ბათუმი,მთავარი,სიახლეები

2 ბიულეტენი, დამკვირვებლის გაძევება – რა საჩივრები იწერება ბათუმის საარჩევნო უბნებზე

26.10.2024
2 ბიულეტენი, დამკვირვებლის გაძევება – რა საჩივრები იწერება ბათუმის საარჩევნო უბნებზე

დღეს, 26 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამ დროისთვის აჭარაში ათეულობით საჩივარია დაწერილი სხვადასხვა ტიპის დარღვევებზე.

„ბათუმში ხმის მიცემა დაიწყო დარღვევებით, ამ დროისთვის ჩვენი წარმომადგენლების მიერ დაწერილია 30 საჩივარი, გვაქვს საქმე ისეთ მნიშვნელოვან დარღვევებთან, როგორიცაა ამომრჩევლისთვის 2 ბიულეტენის მიცემა“ – განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა მირდატ ქამადაძემ დღეს, დილას გამართულ ბრიფინგზე. მისივე თქმით, მსგავსი დარღვევა დაფიქსირდა ბათუმის მე-10, 71-ე, მე-18, 35-ე, მე-20, მე-13, მე-14, 70-ე, 86-ე, 83-ე და 33-ე უბნებზე.

ამომრჩევლისთვის 2 ბიულეტენის გადაცემის შესახებ ცნობილია „ბათუმელებისთვისაც“. მსგავსი შემთხვევა იყო იმ უბნებზეც, რომლებსაც „ბათუმელები“ აკვირდება. საარჩევნო უბნებზე ამ ფაქტს შეცდომით ხსნიან.

„მე-4 და 51-ე უბანზე ხმის მიცემის აპარატები მუშაობდა ხარვეზებით, საბოლოო ჯამში მე-4 უბანზე ერთ აპარატი გამოვიდა მდგომარეობიდან და ამ დროისთვის ორი აპარატით მიმდინარეობს ხმის მიცემა. უბნებზე დიდია აქტივობა” – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ოფისის 10 საათის მონაცემებით, ქობულეთში, 57-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა შეჩერდა, ვინაიდან აპარატი ვერ იღებდა ბიულეტენს; ასევე, ქედაში, მე-11 უბანზე ადგილი ჰქონდა კაბინაში ფოტოების გადაღების შემთხვევას; ბათუმში 71-ე უბანზე არ შეუშვეს დამკვირვებელი და დაგვიანებით გაიხსნა ზოგიერთ უბანი, მათ შორის ნომერ მე-15 უბანი. 

„უბნებთან მობილიზებული არიან ქართული ოცნების წარმომადგენლები და ზეწოლას ახდენენ ამომრჩეველზე. დგანან სიებით; ყველა მუნიციპალიტეტში მასიურად ფიქსირდება რეგისტრატორების მიერ ორი ბიულეტენის გადაცემა; რეგისტრატორებთან არ აყენებდნენ დამკვირვებლებს, ხელოვნურად შეუზღუდეს სივრცე, რომ შემდგომ ისარგებლონ და ორ-ორი ბიულეტენი გასცენ მოქალაქეებზე” – განაცხადა ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ნიკა ქაშიბაძემ.

09:00 საათზე ბათუმში მე-2 უბანზე პოლიცია გამოიძახეს და უბნიდან გააძევეს დამკვირვებელი „ნაციონალური მოძრაობიდან“, გვანცა შარაძე. მისი თქმით, მან ორი საჩივარი დაწერა, ერთი – მარკირების პროცედურაზე და მეორე იმის შესახებ, რომ კომისიის თავმჯდომარე ამომრჩეველს კაბინაში შეჰყვა: 

„პირველი იყო მარკირების უკმარისობა და მეორე საჩივარი, რაც ყველაზე რთული იყო, დავწერე თავმჯდომარეზე, ამომრჩეველს შეჰყვა არჩევნების კაბინაში და ეხმარებოდა, ეუბნებოდა როგორ გაეკეთებინა“. 

შემთხვევის გამო კენჭისყრის პროცესი ამ უბანზე შეფერხდა.

ბათუმის #2 საარჩევნო უბანი

ბათუმის ნომერ მე-5 საარჩევნო უბანზე დაიწერა ორი საჩივარი. როგორც საჩივრით ირკვევა, არაუფლებამოსილი პირი იმყოფებოდა 08:00 საათამდე უბანზე, თავმჯდომარის განმარტებით უბანზე შემოვიდა ადრე მოსული ამომრჩეველი, რომლის პირადობის მოწმობას ვადა ჰქონდა გასული. პირს პოლიციის დახმარებით დაატოვებინეს უბანი.

ასევე, ამავე უბანზე ორმა მოქალაქემ, რომლებსაც პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ჰქონდათ აღებული 15 ოქტომბერს, ვერ მისცა ხმა. ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირდა ბათუმის 23-ე უბანზე, მოქალაქეს 18 ოქტომბერს ჰქონდა აღებული ID ბარათი.

____________

ფოტოზე: არჩევნები ბათუმში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: