მთავარი,სიახლეები

თურქეთში მცხოვრები ემიგრანტის თქმით, ემიგრანტების ნაწილი საარჩევნო სიაში არ აღმოჩნდა

26.10.2024
თურქეთში მცხოვრები ემიგრანტის თქმით, ემიგრანტების ნაწილი საარჩევნო სიაში არ აღმოჩნდა

დღეს, 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებზე, თურქეთში, ქალაქ სტამბოლში ხმის მისაცემად მისული ემიგრანტების ნაწილი სიაში არ აღმოჩნდა.

„ბათუმელები“ ესაუბრა სტამბოლში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს, გულნაზ დადაჰავას, რომელიც ამბობს, რომ საარჩევნო უბანზე მან და კიდევ 15-ზე მეტმა ქართველმა ემიგრანტმა ხმის მიცემა ვერ შეძლეს.

„ახლა მოვედი სახლში, აზრი აღარ ჰქონდა იქ დგომას, დილიდან იქ ვარ და არანაირი შედეგი არ არის.

26 სექტემბერს ჩემი ფეხით მივედი სტამბოლში, ბეშიქთაშში, სადაც არის საქართველოს საკონსულო. გავიარე აღრიცხვა, მომცეს ბარათი ჩემი სურათით, სადაც წერია, რომ მაქვს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლება. მითხრეს, მესიჯი მოგივაო. გავიდა ორი კვირა და რომ არ მოვიდა შეტყობინება, დავრეკე ცხელ ხაზზე. მითხრეს, თქვენი მონაცემები მოწესრიგებულიაო. დღეს მივედი საარჩევნო უბანზე და სიაში არ ვარ.

ჩემისთანები ბევრნი იყვნენ, ქალები, ვინც არ იყვნენ სიაში. ყველამ გამოთქვა უკმაყოფილება, მაგრამ უშედეგოდ. 11:30-იდან ოთხ საათამდე იქ ვიყავი და წამოვედი, აზრი არ ჰქონდა” – გვითხრა გულნაზ დადაჰავამ. 

მისივე თქმით სტამბოლში, 23-ე უბანზე დილიდან ძალიან დიდი აქტიურობა იყო:

„იმედი არ გვქონდა, რომ ამდენი ადამიანი გამოჩნდებოდა, მოდიოდა ხალხი ორ-ორად, სამ-სამად საარჩევნო უბანზე. დასამალი არ არის, უმრავლესობა ამბობდა, რომ ირჩევს ევროპულ გზას, მეც მინდა ჩემი ხმა მივაწვდინო მეთქი, ამ ამაღლებული სულისკვეთებით წავედი და ცრემლიანი უკან დავბრუნდი.

მიზეზი ვერ მითხრეს, ყველა საბუთი წესრიგშიაო, მაგრამ ალბათ აფხაზეთიდან რომ ხარ, იმიტომ შეიქმნა პრობლემააო. საქართველოს მოქალაქე ვარ და მინდა მივიღო მონაწილეობა, ჩემი ქვეყნის მომავლის არჩევანი გავაკეთო-მეთქი” – ამბობს მოქალაქე. 

გულნაზ დადაჰავა ამბობს, რომ მას დამკვირვებელმა უთხრა, რომ ამ შემთხვევას საჩივრის სახით დააფიქსირებენ საარჩევნო უბანზე.

_______________

ფოტოზე: ქართველი ემიგრანტები სტამბულში, საარჩევნო უბანთან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: