მთავარი,სიახლეები

რუსული სკოლა ბათუმში, სადაც რუსეთში შემუშავებული სახელმძღვანელოებით ასწავლიან

02.09.2022 • 4666
რუსული სკოლა ბათუმში, სადაც რუსეთში შემუშავებული სახელმძღვანელოებით ასწავლიან

School club georgia, სკოლის კლუბი, развивающие занятия – ასეა მითითებული  ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩის №57ა-ში მდებარე სკოლის ორსართულიანი შენობის ბანერზე. თუმცა როცა შენობაში შედიხარ, სკოლის მასწავლებლები და ასევე დირექტორი ნატალია გეორგიევა კერძო საუბარში ადასტურებენ, რომ ეს არის არა სასკოლო კლუბი ან განმავითარებელი ცენტრი, არამედ  კერძო რუსული სკოლა, რომელიც ჯერჯერობით პირველიდან მეშვიდე კლასამდე სწავლებას სთავაზობს რუსულენოვან მოსწავლეებს. თუმცა ოფიციალური კომენტარის დროს გეორგიევა უარყოფს, რომ ეს დაწესებულება სკოლაა.

პირველი შეხვედრისას აქ აგვიხსნეს, რომ სკოლის საქმიანობა რუსეთის განათლების სამინისტროს მიერ ლეგიტიმურადაა ცნობილი და სკოლის მოსწავლეებიც გამოცდებს დისტანციურად აბარებენ მოსკოვსა და პეტერბურგში. ასევე გვითხრეს, რომ თითოეულ კლასში 7, 8 ბავშვია, ხოლო სწავლა ბათუმში თვეში 750 ლარი ღირს, თბილისში – 800 ლარი.

ამ რუსული სკოლის თბილისის ფილიალი წელს ანა პოლიტკოვსკაიას #6-შიც იხსნება.

დირექტორიც და მასწავლებლებიც არაოფიციალური, პირადი საუბრისას ადასტურებენ, რომ სკოლაში ნებისმიერ რუსულენოვან მოსწავლეს შეუძლია ჩარიცხვა. მათივე თქმით, სკოლაში სასწავლო პროცესი რუსეთის განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებულ სასწავლო პროგრამას ეფუძნება.

სკოლის ფეისბუქგვერდზე განმარტებულია, რომ მოსკოვის სკოლასთან კავშირი გულისხმობს ყოველწლიური ატესტაციისა და შემდეგ სასკოლო გამოცდების ჩაბარების შესაძლებლობას.

სკოლის ფეისბუქგვერდზე მომხმარებელი სვამს კითხვას ისტორიის სწავლების სპეციფიკაზე:

„თქვენი პროგრამა რუსული პროგრამის მსგავსია? მათ შორის ისტორიაც?“

ამ კითხვას სკოლა ასე პასუხობს:

„ისტორიულ მოვლენებს თუ გულისხმობთ და საკამათო საკითხზე მიანიშნებთ, მაშინ გეტყვით, რომ სკოლას მართავენ ადამიანები, რომლებიც არაერთი წელია საქართველოში ცხოვრობენ და საქმიანობენ. ყველა რთული თემა კი შესაბამის ადგილობრივ დაწესებულებებთან განიხილება“.

„ბავშვები ზუსტად იმ სასკოლო პროგრამას გადიან, რასაც რუსეთის სკოლებში სწავლობენ“, – ეუბნება „ბათუმელებს“ სკოლის ერთ-ერთი მასწავლებელი.

კითხვაზე, რა ფორმითაა ეს რუსული საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოში რეგისტრირებული, სკოლის დირექტორმა ნატალია გეორგიევამ არ გვიპასუხა. არ გვიპასუხა ასევე კითხვაზე,  რომელი ქვეყნის მოქალაქეა თავად. საჯარო რეესტრის მონაცემებით კი, ნატალია გეორგიევა რუსეთის მოქალაქეა, რომელსაც ინდმეწარმე „ნატალია გეორგიევა“ 2019 წელს დაურეგისტრირებია. სკოლის დირექტორი ბათუმში, ფალიაშვილის №4-ში მდებარე მშენებარე კორპუსში 263.18 კვ/მ ფართობის მესაკუთრეა.

რუსული კერძო სკოლა ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, №57ა

სკოლის დირექტორი გვეუბნება, რომ თავადაც და სკოლის მასწავლებლებიც პატივს სცემენ საქართველოს კანონმდებლობას, ქვეყნის ისტორიას და ლეგიტიმურად საქმიანობენ საქართველოში.

„ჩვენ ხშირად დაგვყავს ბავშვები ექსკურსიაზე, ვაჩვენებთ სხვადასხვა ადგილს საქართველოში და ვუყვებით ამ ქვეყნის ისტორიაზე, კულტურაზე. ვთავაზობთ ქართული ენის გაკვეთილებსაც სკოლაში მოსწავლეებს“, – ამბობს სკოლის დირექტორი.

ნატალია გეორგიევას ვკითხეთ, როგორ აუხსნიდა ისტორიის გაკვეთილზე მოსწავლეებს აფხაზეთის საკითხს, თუ ეტყოდა მოსწავლეებს, რომ ამ ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი რუსული ჯარების მიერაა ოკუპირებული.

მას ვთხოვთ დაკონკრეტება ასევე თავად მიიჩნევს თუ არა, რომ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია რუსული ჯარების მიერ.

დირექტორმა გვიპასუხა, რომ მის სკოლას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კურირებს, კერძოდ, ამ სამსახურის კულტურის განყოფილება. სკოლას შეთანხმებული აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან, თუ როგორ უნდა აუხსნან ოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს ომების საკითხები სკოლის მოსწავლეებს.

„ჩვენი კურატორია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსი) კულტურის განყოფილება და ერთად განვიხილავთ რა თემები უნდა წამოვჭრათ ბავშვებთან. ამ თემებზე ჩვენ ვსაუბრობთ იმ რეზოლუციების მიხედვით, რასაც ადგილობრივი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კულტურის განყოფილება გვაძლევს. ჩვენ მათთან გვაქვს ურთიერთობები, საუბრები და, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ იმ დამოკიდებულებებს, რა დამოკიდებულებებიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას აქვს.

მე, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ იმ მოსაზრებებს, რა მოსაზრებებიც აქაურ მოქალაქეებს და ხელისუფლებას აქვს, ამიტომაც ვცხოვრობ საქართველოში და მაქვს აქ ბიზნესი“, – ამბობს სკოლის დირექტორი.

ნატალია გეორგიევას ვთხოვეთ დავეკავშირებინეთ პირთან ან განყოფილებასთან, ქართულ მხარესთან, ვისთანაც ოფიციალური კავშირი აქვთ საქართველოში და ვინც მათ საქმიანობას კურირებს.

ნატალია გეორგიევა ამ კითხვამ გააღიზიანა და გვითხრა, რომ პროვოკაციულ კითხვებს ვსვამთ.

„მე კონტაქტები მაქვს. პროვოკაციას ცდილობთ და მე გადავცემ თქვენი ასეთი დაინტერესების შესახებ ინფორმაციას, თქვენ აუცილებლად დაგიკავშირდებიან. შევინახე ყველა თქვენი აუდიოჩანაწერით გამოგზავნილი კითხვა“, – გვითხრა რუსული სკოლის დირექტორმა.

საუბრისას, როცა სკოლის ლიცენზირებისა და რეგისტრაციის საკითხზე ვკითხეთ, ნატალია გეორგიევამ უარყო პირველი შეხვედრისას მოწოდებული ინფორმაცია, რომ ეს „სკოლაა“. ამჯერად მან გვითხრა, რომ ეს არ არის სკოლა და მხოლოდ რეპეტიტორულ საქმიანობას ეწევიან. სკოლის ბანერი იტყობინება, რომ ეს „სასკოლო კლუბია“ „განმავითარებელი გაკვეთილებით“.

სკოლის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე წერია, რომ  მოსწავლეებს სთავაზობენ:

  • რუსულ ენაზე სწავლებას
  • მოსკოვის სკოლასთან კავშირს
  • გახანგრძლივებულ ჯგუფებს
  • სადილს სკოლაში
  • მრავალფეროვან აქტივობებს
  • საზაფხულო ბანაკებს
  • სკოლამდელი ასაკის ჯგუფებს
  • სასკოლო ავტობუსით მომსახურებას

სკოლის ოფიციალური პარტნიორია რუსეთში მოქმედი ორგანიზაცია ЦПСО, ანუ საოჯახო განათლების მხარდამჭერი ცენტრი/центр поддержки семейнного оброзования.

პარტნიორობის დამადასტურებელი მოწმობა სკოლის შესასვლელშიცაა გაკრული.

ინტერნეტწყაროების თანახმად, ცენტრი ЦПСО (центр поддержки семейнного оброзования) რუსული საგანმანათლებლო პროცესის ნაწილია. ცენტრს აქვს ინტერნეტპლატფორმა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, დისტანციურად ჩააბარონ სასკოლო გამოცდები მოსკოვისა და პეტერბურგის სკოლებში. ამ ფორმით ჩაბარებული საგამოცდო შედეგები აღიარებულია რუსეთის განათლების სამინისტროს მიერ. საბოლოოდ მიღებული სასკოლო ატესტატიც რუსეთის განათლების სამინისტროს მიერ აღიარებული ოფიციალური დოკუმენტია.

რუსეთის ფედერაციაში 2021 წლის 29 დეკემბრიდან მოქმედებს ფედერალური კანონი № 273-ФЗ, რომლის თანახმადაც ქვეყანაში განათლების 5 ფორმაა ნებადართული და აღიარებული:  დასწრებული, დაუსწრებელი, სწავლების შერეული ფორმა (ნაწილობრივ დასწრებით). ლეგიტიმური და აღიარებულია განათლების სამინისტროს მიერ ასევე საოჯახო განათლება და თვითგანათლება.

იმ მოსწავლეებს, რომლებიც დაუსწრებელ, საოჯახო ან თვითგანათლებას ირჩევენ სწავლების ფორმად და ცხოვრობენ რუსეთს მიღმა, შეუძლიათ დისტანციურად ჩააბარონ ყოველწლიური გამოცდები.

  • რა სახელმძღვანელოებზე დაყრდნობით აბარებენ ყოველწლიურ ტესტირებას ЦПСО- მიერ აკრედიტებული საგანმანათლებლო დაწესებულებების, მათ შორის, ბათუმსა და თბილისში მდებარე ზემოხსენებული რუსული სკოლების მოსწავლეები?

ЦПСО-ს ოფიციალურ ვებგვერდზე განმარტებულია, რომ ტესტებს ადგენს განათლების ხარისხის ცენტრი მოსკოვში (МЦКО). საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეუძლიათ აირჩიონ სახელმძღვანელოები, რომლებიც რუსეთის ფედერალური სახელმწიფოს განათლების სტანდარტს (ФГОС) შეესაბამება. საგამოცდო ტესტებიც ამ სახელმძღვანელოების მიხედვით იქმნება.

საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას საქართველოში არეგულირებს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ 341 მუხლით.

ამ მუხლის თანახმად „საქართველოში დასაშვებია მხოლოდ  საზღვარგარეთ აღიარებული იმ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება, რომლის აღიარებისთვისაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უცხო ქვეყნის უფლებამოსილ ინსტიტუტთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება“.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში კი გვითხრეს, რომ მათ არც ერთ რუსულ საგანმანათლებლო ორგანიზაციასთან არ აქვთ გაფორმებული ხელშეკრულება.

„ბათუმელებმა“ საქართველოს განათლების სამინისტროს ჰკითხა, ხომ არ მიმართა სკოლამ სახელწოდებით – School club georgia ავტორიზაციისთვის. უწყებაში განმარტეს, რომ ინდმეწარმე „ნატალია გეორგიევას“ სკოლის ავტორიზაციის მოთხოვნით არ მიუმართავს.

„ბათუმელებმა“ სუს-ის პრესცენტრთან დაკავშირება ვერ მოახერხა.

განახლება: მოგვიანებით დაგვიკავშირდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურიდან და გვითხრეს, რომ „სუს-ში, ნატალია გეორგიავიას მიერ ნახსენები კულტურის განყოფილება, რომელიც სკოლის დირექტორის თქმით, მის დაწესებულებას კურირებს, არ არსებობს.“


სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერება სამოქალაქო ქსელის მეშვეობით აჭარაში“. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED]. არ არის აუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: