„თუ გამოჩნდა მკაფიოდ, რომ საზოგადოება არ ეგუება არჩევნების გაყალბებას, მაშინ შეიძლება ველოდოთ სანქციებს. ეს ხელისუფლება საკმაოდ ახლოს მივიდა ამ ნიშნულთან,“ – მიიჩნევს ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი. მას ვესაუბრეთ იმაზე, რეალურად რა ბერკეტი რჩება საქართველოში დემოკრატიის გადასარჩენად.
პოლიტიკის ანალიტიკოსის აზრით, მაღალი საპროტესტო მუხტის შემთხვევაში, ხელისუფლება იძულებული გახდება, არჩევნების ხელახლა ჩატარებას დასთანხმდეს. კახა გოგოლაშვილის აზრით, ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაც საზოგადოების პროტესტზეა დამოკიდებული: საზოგადოება ჩუმად იღებს და ეგუება არჩევნების გაყალბებას, თუ იბრძვის ქვეყნის გადასარჩენად?
„ბათუმელებმა“ რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორთან, კახა გოგოლაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.
- ბატონო კახა, დასავლეთიდან ჩვენი პარტნიორების შეფასება რამდენად მკაფიოა არჩევნების გაყალბებაზე? იქმნება იმის პირობა, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა დაასანქცირონ?
მთავარი ფაქტორი აქ არის ხალხის აქტიურობა. თუ საპროტესტო მუხტი იქნება მაღალი, თუ გამოჩნდა მკაფიოდ, რომ საზოგადოება არ ეგუება არჩევნების გაყალბებას, მაშინ შეიძლება ველოდოთ სანქციებს. ეს ხელისუფლება საკმაოდ ახლოს მივიდა ამ ნიშნულთან.
თუ საპროტესტო მუხტი არ იქნება მაღალი, მაშინ არ ვიცი რა გადაწყვეტილება იქნება სანქციების კუთხით, არ ვარ დარწმუნებული.
- გამოდის, ხალხის აქტიურობაზეა ყველაზე მეტად საერთაშორისო აქტორების გადაწყვეტილებები?
რა თქმა უნდა, ხალხის აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე ის, თუ როგორი საინფორმაციო გარემო ჩამოყალიბდება ამ საკითხის გარშემო. ეს იმოქმედებს საბოლოოდ დასავლეთის რეაქციაზე.
- აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება რა გზავნილი იყო თქვენთვის? მან ხაზი გაუსვა საარჩევნო დარღვევების გამოძიებას.
ჩანს, რომ ისინი არ აპირებენ ამ არჩევნების შედეგების ცნობას. თუ ოპოზიციური პარტიები შევლენ პარლამენტში, მაშინ შეიძლება სცნონ და მხოლოდ თითი დაუქნიონ საქართველოს მთავრობას, რომ ეს არ იყო სამართლიანად ჩატარებული არჩევნები, თუმცა ჯერჯერობით ისინი ელიან ხალხის რეაგირებას.
დარღვევების გამოძიება კი, მოგეხსენებათ, გრძელვადიანი ამოცანაა. ამიტომაც, ეს განცხადება უფრო მოწოდებაა, რომ არ ენდობიან არჩევნების შედეგებს. როდესაც ფარულად ყალბდება არჩევნები, ამის მყისიერი დამტკიცება ძალიან ძნელია, ამას სჭირდება რეალურად გამოძიება.
ამ მოცემულობაში კი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საზოგადოების მიუღებლობაა, რაც იქნება ყველაზე მაღალი მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნები მართლაც გაყალბდა. მაგალითად, ვენესუელაში მილიონი კაცი გამოვიდა საპროტესტოდ და აშშ-ის მთავრობამ იქ ჩატარებული არჩევნები არალეგიტიმურად ჩათვალა იმის მიუხედავად, რომ მყისიერი გამოძიება არავის ჩაუტარებია. ხალხის რეაქციის მიხედვით მათ მართლაც დაადგინეს, რომ არჩევნები გაყალბდა.
ამიტომაც ვფიქრობ, რომ პროტესტის მუხტს გააჩნია და პროტესტის დონეს. 2007 წელს სააკაშვილი პროტესტის შედეგად აიძულეს, ჩაეტარებინა ახალი საპრეზიდენტო არჩევნები. როცა პროტესტის დონე მაღალია, ხელისუფლება იძულებული ხდება დათმობაზე წავიდეს. მასზე ამ დროს საერთაშორისო წნეხიც იზრდება.
თუმცა ასე არ მოხდა, მაგალითად, ბელარუსში, სადაც უკვე დიქტატურაა. მაღალი საპროტესტო მუხტის შემთხვევაში ორი გამოსავალი რჩება ხელისუფლებას: დიქტატურა უნდა დაამყაროს, ან უნდა დათანხმდეს ხალხის მოთხოვნას და არჩევნები თავიდან ჩაატაროს. შესაძლოა, ხელისუფლებამ არჩევნები არ ცნოს გაყალბებულად, მაგრამ თქვას, რომ ხალხის მოთხოვნის შესაბამისად, არჩევნებს ატარებენ თავიდან.
- „ქართულ ოცნებას“ არჩევნებამდე დაანონსებული ჰქონდა დიქტატურა – ამ პოლიტიკური ძალის დაპირება ეს იყო. ხედავთ შესაძლებლობას, რომ „ოცნება“ დათანხმდეს არჩევნების ხელახლა ჩატარებას?
ხალხი თუ ქუჩაში გამოვა, ის არამხოლოდ გაყალბებული არჩევნების გამო უნდა გამოვიდეს, არამედ იმის გამო, რომ დაანონსებული დიქტატურა არ აღსრულდეს, ჩუმად არ შეეგუოს ამ მოსალოდნელი დიქტატურას.
პროტესტის დონეს და მუხტს გააჩნია, რა იქნება შემდეგ.
- თქვენი დაკვირვებით, ამ არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოების ნაწილი მართლაც დააჯერა, რომ „ოპოზიციას ომი უნდა“, თუ მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ არჩევნები უბრალოდ გააყალბა?
ორივე ჩანს. გრძელვადიანად თუ შევხედავთ, იყო ძალიან ბევრი ტყუილი და დეზინფორმაცია, დასავლეთის დემონიზაცია, პოლარიზებული გარემოც შექმნეს და შიშის სინდრომზე გათვლილი სტრატეგიაც ამუშავეს.
ძალიან ბევრი მექანიზმი ვნახეთ, რაც გამოიყენა „ქართულმა ოცნებამ“. მოსახლეობის ნაკლებად გათვითცნობიერებულ ნაწილზეც იმუშავეს ადმინისტრაციული რესურსით, ამას დაემატა პირადობის მოწმობების გაყალბება, რის დადასტურებაც ძალიან ძნელია, თუმცა შესაძლებელი. ამ დოკუმენტაციის შესწავლას ანალიზი სჭირდება…
გაანალიზების შედეგად კი, შესაძლოა დადგინდეს, რომ მინიმუმ რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი გაყალბების გზით იყო შეყვანილი ამომრჩეველთა სიაში. ადამიანები, რომლებიც არიან ემიგრაციაში, იმათ სახელზე გაცემული იყო ახალი პირადობის მოწმობები და ვიღაც სხვა ადამიანები იყვნენ არჩევნებზე მისული.
იყო მოქალაქეების მასშტაბური მოსყიდვაც, მათ შორის, ე.წ. გადაუწყვეტელი მოქალაქეების მოსყიდვა, რომლებიც არ აპირებდნენ არჩევნებზე წასვლას და უთხრეს, მიხვალთ 5 წუთით და მიიღებთ 150, ან 200 ლარს. გაჭირვებული ადამიანი, რომელიც შესაძლოა საერთოდ აპოლიტიკურია, ამას გააკეთებდა.
სერიოზული ეჭვები არსებობს დაშინებაზეც, ასევე მოსახლეობის სხვადასხვა სახით მობილიზაციაზე.
- სალომე ზურაბიშვილის თქმით, ჩვენ გავხდით მოწმე და მსხვერპლი რუსული სპეცოპერაციის, ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ახალი ფორმის. მიგაჩნიათ, რომ რუსული სქემები იყო გამოყენებული 26 ოქტომბრის არჩევნებში?
რუსეთს დიდი გამოცდილება აქვს არჩევნების გაყალბების. ჩემი აზრითაც, სწორედ რუსეთის კონსულტაციების და მათი იდეების რეალიზება მოხდა ამ არჩევნებზე საქართველოში.
რომ ავიღოთ ეს ხმის მთვლელი აპარატები, ჩვენზე ადრე ეს რუსეთში შემოიღეს და ამიტომაც არ გამოვრიცხავ რუსეთიდან მიეღო „ოცნების“ ხელისუფლებას ინფორმაცია, რომ ამ გზით ბევრად მარტივია მასობრივი გაყალბების ორგანიზება.
ამ მოსაზრებას ამყარებს ისიც, რომ გაზრდილი იყო ამომრჩეველთა რაოდენობა. გვითხრეს, რომ მოსახლეობის აღწერა არ ჩატარებულა და მაღალია ეს ციფრი იმიტომ, რომ ემიგრანტია ბევრი, ქვეყნიდან წასულები არიანო. არავინ იცის, ზუსტად რამდენი ადამიანი წავიდა ქვეყნიდან, არიან თუ არა ისინი რეალური ამომრჩევლები.
მათ გაზარდეს ეს ციფრი შეგნებულად, რომ ამომრჩეველთა აქტიურობა არ ეჩვენებინათ მაღალი. გვეუბნებიან, რომ სადღაც 60 პროცენტის ფარგლებში იყო გამოცხადება, ამომრჩეველთა რეალური ციფრი რომ გვქონოდა, ავიდოდნენ სადღაც 80 და მეტ პროცენტზე, ფიზიკურად კი, ამდენი ადამიანი არჩევნებზე ვერ მიდის საერთოდ.
- თქვენი აზრით, რა უნდა ქნას ოპოზიციამ ახლა?
მიზანი უნდა იყოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. პროტესტის და ბოიკოტით ეს შესაძლებლობა არსებობს.
თუ არჩევნები ხელახლა ჩატარდება, ცხადია, ცესკო უნდა შეიცვალოს და საზოგადოებრივი პროტესტის პირობებში საარჩევნო კანონმდებლობაც უნდა შეიცვალოს. მაგალითად, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნოს ოპოზიციის წარმომადგენელი, კომისიებში ოპოზიციიდან მეტი წარმომადგენელი შევიდეს.
- იმედგაცრუებულ ადამიანებს რა შეგიძლიათ უთხრათ: რა შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს მათ პროტესტის აზრი?
თუ ადამიანებს ეზარებათ დემოკრატიისთვის ბრძოლა და აქ მარტო არჩევნების შედეგზე არ არის საუბარი, არამედ დაპირებებზე, რის შესრულებასაც აპირებს „ქართული ოცნება“, თუ არჩევნები გაფორმდება, რა აზრი აქვს მაშინ საერთოდ დემოკრატიისთვის ბრძოლას?
ავტორიტარულ სახელმწიფოში უბრძოლველად არაფერი არ მოდის, უბრძოლველად მეტად და მეტად მოვხვდებით მონობის უღელში.
- თქვენი აზრით, საზოგადოების ხელში ჯერ კიდევ არსებობს ბერკეტი, დიქტატურის დამყარება არ დაიწყოს „ქართულმა ოცნებამ“, რასაც ეს პარტია წინასაარჩევნოდ დაგვპირდა?
დიახ, ეს კანონი იმიტომაც მიიღეს, რომ ნიჰილიზმი დაეთესათ. ადამიანებმა იფიქრეს, ამდენი პროტესტის შემდეგ კანონი მაინც მიიღეს. შემდეგ იფიქრეს, არჩევნებზე მივიდეთო, მაგრამ ეს არჩევნებიც გააყალბეს. საბოლოოდ, თუ ხალხი ხელს ჩაიქნევს, მაინც არაფერი გამოდის, აჯობებს, წავიდე და ჩემს საქმეს მივხედოო, გამოვა, რომ ხალხი თანხმდება იმას, სამუდამოდ დარჩეს მართული.
ეს ჰგავს დაახლოებით ხარს, რომელსაც მოათვინიერებენ იმ კორიდაზე და ვეღარ ინძრევა, ან ცხენს, რომელსაც გახედნიან. ხალხიც ასეა: თუ გაგხედნეს, მერე გაგაჭენებენ, მერე კი, მთელი ცხოვრება გაატარებ ასე, ვიღაც გეჯდება ზევიდან, გაგაჭენებს აქეთ და იქით.
იმ ქვეყნებში, სადაც დამყარდა სტაბილური დიქტატურა, თავისუფლების მოყვარული ხალხი უბრალოდ გარბის, მაგალითად, ვენესუელაში 25 პროცენტი ვენესუელიდან წავიდა, კუბიდან მოსახლეობის ნახევარი წავიდა და აშშ-ში დასახლდა. როდესაც ავტოკრატიის კონსოლიდაცია ხდება და ის გადაიზრდება დიქტატურაში, მერე უკვე ძალიან ძნელია რამე უშველო მაგას, ვენესუელაში არჩევნები ხალხმა კი გააპროტესტა, მაგრამ პირდაპირ არმია გამოიყვანეს მათ წინააღმდეგ ქუჩაში. აქამდე თუ მივიდა საქმე, მოუწევს უმეტესობას ქვეყნის დატოვება.
ეს განსაკუთრებით ახალგაზრდებს უნდა ესმოდეთ, რომლებსაც სურთ ამ ქვეყანაში ცხოვრება: ან შენ შეაჩვევ ხელისუფლებას, რომ შენს ნებას პატივი უნდა სცენ, ან მთავრობა შეგაჩვევს იმას, რომ შენი ნება არ უნდა გამოხატო, უნდა გააკეთო ის, რასაც გიბრძანებენ.