მთავარი,სიახლეები

უსახლკარო, რომელიც მთავრობასთან მუყაოს ყუთში ჩაჯდა: „ოცნება“ 12 წელია გვატყუებს, აღარ მოვტყუვდებით

21.10.2024 •
უსახლკარო, რომელიც მთავრობასთან მუყაოს ყუთში ჩაჯდა: „ოცნება“ 12 წელია გვატყუებს, აღარ მოვტყუვდებით

„თავიდან უნდა დაგვეწყო ბრძოლა, ერთი რომ მოგვატყუა, მეორეზე არ უნდა დავთანხმებოდით,“ – გვიყვება მაგული ფუტკარაძე, უსახლკარო ქალი, რომელიც რამდენიმე დღის წინ თორნიკე რიჟვაძის სამუშაო ოფისის შესასვლელთან მუყაოს ყუთში ჩაჯდა.

უსახლკაროები ბათუმში აქციებს პერიოდულად, ბოლო ორი წელია მართავენ, თუმცა ხელისუფლება ასობით ადამიანს არ იმჩნევს. დღემდე არ არსებობს პროგრამა, რომლითაც სოციალურად დაუცველი, მარტოხელა დედები ისარგებლებენ. 

მაგული ფუტკარაძე წლებია უსახლკაროების რიგშია. ის მარტოხელა დედაა და 31 წლის შვილთან ერთად ცხოვრობს, რომელსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. რამდენიმე დღის წინ მაგული ფუტკარაძე და კიდევ რამდენიმე უსახლკარო ქობულეთში, ბუკნარში, მიტოვებულ სახლში შეიჭრნენ. უსახლკაროებთან ამ დრომდე მხოლოდ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მისულა და ოჯახებისთვის ერთჯერადად 400 ლარი შეუთავაზებია.

„მე მეკუთვნის საცხოვრისი, 4 წელია აქციაზე ვარ, 1988 წლიდან ბათუმში ვარ ჩაწერილი… ახლა ჩემი შვილი ბინაში ჩავკეტე, მეზობელს დავუტოვე გასაღები, იცით?“ – მიმართა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელთან ჩამომწკრივებულ პოლიციელებს მაგული ფუტკარაძემ 16 ოქტომბრის აქციაზე და იქვე მუყაოს ყუთში ჩაჯდა.

მაგული ფუტკარაძე აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელთან

უსახლკაროებმა იმ დღეს აჭარის მთავრობის შესასვლელი იმ პირობით დატოვეს, რომ ბათუმის მერია განიხილავდა საბინაო ფონდიდან უსახლკაროებისთვის ბინების გადაცემას. ეს პირობა მთავრობიდან ნაილი ბეჟანიძემ გამოიტანა, ამ საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა. მას დახურულ კარს მიღმა აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი, ჯაბა სურმანიძე შეხვდა.

თუმცა დათქმულ დღეს უსახლკაროებს უკვე აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენელი, კახა შაშიკაძე შეხვდა და უთხრა, რომ საბინაო ფონდიდან ბინების გადაცემის საკითხი მისთვის უცნობია. მისივე თქმით, უსახლკაროებმა ინდივიდუალურად, განცხადებებით ბათუმის მერიას უნდა მიმართონ.

„რამდენჯერ შეიძლება დავწერო ერთი და იგივე განცხადება? 4 წელია განცხადებებს ვწერ. არავინ მოსულა ჩემთან და არ შეუსწავლია ჩემი ოჯახის მდგომარეობა. იქნებ ვიტყუები?“ – კითხულობს მაგული ფუტკარაძე, რომელსაც ბათუმში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში ვესაუბრეთ.

მაგული ფუტკარაძე შვილთან ერთად.

„ნახეთ, ასეთი კორპუსები უნდა იყოს, ცათამბჯენები და მე უსახლკარო? ისევ ქუჩაში ვრჩები, 20 ოქტომბერს მაქვს ბოლო ვადა ქირის გადახდის, მაგრამ როგორ გადავიხდი?“ – აივნიდან ბათუმის ქაოსურად ნაშენები ბინებისკენ მიგვითითებს უსახლკარო ქალი.

დედა-შვილი ნაქირავებში ცხოვრობს. ერთოთახიანი ბინა სავსეა მუყაოს ყუთებში ჩალაგებული საოჯახო ნივთებით. უსახლკარო ქალი გვიყვება, 15 წელი თურქეთში, ემიგრაციაში ვიყავი და იქ მჩუქნიდენ ნივთებს, როცა მომვლელად ვმუშაობდიო.

მაგული ფუტკარაძე მას შემდეგ დაბრუნდა, როცა მისი მეზღვაური შვილი მოულოდნელად ავად გახდა.

„ჩემი ბინა არასდროს მქონია, მაგრამ ვმუშაობდი, არ მიჭირდა, პირიქით, იქეთ ვეხმარებოდი ჩემნაირებს, საჭმელი მიმქონდა, ვურეცხავდი… ბავშვობაში გვიჭირდა ძალიან, სოფელში ვიზრდებოდი ობლად, ცალ-ცალი კალოშებით დავდიოდი სკოლაში. ვფიქრობდი, რომ ჩემს შვილს არაფერს მივაკლებდი, მაგრამ ავად გამიხდა.

ზღვაზე გამყავს ახლა, ხან კაკალს ვაგროვებთ, მდინარეს ჩამოაქვს, ხანაც ქილებს, იქნებ პურის ფული ვიშოვოთ-მეთქი.

ჩვენი შემოსავალი მხოლოდ პენსიაა, მაგრამ საპენსიო სესხი გვაქვს ორივეს და ჯამში 300 ლარს ვიღებთ, კიდევ სოციალური გვაქვს 120 ლარი. სულ ესაა ჩვენი შემოსავალი.

უფასო სასადილოთი ვსარგებლობ, მაგრამ ზოგჯერ ჩემი შვილი იქაურ საჭმელს ვერ ჭამს, მეუბნება, ტყუილად დადიხარ მაქო, მაგრამ პური ხომ მაინც მომაქვს? კარტოფილი და ხახვი გვაქვს, რაც მთავარია. დღესაც ალბათ კარტოფილს შევწვავ…

ხან ახლობელთან ვცხოვრობ, ხან ვახერხებთ ქირას. ასე ვწანწალებთ…

რამდენიმე თვის წინ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, რამაზ ჯინჭარაძე დამპირდა, რომ ქირის ფულს გადამიხდიდა. მართლაც შევაგროვე საბუთები და ჩამირიცხეს ერთი თვის ქირის ფული. მაშინ ვიქირავე ეს ბინა. მეორე თვეში თანხა აღარ დამერიცხა და მივედი ისევ ბატონ რამაზთან. მითხრა, რომ ეს ერთჯერადი დახმარება იყო.

საბოლოოდ მომცა თანხა, კიდევ ერთი თვის ქირის ფული, მაგრამ ამას ჩემი ხელფასიდან გაძლევო… მესამედ რომ მივედი, აღარ შემხვდა. აღარავინ მხვდება ბათუმის მერიაში ან მთავრობაში.

ბოლო ორი თვის ფული გადასახდელი მაქვს, ამიტომაც უნდა დავცალო ბინა, სხვა გზა არ მაქვს, სად წავიდე?

მხოლოდ ეს დახმარება მაქვს მიღებული, მეტი არაფერი არასდროს მიმიღია მთავრობიდან. თორნიკე რიჟვაძის წარმომადგენელსაც როცა შევხდი, ერთჯერადად 2 ათასი ლარი შემომთავაზა და კატეგორიული უარი ვუთხარი. ვუთხარი, რომ მე მხოლოდ საცხოვრისი მინდოდა, ერთი პატარა ბინა, სადაც მე და ჩემი შვილი ვიცხოვრებთ,“ – გვიყვება მაგული ფუტკარაძე.

მაგული ფუტკარაძე

მაგული ფუტკარაძე პერიოდულად ტოვებს დანგრეულ შენობას ბუკნარში, სადაც სხვებთან ერთად შეიჭრა. უკვე აცივდა, საბანს წამოვიღებ ახლაო, გვიყვება უსახლკარო ქალი, რომელიც ისევ მიტოვებულ შენობაში ბრუნდება.

შენობის შესასვლელის ერთ კედელთან უსახლკარო კაცებს ცეცხლი დაუნთიათ, ზღვაზე მოვაგროვეთ ფიჩხები და დავანთეთ, შეგვცივდა, ღამით აღარ გაიჩერებაო, ჰყვებიან ისინი.

90-იან წლებში დავბრუნდით, ეს რა არისო, უსახლკაროებს მიმართავს მაგული ფუტკარაძე და შემდეგ სახლიდან წამოღებულ საბანს ღია ფანჯრების პირდაპირ გაშლილ საწოლზე დებს. ფანჯრებზე უსახლკაროებს ფერად-ფერადი პლედები ჩამოუფარებიათ. მაგიდაზე გაურეცხავი ჭურჭლის გროვაა, ჭერიდან წვიმა ჩამოდის, კედლები ჩაშავებულია, ნაწილზე ბალახი ამოსულა…

უსახლკაროები ნახევრად დანგრეული, მაგრამ სახელმწიფოს ბალანზე არსებული შენობის დატოვებას არ აპირებენ. შენობა ჩამოქცეულია. შიგ არც სველი წერტილია. უსახლკაროები სასმელ წყალს გვერდითი შენობის წინ მდებარე ონკანით სარგებლობენ, ტუალეტი მაღაზიის გვერდითაა.

ადევნებთ თუ არა თვალს ბიძინა ივანიშვილის გამოსვლებს, რას გპირდებათ იგი? – ვკითხეთ უსახლკაროებს.

„ივანიშვილი არაფერს არ ამბობს, ტყუილებს ამბობს ყველაფერს…“ – გვიყვება მაგული ფუტკარაძე. – „ზუგდიდში რომ ჩამოვიდა, წინა რიგში დავდექი, მაგრამ ვინ მიმიშვა? ცას სწვდებოდა, იმხელას ვკიოდი, გაჭირვება მაქვს და მიშველეთ-მეთქი, ყველას ესმოდა იქ, მაგრამ არავინ ყურადღება არ მომაქცია. ვიღაც პოლიციელი მოვიდა და მეუბნება, გზის ფულს მოგცემო, შეურაცხყოფა მომაყენა.

ამ ხელისუფლებას გაჭირვებული ხალხი არ აინტერესებს.

ივანიშვილმა ხეები ჩამოიტანა უცხოეთიდან ისეთი, აქაურ კლიმატს რომ ვერ შეეჩვეოდა, გახმა ის ხეები და ივანიშვილმა ხეებს სასაფლაოები გაუკეთა, ინტერნეტში ვნახე. გაჭირვებულებს და ავადმყოფ ბავშვებს კი, არავინ ეხმარება, ესაა ჩვენი ცხოვრება,“ – თვალები უცრემლიანდება უსახლკარო ქალს.

უსახლკაროების ბედით ხელისუფლება არ დაინტერესებულა, თუმცა ჩამოქცეული შენობის წინ, სადაც უსახლკაროები ახლა გაუსაძლის პირობებში განაგრძობენ ცხოვრებას და მთავრობის ყურადღების მიქცევას ცდილობენ, „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო პლაკატები გაუკრავს.

აქვე მდებარე საჯარო სკვერში ფრიალებს „ქართული ოცნების“ პარტიული დროშაც.

„ქართული ოცნების“ პლაკატი მიტოვებული შენობის წინ, სადაც უსახლკაროები უკვე 22 დღეა ცხოვრობენ

„ეკონომიკა დუღსო, ხელისუფლება ამბობს და მართლა დუღს ამდენი გაჭირვებისგან, ჩვენთვის არაფერია, ბათუმში უკვე იმდენი ცათამბჯენია, ვერ გაივლი,“ – მიტოვებული შენობის წინ ტრაფარეტი გაუკრავთ: სოლიდარობა უსახლკაროებს. ტრაფარეტთან ჩერდება მაგული ფუტკარაძეც.

„12 წელია გვატყუებს „ქართული ოცნება“, ახლაც მოგვატყუებს რაღაცას, მაგრამ ჩვენ არ მოვტყუვდებით, დავდგებით ფეხზე და ვიბრძოლებთ,“ – შემართება ეტყობათ უსახლკაროებს.

უსახლკაროები ქობულეთში, ბუკნარში, მიტოვებული შენობის წინ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: