული ამომრჩევლის ნება იყო აღქმადი,“ – ამბობს თამარ წულუკიძე, საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. ის ყურადღებას ამახვილებს ბიულეტენის ჩარჩო კონვერტიდან ხმის მთვლელ აპარატში შეცურებაზე – იურისტებმა მოსამართლეებს არაერთი ვიდეო აჩვენეს, სადაც ნათლად ჩანს, რომ ბიულეტენის აპარატში შეცურების დროს აღქმადია, ვის დაუჭირა მხარი ამომრჩეველმა.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს კი, ამ პროცესზე დაკვირვება შეეძლო და ვიდეოს გადაღებაც.

„ბიულეტენის შეცურების დროს ეს იყო აღქმადი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბიულეტენს უკან აბრუნებდა ხმის მთვლელი აპარატი. მეთვალყურეს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში იდგა ყუთთან, შეეძლო დაედგინა, ვის მისცა მოქალაქემ ან არ მისცა ხმა. გარდა ამისა, უბნებზე იყო ვიდეოკამერები განთავსებული, რაც რიგ შემთხვევაში იღებდა კაბინას, ხმის მთვლელ აპარატს, მოქალაქის სახეც შეიძლება აღქმადი ყოფილიყო, ეს ვიდეოკამერებიც იყო დამატებითი საშუალება, რომ ფარულობა დარღვეულიყო. ეს დამატებით ინსტრუმენტად იქცა.

მოსამართლეებისთვის მეორე მხარის პოზიცია უფრო მისაღები აღმოჩნდა, რომ ჩარჩო კონვერტი ფარავდა ბიულეტენს, მაგრამ ეს კონვერტიც ვერ ფარავდა საკმარისად ბიულეტენს. მთელი საარჩევნო პროცესი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, როცა ირღვევა ხმის ფარულობა, კონსტიტუციით გარანტირებული უფლება. მოსამართლეებმა, სამწუხაროდ, ვერ დაინახეს, რომ ეს უმნიშვნელოვანესი პრინციპი დარღვეულია,“ – გვითხრა თამარ წულუკიძემ.

ვერ დაინახეს ხმის ფარულობის პრინციპის დარღვევა მოსამართლეებმა, თუ ეს საქმეც აჩვენებს სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემას? – ვკითხეთ საიას იურისტს.

„ნებისმიერ ქვეყანაში სასამართლო სისტემა არის ინსტრუმენტი, რომ მან გაასწოროს შეცდომები, ხელისუფლების სხვა შტოების მიერ დაშვებულ შეცდომაზე მოახდინოს რეაგირება. ამ შემთხვევაში შეცდომა დაუშვა ცესკომ და დაარღვია ფარულობის პრინციპი, სასამართლომ კი არ გამოიყენა მისი მთავარი ინსტრუმენტი, გავლენა მოეხდინა მნიშვნელოვან პროცესებზე ქვეყანაში,“ – გვიპასუხა თამარ წულუკიძემ.

ბიულეტენის ზედა ნაწილში, რიგითობის შესაბამისად, დატანილი იყო ოპოზიციური პარტიების რიგითი ნომრები, ხოლო „ქართული ოცნების“ რიგითი ნომერი ამ სიაში იყო ბოლო. შესაბამისად, ბიულეტენის ზედა ნაწილზე გაჟონილი მარკირება იმის უტყუარი დადასტურება იყო, რომ ამომრჩეველმა ოპოზიციას მისცა ხმა. ამ ფაქტს ამომრჩეველში შეიძლება გამოეწვია შიში და დაძაბულობა.

წვიმა, სეტყვა, შტორმი, მთაში თოვა – ამინდის პროგნოზი აჭარაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 ნოემბრის 21 საათიდან 5 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, სუბტროპიკულ ზონაში შესაძლებელია სეტყვა, მთაში – თოვა და ჭექა-ქუხილი, მაღალ მთაში – ქარბუქი, დროგამოშვებით ძლიერი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ღამით ზოგან 17-22 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 3 გრადუსი ყინვა

მაღალმთიან ზონაში

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი ყინვა

ზღვაზე მოსალოდნელია ღელვა 5-6 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში6 6 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში გამოიდარებს.

__________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადება გავრცელებულ დიაგრამებთან დაკავშირებით

სხვადასხვა მედიასაშუალებით და სოციალურ ქსელებში ისევ ვრცელდება გარკვეული დიაგრამები და ამ დიაგრამების ავტორების კომენტარები ცალკეულ საუბნო საარჩევნო კომისიებში ამომრჩეველთა აქტივობის სტატისტიკური და ამ უბნებში ხმების გადანაწილების მათემატიკური კვლევის მიგნებების შესახებ. ეს მეთოდი საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ცნობილია და საქართველოში ჩატარებული არაერთი არჩევნები ყოფილა ამგვარი კვლევების ობიექტი, თუმცა საყოველთაოდ ცნობილია, რომ ასეთი კვლევები თავისთავად არაფერს ამტკიცებს და ის მხოლოდ მიუთითებს შესაძლო ანომალიური გადახრების გარკვეულ ალბათობაზე, რისი გათვალისწინებითაც საარჩევნო ადმინისტრაციამ შესაძლოა დამატებით გამოიკვლიოს ე.წ. „საეჭვო“ უბნებზე განხორციელებული აქტივობის მონაცემები.

ამ ტიპის კვლევის მეთოდოლოგიის მთავარი დათქმა გახლავთ შემდეგი:

„თუ კვლევა აჩვენებს სტატისტიკურ ანომალიას, ეს აუცილებლად არ ნიშნავს, რომ ადგილი აქვს არჩევნებთან დაკავშირებულ მანიპულაციას. სტატისტიკური ანომალია შეიძლება გამოწვეული იყოს კეთილსინდისიერი ქმედებებითაც, როგორიცაა სტრატეგიული ხმის მიცემა ან ხმის მიცემის სხვადასხვა მოდელის არსებობა რეგიონში“. (Making votes count, Report on the 2016 elections)

ერთი-ერთი ასეთი ფაქტორი, რაც ამ კვლევამ შეიძლება ანომალიად ასახოს,  შეიძლება იყოს ამომრჩეველთა ჯგუფის ჩასვლა ურბანული ცენტრიდან რეგიონში ხმის მისაცემად, რაც საქართველოს არჩევნების განუყოფელი ნაწილია და ყველამ იხილა ის მაღალი აქტივობა, როდესაც ხმის მიცემის უფლება 2 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა გამოიყენა. კანონმდებლობის თანახმად, ყველა ამომრჩეველმა ეს უფლება გამოიყენა მათი რეგისტრაციის ადგილის და არა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ სტატისტიკური კვლევის ამ მეთოდს ცალკე არ შეუძლია დაადასტუროს ან უარყოს არჩევნებში არაკანონიერი მანიპულაციის ფაქტი. სწორედ ამიტომ, ეს მეთოდი გამოსადეგია სტატისტიკური ანომალიების აღმოსაჩენად, რომელიც იმსახურებს შემდგომ ყურადღებას და ის გამოიყენება ისეთი ტრადიციული მეთოდების დამატებით საშუალებად, როგორიცაა პირდაპირი დაკვირვება საარჩევნო უბნებზე, ხმების პარალელური დათვლა და სხვა.

აღსანიშნავია, თავად მკვლევრის განცხადებით, აბსოლუტურად ეჭვგარეშეა დიდ ქალაქებში ამომრჩეველთა აქტივობის სტატისტიკა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის ამ დრომდე უცნობია ამ არჩევნებისთვის განხორციელებული კვლევის მეთოდოლოგია, გათვალისწინებულია თუ არა კანონმდებლობაში ასახული ხმის მიცემის წესი, გამოკვლეული უბნების რაოდენობა, მათი შერჩევის კრიტერიუმი და რეგიონული გადანაწილება, შეუძლებელია უფრო სიღრმისეული კომენტარის გაკეთება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ თანამშრომლობის კარგი პრაქტიკის მიხედვით, ასეთი კვლევების მეთოდოლოგია, სტატისტიკური ინფორმაცია და სხვა მონაცემები განიხილება ჯერ საარჩევნო ადმინისტრაციასთან და მხოლოდ შემდეგ ხდება საჯარო. ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ პირიქით მოხდა.

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2024 ჩატარდება

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში, რიგით მეოთხე აგროოლიმპიადა ტარდება, რომელიც რეგიონში, აგრარულ დარგში ცოდნაზე დაფუძნებული ერთადერთი და უნიკალური კონკურსია.

ეროვნული აგრარული ოლიმპიადა საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით 2021 წლიდან ხორციელდება, მისი კონცეფცია კი შემუშავებულია „სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის“მიერ. ოლიმპიადის ორგანიზატორია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და ის 10 ნოემბრამდე გაგრძელდება ოლიმპიადის ოფიციალურ ვებ-გვერდზე – www.agroolimpiada.ge. აგროოლიმპიადა ტესტირების საშუალებით ტარდება და ის სამ ეტაპს მოიცავს: რეგისტრაცია, ონლაინ ტესტირება და ტესტირება ფიზიკურ სივრცეში.

აგრარულ ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც აგრარული სფეროს სპეციალისტებს და ფერმერებს, ისე სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს. ოლიმპიადა ტარდება აგრონომიის, სასურსათო ტექნოლოგიის, სატყეო საქმის, ღვინის ტექნოლოგიის, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის, ვეტერინარიის, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებებში.

ოლიმპიადის მთავარი იდეა მონაწილეთა ცოდნის შემოწმება, გამარჯვებულების გამოვლენა და მათი წარმოჩენაა. გამარჯვებულებისათვის დაწესებულია სხვადასხვა სახის პრიზი და ჯილდო.

აგრარული ოლიმპიადა მიზნად ისახავს აგრარული განათლების პოპულარიზაციას, ახალგაზრდებში სასოფლო-სამეურნეო დარგების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და აგრარულ დარგში არაფორმალური განათლების მიღების ხელშეწყობას.

რუსეთმა 700 ათასი სამხედრო დაკარგა ომის დაწყებიდან დღემდე – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 4 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 700 390 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 300]
  • ტანკი – 9 193 ერთეული [+11]
  • ჯავშანტექნიკა – 18 538 ერთეული [+15]
  • საარტილერიო სისტემა – 20 121 ერთეული [+35]
  • MLRS – 1 245 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 994 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 18 280 ერთეული [+93]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 629 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 28 237 ერთეული [+77]
  • სპეცტექნიკა – 3 587 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 3 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 647 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 35 216 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 585 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 19 031 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 484 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 17 245 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 27 956 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

გაჟონვა – გასული კვირის დაიჯესტი

მოამზადა ნათია კაპანაძემ

__________________

გაჟონვა არის სიტყვა, რომელიც საქართველოში განვითარებული მოვლენების შინაარსს სრულად გამოხატავს.

გასულ კვირას პოლიტიკური მოვლენების კულმინაცია სხვა რამ უნდა ყოფილიყო, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. პროცესი ახალი, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობდა. არჩევნებში წელს 18 პოლიტიკური სუბიექტს შორის უნდა გაეკეთებინა არჩევანი 3 508 294 რეგისტრირებულ ამომრჩეველს. ამის მიუხედავად, მთავარი საკითხი არა ახალშექმნილი პარლამენტის შემადგენლობა, არამედ სწორედ გაჟონვაა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 29 ოქტომბერს განაცხადა, რომ 2263 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა. ეს კი, დაკმაყოფილების შემთხვევაში, გამოიწვევს ხელახალი არჩევნების ჩატარებას. ტექნოლოგიური უბნების შედეგების ბათილობა არსებით გავლენას ახდენს არჩევნების შედეგზე.

კენჭისყრის დღეს მასობრივად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ბიულეტენებმა გაჟონა. 

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები ამბობენ, რომ „ქართულმა ოცნებამ გამოიყენა სახელმწიფო რესურსები თავისი კამპანიისთვის და ასევე ამომრჩევლების აქტივობის შესამცირებლად. ამაში ჩართო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. მუდმივი დაშინება და ზეწოლა საჯარო მოხელეებზე იყო ნათელი. გარდა ამისა, „ქართული ოცნება“ აკონტროლებდა ადგილობრივი თვითმმართველობის ბევრ წარმომადგენელს. ასევე, იყო დაშინება, რომ თუ ადგილობრივი მოსახლეობა მმართველ პარტიას არ მისცემდა ხმას, შეუწყვეტდა სოციალურ დახმარებას“. 

კენჭისყრის დღეს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჯგუფები დევნიდნენ მედიას. კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის კენჭისყრასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების პროცესი იყო უკიდურესად მძიმე და საფრთხის შემცველი. ბოლო მონაცემებით, „მედიაომბუდსმენმა“ 2024 წლის 25 და 26 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისას მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 48 შემთხვევა დააფიქსირა. ორგანიზაციის ცნობით, დანაშაულებრივი ქმედებებით დაირღვა მინიმუმ 70 ჟურნალისტისა და ოპერატორის უფლება.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნებში სადავო გამარჯვებას ხუთი ქვეყანა (უნგრეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი და ჩინეთი) ულოცავს. ამ დროისთვის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. 

„უნდა ვაღიაროთ, რომ დღეისათვის საქართველოში რუსეთმა მოიგო…“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი მოსაზრება ემთხვევა საფრანგეთის ევროპათა საკითხების მინისტრი, ბენჯამინ ჰადადის განცხადებას, რომ საქართველოს არჩევნებში რუსეთი ჩაერია და ამით თავს დაესხა „ევროპულ იდეას, ევროპის ინტერესებს და მოსაზღვრე ქვეყნებში სტაბილურობას“.

„ნუ დაკარგავთ იმედს!“, – ასე ანუგეშებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი საქართველოს მოსახლეობას, მათ, ვინც, „ოცნებისგან“ დაანონსებული დიქტატურის დამყარების წინააღმდეგ ქუჩაში პროტესტისთვის გამოდის. 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან წარწერები გამოჩნდა – „ქოცობა ტეხავს! განქოცდი! არა რუსეთს! არ დანებდე! არა რუსულ ოცნებას!“ ეს და სხვა ანტირუსული წარწერები, „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბსუს-თან ახალგაზრდებმა დატოვეს, რომლებიც არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და მიიჩნევენ, რომ მათი ხმები მოპარულია. ბულვარის ადმინისტრაცია წარწერებს შლის, თუმცა განწყობებმა უკვე გაჟონა. 

შაბათს გაჟონა კიდევ ერთმა ამბავმა – „ქართული ოცნება“ თითოეულ საარჩევნო უბანზე მიმაგრებული ე.წ. ქოლ-ცენტრით ატარებდა არჩევნებს. ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ თანახმად, „ოცნების“ ქოლ-ცენტრები საარჩევნო უბნებთან ახლოს მდებარეობდა, მათ შორის ჩუღურეთში საჯარო სკოლის დირექტორის კაბინეტში, ასევე უფასო სასადილოში.

ჟურნალისტიკაში რამდენიმე გამორჩეული ტერმინია დამკვიდრებული. მაგალითად:

“ინფორმაციის გაჟონვა” – დაფარული ამბის მოულოდნელი გავრცელებაა.

“ფულის გაჟონვა” – ხშირად გამოიყენება ბიზნესის კონტექსტში, რაც გულისხმობს შემოსავლის დაკარგვას არაეფექტურობის გამო.

“მონაცემთა გაჟონვა” – მიუთითებს სენსიტიური მონაცემების შემთხვევით ან მიზანმიმართულ გამჟღავნებაზე.

“სისტემური გაჟონვა” – აღწერს ხარვეზებს ან დეფექტებს, რაც პრობლემების ზედაპირზე ამოტანის წინაპირობაა.

გაჟონვისას, რამდენადაც თანმდევია შოკი, იმდენად დიდია ცვლილების შანსიც. ამ პროცესის შემდეგ იწყება პრობლემების გამოვლენა და შესაძლებელია ზიანების მასშტაბის შეფასება; ზოგჯერ მხოლოდ ამის შემდეგ იწყება გაუმჯობესება და უსაფრთხოების ზომების მიღება.

გასულ კვირას „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტები პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის მიუხედავად, აქტიურად აშუქებდნენ მოვლენებს, რომლებიც პოლიტიკური ზეგავლენისა და ამომრჩეველთა ქცევის გააზრებისთვის მნიშვნელოვანია. 

ქვემოთ მითითებული ბმულებით შეგიძლიათ გაიხსენოთ გასული კვირის მნიშვნელოვანი დეტალები და საჭირო ინფორმაცია, რაც სადავო პროცესების უკეთ გაგებაში დაგეხმარებათ.

  • არჩევნები

ოლქები არ ხდიან სადავოდ, რომ კამერები ყველგან იდგა და ბიულეტენები ჟონავდა – ქურდოვანიძე

„ჩემი ხმა“ : ცესკოს წინასწარი შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას

„კოალიცია ცვლილებებისთვის“: არჩევნები მოპარულია, შედეგს არ ვაღიარებთ

„ძლიერი საქართველო“ – „რაც ცესკომ გამოაცხადა, აცდენილია ჩვენი მოქალაქეების ნებას“

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“: არ ვაღიარებთ „მოპარული არჩევნების შედეგებს“

რა თქვეს IRI-ს და NDI-ს წარმომადგენლებმა საპარლამენტო არჩევნებზე

„არჩევნები მასობრივად გააყალბეს“ – მოძრაობა „ტალღა“ 2 ნოემბრიდან აქციებს აანონსებს

„ამომრჩეველი მარკირების გარეშე შეიყვანეს კაბინაში და თავადაც შეჰყვნენ“ – დარღვევები ქუთაისში

პროკურატურამ დაიწყო ჩვენი დამკვირვებლების დაბარება – „ნაციონალური მოძრაობა“

გახარიას პარტია: მიმდინარეობს ბაზების ფალსიფიცირება

ბოკუჩავა: დიპლომატიურ კორპუსს წარვუდგინეთ გაყალბებების ამსახველი სამხილები

ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებზე დაარღვია კანონი – ანა ნაცვლიშვილი

მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ ოპოზიციამ “ოცნებას” ხმები მოჰპარა

„ხმა მისცა 5-მა მარკირებულმა პირმა“ – რა დააფიქსირეს ბათუმში საარჩევნო კომისიის წევრებმა

„ტიტუშკებს“ ბათუმში დისკომფორტი არავინ შეუქმნა – არჩევნები 2024

ხულოში უბანზე მისულ ამომრჩეველს მის ნაცვლად ხმა მიცემული დახვდა – საჩივრები

უსკო აცხადებს, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში „ოცნებამ“ ხმების 57 პროცენტი მიიღო

თურქეთში მცხოვრები ემიგრანტის თქმით, ემიგრანტების ნაწილი საარჩევნო სიაში არ აღმოჩნდა

საია აცხადებს, რომ მარნეულის მე-4 უბანზე მათ დამკვირვებელს, გიორგი გოცირიძეს სცემეს

ვაშინგტონის უბანზე ამომრჩევლები მოდიან და სიაში არ არიან – დამკვირვებელი

ვინ რამდენი ხმა მიიღო საზღვარგარეთ გახსნილ უბნებში

„არჩევნების შედეგები შესაძლოა სათანადოდ არ ასახავდეს ამომრჩევლების ნებას“ – ISFED

არჩევნებში მონაწილეობა 2 060 400-ზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო

ენმ-ს ცენტრალურ ოფისს თავს დაესხნენ

“ამ ადამიანებს აქვთ ინფორმაციის დეფიციტი” – კობახიძე ხსნის, რატომ წააგეს საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე

კონსტიტუციონალისტი ხსნის, რომ ოპოზიციის ბოიკოტი პარლამენტს შეკრებაში ხელს ვერ შეუშლის

ძნელია, საღი აზრის მქონემ დაიჯეროს, რომ 350 ათასი ადამიანი ჩამოატარეს კარუსელებზე – ლევან იოსელიანი

ყოფილი სახალხო დამცველი მოქმედს უხსნის, როგორ მუშაობს საარჩევნო “კარუსელი”

#მევნახეგაყალბება — სოციალურ ქსელში კამპანია დაიწყო

მარნეულში არჩევნების გაყალბების ბრალდებით 2 ადამიანი დააკავეს

დამკვირვებლები ასახელებენ ძირითად სქემას, რომლითაც არჩევნები გაყალბდა

სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ 4 ნოემბერს რუსთაველზე აქცია დააანონსა

„ძლიერმა საქართველომ“ სიების გახსნის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა

ISFED-ის ხელმძღვანელი განმარტავს, რა საარჩევნო ტაქტიკა გამოიყენა ხელისუფლებამ ემიგრანტების მიმართ

“ოცნება” თითოეულ უბანზე მიბმული ე.წ. ქოლ-ცენტრით ატარებდა არჩევნებს – TV PIRVELI

  • პოლიტიკა 

არჩევნების გაყალბებაზე გამოძიება დაიწყო, პრეზიდენტი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

მედვედევი: ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია, ამას, როგორც წესი, დაპატიმრება მოჰყვება

მედვედევის მიერ გაცემულ მითითებებს უცნაურად ემთხვევა – ზურაბიშვილი პროკურატურაში დაბარებაზე

ცესკო პროკურატურას სთხოვს, გამოიძიოს პრეზიდენტის და სხვების განცხადებები გაყალბებებზე

პრეზიდენტის თქმით, შს მინისტრ გომელაურს ვერ უკავშირდება – ვერც „სამთავრობო ხაზით“

ზესტაფონის ფერო მუშაობას წყვეტს, ჩერდება ჭიათურის მაღაროც – GM განმარტებას არ აკეთებს

„ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ არსებული ფორმატით ვეღარ გააგრძელებს მუშაობს

წელს რუსეთიდან 1,489,079 მოქალაქე შემოვიდა – სამი კვარტლის მონაცემები

ორბანი არ წარმოადგენს ევროკავშირს, ნუ მოიტყუებთ თავს – „ოცნების“ მთავრობის ექსმინისტრი

“დასავლეთი დასუსტდა, რუსეთი წამყვან როლს იბრუნებს” – სოხუმში “ოცნების გამარჯვებას” აფასებენ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სადიგოვი პატიმრობაში დატოვა

ამერიკული ორგანიზაციის თანამშრომლების თქმით, საბანკო ანგარიშებზე წვდომა უკანონოდ აქვთ შეზღუდული

  • ინტერვიუ

„ოცნებას გარდაუვალის ცოტა ხნით გადადება შეუძლია“ – ინტერვიუ 

„დასავლეთი ხალხის რეაგირებას ელის. ჩანს, არ აპირებენ არჩევნების შედეგების ცნობას“ – ინტერვიუ

„არჩევნები არ იყო არც სამართლიანი და არც თავისუფალი“ – პარლამენტარები დასავლეთის 8 ქვეყნიდან

„ეუთოს ანგარიში ადასტურებს მრავალ დარღვევას, სირცხვილია“ – ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი

  • უცხოეთის ამბები

„ნოემბერში შევაფასებთ სიტუაციას“ – შარლ მიშელი არჩევნებზე

ევროპარლამენტარი ფიქრობს, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია უახლოეს პერიოდში არ განახლდება

საქართველოში არჩევნები პუტინის მარიონეტებმა მოიპარეს — ბორის ჯონსონი

შეშფოთებული ვარ არჩევნებზე სისტემატურ დარღვევებზე სარწმუნო ბრალდებებით – უილსონი

„პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ არჩევნები გაყალბდა, ხალხთან უნდა დავდგეთ“ – პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

„შეშფოთებული ვარ ეუთო/ოდირის ანგარიშით არჩევნების შესახებ“ – ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი

„არავის აქვს ევროპული ოცნების მოპარვის უფლება, სოლიდარობა ქართველ ხალხს“ – ლატვიის პრეზიდენტი

დარღვევები და უწესრიგოები განმარტული უნდა იყოს – ბორელი

„ამ რთულ დროს ქართველ ხალხთან ვდგავართ“ – EU-ს 13 წევრის მინისტრები

„არჩევნების გაყალბებისა და ძალადობის ამბები შემაშფოთებელია“ – რასმუსენი

„შეშფოთებული ვარ დარღვევებით, რომლებზეც დამკვირვებლები ამბობენ“ – შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

„ეუთო/ოდირის წინასწარი მიგნებები ადასტურებს ჩვენ შეშფოთებას“ – საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრი

„საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს დემოკრატიულ ღირებულებებს“ – ჩეხეთის საგარეო

„ქართველ ხალხს უფლება აქვს, იცოდეს, რა მოხდა შაბათს“ – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ნიკოლ ფაშინიანმა “ქართულ ოცნებას” საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი ქართველებს გამარჯვებას ულოცავს

ორბანი „ოცნებას“ გამარჯვებას ულოცავს – წინასწარი შედეგების გამოცხადებამდე

ზახაროვა ზურაბიშვილს მიმართავს – „სისულელეა იმის ფიქრი, რომ EU-ს სხვისთვის ევროპული მომავლის მინიჭება შეუძლია“

კრემლი ირწმუნება, რომ საქართველოს არჩევნებში არ ჩარეულა

„არ გვითქვამს, რომ დარღვევების გამოძიება მთავრობამ უნდა ჩაატაროს“ მეთიუ მილერი

შვედეთი წყვეტს თანამშრომლობას საქართველოს ხელისუფლებასთან

„ველოდით სამართლიან არჩევნებს, ვნახეთ რაღაც სხვა“ – შაჰინი და რიში

კანადის მთავრობა აპირებს, გადააფასოს ურთიერთობა საქართველოს მთავრობასთან

„წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომ არჩევნები არ ასახავს ხალხის ნებას“ – ჰელსინკის კომისია

ხუთი ნორდიკული ქვეყანა საპარლამენტო არჩევნებზე განცხადებას აქვეყნებს

„ნაცვლად კანონიერი არჩევნებისა, ხალხმა ფარსი მიიღო“ – სენატორი როჯერ უიკერი

ვაშინგტონის გამოხმაურება არჩევნების გამო გამოძიების დაწყებასა და პრეზიდენტის დაკითხვაზე

პიტერ ფიშერი: არჩევნები არ შეესაბამებოდა მოლოდინებს კანდიდატი ქვეყნისგან

“ხმის ფარულობა პოტენციურად კომპრომატირებული იყო დაკვირვების 25 პროცენტში” – ეუთო/ოდირი

„მოიხსენით ვარდისფერი სათვალე, EU-ის ანგარიში პროგრესზე არ მიუთითებს“ — ლიეტუვის ელჩი

კრამერი: არ უნდა აღიარდეს ამ არჩევნების ლეგიტიმურობა

  • კვირის ამბავი

საია ყველა ელექტრონული უბნის შედეგის ბათილად ცნობას ითხოვს ფარულობის დარღვევის გამო

კადიროვმა დააჯილდოვა შვილი, რომელიც მისი მოადგილეა

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა, უფროს შვილს, აიშატ კადიროვას ჯილდო გადასცა ჩეჩნეთსა და ოკუპირებულ დონბასის რეგიონებს შორის „თანამშრომლობის გაძლიერებისთვის”.

24 წლის აიშატ კადიროვა კადიროვმა გასულ წელს ჩეჩნეთის მთავრობის თავმჯდომარის, ანუ თავის მოადგილედ დანიშნა.

ეს არ არის აიშატ კადიროვას პირველი ჯილდო, რომელიც მიიღო მამისგან, როგორც ჩეჩნეთის პირველი პირისგან. მანამდე იგი კადიროვმა  ე.წ. DPR-ის რეგიონებში ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანისთვის დააჯილდოვა,  2021 წლის დეკემბერში კადიროვამ, რომელიც იმ დროს რესპუბლიკის კულტურის მინისტრის პოსტს იკავებდა, მამისგან მიიღო მედალი „ადამიანის უფლებების დაცვისთვის“, 2020 წლის მარტში კი – მედალი „ჩეჩნეთის ეროვნული კულტურისა და ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“.

აიშატ კადიროვა ასევე ხელმძღვანელობს Firdaws მოდის სახლს, რომელიც დააარსა კადიროვის ცოლმა, მედნი კადიროვამ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა კადიროვი ჯილდოებს გადასცემს ოჯახის წევრებსა და ნათესავებს.

კადიროვმა უფროსი ვაჟი, 16 წლის ადამ კადიროვი, რომელმაც 2023 წლის სექტემბერში სცემა რუსი სტუდენტი,  კადიროვმა გადასცა ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის ჯილდო და დანიშნა თანამდებობაზე უსაფრთხოების სამსახურში.

გარდა ამისა, რამზან კადიროვმა თავის ძმისშვილს, 27 წლის ხამზათ კადიროვს 2024 წლის მაისში გადასცა მამაცობის ორდენი. ამის შესახებ ჩეჩნეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ადამ დელიმხანოვმა გაავრცელა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ორდენის მინიჭების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. ხამზათ კადიროვს ასევე მიენიჭა ჩეჩნეთის გმირის წოდება.

ასევე, რამზან კადიროვმა შვილი, 18 წლის ახმატ კადიროვი ჩეჩნეთის სპორტის მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშნა გასულ წელს.

რამზან კადიროვი და მისი ოჯახის წევრები: ორი ქალიშვილი, ცოლი და დედა აშშ-მ დაასანქცირა გასულ წლებში.

საქართველოში ფიქსირდება ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 ნოემბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება.

სააგენტოს ცნობით, ჰაერში მყარი ნაწილაკების მატება ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ-დასავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.

_____________

ფოტოზე: ავტომატური სადგური, რომელიც ჰაერის ხარისხს ამოწმებს

საია 24 სასამართლოში ასაჩივრებს არჩევნებზე ხმის ფარულობის მასობრივად დარღვევას

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ [საია] არჩევნებზე ხმის ფარულობის მასობრივად დარღვევის ფაქტი საერთო სასამართლოებში გაასაჩივრა.

საია 24 რაიონულ/საქალაქო სასამართლოში 73 საარჩევნო ოლქის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. ორგანიზაცია ყველა იმ უბნის (2263 უბანი) შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.

სასამართლო პროცესები შემჭიდროებულ ვადებში უნდა ჩატარდეს.

საიას საჩივრების დაკმაყოფილება გამოიწვევს ხელახალი არჩევნების ჩატარებას, რადგან ტექნოლოგიური უბნების შედეგების ბათილობა არსებით გავლენას ახდენს არჩევნების საბოლოო შედეგზე.

აქამდე საოლქო საარჩევნო კომისიებმა არ დააკმაყოფილეს საიას საჩივრები. საიას განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიებს პასუხისმგებლობა ამომრჩეველზე გადააქვთ და აცხადებენ, რომ შესაბამისი წესების დაცვის შემთხვევაში ხმის ფარულობა დაცული იქნებოდა.

„ჩვენ მტკიცებულებზე დაყრდნობით ვდავობთ, რომ კენჭისყრის დღეს მასობრივად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას“ – აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

სასამართლო პროცესები მიმდინარეობს დღეს თბილისში, ბათუმში, გორში, ახალციხეში, მცხეთაში, ბოლნისში და საქართველოს სხვა ქალაქებსა და ადმინისტრაციულ ცენტრებში.

ორგანიზაციის ცნობით, პროცესი უკვე ჩატარდა რუსთავის სასამართლოში, თუმცა გადაწყვეტილების გამოცხადება გადაიდო. სამტრედიის სასამართლოში სხდომა დასრულდა, რომელზეც მოსამართლე გიორგი ლობჟანიძემ სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ბათუმში საქმეს დღეს, 3 ნოემბერს, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე განიხილავს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ 2024 წლის არჩევნებზე კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფალი არჩევანის უფლება, რაც დაცულია ხმის მიცემის ფარულობის პრინციპით, მასობრივად დაირღვა.

ორგანიზაცია მიუთითებს ფაქტზე, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს გაფერადებული წრის კვალი რჩებოდა. ამასთანვე, თითქმის ყველა უბანზე დამონტაჟებული იყო „ქართული ოცნების“ კამერები, რომელიც მიმართული იყო ხმის მთვლელი/მიმღები აპარატისკენ.

_______________

ფოტოზე: 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში. ფოტო: „ბათუმელები“

ირაკლი ჭეიშვილი ადასტურებს, რომ „ოცნება“ არჩევნებზე ქოლ-ცენტრებით მუშაობდა

„ქართული ოცნების“ აჭარის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ირაკლი ჭეიშვილი ადასტურებს, რომ „ოცნება“ არჩევნებზე ქოლ-ცენტრების მეშვეობით მუშაობდა.

ამის შესახებ ჭეიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს და ასე ეხმიანება ტელეკომპანია „პირველის“ მიერ 2 ნოემბერს გავრცელებულ ჟურნალისტურ გამოძიებას იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ თითოეულ საარჩევნო უბანზე მიმაგრებული ე.წ. ქოლ-ცენტრით ატარებდა არჩევნებს.

„…რაც შეეხება თვითონ ქოლცენტრს, კითხეთ იმ ოპოზიციონერებს ვისაც თავის დროზე ჩემთან უმუშავია შტაბში და ეხლა ოპოზიციაში არიან, დაგიდასტურებენ რომ ქოლცენტრი 2014 წლიდან გვქონდა, ვურეკავდით ჩვენს კოორდინატორებს და შეგვყავდა ინფორმაცია, თუ რამდენი ჩვენი მომხრე იყო უბანზე მისული. წელს განსხვავებით წინა წლებისა, ყველა უბანზე გავაკეთეთ პატარა-პატარა ქოლცენტრები, საიდანაც უფრო მარტივი გავხადეთ კომუნიკაცია უბნის უფროსებთან და ქოლცენტრის უფროსებს დავარქვით კაპიტნები. ბათუმში წლები გვქონდა ერთი ქოლცენტრი და წლევადელ არჩევნებზე გავხადეთ მეტი. ადამიანების ჯამი არ შეცვლილა“ – წერს ირაკლი ჭეიშვილი ფეისბუქზე [სტილი დაცულია].

სქრინი ირაკლი ჭეიშვილის ფეისბუქგვერდიდან

ამავე თემაზე: „ოცნება“ თითოეულ უბანზე მიბმული ე.წ. ქოლ-ცენტრით ატარებდა არჩევნებს – TV PIRVELI

ირაკლი ჭეიშვილი „ოცნების“ საპარლამენტო სიის 98-ე ნომერი, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი და აჭარაში „ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია. მისი პოლიტიკური კარიერა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დაიწყო – 2006 წელს ჭეიშვილი ბათუმის მერის თანაშემწე იყო, 2007-2009 წლებში – აჭარის მთავრობის აპარატის პროტოკოლისა და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი.

„ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ირაკლი ჭეიშვილი ჯერ აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი იყო, შემდეგ – ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, 2016 წლიდან კი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ოცნებიდან“. იგი გასულ წლებშიც ხელმძღვანელობდა „ოცნების“ საარჩევნო შტაბს.

26 ოქტომბრის არჩევნებამდე 10 დღით ადრე „ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა სტატია – „ფარულად მოპოვებული ფაილები „ოცნების“ ოფისიდან“, რომელშიც მოთხრობილია, როგორ ამუშავებდა „ქართული ოცნება“ პარტიის ოფისებში ათობით ათასი ადამიანის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პირად მონაცემებს. არ არსებობს კანონიერი გზა, რომლითაც პოლიტიკურ პარტიას შეუძლია ამ მოცულობისა და შინაარსის მონაცემების შეგროვება და დამუშავება.

„ბათუმელების“ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა განაცხადა, რომ დაიწყო აღნიშნული ფაქტის შესწავლა.

_____________

ფოტოზე: ირაკლი ჭეიშვილი/facebook

ამავე თემაზე: 

ფარულად მოპოვებული ფაილები „ოცნების“ ოფისიდან

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 ნოემბრის 21 საათიდან 4 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, ჭექა-ქუხილი, მთაში თოვა, ზოგან – დროგამოშვებით ძლიერი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ღამით ზოგან 17-22 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 11– 16 გრადუსი სითბო
  • ღამით: 6 – 11 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 6 – 11 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი ყინვა

მაღალმთიან ზონაში

  • დღისით: 1 გრადუსი სითბო – 3 გრადუსი ყინვა
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 5-6 ნოემბერს მოსალოდნელია წვიმა, მთაში – თოვა.

__________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 3 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 3 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 699 090 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 410]
  • ტანკი – 9 182 ერთეული [+12]
  • ჯავშანტექნიკა – 18 523 ერთეული [+36]
  • საარტილერიო სისტემა – 20 086 ერთეული [+10]
  • MLRS – 1 244 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 994 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 18 187 ერთეული [+70]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 629 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 28 160 ერთეული [+46]
  • სპეცტექნიკა – 3 584 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 3 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 647 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 35 216 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 585 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 19 031 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 484 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 17 245 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 27 956 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

საინფორმაციო ბრიფინგი დეზინფორმაციაზე თითქოს საარჩევნო ადმინისტრაციას და თავმჯდომარეს კავშირი აქვს რუსეთთან

გვინდა გამოვეხმაუროთ იმ დეზინფორმაციულ კამპანიას, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა ინტენსიურად მიმდინარეობს მედიასა და სოციალური ქსელებში. დაინტერესებული მხარეები გამოგონილი ბრალდებებით მიუთითებენ საარჩევნო ადმინისტრაციის და უშუალოდ მისი თავმჯდომარის კავშირებზე რუსეთთან.

გვინდა კატეგორიულად განვაცხადოთ, რომ ონლაინ სივრცეში გავრცელებული ხელშეკრულების ფოტოები, რომელიც თითქოს საარჩევნო ადმინისტრაციასა და რუსულ კომპანიას შორის თანამშრომლობას ასახავს, არის ფალსიფიცირებული და ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვს. ასეთი დოკუმენტი არ არსებობს – საარჩევნო ადმინისტრაციას აღნიშნულ კომპანიასთან და მათ შორის არცერთ სხვა კომპანიასთან ხელშეკრულებაში მითითებულ შესყიდვის საგანთან დაკავშირებით არასოდეს უთანამშრომლია.

მეორე საკითხი რუსული მედიაორგანიზაციის წარმომადგენლის ალექსანდრ მალკევიჩის აკრედიტაციას შეეხება. დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს  საარჩევნო ადმინისტრაციამ აღნიშნული პირის აკრედიტაციით კანონი დაარღვია და ამის საფუძველი ცესკოს თავმჯდომარის ჟურნალისტთან პირადი ნაცნობობა იყო.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ რუსული მედიაორგანიზაციის წარმომადგენელზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით არის გაცემული და ცესკოს არ აქვს წვდომა ამა თუ იმ პირის სამართლებრივ სტატუსზე და ეს არ განეკუთვნება მისი უფლებამოსილების ფარგლებს.

მანიპულაციურად არის წარმოჩენილი ამასთანავე ის ფაქტი, რომ თითქოს აღნიშნული პირის მიერ აკრედიტაციისთვის მომართვა პირადად ცესკოს თავმჯდომარეზე განხორციელდა და თითქოს ეს წარმოდგენს მთავარ მტკიცებულებას იმისა, რომ მათ შორის კავშირები არსებობს, მაშინ როდესაც კორესპონდენციის წარმოების პროცესში მინიმალურ სტანდარტს წარმოადგენს, რომ მიმართვა ინსტიტუციის ხელმძღვანელის სახელზე კეთდება და ამითაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანა ხორციელდება. ნებისმიერი ადგილობრივი თუ უცხოური მედიის წარმომადგენელი აკრედიტაციას გადის მარტივი პროცედურით, მათ შორის ელექტრონული ფოსტის საშუალებით შესაბამისი ინფორმაციის გამოგზავნით. თუ გამოგზავნილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს საარჩევნო კანონმდებლობას, საარჩევნო ადმინისტრაცია გასცემს შესაბამის აკრედიტაციას.

აღნიშნული კარგად არის ცნობილი დაინტერესებული მხარეებისთვის, და ალბათ სწორედ ამიტომ, ამ დეზინფორმაციის გასამყარებლად ონლაინ სივრცეში დამატებით გაავრცელეს დოკუმენტები, თითქოს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი რუსეთში სწავლობდა ვინმე ალექსანდრ მალკევიჩთან ერთად. ჩვენთვის უცნობია ეს დოკუმენტი ფალსიფიცირებულია თუ სხვა გიორგი კალანდარიშვილზეა გაცემული, თუმცა დაზუსტებით შეგვიძლია გითხრათ სიმართლე – ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს ალექსანდრ მალკევიჩთან არანაირი კავშირი არ აქვს, მას არასოდეს უსწავლია რუსეთში და ამასთანავე არასდროს ყოფილა ამ ქვეყანაში.

„ძლიერმა საქართველომ“ სიების გახსნის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა

კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთული სიების გასაჯაროების მოთხოვნით. კოალიცია აცხადებს, რომ სიებს ცესკო მიზანმიმართულად მალავს.

კოალიციის განცხადებით, მათ საოლქო კომისიებმა უარი უთხრეს აპარატებში ჩატვირთული სიების გასაჯაროებაზე, რაც ადასტურებს იმას, რომ ეს სიები არის დანაშაულის მთავარი სამხილი, რომელსაც მალავს საარჩევნო ადმინისტრაცია.

„ჩვენ პირველი დღიდან ვითხოვთ გაიხსნას სიები, რაც უტყუარად ატარებს დანაშაულის კვალს. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩადენილია დანაშაული, არჩევნების მიტაცება, თუ არაფერი არ აქვს დასამალი ხელისუფლებას და საარჩევნო ადმინისტრაციას, მაშინ ამ სიების გახსნა პრობლემა არ უნდა იყოს. ეს მოგვცემს შესაძლებლობას დავინახოთ გაყალბების სქემა, რომელიც გამოიყენა ხელისუფლებამ. ამიტომ არ ასაჯაროებენ ისინი ამ სიებს.

ჩვენ გვქონდა საჩივარი შეტანილი 73 საოლქო კომისიაში. ნაცვლად იმისა, რომ როგორც კანონი ავალდებულებდა ამ კომისიებს, დამოუკიდებლად განეხილათ ეს საკითხი, ცენტრალიზებული, არაკანონიერი დირექტივით წავიდნენ, ამიტომ ჩვენ სარჩელით მივმართავთ სასამართლოს და ბოლომდე, ყველა სამართლებრივ გზას გამოვიყენებთ, რომ დადასტურდეს ქართველი ხალხის ხმის უფლების მიტაცება და გაყალბება ხელისუფლების მხრიდან“ – განაცხადა „პირველის“ ეთერში ანა ნაცვლიშვილმა, კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა.

ასევე, გუშინ, პირველ ნოემბერს, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ მიმართა სასამართლოს, რომ აიძულოს ცესკო, დაიცვას ხმის მიცემის შესახებ ინფორმაცია, რაც გულისხმობს სერვერებზე არსებული ბაზების, ასევე ხმის მიცემის ელექტრონულ აპარატებში ამომრჩეველთა ერთიანი სიის შენახვას, რადგანაც არსებობს მონაცემთა ფალსიფიცირების რისკი. გახარიას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს ცესკოს სერვერებზე არსებული ბაზების ფალსიფიკაცია და ელექტრონულ აპარატებზე არსებული ინფორმაციის წაშლა.

  • რა ხდება

საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას არ აღიარებს ბარიერგადალახული არცერთი ოპოზიციური პარტია და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა.

ერთ-ერთი მექანიზმი, რითაც პარტიებს კენჭისყრის დღეს ე.წ. კარუსელების არსებობის დამტკიცება უნდათ, არის ბაზის შექმნა, სადაც მოქალაქეები შეძლებენ გადაამოწმონ, ფიქსირდება თუ არა მათი ხმა არჩევნებზე, რომელ უბანზე და როდის. პირობითად ემიგრანტი, რომელსაც რეალურად არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია, თუ აღმოაჩენს, რომ ვიღაცამ მისი პირადი ნომრის გამოყენებით საქართველოში მისცა ხმა, ეს „კარუსელის“ დამადასტურებელი ფაქტი იქნება.

სამოქალაქო ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიები აცხადებენ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრა მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე, ძირითადად უთანასწორო, ძალადობრივ და დაძაბულ გარემოში წარიმართა, ამომრჩევლის ნებას არ ასახავს და ითხოვენ შედეგების გაბათილებას.

ეუთო/ოდირისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სადამკვირვებლო მისია საუბრობს საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევის რისკებზე, ასევე სხვა ტიპის დარღვევებზე. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ აღწერილი დარღვევების ნაწილი ტექნოლოგიებთანაა დაკავშირებული, ნაწილი კი, დაინტერესებული მხარეების მიერ პროცესში უხეშად ჩარევის მცდელობებთან.

აშშ და ევროკავშირის ქვეყნები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ არჩევნების შედეგებს და დარღვევების გამოძიების საჭიროებაზე საუბრობენ.

_____________

ფოტოზე: ანა ნაცვლიშვილი. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

საქართველოში ავტოავარიის შედეგად 122 ადამიანი დაიღუპა ბოლო სამ თვეში

ავტოავარიის შედეგად 122 ადამიანი დაიღუპა საქართველოში 2024 წლის ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით და 2048 ადამიანი დაშავდა – ასეთია შს სამინისტროს ოფიციალური მონაცემები.

122 დაღუპულს შორის 18 ქვეითი იყო, ავარიის შედეგად ბოლო სამ თვეში ორი არასრულწლოვანი დაიღუპა.

სტატისტიკის თანახმად, სამ თვეში ყველაზე მეტი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, რომელზეც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მიხედვით დაიწყო, თბილისში [645] და აჭარაში [195] მოხდა.

რაც შეეხება 2024 წლის სამივე კვარტლის სტატისტიკას, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით საქართველოში ავარიის შედეგად 301 ადამიანი დაიღუპა.

შსს-ს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2024 წლის მესამე კვარტალში ავარიების ყველაზე ხშირი მიზეზები იყო: რკინიგზის გადასასვლელის გავლის წესის დარღვევა; შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა და მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება.

__________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

წელს რუსეთიდან 1,489,079 მოქალაქე შემოვიდა – სამი კვარტლის მონაცემები

2024 წლის სამი კვარტლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში უცხო ქვეყნებიდან შემოსული მოქალაქეების მიხედვით, პირველ ადგილზე კვლავ რუსეთის ფედერაციაა.

2024 წელს, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, საქართველოში რუსეთიდან 1,489,079 პირი შემოვიდა.

კვარტლების მიხედვით სტატისტიკა ასე ნაწილდება:

  • I კვარტალი – 281 504
  • II კვარტალი – 438 638
  • III კვარტალი – 768 937 

სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოში რუსეთიდან შემოსვლის მაჩვენებელი განსაკუთრებით გაიზარდა მესამე კვარტალში, ზაფხულის ტურისტული სეზონისას.

რაც შეეხება საქართველოს საზღვრის დატოვების სტატისტიკას, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების თანახმად, 2024 წელს, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, ქვეყანა დატოვა რუსეთის 1,488,458-მა მოქალაქემ.

საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოსვლა 2022 წლის თებერვლის ბოლოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაცია თავს დაესხა უკრაინას და ომი დაიწყო.

სტატისტიკის თანახმად, 2022 წელს საქართველოში შემოვიდა რუსეთის 1 459 541 მოქალაქე და ეს იყო 401-პროცენტიანი ზრდა 2021 წელთან შედარებით.

გასულ, 2023 წელს კი, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველოში რუსეთის 1 856 237 მოქალაქე შემოვიდა და 1 887 223 – გავიდა.

„ბათუმელებმა“ იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია, რუსეთის რამდენმა მოქალაქემ მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობა და აქედან რამდენი განცხადება დაკმაყოფილდა, თუმცა სააგენტომ ეს ინფორმაციამ არ მოგვაწოდა.

______________

ფოტოზე: 2022 წლის სექტემბერი, ლარსი. ფოტო: ზურაბ ქურციკიძე/ევროპის პრესფოტო სააგენტო/EPA-EFE

ამავე თემაზე: 

რა ხდება ბარებში, რომლებიც მობილიზაციას გამოქცეულმა რუსებმა გახსნეს ბათუმში – VIDEO

ხვალიდან გაავდრდება, მოსალოდნელი შტორმი და მთაში თოვა

გარემოს ეროვნული სააგენტო გაფრთხილებას ავრცელებს მოსალოდნელი ამინდის შესახებ.

სააგენტოს ცნობით, 3 ნოემბერს, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება.

ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვაა მოსალოდნელი.

„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. საფრთხის დონე საშუალოა“ – იუწყება სააგენტო.

აჭარის მაღალმთიანეთში თოვაა მოსალოდნელი.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 2 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 2 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 697 680 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 270]
  • ტანკი – 9 170 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 18 487 ერთეული [+17]
  • საარტილერიო სისტემა – 20 076 ერთეული [+37]
  • MLRS – 1 244 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 994 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 18 117 ერთეული [+28]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 628 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 28 114 ერთეული [+76]
  • სპეცტექნიკა – 3 583 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 2 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 647 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 35 169 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 585 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 19 023 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 484 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 17 176 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 27 930 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

 

 

რისი იმედი (არ) აქვთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში – „ან ადამიანის უფლებები უნდა დავარღვიოთ, ან კანონი“

საქართველოს მთავრობამ 2022 წლის დასაწყისში დაამტკიცა „საქართველოს 2022-2030 წლების ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგია“, რომელზეც ქართველ სპეციალისტებთან ერთად მუშაობდნენ ფრანგი ექსპერტებიც. სტრატეგიაში ნათქვამია, რომ ჯანმოს მონაცემებით, მოსახლეობის დაახლოებით 25%-ს, ცხოვრების მანძილზე, სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობა უვითარდება. ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური დიაგნოზები დეპრესიული (10.4%) და შფოთვითი აშლილობებია (7.9%).

სტრატეგიაზე მუშაობის პერიოდში კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის სულ მცირე 5%-ს აღენიშნება ისეთი ფსიქიკური აშლილობა, რომელიც შესამჩნევია ოჯახის წევრების, ახლო მეგობრებისა და კოლეგებისათვის და მათ საქმიანობაზე ახდენს გავლენას.

საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის მთავარ გამოწვევებს წარმოადგენს: ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ნაკლებობა ფსიქიკურ ჯანმრთელობის სისტემაში, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული გამოწვევები, დეინსტიტუციონალიზაციისა და სათემო სერვისების განვითარებასთან დაკავშირებული გამოწვევები, ექსკლუზიურ ვერტიკალურ პროგრამებთან დაკავშირებული სირთულეები, ადამიანური რესურსების სიმცირე, ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემის ადმინისტრირების, რეგულირების, მართვისა და კონტროლის ნაკლებობა, და ასევე, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხარისხის გაუმჯობესებისთვის საჭირო მწირი ფინანსური რესურსები.

იმაზე, თუ როგორ წარიმართა პროცესები რა (არ) გაკეთდა ამ წლების განმავლობაში, გვესაუბრა ოლგა კალინა. ის 2014 წლიდან ევროპული ფსიქიატრიის სერვისის მომხმარებელთა და გადარჩენილებთა ქსელის (ENUSP) თავმჯდომარეა და შშმ ქალთა ორგანიზაციის – „პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისათვის“ (PNO) ერთ-ერთი დამფუძნებელი. ოლგა ასევე იყო ჩართული საქართველოს 2022-2030 წლების ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგიის მომზადების პროცესშიც.

„თავად სტრატეგიის არსებობა პოზიტიური ფაქტია. ამ სტრატეგიაზე მეც ვმუშაობდი, ასევე ჩემი კოლეგები, ფსიქიატრები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის – „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში”.

დოკუმენტში შევიდა ბევრი კარგი და საჭირო ამოცანა.

საწყის ეტაპზე Expertise France-ს გუნდმა გააკეთა მოსახლეობის საჭიროებების კვლევა. მიღებული შედეგები დიდად არ განსხვავდება ევროპის ქვეყნების მონაცემებისგან, თუმცა ჩვენთან მიმართვიანობა არის ბევრად დაბალი, განსაკუთრებით ოჯახის ექიმთან.

ჯანდაცვის პირველ რგოლშივე გამოჩნდა ფსიქიკური ჯანმრთელობის ინტეგრაციის სისტემური ხარვეზი, ეს ვლინდება იმაშიც, რომ საყოველთაო ჯანდაცვა არ ფარავს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

იმის გამო, რომ სახელმწიფო ეფექტურად არ მუშაობს არსებული სტიგმის შემცირებაზე, მოსახლეობა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების დროს, ძირითადად, მიმართავს არა ფსიქიატრს, არამედ ნევროლოგს. შესაბამისად, ისინი ვერ იღებენ სპეციალიზებულ მომსახურებას.

იმისთვის, რომ სტრატეგია იყოს ქმედითი, უნდა არსებობდეს მონიტორინგისა და რეპორტინგის გამართული სისტემა. ეს პუნქტები თავად სტრატეგიაში არის გაწერილი, თუმცა ამჟამად მონიტორინგი არ მიმდინარეობს“ – ამბობს ოლგა კალინა.

იგი აღნიშნავს, რომ სტრატეგიის მიღმა მოხდა ისეთი ფაქტები, რაც არ იყო შეთანხმებული თემთან. მაგალითად, ცვლილებების მცდელობა 15 კანონში, რომელიც ხელმისაწვდომს ხდის კონფიდენციალურ ინფორმაციას სხვადასხვა სამინისტროებისთვის, მათ შორის შსს-თვის.

„ეს ნაბიჯი აღრმავებს სტიგმას და ამცირებს მიმართვიანობას. ადამიანები ირჩევენ ან სერვისის კერძოდ მიღებას ან ფინანსების არქონის გამო, საერთოდ უარის თქმა უწევთ სერვისზე. ამის გარდა, ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის ქონამ შეიძლება სხვადასხვა სტრუქტურებს მისცეს შანტაჟის შესაძლებლობა.

სტრატეგიაში წერია, რომ ის შეიქმნა ევროპულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, ასოცირების ხელშეკრულების ჩარჩოში. იმის გათვალისწინებით, რომ აქამდეც არ ხორციელდებოდა სტრატეგიით გათვალისწინებული ნაბიჯები, ახლა, როცა ჩვენი ქვეყნის დასავლური კურსი საფრთხის ქვეშაა, ალბათ, უფრო ნაკლებად განვითარდება ფსიქიკური ჯანმრთელობის სფერო.

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში დონორული დაფინანსებით მოსახლეობას სთავაზობენ სხვადასხვა სერვისებს, განსაკუთრებით მათ ვისაც ფსიქოლოგიური მხარდაჭერა სჭირდებათ, ასევე ძალადობის მსხვერპლებს, უმცირესობებს…

ჩვენი ორგანიზაციაც მუშაობს ფსიქო-სოციალური პრობლემების მქონე პირებზე და ჩვენ თავადაც ვართ ამ პირთა ორგანიზაცია.

რუსული კანონის ფარგლებში ჩვენ ჩავითვლებით აგენტებად.

ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენივე ხელით უნდა გამოვაქვეყნოთ კონფიდენციალური მონაცემები. ვართ იმ რთული დილემის წინაშე, რომ გავასაჯაროოთ კონტრაქტები, ხელშეკრულებები. ადამიანის აგენტად მონიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს მისი რეპუტაციის დაზიანება და დარგის პროფესიონალები თავს შეიკავებენ ჩვენთან თანამშრომლობისგან”.

ოლგა კალინა
„გამოუვალ მდგომარეობაში ვართ. გვიწევს დავარღვიოთ ან ადამიანის უფლებები ან კანონი.

ჩვენი ორგანიზაცია წლებია ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველოში იყო კარგი, ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისები ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით, დავიცვათ ადამიანის უფლებები, გაუგებარია, ამის გამო რატომ უნდა ვატაროთ უცხოური გავლენის აგენტის იარლიყი?“ – ამბობს ოლგა.

შორენა გორგილაძე აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდის დედაა. მისი შვილი ქალაქ ბათუმის მერიის მიერ დაფინანსებულ პროგრამაშია ჩართული და იღებს ფსიქოლოგის სერვისს ერთ-ერთ ბავშვთა განვითარების ცენტრში. შორენა გვიყვება, რომ მის შვილს სკოლაში 2 საათით გამოყოფილი ჰყავს ასისტენტი, 2-2 საათით კი სპეცმასწავლებელი და ფსიქოლოგი, რაც მიღებულ ნორმაზე ბევრად ნაკლებია. მოსწავლეს ასისტენტის სერვისი მთელი სასწავლო დღის განმავლობაში სჭირდება.

„სამწუხაროდ, 18 წლის რომ გახდება ჩემი შვილი, ალბათ, მოუწევს სახლში ყოფნა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ნიჭიერია, ამჟამად არანაირი პერსპექტივა ამ მხრივ არ ჩანს. მხოლოდ ფსიქოლოგი არანაირად არ არის საკმარისი.

ბათუმში გვყავს ორი ოკუპაციური თერაპევტი, რაც საერთოდ არ არის საკმარისი არსებულ მოთხოვნასთან შედარებით. ჩემს შვილს სჭირდება ოკუპაციური თერაპევტი, მაგრამ გრძელი რიგის და ფასების გამო სერვისს ვერ ვიღებთ. დროულად ამ ტიპის ჩარევა ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ზრდასრულობაში დამოუკიდებლად შეძლონ პრობლემებთან გამკლავება”.

შორენა გორგილაძე

შორენა ასევე აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდების მშობლებისთვის არ აქვს მხარდაჭერის პროგრამა, იმ ცოდნასა და გამოცდილებას კი, რაც არსებულ სიტუაციასთან გასამკლავებლად სჭირდებათ, უშუალოდ ფსიქოლოგებისგან იღებენ, მათი კეთილი ნების ხარჯზე.

„ჩვენი ფსიქოლოგები ვითარდებიან და სწავლობენ ევროპულ მაგალითებზე, ნამდვილად სულის ჩაკვლა იქნება, თუ შეგვეზღუდება ევროპიდან განათლების, ინფორმაციის მიღება“ – ამბობს შორენა.

ნინო დოლიძე ბათუმში ბავშვთა განვითარების ცენტრ „მოზაიკას“ დირექტორია, ამასთან ის ქცევის საერთაშორისო ანალიტიკოსი (IBA), კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრიცაა.

„გამომდინარე იქიდან, რომ მე ვარ ქცევის საერთაშორისო ანალიტიკოსი, ჩვენი პროფესიული ეთიკა ეყრდნობა ქცევის საერთაშორისო ორგანიზაციის ეთიკურ სტანდარტებს. სწორედ ამით  ვიხელმძღვანელეთ შიდა ორგანიზაციული წესდების შემუშავებისას. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ჩვენს ქვეყანაში არ გვაქვს კანონი, რომელიც დაარეგულირებს ჩვენი პროფესიის ადამიანების საქმიანობას, თუმცა ის შემუშავების პროცესშია და ვიმედოვნებთ, სიახლეები იქნება ამ კუთხით.

საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე სპეციალისტებს მოგვეთხოვება უწყვეტი განათლების საათების დაგროვება და შესაბამისად, ვიზიარებთ დასავლურ ცოდნასა და სიახლეებს სფეროში. ადგილობრივი კანონმდებლობის არ არსებობის გამო პროფესიის სხვა წარმომადგენლების საქმიანობაში, სამწუხაროდ, მხოლოდ პირად კეთილსინდისიერებას უნდა დავეყრდნოთ.

სერვისები არის ხელმისაწვდომი ბენეფიციარებისთვის, თუმცა ყურადღება უნდა გამახვილდეს არა მხოლოდ ცენტრების სიმრავლეზე არამედ სწორედ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ამ კუთხით რეგიონებში. იმისთვის, რომ თერაპიამ სწორი შედეგი გამოიღოს, რამდენიმე სხვა ელემენტთან ერთად, მნიშვნელოვანია, სწორად ჩატარებული თერაპია და შემუშავებული სტრატეგიების განმახორციელებელი თერაპევტების გამომუშავებული უნარები, კონტროლი პროგრესის პროფესიულ კონტროლი (სუპერვიზია).

ნინო დოლიძე

ტრენინგებიც, რომელიც ჩვენს სფეროში ტარდება მიწოდებული უნდა იყოს შესაბამის სერტიფიცირებული სპეციალისტისგან, ამ ყველაფრის კონტროლი საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციას მხოლოდ საკუთარი ძალებით, მოხალისეობრივად გვიწევს.

შარშან ჩატარდა პირველი კონფერენცია საქართველოში, წელს იგეგმება უფრო ფართო მასშტაბური სახე მივცეთ და მოვიწვიოთ სფეროს დოქტორები ამერიკიდან, რომლებმაც შეიმუშავეს თანამედროვე მიდგომა, თუმცა ამ პროცესშიც პირადი ძალებით და პირადი ფინანსური რესურსებით ვართ ჩართული. დახმარება მივიღეთ ასევე კერძო უნივერსიტეტისგან.

ძალიან ვცდილობთ, რომ ჩვენი სამეცნიერო სივრცე იყოს ნაწილი დასავლური აკადემიური სივრცისა. თუმცა გარდა იმისა, რომ აუტიზმის მქონე ბავშვებს მიეწოდებოდეს შესაბამისი სერვისი, მნიშვნელოვანია ADHD-ის დიაგნოსტირება და თერაპიაც იყოს უზრუნველყოფილი, გარდა ამისა, მშობლების ჩართულობა და მათი მენტალური ჯანმრთელობა არანაკლებ მნიშვნელოვანია ბავშვების განვითარებისთვის. თუმცა სამწუხაროდ, ის ცენტრები, რომლებიც ზრდასრულების მენტალურ ჯანმრთელობაზე მუშაობდნენ, დახურვის საფრთხის წინაშე დგანან უცხოური დაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში.

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სერვისების უმრავლესობა ორიენტირებულია 18 წლამდე ბავშვების განვითარებაზე. 18 წლის შემდგომ, სამწუხაროდ, ნეირო-განსხვავებული ადამიანებისთვის არ არის გასაქანი. იმისთვის, რომ ასეთი დიდი შრომა წყალში არ ჩაიყაროს, ბევრი მშობელი ფიქრობს საზღვარგარეთ გადასვლას, სადაც მათი შვილები შეძლებენ სწავლის გაგრძელებას უმაღლეს სასწავლებლებში ან/და არჩეული პროფესიით მუშაობას, იურიდიულად დაცულ სამუშაო გარემოში სტიგმების გარეშე.

აქედან გამომდინარე, კარგი იქნება საქართველო გაძლიერდეს ამ მიმართულებით, დაემატოს პროგრამები ზრდასრულებისთვის, რაც საშუალებას მისცემს ადამიანებს დარჩნენ სამშობლოში თავიანთი რესურსი გამოიყენონ ქვეყნის განვითარებისა და საკუთარი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის” – ამბობს ნინო დოლიძე.

„კლუბი სინერგია“ ფსიქიკური ჯანმრთელობის და ფსიქოსოციალური დახმარების სერვისია, რომელიც დაახლოებით ხუთი წლის წინ შეიქმნა ევროკავშირის დახმარებით. კლუბში ტიპური განვითარების 14-დან 25 წლის ჩათვლით მოზარდებსა და ახალგაზრდებს უფასოდ აწვდიან ფსიქოლოგიური მომსახურების სერვისს. როგორც „სინერგიას“ ფსიქოლოგი, ლუკა გაფრინდაშვილი ამბობს, რუსული კანონის პირობებში მათი მუშაობის ძირეულ პრინციპს, კონფიდენციალურობას საფრთხე ექმნება და იმის გამო, რომ ისინი არ აპირებენ აგენტების რეესტრში დარეგისტრირებას და არც ჯარიმის გადახდის რესურსი გააჩნიათ, მალე მუშაობის შეწყვეტა მოუწევთ.

ამის გამო უფასო სერვისი შეუწყდება წელიწადში საშუალოდ 600 კლიენტს.

„ძალიან ბევრი ადამიანი რჩება ჩვენი მსგავსი სერვისების მიღმა. უმეტეს ნაწილს არ აქვს იმის საშუალება, რომ კვირაში ერთხელ მინიმუმ 50 ლარი გადაიხადოს თერაპიაში. არ არსებობს სახელმწიფო სერვისი, რომელიც ტიპური განვითარების მოზარდებსა და ახალგაზრდებს უფასო ფსიქო-სოციალურ სერვისებს სთავაზობს, შესაბამისად, ეს ნიშა დარჩება ცარიელი.
ლუკა გაფრინდაშვილი

ეს კანონი დამატებით ბარიერსა და წნეხს ქმნის ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ჩვენს კულტურულ გარემოში, სადაც სტიგმის გამო მიმართვიანობა არის დაბალი.

კონფიდენციალურობის დარღვევის საფრთხე ხელს შეუშლის ადამიანებს სერვისის მიღებაში. თუ მსგავსი პოლიტიკით ქვეყანა ინფორმაციულ იზოლაციაში აღმოჩნდება, ეს იქნება ნაბიჯი არაპროფესიონალიზმისკენ, იმიტომ რომ ჩვენს სფეროში კომპეტენციის ამაღლება ხდება დასავლური ცოდნით, მათი სპეციალისტების ტრენინგებით, ვორქშოფებით, კვლევებში გაერთიანებით და ა.შ.” – ამბობს ლუკა გაფრინდაშვილი.

ნახეთ ამ თემაზე: მე რომ „სინერგიაში“ არ მოვსულიყავი, ის არ ვიქნებოდი, ვინც ახლა ვარ – მოზარდი

მარიამ ათაბაგი კლინიკური ფსიქოლოგი, ქცევის საერთაშორისო თერაპევტია. ის გვიყვება იმ წინაღობაზე, რაც მას და მის გუნდს კვლევის საერთაშორისო სივრცეში გატანისას შეექმნა:

„ჩვენი სამუშაო სფეროს, ისევე, როგორც ნებისმიერი პრაქტიკული მიმართულების განვითარება თეორიული ცოდნის გაღრმავებაზეა დამოკიდებული.

გამომდინარე იქედან, რომ მე და რამდენიმე კოლეგას გვსურდა, ჩვენი წვლილი აუტიზმის განხრით აკადემიურ სფეროშიც შეგვეტანა, 2023 წელს დავიწყეთ კვლევა თემაზე – „ნარატივის უნარები აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ქართულენოვან ბავშვებში”.

კვლევის საპილოტე ვერსია პირველად წარვადგინეთ კონფერენციაზე „სამხრეთ კავკასიური ცარცის წრე”, სადაც მონაწილეობა მსოფლიოს ათეულობით წამყვანი უნივერსიტეტის პროფესორებმა და ახალგაზრდა მკვლევრებმა მიიღეს. მოგვიანებით, საკმაოდ მაღალი კონკურენციის ფონზე, კვლევა მიიღეს ბავშვთა მეტყველების შეწავლის მე-17 საერთაშორისო კონგრესზეც. თითოეულ ეტაპზე, კვლევისთვის ფინანსური მხარდაჭერის ერთადერთ წყაროს ლაიბნიცის ზოგადი ლინგვისტიკის ცენტრი (The Leibniz-Centre General Linguistics – ZAS) წარმოადგენდა, რაც რაღაც ეტაპზე საკმარისი არ აღმოჩნდა – ადგილობრივ დონეზე ვერ შევძელით საკმარისი დაფინანსების მოპოვება, რათა საერთაშორისო კონგრესს დავსწრებოდით ჩეხეთში, პრაღაში.

მარიამ ათაბაგი

მიუხედავად იმისა, რომ კვლევა შეფასების სპეციფიური ინსტრუმენტის ქართულენოვან ბავშვებზე ადაპტირებასა და ადგილობრივი მონაცემების შესწავლის უნიკალურ შესაძლებლობას იძლეოდა, გაგვიჭირდა ასევე კვლევის ეთიკურობის დასტური, რადგან, არ ვიყავით აფელირებული არცერთ უმაღლეს სასწავლებელთან, დამოუკიდებელი ეთიკის კომისია კი, რომელიც შეძლებდა ჩვენთან თანამშრომლობას, ქვეყანაში უბრალოდ არ არსებობს.

ჩვენი სფეროსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპულ აკადემიურ სივრცესთან თანამშრომლობა, არამხოლოდ როგორც ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებისა მხრივ, არამედ იმ ფინანსური რესურსის ორგანიზებისთვისაც, რომელიც აუცილებელია საქართველოში კვლევითი მიმართულების სტაბილური განვითარებისთვის – უდიდესი ენთუზიაზმისა და ინტერესის მიუხედავად, დასავლეთთან თანამშრომლობის გაწყვეტით მომავალში საფრთხე ექმნება საქმიანობას, რომელის ხარისხზეც უამრავი ადამიანის მენტალური კეთილდღეობაა დამოკიდებული”.

ფსიქოლოგი და ქცევის საერთაშორისო ანალიტიკოსი, გვანცა ჩვამანია ამბობს, რომ იმის გამო, რომ ფსიქოლოგის პროფესია სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებული არაა, შესაბამისად, სახელმწიფო არ უზრუნველყოფს უწყვეტი განათლების ხელშეწყობას. ამასთან, ეს გარემო ფსიქოლოგიური სერვისით დაინტერესებულებს დაუცველებს ტოვებს, რადგანაც მათ არ აქვთ გარანტიები თერაპევტის პროფესიონალიზთან დაკავშირებით.

„თუ ჩვენ არ ვიქნებით საერთაშორისო ურთიერთობაში ჩართულები, არ გვექნება მუდმივი მოთხოვნა საერთაშორისო რეგულაციით, რომ განვივითაროთ თავი, თავად სახელმწიფოს ამჟამად არ აქვს არანაირი რეგულაციის მექანიზმი, შესაბამისად ყველა, ვინც მიმღებია ამ სერვისების, მათ შორის სახელმწიფო პროპგრამებით, აღმოჩნდება მოწყვლად მდგომარეობაში და ხარისხზე პასუხისმგებლობას არავინ არ აიღებს.

დეფიციტია მონიტორინგის მხრივაც, მათ შორის სახელმწიფო პროგრამებშიც. საჭიროა სპეციფიკური ცოდნის მქონე გუნდების არსებობა, რომლებიც პერიოდულად შეამოწმებენ სერვისის ხარისხს.

გვანცა ჩვამანია

ასევე მნიშვნელოვანია კვლევების ნაწილიც, სამეცნიერო სამყარო კვლევის გარეშე წარმოუდგენელია.

ამ მხრივ დაკავშირებულები ვართ ევროპასთან და ამერიკასთან, სადაც აქტიურად ვითარდება მეცნიერება, ინერგება სიახლეები. შესაბამისად, თუ ამ მხრივ გვაქვს პრეტენზია, უნდა იყოს ჩვენი კვლევები დასავლურ გამოცემებში გამოქვეყნებული.

მნიშვნელოვანია საერთაშორიო ორგანიზაციებისა და დონორების მხარდაჭერა. მაგალითად ჩეხეთის რესპუბლიკის „კარიტასის“ დახმარებით არაერთი კარგი საქმე გაკეთებულა. მათ შორის 2020 წლიდან ისინი ჩაერთნენ სერვისისთ მოსარგებლეთა კვლევაში, მათი დაფინანსებით გამზადდა კანონიც, რომელიც სფეროს რეგულირებისთვისაა საჭირო. თუ ყველაფერი კარგად წავა, შეიძლება ამ კანონის შემდგომი დამუშავება და პარლამენტში განსახილველად შეტანაც.

თუმცა, ამჟამად არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ვხედავ იმის საშიშროებას, რომ იმ რესურსებმა, რაც ჩვენს ქვეყანას არ გააჩნია და რასაც ვიღებთ დასავლელი პარტნიორებისგან, შესაძლოა, დაიკლოს. ასევე საგულისხმოა ისიც, რომ შეიძლება ჩვენი სამომავლო რეპუტაციის გამო ჩვენთან ჩამოსვლისგან თავი შეიკავონ ისეთმა ავტორიტეტულმა და წამყვანმა მეცნიერებმა, რომლებიც სფეროში მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ” – ამბობს გვანცა ჩვამანია.


ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა მიიღო დაფინანსება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID). ბათუმელები/ნეტგაზეთი ინარჩუნებს სრულ სარედაქციო დამოუკიდებლობას. ბათუმელების/ნეტგაზეთის მიერ გამოქვეყნებული მასალა არ ასახავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოზიციას.

Exit mobile version