მთავარი,სიახლეები

„შიმშილისგან ცუდად გავხდი… არ მინდა ჩემი შვილები ქუჩაში გაიზარდონ“ – უსახლკარო კაცი 

30.08.2022 • 3711
„შიმშილისგან ცუდად გავხდი… არ მინდა ჩემი შვილები ქუჩაში გაიზარდონ“ – უსახლკარო კაცი 

„ვითხოვ, სადმე ერთ პატარა ადგილს, სადაც შვილებთან ერთად ვიცხოვრებ, სოფელშიც წავიდოდი სიამოვნებით…“ – ამბობს აკაკი დავითაძე, რომელიც საცხოვრებლით დაკმაყოფილების მოთხოვნით დღესაც მივიდა აჭარის მთავრობაში, თუმცა მას თორნიკე რიჟვაძე არ შეხვდა.

აკაკი დავითაძის სოციალური გასაჭირის შესახებ „ბათუმელები“ ადრეც წერდა – ის 6 წლიდან ქუჩაში იზრდებოდა. ახლა მას ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. აკაკის ოჯახი ბათუმში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, თუმცა იმის გამო, რომ ოჯახი ქირის გადახდას ვერ ახერხებდა, აკაკი ისევ ქუჩაში დარჩა.

აკაკი დავითაძის ოჯახის შემოსავალი მხოლოდ სოციალური შემწეობაა – თვეში 440 ლარი.

„ბენზინით მივედი მთავრობასთან, თავს ვიწვავდი და იმდენი პოლიციელი მოგროვდა, ვიფიქრე, იქეთ არ დამაკავონ-მეთქი,“ – გვიყვება აკაკი დავითაძე. -„მთავრობის აპარატიდან მხოლოდ თენგიზ ნაკაშიძე შემხვდა. მითხრა, რომ ღამის თავშესაფარში შემიძლია ვიცხოვრო, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ ვიცხოვრო თავშესაფარში, დღისით სად წავიდეთ? [თავშესაფარს დღისით იქ მცხოვრებლები ტოვებენ], ეკომიგრანტი არ ხართ, არც დევნილი, უსახლკარობა არაა სტატუსი და ასე ვერაფრით დაგეხმარებითო.

მერე პოლიციის მე-3 განყოფილებაში გადამიყვანეს და დამაწერინეს ხელწერილი, რომ პირველ სექტემბრამდე დაველოდები მთავრობის პასუხს, შიმშილისგან ცუდად გავხდი და კლინიკა „მედცენტრში“ გადამიყვანეს, ნაჭამიც არაფერი მქონდა, გადასხმას მიკეთებენ ახლა.

გასულ წელს, როცა ჩემ შესახებ დაწერეთ, ერთი სოფლიდან დამირეკეს, იქ მითმობდნენ სახლს, მაგრამ სკოლა არ იყო იმ სოფელში, ძალიან შორ მანძილზე როგორ ევლოთ ბავშვებს სკოლაში? რომელიმე სოფელში, სადაც გზაც არის და სკოლაც, წავიდოდით სიამოვნებით. უფროსი შვილი 12 წლისაა უკვე, პატარა – 10 წლის. ახლა ჩემი ცოლის ოჯახში არიან ბავშვები.

ხან სად ვათენებ ღამეს და ხან – სად. ბულვარშიც გავათენე რამდენჯერ. ბინის ქირას თვეში 400 ლარს ვიხდიდით, მაგრამ ბოლო 5 თვე ვერ გადავიხადე და აღარ გვიშვებენ ბინაში,“ – გვითხრა აკაკი დავითაძემ.

აკაკი დავითაძე ვერც მუშაობას ახერხებს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო:

„პროფესიული განათლება მაქვს, რესტორანში დამასაქმეს და მიმტანად ვმუშაობდი, მაგრამ ბოლო 5 თვე ვეღარ ვმუშაობ, გონებას ვკარგავ ხშირად, ვითიშები…“, – აღნიშნა „ბათუმელებთან“ აკაკი დავითაძემ.

აჭარის მთავრობის პრესცენტრში ვერ გვითხრეს, კონკრეტულად რით დაეხმარებიან აკაკი დავითაძეს. პრესცენტრის განმარტებით, ბოლო წერილობითი მიმართვით მოქალაქე ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვს და მას უახლოეს დღეებში შეახვედრებენ აჭარის მთავრობაში შესაბამისი კომპეტენციის მქონე თანამდებობის პირს.

ამ თემაზე:

გასულ წელს მოვიფიქრე, თირკმელს გავყიდი-მეთქი – არ მინდა, ჩემი შვილებიც ქუჩაში დარჩნენ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: