რატომ დუმს მთავრობა, როცა პუტინი საქართველოში „რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვაზე“ საუბრობს?

„პუტინმა ამ გზით კიდევ უფრო დააშინა საქართველოს ხელისუფლება, რომ ის არ აჰყვეს მოსახლეობის პროტესტს,“ – მიიჩნევს პარლამენტის წევრი „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ თეონა აქუბარდია, რომელიც პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის წევრია. მას პუტინის 6 სექტემბრის ბრძანების შესახებ ვკითხეთ, სადაც ეს ჩაწერა:

„მოლდოვასა და საქართველოში საჭიროა იმ საკითხების გათვალისწინებაც, რომელიც ამ ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვას ეხება“, – წერია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოცემულ დოკუმენტში „კონცეფცია საზღვარგარეთ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის დამტკიცების შესახებ“.

პუტინი საქართველოში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვის გარდა, საუბრობს „ურთიერთობების გაღრმავებაზე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან“.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” [IDFI] თანახმად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტ-ივნისში, რუსეთის 277 698 მოქალაქე შემოვიდა, ხოლო რუსეთის მოქალაქეობის მქონე 49 505 ადამიანი [18%] დარჩა საქართველოში. [2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, საქართველოში რუსეთის 16 476-ით მეტი მოქალაქე დარჩა.]

რატომ დასჭირდა პუტინს ამჯერად საქართველოს ხსენება? რაზეა ეს გათვლილი, რა გზავნილია და რამდენად მართებულია ისევ საქართველოს ხელისუფლების დუმილი? – საქართველოს მთავრობის პრესცენტრში, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში ვერ მოგვაწოდეს პოზიცია პუტინის ბრძანებაზე, სადაც ის სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოსაც ახსენებს.

პუტინის შესახებ არც პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია დაგველაპარაკა. მან „ბათუმელების“ სატელეფონო შეტყობინება უპასუხოდ დატოვა. ამ კომიტეტის კიდევ ერთმა წევრმა უმრავლესობიდან, რესან კონცელიძემ კი, თავისი პოზიცია მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მოგვაწოდა.

„ჩვენი ტერიტორიების უკანონო ოკუპაციის ფონზე ეს პირველად არ არის, როცა რუსეთის ფედერაცია ასეთ განცხადებას აკეთებს. ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რამდენად მაღალია რეგიონში საფრთხეები და რამდენად მნიშვნელოვანია ამ საფრთხეების პრევენცია. ჩვენი ხელისუფლების სწორი და პრაგმატული პოლიტიკით საქართველოს მშვიდობა და უსაფრთხოება დაცულია ბოლო 10 წლის განმავლობაში და ჩვენ ქვეყნის მომავალზეც ვიღებთ პასუხისმგებლობას,“ – მოგვწერა რესან კონცელიძემ.

თეონა აქუბარდიას, პარლამენტის წევრს პარტიიდან „სტრატეგია აღმაშენებელი“, არ უკვირს პუტინის მორიგი მუქარა რუსულენოვანი მოსახლეობით. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საქართველოში ხელისუფლებისგან განსხვავებით მოსახლეობას აქვს მკაფიო პროტესტი რუსეთის ოკუპაციის მიმართ, იმაზე, რომ უვიზო რეჟიმი გვაქვს რუსეთთან.

„ეს ბრძანება არის დამატებითი შანტაჟი და მუქარა, როგორც ევროპის ქვეყნებისთვის, ისე საქართველოსთვის, სადაც ვიცით, რომ ეთნიკური რუსები მრავლად არ ცხოვრობენ, წინა პერიოდისგან, მაგალითად, 90-იანებისგან განსხვავებით, თუმცა გაზრდილია ტურისტული ნაკადი რუსეთიდან….

ეს არის უფრო მუქარა და არა საფრთხე, რადგან რუსეთის მხრიდან საფრთხის შესახებ ღიად წერია ყველა სტრატეგიულ დოკუმენტში დიდი ხანია და საქართველოშიც ყველას კარგად ახსოვს, როგორ იყენებს რუსეთი რუსულენოვანი მოქალაქეების დაცვის საბაბს ინტერვენციისთვის.

ეს არის მუქარა და გაფრთხილება საქართველოს მოსახლეობის მიმართ, რომელსაც აქვს ანტირუსული განწყობები საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებით, როცა ქვეყანაში ოკუპირებული ტერიტორიები არსებობს რუსეთის მხრიდან,“ – უთხრა თეონა აქუბარდიამ „ბათუმელებს“.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის აზრით, ხელისუფლებამ რუსეთს მსგავს შემთხვევაში უნდა უპასუხოს ინსტიტუტების და სახელმწიფოს გაძლიერებით.

„და არ უნდა გააკეთოს ისეთი განცხადებები, როცა კობახიძემ ქსენოფობიად შეაფასა მიდგომა და დამხმარე არგუმენტი მისცა რუსეთს იმ შემთხვევაში, თუ მისი ინტერესები იქნება ამ საბაბის გამოყენება თავისი ინტერესების შესახებ,“ – აღნიშნა თეონა აქუბარდიამ. ის მიიჩნევს, რომ ამ დროს ყველაზე ეფექტურად და ინტენსიურად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა მუშაობდეს.

„პუტინი ლოგიკით კი არა, ინსტინქტით მოქმედებს. ასე ინსტინქტით ჩათვალა მან, რომ აი, უკრაინელი ხალხი არ არსებობს და დაიწყო ომი, მე არ ვეძებ ლოგიკას პუტინის განცხადებებში, რუსულენოვანი მოსახლეობა არ არსებობს საქართველოში,“ – გვითხრა კონფლიქტოლოგმა, პროფესორმა პაატა ზაქარეიშვილმა. ის გამორიცხავს რუსეთიდან ტურისტული ნაკადით საქართველოში შემოსულ მოქალაქეებზე პუტინის გათვლას, ან რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებიც საქართველოში ბინადრობას იღებენ.

პაატა ზაქარეიშვილის ვარაუდით, პუტინის ეს ბრძანება უფრო მიემართება ყაზახეთს, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანას, რომელიც ბრძანებაშია ჩამოთვლილი, ხოლო საქართველო, ასევე აფხაზეთთან და ოსეთთან „ურთიერთობების გაღრმავება“ პუტინს შესაძლოა კრემლის აპარატში ჩაუწერეს.

„იქ მუშაობს მთელი აპარატი, ინსტიტუტები. შესაძლოა, ჩათვალეს, რომ ეს სჭირდება ახლა რუსეთის იმპერიალისტურ მიზნებს, ამის გააქტიურება,“ – გვიყვება პაატა ზაქარეიშვილი. – „თუ რამე ლოგიკა არსებობს აქ, ეს ყველაზე მეტად მიემართება ყაზახეთს, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს. რუსულენოვანი მოსახლეობაა ბალტიისპირეთში, მაგრამ ნატოს წევრი ქვეყნებია. საქართველოში მცხოვრები მოქალაქეების მშობლიური ენაა: ქართული, სომხური, აზერბაიჯანული და ასე შემდეგ.

ყველაზე დიდი უმადურობა ისაა, რომ ჩვენ ისევ ვცდილობთ, გონივრულობა ვიპოვოთ პუტინის საქციელში“, – აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა, რომელიც ლოგიკას ვერ ხედავს ბრძანების იმ ნაწილშიც, სადაც პუტინი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ახსენებს.

„ლოგიკა არც ამ ნაწილშია… საქართველოს ხელისუფლება ორიენტირებული რომ იყოს სახელმწიფოზე, ის ისაუბრებდა ამაზე, თუმცა ის ისეთ სამარცხვინო საკითხზეა გაჩუმებული, მაგალითად, ბიჭვინთაზე, რომელზეც სახელმწიფო ინტერესები გადის პირდაპირ.

აფხაზეთსა და ოსეთში იცვლება განწყობები, ჩვენთან კი, არაფერი იცვლება ახლაც, როცა აფხაზეთში მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთს მეგობრად აღარ თვლის. კობახიძე და ღარიბაშვილი არიან იმიტომ, რომ  არ გააკეთონ ის, რაც უნდა გააკეთონ, ეს არის სინქრონიზაცია რუსეთის პოლიტიკასთან“, – გვითხრა პაატა ზაქარეიშვილმა.

რა მოხდა დღეს ხარკოვის ოლქში და რატომ ვეღარ ახერხებენ რუსები კონცენტრაციას – ინტერვიუ

„უკრაინელები იუმჯობესებენ პოზიციებს, რუსები კი, ვეღარ ახერხებენ კონცენტრაციას,“ – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. მას ხარკოვის მიმართულებით უკრაინის კონტრშეტევის შეფასება ვთხოვეთ: რა ხდება ხარკოვთან და რამდენად გამოჩნდა იმის ნიშნები, რომ უკრაინამ ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა შეძლოს?

ვახტანგ კაპანაძე სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, რა სახის წარმატებას მიაღწიეს უკრაინელებმა ხარკოვის მიმართულებით და რა ტაქტიკით მოქმედებენ ახლა ისინი, ეს იყო მოულოდნელობის ეფექტი, რადგან რუსებს ძირითადად დარტყმის მოლოდინი ჰქონდათ ხერსონთან? 

დიახ, მოულოდნელობის ეფექტი იყო… გარდა ამისა, იზიუმი ნახევარკუნძულივითაა შეჭრილი და მისი ფლანგები ღრმად არის უკრაინელების დარტყმის ქვეშ, უკრაინელების თავდაცვაში. ეს მომენტი წარმატებით გამოიყენეს უკრაინელებმა. ისინი მოქმედებენ შიდა საოპერაციო ხაზებით, რაც აძლევთ საშუალებას, რომ სწრაფად მოახდინონ რეაგირება ნებისმიერი მიმართულებით. უკრაინელები იყენებენ ამ მეთოდს: როგორც კი რუსები გაძლიერდებიან კონკრეტულ მიმართულებაზე, უკრაინელები საპირისპირო მიმართულებაზე გააქტიურდებიან და აიძულებენ რუსებს გადააწყონ თავიანთი დანაყოფები, მუდმივად აქეთ-იქეთ მოძრაობაში ჰყავთ.

თუ გახსოვთ, ლუგანსკი-დონეცკში როცა იყო აქტიური შეტევები, უკრაინელებმა მაშინ გააქტიურეს ხერსონის მიმართულება და რუსები იძულებული გახდნენ გაეძლიერებინათ იქ თავისი ძალები. ახლა უკრაინელებმა 180 გრადუსით სხვა მიმართულებაზე გადაისროლეს ძალები, უკვე ხარკოვის მიმართულებით.

  • რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ამ მიდგომას? 

წარმოიდგინეთ, წრის ნებისმიერ წერტილში უკრაინელებს შეუძლიათ უფრო სწრაფად მისვლა, ვიდრე რუსებს, რომლებიც ამ წრესთან უნდა მივიდნენ გარე საოპერაციო ხაზებით. თუმცა რუსებისთვის ამას აქვს ის უპირატესობა, რომ შეუძლიათ შემოვლა და შემორტყმა. უკრაინელებს პარტნიორების მხარდაჭერით აქვთ კარგი დაზვერვა, რაც მათ საშუალებას აძლევს დროულად დაარტყან კოლონებს და არ მისცეს გადაადგილების შესაძლებლობა.

ასეთი მოულოდნელი დარტყმებით უკრაინელები მუდმივად არეულობაში ამყოფებს რუსებს, არ აძლევს მათ ერთ მიმართულებაზე ძალების კონცენტრაციის საშუალებას, ძალების მასირება კი, საბჭოთა კავშირის, ახლა კი რუსული სამხედრო ხელოვნების მთავარი პრინციპია.

  • უკრაინელებმა დაიბრუნეს გარკვეული დასახლებული ადგილები ხარკოვის მიმართულებით. რამდენად ჩანს იმის ნიშნები, რომ უკრაინა მოახერხებს ფართომასშტაბიან კონტრშეტევას? 

უკრაინა იუმჯობესებს პოზიციებს, მაგრამ მას ჯერ კიდევ ბევრი აკლია ოპერატიული, ფართომასშტაბიანი კონტრშეტევებისთვის, ამას თავისი პირობები სჭირდება. უკრაინამ ჯერ კიდევ უნდა მიიღოს შესაბამისი აღჭურვილობა.

უკრაინული წყაროების მიხედვით, უკრაინამ ასევე დაიბრუნა ლუგანსკიში დასახლებული პუნქტი, ლუგანსკის თითქმის 99 პროცენტი ოკუპირებული ჰქონდათ რუსებს, თუმცა მთავარია არა ტერიტორიების დასახელება, არამედ სიღრმე – რამდენად ოპერატიული გეგმის ნაწილია ეს? უკრაინელებს ამჯერად ხარკოვის მიმართულებით მუდმივი საცეცხლე დარტყმის ქვეშ ჰყავთ რუსები და არ აძლევენ მათ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას.

  • დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსებს ორი არჩევანი აქვთ: ბახმუტში შეტევა განაგრძონ, სადაც არ აქვთ არანაირი წინსვლა, თუ ძალები მიახმარონ თავდაცვის ორგანიზებას. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ? 

რუსებისთვის ხერსონის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია და იქ არიან გადაწყობილი, მათ შეტევა არ შეუწყვეტიათ, თუმცა წინ ვერ მიდიან. უკრაინელებმა აირჩიეს ტაქტიკა, რომ აღარ აკეთებენ დანაყოფებით შეტევას, რადგან დანაკარგების მიმართ მათი მგრძნობელობა მაღალია, რუსებისგან განსხვავებით. უკრაინელებმა მოახერხეს და ხერსონი, ასევე ხერსონის რაიონი იზოლირებული გახადეს საცეცხლე საშუალებებით, დაბომბვებს ხიდები და საცეცხლე ზემოქმედებით ახორციელებენ დარტყმებს იქ განლაგებულ დანაყოფებზე. რუსული ტერმინოლოგიით შეიძლება ეს იყოს ოპერატიული დონის „ცეცხლის ტომარა“, ნატოს ტერმინოლოგიით კი, ეს არის ოპერატიული დონის „სიკვდილის ზონა“.

  • ანუ გარდამტეხ ეტაპზეა უკრაინა ხერსონის მიმართულებით? 

უკრაინას ისევ სჭირდება მომზადება ოპერატიული დონის კონტრშეტევისთვის. უკრაინამ მიიღო აღჭურვილობა, რასაც აქვს შედეგი, იგივე რადარსაწინააღმდეგო რაკეტები, როცა MIG 29-ზე ადაპტირება მოახდინეს და უნადგურებენ რუსების ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებს, ეს ასევე ბაირახტრებს საშუალებას აძლევს თავისუფლად იფრინონ და განახორციელონ დარტყმები. გამოჩნდა M-777 ჰაუბიცები დამატებითი ზუსტი სროლის სამიზნეებით, რაც ნიშნავს იმას, რომ უკრაინელებმა მიიღოს ესკალიბური მართვადი ჭურვები, რომლებსაც ქვემეხებიდან და ჰაუბიცებიდან ისვრიან.

  • ომის კვლევის ინსტიტუტის ISW-ის მონაცემებით, რუსები აფეთქებენ ხიდებს ხარკოვის ოლქში – ეს რა მასშტაბის პრობლემას შეუქმნის უკრაინას? 

მუდმივად ხორციელდება საცეცხლე დარტყმები მომარაგების ხაზები, ხიდები კი, ყველაზე მოწყვლადი ადგილია.

ფაქტია, რომ ასეთი კონტრშეტევით, როგორიც არის ხარკოვის მიმართულებაზე, რუსები კარგავენ ძალებს, დროს, შეტევის პოტენციალს, თუ ჰქონდათ კიდევ რამე დარჩენილი… რუსები ვეღარ ახერხებენ კონცენტრირებას კონკრეტულ მიმართულებაზე. ერთადერთი, რაც უშველის რუსეთს, როგორც წინა ინტერვიუებში გითხარით, ეს ზამთარია, როცა უკვე ევროპასთან ენერგოდამოკიდებულების თემაზე ვაჭრობით ეცდება მოლაპარაკებას.

გადარჩენაზე და არა განვითარებაზე ორიენტირებული უნივერსიტეტები – რას შეცვლის ახალი სტრატეგია

„უმაღლესი განათლების პრობლემა არის ის, რომ სტუდენტს ვერ ვაძლევთ იმას, რაც სჭირდებათ“, – ამბობს ელენე ჯიბლაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი განათლების სკოლაში, განათლების ადმინისტრირების პროგრამის ხელმძღვანელი. ის „ბათუმელებთან“ განათლების სამინისტროს ახალ სტრატეგიაზე საუბრობს.

  • ქალბატონო ელენე, როგორც ვიცით, განათლების სამინისტრომ დაამტკიცა განათლების ახალი სტრატეგია. რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ ამ დოკუმენტმა, შეცვლის თუ არა რეალურად რაიმეს მაგალითად უმაღლეს განათლებაში?

ზოგადად, 10-წლიანი სტრატეგია თავისთავად ძალიან საფრთხილო საკითხია ისეთ არამდგრად ქვეყანაში, როგორშიც ჩვენ ვართ. 3-5 წლიანი სტრატეგიები უფრო ოპტიმალურია ხოლმე, ასეთ არასტაბილურ გარემოში.

დადებითი ამ სტრატეგიაში არის ის, რომ ლოგიკური ჩარჩო, ინდიკატორები, ბევრად უფრო დაწვრილებით არის გაკეთებული, ვიდრე აქამდე გვინახავს.

თუმცა, ორი რამ მაინც არ არის თვალსაჩინო. პირველი – განათლების დონეებს შორის კავშირი არ ჩანს, რაც წესით, აუცილებელია სტრატეგიებში.

ასევე არ ჩანს განათლების ბმა სახელმწიფო პოლიტიკასთან და ეკონომიკური განვითარების ვექტორებთან. ის, რომ განათლება, ამ შემთხვევაში უნდა დავინახოთ, როგორც ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთ რესურსი, ეს არ ჩანს, რაც საფიქრალია.

სტრატეგიაში აქცენტი გაკეთებულია ინკლუზიაზე და ხარისხზე, ეს ორივე კი იმდენად ყოვლისმომცველია, შეგვიძლია ათი კი არა, 50 წელი ვიმუშაოთ ამ მიმართულებით. თუმცა აკლია კონკრეტიკა – რას ვგულისხმობთ მაგალითად ხარისხში? ხშირად ჩვენთან ხარისხი გაიგივებულია აკრედიტაცია-ავტორიზაციასთან, რაც ხარისხის ძალიან შევიწროებული გაგებაა, რადგან ხარისხი ბევრად მეტ რამეს ნიშნავს.

რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ გადაწყვეტილების მიმღებებს ბოლომდე გათავისებული არ აქვთ ეს ყველაფერი და თითქოს გარედან შემოთავაზებულია.

  • თქვენ თქვით, რომ ეს სტრატეგია ჰგავს შორიდან დანახულ პრობლემას, მსგავს რამეზე საუბრობენ ხოლმე სკოლებშიც, როცა რაიმე ცვლილებას იწყებს სამინისტრო. იგივე ხომ არ განმეორდება უმაღლეს განათლებაშიც?

თუკი სტრატეგია არ გამომდინარეობს კონტექსტიდან, მაშინ ჩნდება მსგავსი შეგრძნება, რომ რეალობა სხვაა და სამინისტრო სხვაგან არის.

  • როგორი რეალობაა დღეს უნივერსიტეტებში, შეგიძლიათ თქვენი გამოცდილებიდან გვითხრათ?

რთულია ამაზე პასუხი, რადგან ჩვენ არ გვაქვს ამაზე კვლევები. უნივერსიტეტებში პატარა კვლევები კი კეთდება, მაგრამ მონაცემები არ იკრიბება.

ამ საკითხს ეხება ეს სტრატეგია – რომ უნდა დაიწყოს მონაცემების შეგროვება და ერთ-ერთ მიმართულებად უმაღლესი განათლების ნაწილში, ზუსტად ეს აქვთ შემოთავაზებული. თუმცა განხორციელება ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საქართველოში.

  • სტრატეგიაში, აკადემიური პერსონალის განვითარების ნაწილში საუბარია იმაზე, რომ შეფასება და წახალისება დაეფუძნება მიღწევებს, რომ წახალისდება ინოვაციური მიდგომები და ასე შემდეგ. თქვენ როგორ აღიქვით ეს ნაწილი?

აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარება არის ერთ-ერთი შემოთავაზება, რადგან სტრატეგია ამაში ხედავს ხარისხიანი განათლების მიღების გამოსავალს. თუმცა პრობლემაა ის, რომ არ არის განმარტებული, რას გულისხმობს ეს ყველაფერი.

იმას, რომ არ გვყავს კომპეტენტური აკადემიური პერსონალი, თუ არ გვყავს საკმარისი კომპეტენტური პერსონალი?

ამ პრობლემის მოგვარების გზად თუ მხოლოდ პროფესიულ ტრენინგებს შემოგვთავაზებენ, ეს იქნება ძალიან არასერიოზული, რადგან პრობლემა კომპლექსურია.

მეორე მხარეა მაგალითად ის, რომ ვერ ვზრდით ახალგაზრდა აკადემიურ პერსონალს, ვერ ვზრდით მკვლევრებს, მაგრამ სტრატეგიაში მარტო საუბარია იმაზე, რომ არ გვყავს დოქტორანტები, რადგან ადამიანები არ ამთავრებენ ამ პროგრამასო. როგორ უნდა დავაინტერესოთ სტუდენტი, ეს არ არის შემოთავაზებული სტრატეგიაში.

ადამიანებს არ აქვთ სტაბილურობის შეგრძნება, რადგან ყველა 2-3 წელიწადში, კონტაქტების განახლებისთვის კონკურსებში მონაწილეობის მიღება უწევთ. იმისათვის, რომ აკადემიური პერსონალი ერთის მხრივ მოწადინებული იყოს იმუშაოს საკუთარ თავზე, უნდა ჰქონდეთ მათ აკადემიური სტაბილურობის განცდა.

ამასთან, თუ აკადემიურ პერსონალს არ მიეცა კვლევის საშუალება და არ იქნება თანხები გამოყოფილი ამისთვის, ბიუჯეტიდან არ იქნება მხარდაჭერილი მეცნიერება, ვერც ამ ნაწილში მოგვარდება პრობლემა.

  • როგორ უნდა მოგვარდეს?

საერთაშორისო პრაქტიკა, მაგალითად, დოქტორანტურის მიმართულებით ასეთია – როცა დოქტორანტი ხარ, გაქვს ფინანსური მხარდაჭერა კვლევისთვის და სხვას არაფერს აკეთებ ამ საქმის გარდა. გაქვს წვდომა კვლევისთვის საჭრო რესურსებზე, იქნება ეს ლიტერატურა, ლაბორატორიები თუ სხვა.

ჩვენთან კი, დოქტორანტების უმეტესობა სრულ განაკვეთზე მუშაობს. დოქტორანტურა უფრო სტატუსია, აუცილებლობაა იმისთვის, რომ აკადემიური თანამდებობა შეინარჩუნო. იცით რამდენი წელი გრძელდება ხოლმე სადოქტოროები? – 10-11 წელი. 

ასევე, კვლევის კომპონენტს ცალსახად ნაკლები ყურადღება ექცევა უნივერსიტეტებში, რადგან არ არის კვლევა წახალისებული სისტემურ დონეზე. ბიუჯეტში ზუსტად კვლევასა და ინოვაციებისთვის უნდა იყოს გამოყოფილი თანხები. 

ჩვენ შემთხვევაში კვლევა, რაღაც აბსტრაქტულ საქმედ არის წარმოდგენილი, რომლის საჭიროებაც ქვეყანასა და ქვეყნის განვითარებასთან მიმართებაში არასდროს ჩანს. შესაბამისად, ეს დამოკიდებულება მონეტარულადაც ასე ითარგმნება და კვლევაზე ძალიან დაბალი რესურსია გამოყოფილი.

ჩვენთან, სისტემის დონეზე კვლევებს რუსთაველის ფონდი აფინანსებს ძირითადად, სადაც ასევე ძალიან მინიმალურია კონტრიბუცია და თითქმის არცერთი კვლევა საქართველოში მიმდინარე რაიმე პროგრესთან არ არის კავშირში.

  • მაშინ რატომ ფინანსდება ასეთი კვლევები?

ამას მხოლოდ რუსთაველის ფონდი ვერ მოაგვარებს. მიდგომა უნდა შეიცვალოს, რადგან არ შეიძლება სისტემის დონეზე ყველა მიმართულებით კვლევა რელევანტური იყოს. რა მიმართულებებია ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, ეს სისტემის დონეზე უნდა გამოიკვეთოს. შემდეგ კი უნივერსიტეტებს ექნებოდათ საშუალება, გააკეთონ არჩევანი ამ მიმართულებებიდან რომელზე აკეთონ კვლევები.

მაგალითად, თუ სახელმწიფო ამბობს, რომ ტექნოლოგიებია და ინოვაციებია მისთვის პრიორიტეტი, მაშინ უნდა დაკონკრეტდეს რა სფეროში სჭირდება ინოვაცია. სამედიცინო სფეროში? ინჟინერიაში, თუ სად? იქნებ მომდევნო 5 წელი რომელიმე სფეროს განვითარებისთვისაა მნიშვნელოვანი, შემდეგი 5 წელი კი სხვა სფეროს დაეთმობა.

თუ სახელმწიფო ამ პრიორიტეტებით დააფინანსებს კვლევებს, უნივერსიტეტები, ერთის მხრივ, ამ მიმართულებების კვლევაზე მიმართავდნენ ყურადღებას და გამოიყენებდნენ მისთვის გამოყოფილ რესურს. Მეორეს მხრივ კი, უნივერსიტეტში დაზოგილ რესურსებს სხვა სფეროებზე მიმართავენ, რომელიც თავად უნივერსიტეტისთვისაა პრიორიტეტული.

უნივერსიტეტი, რომლის ბიუჯეტი ძირითადად სტუდენტების შემონატანებს ეყრდნობა და რომლის 70 პროცენტი ხელფასებზე იხარჯება, კვლევებს ვერ აწარმოებს. ის გადარჩენაზეა ორიენტირებული და არა განვითარებაზე.

კვლევების ნაწილში პრობლემაა ასევე ის, რომ აკადემიური პერსონალი ერთ კონკრეტულ უნივერსიტეტში არ მუშაობს მხოლოდ. ძალიან იშვიათია ასეთი რამ. ამიტომ ამ ხალხს დროც აღარ რჩებათ კვლევისთვის. მაშინ, როცა ჩვენი კონტრაქტები ძირითადად სასწავლო საათების რაოდენობას ეყრდნობა. აი, ამის ხედვა სტრატეგიაში არ ჩანს.  

ეს არის ჩონჩხი ყველაფრის, მაგრამ არა შინაარსი, რადგან შინაარსი შეიძლება იყოს, მაგალითად ის თუ რა არის ეკონომიკური განვითარების ვექტორები მომდევნო 10 წლის განმავლობაში ქვეყანაში, რომ ჩვენ, როგორც განათლების სისტემის მესვეურებმა ვიცოდეთ, რა მიმართულებით მივმართოთ კვლევები, რომ რამენაირად წავეშველოთ სახელმწიფოს განვითარებაში.

  • თქვენ როგორც ლექტორს, აკადემიურ პერსონალს, რა გჭირდებათ და ვერ ახერხებთ?

მე, მაგალითად, არ მაქვს მხოლოდ ერთი სამსახური – ნორმალური ხელფასი რომ მქონდეს, ამისთვის ერთზე მეტი სამსახური მჭირდება. 

Მაგალითად სადოქტორო 2016 წელს დავიცავი, ბოლო სტატია 2019 წელს გამოვაქვეყნე. ეს ნიშნავს, რომ დიდი ხანია არ გამომიქვეყნებია ხომ?

ამის დრო არ მაქვს, რადგან, ჩემი დრო გაყოფილია ორად და ჩემს აკადემიურ საქმეს სრულ დროს ვერ ვუთმობ. აი, ეს არის პირადად ჩემი პრობლემა.

ასე რომ არ იყოს, მოვიძიებდი საერთაშორისო კოლეგებსაც, მათთან ერთად ვიმუშავებდი პროექტებზე. მაგალითად, იმისთვის, რომ პროფესორი გავხდე, აუცილებელია მონოგრაფია გამოვცე. ეს კი კვლევის გარეშე არ გაკეთდება. ეს რომ გავაკეთო, მაშინ უნდა დავისვენო ლექციებისგან და კვლევას დავუთმო მეტი დრო. წავიდე თუნდაც რომელიმე უცხოურ უნივერსიტეტში, ვისწავლო რამე ახალი მეთოდი, გავიღრმაო ცოდნა, რისი საშუალებაც ახლა არ მაქვს. თუკი ამის საშუალება დიდხანს არ მომეცემა, შესაბამისად, იმ ლექციების ხარისხიც დაიკლებს ნელ-ნელა, რასაც ვკითხულობ. სამ წელიწადში ერთხელ, ე.წ. აკადემიური შვებულების აღების საშუალება უნდა მქონდეს.  

სისტემა კარგად რომ მუშაობდეს, ჩემი კონტრაქტი დამოკიდებული აღარ იქნება მხოლოდ სასწავლო საათებზე და განვითარების საშუალებაც იქნებოდა.

  • როგორ ფიქრობთ, ასეთ დეტალებზე, რატომ არ საუბრობს სახელმწიფო თუნდაც ამ სტრატეგიაში?

ალბათ იმიტომ, რომ სისტემა არ არის მხოლოდ და მხოლოდ განათლებაზე ორიენტირებული და გარკვეული ტიპის პროცესები პოლიტიზებულია. აქედან გამომდინარე მატულობს განზოგადების ხარისხი, უფრო აბსტრაქტული ხდება ხოლმე ტექსტები.

  • როცა უმაღლესი განათლების რეფორმას ახსენებდნენ, აქცენტი კეთდებოდა უნივერსიტეტების დაფინანსების მოდელზე. დღეს დაფინანსების მოდელის ცვლილებაზე ისევ არაფერი წერია სტრატეგიაში. რამდენად რეალურია აქ გაკეთებული ჩანაწერები იმაზე, რომ ეს ყველაფერი განათლების ხარისხს გააუმჯობესებს?

როცა დაფინანსების მოდელის ცვლილებაზეა საუბარი, აქაც საჭიროა შეცვალოს, ხელახლა დაითვალოს თითოეულ დისციპლინაში თითოეული პროგრამის ღირებულება და გადასახადი ადეკვატური გახდეს.  

დღეს ისიც არ ვიცით, მორგებულია თუ არა ეს პროგრამები იმ საჭიროებებს, რაც რეალობაში ხვდებათ სტუდენტებს, რადგან ამბობენ, რომ „ვერ ვსაქმდები“ და თუ ვსაქმდები, იქაც გადამზადება მიწევს, რა მასწავლეთ ბოლოს და ბოლოსო.

დამსაქმებელს რა სჭირდება, ეს რომ ვიცოდეთ – დამსაქმებელიც კი ხშირ შემთხვევაში ერთწლიან პერსპექტივაში ხედავს, ვინ სჭირდება, ეს პროგრამები კიდეც ოთხწლიანი და შემდეგ კიდევ ორი წელი ემატება.

განათლების ხარისხის გაუმჯობესება არ ნიშნავს იმას, რომ შემომთავაზებენ ტრენინგს, როგორც გავაუმჯობესო ვთქვათ ლექციის ხარისხი „ზუმში“. ყველაზე მეტად მონაცემების შეგროვება და ანალიზი გვჭირდება, ამაში უნდა ჩაიდოს ძალისხმევა, რომ გავიგოთ, რა იყო ვთქვათ გასული 5 წლის განმავლობაში ტრენდული, როგორ იმუშავა ამ ყველაფერმა, უნდა გაგრძელდეს იგივე თუ უნდა შეიცვალოს.

  • სტრატეგიის დოკუმენტში წერია, რომ სახელმწიფო 2030 წლიდან აპირებს გადაჭრას ისეთი პრობლემები, როგორიცაა: მოძველებული და არაადაპტირებული ფიზიკური ინფრასტრუქტურა, ძვირადღირებული აპარატურის ნაკლებობა და სამეცნიერო-კვლევითი რესურსების არათანაბარი გადანაწილების საკითხი. თუკი ამ ტიპის პრობლემის გადაჭრას სახელმწიფო 10 წელიწადში იწყებს, მაშინ სხვა დანარჩენი საკითხები როგორ მოგვარდება?

ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ სწავლა-სწავლების მიმართულებით არის ასამაღლებელი კომპეტენცია? არ ვიცი, ამაზე საუბარი არ შეგვიძლია, რადგან არ გვაქვს კვლევა. თუ პროფესიულ ზრდაში მხოლოდ ის იგულისხმება, რომ პროფესორი მაგალითად, „ერასმუს +“-ის პროგრამით წავა სადმე უცხოურ უნივერსიტეტში და ასე აიმაღლებს კვალიფიკაციას, ძალიან არასერიოზული მიდგომაა, მაშინ როცა პრობლემა კომპლექსურია.

  • ხომ არ შევდივართ იმ მდგომარეობაში, რაც სკოლებმა გამოიარეს ბოლო წლებში? – სახელმწიფომ მილიონობით ლარი დახარჯა მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რაც მაინც არ აისახა ხარისხზე, თუმცა სკოლების ინფრასტრუქტურაში სერიოზული პრობლემები დარჩა.

არა მგონია სახელმწიფომ ამ ტიპის ტრენინგებში ჩადოს ფული. აქ უფრო იმაზეა საუბარი, რომ ეს ვალდებულება უნივერსიტეტებზე გადანაწილდეს. დღეს სახელმწიფო ყველაზე ნაკლებ თანხას ხარჯავს უმაღლეს განათლებაზე. აქედან გამომდინარე, მე არ მაქვს მოლოდინი, რომ სისტემის დონეზე რაიმეს შეცვლის ეს განაცხადი.

  • თქვენ ახსენეთ პროგრამების გადახედვა, შეფასება, რომლის ხარისხსაც ჩვენს ქვეყანაში აკრედიტაციის საბჭო განსაზღვრავს. ამ საბჭოზე რას ფიქრობთ?

სხვა ქვეყნებში, სადაც აკრედიტაცია მუშაობს, სხვაგვარი გაგება არსებობს ვთქვათ კოლეგიალობის. თუ მე დღეს აკრედიტაციის საბჭოში ვარ, ჩემი კოლეგის პროგრამა შემოდის და მხოლოდ იმიტომ ვაფასებ ლოიალურად, რომ ჩემი კოლეგისაა, ეს სისტემას აზარალებს.

ჩვენთან პიროვნული ურთიერთობების გაფუჭების შიში ბევრად უფრო მაღალია, რადგან პიროვნული და პროფესიული ერთმანეთისგან გამიჯნული არ გვაქვს. ამიტომ კარგავს აკრედიტაცია-ავტორიზაციის პროცესები მნიშვნელობას და უფრო და უფრო ფორმალურ ხასიათს იძენს.

ეს არის პროფესიული ეთიკის საკითხები, რომელიც კულტურულ სხვაობამდე დადის და ხშირად არ ესმით ხოლმე ჩვენს უცხოელ კოლეგებს, რატომ არ მუშაობს ჩვენთან მსგავსი პროცესები გამართულად

Რომ შევაჯამო, ჩვენ შემთხვევაში უმაღლესი განათლების პრობლემა არის ის, რომ ის აცილებულია რეალობას და სტუდენტს ვერ ვაძლევთ იმას, რაც სჭირდება.

საბოლოოდ კი, ეს ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ ქვეყანაში არ წარმოებს კვლევები და არ გროვდება მონაცემები საჭიროებების შესასწავლად, რომ გავიგოთ რა არის ჩვენი ქვეყნისთვის ან რეგიონისთვის მნიშვნელოვანი და საჭირო. ჩვენ ვიცით, რა არის საჭირო ვთქვათ ჩინეთში, ესტონეთში, რადგან იქ კვლევები ტარდება, მაგრამ არ ვიცით რა გვჭირდება ჩვენ.

__________________________

მსგავს თემაზე:

საქართველოში უნივერსიტეტები სოციალურ თავშესაფრად იქცა – ინტერვიუ

თბილისის კერძო რუსული სკოლის მეწილე „ქართული ოცნების“ შემწირველია

„სკოლა პროექტორი“/„Школа Проектор” ასე ჰქვია კიდევ ერთ, საქართველოში არაავტორიზებულ კერძო რუსულ სკოლას თბილისში, სადაც სწავლა წელიწადში 6000 – 7500 დოლარი [შესაბამისად, 17000-21 000 ლარი] ღირს. ფასში შედის სასწავლო და საგანმანათლებლო  მასალები, სწავლება, დამატებითი წრეები, სამჯერადი კვება და გაკვეთილები 16:00 საათამდე.

ამას ემატება წლიური სარეგისტრაციო საფასური 150 დოლარი – მოსწავლის რეგისტრაციისა და დოკუმენტების მოსამზადებლად თბილისსა და მოსკოვში.

სკოლა იღებს ყველა საფეხურის მოსწავლეებს პირველიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით. თითოეულ კლასში 10, 12 მოსწავლეა.

სკოლის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, რომ სკოლას აქვს ავტორიზაცია (სავარაუდოდ რუსეთში) და მოსკოვის სკოლასთან პარტნიორობით ატარებს გამოცდებს კლასიდან კლასში გადასასვლელად.

„ამგვარად ჩვენს მოსწავლეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ მიიღონ მოსკოვის სკოლის დოკუმენტები. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს, რუსეთის, უკრაინის თუ ევროპის ნებისმიერი ქვეყნის სკოლაში ბავშვს შეუძლია გადავიდეს თავისუფლად, ზედმეტი გამოცდების გარეშე. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ქართული საგანმანათლებლო სტანდარტითაც მოვიპოვოთ ავტორიზაცია“, – წერია სკოლის ოფიციალურ ვებგვერდზე.

სკოლა ოთხი წელია ფუნქციონირებს. საქართველოს განათლების სამინისტროს პრესსამსახურში გვეუბნებიან, რომ სკოლას, სახელწოდებით – „პროექტორი“ ავტორიზაციის მოთხოვნით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის არასდროს მიუმართავს.

  • რა პროგრამით და სახელმძღვანელოებით ასწავლიან სკოლაში?

სკოლის დირექტორი ანნა პუჩკოვა გვეუბნება, რომ სწავლა ეფუძნება სკოლა „პროექტორისთვის“ ადაპტირებულ და სპეციალურად შემუშავებულ პროგრამას.

მისივე თქმით, იყენებენ არამხოლოდ სახელმძღვანელოებს, არამედ ინფორმაციის ყველა ხელმისაწვდომ წყაროს.

„განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ, რომ ჩვენს საქმიანობაში არ იყოს ისეთი სასწავლო მასალა, რაც ამა თუ იმ გზით ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. სკოლის დირექტორი გვიჩვენებს საქართველოს რუკასაც დაფაზე გაკრულს, სადაც მინიშნებულია, რომ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია“, – გვეუბნება ანნა პუჩკოვა.

სკოლის ვებგვერდზე ასევე წერია, რომ „აქ მიღებული ცოდნა შეესაბამება ქართულ და რუსულ საგანმანათლებლო სტანდარტებს, ხშირად კი აღემატება კიდეც ამ სტანდარტს“.

სკოლაში ორმოცამდე მასწავლებელია დასაქმებული.

  • როგორ იღებენ საქართველოში გახსნილი კერძო რუსული სკოლების მოსწავლეები ატესტატს და კლასიდან კლასში გადასვლის დამადასტურებელ მოწმობებს ტესტირების საფუძველზე

რუსეთის ფედერაციაში 2021 წლის 29 დეკემბრიდან მოქმედებს ფედერალური კანონი № 273-ФЗ, რომლის თანახმადაც ქვეყანაში განათლების 5 ფორმაა ნებადართული და აღიარებული:  დასწრებული, დაუსწრებელი, სწავლების შერეული ფორმა (ნაწილობრივ დასწრებით). ლეგიტიმური და აღიარებულია განათლების სამინისტროს მიერ ასევე საოჯახო განათლება და თვითგანათლება.

იმ მოსწავლეებს, რომლებიც დაუსწრებელ, საოჯახო ან თვითგანათლებას ირჩევენ სწავლების ფორმად და ცხოვრობენ რუსეთს მიღმა, შეუძლიათ დისტანციურად ჩააბარონ ყოველწლიური გამოცდები რის საფუძველზეც მოსწავლეები კლასიდან კლასში გადასვლის დამადასტურებელ მოწმობებს და საბოლოოდ რუსული სკოლის ატესტატს იღებენ. გამოცდებს კერძო რუსული სკოლის მოსწავლეები აბარებენ დისტანციურად პეტერბურგისა და მოსკოვის სკოლებში.

  • ვისია და როგორაა საქართველოში დარეგისტრირებული კერძო რუსული სკოლა? 

თბილისში, საირმის ქუჩაზე მდებარე კერძო რუსული სკოლა „პროექტორი“ საქართველოს საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულია, როგორც „შპს საგანმანათლებლო ცენტრი სკოლა პროექტორი“.

კომპანიის დირექტორია ანნა პუჩკოვა, მას საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს.

პუჩკოვა კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელია, 25%-ს რუსეთის მოქალაქე ტატიანა კოსტინა ფლობს, დარჩენილი 25%-იანი წილის მფლობელი კი საქართველოს მოქალაქე ლევან გოგლიძეა.

ლევან გოგლიძე პარტია „ქართული ოცნების“ შემწირველთა ჩამონათვალშიც იძებნება. 2016 წელს მმართველ პარტიას მან 10 000 ლარი შესწირა.

ლევან გოგლიძის ძმა, გივი გოგლიძე 2012-2016 წლებში თბილისის საკრებულოში ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, კოალიცია „ქართული ოცნება ეროვნული ფორუმის“ თავმჯდომარის მოადგილე იყო.

მას შემდეგ, რაც სკოლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ საჯარო ინფორმაციას და რეესტრის მასალებს გავეცანით, დავურეკეთ სკოლის დირექტორსაც, ანნა პუჩკოვას. ავტორიზებულია თუ არა სკოლა? – ამ კითხვის პასუხად ანნა პუჩკოვამ თქვა, რომ ეს არ არის სკოლა, რეპეტიტორთა ცენტრია.

„არ არის სკოლა. „სკოლა“ ფიგურირებს სკოლის სახელწოდებაში, როგორც მხოლოდ სამარკო ნიშანი. ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა სკოლასთან რუსეთშიც და კანადაშიც. ატესტაციას ისინი აწყობენ. ჩვენ, როგორც რეპეტიტორთა ცენტრი, ასე ვფუნქციონირებთ. გარდა ამისა, ვემზადებით შევიტანოთ დოკუმენტები საქართველოს განათლების სამინისტროში ავტორიზაციის მისაღებად. რუსულენოვან მოსწავლეებს ვუტარებთ ქართულის გაკვეთილებსა, გვაქვს ასევე სპეციალური საგანიც – „моя Грузия“.

ჩვენი სკოლა ატესტატს არ გასცემს, ატესტატს გასცემენ ჩვენი მოსწავლეებისთვის ჩვენი პარტნიორი სკოლები მოსკოვში, გამოცდებს და ტესტირებებსაც ისინი აწყობენ.

არ ვიყენებთ სახელმძღვანელოებს რუსეთის ისტორიის შესახებ, იქ არ არის სწორი ინფორმაცია მოცემული, საერთოდაც არ გავდივართ ცალკე რუსეთის ისტორიას და ვსწავლობთ მხოლოდ მსოფლიო ისტორიას.

ისტორიისა და გეოგრაფიის რუკებს ვაკვირდებით გამოყენებამდე რამდენადაა ამ რუკებზე გამოსახული საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზე დატანილი სწორი და რეალური ინფორმაცია. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი ამბავია. მიგვაჩნია, რომ დონეცკი და ლუგანსკი უკრაინის ტერიტორიებია“, – გვეუბნება სკოლის დირექტორი.

მსგავსი სკოლის შესახებ, სახელწოდებით School club georgia, რომელიც ბათუმსა და თბილისში ერთდროულად ფუნქციონირებს „ბათუმელებმა“ 3 სექტემბერს მოამზადა მასალა.

____

ამავე თემაზე:

რუსული სკოლა ბათუმში, სადაც რუსეთში შემუშავებული სახელმძღვანელოებით ასწავლიან

ბათუმში უფასო სპორტული სექცია გაიხსნა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის

ბათუმის სპორტულ ცენტრში სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა სპორტული სექცია გაიხსნა, სადაც გაწევრიანება უფასოა.

სპორტული ცენტრი ბათუმის მერიის ა(ა)იპ-ია, რომელიც გარდა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა სპორტული სექციისა, სხვადასხვა სპორტული მიმართულების უფასო სექციას აერთიანებს, ისეთს, როგორიცაა: ფიგურული ციგურაობა და ყინულის ჰოკეი, ნიჩბოსნობა, ფუტსალი, ქვიშის ფეხბურთი, ქართული ჭიდაობა და ეზოს ფეხბურთი.

ცენტრის ინფორმაციით, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა სპორტულ ჯგუფში ამჟამად 20 ბავშვია, ახალი წევრების რაოდენობა შეზღუდული არ არის.

სპორტულ ცენტრის აქტივობები, 6-დან 16 წლამდე ასაკის სპეციალური საჭიროების მქონე, ანუ ძირითადად აუტიზმის სპექტრისა და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.

როგორც ბათუმის სპორტულ ცენტრში განმარტავენ, ფიზიკური აქტივობები ძირითადად სპორტული ხასიათისაა და მოიცავს თერაპიულ ნაწილსაც.

„ბავშვებთან ერთი საათის განმავლობაში კომბინირებულად მუშაობს ფსიქოლოგი, ორი მწვრთნელი და ექიმი. ძირითადი აქცენტი მაინც სპორტულ აქტივობებზე მოდის“, – გვითხრეს სპორტულ ცენტრში.

ვარჯიშები ტარდება ყოველ შაბათ-კვირას, 16:00 საათზე, ბათუმის სპორტის სასახლეში, რომელიც მდებარეობს ლეონიძის ქუჩის 15 ნომერში.

„როგორ ავედი მყინვარწვერზე“ – მარის გზა ზღვის დონიდან 5400 მეტრის სიმაღლემდე

„ბავშვობაში, როცა მთებს ვუყურებდი, ბევრჯერ მიფიქრია ნეტა იქიდან გადმომახედა-მეთქი“, – გვიყვება 35 წლის მარი კარალიძე. ის პროფესიით ეკონომისტია და ცოტა ხნის წინ ოცნება აიხდინა, როცა მყინვარწვერზე ავიდა. ეს მისი პირველი გამოცდილება იყო და ფიქრობს, რომ ამ ხიფათიანმა თავგადასავალმა თავდაჯერებულობა შემატა.

„იმ დროს არ ვიცოდი, რა იყო ალპინიზმი და რა სირთულეს უკავშირდებოდა ის. ოთხი წლის წინ დავიწყე იმაზე ფიქრი, ხომ არ ვცადო, ხომ არ ავიდე ისეთ ადგილზე, საიდანაც ამ ყველაფერს ზემოდან გადმოვხედავ-მეთქი. საქართველოში ბევრი მწვერვალია, განებივრებულები ვართ ამ მხრივ, მყინვარწვერი კი ერთ-ერთი შედარებით მარტივი მარშრუტია, თუმცა ძალიან მაღალია“.

მიუხედავად იმისა, რომ მყინვარწვერზე ასვლას ცოცვა არ სჭირდება და გზა ფეხით უნდა გაიარო, განსაკუთრებული მომზადება და ვარჯიშები ამ მოგზაურობის დასაწყებად მაინც აუცილებელია“, – გვიყვება მარი.

„ასასვლელად მარტივია, მაგრამ შეიძლება სუნთქვა გაგიჭირდეს. მოყვარულ ალპინისტებს ხშირად ექმნებათ გულის პრობლემები. მყინვარწვერი საქართველოში რიგით მეორეა, ხარა ყველაზე მაღალია, შემდეგ მოდის მყინვარწვერი, მისი სიმაღლე  5054 მეტრია ზღვის დონიდან.“

გრძელი და ხიფათიანი გზის გასავლელად, სხვადასხვა ვარჯიშთან ერთად მარიმ მაღალ სართულებზე ტვირთით ასვლა დაიწყო, 10 კგ ტვირთით ჯერ 24-ე სართულზე ადიოდა, შემდეგ ტვირთი 15 კგ-მდე, მანძილი კი 36-სართულამდე გაზარდა. „კარგი კარდიოვარჯიშები გამომივიდა“, – გვიყვება ის.

თავიდან მარიმ ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში დაიწყო, წაიკითხა ყველაფერი, რაც მთამსვლელობას შეეხებოდა, გაეცნო მომზადების წესებს და გიდებსაც გაესაუბრა.

„მყინვარწვერზე ასასვლელად ცოცვა არ გჭირდება, ძირითადად  ფეხით უნდა იარო. თუმცა ფეხით სიარულიც რთულია, გაგიჭირდება თუ კარგი მომზადება არ გაქვს გავლილი. როცა ამხელა დროს და ენერგიას უთმობ, გინდა, რომ ყველაფერი წარმატებით დასრულდეს. მაქსიმალურად ვეცადე, კარგად მოვმზადებულიყავი, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად“.

მარი დაუკავშირდა გიდებს, რომლებიც ქმნიან მთაზე ასვლის მსურველთა ჯგუფებს, ჯგუფი 12 მსურველს და ორ გიდს აერთიანებს. მომზადების გავლის შემდეგ აღჭურვილობის ჯერი დგება. მარი გვიყვება, რომ აღჭურვილობა მთაზე ასვლის დროს ისევეა მნიშვნელოვანი, როგორც მომზადების გავლა. ეს დიდ ხარჯებსაც უკავშირდება:

„აღჭურვილობის გარეშე ვერ გადალახავ იმ დაბრკოლებებს, რაც გზად შეგხვდება. გჭირდება წერაყინი, დაცვის ქამარი, წრიაპი, რომელიც ფეხსაცმელზე მაგრდება. ასვე, გჭირდება ჩაფხუტი და მზის სათვალე. ძალიან მნიშვნელოვანია თერმოტანსაცმელი. შესაბამისი ფეხსაცმლის პოვნა იყო იმდენად რთული, რომ ლამის ყველაფერი ფეხსაცმლის გამო ჩამეშალა, თუმცა ბოლოს ვიპოვე“.

მარის მონათხრობით, ჯგუფი პირველ ღამეს ე.წ. ალტიჰატის ტერიტორიაზე ათევს, შემდეგ კი მეტეოსადგურისკენ მიემართებიან:

„სასტუმრო ალტიჰატის ტერიტორიაზე პირველ აკლიმატიზაციას გადიხარ. იქვე საბანაკე ადგილია, გავშალეთ კარვები და პირველი ღამე იქ გავათიეთ. მეორე დღეს დავიძარით მეტეოსადგურისკენ. იქ მანძილს კილომეტრობით არ ითვლიან, ითვლიან ზღვის დონიდან რამდენ მეტრს ადიხარ. მეტეოსადგური ზღვის დონიდან 3600 მეტრზეა. აქ ორი ღამე დავრჩით, ეს აუცილებელია აკლიმატიზაციისთვის.

იქ თუ ცუდად არ ხარ, არ გაქვს ჰაერის უკმარისობა და თავბრუსხმა, მზად ხარ იმისთვის, რომ გზა გააგრძელო. მეორე დღეს დავიძარით მეტეოსადგურისკენ, მას ბეთლემის ქოხსაც ეძახიან. შუადღისკენ უკვე იქ ვიყავით“.

მარი კარალიძე

შტურმის დღეს ეძახიან იმ დღეს, როდესაც ჯგუფი მყინვარწვერზე ადის, მოგზაურობა მყინვარწვერისკენ მეტეოსადგურზე ყოფნის მესამე დღეს იწყება, მანამდე აქ გადიან საწვრთნელ ვარჯიშებს.

„ბეთლემის ქოხთან, 3950 მეტრზე რკინის ვაგონში ეკლესიაა განთავსებული, ჯაჭვებით არის დამაგრებული, ქარმა რომ არ წაიღოს. იქ ავედით და დაახლოებით საათ-ნახევარი გავჩერდით აკლიმატიზაციისთვის. შემდეგ დავბრუნდით და იქვე ყინულიან გზაზე გავიარეთ წვრთნა, როგორ უნდა გამოგვეყენებინა აღჭურვილობა, რა შემთხვევაში როგორ უნდა მოვქცეულიყავით და ასე შემდეგ.“

მყინვარწვერზე ასვლის შემართება ზოგჯერ გზის სირთულესთან ერთად იკლებს და უკანდახევითაც სრულდება. ჯგუფის წევრს ყოველთვის შეუძლია უკან დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღოს, თუ ის ვერ დაძლევს შიშს, რომელიც ამ მოგზაურობის დროს ნებისმიერ წუთს შეიძლება გაჩნდეს, თუნდაც საბოლოო მიზნამდე მას ძალიან მოკლე მანძილი აშორებდეს.

„უკან ხომ არ დავიხიო?“ – ასეთი ფიქრები მარის მოგზაურობის ისტორიაშიც არის.

„არის მომენტები, როცა ფიქრობ – შეძლებ თუ არა. თავიდან დიდი შემართებით ვიყავი, ვფიქრობდი, რომ აუცილებლად ავიდოდი. ფსიქოლოგიური მომენტიც არის. თუ დაარწმუნებ საკუთარ თავს, რომ შეგიძლია და გააკეთებ – აკეთებ კიდეც, თავიდან ეს განწყობა მქონდა, თუმცა იყო რამდენიმე მომენტი, როცა ვიფიქრე ხომ არ დავიხიო უკან-მეთქი.

პირველი შიში მაშინ ვიგრძენი ალტიჰატიდან ვიწრო ბილიკს რომ გავუყევით და ყინულიან მონაკვეთს მივადექით, მას მყინვარის ენა ჰქვია. ამ დროს თან დიდი ზურგჩანთა გაქვს, ამ სიმძიმით გრძელი, ყინულიანი გზა უნდა გაიარო. ვიფიქრე, რომ ვერ შევძლებდი. პირველი ათი ნაბიჯის შემდეგ თითქოს შევეჩვიე“. 

იყო კიდევ ერთი მომენტი, როცა მარიმ უკან დაბრუნებაზე იფიქრა. ამ დროს მყინვარწვერს ძალიან ცოტა აშორებდა.

„მყინვართან ასვლამდე, პატარა ფერდობია, სადაც შევისვენეთ. იქიდან რომ გავხედეთ მწვერვალს, ძალიან ციცაბო მონაკვეთი დავინახეთ. აი, ამ დროს ვიფიქრე, აქ ხომ არ დაველოდო ჯგუფის წევრებს და უკანა გზაზე გავყვე-მეთქი. ბოლოს ვთქვი, რომ თითქმის ასვლა, ასვლა არ არის და უნდა ავიდე, უნდა გავბედო. გიდიც ძალიან გვეხმარებოდა და გვამხნევებდა: გვეუბნებოდა, აქ თუ დაბრუნდებით, შემდეგ ყოველთვის ინანებთ ამასო. ბოლო მონაკვეთი მართლა ძალიან რთული იყო.“

მარი განსაკუთრებული ემოციით მწვერვალზე ასვლის წუთებს იხსენებს:

„არაამქვეყნიური სიხარულია, როცა ბოლო ნაბიჯს დგამ, არ ვიცი როგორ ვთქვა, როგორ გადმოვცე, ბედნიერი ხარ, გიხარია, თავდაჯერებული გახდი, შეძელი ის, რაზეც ოცნებობდი. ირგვლივ ხედავ საოცარ ხედებს, კარგი ამინდი შეგვხვდა და იალბუზის წვერიც დავინახეთ.

ნებისმიერ ნაბიჯს, რასაც დგამ, გარკვეული ცვლილება მოაქვს. ამ შემთხვევაში მოლოდინიც მქონდა ახლის, არ ვიცი რა დავარქვა, ველოდი, რომ ამის შემდეგ სხვანაირად ვიცხოვრებდი. ღირებულებებიც კი შემეცვალა, ახლა აღარ მინდა ის, რაც ადრე მინდოდა, მაგალითად რაღაცის ყიდვა ქალაქში. ნაკლებად მინდა სადმე გასვლა და სულ მეფიქრება იმაზე, მეორე ჯერზე რომელ მთაზე ავალ. ემოციურადაც უფრო გაწონასწორებული გავხდი, მგონია ნაკლებად შემეშინდება და თამამი ვიქნები. არ ვიცი ეს სადამდე გამყვება, მაგრამ ამ ეტაპზე ასეა.“

მარი Instagram- ის საკუთარ გვერდზე მოგზაურობის შესახებ ასე წერს:

„ოცნებები ხდება! მთავარია გაბედო ოცნება! მთავარია გაბედო და ირწმუნო საკუთარი თავის. მთავარია გაანალიზო, შეაფასო და გადააფასო. მთავარია, იპოვო ძალა შენში და ნაბიჯ-ნაბიჯ იარო მიზნისკენ, უსაზღვრო შესაძლებლობების ფონზე.

როცა მიზანი მკაფიოა, შეძლებ გაუძლო ყველა სირთულეს, დაძლიო ყველა შიში და სისუსტე, გაუძლო უკომფორტო და მიუჩვეველ გარემოს, სიცივეს, ყინვას. ოცნებისკენ მიმავალ გზაზე დგება ის მომენტი, როცა ფიქრობ, რომ მეტი აღარ შეგიძლია, რომ ეს შენი მაქსიმუმია და უნდა დანებდე. თუმცა, ამავდროულად შენში მეორე ძლიერი მე იღვიძებს და იწყებს საუბარს, რომ იმაზე ძლიერი ხარ, ვიდრე გგონია, რომ შენ ძალა კიდევ შეგრჩა და რომ შენთვის ეს დაბრკოლება მხოლოდ გამოწვევაა, რომელიც შეგიძლია დაძლიო.

ასევე ხედავ, რომ მარტო არ ხარ, შენს ირგვლივ შენნაირი სულისკვეთების ადამიანები არიან, გამხნევებენ და ძალას გმატებენ. და რაც მთავარია, არის ადამიანი, რომელიც შენი ოცნების ასრულების მთავარი გმირია – გიდი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს ამდენ გამოუცდელ ადამიანზე, რომელიც გამხნევებს და გარწმუნებს, რომ ეს შეგიძლია და შენც პოულობ ძალას, რომ გზა განაგრძო. ბოლო ნაბიჯი, რომელსაც დგამ მწვერვალზე, სიამაყით გავსებს, გაბედნიერებს და გავიწყდება ყველა სირთულე, რისი დაძლევაც დაგჭირდა აქ მოსასვლელად. ხვდები, რომ შენ ეს შეძელი და კიდევ უამრავი რამ შეგიძლია, კიდევ უამრავი რამ, რაზეც ვერ ბედავდი აქამდე ოცნებას…“

მარის თქმით, მყინვარწვერზე ასვლა, აღჭურვილობის ჩათვლით, დაახლოებით 8-10 ათასი ლარი ჯდება.

რუსეთს ვინმეს საკბენად კბილები აღარ უნდა შერჩეს – ოლექსი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი მიიჩნევს, რომ რუსეთის ომი უკრაინაში წლობით არ გაგრძელდება, თუმცა უკრაინელებს არც სწრაფი გამარჯვების იმედი უნდა ჰქონდეთ.

ამის შესახებ დანილოვმა LB.ua-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

„ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ წლები-წლები-წლები უნდა ვებრძოლოთ ამ აგრესორს. მე უფრო ოპტიმისტურად ვარ გამწყობილი ამ შემთხვევაში, ჩემი პროგნოზი მაქვს, როგორ უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი. მე ძალიან ფრთხილად ვეკიდები ამ საკითხს. მე ვამბობ, ერთი – ეს არ იქნება მარტივი ომი; მეორე – ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ; მესამე – ეს არ იქნება სწრაფი გამარჯვება, მაგრამ ეს ომი არც წლობით გაიწელება,“ – ამბობს დანილოვი.

მისი თქმით, უკრაინამ უნდა მოახერხოს, რომ გამარჯვების შემდეგ, რუსებს აღარ დარჩეთ არც სურვილი და არც „კბილები პირში ვინმეს საკბენად“.

„და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ, ამის შემდეგ უფრო მშვიდად ვიქნებით. არ ვფიქრობ, რომ რაც ხდება, ის ისრაელს უნდა შევადაროთ, იქ სხვა ვითარება და სხვა პროცესებია,“ – აღნიშნავს უსაფრთხოებისა და საბჭოს მდივანი.

ბათუმის მერია „ნატვრის ხეში“ 40 ათასს გადაიხდის – მორიგი კონკურსი

ბათუმის მერიას ქალაქის ცენტრალურ პარკში „ნატვრის ხის“ განთავსება მესამე წელია გადაწყვეტილი აქვს, თუმცა, ამ დრომდე მონუმენტის ესკიზიც ვერ შეარჩია. მერიამ მონუმენტის განთავსებისთვის საჭირო თანხაც, 70 ათასი ლარიდან 40 ათას ლარამდე შეამცირა.

„ნატვრის ხის“ საუკეთესო ესკიზის“ გამოვლენაზე კი, მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ მორიგი კონკურსი გამოაცხადა. საკონკურსო თანხა ამჯერად 3 500 ლარია. კონკურსის პირობა, ესკიზის საფუძველზე, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასაც გულისხმობს. პარკში მონუმენტის განთავსებისთვის მერია მაქსიმუმ 40 ათას ლარს დახარჯავს.

თავდაპირველი კონკურსის მიხედვით, „ნატვრის ხე“ ნურიგელის ტბასთან, დელფინარიუმის უკან უნდა განთავსებულიყო, თუმცა, ამჯერად ადგილს, კონკურსში გამარჯვებული შეარჩევს და შემდეგ სამმართველო განიხილავს.

„ნატვრის ხე“ შესაძლებელია განთავსდეს ცენტრალურ პარკში, ნურის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე პროექტის მომწოდებლის შეხედულებისამებრ მიჩნეულ ლოკაციაზე, რომელიც შემდგომ განიხილება პროექტის შემსყიდველის მიერ. ესკიზში წარმოდგენილი „ნატვრის ხის“ მოცულობა ჰარმონიაში უნდა იყოს განთავსების ადგილის ირგვლივ არსებულ სივრცესთან; ანგარიში უნდა გაეწიოს, ირგვლივ არსებულ სივრცესა და ინფრასტრუქტურას“, – აღნიშნულია კონკურსის ტექნიკურ დავალებაში.

„ნატვრის ხე“ ბათუმის მერიის 2019 წლის კონკურსის – „შენი იდეა ბათუმს“ ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტია. იდეის ავტორი თამთა ჯინჭარაძეა.

ესკიზზე გამოცხადებული კონკურსის მიხედვით:

  • „განხორციელებული იდეა უნდა იყოს სანახაობრივი, ღამით განათებული, გამორჩეული ორიგინალობით და ჰარმონიულად შერწყმული ფერადოვნებით (შესაძლებელია ეს ფერადოვნება განპირობებული იყოს სხვადასხვა დამატებითი მასალებით ან მასალით).
  • მთლიანი კომპოზიცია უნდა წარმოადგენდეს, როგორც ზღაპრულ, ასევე რეალურ სამყაროს. ასევე უნდა წარმოადგენდეს საინტერესო სანახაობას დღის და ღამის საათებშიც. მისაღები და შთამბეჭდავი იყოს ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის.
  • წარმოდგენილი იდეა შინაარსობრივად უნდა ასოცირდებოდეს „ნატვრის ხის“ ტრადიციულ თემატიკასთან“.

კონკურსში წინადადებების მიღება 2022 წლის 17 სექტემბერს დაიწყება და 22 სექტემბერს დასრულდება. პირობის მიხედვით, ესკიზი, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 დღეში უნდა იყოს მზად.

მონუმენტის ესკიზის გამოსავლენად კონკურსი მერიის სამმართველომ პირველად 2019 წელს გამოაცხადა, თუმცა, კონკურსი წინადადებების მიღების დასრულებიდან ორი დღის შემდეგ შეწყვიტა.  შეწყვეტის მიზეზად მაშინ „საკონკურსო დოკუმენტაციის სრულყოფა“ დასახელდა.

ხელახალი კონკურსი გამოცხადდა 2020 წელში. ეს კონკურსი არ შედგა – მასში მონაწილეობა არავინ მიიღო.

იდეის ავტორს პროექტის განსახორციელებლად 40 ათასი ლარი აქვს დასახელებული, სამმართველოს მიერ გამოცხადებულ პირველი კონკურსში აღნიშნული იყო, რომ  „ნატვრის ხის“ ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 70 000 ლარს. მომდევნო კონკურსში მერიამ ეს თანხა 50 ათას ლარამდე შეამცირა. ამჯერად კი, „ნატვრის ხის“ ხარჯები იდეის ავტორისას დაუახლოვა და მაქსიმუმ 40 ათასი ლარითაა განსაზღვრული.

ამავე თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან:

რატომ შეწყდა კონკურსი „ნატვრის ხის“ საუკეთესო ესკიზის გამოსავლენად

 

 

16 პირი დააკავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით, მათგან ორი – აჭარაში

შსს-ს ცნობით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის 16 პირი დააკავეს, მათ შორის 14 ნარკორეალიზატორია

16-დან ორი პირი აჭარაში დააკავეს. 2000 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ა.ქ.-სა და 1998 წელს დაბადებულ ქ.ე.-ს, მათ ბრალი ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვაში.

შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

ასევე, შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო ნარკორეალიზაციისთვის ბრალდებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები და ნარკოტიკების უკანონო გასაღების შედეგად მიღებული ფული.

„დაკავებულების პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები: 626 აბი “სუბოტექსი”, 220 აბი “მეტადონი”, 150 გრამი “კოკაინი”, 2 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ე.წ. “სირეცი”, 565 გრამი ფსიქოტროპული ნივთიერება “კეტამინი”, ნარკოტიკული საშუალება “მდმა”-ს შემცველი 418 აბი, 195 გრამი ნარკოტიკული საშუალება “მდმა” და ნარკოტიკული საშუალება “ლიზერგიდი“ – იუწყება შს სამინისტრო.

გამოძიება მიმდინარეობს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილით, მე-5 ნაწილით, მე-7 ნაწილით, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, 19-260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 261-ე მუხლის მე-7 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით, 19-261-ე მუხლის მე-4 ნაწილით.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სოფლის ექიმის 6 დღე“ – მომავალი ექიმების ფოტოპროექტი ხულოში

„სოფლის ექიმის 6 დღე“ – ასე ეწოდება ექსპედიციას და ფოტოპროექტს, რომელიც პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიამ განახორციელა ხულოში. პროექტის ფარგლებში სამედიცინო აკადემიის 6 სტუდენტი სხალთაში, დაბა ხულოსა და ღორჯომში სოფლის ექიმების ცხოვრებას აკვირდებოდა და ფოტოკამერით იღებდა.

პროექტის მიზანია მომავალმა ექიმებმა ფოტოგრაფიით უამბონ ადამიანებს სოფლის ექიმების ცხოვრებაზე. 

სტუდენტმა ირინკა ისიანმა პროექტში მონაწილეობა ფოტოგრაფიის სიყვარულის გამო გადაწყვიტა. ირინკამ გვითხრა, რომ პროექტმა მის მოლოდინებს გადააჭარბა.

„აქაური ექიმები საოცრად შრომობენ. აქ რაც დავინახე, რა გამოცდილებაც მივიღე, არასდროს დამავიწყდება. მომავალი ექიმი ვარ და ძალიან გამომადგება. ექიმები მუდამ ენერგიულები არიან, 24/7-ზე შეუძლიათ დაეხმარონ ადამიანს.

ვხედავ, რა გზებზე დავდივართ, ექიმებს ყოველდღე უწევთ ამ გზის გავლა, რაც უკვე ძალიან დიდი შრომაა.

გვითხრეს, რომ ზოგჯერ, ზამთარში, ფეხით გადიან ამ მანძილს აქაური კლიმატის [დიდთოვლობის] გამო. საშინლად რთული გზებია.

ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა ნამდვილად არაჩვეულებრივია. პაციენტებთან მხსნელებივით მიდიან ეს ადამიანები“, – გვითხრა ირინკა ისიანმა.

ფოტოპროექტის მონაწილეებმა ორთვიანი მოსამზადებელი ეტაპი ფოტოგრაფ ლელი ბლაგონრავოვასთან ერთად გაიარეს. მათ საგანგებოდ ისწავლეს ფოტოგრაფიის საფუძვლები და ამბის თხრობისა და ბლოგის წერის ტექნიკა.

ხულოს სოფელ დიოკნის ამბულატორიის ოჯახის ექიმის, შორენა ცინარიძის თქმით, ეს პროექტი მისთვისაც საინტერესო იყო.

„მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ ვერც კი წარმოედგინათ მთებში ასეთი მკაცრი ზამთარი რომ იცის, ასეთი მიუვალი გზებია და არ არის კეთილმოწყობილი.

მე მგონი მათთვის უცხო და საინტერესო იყო ისიც, რომ დიდხანს გიწევს საუბარი პაციენტებთან და მათთვის ოჯახის წევრი ხარ“, – გვითხრა შორენა ცინარიძემ.

სხალთა. ფოტო/ლელი ბლაგონრავოვა
სხალთა. ფოტო/ლელი ბლაგონრავოვა
სხალთა. ფოტო/ლელი ბლაგონრავოვა

ფოტოპროექტის მონაწილე სტუდენტები ღამით სოფლის საოჯახო სასტუმროებში რჩებოდნენ. 

პროექტში მონაწილეობა სტუდენტმა ნანუკა ყაჭიურმაც ფოტოგრაფიის ინტერესის გამო მიიღო. 

ნანუკა გვიყვება რატომ იყო ეს პროექტი მისთვის მნიშვნელოვანი: 

„ექიმები სოფელში თუ დადიოდნენ პაციენტთან სახლში, არ ვიცოდი. ალბათ პროექტის მნიშვნელობაც ეს არის, რომ გავიგოთ, რამხელა შრომას ეწევიან სოფლის ექიმები. ისინი გმირულად ყოველდღე უამრავ კილომეტრს გადიან პაციენტამდე რომ მიაღწიონ.

განსაკუთრებულად დამამახსოვრდა, თუ რამხელა ნდობა და სითბო აკავშირებთ პაციენტებს ექიმთან. ჩვენც ძალიან თბილად მიგვიღეს პაციენტებმა, როცა გაიგეს, რომ მომავალი ექიმები ვიყავით”, – ამბობს ნანუკა. 

ნანუკა პროექტის კიდევ ერთ მონაწილესთან ერთად სხალთის მიმდებარე სოფლებში დაჰყვებოდა ადგილობრივ ოჯახის ექიმს. 

ფოტოგრაფ ლელი ბლაგონრავოვას თქმით, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი პროფესია სხვა რაკურსითაც დაენახათ.

მისი აზრით, ფოტოგრაფისა და ექიმის პროფესიას აქვს საერთო – ორივე შემთხვევაში მნიშვნელოვანია მოსმენა, დაკვირვება და ნდობის მოპოვება, რაც მნიშვნელოვნად აისახება შედეგზე.

„სტუდენტებს არ ავიწყდებოდათ ხელში კამერები და ის, რომ ექიმის, პაციენტის პორტრეტები და გარემო აღებეჭდათ, სადაც ისინი ერთმანეთს ხვდებიან.

გარემო ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მთიანი აჭარა სხვა რეგიონებისგან განსაკუთრებით განსხვავდება არქიტექტურით, ადამიანებით, სტუმართმოყვარეობით“, – გვითხრა ლელი ბლაგონრავოვამ.

ღორჯომი. ფოტო/ლელი ბლაგონრავოვა
ღორჯომი. ფოტო/ლელი ბლაგონრავოვა
შორენა ცინარიძე. ფოტო/ირინკა ისიანი
შორენა ცინარიძე. ფოტო/ირინკა ისიანი
შორენა ცინარიძე პაციენტთან ერთად. ფოტო/ირინკა ისიანი

„ეს პროექტი უნიკალურია. სტუდენტებმა ნახეს, რას ნიშნავს ექიმობა, რა როლი და მნიშვნელობა აქვს არა ურბანულ კონტექსტში. ნახეს, როგორ მუშაობენ ექიმები. გვაინტერესებს, ეს რამდენად იქონიებს გავლენას მათ პროფესიონალიზმზე.

სტუდენტები კამერებით დაჰყვებოდნენ ექიმებს, თანაც, სოფლის ექიმს ხომ კიდევ უფრო განსხვავებული როლი აქვს. ისინი არ არიან მხოლოდ კლინიკებში და ამბულატორიებში, არამედ დადიან ოჯახებშიც.

გვინდა სტუდენტებმა დაინახონ, რომ პაციენტის მიღმა დგას ბიოლოგიური, სოციალური და ფსიქოლოგიური კონტექსტი და ისიც, თუ როგორი კომუნიკაცია აქვთ ამ ყველაფრის გათვალისწინებით მათ კოლეგებს”, – ამბობს „ბათუმელებთან“ თსა-ს ინსტიტუციური კულტურის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მაკა მაღლაკელიძე.

პროექტის დასკვნით ეტაპზე გაიმართება სტუდენტების მიერ გადაღებული ფოტოების გამოფენაც.

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია [თსა], რომელმაც აღნიშნული პროექტი განახორციელა, 1992 წელს დაარსდა და იქიდან მოყოლებული დღემდე, 2500-ზე კურსდამთავრებული ჰყავს.

სტარტაპ პრე-აქსელერატორი 2022 იწყება

Impact Hub Tbilisi- სტარტაპ პრე-აქსელერატორი განახლებული ფორმატით იწყება. 12-კვირიანი პროგრამა, მიზნად ისახავს ადრეულ ეტაპზე მყოფი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას.

წელს პრე-აქსელერატორში, წინასწარი განაცხადების საფუძველზე შერჩეული, 20 ადგილობრივი სტარტაპი ჩაერთვება. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადრეულ საფეხურზე მყოფ სტარტაპებს, რომლებიც ქმნიან ან ეფუძნებიან ტექნოლოგიებს და მზად აქვთ პირველადი პროტოტიპი (MVP) ან ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა მის შესაქმელად.

პრე-აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაწყებულია და გაგრძელდება 18 სექტემბრის ჩათვლით. განაცხადის შესავსებად გადადით ბმულზე: https://bit.ly/3QIcWbT.

13 სექტემბერს, 16:00 საათზე გაიმართება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა, სადაც დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა გაიგონ დეტალები პროგრამის შესახებ, გაიცნონ ორგანიზატორები და დასვან პროგრამასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვა. საინფორმაციო შეხვედრაზე დასასწრებად შემოგვიერთდით ბმულზე: https://bit.ly/3Rqdd3y

პრეაქსელერატორი ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში (ონლაინ და ოფლაინ შეხვედრები), გაგრძელდება 12 კვირას (ოქტომბერიდეკემბერი 2022) და შედგება 5 ძირითადი კომპონენტისგან:

  1. 3ინტენსიური ბუტკემპი (2 ქალაქგარეთ, 1 თბილისში);
  2. ინდივიდუალური შეხვედრები მენტორთან (კვირაში 1 დღე, 1 საათი);
  3. ნეთვორქინგი – P2P შეხვედრები, გამოცდილების გაზიარება, მოწვეული სპიკერები, Stand-up-ები;
  4. იმფაქთ ჰაბის საერთო სამუშაო სივრცით სარგებლობა (მოთხოვნის შესაბამისად);
  5. დემო დღე – მონაწილე სტარტაპები წარდგებიან ინვესტორების წინაშე, სადაც საშუალება ექნებათ მოიპოვონ ინვესტიცია სტარტაპის განვითარების და გაფართოების მიზნით.

პრე-აქსელერატორში მონაწილე სტარტაპები გაიღრმავებენ ცოდნას რამდენიმე მიმართულებით: პროდუქტის განვითარება და ვალიდაცია, მომხმარებლის სეგმენტაცია, ფასეული შეთავაზება, მარკეტინგი, ბრენდინგი, რეკლამა, გაყიდვები, Growth Marketing, MVP – ტექნიკური პროდუქტის შექმნა, ბიზნესმოდელი და ფინანსები, Pitch Deck, დაფინანსების წყაროების მოძიება.

პროგრამის დასრულების შემდეგ სტარტაპებს მზად ექნებათ: ბიზნესგეგმა, ბიზნესმოდელი, ფინანსური გეგმა, საკომუნიკაციო სტრატეგია, პროდუქტის პროტოტიპი ან მისი შესრულების ტექნიკური გეგმა, Pitch Deck, საინვესტიციო წინადადება დაფინანსების წყაროების მოსაძიებლად.

სტარტაპ პრე-აქსლერატორი 2021 წელს, Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ დაარსდა, რომელმაც სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში და მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა ლოკალური პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს.

მეტი ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ აქ: https://preacceleration.com

სტარტაპ პრე-აქსელერატორის მხარდამჭერები: Entreprenership Academy, თიბისის პროგრამა “სტარტაპერი”, ისრაელის საელჩო საქართველოში, USAID, აჭარა ჯგუფი.

TV 25 აცხადებს, რომ დახურვის საფრთხის წინაშეა – მიზეზი ფინანსური კრიზისია

სამაუწყებლო კომპანია TV 25 აცხადებს, რომ დახურვის საფრთხის წინაშეა ფინანსური კრიზისის გამო.

„კრიტიკული და ობიექტური სარედაქციო პოლიტიკის გამო, მაუწყებელი, მუდმივად იყო სხვადასხვა ხელისუფლების სამიზნე და არაერთხელ ყოფილა TV25-ის დახურვის მცდელობაც. ამის მიუხედავად, მაუწყებელმა პრობლემები გადალახა და დღემდე, ისევ, მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებულ, დაბალანსებულ და მიუკერძოებელ კონტენტს ქმნის.

თუმცა, ამჯერად, ობიექტური მედიის ფუნქციონირება საფრთხის წინაშე რამდენიმე გარემოებამ დააყენა. ყველა მათგანი კი ფინანსურ კრიზისამდე მიდის.

ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი ხელისუფლების იგნორი და კრიტიკული აზრის მიმართ ირონიული რიტორიკაა. ამას ემატება აზარტული თამაშების რეკლამირებაზე დაწესებული აკრძალვები, რამაც კომერციულ მაუწყებლებს დიდი დარტყმა მიაყენა.

ტელევიზიებს, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ ფინანსდებიან, გამოეცალა ფინანსური რესურსი და წაერთვა შემოსავლების უდიდესი ნაწილი. ამ ფონზე, კი, აზარტული თამაშების რეკლამირება შეუზღუდავად გრძელდება ქუჩაში, რაც ამყარებს ეჭვს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები კრიტიკული მედიის გასაჩუმებლად იყო გათვლილი“ – იუწყება TV 25.

„არაკონკურენტულ და არათანაბარ პირობებში ჩაყენებამ მცირე მედიები ჩამოშლის პირას მიიყვანა“ – ასე აფასებს TV 25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, სულხან მესხიძე შექმნილ სიტუაციას.

„იმისთვის, რომ მუდმივად ისმოდეს ხალხის ხმა. იმისთვის, რომ დაისვას ობიექტური კითხვები აჭარაში არსებულ პრობლემებზე, მოვიპოვოთ პასუხები იმ საკითხებზე, რაც ხალხს აწუხებს, TV25-ის არსებობა მნიშვნელოვანია.

29 წელი ყოველ დღე მუდმივად ვმუშაობთ იმისთვის, რომ შელამაზების გარეშე მოგიყვეთ, რეგიონსა და ქვეყანაში არსებული პოლიტიკურ-სოციალური მდგომარეობა, ამისთვის კი აუცილებელია, ხელისუფლების, ოპოზიციის, მესამე სექტორის, ბიზნესისა და ერთგული მაყურებლის გვერდში დგომა. გახსოვდეთ, ჩვენ ვმუშაობთ თქვენთვის და გვსურს ასე გავაგრძელოთ“ – წერს სულხან მესხიძე ფეისბუქზე.

TV 25-ს მაუწყებლობის 29-წლიანი ისტორია აქვს. არხი 1993 წელს დაარსდა. კომპანიის მესაკუთრეები ამჟამად ჯემალ ვერძაძე და გიორგი სურმანიძე არიან.

აესს-ის ანგარიში ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე პუტინმა შესაძლოა სათავისოდ გამოიყენოს – ISW

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (აესს) ანგარიში ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა, მინსკის შეთანხმების მსგავსი ახალი პროცესის დასაწყებად გამოიყენოს.

„ვლადიმერ პუტინმა შეიძლება საკუთარი არმიის ქმედებებით გამოწვეული შიშებით ისარგებლოს, რათა აიძულოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო და საერთაშორისო საზოგადოება, აღიარონ რუსეთის უფლება ზაესის ექსპლუატაციაში მონაწილეობაზე, რაც მას შეუძლია წარმოაჩინოს, როგორც რუსეთის მიერ უკრაინის სამხრეთის ოკუპაციის ფაქტობრივი აღიარება,“ – წერს ISW უახლეს ანგარიშში.

ინსტიტუტის ანალიტიკოსების შეფასებით, აესს-ის ანგარიშიდან ცხადად ჩანს, რომ სააგენტო უკრაინას ასახელებს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ოპერატორად და მხარედ, რომელიც მის უსაფრთხო მუშაობაზე და სააგენტოს მიერ დაწესებული საერთაშორისო ნორმების დაცვაზეა პასუხისმგებელი.

„აესს-ს არ შეუძლია ჩართოს რუსეთი სადგურის ექსპლუატაციის საკითხებში, თუ არ აღიარებს, რომ რუსეთს ამის უფლება აქვს. პუტინმა შეიძლება სცადოს და გამოიყენოს ეს სიტუაცია, რათა შექმნას მინსკის შეთანხმების მსგავსი პროცესი, რომელმაც 2014 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ „ცეცხლის შეწყვეტა უზრუნველყო“.

მინსკის შეთანხმებები რუსეთს განიხილავდა, არა მონაწილედ, არამედ ნეიტრალურ მხარედ და ამავე დროს უპირობოდ იღებდა პუტინის მტკიცებას, რომ უკრაინა რუსეთის აგრესიის მსხვერპლი კი არ გახდა, არამედ სამოქალაქო ომის პირობებში იყო.

პუტინმა შეიძლება სცადოს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში მის მიერვე გამოწვეული სიტუაციის გამოყენება, რათა შექმნას პარალელური საერთაშორისო სტრუქტურა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის უკრაინის სუვერენულ უფლებებს კიდევ უფრო დიდ ტერიტორიაზე, იმ რაიონებში, რომლებიც ახლა რუსეთს აქვს ოკუპირებული,“ – წერს ომის კვლევის ინსტიტუტი.

ინსტიტუტის მკვლევრები ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 6 სექტემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშსაც მიმოიხილავენ. მათი თქმით, ამ ანგარიშში აღწერილია არაერთი შემთხვევა, როგორ უქმნიდნენ სადგურს საფრთხეს რუსეთის საოკუპაციო ძალები და რუსი სამხედროები. სააგენტო მოუწოდებს „ყველა შესაბამის მხარეს“ მიიღონ სასწრაფო ზომები ვითარების გამოსასწორებლად.

ISW-ის ანალიტიკოსების შეფასებით, ანგარიშში, მისი თავშეკავებული და ნეიტრალური ენის მიუხედავად, ჩანს, რომ უკრაინას არ მიეწერება საშიში ქმედებები. ანგარიში „დაშიფრული გაკიცხვაა რუსეთის ქმედებებისა, რომლებმაც უკვე გამოიწვია და კვლავაც ქმნის ბირთვულ საფრთხეს.“

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მისიამ სადგურის დათვალიერებისას ნამდვილად ნახა რუსეთის სამხედრო ტექნიკა და რუსეთის სახელმწიფო ორგანიზაცია „როსატომის“ თანამშრომლები, რომელთა ადგილზე ყოფნამაც, სააგენტოს აზრით, შესაძლოა „ხელი შეუშალოს სადგურის პერსონალს, მიიღონ ეფექტიანი და დროული გადაწყვეტილებები“.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, რომელიც რუსებს 4 მარტიდან აქვთ დაკავებული, აესს-ის მისიამ პირველ სექტემბერს შეამოწმა.

რუსეთმა შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისგან მილიონობით ჭურვი და რაკეტა იყიდოს

თეთრ სახლში ფიქრობენ, რომ ირანისგან დრონების მიღების შემდეგ, რუსეთმა შესაძლოა, მილიონობით ჭურვი და რაკეტა ჩრდილოეთ კორეისგან იყიდოს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, საბრძოლო მასალების როგორ დეფიციტს განიცდის რუსეთის არმია.

ამის შესახებ, სააგენტო Reuters-ის ცნობით, თეთრი სახლის სპიკერმა უსაფრთხოების საკითხებში ჯონ კირბიმ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ვაშინგტონს არ აქვს მტკიცებულება, რომ „შესყიდვა ნამდვილად მოხდა“ და რომ ეს იარაღი უკვე ბრძოლის ველზეა.

„ეს აჩვენებს, როგორ დააზარალა რუსეთის სამხედრო წარმოება ომმა. ასევე აჩვენებს კრემლის სასოწარკვეთის ხარისხს, რადგან დახმარებისთვის მიმართავს ისეთ ქვეყნებს, როგორებიც ირანი და ჩრდილოეთ კორეაა,“ – ამბობს კირბი.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ვედანტ პატელის თქმით, რუსეთის განზრახვა, შეისყიდოს საბრძოლო მასალები, მიუთითებს, რომ რუსეთს „ძალიან უჭირს მარაგების შევსება უკრაინაში, ნაწილობრივ საექსპორტო კონტროლისა და სანქციების გამო“.

სამხედრო-პოლიტიკური მიმომხილველი ოლექსანდრ კოვალენკო, რომელსაც ამ საკითხზე უკრაინის 24-ე არხმა კომენტარი სთხოვა, განმარტავს, რომ დღეისთვის არსებობს ჩრდილოეთ კორეიდან შეიარაღების მიღების ერთადერთი ლოგისტიკური შესაძლებლობა – სარკინიგზო ხიდი, რომელიც ჩრდილოეთ კორეას რუსეთთან აკავშირებს. შესაბამისად, ასეთი გარიგება რომ შემდგარიყო, შეუძლებელი იქნებოდა დაზვერვის სამსახურებს არ შეენიშნათ ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთისკენ მიმავალი უამრავი ეშელონი.

კოვალენკო ფიქრობს, რომ რუსეთი, ჯერჯერობით, საბრძოლო მასალების დეფიციტს ბელარუსის ტერიტორიაზე არსებული საწყობებიდან ავსებს.

„რუსეთის სარდლობას სრული წვდომა აქვს ამ ობიექტებზე. მხოლოდ აგვისტოში ბელარუსის ტერიტორიიდან 12 ათასი ტონა საბრძოლო მასალები გაიტანეს. ეს დადასტურებული ფაქტია და არა ჭორი,“ – ამბობს კოვალენკო.

30 აგვისტოს ამერიკულმა გამოცემა The Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა რუსეთს დამრტყმელი დრონების პირველი მსხვილი პარტია გადასცა უკრაინაში გამოსაყენებლად.

გამოცემის თანახმად, რუსეთის სატვირთო თვითმფრინავებმა ჯერ კიდევ 19 აგვისტოს წაიღეს ირანიდან Mohajer-6 და Shahed სერიის ორი ტიპის ლეტალური უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებსაც რადარებზე, არტილერიასა და სხვა სამხედრო სამიზნეებზე დასარტყმელად საბრძოლო მასალების გადატანა შეუძლიათ.

რუსმა მეთაურებმა უნდა აირჩიონ: უკრაინისგან თავი დაიცვან თუ მიეხმარონ შეტევას – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მძიმე ბრძოლები გრძელდებოდა უკრაინის სამ ფრონტზე: ჩრდილოეთით – ხარკოვთან, აღმოსავლეთით – დონბასში და სამხრეთით – ხერსონის ოლქში.

„რუსეთის მთავარი ძალისხმევა, სავარაუდოდ, კვლავაც მიმართულია დონბასისკნე, ბახმუტის შეტევებზე, თუმცა მეთაურები არჩევანის წინაში არიან – მიახმარონ ოპერაციული ძალები ამ შეტევებს თუ დაიცვან თავი უკრაინელთა კონტრშეტევისგან სამხრეთში,“ – წერს უწყება 7 სექტემბრის რელიზში.

დაზვერვის ინფორმაციით, 500-კილომეტრიან ზოლზე რუსეთისთვის ერთდროულად რამდენიმე საფრთხე გაჩნდა – უწყების შეფასებით, ერთგვარი გამოცდაა რუსეთისთვის, რამდენად შესწევს მის სარდლობას უნარი, მოახერხოს ოპერატიული გეგმების კოორდინირება და რესურსების ძალთა რამდენიმე დაჯგუფებას შორის გადანაწილება.

„ომის დასაწყისში, რუსეთს ეს უნარი არ აღმოაჩნდა, რაც მისი სამხედრო წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზია“, – ასკვნის უწყება.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზის ყურადღების ცენტრში რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატების თემა იყო. უწყება აღნიშნავდა, რომ რუსეთი ყველა გზით ცდილობს, თავისი უპილოტო საფრენი აპარატების მარაგი შეინარჩუნოს. დრონების ნაკლებობას, უწყების აზრით, ხელს უწყობს მისი კომპონენტების დეფიციტიც, რაც დასავლური სანქციებითაა გამოწვეული.

უკრაინაში კომპენსაცია გაუორმაგეს მათ, ვინც დევნილები უფასოდ შეიფარა

უკრაინაში კომპენსაციის თანხა გაიზრდება მათთვის, ვინც იძულებით გადაადგილებული პირები საკუთარ სახლებში ნებაყოფლობით, უფასოდ შეიფარა.

ცვლილება პირველი ოქტომბრიდან შევა ძალაში.

ბინების მეპატრონეები, რომლებმაც უსასყიდლოდ შეიფარეს ომის გამო იძულებით გადაადგილებული პირები, სახელმწიფოსგან, თვეში, ერთ ადამიანზე, 450 გრივნის ნაცვლად 950 გრივნას მიიღებენ.

როგორც რეინტეგრაციისა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების სამინისტრომ განაცხადა, თანხის გაზრდა უკრაინის წითელი ჯვრის საზოგადოებასთან შეთანხმებით მოხერხდა.

„6 სექტემბერს მთავრობამ უკრაინის წითელი ჯვრის საზოგადოებასთან განახლებულ მემორანდუმი გააფორმა. ეს შეთანხმება საშუალებას გვაძლევს, დავაფინანსოთ ფულადი კომპენსაციები იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც იძულებით გადაადგილებულ პირებს თავშესაფარი მისცეს,“ – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო კომპენსაციას მათთვის, ვინც დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ან საბრძოლო მოქმედებების ზონებიდან დევნილ მოქალაქეებს საცხოვრებლით უფასოდ ეხმარება.

ჩვენ უკრაინაში არაფერი დაგვიკარგავს და არც დავკარგავთ – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში შეჭრას „მოწინააღმდეგის ქმედებებზე სარკისებრი რეაქცია“ უწოდა და განაცხადა, რომ უკრაინაში ომის შედეგად რუსეთს არაფერი დაუკარგავს, დასავლური სამყაროსგან პოლარიზება კი, პირიქით, რუსეთისთვის სასიკეთოცაა.

„ვფიქრობ, ჩვენ არაფერი დაგვიკარგავს და არც არაფერს დავკარგავთ. მთავარი, რაც მოვიპოვეთ – ჩვენი სუვერენიტეტის გაძლიერებაა და ეს გარდაუვალი შედეგია იმისა, რაც დღეს ხდება. კი არის გარკვეული პოლარიზაცია, როგორც მსოფლიოში, ისე ქვეყნის შიგნითაც, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს სასიკეთოცაა, რადგან ყველაფერი, რაც ზედმეტი და ცუდია ჩამოგვშორდება და უფრო სწრაფი ტემპით განვვითარდებით,“ – განაცხადა პუტინმა აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმი პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.

მისი თქმით, რუსეთს ომი არ დაუწყია, ის მის დასრულებას ცდილობს. პუტინმა 2014 წლის დონბასის ომიც გაიხსენა და დასძინა, რომ მაშინ რუსეთმა განზრახულად დაიწყო საბრძოლო მოქმედებები, რათა იქაური ხალხი დაეცვა, მათი გენოციდი დაესრულებინა და ეს „მოწინააღმდეგის ქმედებებზე სარკისებრი რეაქცია“ იყო.

უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, რუსეთის დანაკარგი უკრაინასთან ომში 50 610 ჯარისკაცი და ათასობით ერთეული სამხედრო ტექნიკაა.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 სექტემბრის 21 საათიდან 8 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით ზოგან დროგამოშვებით წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი 
  • ღამით: 20 – 25 გრადუსი 

მაღალ მთაში:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, 9-10 სექტემბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია.

______________

ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 7 სექტემბრის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 7 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 50 610 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +460]
  • ტანკი – 2 097 ერთეული [+20]
  • ჯავშანტექნიკა – 4 520 ერთეული [+36]
  • საარტილერიო სისტემა – 1 194 ერთეული [+15]
  • MLRS – 300 ერთეული [+4]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 156 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 237 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 208 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 880 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 214 ერთეული [+5]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 320 ერთეული [+15]
  • სპეცტექნიკა – 109 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 7 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 292 თვითმფრინავი
  • 152 ვერტმფრენი
  • 1 897 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 373 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 855 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 825 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 369 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 5 360 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]რუსები ხარკოვში უკრაინული წინსვლის შესაჩერებლად ხიდებს აფეთქებენ – ISW[/yellow_box]

ამავე თემაზე:

რუსეთი საზარბაზნე ხორცად გვიყენებს – 500-მდე ბურიატმა უკრაინაში ბრძოლაზე უარი თქვა

რატომ ხმება თხილი და როგორ გადავარჩინოთ ნარგავები

ქართველ მეთხილეებს, ნაკლები მოსავლის, არასახარბიელო ხარისხისა თუ სარეალიზაციო ფასის გარდა, კიდევ ერთი პრობლემა აწუხებთ – თხილის ბუჩქები ხმება. თხილის ხმობა განსაკუთრებით აჭარასა და გურიაში შეინიშნება.

გამხმარი თხილის ბუჩქი / ქობულეთი

„ბათუმელები“ რამდენიმე ფერმერს დაუკავშირდა, რომლებმაც გვითხრეს, რომ ხმობის პროცესი წელს, ზაფხულში შეამჩნიეს. ზოგიერთის თხილის ბაღში თითო-ოროლა ბუჩქი გახმა, ზოგის ბაღში კი – ბუჩქების 10 პროცენტი.

„ზოგიერთს იმდენი ძირი თხილი გაუხმა, საერთოდ გაჩეხა ბაღი. ასეთი რამ არასდროს შეგვიმჩნევია. არ მახსოვს ადრე თხილი გამხმარიყო. ახლა კი, არა თუ კულტურული ჯიშები, არამედ ტყის თხილს რომ ვეძახით, ისიც ხმება. რაღაც დაავადებაა ალბათ. ასე თუ უნდა გაგრძელდეს, ალბათ, მეც გავჩეხავ და წაბლს გავაშენებ, უფრო მომგებიანია“, – გვითხრა ერთ-ერთმა ფერმერმა ქობულეთიდან.

გამხმარი თხილის ბუჩქები / ქობულეთი

ქობულეთის სოფლებში [წყავროკა, ქაქუთი, კვირიკე] თხილის ხმობის პროცესმა ისეთი სახე მიიღო, რომ საჭირო გახდა თხილის ნიმუშების აღება და ლაბორატორიული შემოწმება.

ლაბორატორიის დასკვნა უკვე ცნობილია

თხილის ღეროების და ფოთლების ნიმუშები სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ფერმერები მიმართვის შემდეგ აიღო და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გადააგზავნა.

„მიკროლოგიური გამოცდისას [თხილის ნიმუშებში] გამოვლინდა კიბოს გამომწვევი Neofusicoccum sp. ფომოფსისი გამომწვევი  Phomopsis sp. და პათოგენური სოკო Cytospora sp.“ – აღნიშნულია ლაბორატორიის დასკვნაში.

სურსათის ეროვნული სააგენტოს [სეს] ინფორმაციით:

„თხილის კულტურაში სოკოვანი ინფექცია უმეტეს შემთხვევაში ნიადაგიდან ხდება. ჩვენს შემთხვევაში, სავარაუდოდ ადგილი აქვს თხილის ვერტიცილიოზურ ჭკნობას, რომელიც გამოწვეულია პათოგენური სოკოებით. უფრო კონკრეტულად, სოკოს მიცელიუმის მცენარის გამტარ ჭურჭლებში გავრცელებით. სოკოს მიერ გამოყოფილი ტოქსიკური ნივთიერება მცენარეებში ვრცელდება ქვევიდან ზევით, ირღვევა ნივთიერებათა ცვლის პროცესი, რის შედეგადაც მცენარე დროის მონაკვეთში ჭკნება და ხმება“.

რა უნდა გაკეთდეს თუ თხილის ბუჩქი გახმა

სეს-ის ინფორმაციით, „თხილის გამხმარი ბუჩქები უნდა ამოიძირკვოს; ჩამოცვენილი ფოთლები და ღეროები შეგროვდეს, გატანილი იქნას ნაკვეთიდან და დაიწვას. შესაძლებელია ნარჩენებისაგან გასუფთავებული ორმო დამუშავდეს ფორმალინის დაბალპროცენტიანი წყალხსნარით. ამასთან დაცული უნდა იქნას სანიტარულ-ჰიგიენური პირობები.“

დაავადებული თხილის ბუჩქი, ჭკნობის პროცესში / გურია

სააგენტოს რეკომენდაციით, „სასურველია გამოხშირული თხილის ბუჩქები დამუშავდეს ადრე გაზაფხულზე 3%-იანი რკინის შაბიამანით [იგივე რკინის ძაღა]. თხილის ძირები შემოიბაროს, გაფხვიერდეს, რითაც გაუმჯობესდება ჰაერის ცირკულაცია ნიადაგში, რათა სოკოვანი დაავადებები არ გავრცელდეს. ასევე, ჩატარდეს პროფილაქტიკისთვის ქიმიური ღონისძიებები თხილის ნარგაობაზე ფენოკალენდარული სქემის მიხედვით.

„თხილი იმიტომ იყო მომგებიანი, რომ ნაკლები შრომა და ხარჯი სჭირდებოდა. თვითღირებულებაც ნაკლები იყო და ამიტომ მეტ მოგებას ტოვებდა. ახლა იმ აგროწესებს [შებარვა, შეწამლვა და ა.შ.] იმ გრაფიკით, რა რეკომენდაციაც გვაქვს, ზუსტად ვერცერთი ფერმერი ვერ დაიცავს. ჯერ ერთი, დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და შხამქიმიკატებზეც არანაირი გარანტია არ არის შედეგიანი იქნება თუ არა.

დიდ ხარჯებთან რომ იყო დაკავშირებული, მაგიტომ გაქრა ფაქტობრივად მემანდარინეობა, როგორც წამყვანი კულტურა, აჭარაში. იგივე დაემართება თხილს, მით უმეტეს, თუ ამ დაავადებას არ ეშველა, რომელიც ახლა ვრცელდება“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ერთ-ერთი ფერმერი.

თხილის მავნებელ-დაავადებების შესახებ ინფორმაცია და სეს-ის რეკომენდაციები შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე

გამხმარი თხილის ბუჩქი / ქობულეთი

სეს-ის რეკომენდაცია ფერმერებს, ვინც თხილის ბაღის გაშენებას გეგმავს:

[checklist]

  • „თხილის პლანტაციის გაშენებისას წინასწარ უნდა იყოს შერჩეული ისეთი ნაკვეთები, რომლებიც აკმაყოფილებს თხილის კულტურის მიერ აგროწესებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
  • აპრობირებული სადედე ბუჩქები, ხასიათდებოდეს მაღალი მოსავლიანობით, ერთდროული ყვავილობა, გამძლეობა სოკოვანი დაავადებების და მავნებლების მიმართ.
  • სასურველია თხილის გაშენებისას ნიადაგის ხარისხობრივი და მიკოლოგიურ მაჩვენებლები ლაბორატორიულად გამოიკვლიონ.“

[/checklist]

ბოლო წლებში საქართველოში თხილს პრობლემები აზიურმა ფაროსანამ შეუქმნა, რომლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში უშუალოდ სახელმწიფოც ჩაერთო. რაც შეეხება დაავადებას, რომელიც თხილის ბუჩქების ჭკნობას და ხმობას იწვევს – მას ფერმერები ამ ეტაპზე მხოლოდ საკუთარი ძალებით უნდა გაუმკლავდნენ.

თხილს აჭარაში 20-მდე სხვადასხვა დაავადება რომ ჰქონდა, „ბათუმელები“ აქამდეც წერდა.

ამ თემაზე ვრცლად:

სამინისტრო: აჭარაში თხილის 20-მდე დაავადება დაფიქსირდა – როგორ მოვუაროთ თხილს

 

 

ლევან ვარშალომიძეს პარლამენტარის უფლებამოსილება შეუწყდა

დღეს, 6 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ლევან ვარშალომიძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას.

ვარშალომიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა გახდა.

ლევან ვარშალომიძის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ მონაცვლეს ვერ შეიყვანს პარლამენტში, რადგან საარჩევნო სია ენმ-ს ჩახსნილი აქვს.

„ომის დროს ათიათასობით დელფინი დაიღუპა” – უკრაინელი მეცნიერი

უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ცნობით, რუსეთის მიერ დაწყებული ომი უკრაინაში ბუნებასაც აყენებს გამანადგურებელ ზიანს.

რუსული სარაკეტო დარტყმების შედეგად უკრაინაში დაიწვა ეროვნული ბუნებრივი პარკის – „ტუზლივსკი ლიმანის“ დაცული ტერიტორიის 100 ჰექტარი, პარკის თანამშრომლები კი დღემდე პოულობენ მკვდარ დელფინებს შავი ზღვის სანაპიროზე.

„წელს პარკის სანაპიროს მხოლოდ 5 კილომეტრზე, რომელზეც მეცნიერებს წვდომა აქვთ, უკვე ნაპოვნია 35 მკვდარი დელფინი. შედარებისთვის, 2021 წელს ატომური ელექტროსადგურის მთელ 44-კილომეტრიან სანაპიროზე აღმოაჩინეს მხოლოდ 3 მკვდარი დელფინი მთელი წლის განმავლობაში“ – წერს უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.

ეროვნული ბუნებრივი პარკის, ტუზლივსკი ლიმანის წარმომადგენელი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ივან რუსევი განმარტავს, რომ დელფინების სიკვდილი გამოწვეულია სონარული მოწყობილობებით შავი ზღვის გარემოს ძლიერი დატვირთვით.

„ჰიდროლოკატორების (სონარების) გამოყენების გამო იქმნება ძლიერი ხმები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ცხოველების ჯანმრთელობაზე. დელფინები ხვდებიან გემების სანავიგაციო მოწყობილობების დასხივების ზონაში, რასაც გამოჰყავს მწყობრიდან მათი ნავიგაციისა და ექოლოკაციის ორგანოები, ისინი იღებენ ძლიერ აკუსტიკური დაზიანებას” – წერს მეცნიერი.

დელფინები სანაპიროზე

უკრაინელი მეცნიერები წერენ, რომ დელფინები სავარაუდოდ ივლისის მესამე დეკადაში დაიღუპნენ, სწორედ მაშინ, როცა რუსეთის არმიის შავი ზღვის ფლოტის ხომალდების ჯგუფი კიდევ ერთი წყალქვეშა ნავით – საკრუიზო რაკეტების მატარებლით გაძლიერდა.

„ზღვა მკვდარი ცხოველების მხოლოდ 5 პროცენტს რიყავს ნაპირზე. დარჩენილი 95% უბრალოდ მიდის ზღვის ფსკერზე და ჩვენ მათ ვერ აღრიცხავთ. ნაპირიდან მათი გამოვლენა და დათვლა არ არის შესაძლებელი, ამიტომ ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსი ბარბაროსების ომის დროს უკვე ათი ათასობით დელფინი დაიღუპა“ – ამბობს ივან რუსევი.

უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის რუსლან სტრილეტსის განცხადებით, რუსეთის ჯარების მიერ, უკრაინის გარემოსთვის მთლიანად მიყენებული ზიანის სავარაუდო ოდენობა 962 მილიარდ გრივნაზე მეტია.

როცა სახელმწიფო ქონებას ყიდულობ და თანხას რამდენიმე წელი არ/ვერ იხდი

როცა აჭარის მთავრობა აცხადებს, რომ კონკრეტული ქონება რამდენიმე მილიონად გაყიდა, არ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს მილიონები ბიუჯეტში იმავე წლის ბოლოს ან მომავალი წლის ბიუჯეტში მაინც აისახება. ზოგჯერ საპრივატიზებო თანხის გადახდის  ვალდებულებას 4 წლიანი ვადაც კი აქვს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ამ დროისთვის, სახელმწიფოს ვალი 39 ინვესტორს აქვს. მათ შორის არიან კომპანიები, რომლებიც ვალდებულებას მშენებლობის ნაწილში ასრულებენ, თუმცა საპრივატიზებო საფასური არ გადაუხდიათ. ისეთებიც, რომლებსაც საპრივატიზებო საფასურის გადახდის 2-3 წლიანი გრაფიკი სახელმწიფომ გაუწერა. ზოგჯერ საქმე ასეულობით ათას ლარს, ზოგჯერ კი მილიონებს ეხება.

489 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი კურორტ გოდერძიზე შპს „ციტრონ გრუპმა“ სახელმწიფოსგან 2020 წელს 96 500 ლარად იყიდა.  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან დადებული შეთანხმების მიხედვით, ეს თანხა 2021 წლის 1 დეკემბრამდე  უნდა გადაეხადა. თუმცა დღემდე ერთი თეთრიც არ გადაუხდია.

კომპანია კურორტზე ექვსსართულიან აპარტოტელს აშენებს და გაყიდვებიც დაწყებული აქვს.

სახელმწიფოს კომპანიისთვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება მხოლოდ 10 000 ლარად აქვს დაზღვეული.

გარდა ამისა, კომპანიას შეუსრულებელი ვალდებულების გამო პირგასამტეხლოს სახით 19 257 ლარი დაერიცხა. ამ თანხის გადახდა მოუწევს, თუ მომავალში „ინვესტორის ხელშეწყობის“ მოტივით მთავრობა აპატიებს, ეს მომავალში გამოჩნდება.

კომპანია სასტუმრო აპარტამენტებს აშენებს ასევე ბათუმში გრიგოლ ელიავას ქუჩაზე, ზღვასთან ახლოს. მშენებლობის ნებართვა კომპანიამ 2022 წლის ივლისში მიიღო. კომპანიის ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციით, გაყიდვები აქაც დაწყებულია.

ელიავას ქუჩაზე კომპანია ორ მიწის ნაკვეთს, ჯამში 2515 კვ.მეტრს ფლობს, ორივე ნაკვეთი „თიბისი ბანკში“ იპოთეკით აქვს დატვირთული. „ციტრონ გრუპი“ სასტუმრო აპარტამენტებს აშენებს ასევე ჩაქვში, ზღვასთან ახლოს. აქ კომპანია 1461 კვ.მეტრს ფლობს  და ეს ნაკვეთიც იპოთეკით აქვს დატვირთული, გაყიდვები აქაც დაწყებულია.

892 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი და შენობა ქობულეთში, ზღვასთან ახლოს შპს „ოლიმპი ჯგუფმა“ 2020 წელს იყიდა, კომპანიას საპრივატიზებო საფასურის სახით 840 000 ლარი 2020 წლის ივლისამდე, ეტაპობრივად 25/25% უნდა გადაეხადა. თანხა ბიუჯეტში ამ დრომდე არ შესულა. კომპანიას 2020 წლიდან დღემდე შეუსრულებელი ვალდებულებისთვის პირგასამტეხლოს სახით 99 060 ლარი დაერიცხა.

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დასაზღვევად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ამ შემთხვევაშიც 10 000 ლარიანი საგარანტიო დოკუმენტი აქვს მოთხოვნილი.

გარდა საპრივატიზებო საფასურის გადახდისა, კომპანიას გადაცემული შენობის გარემონტება-რეკონსტრუქცია და საზოგადოებრივი ობიექტის ამოქმედება ევალებოდა, ამ ყველაფრისთვის კი 500 000 ლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება ჰქონდა აღებული. შეუსრულებელი ვალდებულების პარალელურად კომპანიამ სხვა ნაკვეთზე, ქობულეთის სანაპიროზე, ზღვასთან ახლოს მრავალბინიანი კორპუსის აშენება მოახერხა.

სამინისტრო განმარტავს, რომ საპრივატიზებო თანხის გადაუხდელობის გამო გარანტია გამოითხოვა.

აჭარის მთავრობის მიერ პომპეზურად დაანონსებული ინვესტიცია ქობულეთში რომ არ სრულდება, ამაზე ცოტა ხნის წინაც წერდა „ბათუმელები“. ახლა კი სამინისტროდან გამოთხოვილი დოკუმენტებით გაირკვა ისიც, რომ კომპანიას, რომელმაც სახელმწიფოს ქონება 2019 წლის მარტში იყიდა, საპრივატიზებო საფასურის მხოლოდ ნაწილი აქვს გადახდილი. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ეს ვალდებულება 2019 წლიდან 2023 წლამდე გაუწერა, მთავარი საინვესტიციო პირობის – გოლფის მოედნის მოწყობის ვალდებულება კი 2031 წლამდე.

შპს „ეკოსთორიჯ 1“ – მა ადლიის დასახლებაში, სამრეწველო ზონაში 1313 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი 149 000 ლარად შეისყიდა. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად კომპანიას საფასურის მხოლოდ ნაწილი აქვს გადახდილი, საბოლოო დაფარვის ვადად კი 2022 წლის 19 სექტემბერი მიუთითეს. კომპანიამ სამრეწველო მასალების საწარმოს გახსნისა და ამისთვის 200 000 ლარის ინვესტიციის ვალდებულება აიღო – ვალდებულების შესრულების საბოლოო ვადად კი 2025 წელი განუსაზღვრეს.

შპს „ამბასადორი ბათუმმა“ ჭოროხის ქუჩის მიმდებარედ ორი ნაკვეთი, ერთ ჰექტარზე მეტი [ 13 642 კვ.მ] მიწა შეისყიდა 1 მილიონ 650 000 ლარად. 2021 წელს კომპანიამ ამ თანხის ნაწილი გადაიხადა, საბოლოო საფასური კი 2022 წლის დეკემბერში უნდა დაფაროს.

2021 წელს სამრეწველო ზონაში სახელმწიფოსგან ერთ ჰექტარზე მეტი 1 მილიონ 500 000 ლარად შეისყიდა შპს „RASEBETONI“-მა კომპანიას საფასური 2023 წლის 1 სექტემბრამდე გაუნაწილეს.

„ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის პირგასამტეხლოსგან გათავისუფლებისა და ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი ვადის მიცემის წესის განსაზღვრის თაობაზე“ დადგენილებაში ცვლილებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ 2022 წლის 28 ივლისს მოაწერა ხელი.

ცვლილების მიხედვით, ინვესტორებს, რომლებიც 2022 წლის 31 დეკემბრამდე მიმართავენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, პრივატიზებულ, სარგებლობაში ან მართვის უფლებით გადაცემულ ქონებაზე ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარიცხული [დასარიცხი] პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების მოთხოვნით და უზრუნველყოფენ საბანკო გარანტიის ვადის გაგრძელებას, მთავრობა მისცემს დამატებით ვადას და გაათავისუფლებს პირგასამტეხლოსგან.

კიდევ 30 თვე ვალდებულების შესასრულებლად – შეღავათები ინვესტორებს

 

„ქალი კაცის პრიზს ვერ აიღებს“ – მერიის თასი და დისკრიმინაცია ჭადრაკში

„ქალი კაცთა პრიზს  ვერ აიღებს“ – მოჭადრაკე თამარ ესაძემ ფეისბუქზე დაწერა, რომ ასე უთხრეს საჭადრაკო ფესტივალზე, „ბათუმის მერიის თასზე“. მან ღია ჩემპიონატზე მეორე ადგილი მოიპოვა, თუმცა ქალებისთვის გათვალისწინებული საპრიზო თანხა შესთავაზეს, გაცილებით ნაკლები, რასაც მისი პროტესტი მოჰყვა.

„მთლიანი ოფენ ტურნირის მეორე ადგილი დავიკავე  (სადაც პრიზი იყო 1300 ლარი) და დამაჯილდოვეს, როგორც ქალთა 1 ადგილზე გასული (პრიზი 900 ლარი). ოფიციალური დებულების მიხედვით (რომელიც კვლავ უცვლელად უდევთ ოფიციალურ საიტზე) მეკუთვნოდა, რომ დავჯილდოვებულიყავი, როგორც მთლიანი ტურნირის მეორე ადგილოსანი.

როდესაც დავიწყე გასაჩივრება და მივმართე ორგანიზატორს, მითხრეს, რომ მთავარმა მსაჯმა ეს გამოგვიცხადა პირველი ტურის დაწყებამდე, რომ ქალი კაცთა პრიზს ვერ აიღებდა.

გთხოვთ მითხარით რომელიმე ქვეყანაში ხდება ასეთი რამ?…

…ნუთუ ეს ქალთა უფლებების დარღვევა არ არის? რას ნიშნავს ქალს არ შეუძლია მამაკაცთა პრიზის აღება?“ – დაწერა თამარ ესაძემ ფეისბუქზე [სტილი დაცულია].

მოჭადრაკის პოსტი ათობით ადამიანმა გააზიარა, თუმცა მოგვიანებით მან ეს ტექსტი წაშალა და ფეისბუქზე დაწერა, რომ  პრეტენზიები აღარ აქვს, რადგან „იყო ხარვეზი, რომელიც ორგანიზატორებმა აღმოფხვრეს“.

რა მოხდა ბათუმის მერიის თასის ღია ჩემპიონატის დაჯილდოებაზე? „ბათუმელები“ თამარ ესაძესთან გასაუბრებას შეეცადა, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს და შეტყობინებას არ უპასუხა.

თამარ ესაძე გამონაკლისი არ არის. ბათუმში გამართულ საჭადრაკო ფესტივალზე ქალების და კაცების საპრიზო ფონდი რომ განსხვავდებოდა, ამას ადასტურებს დებულებაც.

ასე გამოიყურება საპრიზო ფონდი. ამონარიდი დებულებიდან.

„ბათუმელები“ ღია ჩემპიონატის ერთ-ერთ ორგანიზატორს, საჭადრაკო კლუბი „ნონას“ ხელმძღვანელს, გია ჭანტურიას ესაუბრა. იგი ამბობს, რომ რომ საპრიზო თანხის გაცემას „გაუგებრობები მოჰყვა“, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს.

„ამ ბავშვმა [საუბარია თამარ ესაძეზე] მამაკაცების პრიზი მოიპოვა, თუმცა იმ მომენტში შესწორება არაფრით არ შეიძლებოდა და მერე გასწორდა ეს ხარვეზი, 2 დღეში“- გვითხრა მან, თუმცა ვერ დაგვიზუსტა, რა ტიპის ხარვეზზე იყო საუბარი.

დეტალებზე არც ტურნირის მთავარი მსაჯი, მარიკა ჯაფარიძე საუბრობს. გია ჭანტურიას მსგავსად, ისიც აღნიშნავს, რომ „ხარვეზი იყო და მალევე გამოსწორდა“.

ჰქონდა თუ არა ადგილი გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას? – კითხვას მარიკა ჯაფარიძე ასე პასუხობს:

„ღია ტურნირს რასაც ეძახიან და რაც გაიმართა ახლა ბათუმში, ასეთ ტურნირებში კაცებსა და ქალებსაც აქვთ თანაბრად მონაწილეობის უფლება. თუმცა თუ ქალი ვერ აიღებს მთავარ პრიზს, მას შეუძლია აიღოს ქალებისთვის დაწესებული პრიზი.

ქალებს შეუძლიათ მოიპოვონ კაცების პრიზი, დაამტკიცონ, რომ შეუძლიათ მამაკაცთა ჩემპიონატის მოგება და აიღონ იგივე თანხა, რაც კაცებისთვის არის დაწესებული. მაგრამ თუ ამას ვერ მოიპოვებენ, მათ აქვთ დამატებითი პრიზები“ – ამბობს მარიკა ჯაფარიძე.

საჭადრაკო კლუბ „ნონას“ ხელმძღვანელი გია ჭანტურია ამბობს, რომ საქართველოში ქალები ბევრად უფრო ძლიერნი არიან ჭადრაკში, მაგრამ მსოფლიო რეიტინგში მაინც კაცები ლიდერობენ და მსოფლიო პრაქტიკაც ასეთია პრიზების გადანაწილების დროს.

„მე მსოფლიოს ვერ გამოვასწორებ და ვერც ფიდეს. მათი გადაწყვეტილებით ხდება ასე“ –  გვითხრა მან, თუმცა იგი მიიჩნევს, რომ ჭადრაკში ქალისა და კაცის საპრიზო თანხები უნდა გათანაბრდეს:

„მე, პირადად, მიმაჩნია, რომ კაცების და ქალების საპრიზო თანხები უნდა გათანაბრდეს და  მომავალში ვაპირებ კიდეც, რომ მივმართო ყველა შესაბამის უწყებას, მათ შორის მერიასაც, რომ დებულებებში შევიდეს ცვლილება და თუ მთლად არ გათანაბრდება, მივუახლოოთ მაინც ერთმანეთს ქალების და კაცების პრიზი, თუ ამისი ნება და ფინანსური მხარდაჭერა იქნება“.

„ბათუმელები“ ესაუბრა მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილს, საერთაშორისო დიდოსტატს მამაკაცთა შორის, საქართველოს ოთხგზის ჩემპიონს ჭადრაკში ქალთა შორის, რომელიც არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია. იგი მიიჩნევს, რომ ჭადრაკში ქალებისა და კაცების არათანაბარი ანაზღაურება შრომითი დისკრიმინაციის ნაწილია.

„ეს არის დისკრიმინაციული, რადგან ტიტული ერთია, შრომა თანაბარია, მაგრამ ანაზღაურება – არა. ადრე უფრო დიდი განსხვავება იყო საპრიზო თანხებს შორის, ნელ-ნელა აიწია თანხამ, თუმცა მაინც არ არის გათანაბრებული.

სპონსორებიც უფრო მეტი ჰყავთ კაცებს ჭადრაკში, ვიდრე ქალებს და ეს იწვევს უთანასწორობას. მთელი სისტემაა ასეთი. ვიბრძვით, მაგრამ ჯერ-ჯერობით არაფერი არ გამოდის.

ბათუმის ტურნირზე, მიუხედავად იმისა, რომ იყო ღია, სადაც ყველას შეეძლო მონაწილეობა და მთავარი პრიზის აღება, აქაც კი შექმნეს პრობლემა. შემდეგ, როცა ხმაური ატყდა ამაზე, თქვეს, რომ იყო ხარვეზი.

ზოგადად, ჭადრაკში ქალებსა და კაცებს შორის ანაზღაურებაში არის უთანასწორობა და დღეს ქალები ვიბრძვით, რომ ეს უთანასწორობა აღმოიფხვრას“ – ამბობს ნინო ბაციაშვილი.

მას Chess World Cup 2021-ი მაგალითიც მოჰყავს, სადაც საპრიზო თანხა კაცებში იყო 110 ათასი დოლარი, ქალებში კი – 50 ათასი დოლარი.

„მსოფლიო ჩემპიონატებზე არის შემთხვევა, როცა კაცების საპრიზო ფონდი ორი მილიონი დოლარია, ქალებში კი შეიძლება ნახევარი მილიონი ან უფრო ნაკლები იყოს. კოლოსალური განსხვავებაა, არა?!“ – ამბობს ის.

ნინო ბაციაშვილი ამჟამად პოლონეთში იმყოფება, სადაც პოლონეთის უმაღლესი ლიგა ტარდება საკლუბო ჩემპიონატში.

„ყოველთვის არის საუბარი იმაზე, რომ ქალებისთვის საპრიზო თანხები გაზარდონ, თუმცა ფიდე არ ათანაბრებს. მაგალითად, საქართველოს ჩემპიონატში ქალების და კაცების საპრიზო თანხები გათანაბრებულია, „ნონას თასი“ ტარდება ასევე, სადაც მეტ-ნაკლებად გათანაბრებულია კაცის და ქალის საპრიზო თანხა, თუმცა გლობალურად, მაინც დიდი სხვაობაა ქალების და კაცების საპრიზო თანხებში.

თითქოს შენ არ შრომობ და არ იმსახურებ“ – ამბობს მოჭადრაკე.

შეიძლება თუ არა ჩაითვალოს გენდერულ დისკრიმინაციად, როცა ქალი და კაცი მოჭადრაკეების საპრიზო თანხა განსხვავდება? – ვკითხეთ „ქალები ევროპული მომავლისთვის“ ხელმძღვანელს, გენდერის სპეციალისტ იდა ბახტურიძეს.

მისი თქმით, არა მარტო საქართველოში, საერთაშორისო დონეზეც, სპორტშიც, ისევე, როგორც სხვა სფეროებში, დრამატული განსხვავებაა ქალი სპორტსმენებისთვის დახარჯულ რესურსებსა და კაცებისთვის დახარჯულ რესურსებს შორის და ამაზე თავად სპორტსმენებიც საუბრობენ.

„გენდერული სტერეოტიპებით არის განპირობებული ის, რომ ერთსა და იმავე შრომაში ქალსა და კაცს უხდიან განსხვავებულად და განსხვავებულად აფასებენ ქალის შრომას, მაგრამ ძალიან უცნაურია ჩემთვის, როცა ეს ეხება საპრიზო ფონდსაც. ეს შემთხვევა, რაზეც თქვენ საუბრობთ, თუკი მართლაც ასეა, კიდევ უფრო სხვა ხარისხში აჩვენებს გენდერულ დისკრიმინაციას.

დებულებების, კანონმდებლობის დონეზეა ეს საკითხი შესასწავლი, რადგან არის შემთხვევები, როცა კანონმდებლობა გენდერულად ნეიტრალურია, მაგრამ პრაქტიკაში შეიძლება სხვანაირად ხდებოდეს.

თუ საპრიზო ჯილდოს რაოდენობაც დებულებების დონეზეა განსხვავებული, მაშინ ჩემი აზრით, ეს არის დისკრიმინაცია და ადამიანის უფლებათა დამცველებს შეგვიძლია ეს დებულებები გავასაჩივროთ, რომ შეიცვალოს ასეთი დისკრიმინაციული ჩანაწერები“ – ამბობს იდა ბახტურიძე.

სტუდენტები მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის მაინორად არჩევას ისევ შეძლებენ

ბსუ-ს ჰუმანიტარული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტების დიდი ნაწილი იმედგაცრუებულია.

შარშან სტუდენტებმა, რომლებიც დამატებით სპეციალობაზე,  ე.წ. „მაინორზე“ მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის არჩევას გეგმავდნენ, ეს ვერ შეძლეს, რადგან პროგრამა შეჩერებული იყო, შედეგად, მათ ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ უნდა გაიარონ მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი პროგრამა.

ბსუ-ს ქართული ფილოლოგიის მეოთხე კურსის სტუდენტები ანა ბაღუშვილი და ანა შენგელია „ბათუმელებთან“ საუბრისას ამბობენ, რომ შარშან, მას შემდეგ რაც მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის შეჩერების შესახებ გაიგეს, იძულებული გახდნენ არჩევანი შეეცვალათ და დამატებით სპეციალობაზე მათთვის საინტერესო სხვა მიმართულება აერჩიათ, თუმცა არც ამჯერად გაუმართლათ.

„ვერ ვირჩევდით მასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამას, ამიტომ გადავწყვიტე ამერჩია თავისუფალი კრედიტები, მაგრამ ჯგუფები ვერ შედგა. შემდეგ ვაპირებდი მაინორზე ფილოსოფიის არჩევას, თუმცა დამირეკეს და მითხრეს, რომ ჯგუფი არ შედგებოდა, რადგან არ ვიყავით საკმარისი რაოდენობის მსურველები. შემდეგ, მეთქი-კარგი, ავირჩევ ისტორიას. ისტორიაზეც იგივე მითხრეს და დამსვეს ფსიქოლოგიაზე, იმიტომ, რომ მითხრეს, ერთადერთი ჯგუფი ფსიქოლოგიაზე შედგებოდა“ – ამბობს ანა ბაღუშვილი.

ანა მაინორზე დღემდე ფსიქოლოგიას სწავლობს. მისი თქმით, ერჩივნა ბაკალავრიატის დროს გაევლო მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამა, რადგან პირდაპირ მაგისტრატურაზე ჩაბარებას აპირებდა.

„ბუნებრივია, არ არის სასიამოვნო, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს და გვიწევს წლის დამატება, რადგან ამ პროგრამის გავლის გარეშე სკოლებში ვერ მოვხვდებით, როგორც მასწავლებლები“, – გვითხრა მან.

ანა შენგელიაც ბსუ-ში სწავლობს ქართულ ფილოლოგიას. ის უკვე მეოთხეკურსელია. ანას პირველივე კურსზე ჰქონდა გადაწყვეტილი მაინორზე მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამა გაევლო, თუმცა ეს ვერ შეძლო.

„მაშინ განგვიცხადეს, რომ აღარ იყო [მაინორზე მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის არჩევის] საშუალება და უნდა ამერჩია რაიმე სხვა. გვითხრეს, რომ ეს იყო სამინისტროს გადაწყვეტილება და არა უნივერსიტეტის.

რადგან სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო, სტუდენტებს გვეგონა, რომ ეს არ იყო ერთჯერადად და უპასუხისმგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება“, – ამბობს ანა.

ამის შემდეგ ანამ რამდენიმე საგნის არჩევა გადაწყვიტა თავისუფალ კრედიტებში, თუმცა ეს ვერ შეძლო. იგი ახლა მაინორზე ინგლისურ ფილოლოგიას სწავლობს.

„თავისუფალ კრედიტებს ვერ აირჩევ, იმიტომ, რომ [საგნებზე] ჯგუფები არ შედგაო და შემაცვლევინეს. ის, რომ [თავისუფალი კრედიტებიდან] მაინორზე გადავედი, ჩემი სურვილი არ ყოფილა.

ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა. ვერ შევცვლი მაინორს, რაც ავირჩიე, ის უნდა გავაგრძელო და ვრჩები მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამის გავლის გარეშე.

გამოდის, რომ მემატება მეხუთე წელი, რაც ჩემთვის დროის, ფულის, ენერგიის ფლანგვაა.

როგორც სტუდენტი, ვგრძნობ, რომ დავიჩაგრე“, – ამბობს ანა შენგელია.

ამ თემაზე „ბათუმელები“ ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანს, ლელა თურმანიძეს ესაუბრა. მან გვითხრა, რომ ბსუ ამ შემთხვევაში ვერ გადაწყვეტდა ამ საკითხს, რადგან ცვლილება მოხდა კანონში უმაღლესი განათლების შესახებ:

„მასწავლებლის მომზადების პროგრამის ინტეგრირება დასაშვები იყო ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაში. შემდეგ შეიცვალა კანონი და ეს ჩანაწერი ამოღებულ იქნა. შესაბამისად, ჩვენ არ გვქონდა უფლება, რომ პროგრამა შეგვეთავაზებინა სტუდენტებისთვის“ – გვითხრა ლელა თურმანიძემ.

მისი განმარტებით, ახლა, როცა კანონი ისევ შეიცვალა, ბაკალავრიატში სწავლის პარალელურად სტუდენტს შეუძლია მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის გავლა, ოღონდ არა მეოთხეკურსელებს:

„მიმდინარე წელს მესამე კურსელები აირჩევენ მასწავლებლის მომზადების პროგრამას მაინორზე, მეოთხეკურსელები – ვეღარ, იმიტომ, რომ პროგრამაში, სამწუხაროდ, ადგილი არ რჩება“, – გვითხრა ლელა თურმანიძემ.

წელს ბსუ-ს მასწავლებლის მომზადების ერთწლიან პროგრამაზე 120 ადგილი აქვს მოთხოვნილი.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება 2022 წლის 10 მაისს შევიდა. ცვლილების შედეგად, ბაკალავრის საფეხურის სტუდენტს შესაძლებლობა მიეცემა, სწავლის განმავლობაში აირჩიოს და გაიაროს მასწავლებლის მომზადების პროგრამა და სწავლის დამთავრების შემდგომ, თავისი არჩეული პროფესიის ბაკალავრის დიპლომთან ერთად, მასწავლებლად მუშაობის უფლებაც მოიპოვოს.

ბსუ-ს სასწავლო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მერაბ დიასამიძემ გვითხრა, რომ ბსუ-ს მეოთხეკურსელებს ქართული ფილოლოგიის, მათემატიკის, ფიზიკის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, ქიმიის, გერმანული ფილოლოგიის, ფრანგული ფილოლოგიის, ინგლისური ფილოლოგიის და ისტორიის სპეციალობებიდან შეუძლიათ უკვე არჩეული მაინორი გააუქმონ და მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამაზე დარეგისტრირდნენ, თუმცა მათ უარი უნდა თქვან აქამდე გავლილ მაინორის 30 კრედიტზე და ამ შემთხვევაში სტუდენტები ბაკალავრიატის დასრულებას 4 წელიწადში ვეღარ შეძლებენ. 

„საგანმანათლებლო პროგრამები ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში წარმოდგენილია 240 კრედიტით. აქედან 180 კრედიტი ძირითადი საგანმანათლებლო პროგრამაა და 60 კრედიტი მაინორის დამატებითი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის არჩევის საშუალება სტუდენტებს მესამე კურსიდან აქვთ.

როცა სტუდენტი მეოთხე კურსზეა, მას უკვე ათვისებული აქვს [მაინორის] 30 კრედიტი. ახლა მაინორის შეცვლა შესაძლებელია, ოღონდ დამატებით ფინანსებთანაა დაკავშირებული, თუ ისევ მაინორ პროგრამის არჩევა უნდა და არა თავისუფალი კრედიტების, თორემ ის 30 კრედიტი, რაც მესამე კურსის განმავლობაში ისწავლა სტუდენტმა, მას ავტომატურად ეთვლება. 

როცა სტუდენტი ირჩევს მაინორ პროგრამას, მან უნდა გაიაროს 60 კრედიტი. როცა შეიცვალის მაინორ პროგრამას, გავლილ 30 კრედიტზე უარი უნდა თქვას. თუ უარს იტყვის, ეს 30 კრედიტი სადღაც ხომ უნდა ისწავლოს? თუმცა არის დისკომფორტი სტუდენტისთვის, რომ წელი ემატებათ და არის [საჭირო] ფინანსებიც. 

რაოდენობითი თვალსაზრისითაც არის შეზღუდვა, ბუნებრივია. მაგალითად, ახლა მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის მაინორზე 120 ადგილია. ახლა მიმდინარეობს რეგისტრაცია. 1000 სტუდენტს ფიზიკურად ვერ ვასწავლით ამ პროგრამაზე, ადამიანური რესურსი არ გვეყოფა“ – გვითხრა მერაბ დიასამიძემ. 

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ღირებულება 2250 ლარია. 

„მე ქუჩაში გავიზარდე. არ მინდა, ეს ჩემმა შვილებმაც გამოცადონ“ – 2 შვილის მამა დახმარებას ითხოვს

„არ ვიცი, რა ვუპასუხო, როცა ბავშვები რაღაცას მეკითხებიან სკოლის სახელმძღვანელოდან, ჩაგაცივდებიან… ვეუბნები, რომ ჩემს დროს ეს არ ისწავლებოდა… ორივე კარგად სწავლობს, უფროსი უკვე 12 წლისაა, პატარა – 10 წლის. ორივეს ძალიან უყვარს სკოლა… მე მხოლოდ პირველი კლასი ვიარე სკოლაში, მერე ქუჩაში დავრჩი,“ – გვიყვება აკაკი დავითაძე, რომელიც სოციალურად დაუცველია, 6 წლიდან ქუჩაში იზრდებოდა, მუშაობდა და ახლა, როცა თავად დაოჯახდა, ჯანმრთელობის დამძიმებული მდგომარეობის გამო, მუშაობას ვერ ახერხებს და ვერც ქირას იხდის ბათუმში.

აკაკი დავითაძის შესახებ „ბათუმელები“ 2020 წელსაც წერდა: „მოვიფიქრე, თირკმელს გავყიდი -მეთქი – არ მინდა ჩემი შვილებიც ქუჩაში დარჩნენ

ახალგაზრდა ოჯახი დახმარებას ითხოვს საცხოვრებელი ადგილით, „სადაც ახლოს იქნება სკოლა“ – ამას განსაკუთრებული ემოციით ამბობს აკაკი დავითაძე და საუბრის დასასრულსაც იმეორებს იმავეს.

„სოფელში სიამოვნებით ვიცხოვრებდით სადმე. რამდენი მიტოვებული სახლია, იქნებ შეგვეხმიანოს ვინმე, გულისხმიერი, მთავარია, იქ სკოლა იყოს და შევძლებ ოჯახის რჩენას,“ – პაუზის შემდეგ კი, აკაკი დავითაძე ამატებს, 5 თვეა ქირის ფულს ვეღარ ვიხდით და ნაქირავები ბინა გამოგვიკეტეს უკვეო.

„თამარის დასახლებაში გვაქვს ნაქირავები სახლის პირველი სართული, თვეში 400 ლარს ვიხდიდით და ვცხოვრობდით… ჩვენი შემოსავალი მხოლოდ სოციალური შემწეობაა თვეში 440 ლარი. ბავშვობიდან ვოცნებობ სახლზე, ოჯახზე, შვილებთან ერთად ყოფნაზე, მაგრამ…

ახლა ჩემი ცოლი და შვილები ცოლის მშობლების ოჯახში არიან დროებით, წყალტუბოში, სოფელ მაღლაკში. მალე სკოლა დაიწყება, ბათუმში უნდა დაბრუნდნენ, მაგრამ სად? არ მინდა ჩემი შვილებიც ქუჩაში აღმოჩნდნენ ისე, როგორც მე,“ – ამბობს აკაკი დავითაძე.

„აკაკი მუშაობდა წინა წლებში რესტორანში, მაგრამ ვეღარ იმუშავა, ვერ შეძლო, ითიშებოდა, გონებას კარგავს ზოგჯერ… ჯანმრთელობის ბევრი პრობლემა აქვს, ქუჩაში რომ გაატარებს ბავშვი მთელ ზამთარს წლობით, წარმოგიდგენიათ?“ – გვიყვება აკაკი დავითაძის მეუღლე, ნაზიბროლა ჟორჟოლიანი, რომელსაც ტელეფონით ვესაუბრეთ.

„სასადილოთიც ვსარგებლობთ. რაღაც პერიოდი პროდუქტებს გვაძლევდნენ და ეს უფრო გვაწყობდა, ახლა პირდაპირ საჭმელი მოგვაქვს, მაგრამ ათასი რამ გჭირდება ბავშვებთან, აკაკის ჯანმრთელობა მისახედია, 38 წლის კაცია.

მეც არ ვიცოდი მისი ბავშვობის შესახებ, მერე გავიგე, წლების შემდეგ. ძალიან თუ არ გაუჭირდა აკაკის, ისე არ შეაწუხებს ვინმეს, მე ეს შემიძლია გითხრათ,“ – აღნიშნა ნაზიბროლა ჟორჟოლიანმა „ბათუმელებთან“.

აკაკი დავითაძეს ვთხოვეთ გახსენებ, სად და ვისი დახმარებით ისწავლა წერა-კითხვა, როცა ქუჩაში იზრდებოდა.

„დედაჩემმა 7 წლის ბავშვი სალიბაურის სკოლა-ინტერნატში დამტოვა, მანამდე ჩემი დედ-მამა ერთმანეთს გაშორდა, ორი წლისაც არ ვიქნებოდი მაშინ…“ – გვიყვება აკაკი დავითაძე. – „დედა მეორედ დაქორწინდა თერჯოლაში და პანსიონშიც იმ პირობით დამტოვა, რომ ახალ ოჯახში გადამიყვანდა მალე… რამდენიმე თვე ვიცხოვრე კიდეც თერჯოლაში, მამინაცვალთან, მაგრამ მათაც ძალიან უჭირდათ, 90-იანი წლები იყო, ჩემთვის არ ეცალა არავის.

გამოვიპარე. ზესტაფონში დავხვდი მატარებელს და თბილისში ჩავედი. იქ „დეზერტირების ბაზარში“ ვათენებდი ღამეებს სავაჭრო დახლების ქვეშ… მერე სამუშაო ვიშოვე – მძიმე ჩანთებს დავატარებდი. ურიკა რომ შევიძინე, ისე მიხაროდა, ახლაც მახსოვს – უკვე ურიკით შემეძლო მძიმე ტვირთების გადატანა.

ყველაფერი ქუჩაში ვისწავლე, წერა, კითხვაც, ხან ვინ მასწავლიდა, ხან – ვინ. მეც მინდოდა მესწავლა. მამის გაცნობაც მაგიტომ მოვინდომე, იქნებ დამეხმაროს-მეთქი – 15 წლის ვიყავი და ქობულეთში ვნახე. არ მომაქცია ყურადღება, მას უკვე სხვა ოჯახი ჰყავდა, შვილები, მივხვდი, ლაპარაკს აზრი აღარ ჰქონდა… მერე მამა საცხოვრებლად წალკაში გადავიდა, იქ გარდაიცვალა. დედა ახლა იტალიაშია, მაგრამ ვერასდროს ვახერხებთ საუბარს, არ გამოდის…

რადგან დედამ და მამამ მიმატოვეს, სხვებმაც თითქოს მომიძულეს, არავის აინტერესებდა ჩემი ამბავი, ალბათ ჩათვალეს, რადგან მიატოვეს, ესე იგი, მიტოვებული უნდა იყოსო,“ – ამბობს აკაკი დავითაძე.

აკაკი დავითაძის თქმით, მას რამდენჯერმე დაეხმარნენ აჭარის მთავრობაში, თანხა ჩაურიცხეს და ჯანდაცვის პროგრამებშიც ჩართეს, თუმცა მას ყველაზე მეტად უსახლკარობა აწუხებს და ამ მოთხოვნით აკაკი დავითაძემ 2022 წლის აგვისტოში თორნიკე რიჟვაძესთან მოითხოვა შეხვედრა. თორნიკე რიჟვაძე უსახლკარო კაცს არ შეხვდა, თუმცა დღეს, 6 სექტემბერს აჭარის მთავრობის პრესცენტრში გვითხრეს, რომ აკაკი დავითაძეს ამ ეტაპზე ღამის თავშესაფარს სთავაზობენ, ასევე განიხილება გარკვეული ფულადი დახმარების საკითხი.

„განცხადება დავწერე, იქნებ დამიფარონ ქირის 5 თვის დავალიანება,“ – დასძინა აკაკი დავითაძემ.

რაც შეეხება ღამის თავშესაფარს – ამ ეტაპზე ბათუმის ღამის თავშესაფრის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და ის იანვრამდე ვერ დასრულდება. ბათუმის მერიის ააიპ-ში „სოციალური სერვისების სააგენტოში“ განმარტეს, რომ იანვრამდე ღამის თავშესაფრისთვის სხვა ადგილი დაიქირავა მერიამ და ჯამში 50 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.

„თუმცა ბავშვებს და ოჯახს ვერ მივიღებთ, არის კაცების სექცია ცალკე, ცალკე – ქალების, ბავშვებს ვერ დავიტოვებთ… თავშესაფრის პირობაა ისევ ის, რომ დღისით შენობა ბენეფიციარმა დატოვოს და საღამოს შეუძლია დაბრუნება, გვაქვს საუზმის და ვახშმის მომსახურება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მამუკა შამილიშვილმა, „სოციალური სერვისების სააგენტოს“ დირექტორმა.

მამუკა შამილიშვილი ასევე განმარტავს, რომ თავშესაფრის რეაბილიტაციის შემდეგ ოჯახების მიღებაც იქნება შესაძლებელი, თუმცა არა განუსაზღვრელი ვადით.

„კომუნიკაცია გვაქვს მოქალაქესთან და მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა,“ – გვითხრეს აჭარის მთავრობის პრესცენტრში, სადაც ამ ეტაპზე კონკრეტულად ვერ თქვეს, რა მიმართულებით შეიძლება დაეხმაროს მთავრობა უსახლკარო ოჯახს, ან როგორ ხედავს მთავრობა პრობლემის მოგვარებას.

„მახსოვს ის მომენტი, როცა ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, მაგრამ შევაგროვე ქირის ფული ურიკით ნაზიდი ტვირთით და არ მომაქირავეს ბინა, ფული კი გაქვს, მაგრამ ბავშვს როგორ მოგაქირავოთ ბინაო. მთელი უბანი მოვიარე და ვერ ვიშოვე იმ ღამით ბინა…

არ მინდა, ჩემი შვილებმაც გამოცადონ იგივე,“ – ამბობს აკაკი დავითაძე.

—————-

აკაკი დავითაძის მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ:

GE25TB7941345063600006, მიმღები – აკაკი დავითაძე.

ამ თემაზე:

გასულ წელს მოვიფიქრე, თირკმელს გავყიდი-მეთქი – არ მინდა, ჩემი შვილებიც ქუჩაში დარჩნენ

კანონიერია თუ არა ლიფტში თვალთვალი – პერსონალურ მონაცემთა დაცვის იურისტის განმარტება

ვიდეოსათვალთვალო კამერების კორპუსების შესასვლელებში, ასევე ლიფტებში დამონტაჟება უკვე ტენდენციად იქცა, თუმცა არის შემთხვევები, როცა ამას მესაკუთრეების თანხმობის გარეშე აკეთებენ. ზოგიერთ შემთხვევაში კი, ადამიანებს უკანონოდ უსმენენ კიდეც. ზოგჯერ სადარბაზოსა თუ ლიფტში ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერი, მათ შორის, პირადი საუბარი ინტერნეტსივრცეშიც ხვდება.

„აუდიო მონიტორინგი ძირითადად წარმოადგენს დარღვევას, როცა საცხოვრებელ შენობებზეა საუბარი, თუმცა მაინც ინდივიდუალურად უნდა მოხდეს საკითხის შესწავლა,“ – ამბობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, არჩილ ჯაველიძე. მას ვესაუბრეთ საცხოვრებელ კორპუსებში საერთო სივრცეების ვიდეოთვალთვალზე, მათ შორის, შემთხვევაზე, როცა ლიფტში გიყურებენ და შენს პირად საუბარსაც ისმენენ.

იურისტი განმარტავს, რომ ყველაფერი კონკრეტულ საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრებ ადამიანებზეა დამოკიდებულია. პირველ რიგში, მესაკუთრეთა ნახევარზე მეტის წერილობითი თანხმობაა საჭირო იმისთვის, რომ საერთო სარგებლობის სივრცეებში – შესასვლელები, კიბე, ლიფტი და ასე შემდეგ – ვიდეო სათვალთვალო კამერები დამონტაჟდეს, აუდიო ჩაწერას კი, კონკრეტული ლეგიტიმური მიზანი, ანუ შესაბამისი დასაბუთება სჭირდება – რატომ შეიძლება იყოს გამართლებული აუდიომონიტორინგი, თუკი ვიდეოკამერა ლიფტში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნითაა დამონტაჟებული?

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლის თქმით, უმეტესად ამხანაგობები ვერ ასაბუთებენ, რატომ იწერენ ხმასაც ვიდეოკამერები.

„ჩვენი პრაქტიკის მიხედვით, უმეტეს შემთხვევაში აუდიო მონიტორინგი არის შეფასებული დარღვევად, რადგან ამის საჭიროებას ვერ ასაბუთებენ,“ – გვიყვება იურისტი არჩილ ჯაველიძე. – „ძირითადად გვპასუხობენ ხოლმე, რომ კამერას აქვს აუდიო ფუნქციაც და ამიტომ იწერენ, ან ზოგადად საჭიროდ ჩათვალეს და ხმასაც ამიტომ იწერენ. ეს არაა არგუმენტი.

ზოგადად, კამერის განთავსების მიზანი უნდა გამომდინარეობდეს იქ მცხოვრებთა და ქონების უსაფრთხოების მიზნებიდან. დაუშვებელია, როდესაც, მაგალითად, მეზობლების გადაადგილების მონიტორინგისთვის იყენებ ამას,“ – ამბობს ის.

არჩილ ჯაველიძე განსაკუთრებით იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ შესაძლოა ბინაში მესაკუთრეთა ნახევარზე მეტი ვიდეოსთან ერთად აუდიო მონიტორინგზეც აცხადებს თანხმობას, მაგრამ „ეს ჩაწერა არ ემსახურებოდეს რაიმე ლეგიტიმურ მიზანს. ამ შემთხვევაშიც აუდიოჩაწერა უკანონო,“ – ამბობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, არჩილ ჯაველიძე.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი:

„თითოეულ კამერასთან, რომელიც შეიძლება იყოს განთავსებული საცხოვრებელი კორპუსის საერთო სივრცეებში, უნდა იყოს ნათლად ახსნილი, რომ ვიდეოსთან ერთად ხორციელდება აუდიომონიტორინგი. ამის შესახებ ცნობილი უნდა იყოს, როგორც კორპუსში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისთვის, ისე იმ პირისთვის, ვინც საცხოვრებელ კორპუსში მოხვდება,“ – დასძინა არჩილ ჯაველიძემ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ამ უწყებას ხშირად საცხოვრებელი კორპუსებიდან მაშინ მიმართავენ, როცა მათ სურთ ზოგადად ვიდეომონიტორინგი, მაგალითად, შესავლელ-გამოსასვლელებში, მაგრამ არ სურთ ლიფტებში.

„უმრავლეს შემთხვევაში, დგინდება დარღვევა, რადგან არ არსებობს ბინის მესაკუთრეთა ნახევარზე მეტის წერილობითი თანხმობა,“ – უთხრა არჩილ ჯაველიძემ „ბათუმელებს“.

იმ შემთხვევაში, თუ საცხოვრებელი შენობის მესაკუთრეთა ნახევარზე მეტის წერილობითი თანმხობის გარეშე მიმდინარეობს ვიდეომონიტორინგი, მონაცემთა დამმუშავებელს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება, რომელიც შესაძლოა იყოს ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. თუკი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ამ დროს ხედავს დანაშაულის ნიშნებსაც, მაგალითად, კონკრეტული პირი ვიდეოკამერებიდან უსმენს პირად საუბარს, ან სხვა ფაქტს, რომელიც არ ემსახურება უსაფრთხოების მიზანს, ან დასაბუთებულად ავრცელებენ ჩანაწერს – მიმართავს საგამოძიებო ორგანოებს.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ კანონის მე-5 მუხლი ადგენს, რა შემთხვევაში შეიძლება ვიდეო და აუდიო-მონიტორინგით მოპოვებული მონაცემების დამუშავება, ან გავრცელება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, ვიდეოკამერების ჩანაწერის გამჟღვანებისთვის ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება იყოს უშუალოდ მონაცემთა სუბიქეტის თანხმობა, ან იმ პირის, რომელიც უშუალოდ ფიქსირდება ვიდეო ჩანაწერში.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლის ახსნით, სქემა მარტივია: მესაკუთრეთა უმრავლესობის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, უნდა შეირჩეს კონკრეტული პასუხისმგებელი პირი [შესაძლოა, ეს არ იყოს ამხანაგობის თავმჯდომარე], ვის მოწყობილობაშიც შეგროვდება და შეინახება ვიდეო სათვალთვალო კამერებით მოპოვებული მონაცემები.

„ამხანაგობამ უნდა შეათანხმოს უსაფრთხოების წესები. შესაძლებელია იყოს განსაზღვრული რამდენიმე პირიც, მაგრამ თითოეულ მათგანს უნდა ჰქონდეს პაროლი, რადგან თუ, მაგალითად, მონაცემი მესამე პირის ხელში მოხვდება და გავრცელდება რაიმე ფორმით, დადგინდეს: ვის ჰქონდა ამ დროს წვდომა მონაცემებზე,“ – განმარტავს არჩილ ჯაველიძე.

კანონში არაა და ვერც იქნება კონკრეტულად გაწერილი: რა შემთხვევაში შეიძლება ნახოს კონკრეტულმა პირმა, რომელსაც ამხანაგობამ მონაცემებზე წვდომის უფლება მიანიჭა, ჩანაწერები, თუმცა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენელი ამბობს, რომ კეთილსინდისიერების შემთხვევაში, ეს მარტივად გასაგებია:

„წვდომა უნდა იყოს მიზნობრიობით განპირობებული. შესაძლოა, ამ პირმა 24 საათიც კი უყუროს ვიდეოკამერის ჩანაწერს, მაგრამ უნდა დაასაბუთოს: რატომ არის ეს საჭირო? უსაფრთხოების რა მიზნის შესრულებას ემსახურება ეს?

წვდომა გულისხმობს იმას, რომ როცა რაღაც ზიანდება, ან ვინმე გაქურდეს, რაღაც დაზიანდა და ასე შემდეგ, ნახო ჩანაწერი. შესაძლოა, ასევე ჩანაწერი გადასცე საგამოძიებო ორგანოს, ცხადია, კანონიერი მიზნებისთვის,“ – აღნიშნა არჩილ ჯაველიძემ „ბათუმელებს“.

„რა არის შენი სუპერძალა? – მე უკრაინელი ვარ“ | რეპორტაჟი უკრაინიდან

„ომის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ ჩვენმა პრეზიდენტმა გვითხრა – „გაიღვიძეთ“ უკრაინელებო და სამსახურებში წადით.

და ჩვენც „გავიღვიძეთ“.

თუ უკრაინელები სამსახურებში არ წავლენ, თუ ბარში არ წავალთ, თუ ქუჩას არ დავგვით, თუ არ ვიყიდით ყავას ან საჭმელს, რა მოუვა ამით ჩვენს ეკონომიკას?“ – ასე მიპასუხა ლვოველმა ნასტია ბაკულინამ კითხვაზე – რას ფიქრობდა უკრაინის დასავლეთ ნაწილში ჩვეულ რიტმში მიმდინარე ცხოვრების შესახებ.

ეს კითხვა მას ლვოვში, ქალაქის ცენტრში მდებარე უძველეს, ისტორიულ კაფე „ატლასში“ დავუსვი. ვისხედით და ლვოვის ცნობილ ჩიზქეიქსა და შტრუდელს ველოდებოდით, რომელიც ნასტიას რჩევით შევუკვეთეთ.

გარეთ, მოედანზე, ხალხი ირეოდა. კაფეს ფანჯრიდან ჩანდნენ ნაციონალურ ტანსაცმელში გამოწყობილი პატარა უკრაინელები, რომელსაც ვიღაც კაცი, იქნებ სულაც მამა, სურათს უღებდა.

პირველი სექტემბერი ლვოვში

ერთი შეხედვით ჩვეულებრივი შუადღე იყო. თითქოს არაფერი მიანიშნებდა იმაზე, რომ ამ ქალაქიდან ერთი დღის სავალზე მდებარე უკრაინის მეორე ქალაქში ყოველდღე ჭურვები ცვიოდა და ყოველდღე ვიღაც კვდებოდა.

თუმცა მხოლოდ „თითქოს“.

თუ კაფეს ფანჯრიდან ოდნავ მარჯვნივ გაიხედავდი, ჩანდა მოედანზე მდგარი დამწვარ-განადგურებული რუსული ტექნიკა – რუსების მიერ ბუჩაში მიტოვებული ტანკი, ჩერნიგოვში მიტოვებული BUK M2 და კიევის მისადგომებთან დამწვარი თვითმავალი ჰაუბიცა Мста-С-ი.

ომის დროს რუსი სამხედროებისთვის წართმეული და დამწვარი რუსული სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთავრობას თითქმის ყველა დიდი ქალაქის მთავარ მოედანზე აქვს გამოფენილი.

თვითმავალი ჰაუბიცა მსტა ს-ი ლვოვის მთავარ მოედანზე, დასავლეთ უკრაინა. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 2|09|2022

ნასტიასთან შეხვედრამდე ზუსტად ერთი დღით ადრე, კიევში, ერთ-ერთ სარეკრუტო ცენტრში ხარკოველ ოლეგ გლადჩენკოსთან ვწერდით ინტერვიუს. ოლეგი IT სპეციალისტია და ომამდე თავისი პროფესიით მუშაობდა. რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე დაწყებულმა სრულმასშტაბიანმა ომმა მისი ცხოვრებაც შეცვალა, ისევე როგორც 40 მილიონი უკრაინელის.

ოლეგი შეყვარებულთან ერთად ხარკოვიდან გამოიქცა. ცოტა ხანს მთაში იყო, შემდეგ კიევში ჩავიდა და უკრაინის არმიას შეუერთდა. ის ახლა ერთ-ერთ სარეკრუტო ცენტრში საორგანიზაციო საკითხებშია ჩართული.

ის იყო ოლეგს ვკითხეთ, რას ფიქრობდა ფრონტისპირა ქალაქებსა და კიევში არსებულ განსხვავებული ცხოვრების სტილზე, რომ საჰაერო განგაში ჩაირთო. რადგან ადგილი, სადაც ინტერვიუს ვწერდით, ერთ-ერთი სავარაუდო სამიზნე იყო, მოგვიწია კამერა გაგვეთიშა და უსაფრთხო ადგილი გვეპოვა დროებით თავის შესაფარებლად.

მოგვიანებით, როდესაც ინტერვიუ გავაგრძელეთ, ოლეგმა კითხვაზე ასე გვიპასუხა:

„ჩემი ზოგი მეგობარი აკრიტიკებს ამ სიტუაციას. ხარკოვი ყოველდღე იბომბება, იქ ყოველდღე ვიღაც კვდება, არ ვგულისხმობ მხოლოდ სამხედროებს. სამოქალაქო პირები იღუპებიან. სკოლები და სახლები დანგრეულია. ჩემი მეგობრები ფიქრობენ, რომ არ არის ახლა ბარში წასვლის და გართობის დრო.

მე შერეული მოსაზრება მაქვს ამასთან დაკავშირებით. დიახ, მე არ ვარ ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ყველამ უნდა იტიროს, ყველა იყოს დეპრესიასა და სტრესში იმის გამო, რაც ქვეყანაში ხდება. ნებისმიერ ქალაქში ეს შეიძლება იყოს უკანასკნელი დღე [როცა გაერთობი], რადგან რუსები ისვრიან რაკეტებს და შესაძლოა შენი სახლი აღმოჩნდეს შემდეგი, რომელიც განადგურდება.

მაგრამ იმ ადამიანებმა, რომლებიც ცხოვრობენ შედარებით უსაფრთხო უკრაინულ ქალაქებში, უნდა გაიაზრონ, რომ ხალხი, რომელიც ფრონტისპირას ცხოვრობს, ხედავს მათ გართობას. კი, ახლა არ არის დრო ტირილისა და დეპრესიის, მაგრამ შენ შეგიძლია აირჩიო, როგორ გაატარებ შენს თავისუფალ დროს“.

კიევი

იმ დღეების განმავლობაში, რაც კიევში გავატარეთ, რამდენჯერმე აღვნიშნე ჩვენს მასპინძლებთან, რომ „კიევი ჩვეულებრივი, ნორმალური ცხოვრებით ცხოვრობდა“.

ყველა ჯერზე არ დამეთანხმნენ.

„ჩვენ არ ვცხოვრობთ ჩვეულებრივად, უბრალოდ შევეჩვიეთ საჰაერო განგაშის ხმას. პირველ თვეებში თავშესაფრებში გავრბოდით. ახლა თუ ღამე ჩაირთვება, გვერდს შევიცვლით საწოლში და ეგაა,“ – გვითხრა სტეისიმ, ჩვენმა თარჯიმანმა და დამხმარემ უკრაინაში.

„ის, რომ ხალხი იღიმის, არ ნიშნავს, რომ მათ მართლა ეღიმებათ. თვალი მოავლე ამ კაფეს, ვისაც აქ ხედავ, თითოეულის გულში უზარმაზარი ტკივილია. მაგრამ იღიმიან. იღიმიან იმიტომ, რომ ახლა ტკივილზე ფიქრის დრო არ არის. ჩამოშლილი ეკონომიკა და ატირებული უკრაინელები – ეს სწორედ ისაა, რისი ნახვაც უნდა რუსეთს“, – გვითხრა ჩვენმა კიდევ ერთმა მასპინძელმა.

“იყავი მამაცი, როგორც უკრაინა” – ბანერი კიევის ცენტრში. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 30|08|2022
  • გზა კიევამდე

მატარებელი პოლონეთიდან, სასაზღვრო ქალაქ ფშემისლიდან კიევისკენ დილის 10:15 საათზე გადიოდა. ათის ნახევარი იყო, როდესაც მეხუთე ბაქანზე ავედით.

ზღვა ხალხი დაგვხვდა.

დაახლოებით ორი საათი ვიდექით უზარმაზარ რიგში იმისათვის, რომ კიევისკენ მიმავალ მატარებელში ავსულიყავით. მატარებელმა გასვლა დააგვიანა.

უკრაინელები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან სახლში ბრუნდებოდნენ.

გაეროს მიერ გამოქვეყნებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინა 9 545 722 ადამიანმა დატოვა, ხოლო უკრაინის მიმართულებით საზღვარი 5 324 798 ადამიანმა გადაკვეთა. გაერო აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ მოქალაქეთა ქვეყანაში შესვლის მაჩვენებელია და არ ნიშნავს იმას, რომ ისინი საბოლოოდ დაბრუნდნენ უკრაინაში.

უკრაინელი ლტოლვილების რიგი ფშემისლის რკინიგზის სადგურში, პოლონეთი. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 28|08|2022
უკრაინელი ლტოლვილების რიგი ფშემისლის რკინიგზის სადგურში, პოლონეთი. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 28|08|2022

პოლონეთ-უკრაინის საზღვრის კვეთა მარტივია, როდესაც მატარებლით მიდიხარ. მესაზღვრეები მატარებელში ამოდიან და ისე ამოწმებენ პასპორტებს. არ გიწევს იმ ჯოჯოხეთის გავლა, რომელიც მილიონობით უკრაინელმა გამოიარა ომის პირველ დღეებში, როდესაც გაუსაძლის სიცივეში სახმელეთო, რამდენიმეკილომეტრიან საზღვარს ფეხით კვეთდნენ.

საზღვრის გადაკვეთიდან მალევე გამოაცხადეს, რომ წყალი და საჭმელი მესამე ვაგონში იყიდებოდა. წყლის საყიდლად წავედი. რიგი მეოთხე ვაგონის ბოლოდან იწყებოდა. უკრაინელები ჩუმად იდგნენ ორ ვაგონს შორის გაჭიმულ რიგში. არავინ არავის არ ასწრებდა. არც წინ ჩადგომას ცდილობდა.

სიჩუმე იყო.

მხოლოდ მატარებელი ხმაურობდა.

თავიდან ვფიქრობდი, რომ მატარებელში არ იგრძნობოდა ომი. თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივად იყო.

მაგრამ ახლა ვფიქრობ, შეიძლება სწორედ ეს არაბუნებრივი სიჩუმე იყო იმის ნიშანი, რომ უკრაინაში ომია.

ლვოვი კარგა ხნის მოტოვებული გვქონდა უკან, როდესაც მოულოდნელად მატარებელი გაჩერდა. რუკაზე შევამოწმეთ, ტერნოპილთან ახლოს, სადღაც დაუსახლებელ ადგილას ვიყავით.

ხედი მატარებლის ფანჯრიდან ტერნოპილში, უკრაინა  28|08|2022

დაახლოებით 10-15 წუთის გასვლის შემდეგ მემანქანემ გამოაცხადა, რომ გზაზე, რომელზეც ჩვენს მატარებელს უნდა გაევლო, ავარია მოხდა. ცარიელი შემადგენლობა ლიანდაგიდან გადავიდა და ჩვენ ამ სარკინიგზო გზით ვეღარ ვისარგებლებდით. უკან უნდა დავბრუნებულიყავით და ალტერნატიული მარშრუტით წავსულიყავით კიევში. ის იყო მემანქანემ საუბარი დაამთავრა, რომ საჰაერო განგაშის სისტემა ჩაირთო.

მგზავრების ნაწილმა არ დაიჯერა, რომ სარკინიგზო ავარიის გამო იცვლიდა მატარებელი მარშრუტს. როცა კიევის მატარებელი ტერნოპილის რკინიზის სადგურში შევიდა, ვაგონების ნახევარზე მეტი დაიცალა, ბაქანი კი ხალხით გაივსო. მხოლოდ კიევის მგზავრები დავრჩით და უკან, დასავლეთის საზღვრისკენ წავედით.

ომი პირველად საკუთარ ქვეყანაში ვნახე 2008 წელს. 8 აგვისტოს დილით საქართველოს სამხედრო გზაზე, გორთან, ტანკების საცობში ვიდექით დიდხანს. ბომბის აფეთქების ხმაც იმ დილით გავიგე პირველად. ყველა შიში, რომელიც შეიძლება განმეცადა, იმ დღეს განვიცადე და დავივიწყე. შეიძლება ამიტომ იყო, რომ იმ მომენტში, როცა მგზავრები კიევისკენ მიმავალი მატარებლიდან ჩადიოდნენ, შიში არ მიგრძნია.

ვცადე ყურადღება იმ პეიზაჟზე გადამეტანა, რომელიც მატარებლის ფანჯრიდან ჩანდა. უკრაინის ამ მხარეში პირველად ვიყავი და ყველაფერი უცხო იყო.

ცოტაც და ფანჯრიდან პატარა, ერთსართულიანი სახლებით გაშენებული დასახლება გამოჩნდა, წინ ჭაობიანი მცირე გუბეებით და ლელქაშებით.

სახლებიდან ამ დაჭაობებულ გუბეებამდე ლელქაშები გაკაფული იყო. ადგილობრივებს სათევზაო ადგილები ჰქონდათ გაკვალული.

მიდიოდა მატარებელი და ერთმანეთს ენაცვლებოდა სურათები – ვიღაც მოხუცი, შავ თავსაფარწაკრული ქალი და მის გვერდით ბავშვი, ვიღაც კაცი ნახევრად გახსნილი შინდისფერი პერანგით, სადღაც ლელქაშებიდან ამოჩრილი ანკესი…

ისინი თევზაობდნენ.

იყო სიმშვიდე და განუცდელი შიშის გრძნობაც სადღაც გაქრა.

თითქოს ომი კი იყო, მაგრამ თან არ იყო.

“იბრძოლე უკრაინისთვის” – საინფორმაციო დაფა ლვოვში
  • კიევში

მატარებელი კიევში დილის 3 საათზე ჩავიდა.

უკრაინის მთელს ტერიტორიაზე საღამოს 11 საათიდან დილის ხუთ საათამდე კომენდანტის საათია. თითქმის 37 საათი გვქონდა გზაში გატარებული და ის ორი საათი, რომელიც კომენდანტის საათის დამთავრებამდე გვაშორებდა, საუკუნის ტოლა გახდა. რკინიგზის სადგური ჩვენსავით გვიან ჩამოსული მგზავრებით იყო სავსე. ბნელოდა. შუქი ყველგან ჩამქრალი იყო, ფანჯრებზე კი სქელი, შავი ფარდები ჩამოეფარებინათ.

ყველა გასასვლელთან შეიარაღებული სამხედროები იდგნენ. ფოტოს გადაღება მინდოდა, მაგრამ არ გადავიღე. ჩავთვალე, რომ შემეძლო აღმეწერა ის, რაც ვნახე. ხოლო თუ ფოტოს გადავიღებდი, შეიძლება რამე ისეთი მოხვედრილიყო ფოტოზე, რაც საზიანო აღმოჩნდებოდა ადამიანებისთვის.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან დღემდე რუსეთის არმიამ ათამდე სარკინიგზო სადგური და მატარებლის შემადგენლობა დაბომბა, რასაც ათობით უდანაშაულო ადამიანის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვების სიცოცხლე შეეწირა.

“რა არის შენი სუპერ ძალა? – მე უკრაინელი ვარ” – ამ წარწერებს უკრაინაში ბევრგან შეხვდებით. მაისურებზე, ქუჩებში, კედლებზე თუ ჭიქებზე.

არ გადამიღია ფოტოები არც კიევის სამთავრობო კვარტალში, რომელიც რკინა-ბეტონის დიდი ბლოკებითაა ჩახერგილი. ყველა სამთავრობო უწყების შესასვლელი კარი სილით სავსე ტომრებითა და რკინა-ბეტონის ბლოკებითაა ჩაკეტილი. ყველგან სამხედროები არიან და როგორც ჩვენმა მასპინძლებმა გვითხრეს, მოქალაქეებს ერთგვარი უსიტყვო შეთანხმება აქვთ. ისინი არ იღებენ ამ ქუჩებზე ფოტოებს.

სამთავრობო კვარტლიდან მოშორებით მდებარე ქუჩებზე ცხოვრება თითქოს ჩვეულ რიტმშია. პარკები სავსეა წყვილებით, მოხუცებით, დედებით და მწვანე მინდორზე მოთამაშე ბავშვებით.

პარკი კიევში, 29|08|2022

როცა ომია, როგორი უდარდელიც არ უნდა ჩანდე გარეგნულად, როგორაც არ უნდა ცდილობდე დასვენებას, შეუძლებელია დაივიწყო, რომ ომია. კიევის ქუჩებში მრავლადაა პოსტერები, რომლებიც გამვლელებს ომს და ამ ომში დაღუპულ ადამიანებს ახსენებს.

კიევი, უკრაინა

პარკებსა და ქუჩებში ყველა მნიშვნელოვანი ძეგლი რკინის კონსტრუქციებშია ჩასმული, თავზე კი სილით სავსე ტომრები ადევს, დაბომბვისას ნაკლები ზიანი რომ მიადგეს. ყველა ეკლესიის ფანჯარა აჭედილია და ყველა პატარა ქანდაკება შეფუთული.

უკრაინელები ასე ცდილობენ თავიანთი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა რუსული არმიისგან გადაარჩინონ.

ასე გამოიყურება ტარას შევჩენკოს მონუმენტი კიევის ეროვნული უნივერსიტეტის წინ, უკრაინა ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 29|08|2022
ეს კი ლვოვის ლათინური კათედრალია, რომლის ვიტრაჟებზეც თუნუქის ფილებია აკრული, ხოლო ფანჯრები ხის ფანერებითაა აჭედილი. ლვოვში ყველა ტაძარი ასეა.

ომის პირველ დღეებში, როცა კიევში ქუჩის ბრძოლები მიდიოდა, ყველა ისე უწევდა წინააღმდეგობას რუსულ არმიას, როგორც შეეძლო. კიევში თითქმის აღარსადაა დარჩენილი მიმართულების აღმნიშვნელი აბრა. ყველაფერი გადაღებილია. სანამ ომი არ დამთავრდება, მის აღდგენას არც აპირებენ.

კიევში მრავლადაა ბანერები, რომელიც მოქალაქეებს მარიუპოლს და მარიუპოლელების გმირობას ახსენებს.

“თქვენი გმირობა გადაარჩენს უკრაინას” – ბანერი კიევის ერთ-ერთ ქუჩაზე მარიუპოლს და მარიუპოლელებს ეძღვნება
“აზოვსტალი – თავისუფლება მარიუპოლის დამცველებს” – ბანერი კიევის მერიის შენობაზე ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 31|08|2022
  • ხრეშატნიკზე

ხრეშატნიკი კიევის მთავარი ქუჩაა, მუდამ მოძრავი და სიცოცხლით სავსე. ასე იყო 2022 წლის აგვისტოს ბოლოსაც, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მეექვსე თვის თავზე. ხალხი სეირნობდა, ვიღაც მღეროდა, ვიღაც ხატავდა, ვიღაც უბრალოდ იჯდა და ზაფხულს აცილებდა.

მაიდან ნეზალეჟნოსტიზე, რომელიც უკრაინელებისთვის თავისუფლების და ევროპული გზის სიმბოლოდ იქცა 2014 წლის ცნობილი „მაიდნის“ შემდეგ, ახლა ასობით უკრაინის სახელმწიფო დროშაა. თითოეულ დროშას იმ ადამიანის სახელი აწერია, რომელიც ომმა იმსხვერპლა.

მაიდან ნეზალეჟნოსტი, კიევი. აგვისტო, 2022
მაიდან ნეზალეჟნოსტი, კიევი ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 30|08|2022

მაიდანზე ისევ ხატავენ უკრაინელი მხატვრები გამვლელების პორტრეტებს, ხოლო როცა შეკვეთა არ აქვთ – რუსული ფლოტის ფლაგმანის, „მასკვას“ ჩაძირვას.

მხატვრები ხრეშატნიკიდან, კიევი ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 30|08|2022
კაცი, რომელიც მაიდანზე პორტრეტებს ხატავს, გვაჩვენებს მის მიერ დახატულ რუსული ფლოტის ფლაგმანის, „მასკვას“ ჩაძირვას. კიევი, უკრაინა ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 30|08|2022

ხრეშატნიკზე ქუჩის მოცეკვავეები ისევ მართავენ პერფორმანსებს და ისევ დგას ლუდის რიგი კიევის ცნობილ ლუდის ბართან.

რიგი კიევის ერთ-ერთ ბართან ხრეშატნიკზე ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 30|08|2022
“იყავი ძლიერი, როგორც უკრაინელები” – ამ წარწერიან ჭიქებში ჰყიდიან ლუდს ბარში. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 30|08|2022

„დაიცავით კომენდანტის საათი, არ დააიგნოროთ განგაშის სიგნალი“ – ამ წარწერას კიევის ქუჩებში ბევრგან შეხვდებით. მიუხედავად იმისა, რომ საფრთხე თითქოს გადავლილია, ქვეყანაში ომია და როდის მოსწვდება რომელიმე რუსული რაკეტა კიევს, არავინ იცის. ამიტომ მთავრობა სთხოვს მოქალაქეებს, ისევ ძველებურად დაიცვან წესები – საჰაერო განგაშის დაწყებისას თავშესაფრებში ჩავიდნენ.

კიეველები დაღლილები არიან საჰაერო განგაშით, მთავრობა კი დაჟინებით მოუწოდებს მათ, არ დაიღალონ. მარტო ასე შეიძლება გადარჩნენ, თუ არ დაიღლებიან.

„სახლში ჯდომას და ლოდინს, როდის დაეცემა ჩემს კორპუსს ბომბი და საწოლში მძინარეს  მომკლავს, მირჩევნია ომში წავიდე,“ – ეს ოლენა ნოსაჩმა გვითხრა, რომელსაც რეკრუტირების ცენტრში შევხვდით.

ოლენა ომამდე ბუღალტერი იყო. მისი ოცი წლის შვილი ახლა ფრონტის ხაზზეა. თვითონაც გადაწყვიტა წვრთნა გაიაროს და ომში წავიდეს.

კიევი, რუსული შეიარაღებული ძალების კუთვნილი, უკრაინელების მიერ განადგურებული სამხედრო ტექნიკა წმინდა მიქაელის სკვერში

კიევში, წმინდა მიქაელის მოედანზე (უკრ:Михайлівська площа) ჯართად ქცეულ რუსულ სამხედრო ტექნიკასთან ერთად უკრაინის ხელისუფლებას ის ავტომობილებიც აქვს გამოტანილი, რომელში მსხდომი სამოქალაქო პირების სიცოცხლეც რუსეთის აგრესიამ შეიწირა.

ამ სკვერში ყველა იმ საბრძოლო ტექნიკის ნახვაა შეიძლება, რომელიც რუსული არმიის „ძლევამოსილების სიმბოლოდ“ მიიჩნეოდა. ყველაფერი დამწვარი და განადგურებულია.

კიევი, რუსული შეიარაღებული ძალების კუთვნილი, უკრაინელების მიერ განადგურებული სამხედრო ტექნიკა წმინდა მიქაელის სკვერში

თითქმის ყველა უცხოური ბრენდი, რომელიც უკრაინაში იყო ომამდე, ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ღიაა დიდი სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები. როგორც უკრაინელებმა გვითხრეს, ომი არ ასახულა არც პროდუქტების და არც სხვა პირველად საყოფაცხოვრებო ნივთების ფასებზე. მხოლოდ „მაკდონალდსია“ დაკეტილი. ომის დაწყებიდან დღემდე მისი კარი მომხმარებლებისთვის აღარ გაღებულა.

რუსეთ-უკრაინის ომის დროს, ყველაფერი, რაც უკრაინის შემართებას და გამარჯვებას ასახავს, უკვე იქცა სუვენირებად და ტურისტულ პროდუქტად. ქუჩებში, სავაჭრო ცენტრებსა თუ ჩვეულებრივ მარკეტებში შეგიძლიათ იპოვოთ ისინი.

ასეთი ჩანთების ყიდვა კიევის ქუჩებსა და სუვენირების მაღაზიებშია შესაძლებელი

კიევში ბევრი ხმაა. ყველა ქუჩაზე დიდი ქალაქისთვის დამახასიათებელი ტემპი და ხმაური იგრძნობა.

ერთი კადრი მახსოვს – ხრეშატნიკზე, შუქნიშანზე, მიწისქვეშა გადასასვლელთან ქუჩის მუსიკოსები იდგნენ და მღეროდნენ. სწორედ მაშინ,  როცა ქვეითთა მწვანე აინთო, „Ой, у лузі червона калина“ – დაიწყეს მუსიკოსებმა. მანქანები არ მოძრაობდნენ, წამიერად ისე იყო, თითქოს ქალაქის ყველა ხმა ამ მუსიკამ შთანთქა.

სიმღერის ტექსტს აჰყვა წითელზე მდგარი მოტოციკლეტისტი. „А ми тую стрілецькую славу збережемо“ – მღეროდნენ ქუჩის მუსიკოსები, „А ми нашу славну Україну, гей, гей, розвеселимо!“ – ბანს აძლევდა მოტოციკლეტისტი.

კიევი, უკრაინა  ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 31|08|2022

როცა ღამის 11 საათი დგება და კომენდანტის საათი იწყება, ყველაფერი ბნელდება. ქალაქში სიჩუმე ისადგურებს.

ჩაბნელებულია რკინიგზის სადგურიც. მგზავრები ზოგი სრულ სიბნელეში ცდილობენ გზის გაკვლევას, ზოგი მობილურის ფანარს ანთებს და როგორც კი თავის ვაგონს იპოვის, მაშინვე აქრობს.

ყველა ცდილობს დაიცვას უსაფრთხოების აუცილებელი წესები, რომელიც 24 თებერვლის შემდეგ გაჩნდა მათ ცხოვრებაში, მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

თუმცა, სანამ ბაქანზე გახვალ და კიევიდან დასავლეთისკენ მიმავალ მატარებელში ჩაჯდები, დიდი ჰოლი უნდა გაიარო. ამ ჰოლში უკრაინელი ბავშვების ნახატებია გამოფენილი, სადაც კარგად ჩანს, როგორ ხედავენ ისინი ომს.

ბავშვების ნახატების გამოფენა კიევის რკინიგზის სადგურში ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 31|08|2022

გარდა ნახატებისა, აქ შეხვდებით ომის პირველი დღეების ამსახველ ფოტო გამოფენას. 2022 წლის სუსხიანი თებერვლისა და მარტის დღეების ამსახველ ფოტოებს, როცა ათასობით უკრაინელი იძულებული გახადა რუსეთის თავდასხმის გამო საკუთარი სახლები დაეტოვებინათ.

კიევის მთავარ რკინიგზის სადგურშია იმ ადამიანების რეალური ნივთების გამოფენაც, რომლებიც რუსულ აგრესიას გაურბოდნენ, მაგრამ მათი სიცოცხლე კრამატორსკის რკინიგზის სადგურში შეწყდა.

2022 წლის 8 აპრილს დონეცკის ოლქში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კასეტური ბომბებით დაბომბეს კრამატორსკის რკინიგზის სადგური. თავდასხმას 61 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, მათ შორის იყვნენ ბავშვები.

კრამატორსკის რკინიგზის სადგური 2022 წლის 8 აპრილს, რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შემდეგ. ფოტო გამოფენილია კიევის ცენტრალურ რკინიგზის სადგურში
“კრამატორსკის რკინიგზის სადგური დაბომბვის შემდეგ” – ინსტალაცია კიევის რკინიგზის სადგურში

დასავლეთისკენ

კიევი გვიან ღამით დავტოვეთ. სრულ სიბნელეში მოვძებნეთ ჩვენი ვაგონი და ავედით. მთელი ღამე მივდიოდით ლვოვისკენ. გამთენიისას ჩავედით.

პირველი, რაც ლვოვში ჩასვლისას ვნახეთ, იყო ლტოლვილების ახალი ტალღით სავსე რკინიგზის სადგურის მთავარი მოსაცდელი დარბაზი. რადგან ადრე დილა იყო უმეტესობას ეძინა. ბავშვები, ქალები, მოხუცები პირდაპირ იატაკზე გაშლილ თხელ პლედებზე იწვნენ. ზოგს სკამზე ეძინა, ზოგს კი ჩემოდნებსა თუ ნაჭრის ჩანთებზე.

ლვოვის რკინიგზის სადგური ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 2|09|2022
ლტოლვილები ლვოვის რკინიგზის სადგურში ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 2|09|2022

ლვოვი მშვიდობიანობის დროს რომ მენახა ალბათ ქუჩებს ფეხით მოვივლიდი, ყველა კუთხე-კუნჭულს დავათვალიერებდი. უდიდესი კულტურისა და ისტორიის მქონე ქალაქში ყველაფერი განსაკუთრებული და საინტერესო ჩანდა.

ლვოვი

Ой, у лузі червона калина  - უკრაინული პატრიოტული სიმღერა ლვოვის ქუჩებში

მაგრამ როცა ომია და დრო შეზღუდული, არ არის მუზეუმების ნახვის და სეირნობის დრო. ჩვენი „მუზეუმი“ ჰუმანიტარული დახმარების ცენტრი გახდა. დილის 11 საათი იყო, როცა იქ მივედით. ლტოლვილები ნელ-ნელა მოდიოდნენ, ტანსაცმელს არჩევდნენ.

სწორედ იქ გავიცანი სვეტლანა, მასწავლებელი ხარკოვის რაიონიდან. მიუხედავად იმისა, რომ სახლის და მშობლიური ადგილის დატოვება მოუწია, სვეტლანამ გადაწყვიტა უკრაინა არ დაეტოვებინა და ლვოვში დასახლდა. სვეტლანასთან ინტერვიუ უკრაინულად ჩავწერეთ. მას არ უნდოდა რუსულად საუბარი.

ჰუმანიტარული დახმარების ცენტრში შევხვდით ვიქტორიასაც. ის ომამდე ქალთა და ბავშვთა უფლებებს იცავდა, ახლა კი ჰუმანიტარულ მისიას შეუერთდა ათასობით ლტოლვილს უწევს დახმარებას.

„ბევრი რამ ამ ომის დროს ქალების და მეტიც, ჯერ კიდევ პატარა გოგოების მხრებზე გადავიდა და გადადის. ისინი ყველაფერს და ზოგჯერ შეუძლებელსაც აკეთებენ ამ მდგომარეობაში, რაშიც ვართ,“ – გვითხრა ვიქტორიამ.

ლვოვი

ლვოვში ყოფნის ბოლო საათები გვქონდა. ჩვენი მატარებელი პოლონეთისკენ 6 საათზე გადიოდა. მინდოდა რამდენიმე ისეთი კადრი გადამეღო, რომელიც ლვოვს ასახავდა.

რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ ეს ის ბოლო სამი კადრია, რომელიც ლვოვში გადავიღე. პირველი უკრაინელი ჯარისკაცის, წარმოშობით ლვოველი მაქსიმ მანსუროვის გამოსამშვიდობებელი დაფა იყო, მეორე ლურჯად შეღებილი ქრისტეს ქანდაკება, ზედ ყვითელი წარწერით Stop War – შეაჩერე ომი და მესამე მოხუცი კაცი ლვოვი რკინიგზის სადგურიდან, რომელიც მძიმე ჩემოდნით ტოვებდა უკრაინას.

ფოტო: „ბათუმელები“

__________________

მთავარ ფოტოზე: 8 ოქტომბერი, კიევის ცენტრი. უკრაინელები სელფს იღებენ ყირიმის ხიდზე აფეთქების ამსახველი ბანერის წინ. ფოტო: EPA-EFE/STRINGER

„ჩვენ არმია არ გვყავს“ – კაცი ბურიატიიდან, რომელიც შვილის სიკვდილის შემდეგ უკრაინაში წავიდა

ბურიატიის სოფელ ოიმურის მცხოვრებს, უმცროსი ვაჟი უკრაინაში 27 თებერვალს დაეღუპა. თავის დროზე, მამამ თავად ურჩია შვილს, არმიაში ემსახურა, რადგან მათ სოფელში სამუშაო არ იყო. შვილის დაკრძალვის შემდეგ, რინატ სადიკოვი თვითონაც მოხალისედ წავიდა ომში, უნდოდა გაეგო „რისთვის იბრძოდნენ და რისთვის დაიღუპა 22 წლის ვაიჩესლავი.“

ორი თვის შემდეგ, ბურატიაში დაბრუნებული რინატ სადიკოვი ამბობს, რომ ეს ომი უაზრობაა.

„და რა ხდება იქ? ასე იოლად რატომ იმეტებენ ჩვენს ბიჭებს? ახლა ვნახე… მე როგორც ვხვდები, ჩვენ არმია არ გვყავს. წადი იქ. თვითონაც არ ვიცი, სად. ვინც ჩვენთან ერთად იბრძოდა იქ, ერთი ჩეჩნეთში იყო ნამყოფი, მეორე სირიაში, ისინი ამბობდნენ, ვერც შევადარებთ, ასეთი ომი ჩვენ ჯერ არ გვინახავსო. უაზრობაა, ჩემი აზრით, ეს ყველაფერი,“ – ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლაპარაკობს რინატ სადიკოვი და Сибирь.Реалии-ს ჟურნალისტებს ტელეფონში შვილის ფოტოებს უჩვენებს.

ერთ ფოტოზე ვიაჩესლავი ძმასთანაა, მეორეზე ცხენით სეირნობს, მესამეზე მეგობარ გოგონასთან ერთად. როგორც მამა იხსენებს, შვილმა წასვლისას უთხრა, რომ ბელარუსში წვრთნებზე მიდიოდა.

„წვრთნებზე წავიდნენ ბელარუსში. ერთობლივ წვრთნებზე. მერე იქით (უკრაინაში) უკრეს თავი. ჩავიდნენ ბელარუსში და მანამდე, ერთი დღით ადრე, ახალ ამბებს ვუყურებდი, როცა უკვე დაიწყო, ომი ხომ 24-ში დაიწყო? ამბობდნენ, ჩვენი მხრიდან დანაკარგი არ არისო. აჰ, კარგი… მერე ისინი (სამხედრო კომისარიატის ხალხი) მოდიან და მეუბნებიან… და ვის დავუჯერო?“

ომში გატარებულ ორ თვეზე რინატ სადიკოვი თითქმის არ ლაპარაკობს. ამბობს მხოლოდ იმას, რომ მისთვის ახლაც გაუგებარია, ვის და რატომ ებრძოდნენ.

„და იქ ვის ვებრძვით რო? ჩვენები არიან. იქ ფოტოალმბომებს ვპოულობდით. აი ვხედავთ, რომ ის ავღანეთში ყოფილა. და ახლა ერთმანეთს ვებრძვით, რა არის ახლა ეს? ზოგჯერ, ხელის აწევაც კი მიჭირს რაღაცნაირად, ჩათვალე, ისიც ჩვენიანია. და რისთვის ვიბრძვით, არაფრისთვის? რამდენი გვყავს ახლა დაღუპული, ჩვენი მხრიდან? ათასობით, ჯანდაბა!“

ბურიატია რუსეთის ერთ-ერთი რეგიონია, რომელსაც ყველაზე მეტი დაღუპული ჰყავს უკრაინაში. რუსეთის ხელისუფლებისა და მედიის მონაცემებით, ბურიატიაში 15 აგვისტოსთვის უკვე 245 სამხედრო დაკრძალეს.

რინატ სადიკოვი – მოკლული ჯარისკაცის მამა

ჯერ კიდევ ივნისში „მედიაზონამ” გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტებმა და მოხალისეებმა უკრაინაში დაღუპული 3 798 რუსი ჯარისკაცის მონაცემების დადგენა შეძლეს. მათგან ყველაზე მეტი მსხვერპლი დაფიქსირდა დაღესტანში (207 ჯარისკაცი) და შემდეგ ბურიატიაში (164).

სხვადასხვა წყაროს ცნობით, უკრაინაში 5-დან 10 ათასამდე ბურიატი იბრძვის.

რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში დაღუპული სამხედროებისა და განადგურებული ტექნიკის რაოდენობას არ ასაჯაროებს, უკრაინის გენშტაბის მონაცემებით კი, რუსეთის დანაკარგი უკვე 50 000 სამხედროა.

ავღანეთში 10 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის დანაკარგი იყო 50 ათასი დაღუპული და დაჭრილი სამხედრო.

წყარო: Сибирь.Реалии, Настоящее Время.

მთავარ ფოტოზე: ვიაჩესლავ სადიკოვის საფლავის ქვა/ფოტო: Сибирь.Реалии (RFE/RL)

რუსეთი საზარბაზნე ხორცად გვიყენებს – 500-მდე ბურიატმა უკრაინაში ბრძოლაზე უარი თქვა

როგორ გავრცელდება რადიაცია უკრაინის ატომურ სადგურებზე ავარიის შემთხვევაში – მოდელირება

5 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ბირთვული ობიექტების გარშემო რადიაციული ფონი არ შეცვლილა და ნორმის ფარგლებშია, თუმცა უკრაინის ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრი აქვეყნებს ახალ პროგნოზს, როგორ გავრცელდება რადიაცია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შემთხვევაში.

ახალი პროგნოზი ზაესზე პირობითი ავარიის მოდელირების შედეგია, იმ პირობებში, თუკი ავარიის დროს ამინდი ისეთივე იქნება, როგორიც 4 სექტემბერს იყო. ექსპერტების ვარაუდით, რადიაცია ძირითადად სამხრეთისკენ გავრცელდებოდა.

სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ჰაერის მასები 4 სექტემბერს 15 საათის განმავლობაში წაიღებდნენ რადიაციას ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებისა და დროებით ოკუპირებული ყირიმისკენ. ამის შემდეგ, ეს მასები გადაივლიდა შავ ზღვას და რადიაცია მიაღწევდა რუმინეთამდე, მოლდოვამდე, თურქეთამდე, ბულგარეთსა და საბერძნეთამდე.

როგორი იქნებოდა ვითარება სხვა ბირთვულ სადგურებზე ავარიის შემთხვევაში:

თუ 4 სექტემბერს ავარია მოხდებოდა სამხრეთ უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე, ჰაერის მასები რადიაციას წაიღებდა სამხრეთ-დასავლეთით და დაფარავდა ნიკოლაევისა და ოდესის ოლქების, ასევე მოლდოვის ტერიტორიას. 17 საათის შემდეგ რადიაცია ყირიმისკენ და შავი ზღვისკენ შეიცვლიდა მიმართულებას.

როვნოს ატომურ სადგურზე ავარიის შემთხვევაში რადიაცია სამხრეთისკენ გაიფრქვეოდა და ძირითადად დასავლეთის ოლქებს დაფარავდა, რამდენიმე საათის შემდეგ კი მიაღწევდა უნგრეთს, სლოვაკეთსა და პოლონეთს.

თუ ავარია ხმელნიცკის ატომურ ელექტროსადგურზე მოხდებოდა, ჰაერის მასები რადიაციას ხმელნიცკის, ჟიტომირის, როვნოს და ვოლინის ოლქებისკენ წაიღებდა. საბოლოოდ, რადიაცია მოხვდებოდა მოლდოვის, რუმინეთის, უნგრეთის, სლოვაკეთისა და პოლონეთის ტერიტორიებზე.

უკრაინის ჰიდრომეტცენტრში აღნიშნავენ, რომ რადიაციული ვითარება უკრაინის ატომური ელექტროსადგურების გარშემო სტაბილურია, მათ შორის ზაპოროჟიეს სადგურთანაც, რომელიც სროლების გამო, ამ თვეში უკვე მეორედ გაითიშა საერთო ენერგოქსელიდან.

უკრაინამ ტყვეობიდან 600 ადამიანი დაიბრუნა, მათ შორის 500 სამხედროა

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან დაახლოებით 600 ადამიანი დაიბრუნა, მათ შორის, 53 ბავშვია – დაბრუნებულების უმეტესობა უკრაინის დამცველია.

ტყვეობიდან გამოხსნილთა მონაცემები ნაციონალური საინფორმაციო ბიუროს ხელმძღვანელმა ოლექსანდრ სმირნოვმა გაასაჯაროვა. მისი თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, ტყვეობიდან გათავისუფლებული 600 ადამიანიდან 100 სამოქალაქო პირია, 500 კი – სამხედრო.

„რაც შეეხება დეპორტირებულებს, ერთი მხრივ, რიცხვები შემაშფოთებელია, თუმცა მეორე მხრივ, ზუსტი მონაცემები არ არსებობს, რადგან ჩვენ არ გვაქვს აგრესორის ტერიტორიაზე წვდომა. არსებობს მხოლოდ ის რიცხვი, რომელსაც თავად აგრესორი სახელმწიფო ასახელებს – 3 მილიონზე მეტი იძულებით დეპორტირებული ადამიანი, მათ შორის 600 000 ბავშვი,“ – აღნიშნავს სმირნოვი.

უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების დაბრუნება, მისი თქმით, ურთულესი პროცესია.

ტყვეების ერთ-ერთი უკანასკნელი გაცვლა რუსეთსა და უკრაინას შორის 2 სექტემბერს შედგა და უკრაინამ 14 სამხედრო დაიბრუნა, მათ შორის 58-ე ცალკეული მექანიზირებული ბრიგადიდან 10, ხოლო 30-ე ბრიგადიდან – 4.

ტყვეები ქვეყნებმა დონეცკის ოლქში გაცვალეს.

6 სექტემბერს უკრაინამ 25 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაიბრუნა, ხოლო ივლისში – 45. უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთთან გაცვლის ფარგლებში, სამშობლოში უკვე უკრაინის 400 დაღუპული დამცველი ჩამოასვენეს. მათი უმრავლესობა „აზოვსტალიდანაა“ და ისინი უკვე ამოცნობილნი არიან.

ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გაცვლა უკრაინასა და რუსეთს შორის ივნისის ბოლოს შედგა და მაშინ უკრაინაში  144 ტყვე ჯარისკაცი დაბრუნდა, მათ შორის, 95 „აზოვსტალის“ მცველი.

ვითხოვთ საკრებულოს რიგგარეშე სხდომას და BIAFF-ის დაფინანსებას – ენმ

„ვითხოვთ საკრებულოს რიგგარეშე სხდომას და ბათუმის კინოფესტივალისთვის შესაბამისი დაფინანსების გამოყოფას,“ – აცხადებს ლაშა კილაბერია, ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე.

რიგგარეშე სხდომის მოთხოვნით განცხადება ოპოზიციამ საკრებულოს აპარატს დღეს, 6 სექტემბერს ჩააბარა და ბრიფინგით გააპროტესტა ბათუმის კინოფესტივალის დაფინანსების გარეშე დატოვება. ერთ კვირაში საკრებულოს სხდომა ჩაინიშნება, თუმცა ლაშა კილაბერია არ გამორიცხავს, რომ სხდომას უმრავლესობის წევრები მიზანმიმართულად არ დაესწრონ, ან მხარი არ დაუჭირონ კინოფესტივალისთვის დაფინანსების გამოყოფას.

„საკრებულო რომ ვერ შეიკრიბა, რაც თქვენთან ინტერვიუში სოფო ხალვაშმა ჩვენ დაგვაბრალა, არის „ქართული ოცნების“ ბრალი, რადგან ისინი უცხადებდნენ ბოიკოტს საკრებულოს სხდომებს… რადგან ეს ფორსმაჟორია, ვითხოვთ, პირდაპირ ფესტივალის დაფინანსებას დავუჭიროთ მხარი,“ – გვითხრა ლაშა კილაბერიამ.

„ეს ფესტივალი უკვე ბათუმის სახეა და საუკეთესო საშუალებაა ქალაქის და ტურიზმის პოპულარიზაციისთვის… ეს აჩვენებს იმას, რომ წულუკიანი სჯის ყველას, თუკი ადამიანები ღიად არ დაუჭერენ „ოცნებას“ მხარს,“ – ამბობს ლევან გორგილაძე, ფრაქცია ენმ-ის სპეციალისტი ბათუმის საკრებულოში.

BIAFF -ის გახსნა წელს 18 სექტემბერსაა დაგეგმილი. ეს ფესტივალი წინა წლებშიც სექტემბერში ტარდებოდ

BIAFF-ი წელს მეჩვიდმეტედ იმართება. კინოფესტივალის ოფიციალური პარტნიორი გასული 16 წელი ბათუმის მერია იყო. ეს პირველი წელია, როცა კინოფესტივალის მხარდამჭერი ბათუმის მერია არ არის. კინოფესტივალის დაფინანსებაზე წელს უარი თქვა საქართველოს კულტურის სამინისტრომ და ეროვნულმა კინოცენტრმა, ასევე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ.

5 სექტემბერს, ბათუმის მერის მოადგილემ სოფო ხალვაშმა „ბათუმელებთან“ თქვა, რომ BIAFF-ის დაფინანსების გარეშე დარჩენა უკავშირდება იმას, რომ საკრებულო დროულად ვერ შეიკრიბა და საფესტივალო კონკურსი დაგვიანებით გამოცხადდა, თუმცა ბათუმის მერიაში საფესტივალო კონკურსის განაცხადების მიღების დასრულებამდე BIAFF-ის მენეჯერს უთხრეს, რომ ბიუჯეტი უკვე ამოიწურა, მიუხედავად იმისა, რომ BIAFF-მა საკონკურსო განაცხადი მერიაში 3 აგვისტოს წარადგინა, აპლიკაციების წარდგენა კი აგვისტოს ბოლომდე იყო შესაძლებელი.

დღეს, 6 სექტემბერს, დაიწყო ფესტივალისთვის თანხის შეგროვების მხარდამჭერი კამპანია სლოგანით -„ერთად ჩავატაროთ BIAFF-ი“.

____________

ფოტოზე: ბათუმის საკრებულო.

ამ თემაზე:

BIAFF-ი 2 კვირაში იწყება, დაფინანსება კი არ აქვს. რა ხდება? – ინტერვიუ მენეჯერთან

 

ნატო უკრაინელი ჯარისკაცებისთვის ზამთრის ეკიპირების შეგროვებას იწყებს

ნატო, უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვის თხოვნით, უკრაინის შეიარაღებული ძალების 200 000 სამხედრო მოსამსახურისთვის ზამთრის ეკიპირების შეგროვებას იწყებს.

საუბარია ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და კარვების კომპლექტებზე.

მედიის ცნობით, ეკიპირების მიწოდებას უკვე დასთანხმდა შეერთებული შტატები, კანადა, შვედეთი და ფინეთი. ეკიპირებისთვის გამოყოფილი თანხა ჯამში დაახლოებით 40 მილიონი ევრო იქნება.

წინასწარი მონაცემებით, ეს დაფარავს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებების დაახლოებით 50 პროცენტს. „დოიჩე ველეს“ ცნობით, გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ამ დახმარებაში მონაწილეობას მიიღებს გერმანიის შეიარაღებული ძალებიც.

_________________________

მთავარ ფოტოზე ბუნდესვერის ჯარისკაცები წვრთნის დროს.

ფოტოს წყარო: ბუნდესვერი / მაქსიმილიან შულცი

ტყვეების წამებაზე რუსი სამხედრო მამასთან ტრაბახობდა, ის ჟურნალისტებმა იპოვეს 

ჟურნალისტებმა იმ რუს სამხედროს მიაგნეს, რომელიც უკრაინის სპეცსამსახურების მიერ გავრცელებულ სატელეფონო საუბრებში ოჯახის წევრებთან ტრაბახობდა, როგორ ძარცვავდნენ, კლავდნენ და აწამებდნენ ხარკოვის ოლქის მცხოვრებლებს.

როგორც პროგრამა Схемы-ს გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, ის მე-15 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის ტანკისტი, 21 წლის სტანისლავ შტამოვია.

მამასთან ლაპარაკისას, სამხედრო ჰყვება, როგორ „მოაჭრეს ყური“ ერთ-ერთ სამხედრო ტყვეს:

„ორი ტყვე ავიყვანეთ, ერთს ყური მოვაჭერით, არ ლაპარაკობდა… ამას კიდევ არა უშავს, ნორმალურია, შუბლში ტყვია არ დაგვიხლია და ბეტეერით არ დაგვინაკუწებია. ეს კიდევ ნორმალურია, მსუბუქია… შეიძლებოდა, დაგვეყენებინა, ტყვიამფრქვევიდან მიგვეშვა და საცერივით გაეხადათ. ნუ, მაქსიმუმ, თითების დაჭრა შეიძლებოდა“.

სტანისლავ შტამოვის მამასთან საუბრის ფრაგმენტი/კადრი Схемы-ს მასალიდან

სტანისლავ შტამოვი მაროდიორობითაც ტრაბახობდა.

„ბიჭები დაზვერვაზე გავიდნენ, მოიტანეს ძეხვი, მაიონეზი, სალა… ხალხს ჩამოუარეს… იარაღი გვაქვს, ტანკები, ვინ რა ***ს გაგვიბედავს და თუ მაინც გაგვიბედავს – ერთი სახლით ნაკლები იქნება და იცხოვროს მერე ქუჩაში“.

ჟურნალისტებმა სატელეფონო საუბრებში აღწერილი ადგილმდებარეობით, ასევე მობილური ქსელების მონაცემებით დაადგინეს, რომ სამხედრო ხარკოვის ოლქში, სოფელ პესკი-რადკოვსკიში იმყოფებოდა.

მონაცემების დაზუსტების პროცესში Схемы-ს ჟურნალისტები დაუკავშირდნენ შტამოვს, რომელმაც მათ უთხრა, რომ 2 მაისს უკრაინაში დაიჭრა, ამიტომაც ახლა რუსეთშია. 21 წლის ტანკისტი თავიდან უარყოფდა სამხედრო დანაშაულებთან კავშირს, თუმცა შემდეგ აღიარა, რომ „ბრძანება იყო ასეთი“, მშვიდობიანი მოსახლეობის სახლებისთვის ესროლათ.

როდესაც რუსმა სამხედრომ შეიტყო, რომ მას „რადიო თავისუფლების“ უკრაინის ბიუროდან ურეკავდნენ, მუქარაზე გადავიდა: „თუ კიდევ ერთხელ დაურეკავ ვინმეს ჩემი ბრიგადიდან და ჩემი ბიჭებიდან, მოვალ და თავს გაგიხვრეტ, ნა*უი.“

მთავარ ფოტოზე: სტანისლავ შტამოვი/Схемы-ს კოლაჟი

ერთად ჩავატაროთ „ბიაფი“ – დაიწყო კამპანია ბათუმის კინოფესტივალის მხარდასაჭერად

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალმა, BIAFF-მა, კამპანია დაიწყო ფესტივალის ფინანსური მხარდაჭერისთვის.

#ერთადჩავატაროთბიაფი – ამ ჰეშთეგით ბათუმის კინოფესტივალი ერთგულ მაყურებლებსა და საავტორო კინოს გულშემატკივრებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი ბათუმში უკვე 17 წელია იმართება, თუმცა წელს პირველად, ამ დრომდე, ფესტივალს არ აფინანსებს არც ერთი სახელმწიფო სტრუქტურა. ფესტივალის მხარდამჭერი ამ დროისთვის მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის საელჩო და ორგანიზაციაა, სწორედ ამიტომ მიმართავს BIAFF-ი საზოგადოებას ფინანსური მხარდაჭერის თხოვნით.

„წელს, ბათუმის კინოფესტივალი თავისი ისტორიის მანძილზე, პირველად იმყოფება მსგავს ფინანსურ გასაჭირში. ფესტივალის მხარდამჭერების სიას გამოაკლდა ყველა სამთავრობო სტრუქტურა – საქართველოს კულტურის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი და ასევე, ჩვენდა გასაკვირად ფესტივალმა უარი მიიღო აჭარის კულტურის სამინისტროდანაც,“- წერს კინოფესტივალის მენეჯმენტი.

„ალბათ ყველა კინომოყვარული და ბათუმელი დაგვეთანხმება, რომ #BIAFF-ი აუცილებლად უნდა ჩატარდეს ბათუმში და ამას ერთად შევძლებთ!

აჭარის კულტურის სამინისტროსთან უშუალო კომუნიკაციისას გამოითქვა დაპირება, რომ მოხდებოდა არსებული ფინანსების გადახედვა და მცირე ფინანსური მხარდაჭერის მოძიება, თუმცა დღემდე ეს ვერ მოხერხდა.

ბათუმის მერიის მიერ ფესტივალების კონკურსში #BIAFF-მა 3 აგვისტოს შეიტანა ყველა საჭირო დოკუმენტაცია, მათ შორის, თანადაფინანსების წერილები – მერიისგან მოთხოვნილი თანხაზე (88 000 ლარი) უფრო მეტი თანადაფინანსება იქნა მოპოვებული საელჩოებისგან და ჩვენი უცხოელი პარტნიორებისგან (საშუალოდ 115 000 ლარი), რაც მნიშვნელოვანი პლუსია.

თუმცა, ამის მიუხედავად, ბათუმის მერიიდან გვაცნობეს, რომ ფესტივალების საკონკურსო ბიუჯეტი ამოიწურა, რადგან დაფინანსდა სხვა ფესტივალები და ბათუმის კინოფესტივალი ვერ დაფინანსდებოდა. ასევე, ნახსენები იყო, რომ შესაძლოა განიხილონ თანხის დამატება ფესტივალების კონკურსისთვის.

იმედი გვაქვს, ბათუმის მერია, რომელიც ფესტივალის დაარსების დღიდან უცვლელი პარტნიორია, წელსაც მხარს დაუჭერს #BIAFF-ის კინოფესტივალს, რომელიც გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ წარმოადგენს ბათუმის სავიზიტო ბარათს და კინომოყვარულებისთვის უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ღონისძიებას,“ – წერს კინოფესტივალის მენეჯმენტი.

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი ხელოვანთა სახლმა „არგანმა“ დააარსა 2006 წელს. იქიდან მოყოლებული ბათუმში კინოფესტივალი ყოველწლიურად იმართება და ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებაა, რომელიც ზაფხულის ტურისტული სეზონის დასასრულს ქალაქში იზიდავს ტურისტებს, კულტურის სფეროს წარმომადგენლებსა და საავტორო კინოს მოყვარულებს.

კინოფესტივალი საერთაშორისოა და 16 წლის განმავლობაში მას არაერთი ცნობილი რეჟისორი ესტუმრა. მათ შორის: იოს სტელინგი, აბას კიაროსტამი, ქშიშტოფ ზანუსი, ზბიგნევ რიბჩინსკი, მიხეილ კობახიძე და ა.შ.

 

  • როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ BIAFF-ს?

კინოფესტივალის მხარდასაჭერად თანხის ჩარიცხვისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ:

  • საბანკო ანგარიში. მიმღები – ა(ა)იპ „ბათუმის ხელოვანთა სახლი არგანი“
    საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერი – GE64BG0000000538117440
    დანიშნულებაში აუცილებლად ჩაწერეთ – „შემოწირულობა“
  • ფანდრაიზინგის ონლაინ პლატფორმა აქ შეგიძლიათ მარტივი რეგისტრაცია facebook-ის ანგარიშით და თანხის გადარიცხვა VISA/Mastercard ბარათით
  • Paypal გადარიცხვისთვის – biaffbatumi@gmail.com
  • Crypto / კრიპტო ანგარიში – კრიპტოს გადმორიცხვისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთ-ერთი ვარიანტი:
    USDT – TS4peK914jrCeV41tgbq1wDzLx81TYFRSP
    MATIC – 0x44fa17ee7a5ffb15fd9e5450437aeaa7e7a8997d

ბიაფის კინოფესტივალის პრომო მასალების/აბონემენტის შეძენა  [ბმულის გასახსნელად დაკლიკეთ]
1. ბიაფის მაისური – 45 ლარი
2. ბიაფის ჩანთა – 35 ლარი
3. ბიაფის აბონემენტი – 60 ლარი (აბონემენტის მფლობელს ექნება კინოსეანსზე დასწრებისთვის გარანტირებული ადგილი)
4. ბიაფის დახურვის ცერემონიაზე და ბანკეტზე დასწრების ვაუჩერი – 100 ლარი (1 პერსონაზე)

შეგიძლიათ მონიშნოთ რამდენიმე, თუ რამდენიმეს შეძენას აპირებთ – თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ზემოთ მითითებულ საბანკო ანგარიშზე, დანიშნულებაში ჩაწერთ, თუ რისი შეძენა გსურთ და შემდეგ გამოაგზავნით გადარიცხვის საბუთს ელ.ფოსტაზე – info@biaff.org.

___________________

ამ თემაზე:

რატომ არ დააფინანსეს BIAFF-ი? – „გადაწყვეტილება მიიღება პოლიტიკური მორჩილების მიხედვით“

ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე

დღეს, 6 სექტემბერს, აჭარაბეთ არენას გარე პერიმეტრზე მდებარე მონიტორზე ევრობასკეტის მატჩის ჩვენება გაიმართება.

საქართველო-ბულგარეთის კალათბურთელთა პრინციპული შეხვედრის ლაივსტრიმი 21:00 საათზე დაიწყება.

დასწრება უფასოა.

კალათბურთის მოყვარულებს და ფანებს საშუალება ექნებათ თამაშს ავტომანქანიდან უყურონ.

ჩვენებას უზრუნველყოფს შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“.

Exit mobile version