მთავარი,სიახლეები

რა ღირს თხილი დღეს და გაიზრდება თუ არა ფასი

03.09.2022
რა ღირს თხილი დღეს და გაიზრდება თუ არა ფასი

თხილის კრეფის სეზონი სრულდება. მეთხილეები ამბობენ, რომ თხილის ფასი წელს განსაკუთრებით დაბალია. მაგალითად, ქობულეთში ახალ თხილს, ხარისხის მიხედვით, ფერმერები ერთ კილოგრამს, საშუალოდ, 2.5 – 4 ლარად აბარებენ.

„თუ გასულ წელს ევროპის ქვეყნებში კომპანიები გვიკვეთავდნენ 10 მანქანის დამზადებას, ახლა გვეუბნებიან, რომ მხოლოდ 2 მანქანა უნდათ… ჩემი გათვლებით, თხილის ფასი არ გაიზრდება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბადრი ლორჩოშვილმა, ის თხილის ექსპორტიორი კომპანია „ნათს ელის“ ხელმძღვანელია და სენაკში იბარებს თხილს. ამ კომპანიას უკვე წლებია ევროპის ქვეყნებში გააქვს ქართული თხილი.

„ხარისხიან თხილს საშუალოდ 5 ლარად ვიბარებთ, დაბალხარისხიანი ორლარ-ნახევარიც ღირს, სამლარ-ნახევარი… გასულ წელს დაახლოებით 6 ლარი იყო კარგი თხილის ფასი. ფასი შემცირდა, მაგრამ ამას განაპირობებს სხვადასხვა ფაქტორი: ევროპის ქვეყნებშიც მოთხოვნა თხილზე შემცირდა და ქართულ თხილში 5 დოლარსაც კი, აღარ იხდიან.

მთავარი ფაქტორი ომია – ევროპელები დღეს აღარ იხდიან იმ თანხას თხილში და თხილისგან დამზადებულ პროდუქტებში, რასაც ომამდე იხდიდნენ,“ – თავისი ვერსია გაგვიზიარა თხილის ექსპორტიორმა ბადრი ლორჩოშვილმა, როცა მას ვკითხეთ: ძირითადად, რის გამო იაფდება თხილი საქართველოში?

ექსპორტიორის დაკვირვებით, თხილის გაიაფების კიდევ ერთი მთავარი მიზეზი თურქეთში თხილის ჭარბი მოსავალია, რომელიც მსოფლიო ბაზარზე თხილის ძირითადი მიმწოდებელია.

„ნახეთ, როგორ არის: სულ სჭირდება მსოფლიოს დაახლოებით 900 ათასი ტონა თხილი, წელს კი, მხოლოდ თურქეთს აქვს 850 ათასი ტონა თხილის მოსავალი. მსოფლიოში წელს თხილის მოსავალი დაახლოებით მილიონ 200 ათასი ტონაა.  თურქეთში ქართული თხილი არ შედის, აკრძალულია. ევროპაში ბევრ კომპანიას კი, ისევ თურქეთში ურჩევნია თხილის შეძენა, რადგან მისი გამოსავლიანობა დაახლოებით 52 პროცენტია, ჩვენთან – 40 %.

ჩვენი თხილიც ხარისხიანია, აკმაყოფილებს ხარისხის ყველა სტანდარტს, რასაც ევროპის ქვეყნებში ითხოვენ, მაგრამ ფაქტია, რომ მოთხოვნა შემცირდა,“ – გვითხრა ბადრი ლორჩოშვილმა.

ის მიიჩნევს, რომ თუკი საქართველოში ფერმერები სათანადო აგროწესებით და რაოდენობით შეწამლავენ თხილის ბაღებს, ხარისხიან მოსავალს მიიღებენ და თხილის რეალიზებაც პრობლემა არ იქნება.

„ფაროსანაც იყო, შეწამვლითაც მასობრივად უნდა შეიწამლოს რამდენჯერმე, რომ ამას ეფექტი ჰქონდეს. თხილი უკვე გამხმარია ისეთი მზიანი ამინდია ყველგან, შესაბამისად, ეს ფასი აღარ გაიზრდება,“ – დასძინა ბადრი ლორჩოშვილმა „ბათუმელებთან“.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: