განათლება,მთავარი,სიახლეები

საქართველოში უნივერსიტეტები სოციალურ თავშესაფრად იქცა – ინტერვიუ

12.08.2022 • 4949
საქართველოში უნივერსიტეტები სოციალურ თავშესაფრად იქცა – ინტერვიუ

განათლების სამინისტრომ არათუ არ დაამტკიცა უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების სტრატეგია, ჯერ განხილვაც კი არ დაუწყია. არადა, ახალი სტრატეგია გასული წლის დეკემბერში უნდა შესულიყო ძალაში. რატომ ვერ ტარდება უმაღლესი განათლების რეფორმა, რას აფუჭებს სახელმწიფო და რა ზიანი ადგება ამით სტუდენტებს, ლექტორ-მასწავლებლებს და ქვეყანას? – ამ პრობლემაზე „ბათუმელებთან“ ერაზმუს +ის ყოფილი ხელმძღვანელი, ლიკა ღლონტი საუბრობს.

  • ქალბატონო ლიკა, თქვენ 16 წელია, რაც განათლების პოლიტიკაზე მუშაობთ. ჩართული იყავით განათლების რეფორმების სამოქმედო გეგმის შემუშავებაშიც. პირადად თქვენ რაში ხედავთ მთავარ პრობლემას, რა ნაკლი აქვს ქართული უმაღლესი განათლების სისტემას, რა არის შესაცვლელი? რადგან უკვე ტენდენციაა, ახალგაზრდების უცხოეთში წასვლა სასწავლებლად.

აქ უნდა განვასხვაოთ ორი მნიშვნელოვანი ასპექტი. ის, რომ სტუდენტებს და მათ მშობლებს უნდათ ახალგაზრდებმა განათლება უცხოეთში მიიღონ, ეს არ არის პირდაპირი ინდიკატორი იმის, რომ განათლების დაბალი ხარისხია ქვეყანაში. ეს უკავშირდება ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას, რადგან დასაქმების პერსპექტივებზე ფიქრობენ ადამიანები და ძალიან ბევრი საზღვარგარეთ სწავლებას იყენებს როგორც ტრამპლინს, შესაძლებლობას, რომ დასაქმდეს საზღვარგარეთ.

ამის ცალკე სიღრმისეული კვლევა არ არის, მაგრამ ჩემ ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანისგან გამიგია, მათ შორის, აკადემიურ სფეროში დასაქმებულებისგან, რომ „აი, ბავშვებს გავაგზავნით საზღვარგარეთ, იქ ისწავლიან, იმუშავებენ და შემდეგ ჩვენც მათ მივყვებით და გადავალთ“.

ეს არის ეკონომიკური, გნებავთ, პოლიტიკური ვითარების გარკვეული გამოძახილი. შეიცვალა ტენდენციაც, რადგან თუ ადრე ძირითადად მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურზე მიდიოდნენ უცხოეთში სასწავლებლად, ახლა ოჯახები, ვისაც აქვს შესაძლებლობა, ცდილობენ ბაკალავრიატის საფეხურზე გააგზავნონ სასწავლებლად შვილები საზღვარგარეთ. ვიცით, რომ როცა ამ საფეხურზე იწყებ სწავლას საზღვარგარეთ, შენი სოციალიზაცია უკვე იმ ქვეყანაში ხდება და მერე შეიძლება არათუ მუშაობა, დაბრუნებაც კი გაგიჭირდეს საქართველოში.

რიგ შემთხვევებში, არათუ უნივერსიტეტებში, სკოლის ბოლო კლასებსაც კი უფინანსებენ შვილებს, რომ საზღვარგარეთ ისწავლონ ბავშვებმა. ეს მთლად მასობრივი მოვლენა არ არის, რადგან დიდ ფინანსურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული და ყველა ოჯახს ამის საშუალება არ აქვს, მაგრამ განათლების ხარისხის გარდა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არის საქართველოდან წასვლის სურვილი და ეს უფრო საგანგაშოა, ვიდრე მხოლოდ განათლების დაბალი ხარისხი.

ეს არის საერთო ტენდენციის ნაწილი, რომელიც მიგრაციის თემას უკავშირდება და მტკივნეულია, რადგან უკვე ინტელექტუალური ფენის გადინებაზეა საუბარი.

მეორე თემა, რომელიც ასევე პრობლემატურია, ბუნებრივია, განათლების ხარისხს უკავშირდება. თუმცა მე გენერალიზაციისგან აქაც თავს შევიკავებ, მიუხედავად იმისა, რომ უკიდურესად კრიტიკულად ვარ განწყობილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებისადმი, ერთ ქვაბში მაინც არ ჩავყრი ყველა უნივერსიტეტს, რადგან მთელ რიგ უნივერსიტეტებში არსებობს ძალიან მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნება საერთაშორისო ბაზარზე. ამის დასტურია ის საერთაშორისო აკრედიტაციები, რაც მიღებული აქვთ ამ პროგრამებს. მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურზე, დამერწმუნეთ, მხოლოდ მეგობრული ურთიერთობების ან იმის გამო, რომ რაღაც კოჭი გაგვიგორონ, ევროპული და ამერიკული უნივერსიტეტები აკრედიტაციას არ მოგვცემენ.

ასე, რომ ბოლო წლების რეფორმებმა გარკვეულ სფეროებში ნამდვილად დადებითი შედეგი გამოიღო. მაგრამ, ეს არ არის საერთო მდგომარეობის მაჩვენებელი, ძალიან ჰეტეროგენული ვითარებაა, 64 უმაღლესი სასწავლებელია საქართველოში თუ საპატრიარქოს სასწავლებლებსაც მივათვლით, ამდენი სასწავლებელი, უნივერსიტეტი ვერ იქნება თანაბრად კარგი ხარისხის.

მთავარი პრობლემაა ის, რომ ქვეყანაში უმაღლეს განათლებას და მეცნიერებას უყურებენ არა როგორც ინტელექტუალური პოტენციალის განვითარების საშუალებას, არა როგორც ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარების საშუალებას, არამედ როგორც სოციალურ თავშესაფარს. ქვეყნისთვის, პოლიტიკოსებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლის კურსდამთავრებულები არ დარჩნენ ქუჩაში და ყველამ თავი შეაფაროს ამა თუ იმ უნივერსიტეტს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ უნივერსიტეტებში ხალხი იყოს დასაქმებული.

რომ შევხედოთ იგივე რეგიონულ უმაღლეს სასწავლებლებს, როგორ წესი, ისინი ყველაზე დიდი დამსაქმებლები არიან, ადმინისტრაციაში ხშირად ნახავთ დუბლირებად ადმინისტრაციულ ერთეულებს – ხალხის პენსიაში გაშვება არ უნდათ. დღეს უნივერსიტეტები დასაქმების თავშესაფარია და განათლებას, მეცნიერებას სამწუხაროდ აქვს სოციალური ფუნქცია.

არ შენდება კონკურენტუნარიანი სისტემა, რადგან ამის ფინანსური საშუალება არ არის, ფინანსური რესურსები რომ მობილიზდეს, მაშინ 64 უმაღლესის შენახვას ვერ მოახერხებს ქვეყანა, მკვეთრად უნდა შემცირდეს სასწავლებლების რაოდენობა, ეს კი პოლიტიკურად ძალიან არამომგებიანი ნაბიჯია. არა მგონია, უახლოეს წლებში რომელიმე ხელისუფლებამ ეს გაბედოს, რადგან ეს გამოიწვევს უმუშევრობის ტალღის გაზრდას აკადემიურ სფეროებში და ეს არავის არ აწყობს.

  • თქვენ შეეხეთ კომპლექსურ პრობლემას, სადაც პრობლემის ერთ-ერთი მთავარი რგოლი პოლიტიკური ნების არქონაა – სკოლებს, უნივერსიტეტებს ხელისუფლება ყოველთვის იყენებს ადმინისტრაციულ რესურსად არჩევნების დროს. მეორე მხრივ, რა დააშავეს იმ ახალგაზრდებმა, რომლებსაც ხარისხიანი განათლების მიღება სურთ საკუთარ ქვეყანაში, რატომ უნდა გადაიხადონ თუნდაც 2500 ლარი იმაში, რაც არ გამოგადგება კარგი ცხოვრების მოწყობაში?

ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რადგან საზღვარგარეთ წასვლის საშუალება ყველას არ აქვს. ყველა ვერ წავა აქედან. უმაღლესი განათლების მიღების მოთხოვნა კი ყოველთვის იქნება ამ ქვეყანაში.

მდიდარი ხალხის და ჩინოვნიკების შვილები საქართველოშიც კერძო სკოლებში სწავლობენ. ესეც იმის კარგი ინდიკატორია, რომ ხელისუფლება არ ენდობა საჯარო განათლების სექტორს.

ახალგაზრდაც იმიტომ მიდის უნივერსიტეტში, რომ პირველი – არ უნდა ქუჩაში იყოს, მეორე – სჭირდება სოციალიზაცია, მეგობრების შეძენა და ასევე, არსებობს იმის თეორიული იმედი, რომ შეიძლება სულაც არ იყოს წყალში გადაყრილი მისი განათლება. მთელ რიგ შემთხვევებში ეს მართლაც ასეა. ნაწილი უნივერსიტეტებისა, მართლა უკეთესი ხარისხის განათლებას იძლევა, ვიდრე ეს იყო რამდენიმე წლის წინ.

ეს არ არის თანაბარი პროცესი და ყველა უნივერსიტეტზე ამას ნამდვილად არ ვიტყვი. ის კი არა, უნივერსიტეტის შიგნითაც კი, მთელი რიგი საგანმანათლებლო პროგრამები და ფაკულტეტები მკვეთრად განსხვავებულია ერთმანეთისგან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია.

ხარისხის თემას თუ დავუბრუნდებით, აქ დაფინანსების ნაკლებობაა მნიშვნელოვანი პრობლემა, რადგან წარმოუდგენლად დაბალი დაფინანსება აქვთ მეცნიერებს. ეს სავალალოა, რადგან პროფესორი, რომელიც არ არის კვლევაში ჩართული და არაფერს იკვლევს თანამედროვე თემატიკაზე,  სტუდენტებს ვერ დაელაპარაკება ხარისხიანად და ვერც დოქტორანტის ადეკვატური ხელმძღვანელი იქნება, რაც არ უნდა კარგი ყოფილიყო წარსულში.

ის მწირი დაფინანსებაც კი, რაც ეძლევათ, მთელ რიგ შემთხვევებში, ვერ გამოიყენება სათანადოდ, რადგან ამ შემთხვევაშიც სახელმწიფო უნივერსიტეტებს ძალიან შეზღუდული აქვთ ამ ფულის გამოყენების შესაძლებლობები. არიან ხაზინაზე, ტენდერებზე დამოკიდებული, არ არის არანაირი მოქნილი მექანიზმი. რიგ შემთხვევებში იკარგება დრო და ნერვები იმისთვის, რომ ეს მწირი დაფინანსებაც კი ადეკვატურად იყოს გამოყენებული.

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წელს მსოფლიო კვლევითი დაწესებულებების რანჟირების სისტემაში (SCImago Institutions Rankings) საქართველოდან პირველ ადგილს იკავებს. წინა წელს მათი მეცნიერები ყველაზე ციტირებადი მეცნიერების სიაშიც მოხვდნენ. როგორ ხდება ეს, რომ თითქოს წარმატებულია კონკრეტული უნივერსიტეტი, მაგრამ სტუდენტი შეიძლება მაინც უკმაყოფილო იყოს განათლების ხარისხით?

რანჟირებაზე როცა ვსაუბრობთ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან რანჟირების სხვადასხვა სისტემაა: ზოგ შემთხვევაში შეიძლება თსუ იყოს პირველ ადგილზე, ზოგან ილიაუნი და ზოგან კიდევ ტექნიკური უნივერსიტეტია პირველ სამეულში. თუმცა რეალობაში, რანჟირების სისტემებიც ძირითადად სამეცნიერო მიღწევებს ასახავს, რაც ჩვენ ძალიან გვიჭირს.

ის, რომ საქართველოში, ვთქვათ, ილიაუნი რაღაც ნაწილში პირველია და შეიძლება სამხრეთ კავკასიაშიც იყოს მოწინავე, ბევრს არ ნიშნავს, რადგან სამხრეთ კავკასია სამეცნიერო სიახლეებით და ინოვაციებით გამორჩეული რეგიონი არ არის. ასე, რომ აზერბაიჯანთან ან სომხეთთან შედარებით თუ უკეთესი შედეგები გვაქვს, ეს არ ნიშნავს, რომ ევროპის ან აზიის წამყვან უნივერსიტეტებთან კონკურენცია შეგვიძლია და ეს შეაჩერებს ჩვენგან სტუდენტების გადინებას. სამწუხაროდ, ასე არ არის.

ჩვენ მეცნიერებაში გვჭირდება ბევრად მეტი ფული, ათჯერ მეტი იმაზე, ვიდრე გამოყოფილია. საჭიროა მოქნილი მექანიზმები ამ თანხის გამოყენებისთვის – როცა რომელიმე უნივერსიტეტი გრანტს იღებს უცხოურ ვალუტაში, ის ფული მიდის ხაზინაში, კონვერტირდება ლარებში და შემდეგ ამ თანხის განკარგვისთვის მილიონი წერილია საჭირო. იკარგება თანხა გაცვლითი კურსების სხვაობების გამო და ასე შემდეგ.

ამიტომ უნივერსიტეტს უნდა ვენდოთ, რომ მოპოვებული გრანტი თვითონ დახარჯოს. აღარაფერს ვამბობ სახელმწიფო დაფინანსებაზე, როცა ტუალეტის ქაღალდზე, ფურცელსა თუ პრინტერზე, ყველაფერზე ტენდერების გამოცხადებაა საჭირო. მეცნიერება დიდწილად მაინც სახელმწიფო უნივერსიტეტებში კეთდება, ამიტომ საჭიროა უფრო მეტი თავისუფლება მივცეთ მათ ხარჯვისას.

  • რას ფიქრობთ რუსთაველის სამეცნიერო ფონდზე, რამდენად კარგად ეხმარება ის მეცნიერებს?

ეს ფონდიც, ძირითადად გაცემული თანხის და ქვითრების უკან დევნის მონიტორინგზეა დაყვანილი. რაიმე ძირეული კვლევა არ დაუფინანსებია. ინდიკატორები, რომლებითაც რუსთაველის ფონდი ზომავს თავის მიერ გაცემულ გრანტების წარმატებას, დაიყვანება მხოლოდ ტექნიკურ, საბუღალტრო ნაწილზე და არა შედეგებზე, რომ რეალურად რა დააფინანსა ინოვაციური. მთავარი პრობლემა აქ არის ის, რომ პროფესორები გვყავს შავ დღეში. ადამიანი, რომელსაც უნდა სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვა, ამის საშუალება არ აქვს: ლექციებს ატარებს, ჩართულია ადმინისტრაციულ პროცესებში და რატომღაც ბოლო ადგილზე გადადის მეცნიერება.

  • რატომ იღებენ ადმინისტრაციულ ტვირთს პროფესორები, ხომ შეიძლება კვლევაზე დახარჯონ მეტი დრო?

იმიტომ, რომ გარკვეული ფინანსური გარანტიები შეიქმნან. მათ ხშირად სამწლიანი კონტრაქტები აქვთ უნივერსიტეტში და ყოველთვის აქვთ განცდა, რომ კონტრაქტებს აღარ გაუგრძელებენ. ამიტომ ყველა შეთავაზებას თანხმდებიან და შემდეგ არიან გადატვირთულები.

სამეცნიერო მუშაობას უნდა დრო და შესაბამისი განწყობა, თავისუფალი ტვინი იმისთვის, რომ კონცენტრირდე სამეცნიერო მუშაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ მთელ რიგ სფეროებში გვაქვს წარმატებული სამეცნიერო დინამიკა, მთლიანობაში, საქართველოში ეს პრობლემად რჩება.

ასეთივე მთავარი პრობლემაა ის, რომ ჩვენ ვერ ვეღირსეთ ეროვნული პრიორიტეტული სფეროების ჩამოყალიბებას, რადგან კონკრეტული ინდივიდების დონეზე ლობირებენ სფეროებს. ქვეყანას, რომლის მოსახლეობა 4 მლნ-ზე ნაკლებია და რომელშიც მეცნიერების დაფინანსება მშპ-ს 1%-ზე ნაკლებია, წარმოუდგენელია 80 მიმართულების სამეცნიერო პროექტები ხორციელდებოდეს. უბრალოდ ანეკდოტია, ამას არავინ დაიჯერებს.

ავიღოთ იგივე რუსთაველის ფონდი, 80-100 ათას ლარს გაძლევს სამეცნიერო პროექტში, რომლის ანალოგი ნორმალურ ქვეყანაში რამდენიმე მილიონით ფინანსდება. გასაგებია ხომ, რა ხარისხზეა საუბარი. ასევე მეცნიერს, რომელიც 80 ათასად ფუნდამენტურ კვლევას აკეთებს, ტრილიონი ვალდებულება აქვს უნივერსიტეტში, ეს ხალხი მართლა წარმოუდგენლად ბევრს მუშაობს. სასწაულია, რომ პუბლიკაციებს აქვეყნებენ, კონფერენციებზე დადიან და კვალიფიკაციას არ კარგავენ, მაგრამ მათ სჭირდებათ ძალიან სერიოზული ხელშეწყობა, ნორმალურად რომ იმუშაონ.

პროფესორს რომ შეუქმნა სათანადო პირობები, უნდა შეუმცირო ლექციები, მისცე ასისტენტები, შეუქმნა ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც გრანტების მოძიებაში დაეხმარება.

ზოგიერთი უნივერსიტეტი ცდილობს ამ სისტემის შექმნას, მაგრამ ვისაც არ ესმის ან არ აქვს რესურსი, იქ მეცნიერება იქმნება ენთუზიაზმის ხარჯზე.

არ შეიძლება ეს მწირი რესურსები ყველა მიმართულებაზე გავფანტოთ. არ გამოვა კონკურენტუნარიანი მეცნიერება, თუ ყველაფერს მოვედებით. ჩვენ ძალიან მკაფიოდ უნდა ვიცოდეთ რა სფეროებში შეგვიძლია მსოფლიოში კონკურენტუნარიანი კვლევების გაკეთება.

  • რა სფეროებში შეგვიძლია უფრო მეტი წარმატების მიღწევა?

იქ, სადაც გვაქვს სკოლა, რესურსები, არის მათემატიკა, ბიომედიცინა, ლინგვისტიკა, ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ქართულ ენასთან და კულტურასთან, არქეოლოგიასთან და კულტურულ მემკვიდრეობასთან. მეორე მიდგომაა ის, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას შესაძლოა სჭირდებოდეს რაღაც კონკრეტული მეცნიერული მიმართულების განვითარება და ეს მიმართულება დავაფინანსოთ.

თუ ჩვენ ვართ სოფლის მეურნეობის ქვეყანა, მაშინ შეიძლება გვჭირდებოდეს ნიადაგმცოდნეობის განვითარება, მთაგორიანი ქვეყანა ვართ და მჭირდება ხიდების და გვირაბების მშენებლობა? უნდა დავთვალო მაშინ, უცხოელი სპეციალისტის მოყვანა სჯობს, თუ გავზარდოთ ჩვენი სპეციალისტები და გვქონდეს სამეცნიერო კვლევა საქართველოს გეოლოგიასა და გეოგრაფიაზე. ეს არჩევანის საკითხია. მაგრამ ჩვენთან მეცნიერებისა და ეკონომიკის ბმა არ გვაქვს, მოშლილია ეს ყველაფერი.

აბსოლუტური ქაოსია, რადგან ყველაფერი იმაზეა დამოკიდებულია, ვინ უფრო ყოჩაღად ლობირებს თავის ინტერესებს. შესაბამისად, ეს მწირი თანხები ნაწილდება არა 5-6 მნიშვნელოვან მიმართულებაზე, არამედ 80 სფეროზე.

  • თქვენ საუბრობთ პროფესორ-მასწავლებლების გასაჭირზე, მაგრამ შევხედოთ სტუდენტების მდგომარეობასაც. მოსმენილი ლექციისგან ვერ იღებენ კმაყოფილებას, არ არიან ბედნიერი სწავლით, ბევრს არ აქვს უკეთესი მომავლის განცდა იმის გამო, რომ ქართულ უნივერსიტეტებში სწავლობენ. რა შეგვიძლია ამაზე ვთქვათ?

პანდემიამ ძალიან დიდი კვალი დაამჩნია ამ ყველაფერს, მაგრამ საქართველოში არც მანამდე იყვნენ სტუდენტები ბედნიერები. ის სტუდენტები, რომლებსაც მართლა უნდათ განათლების მიღება, ყოველთვის წუხან ხოლმე. შეიძლება სასწავლო მასალა არ მოსწონდეთ, შეიძლება ლექცია არ მოსწონთ, მეორე თემაა საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზების საკითხები, როცა პრობლემაა ცხრილი, აუდიტორია, თარიღები-გამოცდები და ასე შემდეგ. რიგი პრობლემებისა არის ეროვნულ დონეზე მისახედი, მაგრამ რიგი საკითხები უნდა გვარდებოდეს უნივერსიტეტების დონეზე. ამ მხრივ, პატარა, კერძო უნივერსიტეტები ბევრად უკეთ აგვარებენ ასეთ საკითხებს.

ესეც იმ პრობლემის გაგრძელებაა, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, რომ როცა ლექტორი ლექციაზე შედის, შემდეგ მას უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური კონსულტაციების საშუალება სტუდენტთან, შუალედური შეფასება იქნება თუ ფინალური, მნიშვნელოვანია სტუდენტთან გქონდეს უკუკავშირი, აუხსნა რატომ დააკლდა ქულა, ან რატომ ვერ იყო კონკურენტუნარიანი. პროფესორს კი გადატვირთული გრაფიკის გამო არ აქვს ამის დრო. გამორიცხულია 300 სტუდენტთან უკუკავშირი გქონდეს. ამიტომ უნდა ჰყავდეს ასისტენტი.

უმაღლესი განათლების და მეცნიერების დაფინანსების მოდელი, რომელიც შარშან შემოდგომაზე უნდა დამტკიცებულიყო, დღემდე განხილულიც არ არის. მიხვდნენ, რომ როგორი სქემაც არ უნდა შემოიღონ, რომელიღაც უნივერსიტეტი აუცილებლად დაზარალდება.

როცა უნივერსიტეტები არის სოციალური პროექტი და არა საგანმანათლებლო, მაშინ მის დაზარალებას გაურბიხარ. ამიტომ არ გვეღირსა ეს მოდელი. არადა, უამრავი ფული დაიხარჯა, ცალკე ევროკავშირის გრანტები, მსოფლიო ბანკისგან კრედიტი აიღეს, რომ ეს რეფორმა გატარებულიყო.

  • ფიქრობთ, რომ ამდენი თანხა წყალში ჩაიყარა?

ყველაფერს სჭირდება გამოყენება ინდივიდუალურ, ინსტიტუციურ და ეროვნულ დონეზე. ინდივიდებმა მეტ-ნაკლებად ყველაფერი გამოიყენეს, უნივერსიტეტებმა, ვისაც რაიმეს შნო და მარიფათი ჰქონდა, გამოიყენეს. ეროვნულ დონეზე ვერ გეტყვით, რომ გამოყენებულია.

სამინისტროს კი არც პროცესების მართვის კომპეტენცია ეყო და არც პოლიტიკური ნება გამოიჩინა. გააფუჭა ის, რომ არაფერი არ გაუკეთებია. სამინისტრო არ იყო პროაქტიული, ბოლო წლებში ის მხოლოდ პრობლემებზე რეაგირების რეჟიმში მუშაობს. როცა რაღაც პრობლემა წარმოიქმნება, იქ ცეცხლს აქრობენ. გეგმა, სტრატეგია არ არსებობს. არც ის, თუ რატომ არ შესრულდა წინა წლებში დაგეგმილი სტრატეგია.

  • რა დევს ამ სტრატეგიაში, რომელიც სამინისტროს უნდა მიეღო და მისი დანერგვა რას შეცვლიდა უმაღლეს განათლებაში?

ეს სტრატეგია ჯერ არ არის განხილული. ერთი კვირის წინ მქონდა ფეისბუქზე მიწერ-მოწერა სამინისტროს წარმომადგენელთან, მითხრა ამ კვირაში გამოქვეყნდებაო, მაგრამ არაფერი გამოქვეყნებულა. ქვეყანა არ შეიძლება ფუნქციონირებდეს გეგმის გარეშე. წარმოუდგენელია, რადგან ვერ თანამშრომლობ დონორებთან ამის გარეშე, ვერც სტუდენტებთან.

სამინისტრო აქტიურად არ უშლის ხელს უნივერსიტეტებს მუშაობაში და ის უნივერსიტეტი, რომელსაც გაუმართლა და ჰყავს ადეკვატური პროფესურა და ადმინისტრაცია, რაღაცებს აგვარებს. თუმცა ეროვნული პოლიტიკა, უბრალოდ არ გვაქვს.

პრობლემაა ისიც, რომ აკრედიტაცია-ავტორიზაციის პროცესიც ფორმალურად აფასებს ბევრ რამეს და ხარისხის დამკვიდრება პოლიტიკური ნება არ არის. ქმნიან ილუზიას, რომ ყველაფერი მუშაობს, შემდეგ იმ ხალხსაც მართლა სჯერა, რომ პროფესორია.

  • იმას ამბობთ, რომ სახელმწიფოს გადაწყვეტილებაა, არ გვქონდეს ხარისხიანი განათლება?  

იმედია, ეს არ არის შეგნებული გადაწყვეტილება. მაგრამ სახელმწიფოს ამ წუთას სოციალური, თუნდაც ღარიბი სტაბილურობა ურჩევნია. სერიოზული რეფორმა აკადემიურ სივრცეში გარკვეულ რყევებს გამოიწვევს, ჩვენ მუდმივ საარჩევნო ციკლში ვიმყოფებით, ამიტომ ეს არავის აწყობს.

ახალი მოდელი ითვალისწინებს იმას, რომ დაფინანსება უნდა მიეცეს იმ უნივერსიტეტს, რომელსაც აქვს კარგი სამეცნიერო მიღწევები, კარგი შედეგები სწავლებაში და სტუდენტზე არ იქნება მიბმული დაფინანსება. ბუნებრივია, მიხვდნენ, რომ ამ პირობით ბევრი უნივერსიტეტის დაკეტვა მოუწევთ.

  • რა გამოიყვანს ამ მდგომარეობიდან სისტემას?

არაფერი. ქვეყნის მთავარი მმართველი გეუბნება, რომ „წადით ქვეყნიდან“, სხვაგან იმუშავეთო და მიდის კიდევაც ეს ხალხი უცხოეთში.

ეს რომ შეიცვალოს, ჩვენ გვინდა მკაფიო პოლიტიკური ნება, პლუს ძალიან მკვეთრად გაზრდილი დაფინანსება. აი, ამ ორი ფაქტორის შერწყმით შეიძლება რაღაც გვეშველოს.

მანამდე ყველა სხვა მცდელობა იქნება წერტილოვანი, არასისტემური და ინტელექტუალური რესურსიც არათანაბრად გადანაწილდება.

ზოგი სასწავლებელი უკვე მთლიანად უცხოელ სტუდენტებზეა ორიენტირებული. იგივე სამედიცინო ავიღოთ, ბიზნესმოდელებად გარდაიქმნენ და ვხედავთ, რომ წარმატებით მუშაობს ეს მოდელი.

ჩვენ შეგვიძლია მოვიძიოთ გადახდისუნარიანი სტუდენტები მესამე სამყაროდან, მაგრამ ევროპიდან და ამერიკიდან აქ სასწავლებლად არავინ ჩამოვა. ამის ილუზია ვერავის ექნება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: