მთავარი,სიახლეები

ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ფიზიკური მთლიანობა რამდენჯერმე დაირღვა – სააგენტო

02.09.2022 • 905
ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ფიზიკური მთლიანობა რამდენჯერმე დაირღვა – სააგენტო

სააგენტო Reuters-ის ცნობით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი აცხადებს, რომ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის „ფიზიკური მთლიანობა რამდენჯერმე დაირღვა“, რაც აღარ უნდა განმეორდეს, თუმცა რაფაელ მარინო გროსის არ დაუკონკრეტებია, რომელმა მხარემ გამოიწვია ეს.

სააგენტოს დირექტორმა დასძინა, რომ სადგურზე ყოფნისას „უხერხულად ახლოს“ ისმოდა სროლისა და აფეთქებების ხმებიც:

„იყო მომენტები, როდესაც ცეცხლი ჩანდა კიდეც, ტყვიამფრქვევები, არტილერია – ორჯერ, სამჯერ, ვიტყოდი, რომ ნამდვილად ძალიან საგანგაშო იყო, ჩვენთვის, ყველასთვის“.

აესს-ის ექსპერტებმა გუშინ რამდენიმე საათი გაატარეს ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურში, რათა სადგურისთვის მიყენებული ზიანი და უსაფრთხოების სისტემები შეეფასებინათ.

როგორც უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნებულმა გროსიმ განაცხადა, მისიის რამდენიმე ექსპერტი ზაპოროჟიეში დარჩება.

„ჩვენ არსად მივდივართ. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო აქაა, სადგურზე, არსად მიდის, აქ დარჩება“.

უკრაინის სახელმწიფო კომპანიის „ენერგოატომის“ განცხადებით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებისთვის ძალიან რთული იქნებოდა სადგურზე არსებული რეალური სიტუაციის შეფასება, რადგან რუსებმა ისინი კრიზისცენტრში არ შეუშვეს.

„კრიზისცენტრშია სწორედ რუსეთის სამხედრო პერსონალი, რომელიც მისიას არ უნდა ენახა. ოკუპანტები ცრუობენ, ამახინჯებენ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებს მათი სროლებისგან მიყენებულ ზიანს,“ – ნათქვამია „ენერგოატომის“ განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ საერთაშორისო სააგენტოს მისიამ რუსეთს სადგურის დემილიტარიზაციისკენ არ მოუწოდა.

„მთავარი, რაც უნდა მოხდეს, ეს ტერიტორიის დემილიტარიზაციაა. ზუსტად ესაა უკრაინისა და საერთაშორისო საზოგადოების მიზანი და ცუდია, რომ ჩვენ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსგან საპასუხო მოწოდება არ მოგვისმენია. თუმც კი ვისაუბრეთ ამის შესახებ ბატონ გროსისთან კიევში შეხვედრისას. ეს იყო უსაფრთხოების მთავარი პუნქტი ჩვენი მოლაპარაკებისას,“ – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უსაფრთხოდ იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც: ტერიტორიიდან გავლენ რუსი სამხედროები; გაიტანენ იარაღსა და საბრძოლო მასალებს და შეწყვეტენ სროლასა და პროვოკაციებს ენერგოდარსა და მიმდებარე რაიონებში.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მისი და გროსის შეთანხმების თანახმად, მისიასთან ერთად სადგურზე უკრაინელი და საერთაშორისო ჟურნალისტებიც უნდა შესულიყვნენ, თუმცა რუსმა სამხედროებმა ისინი ტერიტორიაზე არ შეუშვეს.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია, მისი დირექტორისა და 13 ექსპერტის შემადგენლობით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გუშინ შევიდა.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა სამხედროებმა ქალაქ ენერგოდარის საცხოვრებელი კვარტალები და სადგურის მოედანი დაცხრილეს და ამაში უკრაინა დაადანაშაულეს.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსმა სამხედროებმა 4 მარტს დაიკავეს.

მთავარ ფოტოზე: ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე/ფოტო: ria.ru

გადაბეჭდვის წესი


ასევე: