მთავარი,სიახლეები

რატომ შეწყდა კონკურსი „ნატვრის ხის“ საუკეთესო ესკიზის გამოსავლენად

26.11.2019
რატომ შეწყდა კონკურსი „ნატვრის ხის“ საუკეთესო ესკიზის გამოსავლენად

ბათუმის ცენტრალურ პარკში „ნატვრის ხის“ საუკეთესო ესკიზის გამოვლენასა და პროექტის შედგენაზე გამოცხადებული კონკურსი საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს საკონკურსო კომისიამ შეწყვიტა. კონკურსი წინადადებების მიღების დასრულებიდან ორი დღის შემდეგ შეწყდა. შესყიდვების პორტალის მიხედვით, კონკურსს მხოლოდ ერთი მონაწილე ჰყავდა. საკონკურსო თანხა 5 ათასი ლარი იყო.

კონკურსი კომისიამ „საკონკურსო დოკუმენტაციის სრულყოფის მიზნით“ შეწყვიტა:

ამონარიდი კომისიის 8 ნოემბრის ოქმიდან კონკურსის შეწყვეტის შესახებ / წყარო შესყიდვების პორტალი

„ბათუმელები“ დაინტერესდა რა იგულისხმება „დოკუმენტაციის სრულყოფაში“.

„კონკურსში მხოლოდ ერთი პირი მონაწილეობდა. მის მიერ წარმოდგენილი ესკიზი არ განვიხილეთ, ვინაიდან ჩავთვალეთ, რომ უმჯობესი იქნება დავხვეწოთ საკონკურსო პირობები ტექნიკურად ისე, რომ უფრო განვმარტოთ იდეა, მეტად დავაინტერესოთ და მეტს გაუჩნდეს მონაწილეობის სურვილი… შესაძლოა მეტი ფინანსებიც მოვიძიოთ. კომისია იმსჯელებს ამ საკითხზე, თუმცა, ხელახალ კონკურსს წელს ვეღარ გამოვაცხადებთ“, – გვითხრეს კომისიაში.

კონკურსზე, რომელიც კომისიამ შეწყვიტა, ესკიზი მხოლოდ თეიმურაზ მახარაძეს ჰქონდა წარდგენილი.

„ნატვრის ხე“ – კონკურსზე წარდგენილი ესკიზი, რომელიც საკონკურსო კომისიას არ შეუფასებია / ესკიზის ავტორი: თეიმურაზ მახარაძე / კონკურსი შეწყდა / წყარო: შესყიდვების პორტალი

ესკიზის განმარტებითი ბარათიდან:

„მოცემულ ესკიზი პირველ რიგში ითვალისწინებს ქანდაკებისათვის დამახასიათებელ, სპეციფიკურ მიდგომას, რომ მიგვეღო მონუმენტური და ამასთან განსხვავებული ჩვეულებრივი ხისაგან, რადგან ნებისმიერი მხატვრული ქმნილება უნდა პასუხობდეს იმ მოთხოვნებს, რასაც უყენებს მას მაღალი ხელოვნება.

გადავწყვიტეთ, რომ გენიალური ვაჟა-ფშაველას „ხმელი წიფელის“ იდეა და „ნატვრის ხე” შეგვერწყა ერთმანეთისთვის. ფორმები, რომელიც მოცემულია წარმოდგენილ ესკიზში, დელფინარიუმის გვერდით (სადაც განსაზღვრული გვაქ მისი განხორციელება) კარგად ერწყმის მიმდებარედ არსებულ არქიტექტურულ კომპლექსს. ესკიზი შესრულებული იქნება რკინა-ბეტონში მასიური დეტალები, ხოლო თავად ხე მთლიანად იქნება ჭედურით შესრულებული რკინაში…“

„ნატვრის ხის“ განთავსების ადგილი, ავტორი: თეიმურაზ მახარაძე / წყარო: შესყიდვების პორტალი

მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის კონცეფცია:

„ნატვრის ხე“ სადაც უნდა განთავსდეს, უნდა მოპირკეთდეს იგივე ბეტონის ფილებით, როგორიც არის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე უნდა დამონტაჟდეს 2 განათების ბოძი, 2 სკამი და 2 ნაგვის ურნა. მოპირკეთების ფართობი მინიმალურია, რადგან ვუფრთხილდებით, რაც შესაძლებელია ნაკლები ბეტონის ფილებით დაიფაროს ბუნებრივი მწვანე საფარი, რისთვისაც მხოლოდ ერთი მისასვლელი ბილიკია გაყვანილი „ნატვრის ხესთან“.

„ნატვრის ხე“ კონკურსის – „შენი იდეა ბათუმს“ ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტია. იდეის ავტორი თამთა ჯინჭარაძეა.

იდეის ავტორს პროექტის განსახორციელებლად 40 ათასი ლარი აქვს დასახელებული, შეწყვეტილი კონკურსის პირობით კი „ნატვრის ხის“ ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 70 000 ლარს. კონკურსში მონაწილე თეიმურაზ მახარაძე კომისიას დეტალური ხარჯთაღრიცხვის წარდგენას ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 დღეში ჰპირდებოდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: