ნეტგაზეთი • RU

როცა სახელმწიფო ქონებას ყიდულობ და თანხას რამდენიმე წელი არ/ვერ იხდი

როცა აჭარის მთავრობა აცხადებს, რომ კონკრეტული ქონება რამდენიმე მილიონად გაყიდა, არ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს მილიონები ბიუჯეტში იმავე წლის ბოლოს ან მომავალი წლის ბიუჯეტში მაინც აისახება. ზოგჯერ საპრივატიზებო თანხის გადახდის  ვალდებულებას 4 წლიანი ვადაც კი აქვს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ამ დროისთვის, სახელმწიფოს ვალი 39 ინვესტორს აქვს. მათ შორის არიან კომპანიები, რომლებიც ვალდებულებას მშენებლობის ნაწილში ასრულებენ, თუმცა საპრივატიზებო საფასური არ გადაუხდიათ. ისეთებიც, რომლებსაც საპრივატიზებო საფასურის გადახდის 2-3 წლიანი გრაფიკი სახელმწიფომ გაუწერა. ზოგჯერ საქმე ასეულობით ათას ლარს, ზოგჯერ კი მილიონებს ეხება.

489 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი კურორტ გოდერძიზე შპს „ციტრონ გრუპმა“ სახელმწიფოსგან 2020 წელს 96 500 ლარად იყიდა.  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან დადებული შეთანხმების მიხედვით, ეს თანხა 2021 წლის 1 დეკემბრამდე  უნდა გადაეხადა. თუმცა დღემდე ერთი თეთრიც არ გადაუხდია.

კომპანია კურორტზე ექვსსართულიან აპარტოტელს აშენებს და გაყიდვებიც დაწყებული აქვს.

სახელმწიფოს კომპანიისთვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება მხოლოდ 10 000 ლარად აქვს დაზღვეული.

გარდა ამისა, კომპანიას შეუსრულებელი ვალდებულების გამო პირგასამტეხლოს სახით 19 257 ლარი დაერიცხა. ამ თანხის გადახდა მოუწევს, თუ მომავალში „ინვესტორის ხელშეწყობის“ მოტივით მთავრობა აპატიებს, ეს მომავალში გამოჩნდება.

კომპანია სასტუმრო აპარტამენტებს აშენებს ასევე ბათუმში გრიგოლ ელიავას ქუჩაზე, ზღვასთან ახლოს. მშენებლობის ნებართვა კომპანიამ 2022 წლის ივლისში მიიღო. კომპანიის ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციით, გაყიდვები აქაც დაწყებულია.

ელიავას ქუჩაზე კომპანია ორ მიწის ნაკვეთს, ჯამში 2515 კვ.მეტრს ფლობს, ორივე ნაკვეთი „თიბისი ბანკში“ იპოთეკით აქვს დატვირთული. „ციტრონ გრუპი“ სასტუმრო აპარტამენტებს აშენებს ასევე ჩაქვში, ზღვასთან ახლოს. აქ კომპანია 1461 კვ.მეტრს ფლობს  და ეს ნაკვეთიც იპოთეკით აქვს დატვირთული, გაყიდვები აქაც დაწყებულია.

892 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი და შენობა ქობულეთში, ზღვასთან ახლოს შპს „ოლიმპი ჯგუფმა“ 2020 წელს იყიდა, კომპანიას საპრივატიზებო საფასურის სახით 840 000 ლარი 2020 წლის ივლისამდე, ეტაპობრივად 25/25% უნდა გადაეხადა. თანხა ბიუჯეტში ამ დრომდე არ შესულა. კომპანიას 2020 წლიდან დღემდე შეუსრულებელი ვალდებულებისთვის პირგასამტეხლოს სახით 99 060 ლარი დაერიცხა.

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დასაზღვევად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ამ შემთხვევაშიც 10 000 ლარიანი საგარანტიო დოკუმენტი აქვს მოთხოვნილი.

გარდა საპრივატიზებო საფასურის გადახდისა, კომპანიას გადაცემული შენობის გარემონტება-რეკონსტრუქცია და საზოგადოებრივი ობიექტის ამოქმედება ევალებოდა, ამ ყველაფრისთვის კი 500 000 ლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება ჰქონდა აღებული. შეუსრულებელი ვალდებულების პარალელურად კომპანიამ სხვა ნაკვეთზე, ქობულეთის სანაპიროზე, ზღვასთან ახლოს მრავალბინიანი კორპუსის აშენება მოახერხა.

სამინისტრო განმარტავს, რომ საპრივატიზებო თანხის გადაუხდელობის გამო გარანტია გამოითხოვა.

აჭარის მთავრობის მიერ პომპეზურად დაანონსებული ინვესტიცია ქობულეთში რომ არ სრულდება, ამაზე ცოტა ხნის წინაც წერდა „ბათუმელები“. ახლა კი სამინისტროდან გამოთხოვილი დოკუმენტებით გაირკვა ისიც, რომ კომპანიას, რომელმაც სახელმწიფოს ქონება 2019 წლის მარტში იყიდა, საპრივატიზებო საფასურის მხოლოდ ნაწილი აქვს გადახდილი. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ეს ვალდებულება 2019 წლიდან 2023 წლამდე გაუწერა, მთავარი საინვესტიციო პირობის – გოლფის მოედნის მოწყობის ვალდებულება კი 2031 წლამდე.

შპს „ეკოსთორიჯ 1“ – მა ადლიის დასახლებაში, სამრეწველო ზონაში 1313 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი 149 000 ლარად შეისყიდა. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად კომპანიას საფასურის მხოლოდ ნაწილი აქვს გადახდილი, საბოლოო დაფარვის ვადად კი 2022 წლის 19 სექტემბერი მიუთითეს. კომპანიამ სამრეწველო მასალების საწარმოს გახსნისა და ამისთვის 200 000 ლარის ინვესტიციის ვალდებულება აიღო – ვალდებულების შესრულების საბოლოო ვადად კი 2025 წელი განუსაზღვრეს.

შპს „ამბასადორი ბათუმმა“ ჭოროხის ქუჩის მიმდებარედ ორი ნაკვეთი, ერთ ჰექტარზე მეტი [ 13 642 კვ.მ] მიწა შეისყიდა 1 მილიონ 650 000 ლარად. 2021 წელს კომპანიამ ამ თანხის ნაწილი გადაიხადა, საბოლოო საფასური კი 2022 წლის დეკემბერში უნდა დაფაროს.

2021 წელს სამრეწველო ზონაში სახელმწიფოსგან ერთ ჰექტარზე მეტი 1 მილიონ 500 000 ლარად შეისყიდა შპს „RASEBETONI“-მა კომპანიას საფასური 2023 წლის 1 სექტემბრამდე გაუნაწილეს.

„ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის პირგასამტეხლოსგან გათავისუფლებისა და ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი ვადის მიცემის წესის განსაზღვრის თაობაზე“ დადგენილებაში ცვლილებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ 2022 წლის 28 ივლისს მოაწერა ხელი.

ცვლილების მიხედვით, ინვესტორებს, რომლებიც 2022 წლის 31 დეკემბრამდე მიმართავენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, პრივატიზებულ, სარგებლობაში ან მართვის უფლებით გადაცემულ ქონებაზე ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარიცხული [დასარიცხი] პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების მოთხოვნით და უზრუნველყოფენ საბანკო გარანტიის ვადის გაგრძელებას, მთავრობა მისცემს დამატებით ვადას და გაათავისუფლებს პირგასამტეხლოსგან.

კიდევ 30 თვე ვალდებულების შესასრულებლად – შეღავათები ინვესტორებს

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი