მთავარი,სიახლეები

„ქალი კაცის პრიზს ვერ აიღებს“ – მერიის თასი და დისკრიმინაცია ჭადრაკში

06.09.2022 •
„ქალი კაცის პრიზს ვერ აიღებს“ – მერიის თასი და დისკრიმინაცია ჭადრაკში

„ქალი კაცთა პრიზს  ვერ აიღებს“ – მოჭადრაკე თამარ ესაძემ ფეისბუქზე დაწერა, რომ ასე უთხრეს საჭადრაკო ფესტივალზე, „ბათუმის მერიის თასზე“. მან ღია ჩემპიონატზე მეორე ადგილი მოიპოვა, თუმცა ქალებისთვის გათვალისწინებული საპრიზო თანხა შესთავაზეს, გაცილებით ნაკლები, რასაც მისი პროტესტი მოჰყვა.

„მთლიანი ოფენ ტურნირის მეორე ადგილი დავიკავე  (სადაც პრიზი იყო 1300 ლარი) და დამაჯილდოვეს, როგორც ქალთა 1 ადგილზე გასული (პრიზი 900 ლარი). ოფიციალური დებულების მიხედვით (რომელიც კვლავ უცვლელად უდევთ ოფიციალურ საიტზე) მეკუთვნოდა, რომ დავჯილდოვებულიყავი, როგორც მთლიანი ტურნირის მეორე ადგილოსანი.

როდესაც დავიწყე გასაჩივრება და მივმართე ორგანიზატორს, მითხრეს, რომ მთავარმა მსაჯმა ეს გამოგვიცხადა პირველი ტურის დაწყებამდე, რომ ქალი კაცთა პრიზს ვერ აიღებდა.

გთხოვთ მითხარით რომელიმე ქვეყანაში ხდება ასეთი რამ?…

…ნუთუ ეს ქალთა უფლებების დარღვევა არ არის? რას ნიშნავს ქალს არ შეუძლია მამაკაცთა პრიზის აღება?“ – დაწერა თამარ ესაძემ ფეისბუქზე [სტილი დაცულია].

მოჭადრაკის პოსტი ათობით ადამიანმა გააზიარა, თუმცა მოგვიანებით მან ეს ტექსტი წაშალა და ფეისბუქზე დაწერა, რომ  პრეტენზიები აღარ აქვს, რადგან „იყო ხარვეზი, რომელიც ორგანიზატორებმა აღმოფხვრეს“.

რა მოხდა ბათუმის მერიის თასის ღია ჩემპიონატის დაჯილდოებაზე? „ბათუმელები“ თამარ ესაძესთან გასაუბრებას შეეცადა, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს და შეტყობინებას არ უპასუხა.

თამარ ესაძე გამონაკლისი არ არის. ბათუმში გამართულ საჭადრაკო ფესტივალზე ქალების და კაცების საპრიზო ფონდი რომ განსხვავდებოდა, ამას ადასტურებს დებულებაც.

ასე გამოიყურება საპრიზო ფონდი. ამონარიდი დებულებიდან.

„ბათუმელები“ ღია ჩემპიონატის ერთ-ერთ ორგანიზატორს, საჭადრაკო კლუბი „ნონას“ ხელმძღვანელს, გია ჭანტურიას ესაუბრა. იგი ამბობს, რომ რომ საპრიზო თანხის გაცემას „გაუგებრობები მოჰყვა“, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს.

„ამ ბავშვმა [საუბარია თამარ ესაძეზე] მამაკაცების პრიზი მოიპოვა, თუმცა იმ მომენტში შესწორება არაფრით არ შეიძლებოდა და მერე გასწორდა ეს ხარვეზი, 2 დღეში“- გვითხრა მან, თუმცა ვერ დაგვიზუსტა, რა ტიპის ხარვეზზე იყო საუბარი.

დეტალებზე არც ტურნირის მთავარი მსაჯი, მარიკა ჯაფარიძე საუბრობს. გია ჭანტურიას მსგავსად, ისიც აღნიშნავს, რომ „ხარვეზი იყო და მალევე გამოსწორდა“.

ჰქონდა თუ არა ადგილი გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას? – კითხვას მარიკა ჯაფარიძე ასე პასუხობს:

„ღია ტურნირს რასაც ეძახიან და რაც გაიმართა ახლა ბათუმში, ასეთ ტურნირებში კაცებსა და ქალებსაც აქვთ თანაბრად მონაწილეობის უფლება. თუმცა თუ ქალი ვერ აიღებს მთავარ პრიზს, მას შეუძლია აიღოს ქალებისთვის დაწესებული პრიზი.

ქალებს შეუძლიათ მოიპოვონ კაცების პრიზი, დაამტკიცონ, რომ შეუძლიათ მამაკაცთა ჩემპიონატის მოგება და აიღონ იგივე თანხა, რაც კაცებისთვის არის დაწესებული. მაგრამ თუ ამას ვერ მოიპოვებენ, მათ აქვთ დამატებითი პრიზები“ – ამბობს მარიკა ჯაფარიძე.

საჭადრაკო კლუბ „ნონას“ ხელმძღვანელი გია ჭანტურია ამბობს, რომ საქართველოში ქალები ბევრად უფრო ძლიერნი არიან ჭადრაკში, მაგრამ მსოფლიო რეიტინგში მაინც კაცები ლიდერობენ და მსოფლიო პრაქტიკაც ასეთია პრიზების გადანაწილების დროს.

„მე მსოფლიოს ვერ გამოვასწორებ და ვერც ფიდეს. მათი გადაწყვეტილებით ხდება ასე“ –  გვითხრა მან, თუმცა იგი მიიჩნევს, რომ ჭადრაკში ქალისა და კაცის საპრიზო თანხები უნდა გათანაბრდეს:

„მე, პირადად, მიმაჩნია, რომ კაცების და ქალების საპრიზო თანხები უნდა გათანაბრდეს და  მომავალში ვაპირებ კიდეც, რომ მივმართო ყველა შესაბამის უწყებას, მათ შორის მერიასაც, რომ დებულებებში შევიდეს ცვლილება და თუ მთლად არ გათანაბრდება, მივუახლოოთ მაინც ერთმანეთს ქალების და კაცების პრიზი, თუ ამისი ნება და ფინანსური მხარდაჭერა იქნება“.

„ბათუმელები“ ესაუბრა მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილს, საერთაშორისო დიდოსტატს მამაკაცთა შორის, საქართველოს ოთხგზის ჩემპიონს ჭადრაკში ქალთა შორის, რომელიც არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია. იგი მიიჩნევს, რომ ჭადრაკში ქალებისა და კაცების არათანაბარი ანაზღაურება შრომითი დისკრიმინაციის ნაწილია.

„ეს არის დისკრიმინაციული, რადგან ტიტული ერთია, შრომა თანაბარია, მაგრამ ანაზღაურება – არა. ადრე უფრო დიდი განსხვავება იყო საპრიზო თანხებს შორის, ნელ-ნელა აიწია თანხამ, თუმცა მაინც არ არის გათანაბრებული.

სპონსორებიც უფრო მეტი ჰყავთ კაცებს ჭადრაკში, ვიდრე ქალებს და ეს იწვევს უთანასწორობას. მთელი სისტემაა ასეთი. ვიბრძვით, მაგრამ ჯერ-ჯერობით არაფერი არ გამოდის.

ბათუმის ტურნირზე, მიუხედავად იმისა, რომ იყო ღია, სადაც ყველას შეეძლო მონაწილეობა და მთავარი პრიზის აღება, აქაც კი შექმნეს პრობლემა. შემდეგ, როცა ხმაური ატყდა ამაზე, თქვეს, რომ იყო ხარვეზი.

ზოგადად, ჭადრაკში ქალებსა და კაცებს შორის ანაზღაურებაში არის უთანასწორობა და დღეს ქალები ვიბრძვით, რომ ეს უთანასწორობა აღმოიფხვრას“ – ამბობს ნინო ბაციაშვილი.

მას Chess World Cup 2021-ი მაგალითიც მოჰყავს, სადაც საპრიზო თანხა კაცებში იყო 110 ათასი დოლარი, ქალებში კი – 50 ათასი დოლარი.

„მსოფლიო ჩემპიონატებზე არის შემთხვევა, როცა კაცების საპრიზო ფონდი ორი მილიონი დოლარია, ქალებში კი შეიძლება ნახევარი მილიონი ან უფრო ნაკლები იყოს. კოლოსალური განსხვავებაა, არა?!“ – ამბობს ის.

ნინო ბაციაშვილი ამჟამად პოლონეთში იმყოფება, სადაც პოლონეთის უმაღლესი ლიგა ტარდება საკლუბო ჩემპიონატში.

„ყოველთვის არის საუბარი იმაზე, რომ ქალებისთვის საპრიზო თანხები გაზარდონ, თუმცა ფიდე არ ათანაბრებს. მაგალითად, საქართველოს ჩემპიონატში ქალების და კაცების საპრიზო თანხები გათანაბრებულია, „ნონას თასი“ ტარდება ასევე, სადაც მეტ-ნაკლებად გათანაბრებულია კაცის და ქალის საპრიზო თანხა, თუმცა გლობალურად, მაინც დიდი სხვაობაა ქალების და კაცების საპრიზო თანხებში.

თითქოს შენ არ შრომობ და არ იმსახურებ“ – ამბობს მოჭადრაკე.

შეიძლება თუ არა ჩაითვალოს გენდერულ დისკრიმინაციად, როცა ქალი და კაცი მოჭადრაკეების საპრიზო თანხა განსხვავდება? – ვკითხეთ „ქალები ევროპული მომავლისთვის“ ხელმძღვანელს, გენდერის სპეციალისტ იდა ბახტურიძეს.

მისი თქმით, არა მარტო საქართველოში, საერთაშორისო დონეზეც, სპორტშიც, ისევე, როგორც სხვა სფეროებში, დრამატული განსხვავებაა ქალი სპორტსმენებისთვის დახარჯულ რესურსებსა და კაცებისთვის დახარჯულ რესურსებს შორის და ამაზე თავად სპორტსმენებიც საუბრობენ.

„გენდერული სტერეოტიპებით არის განპირობებული ის, რომ ერთსა და იმავე შრომაში ქალსა და კაცს უხდიან განსხვავებულად და განსხვავებულად აფასებენ ქალის შრომას, მაგრამ ძალიან უცნაურია ჩემთვის, როცა ეს ეხება საპრიზო ფონდსაც. ეს შემთხვევა, რაზეც თქვენ საუბრობთ, თუკი მართლაც ასეა, კიდევ უფრო სხვა ხარისხში აჩვენებს გენდერულ დისკრიმინაციას.

დებულებების, კანონმდებლობის დონეზეა ეს საკითხი შესასწავლი, რადგან არის შემთხვევები, როცა კანონმდებლობა გენდერულად ნეიტრალურია, მაგრამ პრაქტიკაში შეიძლება სხვანაირად ხდებოდეს.

თუ საპრიზო ჯილდოს რაოდენობაც დებულებების დონეზეა განსხვავებული, მაშინ ჩემი აზრით, ეს არის დისკრიმინაცია და ადამიანის უფლებათა დამცველებს შეგვიძლია ეს დებულებები გავასაჩივროთ, რომ შეიცვალოს ასეთი დისკრიმინაციული ჩანაწერები“ – ამბობს იდა ბახტურიძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: